მიწისძვრა ევროფეხბურთში

თითქოს ევროპის სუპერლიგის დაფუძნება არ ეყოფოდაო და დღესვე უეფამ ჩემპიონთა ლიგის ფორმატი შეცვალა.
2024-25 წლების სეზონიდან:

1: ევროპის მთავარ საკლუბო შეჯიბრებაში 32ის ნაცვლად 36 კლუბი მიიღებს მონაწილეობას;

2: 8 ოთხგუნდიანი ჯგუფის ნაცვლად ყველა ერთ ჯგუფში ითამაშებს, თუმცა თითოეული კლუბი მაქსიმუმ 10 შეხვედრას გამართავს – 5 შინ და 5 მეტოქის მოედანზე.
წყვილები და სტუმარ-მასპინძელი წილისყრით გამოვლინდება;

3: 1/8, 1/4 და 1/2 ფინალები ძველებურად ჩატარდება – მიმოსვლით;

4: ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ პირველი 8 კლუბი 1/8ფინალის საგზურს დაიბევებს, ხოლო IX-XXIV ადგილზე გასული 16 კლუბი დამატებით ფლეი-ოფში დანარჩენ 8 მერვედფინალისტს გამოავლენს.
XXV-XXXVI ადგილებზე გასული კლუბები ევროსეზონს დაასრულებენ.

5: 2024-25 წლების სეზონიდან იგივე ფორმატი ამოქმედდება ევროპალიგაზე და კონფერენს ლიგაზე. ეს უკანასკნელი უეფას ახალი ტურნირია, რომელიც ამ ზაფხულიდან დაიწყება.

6: 2024-25 წლების სეზონიდან საფრანგეთი ჩემპიონთა ლიგაში მე5 კლუბს გაიყვანს.

დღესვე ერთ-ერთ ბრიტანულ სპორტულ ვებ-გვერდზე დაიწერა, რომ უეფას პრეზიდენტმა ალექსანდრ ჩეფერინმა ევროპის სუპერლიგის ვიცე-პრეზიდენტს და ამავდროულად ტურინის იუვენტუსის შეფს ანდრეა ანიელის გველი და ცრუპენტელა უწოდა.

ჩეფერინის თქმით, ის ანიელის გუშინ დაუკავშირდა და ევროპის სუპერლიგის შესახებ ჰკითხა, თუმცა იტალიელმა მაღალჩინოსანმა უეფას პრეზიდენტი დაარწმუნა, რომ მსგავსი არაფერი იგეგმებოდა და ჭორებისთვის ყურადღება არ მიექცია.

ყოველი შემთხვევისთვის გეტყვით, რომ ალექსანდრ ჩეფერინი ანდრეა ანიელის უფროსი ქალიშვილის ნათლიაა.

მოკლედ, დიდი მიწისძვრაა ევროპულ ფეხბურთში.

ლაშა გოდუაძე (2021 წლის 19 აპრილი)

ka_GEGeorgian