მოდი ვნახოთ FourFourTwo

ორი დღის წინ ჩემი საყვარელი ჟურნალის, FourFourTwo-ს ახალი ნომერი მივიღე, რომელიც ევრო 2024-ს ეძღვნება და ჩემპიონატის დიდი პლაკატიც თან ახლავს. სპეციალური გამოშვება ჟურნალს აერთიანებს. ერთში, როგორც ყოველთვის, გემრიელი საფეხბურთო წერილებია, მეტწილად ინგლისის და შოტლანდიის ნაკრებ გუნდებზე, მეორე, დამატებითი კი მხოლოდ და მხოლოდ ევრო 2024-ზეა: ტურნირის ბადე, ცოტა ისტორია და ყველა მონაწილე გუნდის დახასიათება.

გერმანია 2024-ის მთავარ ფავორიტებს ორ-ორი გვერდი ეთმობათ, დანარჩენებს – ერთი. საქართველოს ეროვნულ ნაკრებზე რამდენიმე საინტერესო შეფასება ამოვიკითხე.

ყველაზე საინტერესო FourFourTwo-ს ვერსიით ჩვენი გუნდის სავარაუდო ძირითადი შემადგენლობაა ნაცნობი ტაქტიკური განლაგებით: კარში გიორგი მამარდაშვილი; დაცვის ცენტრი საბა კვერკველიას, გურამ კაშიას და ლაშა დვალის შემადგენლობით, ფლანგებზე ოთარ კაკაბაძე და ირაკლი აზაროვი; ნახევარდაცვაში ოთარ კიტეიშვილი, გიორგი ქოჩორაშვილი და გიორგი ჩაკვეტაძე, თავდასხმაში კი ხვიჩა კვარაცხელია და ბუდუ ზივზივაძე.

საქართველოს მთავარ პლუსად ინგლისელმა ჟურნალისტებმა ჩათვალეს ის, რომ ნაკრები ზეწოლას არ განიცდის, ხოლო ძირითადი შემადგენლობის თავსა და ბოლოში მსოფლიო კლასის ფეხბურთელები თამაშობენ – კვარაცხელია და მამარდაშვილი. ამავდროულად, რედაქცია ფიქრობს, რომ კიდევ რამდენიმე კარგი ფეხბურთელის მიუხედავად, ვილი სანიოლის გუნდი, საბოლოო ჯამში, მაინც ერთი კაცის ნაკრებია. ცხადია ხვიჩა იგულისხმება, რომელსაც, როგორც მთავარ ვარსკვლავს, გამორჩეულად ახასიათებენ.

„ფრე თუნდაც ერთ შეხვედრაში ქართველ გულშემატკივრებს ძალიან გაახარებს“ – ნათქვამია ჩვენი გუნდის დახასიათების ბოლოს, მანამდე კი ეს ღიმილისმომგვრელი წინადადებაა: „ყველაზე ნაკლებად მოსალოდნელია, რომ ქართველები გერმანიაში ბევრ ლუდს დალევენ. ისინი, როგორც წესი, ღვინოს ამჯობინებენ“.

მე მაინც მგონია, რომ ჯვაროსნები გერმანიაში მხოლოდ ერთი ქულის ასაღებად არ ჩასულან. ხოლო რაც შეეხება ლუდს…

ლაშა გოდუაძე
2024 წლის 14 ივნისი

ka_GEGeorgian