მომავალ შეხვედრამდე, დიეგო!

დიეგო არმანდო მარადონა 60 წლისაა.
მიუხედავად იმისა, რომ დიდი ფეხბურთიდან თითქმის მეოთხედი საუკუნის წინ წავიდა, ის მხოლოდ სამშობლოში კი არა, მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში ძველებურად უყვართ და აღმერთებენ, მათ შორის ჩვენთან, საქართველოში.
მთავარ საფეხბურთო კითხვას კი, ვინ უფრო დიდია – პელე თუ დიეგო, კვლავ არ აქვს ერთი პასუხი. ალბათ, არც არასდროს ექნება.
პირადად ჩემთვის ამ უპასუხო კითხვას დიდი მნიშვნელობა აქ აქვს: პელეც საუკეთესოდ მიმაჩნია და მარადონაც. და ფეხბურთის მეფის იმ წარმოსახვით ტახტზე ჩემთვის ორივე მშვენივრად ეტევა. მეტიც, იქვეა კიდევ 2-3 ფეხბურთელი, მაგრამ ეს სხვა ამბავია და ახლა არ განვავრცობ.
ეს წერილი კი, დღეს რომ ვაქვეყნებ დიეგოს 60 წლის იუბილესთან დაკავშირებით, 19 წლის წინ დავწერე ჟურნალ ფეხბურთში.
2001 წლის ნოემბერში დიეგო არმანდო მარადონას გამოსათხოვარი მატჩი გაიმართა ბუენოს აირესში და ჩანახატიც იმ ამბავს მიეძღვნა. მეტიც, ჟურნალმა ფეხბურთმა დიეგოს წასვლას ერთი სპეციალური ნომერი მიუძღვნა რამდენიმე საინტერესო წერილით…

 

დიეგო არმანდო მარადონას გამოსათხოვარი შეხვედრა მართლაც ლამაზი გამოდგა, ყველაფერი ბრწყინვალე იყო!

ბოკა ხუნიორსის ლა ბომბონერაზე, სადაც ათასობით გულშემატკივარი გამოეთხოვა საყვარელ ფეხბურთელს, როგორც ჩვენში იტყვიან, ნემსის ჩასავარდნი ადგილი არ მოიძებნებოდა.

კარგია, რომ ტრიბუნებზე მოხვედრილ ბედნიერ ქომაგებთან ერთად მარადონას უკანასკნელ შეხვედრას მილიონობით გულშემატკივარმაც თვალი ადევნა. ჩვენც, მათ შორის.

და ალბათ ყველა ჩვენგანის აზრი ერთია: მარადონა ისე გააცილეს, როგორც ეკუთვნოდა – ბრწყინვალედ!

არგენტინის ნაკრები, რომლის ღირსებასაც თითქმის ყველა უძლიერესი ფეხბურთელი იცავდა, მარადონას მეგობრებით დაკომპლექტებულ მსოფლიო ვარსკვლავთა გუნდს დაუპირისპირდა.

აქეთ ხუან სებასტიან ვერონი, ხავიერ ძანეტი, რობერტო აიალა, კლაუდიო ლოპესი, კილი გონსალესი…

მინდვრის მეორე მხარეს მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავები და ერთ დროს დიეგოს თანაგუნდელები: ურუგვაელი ენცო ფრანჩესკოლი, კოლუმბიელი ოსკარ კორდობა, ხორვატი დავორ შუკერი, იტალიელი ჩირო ფერარა, ბულგარელი ხრისტო სტოიჩკოვი, ხორხე ბერმუდესი, ხუან რომან რიკელმე…

სანახაობა მართლაც ძალიან ლამაზი იყო. მეორე ტაიმში არგენტინის ნაკრებში სხვა ფეხბურთელებიც გამოჩნდნენ, მსოფლიოს ნაკრები კი ფრანგმა ერიკ კანტონამ, კოლუმბიელმა კარლოს ვალდერამამ, ბრაზილიელმა ანტონიო კარეკამ, გერმანელმა ლოთარ მათეუსმა და ურუგვაელმა ალვარო რეკობამ დაამშვენეს, კარში კი ცელქი რენე იგუიტა ჩადგა, კოლუმბია 90ის გადარეული გოლკიპერი…

არგენტინამ 6:3 დაამარცხა მსოფლიო ვარსკვლავთა გუნდი. დიეგო მარადონამ ორი პენალტი გაიტანა და გულით გაახარა 60 ათასამდე ტორსედორესი.

ასეთ მატჩებში ანგარიში ნაკლებად მნიშვნელოვანია და საერთოდ, ამ შეხვედრაში ყველაფერი მეორეხარისხოვანი იყო მოედნის ცენტრში მდგარი ჩაპუტკუნებული ათიანის გარდა.

ტრიბუნები მატჩის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე გაივსო. იმ იღბლიანებს, რომლებიც სტადიონზე მოხვდნენ, გულით ეწადათ კერპისთვის თვალის შევლება და დიეგომაც არავინ დააღალატა. მის გამოჩენას ფანები უწყვეტი ტაშით შეხვდნენ – სანამ გამოსათხოვარი მატჩი დაიწყებოდა, დიეგო თითქმის ნახევარი საათი ესალმებოდა აღტკინებულ გულშემატკივრებს…

ბომბონერაზე დღის გმირის მამა, უფროსი დიეგო მარადონა და დედა, დონია ტოტაც მივიდნენ. მათზე ბედნიერი მშობლები 10 ნოემბერს, მგონი, მთელ დედამიწაზე არავინ იყო. არგენტინის ნაკრების მაისურგადაცმული მარადონა კი ცრემლებად იღვრებოდა…

კლაუდია, დიეგოს მეუღლე, საპატიო სტუმართა ლოჟიდან ადევნებდა თვალს მინდორზე მიმდინარე ამბებს. მისი ქალიშვილები კი მამასთან ერთად იდგნენ მწვანე მინდორზე.

ათასი ხვევნა-კოცნის და ცრემლების შემდეგ თამაშის დაწყების დროც მოახლოვდა. მსაჯის სასტვენამდე კი იყო ათობით სამახსოვრო ფოტო – ჯერ არგენტინის ნაკრებთან, შემდეგ მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავებთან…

ლა ბომბონერაზე ფეხბურთის მეფე პელეც იდგა. ის, XX საუკუნის უდიდეს სპორტსმენად აღიარებული ბრაზილიელი, როგორც ყოველთვის, იღიმოდა…

პირველი გოლი კლაუდიო ლოპესმა შეაგდო – ულამაზესად დაარტყა თავით.

მალე საფრანგეთი 98ის საუკეთესო ბომბარდირმა, დღეს კი უკლუბოდ მყოფმა დავორ შუკერმა გაათანაბრა ეფექტური, მოჭრილი დარტყმით. არგენტინელთა მეკარე ხერმან ბურგოსი ძალიან კი ეცადა ბურთის მოგერიებას, მაგრამ არაფერი გამოუვიდა…

ყველა გოლი ლამაზი იყო, მაგრამ ულევი ტაში მხოლოდ დიეგო არმანდო მარადონამ დაიმსახურა – მეორე ტაიმში ლეგენდამ ორჯერ გაიტანა პენალტი და ლა ბომბონერაც კინაღამ დაინგრა!

მატჩი ახალი განახლებული იყო, როცა თამაში შეჩერდა: ტრიბუნებზე ჯერ ერთი მაშხალა აინთო, მეორე მეორე და…

მსაჯმა თამაში გააჩერა, დიეგო კი ატირდა…

მერე არგენტინის ნაკრების ფეხბურთელები მასთან მივიდნენ, ხელში აიტაცეს დიდი ათიანი და ტრიბუნასთან მიაბრძანეს…

ერთ მომენტში დიეგომ და მსოფლიო ნაკრების კარში ჩამდგარმა კოლუმბიელმა რენე იგუიტამ თავისებურად იანცეს – დიეგომ დაარტყა, მეკარემ კი ბურთის მოგერიება იმ სახელგანთქმული „მორიელის ნახტომით“ სცადა…

მატჩი რომ დამთავრდა, ლა ბომბონერა კიდევ უფრო გაგიჟდა. ამ მრავლისმნახველ სარბიელს არასდროს უგრძვნია ის მუხტი, რაც 10 ნოემბერს სუფევდა.

დიეგომ ქალიშვილებს ხელი ჩაჰკიდა და მინდორს შემოუარა. საპატიო წრე, თუ შეიძლება ასეთ დროს ითქვას, ერთხელ შემოვლას ითვალისწინებს, მაგრამ ის არც საპატიო წრე იყო და შესაბამისად, ვერც ქომაგები დაკმაყოფილდნენ კერპის მხოლოდ ერთხელ ხილვით.

დიეგოც, სანამ შეეძლო, მანამდე ემშვიდობებოდა გულშემატკივრებს – ვიღაცას მაისური ესროლა, სხვას შვილი გამოართვა და ხელში აიტაცა, მესამეს შარფი აჩუქა…

და ყველაფერს ამას თან ახლდა დღის მშვენება – ალალი ცრემლი.

სულ ბოლოს დიეგო სახელდახელოდ მოწყობილ პატარა ტრიბუნაზე ავიდა და გულშემატკივრებს მიმართა: „ძალიან მიყვარხართ! ეს სიყვარული არასდროს დასრულდება! დღეს უბედნიერესი ვარ“!

მერე იყო ქომაგებთან ერთად შესრულებული სიმღერა – არგენტინელი გაუჩო უკანასკნელად გამჩნდა მწვანე მინდორზე.

ლაშა გოდუაძე (ჟურნალი ფეხბურთი; 2001 წლის 8-14 ნოემბერი)

ka_GEGeorgian