მსოფლიო ჩემპიონატების ისტორია: არგენტინა 1978

ყველაზე მნიშვნელოვანი საფეხბურთო ტურნირის მასპინძლად არგენტინა 1966 წლის 6 ივლისს, ლონდონში გამართულ ფიფას აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე დასახელდა. სამხრეთი ამერიკის ეს ულამაზესი ქვეყანა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გამართულ ლამის ყოველ კონგრესზე იბრძოდა შეჯიბრების მისაღებად, თუმცა ლონდონამდე არგენტინის დელეგაციის მცდელობები მარცხით დასრულდა.

ჩემპიონატის დაწყებამდე ორი წლით ადრე არგენტინაში სამხედრო გადატრიალება მოხდა: გენერლებმა ხორხე რაფაელ ვიდელამ, ორლანდო რამონ აგოსტიმ, ადმირალმა ემილიო ედუარდო მასერამ და მათმა თანამოაზრეებმა 1976 წლის 24 მარტს პრეზიდენტი ისაბელ პერონი და მისი გუნდი დაამხეს, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ კი ეროვნული რეორგანიზაციის პროცესი დაიწყეს.

მომდევნო შვიდი წლის განმავლობაში განვითარებულ ამბებს, რომელსაც არგენტინაში დღეს ხშირად მხოლოდ პროცესად მოიხსენიებენ, ათასობით მოქალაქე შეეწირა (არაოფიციალურად ოცდაათ ათასამდე), ძალიან ბევრი მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე სახელდახელოდ მოწყობილ საკონცენტრაციო ბანაკებში აღმოჩნდა (მათი გათავისუფლება მხოლოდ წლების შემდეგ მოხერხდა), ასობით ადამიანი კი უბრალოდ გაქრა.

ოპოზიციის მიერ ხუნტად მონათლული სამხედრო მაღალჩინოსნები, ბუნებრივია მსოფლიო ჩემპიონატის საორგანიზაციო კომიტეტის საქმიანობაშიც ერეოდნენ. მათი ერთ-ერთი პირველი მოთხოვნა არგენტინა 78-ის ოფიციალური პლაკატის სასწრაფოდ შეცვლა იყო. ხუნტის აზრით, მასზე გამოსახული ფეხბურთელი ზუსტად იმეორებდა სამხედროების მიერ დამხობილი ისაბელ პერონის მეუღლის, ასევე პრეზიდენტის ხუან პერონის ჩვეულ მისალმებას. უამრავი არგენტინელისთვის საყვარელი პოლიტიკოსი მსოფლიო ჩემპიონატამდე ოთხი წლით ადრე, 1974 წლის 1 ივლისს გარდაიცვალა, 78 წლის ასაკში.

საორგანიზაციო კომიტეტმა პლაკატის შეცვლა იუარა. საქმე იქამდე მივიდა, რომ სამხედრო ხელისუფლებასთან მოლაპარაკებაში ფიფა ჩაერთო. მსოფლიო ფეხბურთის მმართველებმა არგენტინის ახალ მთავრობას აუხსნეს, რომ ოფიციალური პოსტერის გამოცვლას სასამართლო პროცესი მოჰყვებოდა. და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ფინანსურად იზარალებდა როგორც არგენტინა, ასევე ტურნირი. ვიდელას რეჟიმი მარცხს შეურიგდა, ათასობით არგენტინელმა კი მიიჩნია, რომ ამით ხუნას პირველი მარცხი აგემეს.

მასპინძელ ქვეყანაში შექმნილი რთული პოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე, მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონმა ნიდერლანდებმა ფიფას შეჯიბრების სხვა ქვეყანაში გადატანაზე მიანიშნა. ნარინჯისფერთა პოზიცია ევროპის რამდენიმე სახელმწიფომაც გაიზიარა, მალე კი სიტუაცია უფრო დაიძაბა. შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით, ფიფას პრეზიდენტმა ჟოაო აველანჟმა არგენტინის პირველ პირებთან შეხვედრა გადაწყვიტა.

აველანჟი წინდახედული მმართველი გახლდათ. მას მშვენივრად ესმოდა, რომ ვიდელასთან თუნდაც საქმიანი ურთიერთობა მის რეპუტაციაზე კარგად არ იმოქმედებდა, თუმცა ფეხბურთის საკეთილდღეოდ ბრაზილიელმა რამდენჯერმე მაინც გადადგა ეს ნაბიჯი. პრეზიდენტის ძალისხმევას სასურველი შედეგი მოჰყვა: ფიფამ ყველა მონაწილე გუნდის და სტუმრის უსაფრთხოების ოფიციალური გარანტია მიიღო და ტურნირის სხვა ქვეყანაში გადატანაზე საუბარსაც წერტილი დაესვა.

ნიდერლანდები არგენტინას კი ეწვია, მაგრამ გუნდის ლიდერი, ბოლო მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი იოჰან კრუიფი ოფიციალურ განაცხადში არ იყო. ჟურნალისტები თვლიდნენ, რომ ყველა დროის ერთ-ერთმა უძლიერესმა ფეხბურთელმა არგენტინაში ჩასვლა პროტესტის ნიშნად იუარა.

ოცდაათი წლის შემდეგ, 2008 წელს, კატალონიის ერთ-ერთ რადიოსადგურთან ინტერვიუში კრუიფმა განაცხადა, რომ 1977 წლის მაისში მისი ოჯახი ბარსელონაში შეიარაღებულმა პირებმა დააყაჩაღეს, რის შემდეგაც მას ისედაც არასტაბილურ ქვეყანაში წასვლის სურვილი საბოლოოდ გაუქრა. ამიტომ არჩია მსოფლიო ჩემპიონატში თამაშს დასვენება.

აველანჟი თითქმის ყველა ოფიციალურ შეხვედრაზე აცხადებდა, რომ არგენტინის ხელისუფლებამ სტუმართა სრული უსაფრთხოება აღუთქვა, მაგრამ რეალურად სხვა სიტუაცია რომ იქნებოდა, ამას ყველა გრძნობდა. იმიტომ, რომ საერთაშორისო საინფორმაციო საშუალებები ხშირად წერდნენ ხუნტის სისხლიან რეჟიმზე. და თუ უცხოეთში რეპრესიების შესახებ ცოტა იწერებოდა, არგენტინის ნაკრების ფეხბურთელები საშინელი ამბების თვითმხილველნი იყვნენ.

იმ გუნდის ცენტრალური თავდამსხმელი ლეოპოლდო ლუკე წლების შემდეგ ერთ-ერთ ინტერვიუში იტყვის: „ყველანი საშინელ მდგომარეობაში ვიყავით, არავინ იცოდა რა გველოდა, რა დღეში აღმოჩნდებოდნენ ჩვენი ოჯახის წევრები და მეგობრები… მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებისთანავე, ყველა თამაშის წინ, ჩვენთან ხუნტის რომელიმე გენერალი მოდიოდა და გვემუქრებოდა, რომ სიკვდილ-სიცოცხლის მატჩი გველოდა, ზუსტად იმ გაგებით, როგორც გვესმოდა. მახსოვს, უნგრეთთან თამაშის შემდეგ ჩემი ძალიან ახლო მეგობრის ძმა დაიკარგა. ყველგან ეძებეს და მხოლოდ ოთხი დღის შემდეგ მიაგნეს მის ცხედარს – არხში იყო ჩაგდებული, წვივები გადამტვრეული ჰქონდა… ჩვენ ისიც ვიცოდით, რომ განსხვავებულად მოაზროვნეებს ვერტმფრენიდან პირდაპირ ზღვაში აგდებდნენ, მანამდე კი ხელ-ფეხს უკრავდნენ… ეს ყველაფერი საშინელი მოსასმენია, მაგრამ ასეთი ამბები თითქმის ყოველ კვირას ხდებოდა და ლამის ყოველ არგენტინელ ოჯახს შეეხო“.

მსგავსი და არანაკლებ მძიმე ისტორიების გამო ფიფას ოქროს თასის რიგით მეთერთმეტე გათამაშებას ბევრი მიმომხილველი ყველაზე ბინძურ მსოფლიო ჩემპიონატად მოიხსენიებს. საუბარია არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე, არამედ მასპინძელთა ნაკრების სასარგებლოდ გადადგმულ გაუგონარ ნაბიჯებზე. თუმცა სანამ ფინალური ეტაპის საინტერესო ამბებზე დავწერ, ორიოდ სიტყვით შესარჩევ თამაშებს გავიხსენებ.

თბილისმა მსოფლიო ჩემპიონატის ეგიდით გამართულ მატჩს პირველად სწორედ არგენტინა 78-ის შესარჩევში უმასპინძლა. 1977 წლის 18 მაისს საბჭოთა კავშირის ნაკრები უნგრეთს საქართველოს დედაქალაქში, მაშინდელ ვლადიმერ ილიას ძე ლენინის სახელობის დინამოს სტადიონზე დაუხვდა. მასპინძლებმა ლეონიდ ბურიაკის და ლასლო ბალინტის ავტოგოლით 2:0 გაიმარჯვეს. იმ შეხვედრაში ორმა თბილისელმა ითამაშა, ორივემ შეუცვლელად: შოთა ხინჩაგაშვილი და დავით ყიფიანი იმ დღეს მეექვსედ გამოჩნდნენ საბჭოეთის ნაკრებში.

მოგების მიუხედავად საბჭოთა ნაკრები ზედიზედ მეორედ ვერ მოხვდა ფინალურ ეტაპზე. ამჯერად პოლიტიკა არაფერ შუაშია, უბრალოდ გუნდი მთავარ კონკურენტს, უნგრეთს ქულით ჩამორჩა.

არგენტინის საგზური ვერც ინგლისმა მოიპოვა. მართალია მათ ექვსი საკვალიფიკაციო მატჩიდან ხუთი მოიგეს, მათ შორის უკანასკნელი კონკურენტ იტალიასთან – 2:0, მაგრამ პირველ ადგილზე გასულ აპენინელებს, რომლებსაც იგივე შედეგი ჰქონდათ, ბურთების უარესი სხვაობით ჩამორჩნენ.

სკუადრა აძურამ კი ხუთიდან ოთხ შემთხვევაში დიდი ანგარიშით გაიმარჯვა, საერთო ჯამში თვრამეტი გოლი გაიტანა მეტოქეთა კარში, რომელთა ნახევარი – ცხრა ბურთი, იუვენტუსელმა რობერტო ბეტეგამ შეაგდო. ეს უკანასკნელი გახდა კიდეც საკვალიფიკაციო ეტაპის ბომბარდირი.

უდიდეს ტურნირს მიღმა დარჩა ევროპის 1976 წლის ჩემპიონი ჩეხოსლოვაკიაც. კონტინენტის საუკეთესო გუნდს შოტლანდიამ აჯობა.

ევროპის და სამხრეთი ამერიკის ორმა გუნდმა, წინა საკვალიფიკაციოს მსგავსად, ფინალური ეტაპის ერთი საგზური ერთმანეთში გაითამაშა. თუ გფრ 1974-ის შესარჩევში საბჭოთა ნაკრებმა ჩილესთან პაექრობა იუარა და ფინალურ ეტაპს მიღმა აღმოჩნდა, ამჯერად არგენტინის საგზური ევროპის წარმომადგენელს, უნგრეთს ერგო, რომელმაც ორი თამაშის ჯამში ბოლივია 9:2 დაამარცხა – 6:0 ბუდაპეშტში და 3:2 ლა პასში. ბოლივია, თავის მხრივ, სამხრეთი ამერიკის ზონის მეორე შესარჩევ ეტაპზე ბრაზილიას და პერუს ჩამორჩა და ასე მოხვდა კონტინენტურ ფლეი ოფში.

მსოფლიო ჩემპიონატის ოფიციალური ბურთი კვლავ ადიდასმა დაამზადა და მას ტანგო უწოდა. ტურნირის თილისმად კი ნაკრების თეთრ-ცისფერ ფორმაში გამოწყობილი პატარა ბიჭი, გაუჩიტო მოგვევლინა, რომელსაც არგენტინელი ფერმერების საყვარელი ფართოფარფლებიანი ქუდი ეხურა და ყელსახვევიც ამშვენებდა.

ჩემპიონატის დაწყებამდე მცირე ხნით ადრე არგენტინელთა მთავარმა მწვრთნელმა სესარ ლუის მენოტიმ რჩეულთა შორის არ დაასახელა არხენტინოს ხუნიორსის ჩვიდმეტი წლის ლიდერი დიეგო არმანდო მარადონა.

ელ ფლაკომ განაცხადა, რომ ნიჭიერ ბიჭს უდიდეს მომავალს კი უწინასწარმეტყველებდნენ, მაგრამ ის ასეთი მაღალი დონის შეჯიბრებისთვის ჯერ მზად არ იყო. ერთი წლის შემდეგ, 1979 წელს, არგენტინის ახალგაზრდულმა ნაკრებმა თანატოლთა შორის მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო, დიეგო არმანდო მარადონა კი იმ ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს…

ფინალური ეტაპი

თექვსმეტი ფინალისტი ოთხ ჯგუფში 1978 წლის 14 იანვარს, ბუენოს აირესში გამართულ წილისყრაზე განაწილდა. საზეიმო ცერემონიაში ფიფას პრეზიდენტის ჟოაო აველანჟის სამი წლის შვილიშვილი რიკარდუც მონაწილეობდა…

ოთხი წლით ადრე, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ნაცადი შეჯიბრების ფორმატი უცვლელი დარჩა: პირველ ნახევარფინალურ ჯგუფში პირველი და მესამე ოთხეულების გამარჯვებულები და მეორე და მეოთხე ჯგუფების მეორეადგილოსნები გადიოდნენ და პირიქით. რაც შეეხება მეორე ეტაპს, იქ უკვე ფინალის საგზური თამაშდებოდა – ყველაზე წარმატებულები გადამწყვეტ შეხვედრაში მონაწილეობის უფლებას იღებდნენ.

ჩემპიონატი 1 ივნისს გაიხსნა ბუენოს აირესში, რივერ პლეიტის საშინაო სარბიელზე – ესტადიო მონუმენტალზე თასის მფლობელი გერმანია და წინა გათამაშების ბრინჯაოს პრიზიორი პოლონეთი უგოლოდ დაშორდნენ ერთმანეთს. სწორედ ამ თამაშის წინ მიმართა მაყურებლებს ვიდელამ, რომელმაც ოფიციალურად გახსნა მსოფლიო ჩემპიონატი და ის ხალხთა შორის მეგობრობას და მშვიდობას მიუძღვნა. ამ სიტყვების გამო ბევრმა საფეხბურთო ჟურნალისტმა გენერლის იმ გამოსვლას მსოფლიო ჩემპიონატების ყველაზე ცინიკური გახსნა უწოდა.

2 ივნისს, მეორე სათამაშო დღეს, საფეხბურთო სამყარომ მადრიდის რეალის პრეზიდენტის, 82 წლის დონ სანტიაგო ბერნაბეუს გარდაცვალების შესახებ შეიტყო. ლეგენდარული საფეხბურთო მოღვაწის ხსოვნის პატივსაცემად ფიფამ სამი დღით დაუშვა ოფიციალური დროშა.

I ჯგუფში, რომელიც სამართლიანად მოინათლა სიკვდილის ოთხეულად, მასპინძელი არგენტინა, იტალია, საფრანგეთი და უნგრეთი მოხვდნენ.

მენოტის ბიჭებმა ჯგუფი ვერ მოიგეს, რადგან მესამე ტურში, 10 ივნისს, გადაჭედილ მონუმენტალზე 0:1 დამარცხდნენ ენცო ბეარზოტის იტალიასთან. ერთადერთი გოლი რობერტო ბეტეგამ შეაგდო 67-ე წუთზე, საგოლე გადაცემა კი პაოლო როსიმ შეასრულა, რომელიც საბოლოოდ ტურნირის მეორე საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს მასპინძელთა ლიდერის მარიო კემპესის შემდეგ.

აუცილებლად აღსანიშნავია, რომ არგენტინის ნაკრები მეტოქეებთან შედარებით გვიან იწყებდა თამაშს. და ეს მენოტის ბიჭებს, ცხადია, დიდ უპირატესობას ანიჭებდა – იქიდან გამომდინარე, რომ კონკურენტთა შედეგი ცნობილი იყო, თეთრ-ცისფრებმა ზუსტად იცოდნენ რა ანგარიში აწყობდათ.

მესამე ტურში მარ დელ პლატაში დანიშნული საფრანგეთი-უნგრეთის დაპირისპირება გვიან დაიწყო. მიზეზი კურიოზულია: აღმოჩნდა, რომ მეტოქეებს მხოლოდ თეთრი ფორმა ჰქონდათ. ოფიციალურმა პირებმა შეხვედრა დროებით გადადეს, საბოლოოდ კი საფრანგეთის ნაკრებმა ადგილობრივი კლუბის ატლეტიკო კიმბერლის მწვანე-თეთრ ვერტიკალურზოლებიანი ფორმით იასპარეზა. ფრანგების ადმინისტრატორებმა სრული კომპლექტი კი არ ინათხოვრეს, შეიძინეს.

ტურნირის ისტორიაში ეს მეოთხე და უკანასკნელი შემთხვევაა, როცა ერთ-ერთმა ნაკრებმა სხვისი ფორით იასპარეზა. პირველად ასეთი რამ 1934 წელს დაფიქსირდა მცირე ფინალში, გერმანიასა და ავსტრიას შორის. მეორედ 1950 წელს, ბრაზილიაში, შვეიცარია-მექსიკის დაპირისპირებაში, მესამედ კი 1958 წელს, შვედეთში, გფრ-არგენტინის პაექრობისას…

ამავე ჯგუფის საწყის ტურში, 2 ივნისს, ისევ და ისევ მარ დელ პლატაში, იტალია-საფრანგეთის მატჩში ერთი საინტერესო რეკორდი დამყარდა: იტალიის ნაკრების მაისური ერთი კლუბის რვა(!) წევრმა მოირგო – იუვენტუსელებმა დინო ძოფმა, კლაუდიო ჯენტილემ, გაეტანო შირეამ, ანტონიო კაბრინიმ, რომეო ბენეტიმ, მარკო ტარდელიმ, ფრანკო კაუზიომ და რობერტო ბეტეგამ.

II ჯგუფიც არანაკლებ საინტერესო გამოდგა. მაგალითად, დებიუტანტმა ტუნისის ნაკრებმა მექსიკას 3:1 სძლია და აფრიკის პირველი წარმომადგენელი გახდა, რომელმაც ფინალურ ეტაპზე თამაში მოიგო. ჩრდილოაფრიკელები ამით არ დაკმაყოფილდნენ და მესამე ტურში მსოფლიოს ჩემპიონ გფრ-ის ნაკრებთან დაპირისპირება ფრედ დაასრულეს. არადა, მანამდე გერმანელებმა ექვსი უპასუხო გოლი მიართვეს მექსიკელებს.

ჯგუფი პოლონეთმა მოიგო, რომელთა შორის ზბიგნევ ბონეკი, კაზიმეჟ დეინა, ვლოძიმეჟ ლუბანსკი, ირჟი გორგონი, ვლადისლავ ჟმუდა და ანჯეი შარმახი გამოირჩეოდნენ.

სამგზის ჩემპიონი ბრაზილია III ჯგუფში მოხვდა და ბეწვზე გადაურჩა შერცხვენას. ჯერ იყო და 7 ივნისს, მეორე ტურში, ესპანელმა ხულიო კარდენოსამ ბრაზილიელთა დაუცველ კარს ახლო მანძილიდან ააცილა ბურთი – ჟურნალისტებმა იმ მომენტს საუკუნის აცილება უწოდეს; უკანასკნელ ტურში კი კლაუდიო პესეგო დე მორაეშ კუტინიუს გუნდმა კარლოს რობერტო დინამიტ დე ოლივეირას ერთადერთი გოლით სძლია ავსტრიას.

ბრაზილია საბოლოოდ სწორედ ავსტრიას ჩამორჩა, რომელმაც მანამდე ესპანეთი (2:1) და შვედეთი (1:0) ჰანს კრანკლის გადამწყვეტი გოლებით დაამარცხა. ეს უკანასკნელი 1995 წლის სექტემბერში თბილისსაც ეწვია, ვენის რაპიდის და ბარსელონის ყოფილი ფორვარდი იმხანად ინსბრუკის ტიროლის მთავარი მწვრთნელი გახლდათ.

IV ჯგუფის მოგებას ნიდერლანდებს ან შოტლანდიას უქადდნენ, თუმცა ბრიტანელებმა გაცემული ავანსი ვერ გაამართლეს.

ჩემპიონატის დაწყებამდე შოტლანდიელთა მთავარმა მწვრთნელმა ელი მაკლეოდმა განაცხადა, რომ მისი გუნდი ოქროს თასით დაბრუნდებოდა. სქოთებს მართლაც კარგი ფეხბურთელები ჰყავდათ, მაგალითად იმ წლების მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო კლუბის, ლივერპულის ლიდერები გრემ სუნესი და კენი დალგლიში, ასევე მანჩესტერ იუნაიტედში მოთამაშე ლუ მაკარი და ჯოზეფ ჯორდანი, მაგრამ ეს არათუ თასის მოსაგებად, ნახევარფინალურ ჯგუფში გასასვლელად საკმარისიც არ აღმოჩნდა.

შოტლანდია, რომელიც არგენტინა 1978-ის ერთადერთი ბრიტანელი მონაწილე იყო, სტარტზევე დამარცხდა: პერუმ 3:1 აჯობა. სამხრეთამერიკელებმა აზიის ჩემპიონს, კიდევ ერთ დებიუტანტ ირანს სძლიეს (4:1), საბოლოოდ კი ჯგუფიც მოიგეს. მეორე ადგილი ნიდერლანდებს ერგო, რომელმაც ბოლო ტურში შოტლანდიასთან 2:3 კი წააგო, მაგრამ ნახევარფინალურ ჯგუფში თამაშის უფლება ირანთან 3:0-ით მოიპოვა.

აზიელებს ყველა გოლი რობ რენსენბრინკმა გაუტანა, რომელმაც შოტლანდიასთან 34-ე წუთზე პენალტიც შეაგდო. ზუსტად შესრულებული თერთმეტმეტრიანით რენსენბრინკი ისტორიაში ჩაეწერა – ფინალური ეტაპის საიუბილეო, მეათასე გოლი შეაგდო!

აქვე იმასაც დავწერ, რომ ნარინჯისფრებს არგენტინაში სახელგანთქმული ავსტრიელი სპეციალისტი ერნსტ ჰაპელი ხელმძღვანელობდა, კაცი, რომელმაც ნიდერლანდებს პირველი ჩემპიონთა თასი მოუტანა – 1970 წელს, როტერდამის ფეიენოორდის მთავარ მწვრთნელად მუშაობისას…

პირველი ნახევარფინალური ჯგუფის სტარტზე ნიდერლანდებმა ავსტრია გაანადგურა – 5:1. მომდევნო ტურში გფრ 1974-ის ფინალისტები დადგნენ ერთმანეთის პირისპირ – ჰაპელის და ჰელმუტ შიონის ბიჭების პაექრობა ფრედ 2:2 დასრულდა. ჟურნალისტებმა ეს შეხვედრა არგენტინა 78-ის ერთ-ერთ საუკეთესო თამაშად მონათლეს.

რეკორდის გარეშე არც ამ მატჩს ჩაუვლია: ნიდერლანდელი დიკ ნანინგა 79-ე წუთზე ჩაერთო თამაშში, თუმცა ურუგვაელმა არბიტრმა რამონ ბარეტო რუისმა 88-ე წუთზე მოედნიდან გააგდო გაუთავებელი საყვედურებისთვის. და ნანინგაც შეცვლაზე შესული, მაგრამ გაძევებული პირველი მოთამაშე გახდა.

ერნსტ ჰაპელის გუნდმა ფინალის საგზური 21 ივნისს, ბუენოს აირესში, 73 ათასი მაყურებლის თვალწინ მოიპოვა, როცა კონკურენტ იტალიას 2:1 აჯობა. სამივე გოლი ნიდერლანდელებმა გაიტანეს: ვილი ბრანდტსმა მე-19 წუთზე ჯერ საკუთარ კარში ჩაჭრა ბურთი, 50-ე წუთზე შეცდომა გამოასწორა და ანგარიში გაათანაბრა, გამარჯვების გოლი კი არი ჰაანმა მიითვალა (76წთ).

იმავე დღეს კორდობის შატო კარერასზე, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის და ავსტრიის ნაკრებთა შორის გაიმართა მატჩი, რომელიც ისტორიას კორდობის სასწაულის სახელით შემორჩა.

ნიდერლანდებთან და იტალიასთან წაგების შემდეგ ავსტრია ბოლო ადგილზე იყო, შიონის ბუნდესგუნდი კი, საწყის ორ მატჩში ფრეს შემდეგ, მაინც ინარჩუნებდა ფინალში გასვლის შანსს. დასავლეთგერმანელები იმედიანად იყვნენ, მაგრამ მეტოქემ 3:2 გაიმარჯვა! აღმოჩნდა, რომ ავსტრიამ ბოლო 47 წლის განმავლობაში პირველად დაამარცხა გერმანია! გამარჯვების გოლი ევროპის ოქროს ბუცის მფლობელმა კრანკლმა 87-ე წუთზე შეაგდო. ვენის რაპიდის ფორვარდმა 1977-78 წლების ავსტრიის ჩემპიონატში 41 ბურთი მიითვალა და კონტინენტის საუკეთესო გოლეადორიც გახდა.

კორდობის სასწაულის ავსტრიელი კომენტატორის, ედი ფინგერის შეძახილი: „გოლ! გოლ! გოლ! გოლ! გოლ! გოლ!.. ნაღდად გავგიჟდები“! სამშობლოში წლის ფრაზად იქცა, რამდენიმე კომპანიამ კი ფინგერის სიტყვები – ნაღდად გავგიჟდები – სარეკლამო სლოგანად გამოიყენა…

არგენტინა 1978-ის მეორე ფინალისტი ასევე უკანასკნელ ტურში გაირკვა. თუმცა მანამდე აღვნიშნავ, რომ მასპინძლებმა ნახევარფინალური ჯგუფის განრიგიც თავის სასარგებლოდ შეადგინეს – თეთრ-ცისფრების მატჩი სამივე ტურში გვიან დაიწყო, რამაც მენოტის გუნდს დიდი უპირატესობას მისცა (ამ ყოველივეს გათვალისწინებით, ფიფამ მომდევნო ჩემპიონატიდან უკანასკნელი ტურის თამაშების პარალელურად გამართვა ბრძანა).

14 ივნისს ბრაზილიამ პერუს დირსეუს დუბლით და ზიკოს გოლით 3:0 მოუგო, არგენტინამ კი იმავე საღამოს კემპესის ორი გოლით პოლონეთი 2:0 დაამარცხა.

მეორე ტურში, 18 ივნისს, პოლონეთმა 1:0 აჯობა პერუს, სამხრეთამერიკული კლასიკო კი 0:0 დასრულდა.

დასკვნით ტურში, 21 ივნისს, ჯგუფის პირველ თამაშში ბრაზილიამ 3:1 სძლია პოლონეთს და ასპარეზობა ხუთი ქულით და ბურთების მშვენიერი სხვაობით – +5 – დაასრულა. მენოტის გუნდს, თუ ბრაზილიის გადასწრება და ფინალში გასვლა სურდა, უკანასკნელი მოწინააღმდეგე პერუ მინიმუმ ოთხი გოლის სხვაობით უნდა დაემარცხებინა. ამ შემთხვევაში არგენტინელები ბრაზილიას ბურთების უკეთესი შეფარდებით გაუსწრებდნენ.

მასპინძლებმა ამოცანა გადაჭარბებით შეასრულეს – 6:0! მარიო ალბერტო კემპესმა და ლეოპოლდო ლუკემ ორ-ორი, ალბერტო სესარ ტარანტინიმ და რენე ორლანდო ჰაუსმანმა კი თითო გოლი გაუტანეს არგენტინაში დაბადებულ პერუელთა მეკარეს, სპორტინგ კრისტალში მოთამაშე რამონ კიროხას.

„იმ მატჩს მთელმა გუნდმა ერთად ვუყურეთ. ბევრი ამბობდა, რომ ფინალს ორი ტაიმი გვაშორებდა, თუმცა ვხედავდი რას აკეთებდა საორგანიზაციო კომიტეტი არგენტინის ფინალში გასაყვანად და ვგრძნობდი, რომ გარანტირებული არაფერი გვქონდა.
პირველი ტაიმი არგენტინელებმა 2:0 მოიგეს. ერთი შეხედვით თანაბარი თამაში იყო, მგონა შესვენების შემდეგაც ასე გაგრძელდებოდა, მაგრამ რაც მეორე ტაიმში ვნახე, მას მხოლოდ უნიჭოდ გათამაშებულ სპექტაკლს თუ ვუწოდებ – ზედიზედ გაშვებული გოლები და ჩვენც ფინალს მიღმა დავრჩით!
ძალიან გავბრაზდი! ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე საზიზღარი და სამარცხვინო საფეხბურთო მატჩი, რაც კი ცხოვრებაში მინახავს“! – ასე გაიხსენა ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ზიკომ არგენტინა-პერუს ის პაექრობა.

ფინალს მიღმა დარჩენით გაწბილებულმა ბრაზილიელებმა, რომლებიც უსამართლო წესდებასა და პერუელთა უსაქციელობაზე საუბრობდნენ, დასახმარებლად ფიფას თანამემამულე პრეზიდენტს მიმართეს, მაგრამ ამით არაფერი შეიცვალა – ფინალში არგენტინა გავიდა. პირველად, პირველი მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ.

პერუსთან არგენტინის ნაკრების იმ საოცარ გამარჯვებას დიდი გამოხმაურება მოჰყვა. რამდენიმე ბრაზილიელმა ჟურნალისტმა ისიც დაწერა, რომ ექვსი გაშვებული გოლის სანაცვლოდ პერუს ნაკრებმა დიდი ფული მიიღო, ხოლო არგენტინის ხელისუფლებამ ათეულობით პერუელი დისიდენტი გაათავისუფლა. ერთი სიტყვით, მატჩის შედეგი არგენტინის და პერუს ხელისუფლების დონეზე გადაწყდა და არა მწვანე მინდორზე.

წლების შემდეგ იმ თამაშზე რამდენიმე დოკუმენტური ფილმი გადაიღეს. სცენარი ერთმანეთისგან დიდად არ განსხვავდებოდა – მატჩამდელი ამბები მხოლოდ იმაზე მიუთითებდა, რომ მასპინძელთა საჭირო ანგარიშით გამარჯვებაში ყველა დაინტერესებული იყო, ყველა, ლამის მეტოქეც.

„თამაშის დაწყებამდე მცირე ხნით ადრე პერუს ნაკრები თავად ხორხე რაფაელ ვიდელამ მოინახულა. ამბობენ, რომ იმ შეხვედრას ჰენრი კისინჯერიც ესწრებოდა, წლების განმავლობაში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტების საგანგებო მრჩეველი, სამხრეთ ამერიკის ქვეყნებში წარმოუდგენლად გავლენიანი, თუმცა მუდამ ჩრდილში მდგარი პოლიტიკოსი და ფეხბურთის დიდი გულშემატკივარი…
პერუელების გასახდელში სტუმრობისას არგენტინის პრეზიდენტს სამხრეთამერიკულ ერთსულოვნებაზე უსაუბრია, რითაც ერთობ მოუხიბლავს დამხვდურები. ვიდელას ისიც უთქვამს, რომ ლათინური ამერიკის ქვეყნებს ბევრი საერთო ინტერესი აქვთ და რომ ერთმანეთს ხშირად უნდა გაუწოდონ დახმარების ხელი“, – წერს ჟურნალისტი უილ ჰერსი არგენტინის მსოფლიო ჩემპიონატისადმი მიძღვნილ წერილში.

ბრაზილიამ მსოფლიო ჩემპიონატი დაუმარცხებლად, თუმცა მხოლოდ მესამე ადგილზე დაასრულა: 24 ივნისს, მონუმენტალზე, 2:1 აჯობა აშკარად გადაღლილ იტალიას. ფრანკო კაუზიომ 38-ე წუთზე კი დააწინაურა სკუადრა აძურა, მაგრამ 64-ე წუთზე ჯერ ნელინიომ გაუტანა ულამაზესი გოლი დინო ძოფს, 71-ე წუთზე კი დირსეუმ მეორედ გაახარა ბრაზილიელები.

„ჩემპიონები ჩვენ ვართ! ერთი თამაშიც არ წაგვიგია, მაგრამ მაინც მესამე ადგილზე გავედით… ეს სიგიჟეა! ფიფამ ტურნირის ფორმატს აუცილებლად უნდა გადახედოს, მეტიც, ის უნდა შეიცვალოს“! – ემოციებს ვერ მალავდა სელესაოს მთავარი მწვრთნელი კუტინიუ.

რაც შეეხება იტალიის ნაკრებს, სპეციალისტებმა ენცო ბეარზოტს გუნდი კი შეუქეს, მაგრამ ისიც აღიარეს, რომ სკუადრა აძურა შთამბეჭდავი სტარტის შემდეგ უბრალოდ გადაიღალა.

ფინალი

მეტოქეზე ზეწოლა არგენტინელებმა ფინალშიც განაგრძეს: ჯერ იყო და სასტუმროდან გასული ნიდერლანდების ნაკრები ლამის მთელ ბუენოს აირესში გაასეირნეს, შემდეგ კი, ზედ მატჩის დაწყების წინ, არგენტინელთა კაპიტანმა დანიელ ალბერტო პასარელამ რენე ვან დე კერკჰოფის ნატკენ მკლავზე დადებული დამცავის შეცვლა მოითხოვა. ამ უკანასკნელმა მთელი ტურნირის განმავლობაში უპრობლემოდ ითამაშა, თუმცა ფინალის წინ მასპინძელთა გუნდისთავმა რატომღაც ჩათვალა, რომ ვან დე კერკჰოფს მარტივად შეეძლო მეტოქეთა ტრავმირება. იტალიელმა არბიტრმა სერჯიო გონელამ პასარელას თხოვნა დააკმაყოფილა, თუმცა სანაცვლოდ ფინალი რამდენიმე წუთით გვიან დაიწყო.

საინტერესოა გონელას დანიშვნის ისტორიაც. ცნობილია, რომ ფიფა გადამწყვეტი მატჩისთვის ისრაელელ აბრაამ კლაინს ამზადებდა. სწორედ ეს უკანასკნელი სჯიდა არგენტინა-იტალიის დაპირისპირებას, რომელიც აპენინელთა გამარჯვებით დასრულდა.

არგენტინის ფეხბურთის ფედერაციამ კლაინის კანდიდატურა გააპროტესტა. სკუადრა აძურასთან წაგებულ თამაშზე მასპინძლებს არაფერი უთქვამთ, მხოლოდ ის განაცხადეს, რომ ნიდერლანდების და ისრაელის მჭიდრო ურთიერთობის გათვალისწინებით, დაუშვებელია კლაინმა იმსაჯოს ფინალი. სერჯიო გონელას კანდიდატურაც ამის შემდეგ გამოჩნდა.

38-ე წუთზე არგენტინელთა ლიდერმა და ფინალის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარებულმა მარიო ალბერტო კემპესმა ანგარიში გახსნა. ნიდერლანდელთა კარის დარაჯმა იან იონგბლადმა, რომელიც მეკარეთათვის უჩვეულო ნომრით (8) და ჩვეულებისამებრ, ხელთათმანის გარეშე თამაშობდა, დარტყმა ვერ მოიგერია – 1:0.

82-ე წუთზე ანგარიში გათანაბრდა: დიკ ნანინგამ თავურით შეაგდო – 1:1.

საფინალო სასტვენამდე რამდენიმე წამით ადრე მასპინძლები ტრაგედიას გადაურჩნენ: რენსენბრინკის დარტყმის შემდეგ ბურთი უბალდო მატილდო ფილოლის კარის ძელმა აისხლიტა!

1966 წლის შემდეგ ფინალში პირველად დაინიშნა დამატებითი დრო. და იქ არგენტინამ ორჯერ გაიხარა: 105-ე წუთზე იმავე კემპესმა დუბლი შეასრულა, 115-ე წუთზე კი რიკარდო დანიელ ბერტონიმ მესამედ დააწყებინა მეტოქეს ცენტრიდან თამაში – 3:1.

არგენტინა პირველად გახდა მსოფლიოს ჩემპიონი, ნიდერლანდები კი, თავის მხრივ პირველი გუშინ შეიქნა, ზედიზედ ორი ფინალი რომ დათმო.

ფიფას ოქროს თასის მოგებით არგენტინა ურუგვაის, იტალიის, გფრ-ის, ბრაზილიის და ინგლისის გვერდით დადგა, იმავდროულად კი მხოლოდ მეხუთე მასპინძელი აღმოჩნდა (ურუგვაი 1930, იტალია 1934, ინგლისი 1966, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა 1974), რომლის ნაკრებმაც მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

საუკეთესო ფეხბურთელის და ბომბარდირის ტიტულები გამარჯვებულთა მეათე ნომერს, კემპესს ერგო. ის ჩემპიონთა ერთადერთი ლეგიონერი გახლდათ – ესპანეთში, ვალენსიაში თამაშობდა. უცნაურია, მაგრამ ესპანური კლუბი კემპესს ნაკრებში თამაშის უფლებას არ აძლევდა და მხოლოდ მას შემდეგ დაიხია უკან, რაც არგენტინის ფეხბურთის ფედერაციისგან სრულად მიიღო სადაზღვევო თანხა, 250 ათასი დოლარი.

„ჩემი აზრი თუ გაინტერესებთ, ის მსოფლიო ჩემპიონატი საერთოდ არ უნდა გამართულიყო. საშინელი დღეები გამოიარა ქვეყანამ, ათასობით ადამიანი შეეწირა ხუნტის ხელისუფლებას და ამ დროს კი ჩვენ ფეხბურთს ვთამაშობდით!
ხშირად ამბობენ, რომ პოლიტიკა და ფეხბურთი ერთმანეთში არ უნდა ავურიოთ, მაგრამ ჩვენ, მოთამაშეები, პირველ რიგში სწორედ პოლიტიკური მიზნებისთვის გამოგვიყენეს. მთელი მსოფლიო მხოლოდ იმას ხედავდა, რომ ტრიბუნებზე შეკრებილი ხალხი ფეხბურთით ხარობდა, მაგრამ სტადიონიდან რამდენიმე კილომეტრში ათასობით ადამიანს საკონცენტრაციო ბანაკებში რომ აწამებდნენ, ეს ბევრმა არ იცოდა…
იმ დღეების მსხვერპლთა ცხედრებს, უეცრად გაუჩინარებულ არგენტინელთა ძვლებს დღემდე პოულობენ და ამის შემდეგ თქვენ განსაჯეთ, ღირდა თუ არა მსოფლიო ჩემპიონატის არგენტინაში ჩატარება“, – ლეოპოლდო ლუკეს იმ ძველი ინტერვიუდან.

არგენტინული გაკვეთილები ფიფამ ზედმიწევნით კარგად გაითვალისწინა და მომდევნო მსოფლიო პირველობის წინ ბევრი რამ შეცვალა, მათ შორის ფინალური ეტაპის მონაწილეთა რაოდენობაც – ოთხი წლის შემდეგ მთავარ საფეხბურთო თასს უკვე ოცდაოთხმა გუნდმა შეუტია.

მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში ახალი ეტაპი დაიწყო.

არგენტინა 1978 – ზოგადი ცნობები:

*-უკანასკნელი მსოფლიო ჩემპიონატი, რომელშიც 16 ქვეყნის ნაკრები მონაწილეობდა.
*-უკანასკნელი მსოფლიო ჩემპიონატი, რომლის ჯგუფებში ბოლო ტურის მატჩები განსხვავებულ დროს იწყებოდა.
*-უკანასკნელი მსოფლიო ჩემპიონატი ოთხგუნდა ნახევარფინალური ჯგუფებით.
*-მონაწილეობდა 16 გუნდი (ევროპა – 10; სამხრეთი ამერიკა – 3; ცენტრალური და ჩრდილოეთი ამერიკა – 1; აფრიკა – 1; აზია – 1).
*-38 თამაშში 102 გოლი გავიდა, საშუალოდ მატჩში 2,68.
*-მთლიანი დასწრება – 1 545 791, საშუალოდ მატჩზე 40 679 გულშემატკივარი.

25 ივნისი, 1978. მსოფლიოს XI ჩემპიონატის ფინალი. არგენტინა, ბუენოს აირესი, მონუმენტალი. 71 483
არგენტინა 3:1 (დდ) ნიდერლანდები
გოლები: 1:0 მარიო ალბერტო კემპესი (38), 1:1 დიკ ნანინგა (82), 2:1 მარიო ალბერტო კემპესი (105), 3:1 რიკარდო დანიელ ბერტონი (115)
არგენტინა: უბალდო მატილდო ფილოლი, ოსვალდო სესარ არდილესი (ომარ ლარიოსა 65), რიკარდო დანიელ ბერტონი, ამერიკო რუბენ გალიეგო, ლუის ადოლფო გალვანი, მარიო ალბერტო კემპესი, ლეოპოლდო ლუკე, ხორხე მარიო ოლგუინი, ოსკარ ორტისი (რენე ორლანდო ჰაუსმანი 74), დანიელ ალბერტო პასარელა (კაპ), ალბერტო სესარ ტარანტინი
მწვრთნელი: სესარ ლუის მენოტი
ნიდერლანდები: იან იონგბლადი, იან პოორტვლიე, რუდი კროლი (კაპ), ვიმ იანსენი (ვიმ სუურბიერი 72), არი ჰაანი, რენე ვან დე კერკჰოფი, ვილი ვან დე კერკჰოფი, რობ რენსენბრინკი, იოჰან ნეესკენსი, ჯონი რეპი (დიკ ნანინგა 59), ერნი ბრანდტსი
მწვრთნელი: ერნსტ ჰაპელი (ავსტრია)
გაფრთხილება: რუდი კროლი, ოსვალდო სესარ არდილესი, ომარ ლარიოსა, ვიმ სუურბიერი, იოჰან ნეესკენსი
მსაჯები: სერჯიო გონელა (იტალია); რამონ ბარეტო რუისი (ურუგვაი), ერიხ ლინემაირი (ავსტრია)

საუკეთესო ბომბარდირი:
მარიო ალბერტო კემპესი (არგენტინა)
– 6 გოლი
ტეოფილო კუბილიასი (პერუ), რობ რენსენბრინკი (ნიდერლანდები) – 5 გოლი

საუკეთესო ფეხბურთელი (არაოფიციალური): მარიო ალბერტო კემპესი (არგენტინა)
საუკეთესო ახალგაზრდა (არაოფიციალური): ანტონიო კაბრინი (იტალია)
საუკეთესო მეკარე
(არაოფიციალური): უბალდო მატილდო ფილოლი (არგენტინა)

ტურნირის სიმბოლური ნაკრები (არაოფიციალური)
მეკარე: უბალდო მატილდო ფილოლი (არგენტინა)
მცველები: ალბერტო სესარ ტარანტინი (არგენტინა), დანიელ ალბერტო პასარელა (არგენტინა), რუდი კროლი (ჰოლანდია), ბერტი ფოგთსი (გფრ)
ნახევარმცველები: რობ რენსენბრინკი (ნიდერლანდები), დირსეუ ჟოზე გიმარაეში (ბრაზილია), ტეოფილო კუბილიასი (პერუ)
თავდამსხმელები: მარიო ალბერტო კემპესი (არგენტინა), რობერტო ბეტეგა (იტალია), პაოლო როსი (იტალია)

მსოფლიოს 1978 წლის ჩემპიონი არგენტინის ნაკრები
მეკარეები: 3.ექტორ რუდოლფო ბალეი (ბუენოს აირესის ურაკანი), 5.უბალდო მატილდო ფილოლი (ბუენოს აირესის რივერ პლეიტი), 13.რიკარდო ლა ვოლპე (სან ლორენსო)
მცველები: 7.ლუის ადოლფო გალვანი (კორდობის ტალიერესი), 11.დანიელ კილერი (აველიანედის რასინგი), 15.ხორხე მარიო ოლგუინი (სან ლორენსო), 18.რუბენ პანიანინი (აველიანედის ინდეპენდიენტე), 19.დანიელ ალბერტო პასარელა (ბუენოს აირესის რივერ პლეიტი), 20.ალბერტო სესარ ტარანტინი (უკლუბოდ)
ნახევარმცველები: 1.ნორბერტო ოსვალდო ალონსო (ბუენოს აირესის რივერ პლეიტი), 2.ოსვალდო სესარ არდილესი (ბუენოს აირესის ურაკანი), 4.რიკარდო დანიელ ბერტონი (აველიანედის ინდეპენდიენტე), 6.ამერიკო რუბენ გალიეგო (როსარიოს ნიუელს ოლდ ბოისი), 8.რუბენ გალვანი (აველიანედის ინდეპენდიენტე), 9.რენე ორლანდო ჰაუსმანი (ბუენოს აირესის ურაკანი), 12.ომარ ლარიოსა (აველიანედის ინდეპენდიენტე), 16.ოსკარ ორტისი (ბუენოს აირესის რივერ პლეიტი), 17.მიგელ ოვიედო (კორდობის ტალიერესი), 21.ხოსე დანიელ ვალენსია (კორდობის ტალიერესი), 22.ხოსე რიკარდო რიკი ვილია (აველიანედის რასინგი)
თავდამსხმელები: 10.მარიო ალბერტო კემპესი (ვალენსია, ესპანეთი), 14.ლეოპოლდო ლუკე (ბუენოს აირესის რივერ პლეიტი)
მწვრთნელი: სესარ ლუის მენოტი

 

ლაშა გოდუაძე (2022 წლის 3 სექტემბერი)
ფოტო:
FIFA.com; ინტერნეტი

ka_GEGeorgian