მინსკი 2019: პრეზიდენტმა სპორტსმენებს უმასპინძლა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საპრეზიდენტო სასახლეში ევროპის II თამაშების მონაწილე ქართველ სპორტსმენებს უმასპინძლა და წარმატება უსურვა. პრეზიდენტი 21 ივნისს მინსკში ევროპის II თამაშების გახსნის საზეიმო ცერემონიას დაესწრება.

„თქვენ წარმატებულ დარგს ქართულ სპორტს წარმოადგენთ. საქართველო დღეს მსოფლიოში ცნობილია სპორტსმენებით, ეს იმიტომ რომ თქვენ ბევრი ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები ჩამოუტანეთ საქართველოს. დიდი იმედი მაქვს, რომ მინსკშიც გვასახელებთ და ამის სანახავად მეც ვიქნები თქვენთან ერთად და მხარს დაგიჭერთ იმისათვის, რომ კიდევ ერთხელ იყოთ ძალიან წარმატებულები“! – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა მიღებაზე.

პრეზიდენტ ზურაბიშვილს საქართველოს გუნდი ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა წარუდგინა. მან მადლობა გადაუხადა ქვეყნის მეთაურს მიღებისთვის და გამოთქვა იმედი, რომ ევროპის II თამაშებიდან საქართველოს ოლიმპიური დელეგაცია ღირსეული შედეგით დაბრუნდება.

სამივე სინჯის ოლიმპიური მედლის მფლობელმა ნინო სალუქვაძემ საქართველოს გუნდის სახელით მადლობა გადაუხადა პრეზიდენტს მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ ნებისმიერი ასპარეზობის წინ თითოეულ სიტყვას, გამხნევებასა და დარიგებას დიდი მნიშვნელობა აქვს.

საქართველოს ევროპულ თამაშებზე 61 სპორტსმენი წარადგენს, სხვადასხვა ასპარეზობებში მონაწილეობას კი საერთო ჯამში 50 ქვეყნის 4 ათასი სპორტსმენი მიიღებს.

მინსკი 2019 21 ივნისს დაიწყება და 30 ივნისს დასრულდება.

ლაშა გოდუაძე (www.adjarasport.com; 2019 წლის 17 ივნისი)

ka_GEGeorgian