მინსკი 2019: მედლები მზადაა
21 მაისს, ევროპის II თამაშების დაწყებამდე ზუსტად ერთი თვით ადრე, მულტისპორტული ღონისძიების მასპინძლებმა ჩემპიონ-პრიზიორებისთვის განკუთვნილი მედლები წარადგინეს.
მედლის კორპუსი სპეციალური შენადნობისგან – ტომპაკისგანაა ჩამოსხმული. სამივე ხარისხის მედლის დასამზადებლად გამოყენებულია ოქრო, 999 სინჯის ვერცხლი და ბრინჯაო. ძვირფასი საფარის სიმტკიცისთვის ასევე გამოყენებულია ნანოალმასები – ბელარუსი გამომგონებლების მიერ დაპატენტებული ტექნოლოგია.
ერთი მედლის დამზადების პროცესი, რომელიც ტრადიციულ ჭედურობას და ნანოტექნოლოგიას ითვალისწინებს, დაახლოებით 20 საათი გრძელდება.
მედლის წონა 540 გრამია, დიამეტრი – 9,5 სანტიმეტრი, ხოლო სისქე – სანტიმეტრი. აღსანიშნავია, რომ დიამეტრი – 9,5 სანტიმეტრი – სპეციალურად შეირჩა, რადგან ბელარუსის მოსახლეობა 9,5 მილიონია.
მინსკის II ევროპული თამაშებისთვის 1 084 მედალი დამზადდება, აქედან 329 ოქროსი, ამდენივე ვერცხლის და 426 ბრინჯაოსი.
ჯილდოებზე ამოტვიფრული იქნება სპორტის სახეობა და დისციპლინა, რომლის წარმომადგენლისთვისაც იქნება განკუთვნილი მედალი. დიზაინში გათვალისწინებულია ბელარუსის კულტურის, ტრადიციების თუ ბუნების ელემენტები.
ლაშა გოდუაძე (www.adjarasport.com; 2019 წლის 22 მაისი)