მინსკი 2019: ინტერვიუ შალვა გოგოლაძესთან
ევროპის II თამაშების დაწყებამდე ერთი კვირა დარჩა: 20 ივნისიდან საუკეთესო ევროპელი ათლეტები ბელარუსის დედაქალაქ მინსკში 10 დღით შეიკრიბებიან.
მედლების 200 კომპლექტი 15 სახეობაში გათამაშდება, საქართველოს გუნდი კი 10 სახეობაში იასპარეზებს 61 ათლეტით.
ჩვენი გუნდის გაცილების საზეიმო ცერემონია 16 ივნისს გაიმართება.
როგორ მოემზადა გუნდი ევროპის II თამაშებისთვის?
რამდენ მედალს მოიგებენ ქართველი სპორტსმენები?
არის თუ არა შანსი, რომ ახლო მომავალში თბილისმაც უმასპინძლოს ევროპის თამაშებს?
რა ინფრასტრუქტურული პროექტები იგეგმება დედაქალაქში?
მინსკის თამაშებსა და სხვა არაერთ საინტერესო საკითხზე აჭარასპორტს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე ესაუბრა.
ევროპის თამაშების დაწყებამდე ცოტა დრო რჩება – 21 ივნისს გახსნის საზეიმო ცერემონიაა. თქვენი ინფორმაციით რა მდგომარეობაა გუნდში და ზოგადად, როგორ წარიმართა მოსამზადებელი პროცესი?
მინსკის თამაშებისთვის გუნდები კარგა ხანია გეგმის მიხედვით ემზადებიან და მათ შეფერხება არ ჰქონიათ. განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ძალისხმევით 2016 წლიდან არაერთ სპორტულ ფედერაციას დაფინანსება საგრძნობლად გაეზარდა, რამდენიმეს კი 100 და 200 პროცენტითაც. ამის გათვალისწინებით შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ყველა სპორტსმენი თუ გუნდი, რომელიც მინსკში საქართველოს ღირსებას დაიცავს, ევროპის II თამაშებს სრულ მზადყოფნაში ხვდება. ხაზგასასმელია ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ჩართულობაც. მათთან თანამშრომლობით ჩვენ სპორტული ფედერაციების საქმიანობას დიდ ყურადღებაც ვაქცევთ.
ბაქოში საქართველომ 16 მედალი მოიგო. როგორ ფიქრობთ, რამდენი ჯილდოს შანსი აქვს გუნდს მინსკში?
დავიწყებ იქიდან, რომ ევროპის I თამაშებთან შედარებით ამჯერად სპორტული პროგრამა შეცვლილია. მიუხედავად ამისა, სულაც არ ვფიქრობ, რომ ამის გამო ნაკლებ მედალს მოვიგებთ. პირიქით, ევროპის II თამაშებში რამდენიმე ისეთი სახეობაა, სადაც ჩვენ აღიარებული ლიდერები გვყავს. თუნდაც კანოისტი ზაზა ნადირაძე, რომელმაც ახლახანს მსოფლიო თასის ეტაპი მოიგო. არც კრივის დავიწყება იქნება – გუნდში რამდენიმე კარგი მოკრივეა, გამოვყოფდი ოთარ ერანოსიანს… მოკრივეებისგან მაღალ შედეგებს ველით. რაც შეეხება მედლების სავარაუდო რაოდენობას, ჩემი აზრით გუნდმა 19-20 ჯილდო უნდა მოიგოს. ძირითადი ნაწილი კვლავ იმ სახეობებზე იქნება, რომლებმაც ბაქოშიც გამოიჩინეს თავი – ძიუდო, ჭიდაობები და სამბო.
სამინისტრო საპრიზო თანხით აჯილდოებს იმ სპორტსმენებს, რომლებმაც ოლიმპიადაზე ან მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებზე გამოიჩინეს თავი. რა სიახლეებია ამ მხრივ ევროპის II თამაშების წინ?
საქართველოს მთავრობის სპეციალური განკარგულება, რომელიც კონკრეტული სპორტული შედეგის ფინანსურად წახალისებას გულისხმობს, მინსკი 2019-ზეც ვრცელდება. სხვათა შორის, საქართველოს გუნდმა და სპორტსმენებმა სოლიდური პრემიები მიიღეს ბაქოს თამაშების შემდეგ და გამონაკლისი არც ახლა მოხდება. ცნობილია, რომ რამდენიმე სახეობაში ევროპის თამაშები ევროპის ჩემპიონატის სტატუსსაც ატარებს, მაგალითად ძიუდოსა და კრივში. ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ის სპორტსმენები, რომლებიც ასეთ სპორტის სახეობებში გამოიჩენენ თავს, სწორედ ამ მიზეზით შედეგის შესაბამის ორმაგ პრემიას მიიღებენ.
2015 წელს თბილისმა მაღალ დონეზე უმასპინძლა ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს. იმ ტურნირისთვის დედაქალაქში არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა. იქიდან გამომდინარე, რომ ევროპის I თამაშები ბაქოში ჩატარდა, მეორეს ახლა მინსკი მასპინძლობს, ხოლო მესამე პოლონეთში გაიმართება 2023 წელს, ნათელია, რომ ევროპის ოლიმპიური კომიტეტები აქცენტს აღმოსავლეთ ევროპაზე აკეთებს. ყოველივეს გათვალისწინებით, რამდენად რეალურია, რომ ახლო მომავალში თბილისმა ევროპის თამაშების მასპინძლობაზე განაცხადოს პრეტენზია?
ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი მართლაც ძალიან მაღალ დონეზე ჩატარდა და იმ თამაშებით თბილისმა სამუდამოდ დაიმკვიდრა ადგილი ევროპის სპორტულ რუკაზე. სწორედ იმ ფესტივალის დამსახურებაა, რომ მას შემდეგ დედაქალაქში და საქართველოს სხვა ქალაქებში არაერთი მაღალი დონის საერთაშორისო ტურნირი ჩატარდა: იგივე მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატები რაგბში, ფეხბურთში, ხელბურთში, ძიუდოში, ძალოსნობაში, არაერთ არაოლიმპიურ სახეობაში… ბრწყინვალედ ორგანიზებული საჭადრაკო ოლიმპიადაც არ უნდა დაგვავიწყდეს… ამ ყველაფერმა დიდი გამოცდილება მოგვცა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ახლა საერთაშორისო დონის არენებიც გვაქვს. ამის გათვალისწინებით, ცხადია გვაქვს ყველა პირობა, რომ მივიღოთ ისეთი მაღალი დონის და მასშტაბური სპორტული შეჯიბრი, როგორიც ევროპის თამაშებია. ეს საკითხი ყველა შემთხვევაში სამთავრობო დონეზე უნდა გადაწყდეს. ვფიქრობ, თუ ერთიანი სურვილი იქნა, თბილისი თამაშებს უმაღლეს დონეზე მიიღებს. აქვე დავამატებ, რომ უახლოეს წლებში დედაქალაქს რამდენიმე სპორტული ობიექტი შეემატება: დიღომში, სადაც ოლიმპიური ფესტივალი ჩატარდა, დაახლოებით 150-200 მილიონი ლარის ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდება: ახალი სპორტის უნივერსიტეტი, სპორტის კოლეჯი, ჭიდაობის სახლი, ორთაბრძოლების ცენტრი, ყინულის 2, სტანდარტული ზომის მოედანი, მძლეოსნობის დარბაზი… აქვე იმასაც გეტყვით, რომ 2021 წლის ევრობასკეტის მასპინძლობაც გვსურს და თუ ეს პატივი გვერგო, თბილისს კიდევ ერთი, დაახლოებით 15-ათასიანი მულტიფუნქციური სპორტული დარბაზიც შეემატება.
ევროპის II თამაშები ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადის რეპეტიციადაც შეგვიძლია განვიხილოთ. ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის დევიზი ცნობილია – უკეთ, ვიდრე წინა თამაშებზე. რიო 2016 საქართველომ 2 ოქროს მედლით, საერთო ჯამში კი 7 ჯილდოთი დაასრულა. არის თუ არა შანსი, რომ გაისად ტოკიოში ქართველმა ოლიმპიელებმა მეტი მედალი მოიგონ?
დავიწყებ იმით, რომ 2017 და 2018 წლები, სპორტული შედეგებიდან გამომდინარე, ძალიან წარმატებული გამოდგა: ჩვენმა სპორტსმენებმა მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატებზე, ასევე სხვადასხვა რანგის საერთაშორისო ტურნირებზე არნახულად ბევრი მედალი მოიგეს და რაც მთავარია, შარშან უკეთესი შედეგი გვქონდა, ვიდრე 2017 წელს. ანუ: ტენდენცია მზარდია. ვიმედოვნებ, რომ ზრდის ტემპი შენარჩუნდება და წელს უკეთესი შედეგი გვექნება. რაც შეეხება ოლიმპიადას, რამდენიმე სპორტსმენის გათვალისწინებით, პირველ რიგში ლაშა ტალახაძეს, გენო პეტრიაშვილს და გურამ თუშიშვილს გამოვყოფ, ვიმედოვნებ, რომ ტოკიოში უკეთესი შედეგი უნდა ვაჩვენოთ. არ მინდა ახალგაზრდებიც დავივიწყო: არაერთი იმედისმომცემი სპორტსმენი გვეზრდება, რომლებიც ტოკიოს ოლიმპიადისთვის, ვფიქრობ, ფორმის პიკზე იქნებიან. აუცილებლად სათქმელია ისიც, რომ სამინისტრომ შეცვალა სპორტული ფედერაციების დაფინანსების სისტემა, რომელიც ოლიმპიადის შემდგომ თანხების კლებას და მომდევნო თამაშების მოახლოებასთან ერთად ეტაპობრივ მატებას ითვალისწინებდა. 2016 წლის რიოს თამაშების შემდეგ ჩვენ არათუ დავაკელით, პირიქით, წარმატებულ ფედერაციებს 30-40 და რამდენიმე შემთხვევაში 100 პროცენტითაც გავუზარდეთ დაფინანსება. ამ ნაბიჯმა რომ გაამართლა, შედეგებითაც ნათელია – იმდენი მედალი, რაც გასულ 2 წელიწადში მოვიპოვეთ საერთაშორისო ასპარეზზე, ქართულ სპორტის ისტორიას არ ახსოვს. ყოველივე, რაც გითხარით, ნამდვილად მაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ ტოკიოს ოლიმპიადა უკეთესი იქნება, ვიდრე რიო 2016 და მეტიც, ის ერთ-ერთი გამორჩეული იქნება ჩვენი სპორტის ისტორიაში!
ლაშა გოდუაძე (www.adjarasport.com; 2019 წლის 13 ივნისი)