მიროსლავ კლოზემ რონალდოს რეკორდი გააუმჯობესა!
8 ივლისს, ბრაზილიის ქალაქ ბელუ ორიზონტეში მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში ტურნირის ახალი რეკორდი დამყარდა: გერმანიის ნაკრების ფორვარდმა მიროსლავ კლოზემ მასპინძლებთან 7:1 მოგებულ შეხვედრაში (რაც თავის მხრივ, ასევე რეკორდი იყო), ერთი გოლი გაიტანა და მსოფლიო ჩემპიონატების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა! კლოზეს აქტივში 16 გოლია – მან ერთი ბურთით გაასწრო რონალდოს, რომელიც გუშინ… ტელეკომენტატორი გახლდათ.
36 წლის ფორვარდმა უდიდეს საფეხბურთო ტურნირზე პირველად 2002 წელს ითამაშა კორეა-იაპონიაში და 5 გოლი გაიტანა. 4 წლის შემდეგ ის ამდენივე გოლით მუნდიალის ბომბარდირი გახდა, 2010 წელს, სამხრეთი აფრიკაში კი ისევ 4 გოლი შეაგდო და ლეგენდარულ თანამემამულე გოლეადორს, გერდ მიულერს გაუთანაბრდა.
დღეს მიროსლავ კლოზე არა მარტო მსოფლიო ჩემპიონატების ყველაზე შედეგიანი ფეხბურთელია, ის გერმანიის ნაკრების ყველა დროის ბომბარდირიც გახლავთ 71 ბურთით.
ამავდროულად, ის ერთადერთია, რომელმაც მსოფლიოს 4 ჩემპიონატის ნახევარფინალში იასპარეზა. წარმოშობით პოლონელი მიროსლავ კლოზე იმითაც გამორჩეულია, რომ 4 მსოფლიო ჩემპიონატზე გამოიჩინა თავი. ამ მხრივ ის პელეს და უვე ზეელერის მხარდამხარ დგას.
ბრაზილიასთან მოგებული ისტორიული ნახევარფინალი ბუნდესნაკრების ბომბარდირისთვის კიდევ ერთი ფაქტით გახლავთ აღსანიშნავი: კლოზემ 23-ე შეხვედრა ჩაატარა მსოფლიო ჩემპიონატზე და იტალიელ პაოლო მალდინის გაუთანაბრდა. წინ მხოლოდ მეორე დიდი გერმანელი, ლოთარ მათეუსია 25 მატჩით.
ლაშა გოდუაძე (www.msy.gov.ge; 2014 წლის 9 ივლისი)