მსოფლიო ჩემპიონატების ისტორია: გერმანია 2006

ბიძაშვილმა რამდენიმე დღით ადრე დამპატიჟა: ზაფხულია, დიდებული ღვინო მაქვს, მომენატრე და ჩავეხუტოთ ერთმანეთსო. საღამოს, ცოტა რომ აგრილდა, ღვინისძიებაც დაიწყო. არადა რამდენიმე საათში ისეთი თამაშია, ლამის ერთი კვირა მასზე ვფიქრობ: ჩემი ფავორიტი იტალია მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში მასპინძელს, გერმანიას ხვდება!
თან სად? დორტმუნდში, სადაც ბუნდესგუნდი დაუმარცხებელია. წაგება კი არა, ისეთი ანგარიშებით იგებს რომ… 5:0, 8:0, 6:1, 4:0! მოკლედ, იმ მსოფლიოსთვის განახლებული ვესტფალენშტადიონი სტუმარი გუნდებისთვის ნამდვილი ჯოჯოხეთია!

ორად ვარ გაყოფილი. ერთი „მე“ ამის გამო ნერვიულობს, მაგრამ მეორე „მეს“, მშვიდად ყოფნას რომ ამჯობინებს, თავის არგუმენტები აქვს:

მარჩელო ლიპის იტალია მშვიდად მივიდა ნახევარფინალამდე, ერთადერთი გოლი გაუშვა და ისიც თავისიანმა გაიტანა…

ჯანლუიჯი ბუფონიც მაგრად დგას და დაცვა ხომ ლამის უნაკლოა ფაბიო კანავაროს თამადობდით…

ისიც მახსოვს გერმანიას იტალიისთვის მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატზე ჯერ თამაში რომ ვერ მოუგია…

მაგრამ მაინც: გერმანია მასპინძელია, ყველაზე იღბლიან სტადიონზე თამაშობს, ასე რომ მომიწევს ნერვიულობა.

მოახლოებული ნახევარფინალის გამო უგემრიელესი და ცივი ღვინით სავსე ჭიქებს ბოლომდე არ ვცლი. მინდა „ჩემების“ ტრიუმფი ფხიზელი თვალით ვნახო.

ამას გაუმარჯოს…

იმის სული გაანათლოს ღმერთმა…

ჩვენი ტკბილი მოგონებები…

გახსოვს? აბა რა!…

სიცილი, ჩახუტება, მოფერება…

იქ კი ვარ, სვანეთის უბანში, იმ გემრიელ სახლში, მაგრამ გონებით დორტმუნდის სტადიონის ტრიბუნაზე ვდგავარ და იტალიელებს ვქომაგობ.

ალბერტო ჯილარდინოს დარტყმის შემდეგ ბურთი ძელს ხვდება…

ცოტა ხანში ჯანლუკა ძამბროტამ მეორედ შეაზანზარა მასპინძელთა კარი…

იქვე ბუფონი ჯობნის ლუკას პოდოლსკის…

თამაში კი არა, ნერვების წყვეტაა!

პირველი დამატებითი ტაიმის სტარტზე მარჩელო ლიპიმ მაურო კამორანეზი გაიყვანა და ვინჩენცო იაკუინტა შეუშვა. რამდენიმე წუთში მწვრთნელი კიდევ ერთ ნახევარმცველს ცვლის ფორვარდით – სიმონე პეროტას ნაცვლად ალესანდრო დელ პიერო ერთვება თამაშში.

მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალს მასპინძელ გერმანიასთან იტალია ოთხი(!) ფორვარდით ამთავრებს: ჯილარდინო, იაკუინტა, დელ პიერო და ტოტი. ჩემთვის ვფიქრობ: ნეტა ისინი მანახა ახლა, ვინც ამტკიცებს რომ იტალია მხოლოდ კატენაჩოა და სხვა არაფერი.

პენალტების გაგონებაც არ მსურს! განა იმიტომ, რომ ბუფონის იმედი არ მაქვს, უბრალოდ მინდა, რომ ლიპის რისკი დაუფასდეს და შამპანური იურგენ კლინსმანმა კი არა, მან შესვას.

119-ე წუთი: დელ პიერო კუთხურს აწვდის. გერმანელები ბურთს ცუდად იგერიებენ, ანდრეა პირლო წამში მორიგ ლამაზ პასს გასცემს და…

ფაბიო გროსოს იმ დარტყმის და გოლის მერე სიხარულისგან ლამის ჭერი გავანგრიე! მორჩა, იქ ვართ, ფინალში! ბერლინში!

რამდენიმე წამში გერმანელების შეტევაა, მაგრამ პოდოლსკი ცდება, კანავარო არაფერს პატიობს და მეორე ოქროს შეტევა იწყება. დანარჩენი ტიფოზებს კადრებად გვახსოვს – ტოტიმ ჯილარდინოს გაუსრიალა ბურთი, ალბერტომ დელ პიერო ლემანს შეატოვა და პინტურიჩომაც მორიგი შედევრი დახატა!

2:0 და ფინალი! გერმანია პირველად დამარცხდა დორტმუნდში!

ის ღვინისძიება თამაშზე გაცილებით გვიან დასრულდა, მაგრამ მე უკვე სრულიად ფხიზელი ვიყავი – სკუადრა აძურას მოგებამ ყველაფერი გადაწონა და მეგობრების ზარებს უკვე ფხიზელი ვპასუხობდი.

მეორე დღეს იმ ნახევარფინალის ჩანაწერი პირველად ვნახე. მერე და მერე კიდევ რამდენჯერმე მივუბრუნდი იმ თამაშს. გროსოს და დელ პიეროს გოლების ერთწუთიან ვიდეორგოლს ახლაც უდიდესი სიამოვნებით ვუყურებ, ხმაჩახლეჩილი კომენტატორის სიტყვებს კი – ანდიამო ა ბერლინო! ანდიამო ა ბერლინო! – მხოლოდ ფავორიტ მელოდიებს თუ შევადარებ.

ეს ამბავი 2006 წლის 4 ივლისს მოხდა. გერმანია 2006-ს როცა ამბობენ, პირველად ყოველთვის ეს დღე და ეს ნახევარფინალი მახსენდება.

მსოფლიოს XVIII ჩემპიონატის მასპინძელი 2000 წლის 7 ივლისს, ციურიხში დასახელდა. ფიფაში გერმანიის, ინგლისის, მაროკოს, ბრაზილიის და სამხრეთი აფრიკის განაცხადები იყო შეტანილი, თუმცა კენჭისყრამდე სამი დღით ადრე სამხრეთამერიკელები განზე გადგნენ.

მასპინძლის დასახელებას სამი ტური დასჭირდა. თავიდან გერმანიამ ათი ხმა მიიღო, სამხრეთი აფრიკამ ექვსი, ინგლისმა ხუთი, ხოლო მაროკომ სამი. მეორე ტურში გერმანიამ და სამხრეთი აფრიკამ თერთმეტ-თერთმეტი ხმა დააგროვეს, ინგლისი კი ბრძოლას გამოეთიშა. გამარჯვებული მესამე ტურში გამოვლინდა – გერმანიას თორმეტმა დელეგატმა დაუჭირა მხარი, სამხრეთი აფრიკას – თერთმეტმა.

ფიფას აღმასრულებელი კომიტეტის ერთ-ერთმა წევრმა, ოკეანეთის ფეხბურთის კონფედერაციის წარმომადგენელმა, ახალზელანდიელმა ჩარლზ დემპსიმ ხმის მიცემისგან თავი შეიკავა. მის ამ ნაბიჯს სკანდალი მოჰყვა, ჟურნალისტები გერმანელების მხრიდან კენჭისყრაში მონაწილეთა შესაძლო მოსყიდვაზე ალაპარაკდნენ, ზეწოლაზეც დაიწერა, მაგრამ ასე იყო თუ ისე, შედეგი აღარ შეიცვალა. მექსიკის, იტალიის და საფრანგეთის შემდეგ გერმანიას მეორედ ერგო მასპინძლობის პატივი.

ციურიხის იმდღევანდელ ამბებს რამდენიმე წლის შემდეგ ახალი გაგრძელება მოჰყვა. შპიგელში დაიწერა, რომ ჩემპიონატის საორგანიზაციო კომიტეტი, ასევე ტრანსკონტინენტალური გერმანული კომპანიები ქვეყნის მაშინდელი კანცლერის გერჰრად შრიოდერის მხარდაჭერით მოქმედებდნენ. ზოგმა ეს ხმები უარყო, სხვებმა გერმანია 2006-ს ფულით ნაყიდი მსოფლიო თასი უწოდეს, შპიგელს სასამართლოთიც დაემუქრნენ, თუმცა კონკრეტული ბრალდებით ჯერ არავინ დაუკავებიათ…

მსოფლიოს 2002 წლის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ ფიფამ ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო: ფინალურ ეტაპზე მხოლოდ მასპინძელი ქვეყნის ნაკრები დაუშვა, ჩემპიონს კი შესარჩევში უხმო. სამხრეთი კორეა-იაპონია 2002-ის ტრიუმფატორმა ბრაზილიამ სწორედ ამიტომ ითამაშა საკვალიფიკაციო ეტაპზე.

სელესაომ, რომელსაც იმხანად კარლოს ალბერტო პარეირა წვრთნიდა, ჯგუფი პირველ ადგილზე დაასრულა: არგენტინის დარად ბრაზილიელებმაც 34 ქულა დააგროვეს, თუმცა მეტოქეს ბურთების უკეთესი შეფარდებით აჯობეს.

2005 წლის ზაფხულში გერმანიამ ფიფას კონფედერაციათა თასის გათამაშებას უმასპინძლა და ფინალში სწორედ ეს ორი გუნდი გავიდა. ბრაზილიამ შესანიშნავ სტილში მოუგო არგენტინას – 4:1. პარეირას გუნდმა იმ ტურნირზე მშვენიერი შთაბეჭდილება დატოვა და ბევრმა ჟურნალისტმაც გუნდი მსოფლიო პირველობის მთავარ ფავორიტად აღიარა. რაც შეეხება კონფედერაციათა თასს, ეს შეჯიბრება მასპინძელი ქვეყნისთვის ფიფას მიერ მოწყობილი ერთგვარი გამოცდა იყო.

სელესაოს და ალბისელესტეს გარდა, სამხრეთი ამერიკიდან ფინალური ეტაპის საგზურს ეკვადორის და პარაგვაის ნაკრები გუნდები დაეუფლნენ, მეხუთე ადგილზე გასული ურუგვაი კი კონტინენტურ ფლეი ოფში კიდევ ერთხელ დაუპირისპირდა ოკეანეთის ზონის გამარჯვებულ ავსტრალიას. ოთხი წლის წინანდელისგან განსხვავებით, ამჯერად ურუგვაის ხელი მოეცარა, ავსტრალია კი 1974 წლის შემდეგ პირველად მოხვდა ფინალურ ეტაპზე.

2005 წლის ზაფხულში ავსტრალიის ფეხბურთის ფედერაციამ ფიფას ოკეანეთის ზონიდან აზიის კონფედერაციაში გადასვლა სთხოვა. მიზეზი ყველასთვის ნათელი იყო: არაფრისმომცემი თამაშები მეზობელ ქვეყნებთან და რთული გზა ფინალურ ეტაპამდე, რაც საკონტინენტთაშორისო მატჩებით და უმეტეს შემთხვევაში სამხრეთამერიკელებთან მარცხით მთავრდებოდა.

ავსტრალიას ოკეანეთში მეტოქე მართლაც არ ჰყავდა, ჯგუფებს და მატჩებს იოლად, თან არასაფეხბურთო ანგარიშებით იგებდა (შეგახსენებთ 31:0 და 22:0 წინა შესარჩევში), მაგრამ დასასრული ერთი იყო. აზიის საფეხბურთო კონფედერაციიდან კი გუნდი ფინალური ეტაპის საგზურისთვის ყოველგვარი გადათამაშების გარეშე იბრძოლებდა. მათდა საბედნიეროდ, ფიფამ თხოვნა დააკმაყოფილა.

მოულოდნელად დასრულდა შესარჩევი ეტაპი აფრიკაში: გერმანიის საგზური ტოგომ, კოტ დივუარმა, ანგოლამ, განამ და ტუნისმა მოიპოვეს. საინტერესოა, რომ ტუნისის გარდა ყველა პირველად მოხვდა მსოფლიო ჩემპიონატზე.

უდიდეს საფეხბურთო ტურნირზე ასევე პირველად იასპარეზა ტრინიდადი და ტობაგოს ნაკრებმა, ევროპიდან კი ეს უფლება უკრაინას ერგო, რომელმაც გერმანიის საგზური თურქეთის, დანიის, საბერძნეთის, ალბანეთის, ყაზახეთის და საქართველოს ნაკრებებთან ორთაბრძოლაში გაიმარჯვა.

საინტერესო სიტუაცია შეიქმნა იუგოსლავიის მემკვიდრედ აღიარებულ სერბეთ-მონტენეგროსთან დაკავშირებით, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშის უფლება დაუმარცხებლად მოიპოვა – VII შესარჩევ ჯგუფში, ესპანეთის, ბოსნია-ჰერცეგოვინის, ბელგიის, ლიეტუვის და სამ მარინოს წინააღმდეგ გამართული ათი მატჩიდან ექვსი მოიგო, ოთხი კი ფრედ დაასრულა. მაისში, ტურნირის დაწყებამდე რამდენიმე კვირით ადრე, მონტენეგროში სახალხო რეფერენდუმი მოეწყო, რომელმაც მხარი დაუჭირა სერბეთისგან გამოყოფას. 3 ივნისს ბელგრადმა რეფერენდუმის შედეგები აღიარა და სერბეთი და მონტენეგრო დამოუკიდებელ სახელმწიფოებად გაიყო. მიუხედავად ამისა, ფიფამ მსოფლიო ჩემპიონატზე მაინც გაერთიანებული გუნდი ათამაშა.

შესარჩევ ტურნირებში ასპარეზობის განმავლობაში საქართველომ ყველაზე უსახურად სწორედ გერმანია 2006-ის ეგიდით იასპარეზა: ბოლოსწინა, მეექვსე ადგილი დაიკავა, მხოლოდ ყაზახეთს გაუსწრო. გერმანიისკენ მიმავალ გზას ქართველები ფრანგი ალენ ჟირესის ხელმძღვანელობით დაადგნენ, თუმცა ბოლო ხუთი შეხვედრა გაიოზ დარსაძის თავკაცობით ჩაატარეს.

ჯვაროსნების სტარტს ცუდი ნამდვილად არ ეთქმოდა: გუნდმა საწყის ოთხ ტურში შვიდი ქულა დააგროვა – თურქეთში 1:1, ალბანეთთან შინ 2:0, მარცხი უკრაინაში – 0:2 და ქულა მიხეილ მესხზე, დანიასთან – 2:2.

2005 წლის მარტის მიწურულს კი, თბილისში ფავორიტებთან, ჩვენი გუნდი ზედიზედ შერცხვა – ევროპის ჩემპიონ საბერძნეთთან 1:3 დამარცხდა, თურქეთთან კი 2:5 განადგურდა. მალე ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობაც შეიცვალა – მერაბ ჟორდანიას ნაცვლად ქართული ფეხბურთის მმართველ სახლს უმცროსი ნოდარ ახალკაცი ჩაუდგა სათავეში, მცირე ხანში კი ჟირესსაც კარისკენ მიუთითეს.

ევრო 2004-ის ტრიუმფატორი ოტო რეჰაგელის გაწვრთნილი საბერძნეთი ჩვენი ჯგუფის ფავორიტად ითვლებოდა, მაგრამ ბერძნებს ხელი მოეცარათ, მხოლოდ მეოთხე ადგილზე გავიდნენ. გერმანიაში ვერც წინა ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალოსანი თურქეთი მოხვდა, რომელიც ფლეი ოფში შვეიცარიასთან შინ გაშვებული გოლების გამო დამარცხდა – 0:2 და 4:2.

გერმანიაში გამართული პირველი მსოფლიო ჩემპიონატისგან განსხვავებით, რომლის თილისმები ბიჭები სახელად ტიპი და ტაპი გახდნენ, ამჯერად ეს მისია ლომს, გოლეო VI-ს და მოლაპარაკე ბურთს, პილეს დაეკისრათ. ისინი საზოგადოებას ფეხბურთის მეფე პელემ და ფრანც ბეკენბაუერმა წარუდგინეს 2004 წლის ნოემბერში, ერთ-ერთი სატელევიზიო გადაცემის პირდაპირ ეთერში.

რაც შეეხება ოფიციალურ ბურთს, ის ადიდასმა მოლტენ კორპორეიშენთან ერთად მოამზადა და მას თიმგაისტი (გუნდური სული) უწოდა.

გერმანია 2006-მა ლამის მთელი მსოფლიო მოიცვა, საერთო ტელეაუდიტორიით კი – 26.29 მილიარდი – ჩემპიონატი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სპორტული ღონისძიებაა დღემდე. ოფიციალური ცნობით, მხოლოდ ფინალი პირდაპირ ეთერში 715.1 მილიონმა მაყურებელმა ნახა.

ფინალური ეტაპი

გერმანია A ჯგუფში მოხვდა კოსტა-რიკის, პოლონეთის და ეკვადორის ნაკრებებთან ერთად. მსოფლიოს 1990 წლის ჩემპიონის, იურგენ კლინსმანის ხელმძღვანელობით მოთამაშე ბუნდესნაკრებმა დიდებულად ჩაატარა ჯგუფური ეტაპი და სამივე შეხვედრა მოიგო.

განსაკუთრებით ეფექტური გამოდგა 9 ივნისს, მიუნხენში, ალიანც არენაზე გამართული გახსნის მატჩი, რომელშიც მასპინძლებმა კოსტარიკელებს 4:2 სძლიეს. მომდევნო ორი შეხვედრა გერმანელებმა გოლის გაუშვებლად მოიგეს: 14 ივნისს, დორტმუნდში, სიგნალ იდუნა პარკზე პოლონეთი 1:0 დაამარცხეს (ოლივერ ნოივილმა 91-ე წუთზე გაიტანა გოლი), 20 ივნისს კი ბერლინში, ოლიმპიურ სტადიონზე ეკვადორი გაანდგურეს – 3:0 (მიროსლავ კლოზეს დუბლი, ლუკას პოდოლსკი).

მასპინძლებთან დიდი ანგარიშით მარცხის მიუხედავად, ეკვადორელები მერვედფინალში გავიდნენ. სამხრეთამერიკელებმა ეს უფლება მეორე ტურში, კოსტა-რიკასთან 3:0-ით მოიპოვეს.

ინგლისის ნაკრების შვედმა მწვრთნელმა სვენ-გორან ერიქსონმა გერმანიაში ჩასვლამდე განაცხადა, რომ მისი გუნდი ტიტულისთვის იბრძოლებდა. შესანიშნავი ფეხბურთელებით დაკომპლექტებულმა ნაკრებმა (გარი ნევილი, რიო ფერდინანდი, ჯონ ტერი, ეშლი კოული, ფრენკ ლამპარდი, სტივენ ჯერარდი, დევიდ ბექემი, მაიკლ ოუენი, უეინ რუნი…) სკანდინავიელი სპეციალისტის სიტყვები ნაწილობრივ გაამართლა, რადგან B ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა.

პარაგვაისთან და ტრინიდადი და ტობაგოსთან გამარჯვების შემდეგ, 20 ივნისს კიოლნის რაინენერგიზე, ინგლისს შვედების დამარცხებაც შეეძლო, თუმცა სკანდინავიელები ვეტერანმა ფორვარდმა ჰენრიკ ლარსონმა გადაარჩინა – გლაზგოს სელტიკის ლეგენდამ 90-ე წუთზე გაათანაბრა ანგარიში – 2:2.

С ჯგუფში იასპარეზა ხოსე პეკერმანის გაწვრთნილმა არგენტინამ. ახალგაზრდულ ნაკრებში წარმატებებით სახელგანთქმულმა სპეციალისტმა (1995, 1997 და 2001 წლებში მან სამჯერ მოიგო 20-წლამდელთა მსოფლიო პირველობა) გერმანიაში გუნდის ყველაზე გამოცდილი წევრი ხავიერ ძანეტი არ იახლა, ლეო მესის კი იშვიათად აძლევდა თავის გამოჩენის საშუალებას.

10 ივნისს, ჰამბურგში, თეთრ-ცისფრებმა კოტდივუარელებს სძლიეს – 2:1 (ერნან კრესპო, ხავიერ სავიოლა), მეორე ტურში კი, გელზენკირხენში, სერბეთი-მონტენეგრო გაანადგურეს – 6:0. მაქსი როდრიგესის ორი, ესტებან კამბიასოს, ერნან კრესპოს, კარლოს ტევესის და ლეო მესის გოლებიდან კამბიასოსია გამოსარჩევი – მილანის ინტერის ნახევარმცველმა 26-სვლიანი კომბინაცია დააგვირგვინა.

მეორე ადგილი დაიკავა ლეგენდარული მარკო ვან ბასტენის გაწვრთნილმა ნიდერლანდებმა. ნარინჯისფერებმა პირველ ტურში, ლაიპციგში, არიენ რობენის გოლით აჯობეს სერბეთ-მონტენეგროს – 1:0, აფრიკელებს რობინ ვან პერსის და რუუდ ვან ნისტელროის ზუსტი დარტყმებით სძლიეს – 2:1, უკანასკნელ ტურში კი არგენტინას უგოლოდ დაშორდნენ – 0:0.

D ჯგუფში სამივე მატჩი მოიგო ევროპის ვიცე-ჩემპიონმა პორტუგალიამ. პირენელებს წინა მსოფლიო პირველობის ტრიუმფატორი ლუიშ ფელიპე სკოლარი წვრთნიდა, რომელმაც გუნდი ჯერ კიდევ ევრო 2004-ის დაწყებამდე ჩაიბარა.

პორტუგალიელებმა ანგოლას 1:0, ირანს 2:0, მექსიკას კი 2:1 აჯობეს. მეორე ადგილზე მექსიკელები გავიდნენ, დებიუტანტმა ანგოლამ კი ჩემპიონატი ორი ქულით დაასრულა – 0:0 მექსიკასთან და 1:1 ირანთან.

ტურნირის მომავალი გამარჯვებული, მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი იტალია E ჯგუფში მოხვდა ჩეხეთთან, განასთან და ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრებთან ერთად.

ევროპის 2004 წლის ჩემპიონატზე ჩავარდნის შემდეგ – ჯოვანი ტრაპატონის გაწვრთნილი სკუადრა აძურა ჯგუფიდან ვერ გავიდა – იტალია მარჩელო ლიპიმ ჩაიბარა, ტურინის იუვენტუსში ლამის ყველა საკლუბო ჯილდოს მომგებმა მწვრთნელმა.

ლიპის დებიუტი წარუმატებელი გამოდგა: 2004 წლის 18 აგვისტოს, ისლანდიის დედაქალაქ რეიკიავიკში, იტალია მასპინძლებთან ამხანაგურ შეხვედრაში 0:2 დამარცხდა. შემდეგ საკვალიფიკაციო ტურნირი დაიწყო და ნორვეგიას-მოლდოვასთან გამარჯვების შემდეგ, ლიპის გუნდმა მეოთხე შეხვედრა ისევ წააგო, ამჯერად სლოვენიასთან – 0:1.

„ჩვენ ახალ გუნდს ვაშენებთ და ჩამოყალიბების პროცესში ვართ. რთულ გზას გავდივართ, მაგრამ მსოფლიო ჩემპიონატისთვის ჩინებული გუნდი გვეყოლება“, – აპენინელთა მთავარი მწვრთნელის ამ სიტყვებმა არაერთი ჟურნალისტი გააღიზიანა, მაგრამ ლიპის მოლოდინი გამართლდა – ორ წელიწადზე ნაკლებ დროში იტალია ფეხბურთის ოლიმპზე ავიდა.

სლოვენიელებთან მარცხის შემდეგ, გერმანია 2006-ის დაწყებამდე, იტალიის ნაკრებმა ზედიზედ თვრამეტი შეხვედრა ჩაატარა დაუმარცხებლად და თან, რამდენიმე დასამახსოვრებელი გამარჯვებაც იზეიმა: სტუმრად სძლია ნიდერლანდებს 3:1, ფლორენციაში 4:1 გაანადგურა გერმანია…

იტალიელებმა ჯგუფში დამაჯერებლად ითამაშეს და პირველი ადგილი არავის დაუთმეს. სამ თამაშში ბუფონის კარში ერთადერთი გოლი გავიდა და ისიც იტალიელმა გაიტანა: მეორე ტურში, 17 ივნისს კაიზერსლაუტერნში, ამერიკის ნაკრებთან მატჩში კრისტიან ძაკარდომ საკუთარ კარში ჩაჭრა ბურთი და ანგარიში გაათანაბრა. მანამდე ალბერტო ჯილარდინომ დააწინაურა აპენინელები. ლიპი პალერმოს მცველის უყურადღებო თამაშმა ძალიან გააბრაზა – ძაკარდოს მომდევნო შეხვედრებში აღარ უთამაშია, რადგან მისი ადგილი ჩინებულად დაიკავა ჯანლუკა ძამბროტამ.

მიუხედავად იმისა, რომ ჩეხეთის ნაკრებმა პირველ ტურში შთამბეჭდავად სძლია ამერიკას – 3:0 (ტომაშ როსიცკის დუბლი, იან კოლერი), პაველ ნედვედი და კომპანია მაინც ჯგუფში ჩარჩნენ. მეორე ტურში, 17 ივნისს, ჩეხები განასთან 0:2 დამარცხდნენ (ასამოა გიანს პენალტი ზუსტად რომ დაერტყა, სხვაობა უფრო დიდი იქნებოდა), უკანასკნელ ტურში კი, 22 ივნისს ჰამბურგში, დებიუტანტებს კვლავ არ გაუმართლათ – 0:2 იტალიასთან.

F ჯგუფში მოხვდა ფიფას ოქროს თასის მფლობელი ბრაზილია. კარლოს ალბერტო პარეირას გუნდი ყველა შეხვედრაში ჩინებული იყო და ცხრა ქულით პირველი ადგილი დაიკავა. სელესაომ ხორვატიას 1:0 (კაკა), ავსტრალიას 2:0 (ადრიანო, ფრედი), იაპონიას კი 4:1 (რონალდოს დუბლი, ჟუნინიო პერნამბუკანო, ჟილბერტუ სილვა) მოუგო. აზიელების კარში გატანილი ორი გოლით რონალდოს 14 ბურთი დაუგროვდა და მსოფლიო ჩემპიონატის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირს, გერმანელ გერდ მიულერს გაუთანაბრდა.

მეორე ადგილი დაიკავა ავსტრალიამ. ნიდერლანდელი გუს ჰიდინკის გაწვრთნილმა გუნდმა იაპონიას 3:1 სძლია, მესამე ტურის მატჩი ხორვატიასთან კი ჰარი კიუელის მიერ 79-ე წუთზე გაატანილი გოლით გადაარჩინა (2:2), რითაც მერვედფინალის საგზური მოიპოვა.

აუცილებლად უნდა აღვნიშნო: 22 ივნისს, შტუტგარტში, გოტლიბ დაიმლერზე, ავსტრალია-ხორვატიის მატჩის ინგლისელმა არბიტრმა გრემ პოლმა ბალკანელთა ცენტრალური მცველი იოსიპ სიმუნიჩი სამჯერ გააფრთხილა და მხოლოდ ამის შემდეგ გააძევა. რა გასაკვირია, რომ პოლმა გერმანია 2006 ამ თამაშით დაასრულა.

G ჯგუფში საფრანგეთის, შვეიცარიის, სამხრეთი კორეის და ტოგოს ნაკრებებმა იასპარეზეს. რაიმონ დომენეკის გაწვრთნილმა ფრანგებმა ძალიან ცუდად დაიწყეს: დაბალი სათამაშო დონე, უსახური ფეხბურთი და შედეგად შვეიცარიასთან და კორეასთან დაკარგული ოთხი ქულა. საფრანგეთმა მეორე ადგილი დაიკავა – იაკობ კუნის გაწვრთნილ შვეიცარიას ორი ქულით ჩამორჩა. სამფერებმა მხოლოდ ტოგოს სძლიეს პატრიკ ვიეირას და ტიერი ანრის წყალობით – 2:0.

H ჯგუფი ესპანეთმა მოიგო. ლუის არაგონესის გუნდმა პირველი ტურში, 14 ივნისს ლაიპციგში, ოლეგ ბლოხინის უკრაინა გაანადგურა – 4:0 (დავით ვილიას დუბლი, ჩაბი ალონსო, ფერნანდო ტორესი). მეორე ტურში, 19 ივნისს შტუტგარტში, ესპანელებმა ფერნანდო ტორესის ორი გოლით და რაულის ზუსტი დარტყმით 3:1 დაამარცხეს ტუნისი. ჩრდილოაფრიკელებთან შეხვედრაში ანგარიში რაულმა გახსნა და ამით მადრიდის რეალის ლეგენდარული ფორვარდი გახდა პირველი ესპანელი, რომელმაც მსოფლიოს სამ ჩემპიონატზე გაიტანა გოლი.

23 ივნისს, მესამე ტურში საუდელების წინააღმდეგ, არაგონესმა ნაკრების შემადგენლობა გადაახალისა, თუმცა მისმა გუნდმა მაინც გაიმარჯვა – ერთადერთი ბურთი ხუანიტომ შეაგდო.

მეორე ადგილი უკრაინას ხვდა წილად. ესპანეთთან განადგურების შემდეგ ბლოხინის ბიჭები მალე მოეგნენ გონს: 19 ივნისს ჰამბურგში, რუსოლის, რებროვის, შევჩენკოს და კალინიჩენკოს ზუსტი დარტყმებით საუდის არაბეთი 4:0 დაამარცხეს, მესამე ტურში, 23 ივნისს ბერლინის ოლიმპიაშტადიონზე კი შევჩენკოს მიერ ზუსტად შესრულებული პენალტით ტუნისსაც სძლიეს, 1:0.

მერვედფინალიდან ფინალამდე

24 ივნისს პირველი ორი მეოთხედფინალისტი გამოვლინდა: გერმანელებმა ლუკას პოდოლსკის დუბლით შვედეთს 2:0 მოუგეს (ჰენრიკ ლარსონს 52-ე წუთზე შეეძლო ერთი საპასუხო ბურთის გატანა, მაგრამ პენალტი ვერ გამოიყენა), არგენტინამ კი მექსიკა მაქსი როდრიგესის ეფექტური გოლით მხოლოდ დამატებით დროში გატეხა – 2:1.

25 ივნისს, შტუტგარტში, ინგლისმა დევიდ ბექემის ზუსტი დარტყმით 1:0 დაამარცხა ეკვადორი. ბრიტანელი სუპერვარსკვლავი იმ ფეხბურთელებს შეუერთდა, რომლებმაც მსოფლიოს სამ ჩემპიონატზე გამოიჩინეს თავი.

იმავე დღეს, ნიურნბერგში, ფრანკენზე, პორტუგალიასა და ნიდერლანდებს შორის გამართულ მატჩში ტურნირის ერთი რეკორდი გაუმჯობესდა: რუსმა არბიტრმა ვალენტინ ივანოვმა 16-ჯერ გამოიყენა ყვითელი, 4-ჯერ კი წითელი ბარათი! მსაჯმა ორ-ორი გაფრთხილების გამო ნიდერლანდელთაგან მცველი ხალედ ბულარუზი და ნახევარმცველი ჯოვანი ვან ბრონკჰორსტი მიაბრძანა მინდვრიდან, პორტუგალიელთაგან კი კოშტინია (პირდაპირ წითელი ბარათით) და დეკუ (ორი ყვითელი) გააგდო. სკოლარის გუნდმა „ნიურნბერგის პროცესი“ მანიშეს მიერ 23-ე წუთზე გატანილი ბურთით მოიგო.

26 ივნისს, კაიზერსლაუტერნში, ლეგენდარული ფრიც ვალტერის სახელობის სტადიონზე, იტალიას კვლავ გუს ჰიდინკის გაწვრთნილი გუნდი დაუპირისპირდა. ოთხი წლით ადრე ჰიდინკი სამხრეთკორეელებს ხელმძღვანელობდა და გამარჯვებულმა დატოვა სტადიონი, მაგრამ ამჯერად აპენინელებმა გაიხარეს. მიუხედავად იმისა, რომ იტალიამ უკანასკნელ წამებზე გატანილი გოლით გაიმარჯვა, გუნდი მოგებას იმსახურებდა, რადგან მთელი შეხვედრის მანძილზე დიდ უპირატესობას ფლობდა, ავსტრალიელები კი მხოლოდ კარს იცავდნენ. ის ცნობილი თერთმეტმეტრიანი საჯარიმოში შეჭრილი ფაბიო გროსოს წინააღმდეგ უხეშ თამაშს მოჰყვა. პენალტის ნიშნულთან მისულმა ფრანჩესკო ტოტიმ შანსი ხელიდან არ გაუშვა – 1:0.

იმავე დღეს, კიოლნში, უკრაინელებმა კიდევ ერთი სახელოვანი ფურცელი შემატეს გუნდის ისტორიას: 0:0-ის შემდეგ პენალტების სერიაში 3:0 დაამარცხეს შვეიცარია და სადებიუტო მსოფლიო ჩემპიონატზე მეოთხედფინალში გავიდნენ! საფეხბურთო ლატარეაში შეუდარებელი იყო უკრაინელთა გამოცდილი მეკარე ალექსანდრ შოვკოვსკი, რომელმაც ორი პენალტი მოიგერია. შვეიცარიამ კი გერმანია გოლის გაუშვებლად დატოვა.

27 ივნისს ბოლო ორი მეოთხედფინალისტი გამოვლინდა. დორტმუნდში ბრაზილიამ 3:0 გაანადგურა განა. ლუის ნაზარიუ დე ლიმა რონალდო, რომელმაც მე-5 წუთზე გახსნა ანგარიში, ჩემპიონატების ყველა დროის ბომბარდირი გახდა – გერდ მიულერის რეკორდი მე-15 გოლით გააუმჯობესა.

ჰანოვერის AWD არენაზე კი ფრანგებმა იოლად აჯობეს ესპანელებს – 3:1. ლუის არაგონესის გუნდი დავიდ ვილიას მიერ ზუსტად შესრულებული პენალტით დაწინაურდა, მაგრამ ტაიმის მიწურულს ფრანკ რიბერიმ გაათანაბრა, მეორე ნახევარში კი დიდი ტერიტორიული უპირატესობა დომენეკის გუნდმა გოლებში გარდასახა – ჯერ ვიეირამ დაარტყა ზუსტად, მატჩის მიწურულს კი შეუდარებელმა ზიდანმა.

30 ივნისს, ბერლინის პირთამდე სავსე ოლიმპიაშტადიონზე, საფეხბურთო კლასიკად ქცეული გერმანია-არგენტინის დაპირისპირების მორიგი სერია გათამაშდა. ძირითად და დამატებით დროში მხოლოდ ორი გოლი გავიდა: 49-ე წუთზე რობერტო აიალამ თავურით დააწინაურა სტუმრები, მე-80 წუთზე კი მასპინძელთა გააფთრებული შეტევები, როგორც იქნა გოლით დასრულდა – მიროსლავ კლოზემ დალაშქრა რობერტო აბონდანსიერის კარი. პენალტების სერია გერმანელებმა, როგორც სჩვევიათ, უნაკლოდ შეასრულეს – ნოივილმა, ბალაკმა, პოდოლსკიმ და ბოროვსკიმ ზუსტად დაარტყეს, იენს ლემანმა კი აიალას და ესტებან კამბიასოს დარტყმული ბურთები მოიგერია.

ლემანმა არგენტინელებთან გამარჯვება რამდენიმე წლის შემდეგ ჟურნალ ბილდთან ინტერვიუში გაიხსენა: „მატჩის წინ, ჰიმნის დროს, თმები ყველას ყალყზე დაგვიდგა. ერთმანეთისთვის ხელები გვქონდა გადახვეული და სიმღერა უნდა დაგვეწყო, როცა ტრიბუნას გავხედე და გავიფიქრე: ღმერთო ჩემო, ეს რაღაა? საქმე ის იყო, რომ ჩვენს მეუღლეებს ტრანსპარანტი გადმოეფინათ: „თქვენ ამას შეძლებთ! ჩვენ თქვენთან ვართ“! შეიძლება, ეს ბევრს მოსწონებოდა, მაგრამ მე ძალიან გავბრაზდი, რადგან მიმაჩნდა, რომ ასეთი რაღაცები და ზოგადად, ფეხბურთი ქალის საქმე არაა, რადგან ჯერ არ მინახავს ქალი, რომელსაც სიღრმისეულად ესმის ფეხბურთი. ჰოდა, მაშინვე გავიფიქრე, იმედია ჩემი ცოლი იქ არ არის-მეთქი. მოგვიანებით შევიტყვე, რომ არ ვიყავი ნაკრების ერთადერთი ფეხბურთელი, ვინც ასე ფიქრობდა. როგორც ჩანს, ზოგიერთი ჩვენგანის მეუღლეს ან მეგობარ გოგოს ძალიან სურდა ტელევიზორში გამოჩენა და ყურადღების მიქცევა…

დაინიშნა პენალტების სერია. თამაშის დღეს, უფრო ზუსტად დილით, მე და ნაკრების მწვრთნელები მაიკლ სტევენსთან ერთად ვისხედით და სტატისტიკას ვუკირკიტებდით. მაიკლი ჩემი ყოფილი მწვრთნელის ჰუუბ სტევენსის (ჩემი შენიშვნა: ის ლემანს შალკე 04-ში წვრთნიდა) შვილია. მას მოტანილი ჰქონდა უდიდესი საინფორმაციო ბაზა, სადაც ყველა გუნდის ფეხბურთელზე იყო მონაცემები, თუ რომელ კუთხეში ურტყამს ესა თუ ის მოთამაშე თერთმეტმეტრიანს. ყველაზე საინტერესო დეტალები ანდრეას კეპკემ (გერმანიის ნაკრების მეკარეთა მწვრთნელი) ბლოკნოტში ამოიწერა, მერე ფურცელი მოხია და გადმომცა.

როცა აიალა დასარტყმელად მოემზადა, ნაწერს ჩავხედე: მარჯვნივ, დაბლა – ეწერა აიალას გასწვრივ. მიმართულება იგულისხმება ჩემი მხრიდან, ანუ მარჯვნივ. ეს დარტყმა უნდა ავიღო, მაგრამ როგორ? მხოლოდ ამ ფურცელს ვენდო? გამორბენი… სანამ ბურთს დაარტყამს, ვხტები – მარცხნივ. რატომ? არ ვიცი. ალბათ ინტუიციაა. და ბურთი ხელებზე მხვდება! დარტყმა მოვიგერიე!

აიალას მერე მაქსი როდრიგესის ჯერია. ფურცელზე წერია, რომ ეს უკანასკნელი თითქმის ყოველთვის მარჯვნივ ურტყამს. ფურცელს გამაშში წესიერად ვეღარ ვიდებ. იქნებ სჯობს ძირს დავდო? არა! ასე რომ მოვიქცე, რომელიმე არგენტინელი დახევს ან მოიპარავს. როგორღაც გამაშში ჩავიტენე და კარში ჩავდექი. გამორბენი, დარტყმა… ეშმაკმა დალახვროს! კეპკეს ნაწერს ვენდე, კუთხეც გამოვიცანი, მაგრამ ბურთს ვერ შევწვდი.

მესამე კამბიასოა. ის მეორე ტაიმში ჩაერთო თამაშში და ბურთი დიდხანს არ ჰქონია, ბევრი არაფერი გაუკეთებია… რა ვქნა? ფურცელს ვიღებ, ცოტა გახეულია, თან ნაწერიც თითქმის წაშლილია… კამბიასოს გვარს ვეძებ. არაფერი წერია! და უცებ მახსენდება: ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალი, ინტერი ვილიარეალის წინააღმდეგ – კამბიასომ იმ თამაშში ძალიან სახიფათო ჯარიმა დაარტყა მეკარისგან მარცხენა კუთხეში. არ ვიცი რა კავშირშია ჯარიმა პენალტთან ამ შემთხვევაში, მაგრამ მეც მარცხნივ ვხტები და… ჩვენ ნახევარფინალში ვართ!

გასახდელში, როცა ტანსაცმელი გამოვიცვალე, იმ ფურცლის გადაგდებას ვაპირებდი, მაგრამ ნაგვის ყუთი ვერ მოვძებნე და ისევ ჯიბეში ჩავიდე… მოგვიანებით ის ფურცელი საქველმოქმედო აუქციონზე სარფიანად გაიყიდა. როგორც მითხრეს, თანხა მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა ფონდში გადაირიცხა, მყიდველმა კი, კომპანია EnBWიმ, ქაღალდის ის ნაგლეჯი ბონის ისტორიულ მუზეუმს უსახსოვრა“.

არაერთი სპეციალისტის მოსაზრებით, გერმანელებთან მეოთხედფინალი არგენტინელთა მწვრთნელმა ხოსე პეკერმანმა წააგო, რომელმაც ლიდერი ხუან რომან რიკელმე რატომღაც 72-ე წუთზე შეცვალა. ამ მშვენიერი ნახევარმცველის გასვლის შემდეგ გერმანია მალე დაეუფლა უპირატესობას და ანგარიშიც გაათანაბრა…

იმავე დღეს ჰამბურგში იტალიას უკრაინა ელოდა. გერმანიაში ჩასვლამდე, 2 ივნისს, შვეიცარიის ქალაქ ლოზანაში მათ ამხანაგურად ითამაშეს. მატჩი 0:0 დასრულდა. ლიპის გუნდმა კვლავ არ გაუშვა გოლი, თუმცა თავად სამჯერ დააწყებინა მეტოქეს ცენტრიდან თამაში: მე-6 წუთზე ჯანლუკა ძამბროტამ საჯარიმოს გარედან, უძლიერესი დარტყმით დალაშქრა შოვკოვსკის კარი, 59-ე და 69-ე წუთებზე კი ლუკა ტონიმ ორჯერ დაასწრო მცველებს და დუბლი შეასრულა.

1 ივლისს, გელზენკირხენის აუფშალკეზე, ინგლისი კიდევ ერთხელ დაუპირისპირდა პორტუგალიას. ორი წლით ადრე, პორტუგალიაში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე, მათი გზები მეოთხედფინალში გადაიკვეთა და მაშინ მასპინძლებმა პენალტების სერიაში გაიმარჯვეს. ნახევარფინალში ახლაც პორტუგალია გავიდა და კვლავ თერთმეტმეტრიანების წყალობით. ძირითადი და დამატებითი დრო უგოლოდ დასრულდა, პენალტები კი პირენელებმა უკეთ შეასრულეს – 3:1. ინგლისელთაგან ფრენკ ლამპარდმა, სტივენ ჯერარდმა, ოუენ ჰარგრივსმა და ჯეიმი კარაგერმა დაარტყეს, თუმცა მხოლოდ ამ უკანასკნელმა გაიტანა.

ბრაზილიელთა ძლევამოსილი სვლა მსოფლიო ჩემპიონატების ფინალურ ეტაპზე (წინა მსოფლიო ჩემპიონატიდან დაწყებული სელესაომ ზედიზედ თერთმეტი შეხვედრა მოიგო) ფრანკფურტის კომერცბანკ არენაზე დასრულდა  – საფრანგეთის ნაკრების სუპერფორვარდმა ტიერი ანრიმ 57-ე წუთზე გაიტანა გოლი და ის ერთადერთი აღმოჩნდა თამაშში.

ცალკე აღნიშვნას იმსახურებს ფრანგების კაპიტნის და ლიდერის ზინედინ ზიდანის შეუდარებელი თამაში: მადრიდის რეალის ვარსკვლავი ბრწყინვალე იყო, ეპიზოდებში – უნაკლო, საერთო ჯამში კი ზიზუმ იმ დღეს იდეალური ფეხბურთი გვიჩვენა. მადრიდის რეალის სუპერვარსკვლავმა ჯერ კიდევ ჩემპიონატის დაწყებამდე განაცხადა, რომ მოთამაშის კარიერას სწორედ გერმანიაში დაამთავრებდა.

გერმანია, იტალია, პორტუგალია და საფრანგეთი – პირველად 1982 წლის ჩემპიონატის შემდეგ, ნახევარფინალში მხოლოდ ევროპის გუნდები გავიდნენ.

4 ივლისს პირველი ფინალისტი გამოვლინდა: ბუნდესნაკრებმა იტალიას დორტმუნდში უმასპინძლა. ამ შეხვედრამდე გერმანიას არასდროს წაეგო ამ ქალაქში. სათქმელია ისიც, რომ 1982 წლის ფინალის შემდეგ მეტოქეები პირველად ხვდებოდნენ ერთმანეთს მსოფლიო ჩემპიონატზე.

მარჩელო ლიპიმ ახალგაზრდა გერმანელ კოლეგას აშკარად აჯობა. იტალიამ იმ ჩემპიონატზე საუკეთესო შეხვედრა სწორედ დორტმუნდში ჩაატარა და გაიხარა კიდეც – 2:0. სკუადრა აძურამ ორივე გოლი დამატებითი დროის ამოწურვამდე რამდენიმე წუთით ადრე შეაგდო: 119-ე წუთზე ფაბიო გროსოს მოჭრილი დარტყმა იენს ლემანმა ვერ მოიგერია, მსაჯის მიერ დამატებულ პირველ, ანუ 121-ე წუთზე კი იტალიელებმა ელვისებური კონტრშეტევა დააგვირგვინეს გოლით – ალესანდრო დელ პიერომ მეორედ შეარხია მასპინძელთა კარის ბადე და ტურნირის ისტორიაში ყველაზე გვიანი გოლი შეაგდო. აქვე შევნიშნავ, რომ დელ პიერომ 1 მარტს, ფლორენციაში 4:1 მოგებულ ამხანაგურ შეხვედრაშიც გაუტანა გერმანელებს. დორტმუნდში დიდებულად ითამაშა იტალიელთა დაცვამ, გამორჩევით კი გუნდის კაპიტანმა ფაბიო კანავარომ, რომელსაც ენამახვილმა ჟურნალისტებმა ბერლინის კედელი უწოდეს.

ერთი დღის შემდეგ, მიუნხენში, საფრანგეთმა ზიდანის მიერ 33-ე წუთზე გატანილი პენალტით პორტუგალია დაამარცხა და რვა წლის შემდეგ მეორედ გავიდა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში.

8 ივლისს მესამე ადგილისთვის მატჩი გაიმართა. მასპინძლებმა 3:1 სძლიეს პორტუგალიელებს და 1970 წლის შემდეგ პირველად მოიპოვეს ბრინჯაოს მედლები.

შტუტგარტში გამართული ეს შეხვედრა ორი რამითაა გამორჩეული: სანაკრებო კარიერა დაასრულეს ლეგენდარულმა ფეხბურთელებმა, ბუნდესნაკრების მეკარემ და წინა ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშედ აღიარებულმა ოლივერ კანმა და ევროპის 2000 წლის საუკეთესო ფეხბურთელმა ლუიშ ფიგუმ. იმ დღეს კანმა 86-ედ ითამაშა ქვეყნის მთავარ გუნდში, ფიგუმ კი 127-ედ.

ფინალი

გადამწყვეტი მატჩი დედაქალაქში, ბერლინის ოლიმპიურ სტადიონზე გაიმართა. ეს იყო ჩემპიონატის პირველი ევროპული ფინალი 1982 წლის შემდეგ. ოცდაოთხი წლით ადრე იტალიამ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ნაკრებს აჯობა – 3:1. სკუადრა აძურის წინ ამჯერად საფრანგეთი იდგა. ექვსი წლით ადრე, 2000 წელს, მათ ბელგიასა და ნიდერლანდებში ჩატარებული ევროპირველობის უძლიერესი გუნდის სახელი გაითამაშეს. ის დრამატული ფინალი ფრანგებმა დავიდ ტრეზეგეს ოქროს გოლით 2:1 მოიგეს. ამჯერად ფსონი უფრო დიდი იყო – ფიფას ოქროს თასი.

მე-20 წუთისთვის ანგარიში 1:1 იყო.

მე-7 წუთი: ზიდანის მიერ ანტონინ პანენკას სტილში შესრულებული პენალტის შემდეგ ბურთი ბუფონის კარის ხარიხას მოხვდა და ხაზს იქით, კარში ჩაეშვა – 0:1. ბრაზილიელების ვავას და პელეს და გერმანელი პაულ ბრაიტნერის შემდეგ, ზიდანი მხოლოდ მეოთხე მოთამაშე გახდა, რომელმაც მეორე ფინალში გაიტანა გოლი.

მე-19 წუთი: ანდრეა პირლომ კუთხური ჩააწოდა, ინტერის ცენტრალური მცველი მარკო მატერაცი კი ყველაზე მაღლა ახტა და თავური დარტყმით საპასუხო გოლი გაიტანა – 1:1. ეს მისი მეორე ბურთი იყო გერმანიაში. მარკომ პირველად ჩეხები დაამწუხრა, ჯგუფის უკანასკნელ შეხვედრაში.

35-ე წუთზე, ლუკა ტონის დარტყმის შემდეგ, ბურთი ფაბიენ ბარტეზის კარის ძელს მოხვდა…

110-ე წუთზე კი არგენტინელი არბიტრი ორასიო ელისონდო ზიდანს აძევებს. უწყინარ მომენტში ფრანგმა მატერაცის მკერდში თავი ჩაარტყა და თანამსაჯმაც უმალ ალამი ააფრიალა. გენიალური ფრანგი, რომელიც ბრწყინვალე კარიერას ამ ფინალით ასრულებდა, გასახდელში გაუჩინარდა. ზიდანი კამერუნელი რიგობერტ სონგის არცთუ სასიამოვნო მიღწევის თანაზიარი გახდა – მხოლოდ მეორე ფეხბურთელი გამოდგა, რომელსაც ორ ჩემპიონატზე უჩვენეს წითელი ბარათი…

მალე ელისონდომ ფინალი დაასრულა და გუნდებიც საფეხბურთო ლატარეისთვის მოემზადნენ. სერია სკუადრა აძურამ დაიწყო: ფინალის საუკეთესო მოთამაშედ დასახელებული ანდრეა პირლო (მან მატჩის რჩეულის სიმბოლური პრიზი გერმანიაში ყველაზე მეტჯერ, სამჯერ ჩაიბარა) ზუსტია – 1:0.

სილვენ ვილტორი ანგარიშს ათანაბრებს – 1:1.
ბურთთან მარკო მატერაცი მიდის – 2:1.
ფრანგების მეორე დარტყმას ტურინის იუვენტუსის ფორვარდი დავიდ ტრეზეგე ასრულებს. ბურთი ხარიხას ხვდება – 2:1!
დანიელე დე როსი აუღელვებლად ურტყამს – 3:1.
ერიკ აბიდალიც ზუსტია – 3:2.
ალესანდრო დელ პიერო პენალტების დიდოსტატადაა ცნობილი – 4:2.
ვილი სანიოლი უნაკლოდ ასრულებს თერთმეტმეტრიანს – 4:3.

იტალიის მეხუთე დარტყმა ჩემპიონატის აღმოჩენამ, ნახევარფინალის გმირმა ფაბიო გროსომ უნდა შეასრულოს. თუ გაიტანს, სკუადრა აძურა მეოთხედ გახდება მსოფლიოს ჩემპიონი…

გროსოს გამორბენი და დარტყმა – ფაბიენ ბარტეზი მარჯვნივ ხტება, ბურთი კი კარის მარცხენა ზედა კუთხეში ეხვევა – 5:3!

ოცდაოთხი წლის შემდეგ იტალია ჩემპიონია! ისტორიაში მეოთხედ!

ფიფას ოქროს თასი უშეცდომოდ მოთამაშე ფაბიო კანავარომ აღმართა. გერმანია 2006-ის საუკეთესო ფეხბურთელად ზინედინ ზიდანი დასახელდა, თუმცა იტალიელთა გუნდისთავმა წლის ბოლოს მაინც მოიპოვა აღიარება: ფრანს ფუტბოლმა ოქროს ბურთით დააჯილდოვა, უორლდ სოკერმა მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშის ტიტულით…

ლევ იაშინის სახელობის ოქროს ხელთათმანი ჩემპიონთა მეკარემ ჯანლუიჯი ბუფონმა „მოირგო“, ბომბარდირის ოქროს ბუცი კი ხუთი გოლის გამტან მიროსლავ კლოზეს გადაეცა. ფიფას ტექნიკურმა კომისიამ პირველად გამოავლინა საუკეთესო ახალგაზრდა. ეს ჯილდოც მასპინძლებს დარჩათ – გერმანული ფეხბურთის ამომავალ ვარსკვლავს, ლუკას პოდოლსკის ხვდა წილად.

ბერლინში გამართული ფინალიდან ორ თვეში, ევრო 2008-ის საკვალიფიკაციო ტურნირში, თბილისმა ჯერ მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონ საფრანგეთს უმასპინძლა (რაიმონ დომენეკის გუნდმა საქართველოს ნაკრებს 3:0 აჯობა), ოქტომბერში კი ოქროს თასის მფლობელ იტალიას. ლიპის შემცვლელი რობერტო დონადონის სკუადრა აძურამ ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნული სტადიონი მოგებულმა დატოვა – 3:1…

გერმანია 2006 – ზოგადი ცნობები:

*-პირველი მსოფლიო ჩემპიონატი, რომელშიც აფრიკას, ევროპის შემდეგ, ყველაზე მეტი წარმომადგენელი ჰყავდა.
*-პირველი მსოფლიო ჩემპიონატი, რომლის შესარჩევ ტურნირში მოქმედი ჩემპიონი მონაწილეობდა.
*-პირველი მსოფლიო ჩემპიონატი, რომლის პირველი და უკანასკნელი გოლი მცველებმა გაიტანეს – ფილიპ ლამმა და მარკო მატერაციმ.
*-პირველი მსოფლიო ჩემპიონატი 1982 წლის შემდეგ, სადაც ყველა, ექვსივე კონფედერაციის წარმომადგენელმა ითამაშა.
*-პირველი მსოფლიო ჩემპიონატი 1994 წლის შემდეგ, რომლის ფინალი პენალტების სერიით დასრულდა.
*-მეოთხე მსოფლიო ჩემპიონატი (1934, 1966, 1982), რომლის ნახევარფინალში მხოლოდ ევროპის გუნდები გავიდნენ.
*-პირველი და მეორე მსოფლიო ჩემპიონატების შემდეგ ყველაზე მეტმა დებიუტანტმა სწორედ გერმანიაში ითამაშა – ანგოლამ, კოტ დივუარმა, განამ, ტოგომ, ტრინიდადი და ტობაგომ და უკრაინამ.
*-მონაწილეობდა 32 გუნდი (ევროპა – 14; აფრიკა – 5; სამხრეთი ამერიკა – 4; აზია – 4; ცენტრალური და ჩრდილოეთი ამერიკა – 4; ოკეანეთი – 1).
*-64 თამაშში 147 გოლი გავიდა, საშუალოდ მატჩში 2,3.
*-მთლიანი დასწრება – 3 359 439, საშუალოდ მატჩზე 52 491 გულშემატკივარი.

9 ივლისი, 2006. მსოფლიოს XVIII ჩემპიონატის ფინალი. გერმანია, ბერლინი, ოლიმპიაშტადიონი. 69 000
იტალია 1:1 (დდ, პენ 5:3) საფრანგეთი
გოლები: 0:1 ზინედინ ზიდანი (7, პენ), 1:1 მარკო მატერაცი (19)
პენალტების სერია: ანდრეა პირლო – 1:0, სილვენ ვილტორი – 1:1, მარკო მატერაცი – 2:1, დავიდ ტრეზეგე – 2:1 (ხარიხა), დანიელე დე როსი – 3:1, ერიკ აბიდალი – 3:2, ალესანდრო დელ პიერო – 4:2, ვილი სანიოლი – 4:3, ფაბიო გროსო – 5:3
იტალია: ჯანლუიჯი ბუფონი, ფაბიო გროსო, ფაბიო კანავარო (კაპ), ჯენარო გატუზო, ფრანჩესკო ტოტი (დანიელე დე როსი 61), ლუკა ტონი, მაურო კამორანეზი (ალესანდრო დელ პიერო 86), ჯანლუკა ძამბროტა, სიმონე პეროტა (ვინჩენცო იაკუინტა 61), ანდრეა პირლო, მარკო მატერაცი
მწვრთნელი: მარჩელო ლიპი
საფრანგეთი: ფაბიენ ბარტეზი, ერიკ აბიდალი, პატრიკ ვიეირა (ალუ დიარა 56), ვილიამ გალასი, კლოდ მაკელელე, ფლორენ მალუდა, ზინედინ ზიდანი (კაპ), ტიერი ანრი (სილვენ ვილტორი 107), ლილიან ტურამი, ვილი სანიოლი, ფრანკ რიბერი (დავიდ ტრეზეგე 100)
მწვრთნელი: რაიმონ დომენეკი
გაფრთხილება: ჯანლუკა ძამბროტა, ვილი სანიოლი, კლოდ მაკელელე, ფლორენ მალუდა
გაძევება: ზინედინ ზიდანი (110)
მსაჯები: ორასიო ელისონდო; დარიო გარსია, როდოლფო ოტერო (არგენტინა)

საუკეთესო ბომბარდირი (ოქროს ბუცი):
მიროსლავ კლოზე (გერმანია)
– 5 გოლი
ერნან კრესპო (არგენტინა), ლუის ნაზარიუ დე ლიმა რონალდო (ბრაზილია) – 3 გოლი

საუკეთესო ფეხბურთელი (ოქროს ბურთი):
1.ზინედინ ზიდანი (საფრანგეთი)
2.ფაბიო კანავარო (იტალია)
3.ანდრეა პირლო (იტალია)

საუკეთესო ახალგაზრდა: ლუკას პოდოლსკი (გერმანია)
საუკეთესო მეკარე (ლევ იაშინის ჯილდო): ჯანლუიჯი ბუფონი (იტალია)

ტურნირის სიმბოლური ნაკრები (მასტერკარდის რჩეულები)
მეკარეები: ჯანლუიჯი ბუფონი (იტალია), იენს ლემანი (გერმანია), რიკარდუ (პორტუგალია)
მცველები: რობერტო აიალა (არგენტინა), ჯონ ტერი (ინგლისი), ლილიან ტურამი (საფრანგეთი), ფილიპ ლამი (გერმანია), ფაბიო კანავარო (იტალია), ჯანლუკა ძამბროტა (იტალია), რიკარდუ კარვალიუ (პორტუგალია)
ნახევარმცველები: ზე რობერტუ (ბრაზილია), პატრიკ ვიეირა (საფრანგეთი), ზინედინ ზიდანი (საფრანგეთი), მიხაელ ბალაკი (გერმანია), ანდრეა პირლო (იტალია), ჯენარო გატუზო (იტალია), ლუიშ ფიგუ (პორტუგალია), მანიშე (პორტუგალია)
თავდამსხმელები: ერნან კრესპო (არგენტინა), ტიერი ანრი (საფრანგეთი), მიროსლავ კლოზე (გერმანია), ლუკა ტონი (იტალია), ფრანჩესკო ტოტი (იტალია)

მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონი იტალიის ნაკრები:
მეკარეები: 1.ჯანლუიჯი ბუფონი (ტურინის იუვენტუსი), 12.ანჯელო პერუცი (რომის ლაციო), 14.მარკო ამელია (ლივორნო)
მცველები: 2.კრისტიან ძაკარდო (პალერმო), 3.ფაბიო გროსო (პალერმო), 5.ფაბიო კანავარო (ტურინის იუვენტუსი), 6.ანდრეა ბარძალი (პალერმო), 13.ალესანდრო ნესტა (მილანი), 19.ჯანლუკა ძამბროტა (ტურინის იუვენტუსი), 22.მასიმო ოდო (რომის ლაციო), 23.მარკო მატერაცი (მილანი ინტერი)
ნახევარმცველები: 4.დანიელე დე როსი (ტურინის იუვენტუსი), 8.ჯენარო გატუზო (მილანი), 16.მაურო კამორანეზი (ტურინის იუვენტუსი), 17.სიმონე ბარონე (პალერმო), 20.სიმონე პეროტა (რომის რომა), 21.ანდრეა პირლო (მილანი)
თავდამსხმელები: 7.ალესანდრო დელ პიერო (ტურინის იუვენტუსი), 9.ლუკა ტონი (ფლორენციის ფიორენტინა), 10.ფრანჩესკო ტოტი (რომის რომა), 11.ალბერტო ჯილარდინო (მილანი), 15.ვინჩენცო იაკუინტა (უდინეს უდინეზე), 18.ფილიპო ინძაგი (მილანი)
მწვრთნელი: მარჩელო ლიპი

 

ლაშა გოდუაძე (2022 წლის 21 ოქტომბერი)
ფოტო:
FIFA.com; ინტერნეტი

ka_GEGeorgian