მსოფლიო ჩემპიონატების ისტორია: აშშ 1994

XV მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობის სურვილი სამმა ქვეყანამ გამოთქვა: ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ბრაზილიამ და მაროკომ.
ფიფას სპეციალურმა კომისიამ სამივე პროექტი შეამოწმა და ციურიხში დანიშნულ აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე ყველა დაუშვა. თუმცა სპეციალურად იმ დღისთვის მომზადებულ დაწვრილებით ანგარიშში დააზუსტა, რომ ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაციის მიერ ტურნირისთვის შეგულებული სტადიონების უმეტესობა მოთხოვნილზე ნაკლებ გულშემატკივარს იტევდა, მაროკოს პროექტი ცხრა ახალი სარბიელის აგებას ითვალისწინებდა და, შესაბამისად, დიდ დანახარჯს, ამერიკელთა წინადადება კი ყველაზე მისაღები იყო, რადგან სარბიელების უმეტესობა უკვე მზად იყო.

მიუხედავად იმისა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში ფეხბურთი ნამდვილად არ იყო ყველაზე პოპულარული სახეობა, თან ქვეყანას არც პროფესიული საფეხბურთო ჩემპიონატი გააჩნდა (1967 წელს დაარსებული ჩრდილოამერიკის ლიგა – NASL, 1984 წელს გაუქმდა), აღმასრულებელი კომიტეტის წევრთა უმრავლესობამ მაინც ამერიკელთა პროექტს დაუჭირა მხარი და 1988 წლის 4 ივლისს ასე მიულოცა ქვეყანას დამოუკიდებლობის დღე.

საქმეში ჩახედულმა ჟურნალისტებმა მაშინ დაწერეს, რომ ფიფას მაღალჩინოსანთა მხარდაჭერა უნაკლოდ ორგანიზებულმა ლოს ანჯელესის ოლიმპიადამ და იმ თამაშებზე საფეხბურთო ტურნირის დიდმა პოპულარობამაც განაპირობა. ცნობილია, რომ ლოს ანჯელესი 84-ის ეგიდით გამართულ საფეხბურთო მატჩებს, საერთო ჯამში, თითქმის მილიონნახევარი გულშემატკივარი დაესწრო, რაც ოლიმპიური ფეხბურთისთვის ძალიან მაღალი მაჩვენებელია.

მსოფლიო ჩემპიონატის სანაცვლოდ ფიფამ ამერიკელებს საფეხბურთო ლიგის შექმნაც მოსთხოვა და ის 1993 წელს მართლაც დაარსდა, 1996 წლიდან კი ამოქმედდა და დღეს უკვე ძალიან წარმატებულია, სულ უფრო ამცირებს ჩამორჩენას წამყვან ლიგებთან: კალათბურთთან, ჰოკეისთან, ბეიზბოლთან და ამერიკულ ფეხბურთთან.

ამერიკა 1994-ის საორგანიზაციო კომიტეტმა მოსამზადებელ სამუშაოებზე ნახევარი მილიარდი დოლარი დახარჯა, რაც ძალიან ცოტა იყო წინა მსოფლიო ჩემპიონატებთან შედარებით.

ფიფას არჩევანმა სრულად გაამართლა: 1994 წლის 17 ივნისიდან 17 ივლისის ჩათვლით გამართულ 52 მატჩს 3 587 538 გულშემატკივარი დაესწრო, საშუალოდ მატჩს 69 ათასი და ორივე ეს მაჩვენებელი დღემდე სარეკორდოა, მიუხედავად იმისა, რომ ფინალური ეტაპის მონაწილეთა რაოდენობა მას შემდეგ გაიზარდა…

ამერიკა 1994 კომერციული კუთხითაც ძალიან წარმატებული გამოდგა: სარეკლამო და სატელევიზიო შემოსავალმა ასეულობით მილიონი დოლარი შეაგდინა!

90-იან წლებში მომხდარი დიდი პოლიტიკური ცვლილებების შემდეგ ევროპაში არაერთი ახალი ქვეყანა გაჩნდა. ჩეხოსლოვაკიის, იუგოსლავიის და საბჭოთა კავშირის დაშლას უეფაში ხორვატიის, სლოვენიის, ჩეხეთის, სლოვაკეთის, რუსეთის, უკრაინის, ბელარუსის, მოლდოვის, საქართველოს, აზერბაიჯანის და სომხეთის გაერთიანება მოჰყვა, ლიეტუვამ, ლატვიამ და ესტონეთმა კი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დაკარგული სტატუსი აღიდგინეს.

უეფამ და ფიფამ აჩქარება არ ისურვეს, გაერთიანებული ერების საბოლოო პოზიციას დაელოდნენ და სწორედ ამის გამო, საბჭოთა კავშირის ყოფილი რესპუბლიკებიდან, ამერიკა 1994-ის შესარჩევ ტურნირში მხოლოდ რუსეთი და ბალტიისპირელები დაუშვეს. რაც შეეხება ჩეხეთისა და სლოვაკეთის ნაკრებ გუნდებს, ამ საკვალიფიკაციო ციკლში ორი ქვეყნის გაერთიანებულმა გუნდმა იასპარეზა ჩეხეთისა და სლოვაკეთის წარმომადგენლების სახელით. ნაკრებმა რუმინეთსა და ბელგიას ვერ აჯობა და შესარჩევი ტურნირის დასრულებისთანავე არსებობა შეწყვიტა – ჩეხოსლოვაკიის მემკვიდრედ ჩეხეთის ფეხბურთის ფედერაცია გამოცხადდა, სლოვაკეთმა კი ყველაფერი სუფთა ფურცლიდან დაიწყო.

რაც შეეხება იუგოსლავიას, ამ ქვეყნის ნაკრებს მეხუთე ჯგუფში უნდა ეთამაშა საბერძნეთის, რუსეთის, ისლანდიის, უნგრეთის და ლუქსემბურგის მხარდამხარ, თუმცა გაეროს სანქციების შემდეგ, როცა ქვეყანა სრულ იზოლაციაში მოექცა, ფიფამ იუგოსლავიელები სათამაშოდ არ დაუშვა…

ევროპაში გამართულ შესარჩევ თამაშებს მოულოდნელობების გარეშე კვლავ არ ჩაუვლია, ყველაზე დიდი იმედგაცრუება კი ინგლისი გამოდგა, რომელიც ფინალურ ეტაპს მიღმა დარჩა. მათ გარდა ამერიკაში დიდი ბრიტანეთის სხვა ქვეყნებიც ვერ გაემგზავრნენ, ასეთი რამ კი 1938 წლის შემდეგ პირველად მოხდა. სამაგიეროდ, ფინალურ ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა ირლანდიამ, რომელსაც ლეგენდარული ბობი ჩარლტონის ძმა, ინგლისი 1966-ის ტრიუმფატორი ჯეკი წვრთნიდა.

ინგლისი უკანასკნელ ტურამდე ინარჩუნებდა ჩემპიონატში თამაშის შანსს. ეს იმ შემთხვევაში მოხდებოდა, თუ გუნდი სან მარინოში მოიგებდა, კონკურენტი ნიდერლანდები კი პოლონეთში დამარცხდებოდა. პოპულარულმა ბრიტანულმა გაზეთმა სანმა იმ დღეს მინდორზე გასულ თითოეულ პოლონელს გამარჯვების სანაცვლოდ ათი ათასი გირვანქა აღუთქვა, მაგრამ პოზნანში გამართული მატჩი მაინც ნარინჯისფერებმა მოიგეს. და ინგლისიც შესარჩევში ჩარჩა, პირველად 1978 წლის შემდეგ!

ასევე ხელი მოეცარა ევროპის ჩემპიონს დანიას, ხოლო ფრანგებმა მხოლოდ საკუთარ თავს უნდა დააბრალონ, რომ ამერიკის საგზური ხელიდან გაუშვეს. ჟერარ ულიეს გუნდს უკანასკნელ ორ საშინაო მატჩში, ისრაელთან და ბულგარეთთან, მხოლოდ ქულის მოპოვება სჭირდებოდა, მაგრამ სამფეროვნებმა მოახერხეს და ორივე მეტოქესთან დამარცხდნენ. განსაკუთრებით გულდასაწყვეტი გამოდგა ბულგარეთთან წაგება – ემილ კოსტადინოვმა მასპინძლებს 88-ე წუთზე დასცა თავზარი – 2:3!

მოულოდნელობები არც სამხრეთ ამერიკაში გამართულ საკვალიფიკაციო მატჩებს აკლდა. მაგალითად, 1993 წლის 5 სექტემბერს, უკანასკნელ ტურში, არგენტინა ბუენოს აირესში 0:5 განადგურდა კოლუმბიასთან და ამერიკაში თამაშის უფლება მხოლოდ ოკეანიის და კონკაკაფის ზონის გამარჯვებულ ავსტრალიასთან ორმატჩიანი დაპირისპირების შემდეგ მოიპოვა. 1991 წელს ფიფასგან დასჯილ დიეგო არმანდო მარადონა ნაკრებს სწორედ ავსტრალიელებთან მატჩებში დაუბრუნდა…

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირებში ბრაზილიამ პირველი თამაში სწორედ აშშ 1994-ის შესარჩევში წააგო – 1993 წლის 25 ივლისს, ლა პასში, სელესაოს მასპინძელმა ბოლივიამ 2:0 სძლია! ბრაზილია მაინც მოხვდა ფინალურ ეტაპზე, ორგზის ჩემპიონი ურუგვაი კი ჯგუფში ჩარჩა.

უდიდეს საფეხბურთო ტურნირზე თამაშის უფლება პირველად მოიპოვა ნიგერიის ნაკრებმა. ამერიკაში გამგზავრებამდე, 11 ივნისს, სუპერარწივებმა (ნიგერიელთა მეტსახელია) იბადანში ალექსანდრე ჩივაძის გაწვრთნილ საქართველოს ნაკრებს უმასპინძლეს და მიუხედავად იმისა, რომ მეორე წუთზე აგებდნენ – გოლი რევაზ არველაძემ გაიტანა, 5:1 გაიმარჯვეს.

მექსიკასა და იტალიაში გამართულ ჩემპიონატებზე კარგი თამაშის გამო, ფიფამ აფრიკას ფინალური ეტაპის კიდევ ერთი, მესამე საგზური გამოუყო: ნიგერიის მხარდამხარ ამერიკაში მაროკოელებმა და კამერუნელებმა (ზედიზედ მესამედ) ითამაშეს.

ამერიკა 1994-ის საკვალიფიკაციო ტურნირი ტრაგედიითაც გამოირჩა: სენეგალისკენ მიმავალ ზამბიის ნაკრებს ავარია შეემთხვა – ავტოკატასტროფაში თვრამეტი მოთამაშე დაიღუპა…

საერთო ჯამში შესარჩევ ტურნირში 147 ნაკრებმა ითამაშა, რაც ცხადია, რეკორდი იყო. ნიგერიის გარდა ფინალურ ეტაპზე პირველად მოხვდა საბერძნეთი და საუდის არაბეთი.

ტურნირის თილისმად ძაღლის ლეკვი სტრაიკერი დასახელდა. ამერიკაში ყველაზე პოპულარულ შინაურ ცხოველს სახელმწიფო დროშის ფერებით – წითელი, თეთრი, ლურჯი – გაწყობილი საფეხბურთო ფორმა ემოსა. სტრაიკერი კინოკომპანია უორნერ ბრაზერსის მულტიპლიკატორთა გუნდის ნახელავი გახლდათ…

ფინალური ეტაპი

1993 წლის 19 დეკემბერს, ლას ვეგასში, ფინალური ეტაპის წილისყრა შედგა. ღონისძიების მასპინძელი ფიფას გენერალური მდივანი ზეპ ბლატერი გახლდათ, რომელსაც მძიმეწონოსან მოკრივეთა შორის მსოფლიოს ჩემპიონი ევანდერ ჰოლიფილდი, მსახიობი რობინ უილიამსი, ფრანც ბეკენბაუერი, ავტომრბოლი მარიო ანდრეტი, ტოპმოდელი კეროლ ალტი და კიდევ რამდენიმე სტუმარი ეხმარებოდნენ.

ბლატერმა ისიც დაადასტურა, რომ ამ მსოფლიო ჩემპიონატიდან გუნდები გამარჯვების სანაცვლოდ ორს კი არა, სამ ქულას მიიღებდნენ, ხოლო მეკარეები თანაგუნდელებისგან ბურთს ხელში ვეღარ აიღებდნენ. ფიფამ ისიც დაადასტურა, რომ მსაჯები უკნიდან ვარდნას ყვითელი ბარათით შეაფასებდნენ, აუცილებლობის შემთხვევაში კი წითელსაც გამოიყენებდნენ. კიდევ ერთი ახალი წესი დაშავებულთა სათამაშო მოედნის მიღმა აუცილებლად გაყვანა იყო. სხვა მხრივ არაფერი შეცვლილა – ჯგუფური ეტაპის შემდეგ ფლეი ოფი იწყებოდა.

მასპინძელი ამერიკა A ჯგუფში მოხვდა შვეიცარიასთან, რუმინეთთან და კოლუმბიასთან. ეს უკანასკნელები, არგენტინაში ბრწყინვალე გამარჯვების შემდეგ, ფავორიტთა შორის სახელდებოდნენ.

მაგრამ კოლუმბიას ხელი მოეცარა. ფრანსისკო მატურანას გაწვრთნილმა გუნდმა სადებიუტო თამაში რუმინეთთან 1:3 წააგო, ევროპელთა ლიდერმა, კარპატელ მარადონად მონათლულმა გეორგე ჰაჯიმ კი სამხრეთამერიკელთა კარი თითქმის მოედნის ცენტრიდან დალაშქრა!

მეორე ტურში, 22 ივნისს, ლოს ანჯელესში, კოლუმბიას ამერიკამ მოუგო – 2:1. მასპინძლები ანდრეს ესკობარის ავტოგოლით დაწინაურდნენ…

ეს იყო ფინალურ ეტაპზე ამერიკის ნაკრების პირველი გამარჯვება 1950 წლის 29 ივნისს, ინგლისთან ისტორიული 1:0-ის შემდეგ. რაც შეეხება ესკობარს, მცველი სამშობლოში დაბრუნებიდან რამდენიმე დღეში, მედელინის გარეუბანში, ერთ-ერთ ღამის კლუბში მოკლეს – გონდაბინდულმა ქომაგმა ანდრეს ესკობარს საკუთარ კარში ჩაჭრილი ბურთი არ აპატია და ათამდე ტყვია დაახალა!

კოლუმბიელთა გარდა მერვედფინალში ყველა გავიდა: ჯგუფის გამარჯვებული რუმინეთი, მეორეადგილოსანი შვეიცარია და მასპინძელი ამერიკა.

B ჯგუფი ბრაზილიამ, შვედეთმა, რუსეთმა და კამერუნმა დააკომპლექტეს. სელესაო ტურნირის მასპინძელ ქვეყანას, ტრადიციულად, თითქმის ერთი თვით ადრე ეწვია და რამდენიმე ამხანაგური შეხვედრაც ჩაატარა: კანადასთან ფრედ 1:1 ითამაშა, ჰონდურასი მიწასთან გაასწორა – 8:2, სალვადორს კი ოთხი უპასუხო გოლი გაუტანა.

ამ მატჩებში შეუდარებლად ითამაშა თავდასხმის ორმა ლიდერმა, ბარსელონის მეგავარსკვლავმა რომარიომ და იმ წლების ერთ-ერთი საუკეთესო ესპანური კლუბის, ლა კორუნიის დეპორტივოს მთავარმეგოლე ბებეტომ. მათ ხსენებულ ამხანაგურებში რვა გოლი გაიტანეს.

„თავიდანვე დარწმუნებული ვიყავი, რომ ჩემპიონატის მოგება შეგვეძლო. ტექნიკური თვალსაზრისით ძლიერი გუნდი არ ვიყავით, მაგრამ ერთსულოვნება ნამდვილად არ გვაკლდა. ჩვენი მაშინდელი მწვრთნელი კარლოს ალბერტო პარეირა ისეთი კაცია, ადამიანთან ურთიერთობაში არაფერი ეშლება! ის ყველასთან გახსნილი იყო და იცოდა, თუ როგორ შეეკრა გუნდი. მას ჩინებული თანაშემწეებიც ეხმარებოდნენ, ამ ყველაფერმა კი ტრიუმფი განაპირობა“, – ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ აღიარებულმა რომარიომ 1994 წლის ამბები ფიფას ოფიციალურ გამოცემასთან ინტერვიუში გაიხსენა.

ბრაზილიამ ჩემპიონატი 20 ივნისს, სან ფრანცისკოში რუსეთთან გამარჯვებით დაიწყო. რომარიომ მეურვე ვლადისლავ ტერნავსკი, რბილად რომ ვთქვა, დატანჯა: ჯერ იყო და ფლანგიდან ბებეტოს მიერ ჩაწოდებულ ბურთზე დაასწრო და პირველი გოლი გაიტანა, მეორე ტაიმში კი მეურვე ფინტებით დააბნია და პენალტი დასტყუა. თერთმეტმეტრიანი საჯარიმო დარტყმა სელესაოს ექს-კაპიტნის, სოკრატესის უმცროსმა ძმამ რაიმ ზუსტად შეასრულა. 90-იანი წლების დასაწყისში რაი ჯერ სან პაულუში, შემდეგ კი პარი სენ-ჟერმენში ბრწყინავდა…

მეორე ტურში ბრაზილიამ იტალია 1990-ის ერთ-ერთ აღმოჩენა კამერუნს სამი გოლი გაუტანა. რომარიომ კვლავ პირველმა შეაგდო, მერე კი ტანმაღალმა ცენტრალურმა მცველმა მარსიო სანტოსმა და ბებეტომაც გამოიჩინეს თავი.

63-ე წუთზე მსაჯმა კამერუნელთა 17 წლის მცველს რიგობერტ სონგს წითელი ბარათი უჩვენა. ის ფინალურ ეტაპზე გაძევებული ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა…

28 ივნისს, ჯგუფური ტურნირის უკანასკნელ მატჩში, ბრაზილიამ და შვედეთმა 1:1 ითამაშეს. სკანდინავიელთა ტანმაღალმა ფორვარდმა კენეტ ანდერსონმა ლამაზი დარტყმით გახსნა ანგარიში, თუმცა ბრაზილიამ მეორე ტაიმის დასაწყისშივე გაათანაბრა: რომარიომ სამი შვედი მოატყუა და უძლიერესი დარტყმით შეარხია ვეტერანი თომას რაველის კარის ბადე.

იმავე დღეს, სან ფრანცისკოს სტენფორდზე, რუსეთის და კამერუნის ნაკრებთა 6:1 დასრულებულ მატჩში მსოფლიო ჩემპიონატის ერთბაშად სამი რეკორდი დამყარდა:

1: რუსი თავდამსხმელი იგორ სალენკო გახდა პირველი, რომელმაც ერთ მატჩში ხუთი გოლი გაიტანა – მე-16, 41-ე, 45-ე (პენალტით), 73-ე და 75-ე წუთებზე;

2-3: კამერუნელთა 42 წლის და 39 დღის ფორვარდი როჟე მილა ფინალური ეტაპის უხუცესი მონაწილე და… მეგოლე გახდა! კუთხურის ალმებთან მოცეკვავე კამერუნელმა რუსებს ერთადერთი საპასუხო ბურთი 47-ე წუთზე გაუტანა. ცნობისათვის: 1981 წლის შემოდგომით როჟე მილამ საფრანგეთის ბასტიის შემადგენლობაში თბილისშიც ითამაშა დინამოს წინააღმდეგ, თასების მფლობელთა თასის მერვედფინალში…

C ჯგუფში ესპანეთის, სამხრეთი კორეის და ბოლივიის ნაკრებთან ერთად მოხვდა ოქროს თასის მფლობელი გერმანია. ბერტი ფოგთსის გაწვრთნილმა გუნდმა (იტალია 1990-ის შემდეგ მან ფრანც ბეკენბაუერი შეცვალა) არცთუ დამაჯერებლად ითამაშა, მაგრამ ჯგუფი მაინც მოიგო.

ბრწყინვალე ფორმაში იყო ბუნდესნაკრების მთავარი თავდამსხმელი იურგენ კლინსმანი, რომელმაც ჯგუფში სამივე მეტოქეს გაუტანა, კორეელებს კი დუბლი შეუსრულა!

27 ივნისს, აზიელებთან 3:2 მოგებული შეხვედრის 74-ე წუთზე, ფოგთსმა ნახევარმცველი შტეფან ეფენბერგი შეცვალა, რომელიც მოედნიდან გასვლისას ქომაგებმა სტვენით აიკლეს. გაბრაზებულმა ფეხბურთელმა გულშემატკივრებს შუა თითი უჩვენა. მას უსაქციელობა არ აპატიეს – მატჩის შემდეგ ნაკრების თავკაცმა  გუნდიდან დაითხოვა.

ესპანეთმა ბოლივიასთან 3:1 მოგებით და ხუთი ქულით მეორე ადგილი დაიკავა. 27 ივნისს, ჩიკაგოში, ანდონი სუბისარეტას კარში 67-ე წუთზე გატანილი ბურთით ერვინ სანჩესი ფინალურ ეტაპზე გასული პირველი ბოლივიური გოლის ავტორი გახდა. 1930 და 1950 წლების შემდეგ ბოლივიელებმა მესამედ ითამაშეს უდიდეს საფეხბურთო ტურნირზე, თუმცა მეტოქეთა კარში პირველი ბურთი, სწორედ ამერიკაში გაიტანეს…

ესპანეთს სამხრეთი კორეასთან პირველივე შეხვედრის მოგება და ჯგუფის შვიდი ქულით დასრულებაც შეეძლო, მაგრამ ორბურთიანი უპირატესობა მატჩის მიწურულს, 85-ე და 90-ე წუთებზე გაანიავა და მხოლოდ ქულას დასჯერდა.

D ჯგუფში მოხვდა სამხრეთ ამერიკის ბოლო ორი ჩემპიონატის ტრიუმფატორი არგენტინა, რომელმაც საწყის ორ მატჩში, დებიუტანტებთან საბერძნეთთან და ნიგერიასთან, ბრწყინვალე შთაბეჭდილება დატოვა!

დიდებული თამაშის მთავარი მიზეზი კი საოცარ ფორმაში მყოფი დიეგო არმანდო მარადონა გახლდათ, რომელიც გუნდის სული და გული იყო და ორივე მეტოქესთან ლამის უნაკლოდ ირჯებოდა!

დიადი ათიანის შესანიშნავი ფეხბურთით არგენტინელებმა საბერძნეთს 4:0, ნიგერიას კი 2:1 სძლიეს. დიეგომ ბერძნებს ულამაზესი გოლი გაუტანა, სუპერარწივების წინააღმდეგ კი მომაკვდინებელი დუეტი შექმნა კლაუდიო კანიჯასთან ერთად. სტარტზე ეფექტური თამაშის და ორი გამარჯვების გამო, სპეციალისტებმა არგენტინა თასის მთავარ პრეტენდენად დაასახელეს.

სხვათა შორის, 25 ივნისს, ბოსტონის ფოქსბოროზე, ნიგერიასთან 2:1 მოგებულ მატჩში მარადონამ გერმანელი უვე ზეელერის და პოლონელი ვლადისლავ ჟმუდას რეკორდი გაიმეორა – მსოფლიო ჩემპიონატების ფინალურ ეტაპზე რიგით 21-ე შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

უკანასკნელ ტურში, ბულგარეთის წინააღმდეგ, დიეგო რეკორდსაც დაამყარებდა, მაგრამ მწვანე მინდორზე აღარ გამოჩენილა: ნიგერიასთან თამაშის შემდეგ არგენტინელი დოპინგ-კონტროლზე ჩავარდა და ფიფამ ჩემპიონატიდან მოკვეთა!

ლიდერის დისკვალიფიკაცია ალფიო ბასილეს გაწვრთნილ გუნდს უმალ დაეტყო: ბულგარეთმა მარადონას გარეშე დარჩენილ არგენტინას 2:0 სძლია (ხრისტო სტოიჩკოვი, ნასკო სირაკოვი), მერვედფინალში კი სამხრეთამერიკელები არც მშვენიერ ფორმაში მყოფმა რუმინეთმა დაინდო – 3:2. არადა არგენტინელებს ბულგარეთთან მხოლოდ 0:1 რომ წაეგოთ (სირაკოვმა მეორე გოლი 90-ე წუთზე გაიტანა), ჯგუფს მოიგებდნენ და ფლეი ოფშიც სხვა გზით წავიდოდნენ, 0:2-ის გამო კი მესამე ადგილი დაიკავეს და რუმინეთზე გავიდნენ…

ხრისტო სტოიჩკოვის, ემილ კოსტადინოვის, იორდან ლეჩკოვის, კრასიმირ ბალაკოვის და სხვა არაერთი მაღალი დონის ფეხბურთელებით დაკომპლექტებულმა ბულგარეთმა აშშ 1994 ნიგერიასთან 0:3 განადგურებით დაიწყო, თუმცა მომდევნო ტურიდან სიტუაცია უკეთესობისკენ შეიცვალა. 26 ივნისს, ჩიკაგოში, ბულგარეთმა 4:0 სძლია საბერძნეთს. და ეს იყო ბულგარელთა პირველი გამარჯვება ფინალურ ეტაპზე ჩატარებულ… მე-18 შეხვედრაში!

საბერძნეთთან წარმატებას მარადონას გარეშე დარჩენილ არგენტინასთან 2:0 მოჰყვა და ბულგარეთმაც მერვედფინალის კარი შეაღო.

ჯგუფი კი ნიგერიამ მოიგო ბურთების უკეთესი სხვაობით – 6:2. სუპერარწივებმა ბულგარეთის (6:3) და არგენტინის (6:3) მსგავსად ექვსი ქულა დააგროვეს…

E ჯგუფში იტალიის, ირლანდიის, ნორვეგიის და მექსიკის ნაკრებმა გუნდებმა იასპარეზეს. ოთხივემ ოთხ-ოთხი ქულა დააგროვა: მოგება და ფრე. ეს ერთადერთი შემთხვევაა, ტურნირის ისტორიაში, როცა ყველა გუნდმა ქულათა თანაბარი რაოდენობით და ბურთების ერთნაირი შეფარდებით (0) დაასრულა ჯგუფი.

სამწუხაროდ, ნორვეგიას არ გაუმართლა – ჯგუფში ჩარჩა. მიზეზი? მხოლოდ ერთი გატანილი ბურთი! მექსიკამ ჯგუფი ბურთების 3:3 შეფარდებით დაასრულა, ირლანდიამ და იტალიამ კი 2:2-ით.

სკანდინავიელებმა ის ერთადერთი გოლი 19 ივნისს, ვაშინგტონში გაუტანეს პირველადგილოსან მექსიკას, 23 ივნისს, ნიუ იორკში, ჯაიანთსზე კი 0:1 დამარცხდნენ იტალიასთან, არადა, ცოტა მეტი რომ მოენდომებინათ, ქულას აიღებდნენ.

საქმე ისაა, რომ 21-ე წუთზე, როცა ანგარიში ჯერ კიდევ არ იყო გახსნილი, გერმანელმა მსაჯმა ჰელმუტ კრუგმა იტალიელთა კარის დარაჯი ჯანლუკა პალიუკა გააგდო! პალიუკა ფინალურ ეტაპზე გაძევებული პირველი მეკარე აღმოჩნდა.

აპენინელთა თავკაცმა არიგო საკიმ იმ წუთში ბევრისთვის მოულოდნელი ნაბიჯი გადადგა: სათადარიგო მეკარე ლუკა მარკეჯანი ნაკრების ლიდერის, ევროპის და მსოფლიოს 1993 წლის საუკეთესო მოთამაშის რობერტო ბაჯოს ნაცვლად ჩართო თამაშში. მწვრთნელმა ძალიან კი გარისკა, თუმცა სასურველი შედეგი მაინც მიიღო: 69-ე წუთზე დინო ბაჯომ ერთადერთი გოლი შეაგდო და იტალიამაც 1:0 გაიმარჯვა…

F ჯგუფში მაროკო, საუდის არაბეთი და მეზობლები – ბელგიელები და ნიდერლანდელები მოხვდნენ. აფრიკელების გარდა ფლეი-ოფში ყველა გავიდა.

ევრო 1992-ის ნახევარფინალისტ ნიდერლანდებს ორი ლიდერი არ ჰყავდა: მარკო ვან ბასტენმა ამერიკაში გამგზავრება კოჭის ქრონიკული ტრავმის გამო ვერ შეძლო (ამავე მიზეზით მან ერთი წლის შემდეგ კარიერა დაასრულა), რუუდ გულიტმა კი გუნდი სულ ბოლო მომენტში დატოვა მწვრთნელთან, დიკ ადვოკაატთან აზრთა სხვადასხვაობის გამო. მიუხედავად ამისა, ნიდერლანდებმა მაინც კარგად ითამაშა.

ჯგუფის მატჩებიდან 29 ივნისს, საუდის არაბეთსა და ბელგიას შორის გამართულ შეხვედრას გამოვარჩევ, რომელიც არაბებმა საიდ ალ ოვაირანის ულამაზესი გოლით მოიგეს (ის ხუთ მეტოქეს გასცდა და შემდეგ გაიტანა) და მერვედფინალშიც გავიდნენ.

ჯგუფური ეტაპის დაძლევის სანაცვლოდ საუდის არაბეთის მეფემ ნაკრების თითოეული წევრის საბანკო ანგარიში მილიონი დოლარით შეავსო, ამას გარდა ყველა მათგანს საკუთარი სახლი და წმინდა სისხლის არაბული ცხენი უსახსოვრა, ალ ოვაირანი კი, ულამაზესი გოლისთვის, როლს-როისითაც დააჯილდოვა…

ფლეი ოფი

2 ივლისს ფლეი-ოფის პირველი მატჩები გაიმართა: გერმანელებმა ბელგიელებს 3:2 სძლიეს, ესპანელებმა კი 3:0 გაანადგურეს შვეიცარიელები.

ჩიკაგოში, სოლჯერ ფილდზე, გერმანია მე-11 წუთისთვის 2:1-ს იგებდა: რუდი ფიოლერის და იურგენ კლინსმანის გოლებს შორის ჟორჟ გრიუნმა შეაგდო. მატჩის მიწურულს, როცა ანგარიში 3:2 იყო გერმანელთა სასარგებლოდ, შვეიცარიელმა არბიტრმა კურტ როტლისბერგერმა მათ კარში პენალტი არ დანიშნა, არადა, თომას ჰესლერმა იოსიპ ვებერის წინააღმდეგ აშკარად იუხეშა.

გაწბილებული ბელგია შინ გაემგზავრა, თუმცა ჩემპიონატი მსაჯმაც დაასრულა: ფიფამ შვეიცარიელს უხეში შეცდომა არ აპატია და დაითხოვა.

3 ივლისს ჩემპიონატს საუდის არაბეთიც გამოეთხოვა – შვედეთმა 3:1 აჯობა. ლოს ანჯელესში, გადაჭედილ როუზ ბოულზე კი (შეხვედრას 90469 მაყურებელი დაესწრო), რუმინეთმა 3:2 მოუგო არგენტინას. ბრწყინვალედ ითამაშა კარპატელთა გარემარბმა ილიე დუმიტრესკუმ, რომელმაც მე-11 და მე-18 წუთებზე დუბლი შეასრულა. 75-ე წუთზე აბელ ბალბომ მეორედ დალაშქრა ფლორინ პრუნიას კარი და სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა, მაგრამ არგენტინელებმა მატჩი ვეღარ გადაარჩინეს.

4 ივლისს, ამერიკის დამოუკიდებლობის დღეს, მასპინძელთა ნაკრები სან ფრანცისკოში ბრაზილიას დაუხვდა. 43-ე წუთზე მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი ათი ფეხბურთელით დარჩა – ლეონარდომ ტაბ რამოსს იდაყვი ჩაარტყა და მსაჯმაც ბრაზილიელი მინდვრიდან მიაბრძანა. სამედიცინო შემოწმებაზე გამოჩნდა, რომ ბრაზილიელმა რამოსს თავის ქალის ძვალი ჩაუტეხა. ლეონარდო ხუთმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს და ჩემპიონატიც ამით დაასრულა.

კარლოს ალბერტო პარეირას გაწვრთნილმა სელესაომ ბებეტოს მიერ 74-ე წუთზე გატანილი ერთადერთი გოლით გაიმარჯვა.

5 ივლისს ბოლო მეოთხედფინალისტები გამოვლინდნენ. ორივე შეხვედრა დამატებით დროში გაგრძელდა, ბულგარეთი-მექსიკის დაპირისპირებაში კი (1:1) პენალტების სერიაც დაინიშნა. საფეხბურთო ლატარეაში ბულგარელებმა 3:1 გაიმარჯვეს, არიგო საკის იტალიამ კი კვლავ ანერვიულა ტიფოზები და ნიგერიასთან მატჩში მხოლოდ მე-100 წუთზე, რობერტო ბაჯოს მიერ გატანილი პენალტით გაიმარჯვა – 2:1. ბაჯომ იმ შეხვედრაში დუბლი შეასრულა – პირველი გოლი, რითაც ანგარიში გათანაბრდა, ძირითადი დროის დასრულებამდე ორი წუთით ადრე შეაგდო.

„ნიგერიასთან რომ წაგვეგო, შინ ვერ დავბრუნდებოდი“, – იტყვის მოგვიანებით მატჩის გმირი რობერტო ბაჯო.

პირველი ორი ნახევარფინალისტი 9 ივლისს გაირკვა: იტალიამ ბოსტონში ძალიან დაძაბულ ბრძოლაში სძლია ესპანეთს – 2:1, დალასის კოტონ ბოულზე კი ბრაზილიამ 3:2 აჯობა ნიდერლანდებს.

იტალიელებმა კვლავ ბაჯოს წყალობით მოიგეს. ტურინის იუვენტუსის ლიდერმა 88-ე წუთზე ისევ გაიტანა გოლი, თუმცა ამჯერად გამარჯვებისა და მისმა გუნდმაც 2:1-ით შეაღო ნახევარფინალის კარი.

ერთ ეპიზოდში აპენინელთა მცველმა მაურო ტასოტიმ ესპანელთა შემტევ ნახევარმცველს ლუის ენრიკეს ცხვირი გაუტეხა, თუმცა უნგრელმა მსაჯმა შანდორ პულმა ეს ვერ შენიშნა. ტასოტი წითელ ბარათს კი გადაურჩა, მაგრამ ფიფას სადისციპლინო კომიტეტმა იტალიელს უხეშობა არ აპატია და უმკაცრესად დასაჯა – 8-მატჩიანი დისკვალიფიკაცია!

ბრაზილია-ნიდერლანდების პაექრობა კი ჟურნალისტებმა ამ ჩემპიონატის ყველაზე დაძაბულ ორთაბრძოლად მონათლეს. პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა, შესვენების შემდეგ კი ხუთი ბურთი გავიდა: ჯერ რომარიომ, შემდეგ კი ბებეტომ დააწინაურეს ბრაზილია, დენის ბერხკამპმა და აარონ მოჰამედ ვინტერმა ანგარიში გაათანაბრეს, 81-ე წუთზე კი ბრანკომ შორი მანძილიდან მესამედ გაუტანა ედ დე გუის და სელესაომაც 3:2 გაიმარჯვა. ცნობისათვის: ბრანკო ძირითად შემადგენლობაში დისკვალიფიცირებული ლეონარდოს ნაცვლად მოხვდა.

„ვერ ვიტყვი, რომ ბრაზილია-ნიდერლანდები ჩემპიონატის საუკეთესო მატჩი იყო, თუმცა ჩვენთვის ყველაზე რთული რომ იყო, ამას წყალი არ გაუვა. 3:2 მოვიგეთ, მაგრამ თამაში, შეიძლება, 3:3 დამთავრებულიყო, ან სულაც მეტოქეს მოეგო. და ეს უსამართლობა სულაც არ იქნებოდა, რადგან ორივე გუნდმა ჩინებული ფეხბურთი ვითამაშეთ…

ბებეტოს გოლის აღნიშვნას რაც შეეხება, ყველაფერი სპონტანურად მოხდა. მისმა მეუღლემ რამდენიმე დღით ადრე იმშობიარა და… გოლი რომ გაიტანა, ბებეტოსთან პირველი მაზინიო მივარდა, შემდეგ მე და რასაც ის აკეთებდა, იგივე გავიმეორეთ. გოლის ასეთმა აღნიშვნამ ყველაზე წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა!

ბებეტოზე ახალი რა უნდა ვთქვა? ის დიდებული პარტნიორი იყო! ჩვენ ჯერ კიდევ სეულის 1988 წლის ოლიმპიადაზე ვითამაშეთ მხარდამხარ და ჩინებულად ვიცნობდით ერთმანეთს… მახსოვს, ამერიკაში, როდესაც ნაკრები ტაქტიკურ ვარიანტებს ამუშავებდა, მე და ბებეტო იმ ვარჯიშებში არ ვმონაწილეობდით, რადგან ერთმანეთისა საუკეთესოდ გვესმოდა“, – რომარიოს ზემოხსენებული ინტერვიუდან.

10 ივლისს კიდევ ორი ნახევარფინალისტი დადგინდა. სან ფრანცისკოში შვედეთი-რუმინეთის პაექრობა დამატებით დროში გაგრძელდა, საბოლოოდ კი ფრე – 2:2. პენალტების სერიაში დიდებული იყო სკანდინავიელთა გამოცდილი მეკარე თომას რაველი, რომელმაც მიოდრაგ ბელოდედიჩის და დან პეტრესკუს დარტყმული ბურთები მოიგერია. 5:4 და 1958 წლის შემდეგ პირველად, შვედეთი ნახევარფინალში გავიდა.

აღმოსავლეთ სანაპიროზე, ნიუ იორკში გამართული მეოთხედფინალი კი მოულოდნელად დასრულდა: ჩემპიონი გერმანია ლოთარ მათეუსის პენალტით ბულგარეთთან იგებდა, მაგრამ 1:2 დამარცხდა! გამარჯვებულთაგან გოლები ხრისტო სტოიჩკოვმა (75-ე წუთზე) და იორდან ლეჩკოვმა (78) შეაგდეს. ეს უკანასკნელი იმხანად ჰამბურგში თამაშობდა. ბუნდესნაკრების მარცხის მეორე დღეს გულშემატკივრებმა გერმანული კლუბის პრეზიდენტს ლეჩკოვის გაგდება მოსთხოვეს…

13 ივლისს ფინალისტები გამოვლიდნენ: ლოს ანჯელესში ბრაზილია კიდევ ერთხელ დაუპირისპირდა შვედეთს.

ნახევარფინალამდე ორი დღით ადრე პარეირამ სასტუმროში ტელეფონები გაათიშინა და ჟურნალ-გაზეთების მიტანა აკრძალა. მწვრთნელი ბიჭებისგან სრულ კონცენტრაციას ითხოვდა. ეს კიდევ არაფერია, სელესაოს თავკაცმა ვარჯიშებზე დასწრება აუკრძალა ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაციის მაღალჩინოსნებსაც!

ისევე როგორც ჯგუფში, ტომი სვენსონის შვედეთმა კვლავ დაცვითი ტაქტიკა აირჩია. სკანდინავიელები შესანიშნავად ასრულებდნენ მწვრთნელის დავალებას, მაგრამ მას შემდეგ რაც ათნი დარჩნენ – 63-ე წუთზე იონას ტერნი გააძევეს – გუნდს ძალიან გაუჭირდა და დიდი ძალისხმევის მიუხედავად, ბოლოს მაინც გატყდა. გამარჯვების გოლი შეუდარებელმა რომარიომ 81-ე წუთზე თავურით გაიტანა.

რომარიო: „საოცარი გოლი იყო! წარმოიდგინეთ მე, ვისაც ნამდვილად არ მეთქმის მაღალი, ავხტი და თავით ვაჯობე შვედებს, რომელთა საშუალო სიმაღლე 183-184 სანტიმეტრი იყო! ასეთი რამ ფეხბურთში, მით უფრო მსოფლიო ჩემპიონატზე, და მით უმეტეს ნახევარფინალში, არ ხდება. იმ გოლმა ფინალში გაგვიყვანა“!

მეორე ნახევარფინალში კი ბრძოლა არ ყოფილა: იტალიამ ამერიკაში ყველაზე იოლი გამარჯვება იზეიმა და ბაჯოს დუბლით ბულგარეთს 2:1 მოუგო. იტალიელმა 21-ე და 26-ე წუთებზე გაიტანა, პირველი ნახევრის დასრულებამდე წუთით ადრე კი სტოიჩკოვმა პენალტით შეამცირა სხვაობა. ეს ბულგარელის მეექვსე გოლი იყო და ის ბომბარდირთა დავაში დაწინაურებულ ოლეგ სალენკოს დაეწია. მოგვიანებით ბულგარელმა ჟურნალისტებმა სწორად შენიშნეს, რომ დიმიტარ პენევის გუნდმა მსოფლიო ჩემპიონატი მეოთხედფინალში, გერმანიასთან გამარჯვებით დაასრულა. მომდევნო ორ შეხვედრაში, ნახევარფინალში იტალიასთან და მესამე ადგილისთვის მატჩში, ბულგარელები უფრო ვალის მოსახდელად გადიოდნენ მინდორზე, ვიდრე მოსაგებად…

16 ივლისს, მესამე ადგილისთვის მატჩში, შვედებმა 4:0 დაამარცხეს ბულგარელები და ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნენ. ტომი სვენსონის გუნდმა ყველა გოლი შესვენებამდე შეაგდო: თომას ბროლინმა, ჰაკან მილდმა, ჰენრიკ ლარსონმა და კენეტ ანდერსონმა დალაშქრეს ბულგარელთა კაპიტნის ბორისლავ მიხაილოვის კარი…

ფინალი

მსოფლიო 1974 წლის ჩემპიონატის შემდეგ პირველად არ გაიმართა ფინალი დედაქალაქში – სამგზის ჩემპიონების, ბრაზილიის და იტალიის დაპირისპირებას ლოს ანჯელესმა უმასპინძლა.

იტალია თორმეტი წლის შემდეგ გავიდა ფინალში, ბრაზილიას კი საამისოდ ორჯერ უფრო დიდი დრო დასჭირდა – ოცდაოთხი წელიწადი! ფსონი დიდი იყო: გამარჯვებული მეოთხედ აღმართავდა თასს და ახალ რეკორდსაც დაამყარებდა…

საინტერესოა ისიც, რომ არგენტინა-გერმანიის შემდეგ ბრაზილია-იტალია მეორე წყვილი გახდა, რომელმაც მეორედ გაითამაშა პლანეტის უძლიერესი გუნდის ტიტული. პირველად 1970 წელს. სამხრეთამერიკელებმა მაშინ 4:1 გაანადგურეს მეტოქე…

დაძაბული პაექრობა ნერვების თამაშად იქცა. მეტოქეები იშვიათად, მაგრამ მაინც ცვლიდნენ სახიფათო მომენტებს, მაგრამ მეტწილად კარის უსაფრთხოებაზე ზრუნავდნენ.

ეს ფინალი რომარიოს და რობერტო ბაჯოს პირად დაპირისპირებადაც განიხილებოდა: ორივე გუნდის ლიდერი იყო, ორივეს 5-5 გოლი ჰქონდა გატანილი და ყველამ კარგად იცოდა, რომ ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელის წოდებაც მათ შორის გათამაშდება – ჯილდო გამარჯვებულს ერგებოდა.

უმძიმესი ბრძოლა უგოლოდ დასრულდა და ეს იყო ისტორიაში პირველი შემთხვევა, როცა გადამწყვეტ მატჩში 90 წუთის მანძილზე გოლი არ გავიდა. იგივე მოხდა დამატებით ნახევარ საათში და ისტორიაში პირველად ფინალში პენალტების სერია დაინიშნა.

საწყისი ორი დარტყმა არ გავიდა: სკუადრა აძურას კაპიტანმა და ფინალში იტალიელთა შორის უდავოდ საუკეთესო ფრანკო ბარეზიმ ნერვები ვერ მოთოკა, ბრაზილიელთაგან კი მარსიო სანტოსმა ვერ ივარგა.

ამას ორ-ორი ზუსტი დარტყმა მოჰყვა, რის შემდეგაც ტიფოზებმა კვლავ ამოიგმინეს: მილანელმა დანიელე მასარომ, ვინც გაზაფხულზე, ბარსელონასთან 4:0 მოგებულ ჩემპიონთა ლიგის ფინალში დუბლი შეასრულა, ამჯერად კლაუდიო ტაფარელს ვერ აჯობა.

ბრაზილია კაპიტნის, დუნგას პენალტით დაწინაურდა, რის შემდეგაც ბურთთან რობერტო ბაჯო მივიდა. გოლის გატანის შემთხვევაში იტალია ფინალის გადარჩენის შანსს ინარჩუნებდა…

მაგრამ ყველა დროის ერთ-ერთმა საუკეთესო აპენინელმა ბურთი კარს გადააცილა და ბრაზილიაც მეოთხედ გახდა ჩემპიონი! დუნგას ოქროს თასი ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა ალ გორმა გადასცა.

„როცა ბაჯომ პენალტი ააცილა, ვიფიქრე, რომ ცხოვრების მიზანს მივაღწიე. ჩემპიონატის წინ გულშემატკივრებს დავპირდი, რომ თასს მოვიგებდით და სიტყვა შევასრულე!

ჩვენ ერთმანეთის თანადგომით გავხდით ჩემპიონები და როცა ამას ვამბობ, მხოლოდ მწვრთნელებს და მოთამაშეებს არ ვგულისხმობ. ბრაზილიის ნაკრების ის გამარჯვება იმ ადამიანების დამსახურებაცაა, რომლებიც სცენაზე არ გამოჩენილან: მზარეულებს, მასაჟისტებს, ფიზიოთერაპევტებს, ექიმებს და ადმინისტრატორებს ვგულისხმობ…

ჩვენ ჩემპიონები თერთმეტი ან ოცდაორი ფეხბურთელის წყალობით კი არა, ერთ მუშტად შეკრული, დაახლოებით ორმოცდაათკაციანი კოლექტივის წყალობით გავხდით“! – რომარიოს მოგონებებიდან.

ოქროს მედლებით და თასით ხელდამშვენებულმა ბრაზილიელებმა მინდორზე გასვლისთანავე დიდი პლაკატი გაშალეს და ტრიუმფი გაზაფხულზე, იტალიაში ტრაგიკულად დაღუპული ფორმულა 1-ის ლეგენდარული პილოტის და დიდი ჩემპიონის აირტონ სენას ხსოვნას მიუძღვნეს.

იტალიის ნაკრებში კი თაობათა ცვლა დაიწყო. 1994 წლის შემოდგომით სკუადრა აძურას ფრანკო ბარეზი გამოეთხოვა, რომელმაც კაპიტნის სამკლავური პაოლო მალდინის გადაულოცა.

აქვე შევნიშნავ, რომ ბარეზი ერთადერთი იტალიელია იმ შვიდ ფეხბურთელს შორის, რომლებსაც მსოფლიო ჩემპიონატის ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს მედლები მოუგიათ. მილანის ლეგენდა 1982 წელს ჩემპიონი გახდა, 1990 წელს კი მესამე ადგილზე გავიდა. ბარეზიმდე სამივე სინჯის მედალს ხუთი დასავლეთგერმანელი დაეუფლა: ზეპ მაიერი, ფრანც ბეკენბაუერი, ვოლფგანგ ოვერატი, იურგენ გრაბოვსკი და ჰორსტ-დიტერ ჰიოტგესი (1966, 1970 და 1974 წლებში), მოგვიანებით კი მათ რიგებს კიდევ ერთი გერმანელი შეემატა, მიროსლავ კლოზე – ვერცხლი 2002 წელს, ბრინჯაო 2006 და 2010 წლებში და ბოლოს ნანატრი ოქრო 2014 წელს, ბრაზილიაში…

აშშ 1994 – ზოგადი ცნობები:

*-პირველი მსოფლიო ჩემპიონატი საფრანგეთი 1938-ის შემდეგ, როცა ფინალურ ეტაპზე დიდი ბრიტანეთის ერთი გუნდის ვერ მოხვდა.
*-პირველი მსოფლიო ჩემპიონატი, როცა ფინალში გოლი არ გავიდა და თასის მფლობელი პენალტების სერიით გამოვლინდა.
*-მონაწილეობდა 24 გუნდი (ევროპა – 13; სამხრეთი ამერიკა – 4; ცენტრალური და ჩრდილოეთი ამერიკა – 2; აფრიკა – 3; აზია – 2).
*-52 თამაშში 141 გოლი გავიდა, საშუალოდ მატჩში 2,71.
*-მთლიანი დასწრება – 3 597 042, საშუალოდ მატჩზე 69 174 გულშემატკივარი.

17 ივლისი, 1994. მსოფლიოს XV ჩემპიონატის ფინალი. აშშ, ლოს ანჯელესი, როუზ ბოული. 94 194
ბრაზილია 0:0 (პენ 3:2) იტალია
პენალტების სერია: ფრანკო ბარეზი – 0:0 (ააცილა), მარსიო რობერტო დოს სანტოსი – 0:0 (მეკარე), დემეტრიო ალბერტინი – 0:1, რომარიო დე სოუზა ფარია – 1:1, ალბერიგო ევანი – 1:2, კლაუდიო იბრაჰიმ ვაზ ლეალ ბრანკო – 2:2, დანიელე მასარო – 2:2 (მეკარე), კარლოს კაეტანო ბლუდორ ვერი დუნგა – 3:2, რობერტო ბაჯო – 3:2 (ააცილა)
ბრაზილია: კლაუდიო ანდრე ტაფარელი, ჟორჟე დე ამორინ კამპოს ჟორჟინიო (მარკოს დე მორაეშ კაფუ 21), მაურო და სილვა, კლაუდიო იბრაჰიმ ვაზ ლეალ ბრანკო, ჟოზე რობერტო გამა დე ოლივეირა ბებეტო, კარლოს კაეტანო ბლუდორ ვერი დუნგა (კაპ), კრიჟამ სეზარ დე ოლივეირო ფილიო ზინიო (პაულო სერჟიო როზა ვიოლა 106), რომარიო დე სოუზა ფარია, ალდაირ ნასიმენტო სანტოსი, მარსიო რობერტო დოს სანტოსი, ჟომარ დო ნასიმენტო მაზინიო
მწვრთნელი: კარლოს ალბერტო პარეირა
იტალია: ჯანლუკა პალიუკა, ანტონიო ბენარივო, პაოლო მალდინი, ფრანკო ბარეზი (კაპ), რობერტო მუსი (ლუიჯი აპოლონი 34), რობერტო ბაჯო, დემეტრიო ალბერტინი, დინო ბაჯო (ალბერიგო ევანი 95), ნიკოლა ბერტი, რობერტო დონდონი, დანიელე მასარო
მწვრთნელი: არიგო საკი
გაფრთხილება: ჟომარ დო ნასიმენტო მაზინიო, ლუიჯი აპოლონი, დემეტრიო ალბერტინი, მარკოს დე მორაეშ კაფუ
მსაჯები: შანდორ პული (უნგრეთი); ვენანსიო ზარატე (პარაგვაი), მოჰამედ ფანაეი (ირანი)

საუკეთესო ბომბარდირი (ოქროს ბუცი):
ხრისტო სტოიჩკოვი (ბულგარეთი) და ოლეგ სალენკო (რუსეთი)
– 6 გოლი
რომარიო დე სოუზა ფარია (ბრაზილია) და კენეტ ანდერსონი (შვედეთი) – 5 გოლი

საუკეთესო ფეხბურთელი (ოქროს ბურთი):
1.რომარიო დე სოუზა ფარია (ბრაზილია)
2.რობერტო ბაჯო (იტალია)
3.ხრისტო სტოიჩკოვი (ბულგარეთი)

საუკეთესო ახალგაზრდა (არაოფიციალური): მარკ ოვერმარსი (ნიდერლანდები)
საუკეთესო მეკარე (ლევ იაშინის ჯილდო): მიშელ პრიუდომი (ბელგია)

ტურნირის სიმბოლური ნაკრები (არაოფიციალური)
მეკარე: მიშელ პრიუდომი (ბელგია)
მცველები: ჟორჟე დე ამორინ კამპოს ჟორჟინიო (ბრაზილია), მარსიო რობერტო დოს სანტოსი (ბრაზილია), პაოლო მალდინი (იტალია)
ნახევარმცველები: კარლოს კაეტანო ბლუდორ ვერი დუნგა (ბრაზილია), თომას ბროლინი (შვედეთი), გეორგე ჰაჯი (რუმინეთი), კრასიმირ ბალაკოვი (ბულგარეთი)
თავდამსხმელები: რობერტო ბაჯო (იტალია), ხრისტო სტოიჩკოვი (ბულგარეთი), რომარიო დე სოუზა ფარია (ბრაზილია)

მსოფლიოს 1994 წლის ჩემპიონი ბრაზილიის ნაკრები:
მეკარეები: 1.კლაუდიო ანდრე ტაფარელი (რეჯანა, იტალია), 12.არმელინო კალიატო ზეტი (სან პაულუ), 22.ჟილმარ ლუის რინალდო (რიო დე ჟანეიროს ფლამენგო)
მცველები: 2.ჟორჟე დე ამორინ კამპოს ჟორჟინიო (მიუნხენის ბაიერნი, გერმანია), 3.რიკარდო რობერტო ბარეტო და როშა (რიო დე ჟანეიროს ვასკუ და გამა), 4.რონალდო როდრიგეს დე ჟეზუს რონალდაო (შიმიცუ ეს-პულსი, იაპონია), 6.კლაუდიო იბრაჰიმ ვაზ ლეალ ბრანკო (რიო დე ჟანეიროს ფლუმინენსე), 13.ალდაირ ნასიმენტო სანტოსი (რომის რომა, იტალია), 14.მარკოს დე მორაეშ კაფუ (სან პაულუ), 15.მარსიო რობერტო დოს სანტოსი (ბორდო, საფრანგეთი), 16.ლეონარდო ნასიმენტუ დე არაუჟო (სან პაულუ)
ნახევარმცველები: 5.მაურო და სილვა (ლა კორუნიის დეპორტივო, ესპანეთი), 8.კარლოს კაეტანო ბლუდორ ვერი დუნგა (შტუტგარტი, გერმანია), 9.კრიჟამ სეზარ დე ოლივეირო ფილიო ზინიო (სან პაულუს პალმეირასი), 10.რაი სოუზა ვიერა დე ოლივეირა (პარიზის პარი სენ-ჟერმენი, საფრანგეთი), 17.ჟომარ დო ნასიმენტო მაზინიო (სან პაულუს პალმეირასი), 18.პაულო სერჟიო სილვესტრე დუ ნასიმენტუ (ლევერკუზენის ბაიერი, გერმანია)
თავდამსხმელები: 7.ჟოზე რობერტო გამა დე ოლივეირა ბებეტო (ლა კორუნიის დეპორტივო, ესპანეთი), 11.რომარიო დე სოუზა ფარია (ბარსელონა, ესპანეთი), 19.ლუის ანტონიო კორეია და კოსტა მიულერი (სან პაულუ), 20.ლუის ნაზარიუ დე ლიმა რონალდო (ბელუ ორიზონტეს კრუზეირუ), 21.პაულო სერჟიო როზა ვიოლა (სან პაულუს კორინთიანსი)
მწვრთნელი: კარლოს ალბერტო პარეირა

 

ლაშა გოდუაძე (2022 წლის 30 სექტემბერი)
ფოტო:
FIFA.com; ინტერნეტი

ka_GEGeorgian