მივდივარ, რადგან მყინვარწვერი არსებობს!

…1998 წელს, ტელეკომპანია იბერიას თაოსნობით, სვანეთში, სოფელ ზესხოს ალპინისტურ ბანაკში ჟურნალისტთა ალპინიადა მოეწყო. მთების სილამაზით და მთამსვლელობით პირველად მაშინ მოვიხიბლე, ერთ-ერთ რიგით მწვერვალზე ასვლით გამოწვეული სიხარული და განცდა კი სამუდამოდ ჩემში დარჩა.

მას შემდეგ ათი წელი გავიდა და მიუხედავად იმისა, რომ ყოველ ზაფხულს მსურდა ალპინიადებში მონაწილეობა თუ უბრალოდ, მეგობრებთან ერთად ლაშქრობა, ოცნება ვერა და ვერ ავისრულე – ხან სად წავედი, რა ტყე და ნაკრძალები არ მოვიარე, მაგრამ მწვერვალებისკენ მიმავალ გზას ვერ დავადექი.

ჩემდა საბედნიეროდ, ივლისში, როგორც იქნა, ნავსი გავტეხე – საქართველოს მთამსვლელთა და მეკლდეურთა ასოციაციამ სტეფანწმინდაში საერთაშორისო ახალგაზრდული ბანაკი მოაწყო, რომლის ეგიდით მყინვარწვერზე (5048მ) ჯგუფური ასვლაც დაიგეგმა.

ბედმა მეც გამიღიმა და მყინვარწვერის უმაღლესი წერტილიდან გადმოვიხედე! მაგრამ ცოდვა გამხელილი სჯობს და იმ წუთებში ულამაზესი სანახაობით ტკბობის ნაცვლად თბილისში, ზღვის დონიდან ჩემთვის მისაღებ სიმაღლეზე დაბრუნებაზე უფრო ვფიქრობდი. თუ რატომ, ამაზე ქვემოთ.

ივნისის მიწურულს მთამსვლელთა და მეკლდეურთა ასოციაციის პრეზიდენტს,  ზურაბ კუჭავას დავუკავშირდი, რომელიც კარგა ხანია ამ საქმეშია და წლის განმავლობაში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში აწყობს საზაფხულო ბანაკებს. გაცნობა და პირველი რჩევები ერთი იყო, მეორე დღეს კი უკვე თბილისის ბოტანიკურ ბაღში ვიყავი, სადაც ბანაკის მონაწილენი, გამოცდილებიც და ჩემსავით გამოუცდელნიც, ლაშქრობისთვის ემზადებოდნენ.

იმ დღეებშივე დავიწყე საჭირო აღჭურვილობის მოძიება: ჩანთა, თბილი ტანსაცმელი, საძილე ტომარა, ხელთათმანები, პარალონი, წერაყინი, წრიაპები, მზის სპეციალური სათვალე, წყალგაუმტარი სპორტულები, გამაშები, ქუდი, სპეციალური თოკები და რაც მთავარია, ფეხსაცმელი, რომლის გარეშე მწვერვალზე ფიქრიც კი ზედმეტია – ჩვეულებრივი ჩექმებით გარკვეულ სიმაღლეზე ახვალ, მაგრამ ეგაა და ეგ, გზას ვეღარ გააგრძელებ, მე კი ნამდვილად არ მსურდა მაყურებლის როლით დავკმაყოფილებულიყავი.

საჭურვლის შესაგროვებლად ორ კვირაზე ნაკლები დრო მქონდა, თუმცა თბილისიდან სტეფანწმინდაში სრული აღჭურვილობით მაინც ვერ გავემგზავრე. ჩანთა, საძილე ტომარა, პარალონი და კიდევ რამდენიმე ნივთი დათომ მათხოვა, ჩემმა უბნელმა, რომელსაც ჯერ კიდევ სკოლიდან ვიცნობ და მხოლოდ ახლა გავიგე, რომ მუდმივად დადის მთაში. თოკებს და კიდევ სხვა ნივთებს გეზი დამპირდა, გამოცდილი მთამსვლელი, რომელსაც მართლა აღარ ახსოვს რამდენჯერაა ნამყოფი მყინვარწვერზე და რომელიც დღეს უკვე სხვებს უწევს მეგზურობას. მოკლედ, აღჭურვილობის ნაწილს თბილისში მოვუყარე თავი, ნაწილი კი მყინვარწვერის მისადგომებთან, მეტეოსადგურში (3 600მ) უნდა ამეღო. რაც შეეხება ფეხსაცმელს, ის თბილისში შევიძინე. ახლა მხოლოდ ჩემზე იყო დამოკიდებული, შევძლებდი თუ არა მყინვარწვერზე ასვლას.

სტეფანწმინდისკენ 12 ივლისს გავემგზავრეთ. ბანაკის საერთაშორისო სტატუსი რუმინელმა, დანიელმა და ესპანელმა სტუმრებმა განაპირობეს. ისინი გამგზავრებამდე ორი დღით ადრე შემოგვიერთდნენ.

განრიგი შემდეგნაირი იყო: პირველივე დღეს სტეფანწმინდაში (1 700მ) უნდა ჩავსულიყავით და გერგეტის ქედზე, ტყეში, პირველი ბანაკი მოგვეწყო. მეორე დღეს საბერწემდე (2 700მ) ავიდოდით, მესამე და მეოთხე დღეს მეტეოსადგური და სააკლიმატიზაციო გასვლა გველოდა. მეხუთე დღეს პლატომდე (4 300მ) უნდა ავსულიყავით, მეექვსე დღეს კი მწვერვალს შევუტევდით, მერე კი მეტეოსადგურში ვეშვებოდით. განრიგის მიხედვით, მეშვიდე დღეს თბილისში ვბრუნდებოდით.

სტეფანწმინდაში დაახლოებით 4 საათში ჩავედით. არაგვის ულამაზესი ხეობა, ჯვრის უღელტეხილი და ბოლოს დაბა ყაზბეგი! მალე ყველამ თავისი ზურგჩანთა მოიკიდა, ბარგი გადავინაწილეთ და გერგეტის აღმართს შევუყევით.

თბილისში დაბრუნება პირველად სწორედ მაშინ ვიფიქრე და აი, რატომ: ბანაკის ერთ-ერთმა გამოცდილმა მონაწილე ტატომ, რომელსაც გატენილი ზურგჩანთის გარდა კიდევ რამდენიმე პირთამდე სავსე პარკი ეჭირა, ისეთი სისწრაფით აიარა აღმართი, რომ ძალაგამოცლილმა და გათანგულმა სვლა შუა გზაში შევწყვიტე. ფეხმარდი ტატოს შემხედვარე, მეგონა, რომ ბანაკის სხვა მონაწილენიც ამ ტემპით ივლიდნენ, ეს კი, ალალად რომ ვთქვა, ჩემს ძალებს აღემატებოდა. საბედნიეროდ, ასეთი ტემპი გათვალისწინებული არ იყო და მწვერვალზე ფიქრიც განვაგრძე. მყინვარწვერზე ოცნება განსაკუთრებით სასიამოვნო გახდა შებინდებისას, როცა ტყეში დანთებულ კოცონთან ძეხვს, ყველს, ჯერაც თბილ პურს და სტეფანწმინდელებისგან ნაბოძებ არაყს მცირე, მაგრამ საკმარისი რაოდენობით გეახელით. ტკბილი ძილისთვის მეტი არც არაფერი იყო საჭირო…

მეორე დღეს, 13 ივლისს, საბერწესკენ დავიძარით. ესაა ადგილი მდინარე თერგის ერთ-ერთი შენაკადის გადაღმა, სადაც მუდმივად გაშლილია კარვები – მყინვარწვერისკენ სვლა ხომ წლის ამ პერიოდში არასდროს წყდება. სხვათა შორის, ჩვენი იქ ყოფნის პერიოდში ბალტიისპირელი და ამერიკელი ჯარისკაცები ფიზიკური მომზადების გასაუმჯობესებლად, სტეფნაწმინდიდან საბერწემდე ერთდღიან გასვლებს აწყობდნენ – მათი ჯგუფები ბილიკებზე ხშირად გვხვდებოდა…

გერგეტის წმინდა სამების სახელობის ტაძრიდან (გარკვეული დროის მანძილზე, მტრის შემოსევების დროს, სწორედ ამ ტაძარში ესვენა წმინდა ნინოს ჯვარი), სადაც ახლაც მიმდინარეობს მშენებლობა, სტეფანწმინდის ულამაზესი ხედი იშლება. და არა მარტო ამ ქალაქის – გარშემო ისეთი სანახაობაა, თვალი ვერ ძღება!

ბილიკი, რომელსაც ჩვენ დავადექით, ხვეულად მიუყვება საბერწისკენ მიმავალ ხეობას. ნელ-ნელა მაღლა მივიწევთ და ამას ჩვენ, მოყვარული მთამსვლელები ყველაზე მძაფრად ვგრძნობთ: დროგამოშვებით ვჩერდებით, ვისვენებთ, გამოცდილები კი არათუ ჩერდებიან, საბერწეზეც არ შლიან კარვებს – სტეფანწმინდიდან პირდაპირ მეტეოსადგურში ადიან.

დაღლა ერთია, მაგრამ თვალწინ გადაშლილი სანახაობა – მეორე. ახლა არ დავიწყებ იქაურობის აღწერას. გამიჭირდება და იმიტომ. არაერთხელ ნათქვამს გავიმეორებ – ყველაფერი შენი თვალით უნდა ნახო და დატკბე იმ მშვენიერებით, რაც ჩვენ, ბანაკის მონაწილეებმა ვნახეთ.

საბერწემდე დაახლოებით 6 საათი ვიარეთ და სანამ უშუალოდ ადგილზე მივიდოდით, ადიდებული მდინარე დიდი გაჭირვებით გადავლახეთ. სხვისთვის შესაძლოა არაფერი იყო, პირადად ჩემთვის კი დიდი სიამოვნება გახლდათ მდინარეში ქვიდან ქვაზე გადახტომა, პირთამდე სავსე ზურგჩანთასთან და წონასწორობასთან ჭიდილი და ნაპირზე მშვიდობით გასვლა.

ტვირთის დიდი ნაწილი, ძირითადად საკვები, კარვები და მცირე გაზქურები, ცხენებს დილიდანვე გავატანეთ და ჩვენი მისვლისას ადგილზე დაგვხვდა. მალე კარვები და სახელდახელო სუფრაც გაიშალა.

დაძინებამდე ნაცნობი სცენარი: კოცონი და სათავგადასავლო ისტორიები, მათ შორის სახელგანთქმულ ქართველ მთამსვლელებზე და მეკლდეურებზე. ძილის წინ მოსმენილი რამდენიმე შემზარავი ისტორიის მიუხედავად, მალევე ჩამეძინა – დაღლამ თავისი გაიტანა, ეგეც არ იყოს, საოცარი განცდაა, როცა იცი, რომ მეორე დღეს კიდევ უფრო ლამაზი სანახაობა გელის.

განრიგის მიხედვით, მესამე დღეს ზღვის დონიდან 3 600 მეტრზე აგებული მეტეოროლოგიური სადგური გველოდა, იქამდე კი საკმაოდ სახიფათო გზა, რომლის დიდი ნაწილი სხვა არაფერია, თუ არა ყინული. პირველად სწორედ მაშინ ჩავები თოკში და წრიაპებიც მოვირგე, უსაფრთხოება ხომ ყველაზე მნიშვნელოვანია.

ისევე, როგორც ერთი დღით ადრე, ამჯერადაც დაახლოებით 6 საათი ვიარეთ, თუმცა იმ განსხვავებით, რომ აღარ შეგვისვენია. გავჩერდით ერთხელ, როცა ყინულის ფერდი გავლიეთ და ჩაბმით სიარული აღარ იყო აუცილებელი. წრიაპებიც სწორედ მაშინ მოვიხსენით. თუმცა მეტეომდე კიდევ ერთი, არცთუ იოლი გამოცდა მელოდა: ქვა-ღორღიანი აღმართი, სახელად „ბოღმა“. პირადად მე ასეთი ზედგამოჭრილი მეტსახელი ბევრი არ მსმენია – ამ აღმართმა უფრო დამღალა, ვიდრე მანამდე განვლილმა არცთუ მოკლე გზამ.

მეტეოსადგურში ძალიან დაქანცული ავედი, ბარგი უმალ ოთახში მივყარე და გარეთ გავედი. გაგვიმართლა – ძალიან კარგი ამინდი დაგვხვდა, სანახაობა – კიდევ უკეთესი: დათოვლილი მთები და მყინვარწვერის დაუვიწყარი ხედი! ასე ახლოს ამ ულამაზეს მწვერვალთან აქამდე არ ვყოფილვარ.

ჩვენს გარდა მეტეოსადგურში ბევრი უცხოელი დაგვხვდა: ბალტიისპირელები მყინვარწვერის ხშირი სტუმრები არიან – ლატვიელ, ლიტველ და ესტონელ სტუმრებს სტეფანწმინდელები უკვე შინაურებად თვლიან. მათ იქვე, შენობის გარშემო გაეშალათ კარვები და მზეს ეფიცხებოდნენ. ცოტა მოშორებით დაბანაკდნენ ავსტრიელები, ამერიკელები და ჩეხები კი სააკლიმატიზაციო გასვლიდან ეშვებოდნენ.

სანამ მწვერვალს შეუტევენ, სწორედ მეტეოსადგურიდან გადიან ჯგუფები სხვადასხვა სიმაღლეზე. საუკეთესო ვარიანტია მთა სახელწოდებით „ორწვერი“, რომელიც პირველი, ყველაზე ადვილი კატეგორიისაა და ვარჯიშისთვის ზედგამოჭრილია.

ჩვენი ბანაკის ერთ-ერთმა ყველაზე გამოცდილმა წევრმა დათომ, გიორგიმ, ანამ და მე მეტეოსადგურში ასვლის დღესვე სიმაღლესთან შესაჩვევად 4 200 მეტრზე დადგმულ წმინდა სამების ეკლესიასთან ასვლა გადავწყვიტეთ.

გზა რთული იყო, სიმაღლის ცვლა – საგრძნობი, თუმცა ამ უნიკალური ეკლესიის სანახავად, რომელიც სხვათა შორის, ყველაზე მაღლამდებარე მართლმადიდებლური ეკლესიაა მსოფლიოში, ეს ყველაფერი ნამდვილად ღირდა. პატარა კონსტრუქცია რკინისგანაა დამზადებული და ერთდროულად დაახლოებით 10-15 მლოცველს თუ დაიტევს. ის 1999 წელს, კათოლიკოს პატრიარქის ილია II-ის ლოცვა კურთხევით და მეუფე ნიკოლოზის ხელმძღვანელობით დაამონტაჟეს მთაზე, იქ კი ვერტმფრენით აიტანეს.

ეკლესია რკინის სქელი ტროსებითაა დამაგრებული მთაზე. კარი მოგლეჯილი დაგვხვდა – სავარაუდოდ, ქარის „ნახელავი“ იყო. რამდენიმე ხატი, სანთლები და წირვისთვის აუცილებელი სხვადასხვა ნივთები, მხოლოდ ეს იყო, რაც ვნახეთ. ადგილობრივების თქმით, ამ ეკლესიაში წირვა წელიწადში რამდენჯერმე ტარდება და საამისოდ გერგეტის წმინდა სამების სახელობის ტაძრიდან სპეციალურად ადიან მამები…

ამ ეკლესიიდანვე ჩანს ბეთლემის ქვაბული, რომელიც ზღვის დონიდან დაახლოებით 3 900 მეტრზე მდებარეობს და სადაც, გადმოცემით, მტრის შემოსევების დროს საქართველოს სამეფო ოჯახის და ეკლესიის საგანძურს ინახავდნენ. სწორედ ეს ადგილია წმინდა ილია მართლის – ილია ჭავჭავაძის შესანიშნავი პოემა „განდეგილის“ ქვაკუთხედი.

ბეთლემის გამოქვაბული ძალიან რთულად მისადგომი ადგილია და იმ სასულიერო პირებსაც, რომლებიც წელიწადში რამდენჯერმე აღავლენენ ამ ადგილზე წირვას, თითქმის 80 მეტრი სიმაღლის კლდის დაძლევა უწევთ. ცხადია, პროფესიონალი მეკლდეურების და აუცილებელი აღჭურვილობის დახმარებით…

მეტეოსადგურში ერთდღიანი შესვენების შემდეგ მთელი ბანაკი კვლავ მყინვარწვერისკენ დაიძრა – 4 300 მეტრზე მდებარე პლატოზე უნდა ავსულიყავით.

მცირე ხანს ქვა-ღორღზე ვიარეთ, ჯვართან შევისვენეთ, თოკებში ჩავებით, წრიაპები მოვირგეთ, ჯოხები მოვიმარჯვეთ და შემოვლით, მაგრამ შედარებით უსაფრთხო გზას დავადექით. „ხმაურას“ კლდეებთან ჩავლაზე ბანაკის მეთაურმა ზურაბ კუჭავამ და სხვა ნაცადმა ბიჭებმა წინდაწინვე თქვეს უარი – გზა შედარებით მოკლე კია, მაგრამ მუდმივი ქვათაცვენის გამო, უსაფრთხო არაა. სამწუხაროდ, მყინვარწვერის ისტორიას ტრაგიკული შემთხვევებიც ახსოვს. ბოლო მსხვერპლი ორი ლიტველი მთამსვლელი იყო, რომლებიც თოვლიანი აღმართიდან მოწყდნენ…

ცოტა რამ ისტორიიდან: მყინვარწვერი პირველად ყველაზე მოკლე, მაგრამ ამავდროულად, ყველაზე რთული – გველეშაპის კლდეებზე გამავალი გზით დალაშქრეს. ამ მარშრუტის გავლა პირველად სახელგანთქმულმა ქართველმა მთასვლელმა შოთა მიქელაძემ სცადა, თუმცა 4 900 მეტრის სიმაღლიდან მოსხლტა და დაიღუპა. მისმა მეგობრებმა ჯერ გვამი მოძებნეს და ჩამოასვენეს, მერე კი შოთას გზა გააგრძელეს და გაასრულეს კიდეც: ასმათ ნიკოლაიშვილი, დავით წერეთელი, კაკო მარი, იაგორ კაზალიკაშვილი, ნიკო ქირიკაშვილი, შოთა ჩოფიკაშვილი და ანდრია ხეთაგური მყინვარწვერის პირველდამპყრობნი შეიქნენ.

პლატოსკენ მიმავალი გზა ძალიან დამღლელი აღმოჩნდა: ექვსეული, რომელშიც მე გახლდით ჩაბმული, რამდენჯერმე გაჩერდა – რომ არ დამესვენა, ალბათ, გზაში დავეცემოდი. სიმაღლემაც თავისი გაიტანა: უცბად აღმოვჩნდი ზღვის დონიდან 4 კილომეტრზე მაღლა! ნელ-ნელა ყველაფერი მაღიზიანებდა, თაკარა მზეც და ისიც, რომ არსად იყო ჩრდილი. წყლის ბოთლი მალევე დავცალე, პლატომდე კი თოვლით ვიგრილებდი ყელს. ნერვებს მიშლიდა თოვლში ჩაფლული სიარულიც და რაღა დაგიმალოთ, სადღაც გზის შუაში მეტეოსადგურში დაბრუნებაც კი ვიფიქრე, თუმცა რომ მივხვდი, ჩემს გამო კიდევ ხუთ ადამიანს უნდა ეთქვა მწვერვალზე უარი, დღემდე ვერ წარმომიდგენია, როგორ მოვახერხე ფეხზე წამოდგომა და დარჩენილი გზის გავლა.

პლატოზე ყველაზე ბოლო მივედი, ზურგჩანთაზე გავიშხლართე და ჩემთვის გავიფიქრე, რომ ბანაკი დავასრულე, იმ წუთებში მყინვარწვერისკენ გახედვაც არ მსურდა!

ძალიან ცუდად ვიყავი, ძალა არ მქონდა, წნევა – დაბალი, მუდმივად გულისრევის შეგრძნება, აუტანელი სიცხე… მალე ბიჭებმა კარვები გაშალეს და უმალ შევძვერი, თუმცა ვერც იქ მოვისვენე. მხოლოდ წყალი დავლიე, ორ ნაჭერ პურს გეახელით და დაღლილს ჩამეძინა. რომ გამეღვიძა, უკვე საღამოს 11 საათი იყო, ყველა თავის კარავში შესულიყო, გარეთ გამოსულს კი ულამაზესი სანახაობა გადამეშალა თვალწინ – მთვარის შუქი მწვერვალებს ენითაუწერელ სილამაზეს ანიჭებდა, მე კი მარტო ვიდექი ამ ზღაპარში!

და რაც ყველაზე ძალიან მიხაროდა: აღარც თავი მტკიოდა, წნევაც არ მაწუხებდა და გულით მიხაროდა, რომ რამდენიმე საათში მყინვარწვერისკენ უნდა წავსულიყავი – გასვლა გამთენიისას, 7 საათზე იყო დანიშნული.

ჩვენი ექვსეული სულ ბოლოს გავიდა – ჯგუფები დაახლოებით 100-200 მეტრის დაშორებით მივდიოდით. თავიდან ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ როცა აღმართი ძალიან ციცაბო გახდა, სხვისი რა გითხრათ და ძალიან გამიჭირდა. განსაკუთრებით რთული გამოდგა მწინვარწვერის ბოლო აღმართის წინ, ეგრეთ წოდებულ „უნაგირზე“ ასვლა – პლატოდან აქამდე გზას თითქმის 4 საათი მოვანდომეთ.

შოკოლადი, ქიშმიში, ტყლაპი და ჩურჩხელა – ძალის მოსაკრებად გადანახული ეს ნუგბარი სწორედ „უნაგირზე“ დაგვჭირდა, მცირე ტკბილეულით მოღონიერებულები კი მყინვარწვერის ბოლო, მაგრამ ყველაზე ციცაბო აღმართზე დაკიდებულ დაზღვევის თოკებში ჩავებით და საოცნებო წერტილისკენ დავიძარით. დაზღვევის თოკები დათომ, ტატომ, გეგემ, კაპამ, ფრანცუზამ, ნიკამ და ბანაკის კიდევ რამდენიმე გამოცდილმა მონაწილემ გაამზადა.

ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ მივიწევდით მწვერვალისკენ – ჯერ პირველი ექვსეული, მერე მეორე და ასე ბოლომდე. წლევანდელი ბანაკის მონაწილეებიდან მწვერვალზე ყველა ავიდა, ეს კი, ჩვენი მეთაურის ზურაბ კუჭავას თქმით, ძალიან იშვიათად ხდება.

5 048 მეტრი – ესაა მყინვარწვერის ოფიციალური სიმაღლე და 2008 წლის 17 ივლისის შემდეგ, ეს ჩემი პირადი რეკორდია! მწვერვალზე დაახლოებით შუადღის პირველ საათზე ავედით, თითქმის 6-საათიანი სიარულის შემდეგ.

ბედნიერი ვიყავი რომ ოცნება ამიხდა, ამ ულამაზეს მწვერვალზე შევდგი ფეხი, მაგრამ უფრო ის მიხაროდა, რომ მალე დავეშვებოდი.

მწვერვალიდან პლატოზე დავბრუნდით, კარვები და იქ დატოვებული აჭღურვილობა ჩავალაგეთ და მეტეოსადგურს მივაშურეთ.

სასიამოვნო მოთენთილობა, საერთო სიხარული და ზარი თბილისში, ჩემებთან – მწვერვალზე ვიყავი!

მეორე დილით სტეფანწმინდისკენ დავეშვით, გერგეტის მონასტერს მიახლოვებულებმა კი ერთმანეთს მწვერვალის დალაშქვრა მივულოცეთ. მთამსვლელთა წესია ასეთი: სანამ სამშვიდობოს არ გახვალ, სანამ მიწაზე არ დადგები და გაავებულ მდინარეს, ნაპრალებს, ყინულს და სხვა ათას ფატერაკს არ გადაივლი, მილოცვისგან თავი უნდა შეიკავო.

სტეფანწმინდიდან თბილისისკენ მიმავალ გზაზე ფასანაურში შევჩერდით და პირისპირ აღმოვჩნდით იმასთან, რაზეც ბანაკის უკლებლივ ყველა ქართველი მონაწილე მინიმუმ ოთხი დღე ოცნებობდა: ოხშივარადენილი ხინკალი ერთკვირიანი ლაშქრობის უნაკლო დაგვირგვინება იყო.

* * *

„მივდივარ, რადგან ევერესტი არსებობს“! – ასე უპასუხა სახელგანთქმულმა ინგლისელმა ალპინისტმა ჯორჯ მელორიმ, როცა ჰკითხეს, თუ რატომ დადიოდა მთაში.

მგონი, საუკეთესო პასუხია.

და თუ დღეის შემდეგ მეც მკითხავენ, რა მინდა მთაში, თავხედურად ვიტყვი: მივდივარ, რადგან მყინვარწვერი არსებობს!

ლაშა გოდუაძე
ჩემი ფოტოები (გასადიდებლად დააჭირეთ ფოტოს)
2008 წლის 12-18 ივლისი

ka_GEGeorgian