მრავალჟამიერ მაიკლ!

NBAის გულშემატკივარი 1991 წელს გავხდი. იმ შემოდგომით ერთ-ერთმა ტელეარხმა კვირაში ერთხელ ნახევარსაათიანი გადაცემების ჩვენება დაიწყო, ამერიკელების მომზადებულის, კვირის გამორჩეული მომენტებით და ბოლოში ემ სი ჰამერის სუპერჰიტით – ქენთ თაჩ ზის.
ამ ზღაპრულ ლიგაში მაშინ დიადი დროება იდგა, ლამის ყველა გუნდს სუპერვარსკვლავი ჰყავდა და მათგან გამორჩეულებმა მომდევნო ზაფხულს ბარსელონაში უკვდავი ამბები დაატრიალეს.

მე ირვინ მეჯიქ ჯონსონს და მის ლოს ანჯელეს ლეიკერსს ვგულშემატკივრობდი, ჩემი ძმაბიჭები – მაიკლ ჯორდანის ჩიკაგო ბულზს. რატომ ავირჩიე ლეიკერსი, ეს სხვა ამბავია, ახლა ჯორდანზე მოვყვები.

ერთ მშვენიერ დღეს ვერაზე, გამომცემლობასთან (დღეს – სასტუმრო სტამბა), ძალიან მაგარი პოლონური ჟურნალი ვიყიდე მაიკლ ჯორდანზე, თხუთმეტი დიდი პლაკატით! მე უფრო საფეხბურთო გამოცემებს ვაგროვებდი, მაგრამ ისეთი ჟურნალი იყო, გვერდი ვერ ავუარე.

მოკლედ, მაქვს ეს ჟურნალი და ვახარბებ ძმაკაცებს. მეხვეწებიან ერთი პლაკატი მაინც მოგვეციო, მაგრამ სასტიკ უარზე ვარ, არ დავშლი-მეთქი.

გავიდა ორი თუ სამი წელი და კოტეს გერმანული ჟურნალი აჩუქეს, მგონი ტორ ერქვა. ახლა რომ ვიხსენებ, დიდი არაფერი, მაგრამ ჩემი ერთ-ერთი ფავორიტის, იურგენ კლინსმანის ფერადი ფოტო იყო და იან რაშის პლაკატი. ის დროა, გერმანია და უელსი ევრო 96ის შესარჩევში მეტოქეებად რომ გვერგო.

დამითმე-მეთქი. არაო. მაშინ ნარდი ვითამაშოთ, თუ წააგე მაგას ჩამახუტებ, მე თუ წავაგე – ჯორდანის იმ პოლონურ გამოცემას გიფეშქაშებ-მეთქი. როგორც მეკუშეები იტყვიან, მე აშკარად მეტს ვიხდიდი, მაგრამ მიღირდა, რადგან კოსტას ნარდში სულ ვუგებდი, თან იოლად და თან ათ გამარჯვებამდე დავთქვით. გავაცამტვერებ-მეთქი, ჩემთვის ვფიქრობდი. მარსი და კოქსი არ მოსულა – მხოლოდ ათჯერ უნდა მოვუგო. 10:0 თუ 10:9, არ აქვს მნიშვნელობა. მოკლედ, მჯერა, რომ ჯორდანის პლაკატებიც შემრჩება და გერმანულ ჟურნალსაც ჩავიხუტებ… ცხოვრება ავიწყვე!

ისტორიული მატჩი ირაკლისთან გაიმართა. ზედიზედ მეხუთე ხელი რომ წავაგე, ნერვებმა მიმტყუნა და იმ ნარდს წიხლი ჩავაზილე და შუაზე გადავხსენი.

0:5! თან ვისთან, კოსტასთან! ასეთი რამ არავისთან დამმართვნია!

აღარ ვაგრძელებ, ჩაიშალა მაზიანი-მეთქი, ვამბობ გონებადაბინდული და სახეწაშლილი. დამიწყეს ნამუსზე აგდება, ამხელა კაცი ხო არ გაფუფლოვდებიო. არც დავფიქრებულვარ, ფეხებზე მკიდია-მეთქი! ისეთი ჟურნალი იყო, იმას დავთმობდი?!

ცოტა ხანში გადამიარა ბრაზმა, სახელის გატეხვაზეც დავფიქრდი – აშკარად არ მიღირდა და თამაში გავაგრძელეთ.

0:10 წავაგე!

ზედიზედ ათჯერ ნარდში არც მანამდე წამიგია ვინმესთან და არც მას მერე!

სრული კატასტროფა!

კოშმარი!

ცხოვრებამ აზრი დაკარგა!

ამ ჩემი ცოდვით სავსემ წყნარად გამომართვა ჟურნალი, იქვე პლაკატებად დაშალა და თავის ოთახის მორთვა დაიწყო. კარგა ხანს არ შევდიოდი იქ, ეგ კი არა, ბავშვობის მეგობარი ლამის დავკარგე!

დღეს ამ ისტორიას სიცილით ვიგონებ, ის NBA კი უტკბილესად მაგონდება! ის NBA ჯორდანის ლიგა იყო. მეჯიქი, ბერდი, იუინგი, დრექსლერი, მელოუნი, სტოქტონი, რობინსონი, პიპენი, როდმანი, მილერი, ოლაჯუონი, ბარკლი, ტომასი… მათ ისტორია შექმნეს და მილიონობით პატარა ბიჭს შეაყვარეს ეს ზღაპრული თამაში, მაგრამ ყველასთან დიდი ბოდიში – ჩემთვის ისინი მაიკლზე დაბლა დგანან.

ეს ყველაფერი ჯორდანის დაბადების დღის გამო გამახსენდა. მისი უდიდებულესობა გუშინ 59 წლის გახდა, მაგრამ ასე მგონია, ახლავე რომ შევიდეს პარკეტზე, ზუსტად ისე გაფრინდება კალათისკენ, როგორც ოცდაათი წლის წინ აკეთებდა – მსუბუქად და მკლავგაშლილი.

უკვდავი ამბები და ემოციები მაკავშირებს ამ ასაკშეპარულ, მაგრამ ძველებურად მომხიბვლელ კაცთან. მინდა რომ ჯანზე იყოს და თუ წლების შემდეგ რამე ისეთს შემოგვთავაზებს, როგორც The Last Dance გამოუვიდა, ჩემზე და ჩემნაირებზე ბედნიერი, მგონი, არავინ იქნება. მე პირადად სპორტზე ასეთი ფილმი არასდროს მინახავს. უნაკლო!

პ.ს. 1994 წლის შემოდგომით უელსის ნაკრები ჩამოვიდა. მე, ირაკლი და კოტე თამაშზე ერთად წავედით. კოსტამ ის გერმანული ჟურნალიც წამოიღო: თუ შანსი მოგვეცა, რაშს ავტოგრაფი გამოვართვათო. შანსი კი არა, მატჩის მერე უელსელების ავტობუსში ავხტი გამარჯვებით გადარეული, მეორე რიგში მჯდომ ლეგენდარულ ლივერპულელს მივადექი, ხელი მომიწერე-მეთქი. დარწმუნებული ვარ იმ წუთებში არაფერი ახარებდა, მაგრამ უარი არ მითხრა. დღეს ის პლაკატი ჩემთან ინახება.

ლაშა გოდუაძე (2022 წლის 18 თებერვალი)

ka_GEGeorgian