მორიგი რეკორდების დროა!

ეს ევროპის 1988 წლის ჩემპიონატის ნახევარფინალისტი იტალიაა.
სკუადრა აძურას სწორედ აქედან ვგულშემატკივრობ, ჩემი პირველი ევროდან და პირველი დიდი საფეხბურთო ტურნირიდან, რომელსაც მთელი გულისყურით ველოდი და ვუყურე კიდეც.
ეს იტალია, აძელიო ვიჩინის
გაწვრთნილი, იმ ევროს ნახევარფინალში დამარცხდა საბჭოთა კავშირთან. ვალერი ლობანოვსკის გუნდმა ორი წუთის ინტერვალით ორი გოლი გაუტანა ვალტერ ძენგას და იქ დასრულდა ყველაფერი.

დღეს იტალიას მერვედფინალი ელის ავსტრიასთან. დიდი იმედი მაქვს რობერტო მანჩინის გუნდი, რომელმაც ჯგუფურ ეტაპზე მშვენიერი შთაბეჭდილება დატოვა, რეკორდულ სვლას გააგრძელებს და მეოთხედფინალში შეაბიჯებს. მერე რა იქნება, ამაზე მოგვიანებით, მომდევნო თამაშის წინ, ახლა კი მხოლოდ ავსტრიასთან საღამოს ჯახზე:

ავსტრია იმ იშვიათთა შორისაა, რომლის წინააღმდეგ იტალიას უფრო მეტი გოლი აქვს გაშვებული, ვიდრე გატანილი: 1912 წლის 3 ივლისის შემდეგ სკუადრა აძურამ და ავსტრიამ 36ჯერ ითამაშეს და აქედან 16 თამაში იტალიამ მოიგო, 12 ავსტრიამ, ბურთების შეფარდება კი 47:55ია.

საინტერესოა, რომ იტალიამ ავსტრიის პირველად დამარცხება მხოლოდ მე11 პაექრობაში შეძლო, მანამდე გამართული 10 მატჩიდან კი მეტოქემ 6ჯერ გაიმარჯვა.

ასწლიანი დაპირისპირების პირველ ნახევარში, 1962 წლამდე, ავსტრია ძალიან დიდ უპირატესობას ფლობდა, ბოლოს და ბოლოს ყველა, 12ვე გამარჯვება ავსტრიელებმა სწორედ იმ პერიოდში იზეიმეს, თუმცა 1962 წლის 11 ნოემბრიდან სიტუაცია იტალიელთა სასარგებლოდ შეიცვალა: ვენაში, პრატერშტადიონზე გამართული ამხანაგური სკუადრამ მოიგო 2:1 და მას შემდეგ იტალია მეტოქესთან აღარ დამარცხებულა – 10ჯერ გაიმარჯვა, 3ჯერ კი ფრედ ითამაშა.

უემბლიზე დანიშნულ ევრომერვედფინალამდე გამართული 36 მატჩიდან 20 ამხანაგური იყო, 10 ცენტრალური ევროპის პირველობის ეგიდით გაიმართა (1958 წლამდე, ევროპის ჩემპიონატამდე ტარდებოდა ეს ტურნირი), მეტოქეებმა 4 მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშეს, 2ჯერ – ევროსაკვალიფიკაციოში, აი ევროპის ჩემპიონატზე კი ისინი პირველად ხვდებიან ერთმანეთს.

მსოფლიო ჩემპიონატის ყველა, ოთხივე მატჩი იტალიამ მოიგო და იმედია არც ევროგაცნობა დასრულდება სხვანაირად.
რაც შეეხება სხვა საინტერესო ამბებს, აგერ ბატონო და ხვალამდე კარგად ბრძანდებოდეთ:

1: ავსტრიაზე ხშირად იტალიას მხოლოდ შვეიცარიასთან (59), საფრანგეთთან (39) და ესპანეთთან (37) უთამაშია.

2: 2008 წლის 20 აგვისტოს შემდეგ მეტოქეები პირველად ხვდებიან ერთმანეთს. ის ამხანაგური, ნიცაში რომ გაიმართა, ფრედ 2:2 დასრულდა.

3: ამ გუნდების ბოლო ოფიციალური მატჩი 1998 წლის 23 ივნისს შედგა სენ-დენიზე, სტად დე ფრანსის მშვენიერ სტადიონზე – მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფში იტალიამ 2:1 გაიმარჯვა.

4: რობერტო მანჩინის ხელმძღვანელობით იტალიამ 35დან 26 თამაში მოიგო. მოგებათა პროცენტული მაჩვენებლით – 67% – მანჩინი ნაკრების ისტორიაში საუკეთესო მწვრთნელია.

5: უელსთან 1:0 გამარჯვებით მანჩინის გუნდმა ვიტორიო პოცოს 1935-39 წლების იტალიის რეკორდი გაიმეორა და დაუმარცხებელი სერია 30 მატჩამდე გაზარდა. ახალ რეკორდამდე საათნახევარია, უარეს შემთხვევაში ორი საათი.

6: 1972 წლის 7 ოქტომბრიდან 1974 წლის 8 ივნისის ჩათვლით იტალიამ ზედიზედ 12 მატჩში არ გაუშვა გოლი. მანჩინის გუნდი შარშანდელი ოქტომბრიდან 11 ასეთ თამაშს ითვლის, ასე რომ კიდევ ერთი რეკორდია ახლოს.

7: 1972-74 წლების გოლგაუშვებელი რეკორდი 1 143 წუთს ითვლის. დღევანდელი იტალიის სერია 1 055 წუთს გრძელდება – 89 წუთიც და…

ლაშა გოდუაძე (2021 წლის 26 ივნისი)
ფოტო:
UEFA.com

ka_GEGeorgian