მონცა 2024-ის ჩათვლით

იტალიის დიდი პრიზი ფორმულა 1-ის კალენდარში 2024 წლის ჩათვლით დარჩება. იტალიის საავტომობილო კლუბმა და სამეფო რბოლის მესაკუთრე ლიბერთი მედიამ შესაბამის ხელშეკრულებას უკვე მოაწერეს ხელი.

„მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ ფორმულა 1-ის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული და ძველი გრან პრი, იტალიის დიდი პრიზი 2024 წლის ჩათვლით დარჩება სარბოლო კალენდარში. ავტოსპორტის მოყვარულებს იტალიასთან და კონკრეტულად მონცასთან უამრავი მოგონება აკავშირებთ და მჯერა, რომ მომავალი რბოლები ახალი თაობის წარმომადგენლებისთვისაც ტკბილად მოსაგონარი გახდება“, – განაცხადა ლიბერთი მედიას აღმასრულებელმა დირექტორმა ჩეიზ კერიმ.

ამ დღეებში იტალიის დიდი პრიზის 90 წლის იუბილე აღინიშნება, ისევე როგორც ყველაზე პოპულარული იტალიური გუნდის, ფერარის დაარსების 90 წლისთავი. ორივე თარიღთან დაკავშირებით უამრავი ღონისძიება გაიმართა ლეგენდარული მოდელების გამოფენით დაწყებული სიმბოლური რბოლით დასრულებული.

საყოველთაო ზეიმის გვირგვინი ხვალინდელი დიდი პრიზია. დღეს საკვალიფიკაციო რბოლა გაიმართა, რომელიც ტიფოზების გასახარად, ფერარის მონეგასკი პილოტის შარლ ლეკლერის გამარჯვებით დასრულდა.

იტალიის დიდი პრიზი ფორმულა 1-ის კალენდარში მისი დაარსების დღიდან, 1950 წლიდანაა. გრან პრი ერთის გარდა ყველა შემთხვევაში მონცაზე გათამაშდა – 1980 წელს ავტორბოლას იმოლამ უმასპინძლა.

ლაშა გოდუაძე (www.adjarasport.com; 2019 წლის 7 სექტემბერი)

ka_GEGeorgian