მინსკი 2019: მესამე ოქრო – დავით ლორიაშვილი ჩემპიონია!

სამბისტ ვაჟთა შორის ბოლო მედალოსანი შედარებით გვიან, ქალთა წონების დაჯილდოების ცერემონიების შემდეგ გამოვლინდა: ევროპის 3-გზის ჩემპიონი დავით ლორიაშვილი (100კგ) ლატვიელ ვიქტორს რესკოს დაეჭიდა.

პირველი ქულის მოსაპოვებლად დავითს 25 წამი დასჭირდა, ორთაბრძოლის დასრულებამდე 2 წუთით ადრე ლორიაშვილის უპირატესობა 2 ქულამდე გაიზარდა და ფინალიც ასე დასრულდა – 2:0.

ლორიაშვილის ტრიუმფით სამბისტების დღევანდელი მონაგარი 4 მედლამდე გაიზარდა, საქართველომ კი ამ ოქროთი ხარისხობრივად უკვე გააუმჯობესა ევროპის I თამაშებზე, 2015 წელს ბაქოში ნაჩვენები შედეგი: 4 წლის წინ გუნდმა ძიუდოკების ავთანდილ ჭრიკიშვილის და ადამ ოქრუაშვილის 2 ოქროთი დაასრულა ბაქო 2015, მინსკში კი პირველივე საშეჯიბრო დღეს 3-ჯერ აჟღერდა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი!

კიდევ ერთხელ, დიდი სიამოვნებით შეგახსენებთ ევროპის II თამაშების დღევანდელ ჩემპიონებს: ლუხუმ ჩხვიმიანი (ძიუდო; 60კგ) და სამბისტები ვახტანგ ჩიდრაშვილი (57კგ) და დავით ლორიაშვილი (100კგ).

ლაშა გოდუაძე მინსკიდან (www.adjarasport.com; 2019 წლის 22 ივნისი)

ka_GEGeorgian