მინსკი 2019: ტყვიის მსროლელთა მოკრძალებული შედეგები

ევროპის II თამაშებზე დღეს საქართველოს ტყვიის მსროლელთა ნაკრების სამივე წევრმა იასპარეზა. ისინი პნევმატური პისტოლეტიდან სროლაში პირად პირველობაში გამოვიდნენ.

ვაჟთა ტურნირი დილით გაიმართა. ცოტნე მაჭავარიანმა 571 ქულით (96, 94, 94, 97, 95, 95) დაამთავრა ასპარეზობა და XXI ადგილზე გავიდა.

ქალებში ნინო სალუქვაძის შედეგია 572 ქულა (94, 92, 94, 93, 95, 94) – XXVI ადგილი, ნინო ხუციბერიძემ კი 557 ქულა (89, 95, 94, 97, 89, 93) დააგროვა და XXIX გავიდა.

ვაჟებში საპრიზო სამეული ასე განაწილდა:
1.არტემ ჩერნოუსოვი (რუსეთი) – 241.4 ქულა (ევროპის თამაშების რეკორდი)
2.ოლეჰ ომელჩუკი (უკრაინა) – 239.6
3.ლაურის სტრაუტმანისი (ლატვია) – 219.3

აღსანიშნავია, რომ ჩერნოუსოვმა ფინალშიც რეკორდი დაამყარა და საკვალიფიკაციოც ამ ტურნირის საუკეთესო მიღწევით მოიგო – 585 ქულა. მან მინსკში უკვე მეორე ოქრო მოიპოვა – გუშინ შერეულ წყვილებშიც გაიმარჯვა. ტოკიოს ოლიმპიადის ლიცენზია ოლეჰ ომელჩუკმა მიიღო, რადგან ჩერნოუსოვს უკვე ჰქონდა საგზური.

ქალთა შორის მედალოსნები გახდნენ:
1.ზორანა არუნოვიჩი (სერბეთი) – 241.2 ქულა
2.ანა კორაკაკი (საბერძნეთი) – 238.9
3.ანტოანეტა ბონევა (ბულგარეთი) – 218.1

ჩერნოუსოვის დარად, მინსკში არუნოვიჩმაც ამ თამაშების 2 რეკორდი დაამყარა – საკვალიფიკაციოშიც და ფინალშიც. თუმცა საკვალიფიკაციოში მას ამ წოდების სხვებთან გაყოფა მოუხდა, რადგან არუნოვიჩმაც, პოლონელმა კლაუდია ბრეშმა და ავსტრიელმა სილვია შტაინერმაც ერთნაირი შედეგით – 578 ქულით დაასრულეს გამოსვლა. სამივე მათგანი საკვალიფიკაციოს რეკორდის თანაავტორად გამოცხადდა.

ლაშა გოდუაძე მინსკიდან (www.adjarasport.com; 2019 წლის 23 ივნისი)

ka_GEGeorgian