მშვიდობით ზალიკო!

მეორე დილაა აქ შემოვდივარ და ზაალ გიგინეიშვილის ფოტოები და მის შესახებ დაწერილი მოგონებები მხვდება. სხვანაირად ალბათ, არც შეიძლება: როცა მისნაირი კაცი მიდის, თან მიდის უცბად, მოულოდნელად, დიდია ტკივილი და ასეთ დროს პატარა მოგონება თითქოს აუცილებლობაა, ერთგვარი ნუგეში.

ზალიკო ძალიან კარგი სპორტული ჟურნალისტი გახლდათ, რომელსაც გამორჩევით უყვარდა და სიღრმისეულად ესმოდა რაგბი, წარმოუდგენლად ბევრი რამ გააკეთა ამ თამაშისთვის, მშვენივრად იყო ჩახედული სხვა სახეობებში და მისგან ათვალწუნებულ ფეხბურთშიც, გამოირჩეოდა ფენომენალური მახსოვრობით და არ გადავაჭარბებ – ენციკლოპედიური ცოდნით.

ზაალი სარბიელში გავიცანი 1996 წლის შემოდგომით. თუმცა სანამ გაზეთის რედაქციას შევუერთდებოდი, მას უკვე ვიცნობდი, როგორც მკითხველი: სარბიელის ბოლო გვერდი მისი იყო რაგბის, ჰოკეის, სქვოშის, კრიკეტის, მოტოსპორტის, ზამთრის სახეობების, აფროსნობის, ცხენოსნობის და სხვა ასეთი ამბებით. სარბიელი ხომ გამორჩეული იყო თავის ქართულით, მაგრამ ზალიკოს შედგენილ-დაკაბადონებული გვერდი კიდევ სხვა იყო მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი სიტყვებით, ტერმინებით, ფრაზებით…

მე გამორჩევით ყაფლან ჯანდიერის რეპორტაჟები მხიბლავდა სამხრეთ აფრიკიდან თუ წყნარი ოკეანის კუნძულებიდან. მოგვიანებით მივხვდი, რომ სქვოშ-კრიკეტ-ავსტრალიურ ბურთაობაზე გადამკვდარი ამ მშვენიერი შესახედაობის, ულვაშიანი კაცის უკან ზალიკო იდგა იმ თავის დაუჯერებელი ამბებით. გიო ახვლედიანის სვეტი კი, რომელიც ბატონ ყაფლანსა და მაიკ ტაისონს შორის მომხდარ ინციდენტს მიეძღვნა, დღემდე ერთ-ერთი ფავორიტია – ვითომ ტაისონს უფალ ჯანდიერისთვის უთქვამს კრიკეტი რა სპორტიაო და ამ უკანასკნელს სილა გაუწნავს ლეგენდარული მოკრივისთვის…

ზალიკოს, ჩვენი რაგბის ისტორიის კვლევაზე რომ არაფერი ვთქვა, ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის ქართული სპორტული ტერმინოლოგიის დახვეწა-გამდიდრებაში და ალბათ, ყველაზე მაგარ ჟურნალისტურ ტრანსფერშიც: ზურა მეძველიასგან მახსოვს, რომ გიო ახვლედიანის სარბიელში გადასვლა სწორედ ზაალ გიგინეიშვილის ინიციატივა იყო. სარბიელამდე გიო რეზონანსში წერდა გოგია მესვეტის და ბატონი ევგენის ფსევდონიმით და მაშინ მოსწონებია ზაალს მისი ჩანახატები, შემდეგ კი მისი მოწვევაც შეუთავაზებია რედაქტორისთვის…

მე რომ სარბიელში მუშაობა დავიწყე, გაზეთი კვირაში ორჯერ გამოდიოდა – სამშაბათს და პარასკევს. ინტერნეტი ჯერ კიდევ ახალი ხილი იყო და მაშინდელ თბილისში მხოლოდ რამდენიმე დაწესებულებაში იყო ხელმისაწვდომი, მათ შორის მელიქ-აზარიანცის სახლის კუთხეში დაბინავებულ სანეტში. ჰოდა 1998 წლამდე, კვირაში ორჯერ, მე და ზაალი მივდიოდით ზემელზე, ამოვკრეფდით ჩვენ-ჩვენ ამბებს ფლოპი დისკზე და მერე ერთად ვბრუნდებოდით რედაქციაში. გზად კი სამხრეთ აფრიკაში გათამაშებული სარაგბო მსოფლიო თასის ამბებს ვისმენდი: ჯონა ლომუს, ენდი მერთენსის, შონ ფიცპატრიკის, ფრანსუა პინარის, იუსტ ფანდერვესტჰოიზენის და სხვების ისტორიებს…

4 თებერვლის შემდეგ ეს ყველაფერი სევდიან მოგონებად გადაიქცა. 2022 წელზე კი არც ვიცი რა ვთქვა: ვიქტორ სანეევი, ქეთევან ლოსაბერიძე, ჯანო ბაგრატიონი, ბადრი კეთილაძე…

და ახლა ქართული რაგბის ერთ-ერთი მთავარი კაციც – ზალიკო…

ლაშა გოდუაძე (2022 წლის 5 თებერვალი)

ka_GEGeorgian