მოდი ვნახოთ ამალფი

ამალფის მონახულება იტალიაში გამგზავრებამდე დავგეგმეთ, როცა მოვილაპარაკეთ, რომ ნეაპოლში სტუმრობამდე რამდენიმე დღეს სალერნოში გავატარებდით. სალერნო ერთ-ერთია იმ ოთხ ზღვისპირა ქალაქს შორის, საიდანაც პატარა გემები ყოველ დღე, ნახევარ საათში ერთხელ მიცურავენ ამალფისკენ და ჩვენც მეორე დილით, თერთმეტისთვის უკვე პორტში, სალაროსთან ვიდექით.

სალერნო-ამალფის ბილეთი ათი ევრო ღირს. რიგის სიგრძემ კი დამაფიქრა, მაგრამ დაიწყო თუ არა გემის შევსება, დაახლოებით ხუთ წუთში უკვე ზედა, ღია სართულზე ვიჯექი.

ამალფიმდე ორმოცდაათი წუთი ვიცურეთ. გზად რამდენიმე სოფელს ჩავუარეთ და ამ ხანმოკლე საზღვაო მოგზაურობამ დიდი სიამოვნება მომანიჭა, რადგან ზღვამ, მშვენიერმა ამინდმა და მთებზე შეფენილმა ფერადმა დასახლებებმა დიდებულ განწყობაზე დამაყენა.

ატრანის მსგავსად ამალფიც ქალაქად ითვლება და მისი ისტორიაც საუკუნეებს ითვლის. მეორე მსოფლიო ომამდე იქაურობას ყველაზე ხშირად მდიდარი ბრიტანელები სტუმრობდნენ, დღეს კი ამალფის იუნესკო იცავს და ის მსოფლიოს ნებისმიერი კუთხიდან ჩასული ტურისტებითაა სავსე.

ამალფის ცენტრი წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობისაა, რომელიც ქალაქის მფარველად ითვლება. იქვეა მისივე სახელობის ცნობილი ტაძარიც, რომელიც არაერთი მოგზაურის ვიდეოჩანახატში მინახავს. იტალიაზე შეყვარებული ფოტოგრაფები კი თავს ვალდებულად თვლიან, რომ ეს კათედრალი თავისი ცნობილი კიბეებით რაც შეიძლება ეფექტურად აღბეჭდონ. Duomo di Amalfi-ს ჩვენც ვესტუმრეთ და ჯვრისწერასაც დავესწარით, მერე კი მუზეუმიც მოვინახულეთ, მათ შორის Chiostro del Paradiso – სამოთხის მონასტერი, რომლის სამლოცველოშიც ანდრია პირველწოდებულის, როგორც ადგილობრივები უწოდებენ – ანდრია ამალფელის წმინდა ნაწილებია დაბრძანებული.

რა მიყვარს ასეთ პატარა დასახლებებში და ათასფრად აჭრელებული მაღაზიები, სუვენირებით გადავსებული დახლები, ღია კაფეები და ტურისტების ხმაური! ჩვენც ხან ლიმონჩელოს ერთ მაღაზიაში შევიხედეთ, შემდეგ კერამიკული ფილებით მოვაჭრესთან შევისეირნეთ, ათობით შემხვედრს გავუღიმეთ, აქეთ პრეგო, იქით – პერ ფავორე და მთელი დღე შენი ჭირიმე-შენ გენაცვალეში გავლიეთ. გზადაგზა ხშირად ვჩერდებოდი და ჩემი ჭკუით კარგ ფოტოებს ვიღებდი.

ძალიან სასიამოვნო მოგზაურობა გამოგვივიდა! შუადღით, ერთ ზღვისპირა პიცერიაშიც ჩამოვჯექით, შემდეგ პორტს მივაკითხეთ, ზღვაშიც გავგრილდით და საღამოს უკვე სალერნოში, ჩვენი სახლის წინ ბარში ვიჯექი, სევილია-იუვენტუსის განმეორებით ნახევარფინალს ვუყურებდი. ოფიციანტი მაროკოელი აღმოჩნდა და რა გასაკვირია, რომ ბონოს და ენ ნესირის გამო ესპანელებს გულშემატკივრობდა. ვლაჰოვიჩის გოლის მერე გავიხარე, მარა რა გავიხარე! სულ ტალახსა და მტვერში ვაგორავე ის უბედური, როგორც ლევანია ჯანგავაძემ არ დაინდო პასიკო, მაგრამ ლამელამ რო მეორე გოლი გაუტანა შჩესნის, თქვენ რომ არ გამაგდოთ, მე თვითონ რა, ვერ გავალ-თქო და იქაურობას გავეცალე.

რომ გითხრათ ვინერვიულე-მეთქი, მოგატყუებთ. ჯერ ერთი რომ ამ სეზონში ჩემი იუვე ნამეტანი წყალწაღებული იყო, მეორეც – დილით პოზიტანოში მივდიოდით.

ლაშა გოდუაძე
ამალფი, იტალია
2023
წლის 10 ივნისი

ka_GEGeorgian