მივიწყებული მატჩები: ინტერლიგა
1991 წლის 16 იანვარს, ნეაპოლის სან პაოლოზე უცნაური მატჩი გაიმართა: იტალიის და ინგლისის ჩემპიონატების ნაკრებმა გუნდებმა ითამაშეს. მარკო ვან ბასტენის, ანტონიო კარეკას და დიეგო სიმეონეს გოლებით მასპინძლებმა 3:0 გაიმარჯვეს.
ვან ბასტენი მილანის სუპერვარსკვლავი გახლდათ, კარეკა ნაპოლის ტიფოზებს ახარებდა, სიმეონე კი ახალი მისული იყო პიზაში. მათ გარდა სერია ა-ს ნაკრებში ჯანლუიჯი ლენტინიმ, კლაუდიო ტაფარელმა, ალდაირმა, ანატოლი მიხაილიჩენკომ, პაოლო დი კანიომ და სხვებმა ითამაშეს, ხოლო კაპიტანი ლოთარ მათეუსი იყო, რომელმაც ნახევარი წლით ადრე ფიფას ოქროს თასი აღმართა.
სტუმართა შემადგენლობასაც არაფერი სჭირდა დასაწუნი: ნევილ საუთჰოლი, იან რაში, ჯონ ბარნსი, დევიდ სიმენი, ლი დიქსონი, დინ სონდერსი, იან რაიტი, ანდერს ლიმპარი…
ეს ამხანაგური თამაში იყო, რითაც დასრულდა კიდეც ინტერლიგის ისტორია, საჩვენებელი მატჩებისა, რომლის პირველი შეხვედრა ზუსტად საუკუნით ადრე გაიმართა ნისლიან ალბიონზე.
ინტერლიგის მატჩები, მარტივად რომ ვთქვა, ფულის შოვნის მიზნით მოიფიქრეს. XIX საუკუნის მიწურულს ფეხბურთი სამოყვარულო თამაში იყო, ფეხბურთელები სხვა ხელობით ირჩენდნენ თავს და ბურთს მხოლოდ მოცალეობის ჟამს დასდევდნენ. მაგრამ ვიღაც დალოცვილი მალევე მიხვდა, რომ თამაშით იმაზე მეტი ფულის გამომუშავება შეიძლებოდა, ვიდრე ჩემპიონატის მატჩებზე გაყიდული ბილეთებიდან იღებდნენ. ინტერესი დიდი იყო და საუკეთესო ფეხბურთელების ნაკრები გუნდების საჩვენებელი შეხვედრების გამართვაც ამიტომ გადაწყდა.
პირველი ასეთი მატჩი 1891 წლის 20 აპრილს გამართულა შეფილდის ოლივ გროუვზე – ინგლისის საფეხბურთო ლიგის იმდროინდელი ვარსკვლავები არანაკლებ პოპულარული საფეხბურთო ალიანსის კლუბების რჩეულ ბიჭებს დაუპირისპირდნენ.
ლიგის პირველი ნაკრების წევრების გვარ-სახელები ბევრს არაფერს გვეტყვის, მაგრამ ისტორიული თამაში იყო და პატივი ვცეთ: მეკარე პრესტონ ნორს ენდის გოლკიპერი ჯ.ტრეინერი გახლდათ, მისი თანაკლუბელი ნ.ჯ.როსი მარცხენა მცველად თამაშობდა, მარჯვნივ კი ბლექბერნროვერსელი ტ.ბრენდონი იდგა. ნახევარდაცვის ოთხეულში ს.კალდერჰედი (ნოთს ქაუნთი), გ.დიუერი (ბლექბერნ როვერსი), ჰ.უილსონი (სანდერლენდი) და უ.ს.აზერსმითი (ასტონ ვილა) მოხვდნენ, თავდასხმაში კი ტ.მაკლინესი, ჰ.ბ.დეფტი (ორივე ნოთს ქაუნთი), ჯ.გოდელი (დერბი ქაუნთი) და ე.ჩედვიკი (ევერტონი). ამ თერთმეტეულიდან ოთხი ინგლისელი გახლდათ, ექვსი – შოტლანდიელი, ერთიც უელსელი. შეხვედრა, რომელმაც ექვს ათასამდე მაყურებელი მოიზიდა, 1:1 დასრულებულა. ისტორიული, პირველი გოლი ევერტონელ ედგარ ჩედვიკს გაუტანია.
მეორე თამაში მომდევნო წელს ბოლტონის პაიკს ლეინზე შედგა, სადაც ინგლისის და შოტლანდიის საფეხბურთო ლიგების ნაკრებმა გუნდებმა ითამაშეს. ეს პაექრობაც ფრედ დასრულდა – 2:2, და სწორედ ამ თამაშის შემდეგ დადგინდა, რომ მომდევნო შეხვედრებში საფეხბურთო ლიგის ნაკრებში მხოლოდ ინგლისელები ითამაშებდნენ.
მეორე მსოფლიო ომამდე ლიგის ნაკრების მეტოქეები მხოლოდ ბრიტანელები იყვნენ, 1947 წლიდან კი ირლანდიელებთან პაექრობაც დაიწყო.
1953 წლის მაისში კიდევ ერთი საინტერესო ფურცელი დაიწერა – გუნდი პირველად ეწვია ბებერ კონტინენტს. ევროპაში გამოჩენა სრული ტრიუმფით დასრულდა – 4:0 კოპენჰაგენში, დანიის ჩემპიონატის რჩეულთა წინააღმდეგ.
1960 წელს ინგლისის საფეხბურთო ლიგის ნაკრები პირველად ესტუმრა აპენინის ნახევარკუნძულს. იტალიის სერია ა უფრო ძლიერი აღმოჩნდა – მასპინძლებმა მილანში, სან სიროზე 4:2 გაიმარჯვეს. ჟოზე ალტაფინიმ ორი გოლი შეაგდო, თითოც ტაჩიმ და კურტ ჰამრინმა გაიტანეს. 1964 წლის ჩათვლით მეტოქეებმა ოთხჯერ ითამაშეს და ინგლისელებმა ერთადერთხელ მოიგეს, რიგით მესამე შეხვედრაში, 1962 წლის 29 ნოემბერს, ჰაიბერიზე – 3:2.
60-იანი წლებიდან ფეხბურთში ტელევიზიის როლი კიდევ უფრო გაიზარდა, რაც კლუბების შემოსავლებზე პირდაპირ აისახა. ამის გამო ინტერლიგის მატჩების მნიშვნელობა ნელ-ნელა დაკნინდა. ნურც ევროპის საკლუბო ტურნირებს დავივიწყებთ, რომელიც დროის სვლასთან ერთად უფრო და უფრო პოპულარული ხდებოდა. ამის გამო თავისუფალი დროის გამონახვა სულ უფრო ჭირდა.
ამის გამო ინგლისის ლიგის ნაკრები 70-80-იან წლებში მხოლოდ ბრიტანეთში თამაშობდა, ძირითადად შოტლანდიელთა და ირლანდიელთა წინააღმდეგ.
80-იანი წლების მიწურულს ინტერლიგის მატჩებს მთავარი დანიშნულება კარგა ხნის დაკარგული ჰქონდა და 1991 წლის 16 იანვარს, პირველი მატჩის საუკუნოვანი იუბილეს შემდეგ, ფარდაც დაეშვა, ინტერლიგის თამაშები ისტორიის კუთვნილება გახდა.
ლაშა გოდუაძე
2023 წლის 5 ოქტომბერი
ფოტო: Guerin Sportivo & Football Today