მოდი ვნახოთ ატრანი

ატრანი იტალიის ყველაზე პატარა ქალაქია 832 მოსახლით, მაგრამ ზღვისპირა სოფელი უფრო მგონია. თუმცა რაც არის, არის – თუ ქალაქად ითვლება, იყოს ასე.

ატრანიში ამალფიდან მოვხვდით, სადაც თავის მხრივ სალერნოდან მივცურეთ გემით. ამალფის გულის, ანდრია ამალფელის მოედნიდან დაძრულებმა, ერთი დიდი გვირაბის გავლის შემდეგ აღმოვაჩინეთ, რომ თურმე ამალფიდან ატრანიში გადავსულვართ.

აღმა-დაღმა სეირნობაში ორი, მაქსიმუმ სამი საათი გავიდა. ჩემი დაკვირვებით ატრანის ის ტურისტები აფარებენ თავს, რომლებსაც ამალფის ტურისტმრავლობა და ხმაური მობეზრდათ. პლაჟი კია შედარებით პატარა, მაგრამ ზღვა იქაც და აქაც ერთნაირია.

საუკუნეების წინ ატრანი და ამალფი მზარდი ზღვისპირა დასახლებები ყოფილა, მაგრამ მერე მატლი არეულა, ბორბალი უკუღმა დატრიალებულა, მონღოლებს არა, მაგრამ ძლიერ მიწისძვრას კი დაუნგრევია იქაურობა და აი, მაშინ დამთავრებულა ამ პატარა და კოხტა დასახლებების წინსვლა-განვითარება.

დღეს ატრანი მშვიდი ცხოვრებით ტკბება და იქაურების სიმყუდროვეს მხოლოდ საცობები თუ არღვევს. გაცილებით პოპულარულ ამალფის ყოველდღიურად ასობით ტურისტი სტუმრობს და რადგან სამხრეთიდან მხოლოდ ატრანის გავლით თუ მიაღწევ იქ, ერთადერთი სამანქანო გზა, წლების წინ აგებულ თაღებზე რომ გადის, ნამეტანი იტვირთება ხოლმე.

ნაპოლის ტიფოზებს და საკლუბო დროშებს კი ატრანის ვიწრო ქუჩებშიც შეხვდებით, რადგან კალჩო და ნაპოლი ამ ქათქათა ზღვისპირა სოფელ-ქალაქშიც ისევე უყვართ, როგორც კამპანიის დედაქალაქში.

ლაშა გოდუაძე
ატრანი, იტალია
2023
წლის 8 ივნისი

ka_GEGeorgian