მოლდოვა 2:2 საქართველო

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში მე-6 შეხვედრა ჩაატარა და სამწუხაროდ, კვლავ ვერ გაიმარჯვა – ვლადიმირ ვაისის გუნდმა მოლდოვაში ფრედ 2:2 ითამაშა.
6 მატჩი, 3 ფრე, 3 მარცხი და 3 ქულა – ასეთია ჯვაროსნების სადღეისო შედეგი. 6-გუნდიან ჯგუფში საქართველოს ნაკრები V და ბოლოადგილოსან მოლდოვას მხოლოდ ქულით უსწრებს. მოლდოვამ, თავის მხრივ, 6 მატჩიდან მხოლოდ 2-ჯერ ითამაშა ფრედ, დანარჩენ შემთხვევაში დამარცხდა. იგორ დობროვოლსკის გაწვრთნილმა მოლდოვამ ორივე ქულა საქართველოსთან მოიპოვა.

11 ივნისს მოლდოველები ძალიან ახლოს იყვნენ გამარჯვებასთან – I ტაიმი 2:0 მოიგეს, თუმცა საქართველოს ნაკრების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ გუნდმა მოახერხა თამაშში გარდატეხის შეტანა, სრულიად განსხვავებული II ტაიმი ჩაატარა და ქულაც გადაარჩინა. მცირე უიღბლობა რომ არა, საქართველოს ნაკრები კიშინიოვიდან 3 ქულით დაბრუნდებოდა – ბოლო წუთებში გიორგი არაბიძის შორეული დარტყმა მასპინძელთა კარის ხარიხამ აისხლიტა.

არაბიძის ამ დარტყმამდე მაყურებლებმა 5 გოლი იხილეს: ერთი არჩათვლილი, ერთი არჩასათვლელი, მაგრამ დაფიქსირებული და 3 წესებით სრული დაცვით გატანილი.

მოლდოველებმა, რომლებმაც საქართველოს ნაკრების დაცვითი ტაქტიკით მშვენივრად ისარგებლეს (მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე ტაქტიკაზე ვლადიმირ ვაისმაც ისაუბრა და განაცხადა, რომ არჩევისას შეცდა), პირველად რადუ გინსარის ზუსტი დარტყმით გაიხარეს, თუმცა დროებით – თანამსაჯმა თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსრა და გოლი არ ჩაითვალა.

მე-15 წუთზე გინსარმა კიდევ დაარტყა ზუსტად. ამჯერად მსაჯმა გოლი ჩათვალა: ეუგენიუ კოციუკის ჩაწოდების შემდეგ ტირასპოლის შერიფის ფორვარდმა დასწრებაზე ითამაშა და ანგარიში გახსნა – 1:0.

36-ე წუთზე მოლდოვამ უპირატესობა 2 ბურთამდე გაზარდა, თუმცა იმ შემთხვევაში შვედი არბიტრი ანდრეას ეკბერგი და თანამსაჯი უხეშად შეცდნენ – საგოლე პასის ავტორმა მაქსიმ ანტონიუკმა აშკარად პირით ხაზს გადაცილებულმა მიაწოდა ბურთი თანაგუნდელს, მაგრამ წესების დარღვევა ვერცერთმა შენიშნა. ანტონიუკის პასით ალექსანდრუ დედოვმა ისარგებლა და გიორგი მაკარიძეს შანსი არ დაუტოვა – 2:0. ქართველი ფეხბურთელების სამართლიან პროტესტს სასურველი შედეგი არ მოჰყვა.

I ნახევრისგან განსხვავებით საქართველოს ნაკრებმა II ტაიმი აღმავლობით ჩაატარა, ბურთზე სრული კონტროლი დააწესა, სათამაშო დროის დიდი ნაწილი მოლდოველთა ნახევარზე გაატარა და ეს, ცხადია, მწვრთნელის მიერ შეცვლილმა ტაქტიკურმა სქემამ განაპირობა. ძირითად შემადგენლობაში გამწესებული ორი საყრდენი ჩამშლელი ნახევარმცველიდან ერთ-ერთი, ბუბა დაუშვილი ვაისმა შემტევი ვაკო ყაზაიშვილით შეცვალა. ამავდროულად, მოედნის სიღრმიდან ბურთის კარგად ამოტანა დაიწყო ტრავმირებული უჩა ლობჟანიძის ნაცვლად თამაშში ჩართულმა ნიკა კვეკვესკირმა. საქართველოს ნაკრების შეტევების გამწვავებას შეუწყო ხელი ლადო დვალიშვილის ნაცვლად შესულმა გიორგი მერებაშვილმაც.

საქართველოს ნაკრების პირველი საპასუხო გოლი სწორედ მერებაშვილმა შეაგდო: მან მინდორზე შესვლიდან რამდენიმე წამში გაიხარა – სუსტად, თუმცა ზუსტად დაარტყა – 2:1. მოლდოველთა მეკარე სტანისლავ ნამაშკო კი გადახტა, მაგრამ ბურთს ვერ მიწვდა. გიორგი მერებაშვილმა ნაკრების მაისურით პირველად გამოიჩინა თავი. აუცილებლად უნდა ითქვას, რომ გოლამდე ძალიან კარგად ითამაშა ცენტრფორვარდმა ნიკა კაჭარავამ, რომელმაც ცენტრალური მცველები „დაიჭირა“ და მერებაშვილს კარისკენ დასარტყმელად აუცილებელი რამდენიმე წამი „აჩუქა“.

70-ე წუთზე ვაისის გუნდმა ანგარიში გაათანაბრა: სტუმართა მორიგი შეტევისას მოლდოველი მცველები შეცდნენ, ყაზაიშვილმა კი უძლიერესი დარტყმით დალაშქრა მასპინძელთა კარის ბადე – 2:2. ეს ყაზაიშვილის მე-5 გოლი იყო ნაკრებში ჩატარებულ 25-ე შეხვედრაში.

„მოლდოველთა მეორე გოლზე მხოლოდ ის შემიძლია ვთქვა, რომ ასეთი რამ ფეხბურთში იშვიათად, თუმცა ხდება. სამწუხაროა, როცა მოედნიდან დაახლოებით 20 სანტიმეტრით გადასული ბურთი თამაშში ითვლება და მას გოლიც მოსდევს, მაგრამ ვერაფერს შეცვლი, მსაჯიც ადამიანია და დროდადრო ისიც ცდება…
რაც შეეხება I და II ტაიმებში ჩემი გუნდის განსხვავებულ ტაქტიკას, ეს სხვადასხვა მოსაზრებებით იყო განპირობებული. ვფიქრობდით, რომ I ტაიმში მეტოქეს დავღლიდით – რაც უნდა იყოს, მათ ასაკოვანი ნახევარმცველები ჰყავთ, შესვენების შემდეგ კი შევუტევდით და სასურველ შედეგს მივიღებდით. სამწუხაროა, რომ II ტაიმი ორბურთიანი ჩამორჩენით დავიწყეთ – ეს ჩვენს გეგმაში, რა თქმა უნდა, არ შედიოდა…
ყოველი თამაშის წინ ძირითადი შემადგენლობის რამდენიმე მოთამაშე გვაკლდება. ეს საბოლოო შედეგზე დიდ ზეგავლენას ახდენს…“ – განაცხადა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა.

საქართველოს ნაკრები მომდევნო ოფიციალურ მატჩს 2 სექტემბერს ჩაატარებს: რუსეთი 2018-ის საკვალიფიკაციო ტურნირში ჯვაროსნები ირლანდიას უმასპინძლებენ.

11 ივნისი, 2017. მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევი. მოლდოვა, კიშინიოვი, ზიმბრუ. 4 803
მოლდოვა 2:2 საქართველო
გოლებ: 1:0 რადუ გინსარი (15), 2:0 ალექსანდრუ დედოვი (36), 2:1 გიორგი მერებაშვილი (65), 2:2 ვაკო ყაზაიშვილი (70)
მოლდოვა: სტანისლავ ნამაშკო, ვიაჩესლავ პოსმაცი,კატალინ კარპი (ანდრეი კოჟოკარი 73), ალექსანდრუ ეპურეანუ (კაპ), იგორ ტიგირლაში (პეტრუ რაკუ 78), ალექსანდრუ დედოვი, ეუგენიუ ჩებოტარუ, რადუ გინსარი, ვიტალი ბორდიანი, ალექსანდრუ ანტონიუკი, ეუგენიუ კოკიუცი (იგორ ბუგაიოვი 73)
მწვრთნელი: იგორ დობროვოლსკი
საქართველო: გიორგი მაკარიძე, გიორგი ნავალოვსკი, გურამ კაშია, საბა კვირკველია, უჩა ლობჟანიძე (ნიკა კვეკვესკირი 35), ჯიმი ტაბიძე, ბუბა დაუშვილი (ვაკო ყაზაიშვილი 46), ჯაბა კანკავა (კაპ), გიორგი არაბიძე, ლადო დვალიშვილი (გიორგი მერებაშვილი 65), ნიკა კაჭარავა
მწვრთნელი: ვლადიმირ ვაისი (სლოვაკეთი)
გაფრთხილება: გიორგი არაბიძე, ვიტალი ბორდიანი, ჯაბა კანკავა
მსაჯები: ანდრეას ეკბერგი; ფრედრიკ ნილსონი, მეჰმეტ კულუმი (შვედეთი)

ლაშა გოდუაძე კიშინიოვიდან (www.msy.gov.ge; 2017 წლის 11 ივნისი)
ფოტო: საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია

ka_GEGeorgian