მსოფლიო ჩემპიონატების ისტორია: ბრაზილია 1950
ადოლფ ჰიტლერის გიჟური იდეები ჯერ კიდევ 1938 წელს, საფრანგეთში ჩატარებულ მსოფლიოს მესამე ჩემპიონატზე აისახა და წლების სვლასთან ერთად ვითარება მხოლოდ დამძიმდა: მალე ლამის მთელი დედამიწა ცეცხლის ალში გაეხვა, ცხოვრება გაუსაძლისი გახდა და ფეხბურთისთვისაც არავის ეცალა, მშვენიერმა თამაშმა დროებით დაკარგა აზრი. შესაბამისად, 1942 და 1946 წლებში დაგეგმილი ნიკეს თასის გათამაშებებიც ჩაიშალა.
ომის დასრულების შემდეგ, როცა მსოფლიო გონს მოსვლას ცდილობდა, ლუქსემბურგმა ფიფას კონგრესს უმასპინძლა და სწორედ იქ გადაწყდა, რომ მეოთხე ჩემპიონატს ბრაზილია უმასპინძლებდა. ეს 1946 წლის 25 ივლისს მოხდა.
ევროპის ქვეყნებმა, გასაგები მიზეზით, მასპინძლობისგან თავი შეიკავეს, აზიასა და ჩრდილოეთ ამერიკაში კი საფეხბურთო ინფრასტრუქტურა ჯერ კიდევ არ იყო სათანადოდ განვითარებული. თან, სამხრეთი ამერიკის ჯერი იდგა: 1934 და 1938 წლებში თასი ხომ ევროპაში გათამაშდა.
ბრაზილიელთა სასარგებლოდ ერთმა ფაქტორმაც იმოქმედა: ლუქსემბურგში შეკრებილ ფიფას მესვეურებს დელეგაციის ხელმძღვანელმა მაშადუმ განუცხადა, რომ თუ შეჯიბრება ბრაზილიაში გაიმართებოდა, ხელისუფლება მთელ ხარჯს საკუთარ თავზე აიღებდა და ფინალური ეტაპისთვის რიო დე ჟანეიროში ახალ, თითქმის 200-ათასიან სტადიონსაც ააგებდა!
ბრაზილიელებმა დანაპირები პირნათლად შეასრულეს: ფიფამ ტურნირის საორგანიზაციოდ თანხა არ დახარჯა, დედაქალაქში კი იმ დროისთვის ყველაზე დიდი საფეხბურთო არენა – მარაკანა აშენდა. მასპინძელთა ჩანაფიქრით, 1950 წლის ზაფხულში ბრაზილიელებს სწორედ ამ სარბიელზე უნდა აღემართათ ქალღმერთ ნიკეს ოქროს ქანდაკება. ახალი სტადიონების ასაგებად მათ დღევანდელი კურსით 290 მილიონი დოლარის ექვივალენტი თანხა დახარჯეს, საიდანაც 275 მილიონი მხოლოდ მარაკანას მოხმარდა.
ჩემპიონატში მონაწილეობის სურვილი კვლავ ბევრმა ქვეყანამ გამოთქვა, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგა, არაერთმა – ავსტრია, ბელგია, ჩეხოსლოვაკია, უნგრეთი, სირია, ეკვადორი, პერუ, ბირმა, ფილიპინები – თამაში იუარა. ავსტრიის უარი ნაკრების სისუსტით აიხსნა, რაც შეეხება მსოფლიოს 1934 და 1938 წლების ვიცე-ჩემპიონებს, ჩეხოსლოვაკეთსა და უნგრეთს, ეს ორი ქვეყანა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ რკინის ფარდის მიღმა აღმოჩნდა და მათი უარი მოსკოვიდან იყო ნაკარნახევი.
მეორე მსოფლიო ომში თანამოაზრეები გერმანია და იაპონია ფიფამ საკვალიფიკაციო შეჯიბრებაში არ დაუშვა. იმ დროს გერმანია ორ, აღმოსავლეთ და დასავლეთ ნაწილად იყო გაყოფილი, იაპონიას კი ჯერ კიდევ ფიფას ვალი ემართა. ცნობისათვის: რეორგანიზებული დასავლეთ გერმანიის საფეხბურთო კავშირი ფიფამ 1950 წლის იანვარში მიიღო თავის რიგებში, აღმოსავლეთ გერმანიის ფეხბურთის ფედერაცია კი მხოლოდ 1952 წელს.
ყველაზე დიდი მოულოდნელობა იმ წლების სამხრეთამერიკული ფეხბურთის ფლაგმანის, არგენტინის უარი იყო. შიდა ჩემპიონატში მოთამაშეთა გაფიცვებით და მიგრაციით (ლეგენდარულმა ალფრედო დი სტეფანომ სწორედ იმ პერიოდში დატოვა ბუენოს აირესის რივერ პლეიტი და ფინანსურად მოძლიერებულ კოლუმბიის მილიონარიოსში გადაბარგდა, მოგვიანებით კი კოლუმბიის ნაკრების მაისურიც მოირგო) დასუსტებულმა გუნდმა საკვალიფიკაციო ტურნირისგან შორს დაიჭირა თავი.
ლუქსემბურგის კონგრესი იმითაც იყო ძალიან მნიშვნელოვანი, რომ დიდ საფეხბურთო ოჯახს ბრიტანული ოთხეული დაუბრუნდა: ინგლისი, შოტლანდია, ჩრდილოეთი ირლანდია და უელსი. ფიფასთან კონსულტაციის შემდეგ გადაწყდა, რომ დიდი ბრიტანეთის 1949-50 წლების ჩემპიონატი მსოფლიო პირველობის საკვალიფიკაციო ეტაპიც იქნებოდა და ბრაზილიის საგზურს ჩემპიონი და მეორეადგილოსანი მიიღებდნენ.
პირველი ადგილი ინგლისმა დაიკავა და გუნდი გაემგზავრა კიდეც ოკეანის გაღმა, შოტლანდიამ კი, მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურად მოიპოვა ფინალური ეტაპის საგზური, ბრაზილიაში თამაშზე უარი განაცხადა.
საბოლოო ჯამში თექვსმეტი ფინალისტიდან მხოლოდ ცამეტმა ითამაშა ჯგუფურ ეტაპზე. შოტლანდიელთა გარდა კიდევ ორი მონაწილე არ ესტუმრა სამხრეთი ამერიკის უდიდეს ქვეყანას – თურქეთი და ინდოეთი.
აზიის ერთადერთმა წარმომადგენელმა, რომელმაც ბრაზილიის საგზური ბირმის და ფილიპინების უარის გამო უთამაშებლად მიიღო, სამხრეთ ამერიკაში ჩასვლა სულ ბოლოს იუარა. საქმე ისაა, რომ ინდოელები ბუცების გარეშე, ფეხშიშველი თამაშს აპირებდნენ, ისევე როგორც 1948 წელს, ლონდონის ოლიმპიადაზე. ფიფამ მათ ამის ნება არ დართო. ინდოეთის ნაკრების კაპიტანი საილენ მანა ამბობდა, რომ ფიფას ახალი წესი არაფერ შუაში იყო და გუნდმა სხვა მიზეზით იუარა მონაწილეობა, თუმცა ყველა ხვდებოდა, რომ ინდოელები ტურნირს მხოლოდ ამ მიზეზით უცხადებდნენ პროტესტს…
მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე მცირე ხნით ადრე ფიფამ გამოთავისუფლებული ადგილების შესავსებად ირლანდიის, პორტუგალიის და საფრანგეთის ნაკრები გუნდები მიიპატიჟა. პირველმა ორმა მონაწილეობა იუარა, ფრანგებმა კი თანხმობა განაცხადეს. წილისყრით მათ მეოთხე ჯგუფში უნდა ეასპარეზათ ურუგვაის და ბოლივიის მხარდამხარ, თუმცა სულ ბოლო მომენტში საფრანგეთიც განზე გადგა…
ფინალური ეტაპი
საორგანიზაციო კომიტეტის ინიციატივით და ფიფას თანხმობით, შეჯიბრების ფორმატი კიდევ ერთხელ შეიცვალა: ოლიმპიური სისტემის ნაცვლად მონაწილეები ოთხ ჯგუფში განაწილდნენ. მთავარი თასისთვის ბრძოლას მხოლოდ ჯგუფის გამარჯვებულები აგრძელებდნენ, ისიც ფინალურ ოთხეულში და არა ფლეი ოფში.
ფინალური ეტაპის წილისყრა რიო დე ჟანეიროში შედგა 1950 წლის 30 აპრილს.
ნიკეს თასის მოსაპოვებლად ბრაზილიაში ცამეტი გუნდი შეიკრიბა. მათ შორის იყო ბოლო ორი ჩემპიონატის ტრიუმფატორი იტალიაც, რომელსაც ჯერ კიდევ ომამდე დამტკიცებული წესდებით, ფინალური ეტაპის საგზური ავტომატურად ერგო.
აპენინელები ბრაზილიას შესუსტებული შემადგენლობით ესტუმრნენ. ამის მიზეზი ერთი წლით ადრე, 1949 წელს ტურინში დატრიალებული ტრაგედიაა – მეორე მსოფლიო ომის შემდგომი წლების იტალიის ფეხბურთის ლიდერი ტორინო, რომლის ფეხბურთელებიც შეადგენდნენ კიდეც ნაკრების ბირთვს, ავიაკატასტროფაში დაიღუპა. გუნდი პორტუგალიიდან ბრუნდებოდა, ტურინს მიახლოებული თვითმფრინავი კი სუპერგას მთაზე მდგარ ბაზილიკას შეასკდა. ვერავინ გადარჩა…
ჩემპიონატის მასპინძელი ბრაზილია პირველ ჯგუფში მოხვდა იუგოსლავიის, შვეიცარიის და მექსიკის ნაკრებ გუნდებთან ერთად.
ბრაზილიელებმა პირველივე შეხვედრა დიდი უპირატესობით მოიგეს: ფლავიო კოსტას გუნდმა მექსიკას შანსი არ დაუტოვა – 4:0! სწორედ ამ მატჩში შედგა სახელგანთქმული მექსიკელი მეკარის, ანტონიო კარბახალის დებიუტი უდიდეს საფეხბურთო შეჯიბრებაში. კარბახალი დღემდე ერთადერთი გოლკიპერია, რომელმაც მსოფლიოს ხუთ ჩემპიონატზე ითამაშა.
ბოლო ტურის წინ ბრაზილია იუგოსლავიას ქულით ჩამორჩებოდა. ევროპელებს ფრეც ხელს აძლევდათ, მაგრამ მასპინძლებმა მძიმე მატჩი 2:0 მოიგეს და ფინალურ ოთხეულში თამაშის უფლებაც მოიპოვეს.
მეორე დღეს, 2 ივლისს, პორტუ ალეგრეში მექსიკას და შვეიცარიას უნდა ეთამაშათ. აღმოჩნდა, რომ ორივე გუნდს მხოლოდ წითელი ფორმა ჰქონდა. ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაციის წარმომადგენელმა მონეტა ააგდო და წითელი ფორმით თამაში მექსიკელებს დაევალათ, თუმცა დელეგაციის ხელმძღვანელმა კეთილი ნება გამოიჩინა და ეს უფლება ევროპელებს გადაულოცა, თავად კი პორტუ ალეგრეს საფეხბურთო კლუბ კრუზეირუდან ინათხოვრა ლურჯ-თეთრი მაისურები…
ჩემპიონატის ფავორიტად ითვლებოდა ინგლისის ნაკრები, რომელმაც მცირე ხნით ადრე ევროპის რჩეული ფეხბურთელებისგან დაკომპლექტებული გუნდი 6:1 გაანადგურა. ბრიტანელები ბრაზილიას საუკეთესო შემადგენლობით ეწვივნენ: ლეგენდარული სერ სტენლი მეტიუზი, შეუდარებელი სტენლი მორტენსენი, ბრწყინვალე ბილი რაიტი, სახელგანთქმული ალფ რემსი (გაივლის წლები და ინგლისი დღემდე ერთადერთ ტიტულს სწორედ მისი ხელმძღვანელობით მოიგებს), ფინტების მეფედ აღიარებული ტომ ფინეი…
ინგლისელებმა ჩილესთან ადვილად გაიმარჯვეს – 2:0. მეორე ტურში, ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრებთან დაპირისპირებაში კი, არათუ ბრაზილია 1950-ის, ზოგადად, ჩემპიონატების ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოულოდნელობა დაფიქსირდა: ამერიკამ ჯო გაეტიენსის ერთადერთი გოლით გაიმარჯვა! მატჩის წინ ბრიტანული პრესა ამერიკელებს აქილიკებდა, ინგლისელები წერდნენ, რომ მსოფლიოში ფეხბურთს ყველაზე ცუდად ესკიმოსები და ამერიკელები თამაშობენ… და უცბად – 0:1!
დღეს ლეგენდასავით ჰყვებიან, რომ ერთ-ერთი ლონდონური გაზეთის ჟურნალისტმა, როცა მატჩის ანგარიში ელვა-წერილით შეიტყო, ჩათვალა, რომ ინგლისმა 10:1 გაიმარჯვა და ნულის წინ ერთიანი შემთხვევით წაიშალა. ამიტომაც, მისმა გამოცემამ მეორე დილით თანამემამულეებს ინგლისელთა 10:1 გამარჯვება ახარა…
იმ თამაშის იტალიელი არბიტრი ჯენეროსო დატილიო წლების შემდეგ იტყვის: „მე რომ შეხვედრის მსაჯი არ ვყოფილიყავი, შედეგს ვერაფრით დავიჯერებდი“.
ამ ჯგუფიდან ფინალურ ოთხეულში თამაშის უფლება ესპანეთმა მოიპოვა, რომელმაც ყველა შეხვედრა მოიგო. პირენელებმა ბოლო ტურში ინგლისს ბილბაოს ატლეტიკის ლეგენდარული ბასკი ფორვარდის, ტელმო სარას ერთადერთი ზუსტი დარტყმით სძლიეს. ეს თამაში მარაკანაზე შედგა, სარა კი, ლეო მესის გამოჩენამდე, პრიმერადივიზიონის ყველა დროის საუკეთესო გოლეადორი გახლდათ…
ინდოეთის ნაკრების დისკვალიფიკაციის გამო მესამე ჯგუფში სამმა გუნდმა იასპარეზა: 25 ივნისს, პირველივე ტურში, შვედებმა დიდი გაჭირვებით მოუგეს იტალიელებს – 3:2, ოთხ დღეში პარაგვაისთან ფრედ ითამაშეს და პირველი ადგილი გაინაღდეს. მსოფლიოს ჩემპიონმა კი ჯგუფური ეტაპი ვერ დაძლია – სკუადრა აძურამ 2 ივლისს არაფრის მომცემ შეხვედრაში პარაგვაის 2:0 აჯობა.
რაც შეეხება ბოლო, მეოთხე ჯგუფს, თურქეთის და შოტლანდიის უარის შემდეგ იქ მხოლოდ ერთი შეხვედრა შედგა: მსოფლიოს პირველმა ჩემპიონმა ურუგვაიმ, რომელიც 1930 წლის შემდეგ დაუბრუნდა ტურნირს, ბოლივია მიწასთან გაასწორა – 8:0…
ფინალური ოთხეულის თამაშები 9 ივლისს დაიწყო: ბრაზილიამ რიო დე ჟანეიროში, 138 886 მაყურებლის თვალწინ 7:1 გაანადგურა შვედეთი (სელესაოს ლიდერმა ადემირ მარკეშ დე მენეზესმა პოკერი შეასრულა), სან პაულუში ურუგვაის და ესპანეთის ნაკრებთა პაექრობა კი 2:2 დასრულდა.
13 ივლისს მეორე ტურის შეხვედრები შედგა. მასპინძლებმა ესპანეთთან კვლავ მარაკანაზე ითამაშეს და ამჯერად 152 772 მაყურებლის თვალწინ არ დაინდეს მეტოქე – 6:1. რაც შეეხება სან პაულუში, პაკაემბუზე გამართულ მატჩს, ურუგვაიმ შვედეთი დიდი ძალისხმევით დაამარცხა – 3:2. თამაშს მხოლოდ 7 987 ქომაგი დაესწრო…
IV ჩემპიონატის ტრიუმფატორი უკანასკნელ ტურში უნდა გარკვეულიყო: ბრაზილია ქულით უსწრებდა ურუგვაის და ნანატრი თასის მოსაგებად ფრეც ჰყოფნიდა, თუმცა ყაიმზე არათუ ფეხბურთელები და მწვრთნელები, რიგითი ბრაზილიელებიც არ ფიქრობდნენ – მხოლოდ გამარჯვება, ისიც შთამბეჭდავი, გამანადგურებელი!
და სანამ ამ თამაშზე დავწერ, პარალელურად სან პაულუში დაწყებულ შვედეთისა და ესპანეთის პაექრობის შესახებ გეტყვით – სკანდინავიელებმა 3:1 გაიმარჯვეს და მესამე ადგილი გაინაღდეს.
გადამწყვეტი მატჩი
1950 წლის 16 ივლისს ბრაზილია ძალიან დიდხანს ელოდა. ყველაფერი მზად იყო, რომ ხალხს მსოფლიო ჩემპიონობა სათანადოდ აღენიშნა. ეჭვი არავის ეპარებოდა, რომ ფლავიო როდრიგეს და კოსტას გუნდი ურუგვაისაც შავ დღეს დააყრიდა.
რიგითი ბრაზილიელების გულებში მათი საყვარელი ფეხბურთელები ჩემპიონები იყვნენ, უბრალოდ, ტიტულის ოფიციალურად გაფორმებას ერთი მატჩი, სულ რაღაც საათნახევარი უკლდა. ამის დასტურია თუნდაც ის, რომ ზიზინიომ, რომელსაც ესპანელებთან გამარჯვების შემდეგ ჟურნალისტებმა ფეხბურთის ლეონარდო და ვინჩი შეარქვეს, გადამწყვეტი თამაშის დღეს გუნდის უამრავი საფოსტო ბარათი დაამშვენა ავტოგრაფით „მსოფლიოს ჩემპიონები“.
თამაში, რომელსაც 173 850 მაყურებელი დაესწრო (სხვა ვერსიით ორას ათასზე მეტი) კარგად დაიწყო, მეორე ტაიმი კი უბრალოდ დიდებულად: 47-ე წუთზე სან პაულუს თავდამსხმელმა ალბინო ფრიასა კარდოსომ ნანატრი გოლი გაიტანა – 1:0!
მაგრამ 66-ე წუთზე ურუგვაელებმა გაათანაბრეს: ლეგენდარულმა ხუან ალფრედო სკიაფინომ ზუსტად დაარტყა – 1:1.
გადაჭედილ მარაკანაზე ურუგვაელთა გოლი შემთხვევითობად აღიქვეს, მაგრამ როცა 79-ე წუთზე ალსიდეს ედგარდო გიჯამ მეორედ შეარხია მოაკირ ბარბოსას კარის ბადე, სტადიონზე სამარისებური სიჩუმე ჩამოწვა.
თერთმეტ წუთში მატჩიც დასრულდა: ურუგვაიმ 2:1 მოიგო და მეორედ გახდა პლანეტის უძლიერესი გუნდი.
არავის დაუთვლია, თუმცა ცნობილია, რომ ინგლისელი არბიტრის ჯორჯ რიდერის საფინალო სასტვენის შემდეგ არაერთმა სასოწარკვეთილმა ბრაზილიელმა თავი მოიკლა, ბევრს კი უბრალოდ გულმა უმტყუნა.
შესანიშნავ წიგნში „ზღაპარი, სახელად ფეხბურთი“ არგენტინის ნაკრების ვეტერანი ფორვარდი, მსოფლიოს 1986 წლის ჩემპიონი ხორხე ვალდანო მარაკანაზე გამართულ იმ მატჩს გამორჩეულ ადგილს უთმობს:
„1950 წლის 16 ივლისს ურუგვაელებმა მოახდინეს ის, რასაც შემდგომში მარაკანაზო ეწოდა.
უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ ბრაზილიელებმა ანგარიში გახსნეს, მაგრამ ობდულიო ვარელამ, მამაცმა მულატმა, კაპიტანმა და გუნდის სულიერმა ლიდერმა, თითქოს საკუთარ მხრებზე შეისვა მთელი ურუგვაის ნაკრები და დაუვიწყარ გამარჯვებამდე მიიყვანა – გოლები სკიაფინომ და გიჯამ გაიტანეს…
ვარელამ თანაგუნდელთა გამხნევება ერთი დღით ადრე, 15 ივლისს დაიწყო, როცა ქუჩაში გასულმა გაზეთი ო მუნდო გადაშალა და ბრაზილიის ნაკრების უზარმაზარი ფოტო დაინახა წარწერით „მსოფლიოს ჩემპიონები“. ვარელამ ბრაზილიაში ურუგვაის კონსულს მანუელ კაბალიეროს სთხოვა ო მუნდოს ოცი ეგზემპლარი ეყიდა და ფეხბურთელებისთვის დაერიგებინა. ასეც მოხდა. ბაზაზე შეკრებილ თანაგუნდელებს კი კაპიტანმა გაზეთი გააშლევინა, მეტოქეზე მიუთითა და ხმამაღლა თქვა: ვწუხვარ სენიორებო, თქვენ უკვე წააგეთ! შემდეგ მან ბიჭებს ბრაზილიის ნაკრების ფოტოს ამოხევა და უნიტაზში ჩარეცხვა სთხოვა…
ოცდაათი წლის შემდეგ, მარაკანაზოს გახსენებისას, ვარელა იტყვის: „ის შეხვედრა ასჯერ რომ გადათამაშებულიყო, ალბათ ასჯერვე წავაგებდით. მაგრამ ურუგვაელები წინასწარ არავის ნებდებიან“!
პოპულარული იტალიური გამოცემა გაძეტა დელო სპორტი ფინალის ტოლფასი მატჩის წინ ბრაზილიელთა შესახებ წერდა: „ამ ნაკრებში შერწყმულია მეცნიერება, ხელოვნება, ბალეტი და, თქვენ წარმოიდგინეთ, ცირკიც კი“!
ბრაზილიელთა შორის საუკეთესო თომას სუარეშ და სილვა ზიზინიოს ჟურნალისტები ლეონარდო და ვინჩის ადარებდნენ, რომელიც მარაკანას „გრანდიოზულ მწვანე ტილოზე უნაკლო შედევრებს ქმნიდა“. ჩემპიონატის დასრულების შემდეგ რეპორტიორებმა ის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს…
ისევ ვალდანოს წიგნს დავესესხები: „ბრაზილიელები თამაშამდე კარგა ხნით ადრე შევიდნენ გასახდელში. სრული სიჩუმე სუფევდა. ვარსკვლავები ისვენებდნენ და განწყობას იქმნიდნენ. მერე ნელ-ნელა დაიწყეს ბუცების გამოცვლა, ზოგიერთი კი ბუტბუტით ლოცულობდა… დაძაბულობა შიშის ზღვარს უახლოვდებოდა… მალე ფლავიო როდრიგეს და კოსტამ, მასპინძელთა გამოცდილმა მწვრთნელმა შეგირდებს ერთადერთი რამ სთხოვა – გამორიცხული არაფერია და თუ მაინც მოხდა, გთხოვთ პროვოკაციებს არ აჰყვეთო…
მათი მეტოქეები კი გასახდელში იმ ჯარისკაცებს ჰგავდნენ, რომლებიც მზად არიან სიმართლეს თავი შესწირონ. უკან დახევა? გამორიცხულია!
მოედანზე გასვლის წინ, გვირაბში, ვარელამ პარტნიორებს შეახსენა, რომ ისინი ნამდვილი კაცები არიან: „ყურადღებას ნუ მიაქცევთ ტრიბუნებს, რადგან მთავარი ამბები ქვევით, მინდორზე დატრიალდება. იქ კი თერთმეტი თერთმეტზე ვიქნებით“! თანაგუნდელებმა თავი დაუქნიეს და იმ ოცდასამ საფეხურს აუყვნენ, რომლის ბოლოშიც მდუღარე მარაკანა იშლებოდა…
დაახლოებით სამის ნახევარი იყო. მოედანზე ჯერ მასპინძლები გავიდნენ, მერე – სტუმრები. სტადიონი, ცხადია, გადაჭედილი იყო და როგორც ამბობენ, მას მერე მარაკანაზე ამდენი ადამიანი არასდროს შეკრებილა. ფოტოგრაფთა უზარმაზარი არმია ძირითადად ბრაზილიელთა გადაღებით იყო დაკავებული, რაც მალევე შენიშნა ვარელამ და ფოტოკორესპონდენტებს დაუყვირა: „ჩვენ გადაგვიღეთ, ჩემპიონები ჩვენ გავხდებით“!
ამის შემდეგ წინასამატჩო პროტოკოლით გაუთვალისწინებელი რამ მოხდა. რიო დე ჟანეიროს ფედერალური ოლქის პრეფექტმა, გენერალმა ანჟელო მენდეშ დე მორაეშმა მიკროფონში იღრიალა: „თქვენ, ბრაზილიელებს, ჩემპიონებად მიგიჩნევთ! თქვენ ამ წოდებას ორიოდ საათში მიიღებთ და უზომოდ გაახარებთ მილიონობით თანამემამულეს! თქვენ ბადალი არ გყავთ მსოფლიოში, ყველაზე ძლიერები ხართ და მოგესალმებით, როგორც ტრიუმფატორებს“!
დე მორაეშმა ამდენის უფლება თავს იმიტომ მისცა, რომ მსოფლიო პირველობის ერთ-ერთი მესვეური გახლდათ და 1948 წლის 2 აგვისტოს თავადვე ჩადო პირველი აგური მარაკანას საძირკველში…
მერე იყო წინასამატჩო წილისყრა, რომელშიც ვარელა და ბრაზილიელთა გუნდისთავი აუგუსტო და კოსტა მონაწილეობდნენ. წინა შეხვედრებში არჩევანის უფლება ყოველთვის ბრაზილიელებს რჩებოდათ, თუმცა ამჯერად ასე არ მოხდა და სტუმართა კაპიტანმაც პირველი დარტყმა მიაყენა მოწინააღმდეგეს – ის ნახევარი აირჩია, სადაც ყოველთვის ბრაზილია იწყებდა თამაშს. და მერე ისე, რომ ინგლისელი არბიტრისთვის ხელიც არ ჩამოურთმევია, ვარელა თავის ნახევარზე დადგა…
მომდევნო ორმოცი წლის განმავლობაში ზიზინიო ერთსა და იმავეს იმეორებდა: „არ იყო ჩვენი დღე… ორი წლით ადრე, ორი თვის ან თუნდაც ორი დღის შემდეგ რომ შევხვედროდით ურუგვაელებს, გავაცამტვერებდით“!
…66-ე წუთი იდგა, როდესაც ობდულიო ვარელამ ხულიო პერესის კარგი გადაცემა მიიღო და გარღვევაზე გაიყვანა ალსიდეს გიჯა. ლამის ორასი ათასი ტორსედორესი შეშფოთებული უყურებდა თუ როგორ ჩაირბინა ურუგვაელმა პირით ხაზამდე. იმავდროულად საჯარიმოში შეიჭრა ხუან ალბერტო სკიაფინო, რომლის მოძრაობაც გიჯამ დროულად შენიშნა და მილიმეტრებში გამოზომილი პასი მისცა.
გოლი!
1:1!
ურუგვაიმ ანგარიში გაათანაბრა!
გაგიჟებული სტუმრები ერთმანეთს ეხვეოდნენ. საერთო ზეიმში მხოლოდ ვარელა არ მონაწილეობდა – კაპიტნისთვის ეს ჯერ კიდევ ცოტა იყო!
მატჩი ხელახლა დაიწყო, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ მარაკანა სიჩუმეში იყო ჩაფლული. ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაციის პრეზიდენტი რივადავია კორეია მაიერი იხსენებდა: „კოღოს ზუზუნიც კი ისმოდა! საშინელ სიჩუმეს მარტო მსაჯის სასტვენის ხმა და ვარელას ღრიალი არღვევდა“.
როცა ხუთ საათს ოცდაორი წუთი აკლდა, გიჯამ მინდვრის შუაგული გადაკვეთა, პერესთან კედელი გაითამაშა და თავის ფრთაზე გაიჭრა. მისი შეჩერება ჟოაუ ფერეირა ბიგოდემ ვერ შეძლო, თანაგუნდელის დასახმარებლად დაძრულმა ცენტრალურმა მცველმა, კაპიტანმა აუგუსტომ კი დაიგვიანა: გარემარბი კვლავ პირით ხაზთან აღმოჩნდა, მეკარე ბარბოსამ იფიქრა, რომ როგორც პირველი გოლისას, გიჯა კვლავ კარის გასწვრივ ჩააწვდიდა…
ბარბოსა მწარედ შეცდა: ურუგვაელმა პირდაპირ კარში დაარტყა. ბურთი ახლო კუთხეში შევარდა – 1:2!
„რას წარმოვიდგენდი, რომ ფეხის ერთი მოქნევით ორი ქვეყნის, ურუგვაის და ბრაზილიის ისტორიაში დავიმკვიდრებდი ადგილს“, – უთხრა გიჯამ გაზეთ ო გლობოს 1981 წელს და დასძინა: „მხოლოდ სამმა ადამიანმა დაადუმა მარაკანა – ფრენკ სინატრამ, რომის პაპმა და… მე“!
ურუგვაის ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული ოთხი თამაშით მოიგო და ალსიდეს გიჯამ ყველა შეხვედრაში გაიტანა გოლი. ის გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც ერთ უდიდეს საფეხბურთო ტურნირზე თავისი გუნდის ყველა მატჩში გამოიჩინა თავი. ეს საინტერესო მიღწევა მას შემდეგ მხოლოდ ორმა გაიმეორა – ფრანგმა ჟიუსტ ფონტენმა 1958 წელს და ლეგენდარულმა ჟაირზინიომ 1970-ში…
დარჩენილ წუთებს სკიაფინო ასე აღწერდა: „ცხოვრებაში პირველად მესმოდა სიჩუმის ხმა! და მეგონა, რომ სამყაროს დასასრულის დრო იდგა“.
გიჯას გოლის შემდეგ თერთმეტი წუთი იყო დარჩენილი, ურუგვაელები კი შეტევაზე აღარც ფიქრობდნენ. თავის მხრივ, ბრაზილიელები ყველაფერს აკეთებდნენ წონასწორობის აღსადგენად, როკე გასტონ მასპოლის კართან რამდენიმე სახიფათო მომენტიც შექმნეს, მაგრამ ურუგვაელთა მეკარე შეუვალი იყო.
და როცა მსაჯის სასტვენის ხმა გაისმა, ორმოცდათორმეტი მილიონი ბრაზილიელი გლოვამ მოიცვა!
ბრაზილიის ნაკრების მეკარე მოაკირ ბარბოსა, ვინც მარცხის მთავარ მიზეზად მოინათლა, წლების შემდეგ იტყვის:„მზადდებოდა კურთხევის საზეიმო ცერემონია, მაგრამ მოულოდნელად მეფემ სული განუტევა“.
ბარბოსა ცამდე მართალი იყო. დღესასწაულისთვის მზად იყო ჰიმნი, საპატიო ყარაული, ძლიერთა ამა სოფლისათა მგზნებარე სიტყვები, მაგრამ როდესაც გვირაბიდან ფიფას ფრანგი პრეზიდენტი ჟიულ რიმე ქალღმერთ ნიკეს ოქროს თასით გამოვიდა, მოედანზე არც მიკროფონი იყო, არც საპატიო ყარაული და არც ორკესტრი.
თავის მემუარებში ჟიულ რიმე წერს: „1950 წლის 16 ივლისს მარაკანაზე ყველაფერი გათვალისწინებული იყო ურუგვაელთა ტრიუმფის გარდა“.
ბრაზილიელმა მწერალმა ჟოზე მასიმომ თქვა: „გიჯას გოლმა ბრაზილიელთა ცხოვრება ორ ნაწილად გახლიჩა“, მისმა არანაკლებ სახელოვანმა კოლეგამ პაულო პედრიგამომ კი წიგნში „ერთი მარცხის ანატომია“, ასეთი სიტყვები დაწერა:
„1950 წლის 16 ივლისი უმნიშვნელოვანესი თარიღია თანამედროვე ბრაზილიის ისტორიაში. 1950 წლის 16 ივლისი ესაა ვატერლოო ტროპიკებში, კერპთა დაცემა“.
ბრაზილია 1950 – ზოგადი ცნობები:
*-ერთადერთი მსოფლიო ჩემპიონატი, რომელსაც არ ჰქონდა ნახევარფინალები და ფინალი.
*-პირველი მსოფლიო ჩემპიონატი, რომელშიც მასპინძელი გადამწყვეტ მატჩში დამარცხდა.
*-ფიფას პრეზიდენტის პოსტზე ჟიულ რიმეს 25-წლიანი მოღვაწეობის საპატივცემულოდ, პირველად სწორედ ამ ტურნირის დროს უწოდეს ნიკეს ოქროს თასს ჟიულ რიმეს თასი. წარწერა ჩემპიონატის ოფიციალურ პლაკატზეც გამოისახა.
*-ურუგვაელი ალსიდეს გიჯა გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ყველა მატჩში გაიტანა გოლი. ეს უცნაური მიღწევა მას შემდეგ მხოლოდ ორმა ფეხბურთელმა გაიმეორა. იგულისხმება მხოლოდ ის გუნდები, რომლებმაც ფინალში ან მესამე ადგილისთვის შეხვედრაში ითამაშეს.
*-მონაწილეობდა 13 გუნდი (ევროპა – 6; სამხრეთი ამერიკა – 5; ცენტრალური და ჩრდილოეთი ამერიკა – 2).
*-22 თამაშში 88 გოლი გავიდა, საშუალოდ მატჩში 4.
*-მთლიანი დასწრება – 1 045 246, საშუალოდ მატჩზე 47 511 გულშემატკივარი.
*-პირველი მსოფლიო ჩემპიონატი, სადაც მილიონზე მეტი ბილეთი გაიყიდა. საშუალო დასწრებით კი ბრაზილია 1950 სარეკორდო იყო 1994 წლამდე.
16 ივლისი, 1950. მსოფლიოს IV ჩემპიონატის გადამწყვეტი მატჩი. ბრაზილია, რიო დე ჟანეირო, მარაკანა. 173 850
ურუგვაი 2:1 ბრაზილია
გოლები: 0:1 ალბინო ფრიასა კარდოსო (47), 1:1 ხუან ალბერტო სკიაფინო (66), 2:1 ალსიდეს გიჯა (79)
ურუგვაი: როკე გასტონ მასპოლი, ალსიდეს გიჯა, ხუან ალბერტო სკიაფინო, ობდულიო ვარელა (კაპ), ვიქტორ როდრიგეს ანდრადე, შუბერტ გამბეტა, მატიას გონსალესი, ოსკარ მიგესი, რუბენ მორანი, ხულიო პერესი, ეუსებიო ტეხერა
მწვრთნელი: ხუან ლოპეს ფონტანა
ბრაზილია: მოაკირ ბარბოსა, ჟოზე კარლუშ ბაუერი, ადემირ მარკეშ დე მენეზესი, აუგუსტო და კოსტა (კაპ), ალბინო ფრიასა კარდოსო, ჟუვენალ ამარიო, დანილო ალვინი, ჟოაუ ფერეირა ბიგოდე, თომას სუარეშ და სილვა ზიზინიო, ჟაირ და როსა პინტო, ფრანსისკუ არამბურუ ჩიკო
მწვრთნელი: ფლავიო როდრიგეს და კოსტა
მსაჯები: ჯორჯ რიდერი (ინგლისი); არტურ ელისი (ინგლისი), ჯორჯ მიჩელი (შოტლანდია)
საუკეთესო ბომბარდირი:
1.ადემირ მარკეშ დე მენეზესი (ბრაზილია) – 9 გოლი
2.ოსკარ მიგესი (ურუგვაი) – 5
3.ფრანსისკო არამბურუ ჩიკო (ბრაზილია) და ესტანისლაუ ბასორა (ესპანეთი) – 4
საუკეთესო ფეხბურთელი (არაოფიციალური): თომას სუარეშ და სილვა ზიზინიო (ბრაზილია)
საუკეთესო მეკარე (არაოფიციალური): როკე გასტონ მასპოლი (ურუგვაი)
ტურნირის სიმბოლური ნაკრები (არაოფიციალური)
მეკარე: როკე გასტონ მასპოლი (ურუგვაი)
მცველები: ვიქტორ როდრიგეს ანდრადე (ურუგვაი), ერიკ ნილსონი (შვედეთი), ხოსე პარა (ესპანეთი)
ნახევარმცველები: ობდულიო ვარელა (ურუგვაი), ალსიდეს გიჯა (ურუგვაი), ჟოზე კარლუშ ბაუერი (ბრაზილია), ჟაირ და როსა პინტუ (ბრაზილია)
თავდამსხმელები: ხუან ალბერტო სკიაფინო (ურუგვაი), თომას სუარეშ და სილვა ზიზინიო (ბრაზილია), ადემირ მარკეშ დე მენეზესი (ბრაზილია)
მსოფლიოს 1950 წლის ჩემპიონი ურუგვაის ნაკრები
მეკარეები: 1.როკე გასტონ მასპოლი (პენიაროლი), 1.ანიბალ პასი (ნასიონალი)
მცველები: 2.მატიას გონსალესი (სერო), 3.ეუსებიო ტეხერა (ნასიონალი), 4.შუბერტ გამბეტა (ნასიონალი), 4.ხუან კარლოს გონსალესი (პენიაროლი), ვილიამ მარტინესი (რამპლა ხუნიორსი), ექტორ ვილხესი (სერო)
ნახევარმცველები: 5.ობდულიო ვარელა (პენიაროლი), 6.ვიქტორ როდრიგეს ანდრადე (სენტრალი), ვაშინგტონ ორტუნიო (პენიაროლი), როდოლფო პინი (ნასიონალი)
თავდამსხმელები: 7.ალსიდეს გიჯა (პენიაროლი), 8.ხულიო პერესი (რივერ პლეიტი), 9.ოსკარ მიგესი (პენიაროლი), 10.ხუან ალბერტო სკიაფინო (პენიაროლი), 11.რუბენ მორანი (სერო), ხულიო სესარ ბრიტოსი (პენიაროლი), ხუან ბურხუენო (დანუბიო), ლუის რიხო (სენტრალი), კარლოს რომერო (დანუბიო), ერნესტო ვიდალი (პენიაროლი)
მთავარი მწვრთნელი: ხუან ლოპეს ფონტანა
ლაშა გოდუაძე (2022 წლის 8 ივლისი)
ფოტო: FIFA.com; ინტერნეტი