მინსკი 2019: როცა ასკილი ჰყვავის

ევროპის II თამაშები მალე ოფიციალურად გაიხსნება!

მინსკის დინამოს ეროვნული ოლიმპიური სტადიონი ნელ-ნელა ივსება. თამაშების მთავარ პრეს-ცენტრში, რომელიც აქვე, სარბიელის პირველ სართულზე მდებარეობს, გვითხრეს, რომ ყველა ბილეთი გაყიდულია.

როცა ასკილი ჰყვავის – ასეთია გახსნის საზეიმო შოუს სახელწოდება. მინსკი 2019-ის მესვეურები ამბობენ, რომ წარმოდგენა ულამაზესი იქნება და ზაფხულის ოლიმპიადების მთავარ შოუს არაფრით ჩამოუვარდება. მართლები არიან თუ არა მასპინძლები, ამას მალე ყველა ერთად ვნახავთ.

მინსკი 2019-ის გახსნის შოუ რამდენიმე პირობითი ეპიზოდისგან შედგება: „კეთილი იყოს თქვენი მობრძანება“ პირველი და ყველაზე ხანგრძლივი ნაწილია. სპორტის მოყვარულებმა ჩინებულად იციან, რომ სწორედ ამ დროს შემოდიან სტადიონზე ევროპის თამაშების მონაწილე გუნდები. ოლიმპიურ სტადიონზე პირველი, ძველისძველი ტრადიციით, საბერძნეთის გუნდი შემოაბიჯებს, ბოლო კი, ცხადია, მასპინძელი ბელარუსი იქნება.

საქართველოს გუნდი დინამოს სტადიონზე  საფრანგეთის ნაკრების შემდეგ შემოვა, მე-17 ნომრად. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ჩვენი გუნდი მინსკში 61 სპორტსმენითაა წარმოდგენილი და 10 სახეობაში ეცდება მედლების მოგებას…

ძველისძველი ლეგენდა გვიამბობს, რომ კუპალას ღამეს უღრან ტყეში სულ ერთი წამით ჰყვავის ასკილი.

ბელარუსული ხალხური თქმულებით, ის, ვინც აყვავებულ ასკილს იპოვის, მცენარეების და ტყის ბინადრების ენას დაეუფლება, გადამალულ განძს მიაგნებს და წარსულში ჩახედვის და მომავლის განჭვრეტის ნიჭით დაჯილდოვდება.

სანატრელი ასკილის ყვავილი კიდევ ბევრი საოცარი უნარით დააჯილდოვებს მპოვნელს, თუმცა საამისოდ გულადმა მაძიებელმა არაერთი გამოცდა უნდა ჩააბაროს და, რაც მთავარია, სუფთა გულით უნდა შევიდეს უღრან ტყეში.

ასეთია დღევანდელი შოუს მოკლე აღწერა. ცხადია, მთელი წარმოდგენა ბელარუსი ხალხის და კულტურის ელემენტებითაა გაჯერებული.

შოუს ბოლო აკორდი კი „ათასი ხმის ქალაქია“, რომელიც მითების და ლეგენდების სამფლობელოდან თანამედროვე სამყაროში გადმოგვტყორცნის. სანახაობა ოლიმპიური ჩირაღდნის დანთებით დასრულდება.

მინსკი 2019-ის დევიზიც – ნათელი გამარჯვებების დრო, სწორედ იმ წამიდან აითვლება.

ლაშა გოდუაძე მინსკიდან (www.adjarasport.com; 2019 წლის 21 ივნისი)

ka_GEGeorgian