მოგზაურები
რატომ იცვლიან ფეხბურთელები კლუბებს?
ამ კითხვაზე პასუხის გაცემა რთულია და ალბათ, იმდენი პასუხი მოიძებნება, რამდენი მოთამაშეცაა დედამიწაზე.
ზოგს კლუბის დონე არ აკმაყოფილებს – ძლიერ ლიგაში სურს თამაში, სხვას უკეთეს პირობებს სთავაზობენ, მესამეს სათადარიგოთა შორის ყოფნა მობეზრდა, ვიღაცა კარიერას ასრულებს და სულაც არაა წინააღმდეგი საფეხბურთო სიბერეში მილიონები გამოიმუშავოს…
დღეს, როცა საფეხბურთო სამყაროში საზღვრები პირობითი ცნება ხდება, ჩვეულებრივი ამბავია მოთამაშის ტრანსფერი 4–5 კლუბში, მაგრამ დროდადრო ისეთებსაც ვხვდებით, ლამის ყოველ სეზონში რომ იცვლიან გუნდს.
რატომ ხდება ასე? პასუხის გაცემა ალბათ, ასეთ ფეხბურთელებსაც გაუჭირდებათ.
ამ წერილის მიზანი სულაც არაა ხსენებული ფენომენის ამოხსნა. ჩვენ, უბრალოდ, გვსურს მათ შესახებ მოგითხროთ, კარიერის მანძილზე ლამის მთელი მსოფლიო და უამრავი კლუბი რომ შემოიარეს.
ჩემი ფულის 90% ქალებში, სასმელსა და სპორტულ მანქანებში დავხარჯე. დანარჩენი გავფლანგე, – ეს სიტყვები ჯორჯ ბესტს ეკუთვნის. არაერთი ბრიტანელი ჟურნალისტი მას ინგლისის ჩემპიონატის ყველა დროის საუკეთესო მოთამაშედ მიიჩნევს.
ჩრდილოირლანდიელი ჯადოქარი 27 წლის იყო მანჩესტერ იუნაიტედიდან რომ წავიდა. ამ ასაკში ბევრი დიდი ფეხბურთის თამაშს იწყებს, ბესტს კი ოლდტრაფორდულ კლუბში 470 მატჩში 179 გოლის გატანა, პირველობის, თასის, ჩემპიონთა თასის მოგება და ევროპის უძლიერესი ფეხბურთელის ტიტულის მოპოვება უკვე მოესწრო.
1974 წლამდე მანჩესტერ იუნაიტედი ბესტის ერთადერთი კლუბი იყო. ის 1963 წლიდან თამაშობდა ლეგენდარული მენეჯერის სერ მეტ ბასბის ხელმძღვანელობით, მაგრამ როცა კარიერა დაასრულა, და ეს 10 წლის შემდეგ მოხდა, მისი გუნდების რაოდენობა 20-ს აღწევდა – მათ შორის ბევრი იყო ძალიან უცნაური, ასე ვთქვათ, არასაფეხბურთო ქვეყნის. წითელი ეშმაკუნებიდან ალკოჰოლის უზომო სიყვარულის გამო დათხოვნილმა ბესტმა ჯერ სამხრეთ აფრიკის ჯიუვიშ გუილდში ითამაშა, მერე კორკ სელტიკი იყო, შემდეგ ჩრდილოამერიკის საფეხბურთო ლიგა და ლოს ანჯელეს აცტეკსი, ფორტ ლოდერდეილ სტრაიკერსი, სან ხოსე ეარსქუეიქსი, დეტროიტ ექსპრესი…
1984 წელს ტობერმორ იუნაიტედში დაასრულა კარიერა, იქამდე კი ჰონგკონგის ორ კლუბში, ავსტრალიასა და სამშობლოშიც ითამაშა.
2005 წლის 20 ნოემბერს გაზეთმა News of the World გარეკანზე საავადმყოფოში გადაღებული მომაკვდავი ჯორჯ ბესტის ფოტო დაბეჭდა ფეხბურთელისავე თხოვნით – „ჩემსავით ნუ მოკვდებით“. ლეგენდარული შვიდიანი 5 დღის შემდეგ გარდაიცვალა…
ზუსტად იმ დღეებში იტალიელი თავდამსხმელი კრისტიან ვიერი თავის მე-10 კლუბში აგორებდა ბურთს: სკუადრა აძურას ყველა დროის ერთ-ერთმა საუკეთესო გოლეადორმა 33 წლის ასაკში ზუსტად ამდენი გუნდი გამოიცვალა, თუმცა ფეხბურთიდან წასვლამდე კიდევ 3 კლუბის მაისური მოირგო.
მან კარიერა 1991 წელს დაიწყო ტორინოში, მაგრამ სეზონზე მეტხანს არც იქ გაჩერდა და არც მომდევნო… 7 კლუბში: ტორინო პიზამ შეცვალა, პიზა – რავენამ, შემდეგ ვენეცია, ატალანტა, იუვენტუსი, მადრიდის ატლეტიკო და ლაციო იყო.
1999 წელს მილანის ინტერმა დედაქალაქური კლუბის საბანკო ანგარიში 32 მილიონი გირვანქით შეავსო – ვიერი მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული მოთამაშე გახდა! მან შავ-ლურჯთა შორის ზედიზედ 6 სეზონი გაატარა, მერე კი „მეორე წრეზე“ წავიდა.
დღეს ის ექსფეხბურთელია და სამოდელო ბიზნესშია: პაოლო მალდინისთან ერთად მაღაზიათა ქსელს – Sweet Years – ფლობს. ვიერისგან განსხვავებით, პაოლომ მთელი კარიერა – ზუსტად 25 წელიწადი – მშობლიურ მილანს უერთგულა…
ბესტი დღესაც ჩინებულად ახსოვთ დიდ ბრიტანეთში – ვეტერანები და ჟურნალისტები დროგამოშვებით ტკბილად იგონებენ ჩრდილოირლანდიელს, იტალიის ნაკრების ტიფოზებიც დროდადრო იხსენებენ ვიერის, მაგრამ ვეჭვობთ, რომ გერმანელი მეკარის ლუც პფანენშტილის არსებობა არათუ ბრიტანელ და იტალიელ მიმომხილველებს, მის უამრავ თანამემამულესაც არ გაუგია.
1973 წლის 12 მაისს, გერმანიის ქალაქ ცვაიზელში დაბადებული ბიჭი დღეს გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნშია შესული: 21-წლიანი კარიერის განმავლობაში მან პროფესიონალი ფეხბურთელის სტატუსით ყველა კონტინენტზე ითამაშა და თან, არც მეტი, არც ნაკლები, 25 კლუბის მაისურით!
პფანენშტილის კარიერა დაწვრილებით აღწერას ნამდვილად იმსახურებს. ის პირველად 1991 წელს, V ლიგის კლუბ ბად კიოტცინგის კარში ჩადგა, მერე კი დაიწყო და დაიწყო: მალაიზიის პენანგი, ინგლისის უიმბლდონი და ნოტინგემ ფორესტი, სამხრეთ აფრიკის ორლანდო პაირეტსი, ფინეთის ტამპერე და ჰაკა, გერმანიის III ბუნდესლიგის ვაკერ ბურგჰაუზენი, სინგაპურის გეილანგ იუნაიტედი, ახალი ზელანდიის დუნედინ ტექნიკალი, ინგლისის ბრედფორდ პარკ ავენიუ და ჰადერსფილდ თაუნი, კვლავ სამშობლო – VI ლიგის შამი, ნორვეგიის ბერუმი, კანადის კალგარი მუსტანგსი, ახალი ზელანდიის ოტაგო იუნაიტედი, ალბანეთის ვლაჟნია, სომხეთის ბენტონიტი, კანადის ვანკუვერ უაითქეფსი…
2008 წელს მან ბრაზილიის კლუბ ატლეტიკო იბირამასთან გააფორმა ხელშეკრულება, რამდენიმე დღეში მოედანზეც გავიდა, ამით კი პირველი ფეხბურთელი შეიქნა ისტორიაში, ყველა კონტინენტზე რომ ითამაშა!
სამხრეთ ამერიკაში დიდხანს არ გაჩერებულა, ბრაზილიის რანგით III ლიგაში ჩატარებული 12 მატჩის შემდეგ კვლავ განაგრძო მოგზაურობა: ნორვეგიის ფლეკეროი იდრეტსლაგი მანგლერუდ სტარმა შეცვალა, სკანდინავიური კლუბები ნამიბიის რამბლერსმა, სამხრეთაფრიკული ქვეყანა კუბამ…
2010 წლის დასაწყისში პფანენშტილმა კარიერა დაასრულა და ნამიბიის ნაკრებში მეკარეთა მწვრთნელად დაიწყო მუშაობა, ზაფხულში, მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთი გერმანული ტელეარხის კომენტატორი იყო, ზუსტად ერთი წლის წინ კი ბუნდესლიგის კლუბ ჰოფენჰაიმის სკაუტი გახდა და მას შემდეგ ამ გუნდშია.
ლუც პფანენშტილის არსებობა თუ პირველად შეიტყვეთ, ბრაზილიელი რივალდო კარგად გეცოდინებათ. გერმანელს და ბრაზილიელს მხოლოდ ერთი რამ აქვთ საერთო – ფეხბურთელის კარიერა ორივემ 1991 წელს დაიწყო. სხვა მხრივ, ისინი ძალიან განსხვავდებიან: პფანენშტილმა ერთი თასიც ვერ აღმართა, ვიტორ ბორბა ფერეირამ, იგივე რივალდომ კი საფეხბურთო სამყაროში არსებული ყველა ჯილდო მოიგო მთავარი გუნდური ტიტულით, ფიფას ოქროს თასით დაწყებული უმაღლესი ინდივიდუალური ჯილდოთი, მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშის პრიზით – ფიფას ბრილიანტის ბურთი – დასრულებული.
მიუხედავად იმისა, რომ ჟურნალისტთა 1999 წლის რჩეულის საუკეთესო წლებმა დიდი ხანია ჩაიარა და მისი დროების მთავარი ვარსკვლავებიც – ფრანგი ზინედინ ზიდანი, პორტუგალიელი ლუიშ ფიგუ, ბრაზილიელი რონალდო – წლების წინ წავიდნენ ფეხბურთიდან, ის ჯიუტად არ ტოვებს მინდორს: 13 იანვარს, ანგოლის დედაქალაქ ლუანდაში, კლუბ კაბუსკორპთან კონტრაქტს მოაწერა ხელი. ხელშეკრულება 31 დეკემბერს იწურება.
მიხარია, რომ კარიერას ახალ გუნდში გავაგრძელებ! – განაცხადა რივალდომ, ვისთვისაც კაბუსკორპი პირველი აფიკული, ისე კი მე-13 გუნდია.
რატომ მაინცდამაინც ანგოლა? ამ კითხვას ბრაზილიელი ჟურნალისტები პასუხობენ: რივალდოს გასამრჯელოდ წელიწადში 4 მილიონი დოლარი აღუთქვეს, 40 წლის ფეხბურთელისთვის კი ეს ზღაპრული ხელფასია! არახალია, რომ სამხრეთამერიკელი ვეტერანი ათენის ოლიმპიაკოსიდან წასვლის შემდეგ არჩევანს მხოლოდ ფინანსური კუთხით აკეთებს. მაგალითად, 2008-10 წლები მან უზბეკეთში, ტაშკენტის ბუნიოდკორში გაატარა – ყოფილი ნეფტაგაზმონტაჟქურუვჩის მესვეურები მას სეზონში 5 მილიონ ევროს უხდიდნენ.
რივალდოს ხელფასის შედარება ზლატან იბრაჰიმოვჩის შემოსავალთან არც ღირს: შვედეთის ნაკრების თავდამსხმელს რიგით მე-6 კლუბი, იტალიის ჩემპიონი მილანი სეზონში 11 მილიონ 700 ათას ევროს უხდის!
და თუ ამ მხრივ სკანდინავიელი ერთ-ერთი პირველია მსოფლიოში, ძვირადღირებული ტრანსფერების ჩამონათვალში მას ბადალი არ ჰყავს: 2001 წლის ზაფხულში ამსტერდამის აიაქსმა იბრას მალმიოს 8,9 მილიონი ევრო გადაუხადა. 3 წლის შემდეგ ტურინის იუვენტუსმა 16 მილიონი ევრო გაიღო, 2 წელიწადში, კალჩოპოლის სკანდალის შემდეგ კი შვედი ვარსკვლავი მილანის ინტერს 24,8 მილიონად დაუთმო. 2009 წლის აგვისტოში იბრაჰიმოვიჩმა ბარსელონაში გადაინაცვლა – კატალონიელებმა 46 მილიონი ევრო გაიღეს და 20 მილიონად შეფასებული კამერუნელი თავდამსხმელი სამუელ ეტოოც დათმეს. საერთო ჯამში გარიგება 69,5 მილიონად შეფასდა! ერთ წელიწადში შვედეთის 6-გზის და იტალიის 3-გზის საუკეთესო მოთამაშემ კვლავ გამოიცვალა კლუბი: მილანმა ჯერ საცდელი ვადით აიყვანა, შარშან ზაფხულში კი ბარსელონიდან საბოლოოდ გამოისყიდა 24 მილიონ ევროდ.
დავთვალოთ: 5 ტრანსფერი და 143,6 მილიონი ევრო! შვედი მითიური მიდასივითაა – სადაც მივიდა, ყველას მოაგებინა! აქვე ისიც ვთქვათ, რომ 2003-04 წლების სეზონიდან დაწყებული კლუბი, სადაც იბრაჰიმოვიჩი თამაშობდა, უცილობლად იგებდა ჩემპიონატს: აიაქსის, იუვენტუსის, ინტერის, ბარსელონის და მილანის მაისურით შვედმა ზედიზედ 8-ჯერ მოიგო პირველობა!
სამწუხაროდ, ჯერ არცერთ ქართველ ფეხბურთელს არ გამართლებია ასე. საქართველოს ნაკრების წევრები კლუბს კლუბზე იცვლიან, მაგრამ ეს სხვა ფენომენია – ხშირ შემთხვევაში მოთამაშეებს „ხვალინდელ ქათამს დღევანდელი კვერცხი ურჩევნიათ“ და გუნდიდან გუნდში რამდენიმე ათასი დოლარით მეტი გასამრჯელოს გამო გადადიან. ხშირად ვერც კარგ „პადიომნიზე“ ამბობენ უარს და საეჭვო რეპუტაციის კლუბებს უკავშირებენ ბედს.
სხვანაირად ყველა თვალსაზრისით დალაგებული გერმანიიდან კამჩატკაზე ტრანსფერს ვერ ახსნი და ვერც ვერასდროს მიხვდები, რატომ უნდა დატოვო, ვთქვათ, დანია და წყალწაღებული ვლადიკავკაზის ალანიის მაისური მოირგო?!
ერთ ასეთ ნაბიჯს მეორე მოსდევს, მეორეს მესამე და წლების შემდეგ, კარიერის დასასრული რომ დგება, ფეხბურთელის გუნდების ჩამონათვალში ჩნდება ვლადივოსტოკის ლუჩ-ენერგია, ვლადიკავკაზის ალანია, მახაჭყალის ანჟი, ბარნაულის დინამო, ნალჩიკის სპარტაკი, მოსკოვის ოლქის სატურნი და ხიმკი, გროზნოს ტერეკი, სიმფეროპოლის ტავრია, იაროსლავლის შინიკი…
ქართველ მოგზაურთა სამეული
1.მიხეილ აშვეთია (თავდამსხმელი, 34 წლის; 14 კლუბი 4 ქვეყანაში)
საქართველო – ქუთაისის ტორპედო და რწმენა, წყალტუბოს სამგურალი, თბილისის დინამო; რუსეთი – ვლადიკავკაზის ალანია, მოსკოვის ლოკომოტივი, როსტოვი, ყაზანის რუბინი, მახაჭყალის ანჟი, ბარნაულის დინამო, ნიჟნი ნოვგოროდი; გერმანია – იენის კარლ ცაისი; დანია – კოპენჰაგენი
2.გიორგი ლომაია (მეკარე, 32 წლის; 12 კლუბი 5 ქვეყანაში)
საქართველო – თბილისის კოდაკო, დინამო 2, დინამო, მერანი 91, ლოკომოტივი, რუსთავის ოლიმპი; რუსეთი – მოსკოვის სპარტაკი, მოსკოვის ოლქის ხიმკი, ვლადივოსტოკის ლუჩ-ენერგია; გერმანია – იენის კარლ ცაისი; უკრაინა – ლვოვის კარპატი; აზერბაიჯანი – ბაქოს ინტერი
3.ალექსანდრე ამისულაშვილი (მცველი, 29 წლის; 11 კლუბი 4 ქვეყანაში)
საქართველო – თელავის კახეთი, ქუთაისის ტორპედო, სამტრედიის იბერია, თბილისის დინამო; უკრაინა – კიევის დინამო 2, დნიპროპეტროვსკის დნიპრო, სიმფეროპოლის ტავრია; რუსეთი – იაროსლავლის შინიკი, ნალჩიკის სპარტაკი, კრასნოდარი; თურქეთი – ქაისერისფორი
ლაშა გოდუაძე (ჟურნალი ტაბულა; 2012 წლის 13-19 თებერვალი)