მინსკი 2019: ინტერვიუ ლერი ხაბელოვთან – უკეთ, ვიდრე ბაქოში!

21 ივნისს ევროპის II თამაშები დაიწყება. ევროპის ოლიმპიური კომიტეტების ძალისხმევით დაარსებულ შეჯიბრს ამჯერად ბელარუსის დედაქალაქი მინსკი უმასპინძლებს.
საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ინფორმაციით, გუნდი თითქმის დაკომპლექტებულია და მხოლოდ რამდენიმე დეტალია დასაზუსტებელი.
როდის გაემგზავრებიან სპორტსმენები მინსკში?
რა სახეობებში იასპარეზებენ ჩვენი ათლეტები?
რამდენ მედალს ველით?
ამ და სხვა საინტერესო კითხვებზე საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა, ბარსელონის 1992 წლის ოლიმპიადის ჩემპიონმა ლერი ხაბელოვმა გვიპასუხა.

 

ევროპის II თამაშების დაწყებამდე ცოტა დრო რჩება – 21 ივნისს გახსნის საზეიმო ცერემონიაა. როდის გაემგზავრებიან ჩვენი სპორტსმენები მინსკში და რა ღონისძიებები იგეგმება ამასთან დაკავშირებით?
ევროპის II თამაშებზე საქართველოს გუნდის გაცილების საზეიმო ცერემონია 16 ივნისს გაიმართება, მანამდე კი ოლიმპიური გარბენი შედგება, რომელიც სწორედ ამ მოვლენას მიეძღვნება. იცით, რომ ოლიმპიურ გარბენს ტრადიციულად 23 ივნისს ვატარებთ, თუმცა რადგან წელს ევროპის თამაშები ემთხვევა, ეს ღონისძიება ამიტომ გადმოვწიეთ ერთი კვირით.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, პრეზიდენტი, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი და სამინისტროს წარმომადგენლები, სპორტული ფედერაციების პრეზიდენტები, ოლიმპიური ჩემპიონები და ვეტერანი სპორტსმენები – ჩვენ ბევრი სტუმარი მოვიწვიეთ, ასე რომ, გუნდს არაერთი ოფიციალური პირი გააცილებს. სპორტსმენები ფიცსაც დადებენ – ყველაფერი წესების მიხედვით იქნება, მინსკი 2019, მოგეხსენებათ, დიდი საერთაშორისო სპორტული ფორუმია…
გუნდი კი მინსკში თამაშების გახსნამდე რამდენიმე დღით ადრე ჩავა.

საბოლოო შემადგენლობა თუ გაირკვა?
თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, შემიძლია გითხრათ, რომ მინსკში 61 სპორტსმენი იასპარეზებს. მწვრთნელებმა იციან, თუ ვის დაეყრდნობიან, მაგრამ ამ ეტაპზე ცვლილებას მაინც არ გამოვრიცხავ. მაგალითად, ბოლო ინფორმაციით გენო პეტრიაშვილი ევროპის II თამაშებში მონაწილეობას ვერ მიიღებს და მის ნაცვლად ახალგაზრდა სპორტსმენი გივი მაჭარაშვილი გამოვა.
საერთო ჯამში ოფიციალურ დელეგაციაში 110, მაქსიმუმ 112 კაცი იქნება, რომელთაგან 96 ოლიმპიურ სოფელში დაბინავდება. დელეგაციის ხელმძღვანელი მე გახლავართ, ხოლო ოლიმპიური მისიისა – გიორგი ესაკია იქნება.

ევროპის II თამაშებზე ტოკიოს ოლიმპიადის ლიცენზიებიც გათამაშდება…
დიახ, მინსკი 2019 ამ მხრივაც ძალიან მნიშვნელოვანია: სპორტის 9 სახეობაში გათამაშდება ლიცენზიები, 4 სახეობის შეჯიბრი კი ევროპის ჩემპიონატთანაა გათანაბრებული.

პირველი თამაშები ძალიან მაღალ დონეზე ჩატარდა. ბაქო 2015-ის დასრულების შემდეგ ისიც ითქვა, რომ მომდევნო მასპინძლებს ძალიან გაუჭირდებოდათ აზერბაიჯანელთა დონის მიღწევა… ხართ თუ არა ინფორმირებული მინსკი 2019-ის საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით?
გეთანხმებით, 2015 წელს ბაქომ მართლაც ძალიან მაღალ დონეზე მიიღო ევროპის I თამაშები. მაშინაც ვთქვი და კიდევ გავიმეორებ, რომ ის ტურნირი საუკეთესოდ იყო ორგანიზებული და ოლიმპიადის დონის გახლდათ: გახსნის და დახურვის ცერემონიები, ოლიმპიური ცეცხლი, ოლიმპიური სოფელი, სპორტული არენები… სპეციალისტები, რომლებიც თვალყურს ადევნებენ მომავალი თამაშების საორგანიზაციო სამუშაოებს, გვაიმედებენ, რომ მინსკშიც ყველაფერი უმაღლეს დონეზე იქნება.
ვნახოთ, რამდენიმე დღეც და ყველაფერს საკუთარი თვალით ვიხილავთ. იცით, რომ საზეიმო გახსნა 21 ივნისსაა დანიშნული. იმედია მოლოდინი გაგვიმართლდება.

ბაქო 2015 საქართველოს გუნდმა 16 მედლით დაასრულა, 2 კი ჩემპიონი გახდა. როგორ ფიქრობთ, რამდენ მედალს მოიგებენ ქართველი ათლეტები მინსკში?
მინსკში ჩვენი გუნდი სპორტის 10 სახეობაში ჩაერთვება და ვიმედოვნებთ, რომ უკეთეს შედეგს ვაჩვენებთ, ვიდრე ბაქოში. 2015 წელს 104 სპორტსმენი გვყავდა, ახლა 61 მონაწილეა, მაგრამ ასეთი ცვლილების მიუხედავად, ოპტიმისტურად ვართ განწყობილი.
მეტ მედალს ველით. ჩემი აზრით, გუნდმა თამაშები 18 ან 19 ჯილდოთი უნდა დაასრულოს. იმედი მაქვს, მოიმატებს მედლების ხარისხიც. ამის თქმის საფუძველს ის ფაქტი მაძლევს, რომ მინსკში სრული შემადგენლობით იასპარეზებენ სამბისტები – 10 ვაჟი და 4 გოგონა გვეყოლება. ბოლო წლებში ისინი წარმატებულნი არიან საერთაშორისო ასპარეზზე და იმედია, ასევე გააგრძელებენ ევროპის თამაშებშიც.
მათ გარდა ძირითადი შემადგენლობით გამოვლენ ძიუდოისტები და მოჭიდავეებიც… ორივე სახეობაში არაერთ მედალს ველით და ვფიქრობ, სპორტსმენები გაგვახარებენ.

ევროპის I თამაშებზე მოპოვებული 16 მედლიდან 14 სპორტის 3 სახეობიდან იყო: ჭიდაობა, სამბო და ძიუდო. ამას გარდა, ჩვენმა სპორტსმენებმა თითო მედალი მოიგეს მშვილდოსნობასა და მხატვრულ ტანვარჯიშში. ჭიდაობას, ძიუდოს და სამბოს კვლავ დიდი იმედები უკავშირდება, მაგრამ საინტერესოა, გვაქვს თუ არა მედლის შანსი სხვა სახეობებში?
ვფიქრობ, მედლების საერთო რაოდენობის დიდი წილი კვლავ თქვენ მიერ ხსენებულ 3 სახეობაზე იქნება, თუმცა ასევე გამოვყოფ კრივს და კანოეს. მოკრივეები სრული შემადგენლობით ჩაერთვებიან თამაშებში და იმედია, წარმატებას ისინიც მიაღწევენ.
ზაზა ნადირაძისაც გვეიმედება – ის თავის საყვარელ დისციპლინაში იასპარეზებს და დიდი იმედი მაქვს, მსოფლიო თასის ეტაპზე გამარჯვების შემდეგ მინსკშიც გაგვახარებს. ჩემი ინფორმაციით, მას ბელარუსი სპორტსმენის სახით ძალიან ძლიერი მეტოქე ეყოლება, თუმცა ნადირაძე უკვე გამოცდილი ათლეტია და ვფიქრობ, შეძლებს ჩვენს გახარებას.

2015 წელს თბილისში ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი გაიმართა. იმის გათვალისწინებით, რომ ევროპის ოლიმპიური კომიტეტების კავშირი კონტინენტური თამაშების მასპინძლობის პატივს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს უთმობს, არის თუ არა შანსი, რომ ახლო მომავალში საქართველოს დედაქალაქმა ევროპის თამაშებს უმასპინძლოს?
ცოტა შორიდან დავიწყებ: 4 წლის წინ, ბაქოში, როცა მეორე თამაშების შესაძლო მასპინძლების განხილვა მიმდინარეობდა, ერთ-ერთ კანდიდატად თბილისიც დასახელდა. მოგეხსენებათ, მაშინ რამდენიმე ქალაქმა იუარა ევროპის II თამაშების მასპინძლობა და სწორედ ამიტომ მოგვმართეს ამ წინადადებით…
2015 წელს თბილისმა ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს უმასპინძლა. ეს შეჯიბრი თავის მასშტაბით ევროპის თამაშებს არ ჩამოუვარდება: მაშინ ჩვენ 4 ათასამდე სპორტსმენს და საერთო ჯამში უფრო მეტ სტუმარს ვუმასპინძლეთ.
მაშინ მიღებული გამოცდილების გათვალისწინებით, ვფიქრობ, თბილისს შეუძლია ევროპის თამაშების მიღება – მშვენიერი ინფრასტრუქტურა გვაქვს, გამოცდილება არ გვაკლია, ასე რომ, რატომაც არა? მთავარია ერთიანი სურვილი იყოს. ხომ ხვდებით, ასეთი ნაბიჯის გადადგმას საერთო ძალისხმევა სჭირდება და რაც მთავარია, ხელისუფლების კეთილი ნება.

საქართველოს ოლიმპიურმა გუნდმა უკვე მოიპოვა ტოკიოს ოლიმპიადის პირველი ლიცენზია. როგორ ფიქრობთ, დაახლოებით რამდენი სპორტსმენი იასპარეზებს საგაისო ოლიმპიადაზე?
საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის დევიზი ყველამ კარგად იცის – უკეთ, ვიდრე წინა თამაშებზე. გვინდა, რომ ტოკიოშიც მეტი ათლეტი გვყავდეს, ვიდრე რიოში.
ბრაზილიაში 40-მა სპორტსმენმა იასპარეზა და ვფიქრობ, რომ ეს შედეგი უნდა გავაუმჯობესოთ. როცა ლიცენზიანტების საბოლოო სია გვეცოდინება, გადავხედავთ და მედლების შესაძლო რაოდენობაზეც მაშინ უკეთ ჩამოვყალიბდებით. იქამდე შორია, მაგრამ იმის გათვალისწინებით, თუ რა შედეგებს აჩვენებენ ჩვენი სპორტსმენები მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებზე, დიდი იმედი მაქვს, რომ რიოს შედეგი, და მათ შორის 2 ოლიმპიური ოქრო, აუცილებლად გაუმჯობესდება!

ესაუბრა ლაშა გოდუაძე (www.adjarasport.com; 2019 წლის 6 ივნისი)

ka_GEGeorgian