მინსკი 2019: ინტერვიუ ნაკრების მწვრთნელ ნოდარ მეტრეველთან
ევროპის II თამაშების დაწყებამდე დღეები დარჩა. საქართველოს გუნდის საბოლოო შემადგენლობა მალე გაირკვევა, თუმცა სპორტსმენთა საერთო რაოდენობა ცნობილია – ბელარუსის დედაქალაქში 61 ქართველი იასპარეზებს.
ძიუდოს ფედერაცია ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც სრული სია გამოაქვეყნა. ნოდარ მეტრეველის გუნდი მინსკში უძლიერესი შემადგენლობით იასპარეზებს – ყველა ლიდერი ჯანზეა.
ევროპის I თამაშებზე ძიუდო ყველაზე წარმატებული სპორტის სახეობა იყო: ავთანდილ ჭრიკიშვილი და ადამ ოქრუაშვილი ჩემპიონები გახდნენ, ნუგზარ ტატალაშვილმა, ვარლამ ლიპარტელიანმა და გუნდმა ვერცხლის მედლები მოიგეს, ამირან პაპინაშვილი კი მესამე ადგილზე გავიდა.
მინსკში ძიუდოკები პირველები ჩაერთვებიან მედლებისთვის ბრძოლაში: 22 და 24 ივნისს 5-5 კომპლექტი გათამაშდება, 23 ივნისს – 4, ხოლო 25 ივნისს გუნდები იჭიდავებენ.
საქართველოს ეროვნული ნაკრები ახალგაზრდულთან ერთად ბორჯომშია დასკვნით საწვრთნელ შეკრებაზე. ძიუდოისტთა მთავარმა მწვრთნელმა ნოდარ მეტრეველმა აჭარასპორტის კითხვებს იქვე უპასუხა:
ბაქო 2015-ის მსგავსად მინსკი 2019 ევროპის ჩემპიონატთანაა გათანაბრებული. რამდენად კარგადაა მომზადებული საქართველოს ნაკრები მოახლოებული პირველობისთვის?
თავდაპირველად გეტყვით, რომ ჩვენთვის ევროპის II თამაშები წლის ერთ-ერთი მთავარი შეჯიბრია და მისთვის კარგა ხანია ვემზადებით. ნაკრებმა უკვე გაიარა საწვრთნელი შეკრებები იაპონიასა და სამხრეთ კორეაში, ახლა კი ბორჯომში დასკვნით ეტაპს გავდივართ.
რაც შეეხება მომზადების დონეს, გუნდის ყველა წევრი კარგ ფორმაშია. ახლა დეტალებზე ვმუშაობთ, თუმცა გამძლეობასაც დიდ ყურადღებას ვუთმობთ. მთლიანობაში შემიძლია ვთქვა, რომ გუნდი მინსკის თამაშებს ჩინებულ ფორმაში შეხვდება და მჯერა, გაახარებს კიდეც ქომაგებს.
ევროპის შარშანდელი ჩემპიონატი საქართველოს ნაკრებმა ისტორიაში ყველაზე ცუდი შედეგით დაასრულა – მედლის გარეშე. რა გაკეთდა საიმისოდ, რომ შარშანდელი ჩავარდნა არ განმეორდეს?
ჩავარდნას, ცხადია, შესაბამისი რეაგირება მოჰყვა. ძიუდოს ფედერაციის ხელმძღვანელების ძალისხმევით, ბევრი რამ შეიცვალა და ეს მსოფლიო ჩემპიონატზეც გამოჩნდა.
შარშანდელ ჩავარდნაზე ყურადღებას არ გავამახვილებ, რაც მოხდა ისტორიაა. მჯერა, რომ მინსკში, რომელიც ევროპის ჩემპიონატის სტატუსაც ატარებს, საქართველოს ნაკრები არაერთ მედალს მოიგებს. ბიჭების მომზადების დონე ამის თქმის საფუძველს ნამდვილად მაძლევს.
ევროპის I თამაშებზე საქართველოს ნაკრებმა 6 მედალი მოიგო, მათ შორის 2 ოქრო. გუნდი მინსკში უძლიერესი შემადგენლობით იასპარეზებს. როგორ ფიქრობთ, რამდენი მედლის შანსი გაქვთ?
მართალი ბრძანდებით, ევროპის II თამაშებზე ყველა წონის ლიდერი იჭიდავებს. რაც შეეხება მედლების რაოდენობას, ახლა მიჭირს კონკრეტული ციფრის დასახელება, მაგრამ ერთ რამეში დარწმუნებული ვარ – მინსკიდან ყველა სინჯის მედლით დავბრუნდებით.
გურამ თუშიშვილმა ორთვიანი დისკვალიფიკაცია მოიხადა. რამდენად კმაყოფილი ხართ მისი ფორმით?
სასჯელის შემდეგ ის კარგად დაბრუნდა, საერთაშორისო ტურნირი მოიგო და დაგვანახა, რომ ჩინებულ ფორმაშია. ჩვენი გადაწყვეტილებით ის ცალკე, პირად მწვრთნელთან ერთად ემზადება ევროპის თამაშებისთვის. ამ ეტაპზე, მისთვის ასე აჯობებს.
ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის II თამაშებზე
60კგ: ამირან პაპინაშვილი, ლუხუმ ჩხვიმიანი
66კგ: ვაჟა მარგველაშვილი, ბაგრატ ნინიაშვილი
73კგ: ლაშა შავდათუაშვილი
81კგ: ლუკა მაისურაძე
90კგ: ბექა ღვინიაშვილი
100კგ: ვარლამ ლიპარტელიანი
+100კგ: გურამ თუშიშვილი
გოგონები – 57კგ: ეთერ ლიპარტელიანი
ლაშა გოდუაძე (www.adjarasport.com; 2019 წლის 12 ივნისი)