მსოფლიო ჩემპიონატების ისტორია: ბრაზილია 2014

ბრაზილია, არგენტინა, კოლუმბია, ავსტრალია, ამერიკის შეერთებული შტატები და იორდანია-ერაყი ერთობლივად – 2014 წელს დაგეგმილი ჩემპიონატის მასპინძლობის სურვილი ამ ქვეყნებმა გამოთქვეს, თუმცა ფიფას შვეიცარიელი პრეზიდენტის იოზეფ ბლატერის განცხადების შემდეგ, ტურნირი აუცილებლად სამხრეთ ამერიკაში ჩატარდებაო, ფინალური კენჭისყრისთვის ბრძოლას მხოლოდ ამ კონტინენტის ქვეყნები შემორჩნენ.

2007 წლის გაზაფხულზე სამი შესაძლო მასპინძლიდან მხოლოდ ბრაზილიის პროექტი განიხილებოდა. ქვეყნის პრეზიდენტთან, ლუის ინასიო ლულა და სილვასთან მორიგი შეხვედრის შემდეგ, ბლატერმა განაცხადა: „ბრაზილია დიდი საფეხბურთო და სპორტული ტრადიციების ქვეყანაა. ის იმსახურებს ყველაზე მნიშვნელოვანი შეჯიბრების მასპინძლობას, თუმცა ხელისუფლებამ უნდა იცოდეს, რომ ფიფა სრულყოფილ ინფრასტრუქტურას და ზუსტად გაწერილ სამოქმედო გეგმას ითხოვს. ახლა ბურთი ბრაზილიის მოედანზეა. იმედია ეს ლამაზი და საოცარი ქვეყანა ამ შანსს სათანადოდ გამოიყენებს“.

იმავე წლის 31 ივლისს ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაციის პრეზიდენტი რიკარდო ტეიშეირა, რომელიც ჩემპიონატის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარეც გახლდათ, ფიფას ხელმძღვანელებს შვეიცარიაში ეწვია და წინასწარი პროექტი წარუდგინა. პირველადი გეგმა ოცამდე ქალაქის სატრანსპორტო სისტემის (მათ შორის აეროპორტების), სასტუმროების, გზების და, რა თქმა უნდა, სტადიონების სრულ განახლებას ითვალისწინებდა.

ბრაზილიელთა პროექტის შესწავლა-ანალიზს მსოფლიო ფეხბურთის მამებმა დიდი დრო დაუთმეს, 2007 წლის 30 ოქტომბერს კი, კენჭისყრის შემდეგ, იოზეფ ბლატერმა დაადასტურა, რომ 2014 წელს ჩემპიონატი ბრაზილიაში ჩატარდებოდა. კონტინენტის უდიდეს ქვეყანას ოქროს თასის გათამაშება 64-წლიანი შესვენების შემდეგ ხვდა წილად – ბრაზილიამ 1950 წელს პირველად უმასპინძლა შეჯიბრებას, არგენტინა 1978-ის შემდეგ კი ტურნირი პირველად ეწვია ამ კონტინენტს.

მალევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბრაზილია 2014 ყველაზე ძვირადღირებული მსოფლიო პირველობა იქნებოდა. ითქვა სავარაუდო დანახარჯის შესახებაც – 14 მილიარდი აშშ დოლარი! აქედან 3,6 მილიარდი მხოლოდ სტადიონების აგება-რეკონსტრუქციის ღირებულება იყო, რადგან 2007 წლისთვის ერთი სარბიელიც ვერ აკმაყოფილებდა ფიფას მოთხოვნებს. მზადების პროცესში საორგანიზაციო კომიტეტმა განაცხადა, რომ საერთო ბიუჯეტიდან დაახლოებით 900 მილიონი დოლარი სტუმართა უსაფრთხოებას მოხმარდებოდა.

შესარჩევ ტურნირში არნახულად ბევრი, 207 ქვეყნის ნაკრები ჩაერთო. საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩი 2011 წლის 15 ივნისს გაიმართა მონსერატის და ბელიზის ნაკრებ გუნდებს შორის, პირველი ქვეყანა კი, რომელმაც ბრაზილიის საგზური მოიპოვა, იაპონია აღმოჩნდა. აზიელებმა ფინალურ ეტაპზე თამაში 2013 წლის 4 ივნისს გაინაღდეს.

ოცდათორმეტი საგზური ასე განაწილდა: სამხრეთი ამერიკა ჩემპიონატზე (ბრაზილიის გარდა) ხუთი ქვეყნით წარსდგა, უეფა ცამეტით, აფრიკა ხუთით, აზია და ცენტრალური-ჩრდილოეთ ამერიკა კი ოთხ-ოთხით. უდიდესი საფეხბურთო ტურნირის ერთადერთი დებიუტანტი ბოსნია-ჰერცეგოვინის ნაკრები გამოდგა.

საქართველომ IX შესარჩევი ჯგუფი ბოლოსწინა, მეოთხე ადგილზე და მორიგი ანტირეკორდით დაასრულა: თემურ ქეცბაიას გაწვრთნილმა გუნდმა მთელ ციკლში მხოლოდ სამი გოლი გაიტანა, მათ შორის პირველი 2012 წლის 7 სექტემბერს, თბილისში ბელარუსთან მოგებულ პირველივე შეხვედრაში. ქართველმა ფეხბურთელებმა საბოლოო ცხრილში სწორედ ბელარუსებს აჯობეს, მიუხედავად იმისა, რომ საპასუხო შეხვედრაში მათთან მინსკში 0:2 დამარცხდნენ.

მსოფლიოს ჩემპიონმა ესპანეთმა ჩვენს ხუთეულში პირველი ადგილი დაუმარცხებლად დაიკავა. ვისენტე დელ ბოსკეს გუნდმა თბილისში რობერტო სოლდადოს მიერ 86-ე წუთზე გატანილი გოლით მოიგო, ალბასეტეში კი ალვარო ნეგრედოს და ხუან მატას ზუსტი დარტყმებით. მეორე ადგილი საფრანგეთმა დაიკავა, რომელმაც ბრაზილიის საგზური დამატებით წრეში, უკრაინასთან 3:2 გამარჯვებით მოიპოვა.

ფლეი ოფში ყველაზე საინტერესო პორტუგალია-შვედეთის პაექრობა გამოდგა, რომელიც პირენელთა გამარჯვებით დასრულდა – 1:0 ლისაბონში და 3:2 სტოკჰოლმში. ოთხივე გოლი პორტუგალიელთა კაპიტანმა და სუპერფორვარდმა კრიშტიანუ რონალდუმ შეაგდო. 2013 წელი მან ფიფას ვერსიით მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშის ტიტულით დაასრულა…

სამხრეთი აფრიკა 2010-ზე მიღებული მწარე გამოცდილების შემდეგ ფიფამ თანამედროვე ტექნოლოგიებს მწვანე შუქი აუნთო. 2013 წელს ბრაზილიაში გათამაშებულ კონფედერაციათა თასზე ორი სიახლე გამოსცადეს: გოლის ვიდეოკამერით დაფიქსირება და ქაფი, რომლითაც მსაჯები ჯარიმის ადგილს აღნიშნავდნენ (ეს უკანასკნელი გამოყენებიდან ერთ წუთში უკვალოდ ქრებოდა). ორივე ნოვაციამ დიდი მოწონება დაიმსახურა და ფიფამ მათი გამოყენება გადაწყვიტა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო გოლის ფიქსატორი, რასაც თოთხმეტი სწრაფი და უშუალოდ კარზე მიმართული შვიდი ვიდეოკამერა ემსახურებოდა. ეს ტექნოლოგია მსაჯის შეცდომას გამორიცხავდა.

ფიფას კიდევ ერთი გადაწყვეტილებით, არბიტრებს საწყისი ნახევარი საათის შემდეგ, წყურვილის მოსაკლავად თამაშის ორი წუთით შეჩერების უფლებაც მიეცათ. ეს ნაბიჯი ჩემპიონატის დღეებში მაღალი ტემპერატურით იყო განპირობებული.

ადიდასის მორიგ ოფიციალურ ბურთს – ბრაზუკას – ფეხბურთელები უფრო დიდი მოწონებით შეხვდნენ, ვიდრე წინამორბედს. რაც შეეხება ჩემპიონატს ჰიმნს (ჩვენ ერთნი ვართ), კომპოზიცია რეპერმა პიტბულმა, ჯენიფერ ლოპესმა და კლაუდია ლეიტემ შეასრულეს.

ფულეკუ – ასე მონათლეს ბრაზილია 2014-ის მხიარული თილისმა, რომელიც ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში გავრცელებული ძუძუმწოვარა ცხოველის, წითელ წიგნში შეტანილი სამშრიანი ჯავშნოსნის მსგავსებით შეიქმნა. ფულეკუმ გულშემატკივართა დიდი მოწონება დაიმსახურა…

ფინალური ეტაპი

2013 წლის 6 დეკემბერს, ქალაქ ბაიაში გამართული წილისყრის შედეგად, მასპინძელ სელესაოსთან ერთად A ჯგუფში ხორვატიის, მექსიკის და კამერუნის ნაკრები გუნდები მოხვდნენ.

12 ივნისს, სან პაულუში, არენა სან პაულუზე გახსნის საზეიმო ცერემონიიის შემდეგ პირველი მატჩი გაიმართა: ლუიშ ფელიპე სკოლარის გაწვრთნილმა ბრაზილიამ ხორვატიას 3:1 მოუგო.

ნიკო კოვაჩის გუნდი მე-11 წუთზე დაწინაურდა… მარსელოს ავტოგოლით. მადრიდის რეალის მარცხენა მცველი პირველი ბრაზილიელი გახდა, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატზე საკუთარ კარში გაიტანა ბურთი. სელესაოს მთავარმა ვარსკვლავმა ნეიმარმა შესვენებამდე გაათანაბრა ანგარიში, 71-ე წუთზე კი პენალტით მეორე ბურთიც შეაგდო. მსაჯის მიერ დამატებულ წუთზე ოსკარმა მესამედ დალაშქრა ხორვატთა კარი – 3:1.

მეორე დღეს, 13 ივნისს, მექსიკამ ნატალში 1:0 სძლია კამერუნს. გამარჯვებულთა გუნდისთავი რაფაელ მარკესი გახდა პირველი, რომელმაც მეოთხე ჩემპიონატზე უკაპიტნა ნაკრებს. რაც შეეხება სამუელ ეტოოს, ჟაკ სონგოოს და რიგობერტ სონგის შემდეგ ის მხოლოდ მესამე კამერუნელი გახდა, რომელმაც მეოთხე უდიდეს საფეხბურთო ტურნირზე ითამაშა.

მეორე ტურში ბრაზილიამ მექსიკასთან დაკარგა ქულები – 0:0, ხორვატებმა კი კამერუნი გაანადგურეს – 4:0. პირველი გოლის ავტორი ივიცა ოლიჩი მხოლოდ და მხოლოდ მეორე მოთამაშე გახდა, რომელმაც ფინალურ ეტაპზე თორმეტწლიანი შესვენების შემდეგ გაიტანა. მან პირველად 2002 წელს, კორეა-იაპონიაში გამოიჩინა თავი. ოლიჩამდე ასეთი რამ სახელგანთქმულმა დანიელმა მიქაელ ლაუდრუპმა შეძლო 1986 და 1998 წლებში.

23 ივნისს, დედაქალაქ ბრაზილიაში, მანე გარინჩას სახელობის ეროვნულ სტადიონზე მასპინძლებმა საიუბილეო, მეასე მატჩი ჩაატარეს ფინალურ ეტაპზე – სკოლარის გუნდმა 4:1 მოუგო კამერუნს. ნეიმარმა კვლავ დუბლი შეასრულა.

იმავე დღეს, რესიფეში, მექსიკამ 3:1 აჯობა ხორვატიას და მერვედფინალში გავიდა. რაფაელ მარკესმა 72-ე წუთზე გახსნა ანგარიში და კვატემოკ ბლანკოს შემდეგ მეორე მექსიკელი გახდა, რომელმაც სამ ჩემპიონატზე შეძლო თავის გამოჩენა.

B ჯგუფის პირველ ტურში, 13 ივნისს სალვადორის არენა ფონტე ნოვაზე, ლუის ვან გაალის გაწვრთნილმა ნიდერლანდებმა 5:1 გაანადგურა ვისენტე დელ ბოსკეს ესპანეთი და მსოფლიოს წინა ჩემპიონატის ფინალში მარცხისთვის მცირედით შური იძია. ეს შეხვედრა რამდენიმე საინტერესო ფაქტითაა გამორჩეული: წინა ჩემპიონატის ფინალისტები პირველად მოხვდნენ ერთ ჯგუფში; თასის მოქმედი მფლობელი პირველად დამარცხდა ოთხბურთიანი სხვაობით; ესპანეთმა ფინალურ ეტაპზე მეორე ყველაზე მწარე წაგება იგება და თან, კვლავ ბრაზილიაში – 1950 წელს ფურია როხა სელესაოსთან 1:6 განადგურდა…

არადა ესპანეთი, რომელმაც 2008-2012 წლებში ზედიზედ მოიგო ევროპის ორი და მსოფლიო პირველობა, 44-ე წუთისთვის იგებდა – 27-ე წუთზე ჩაბი ალონსომ ზუსტად შეასრულა პენალტი. შესვენებაზე გუნდები მაინც საყაიმო ანგარიშით გავიდნენ: დელეი ბლინდის ჩაწოდების შემდეგ რობინ ვან პერსიმ თავური დარტყმით ჩემპიონატის ერთ-ერთი ულამაზესი გოლი გაიტანა – კარიდან გამოსულ იკერ კასილიასს ბურთი ეფექტურად გადაუგდო.

მეორე ტაიმში ნიდერლანდებმა დიდებულად ითამაშა და რომ არა კასილიასი, სხვაობა უფრო დიდი იქნებოდა. მის კარში ორი გოლის გამტანი ვან პერსი და არიენ რობენი პირველი ნიდერლანდელები გახდნენ, რომლებმაც მსოფლიოს მესამე ჩემპიონატზე გამოიჩინეს თავი, ჩავი ერნანდესმა და კასილიასმა კი 80-90-იანი წლების ესპანეთის ნაკრების უცვლელი მეკარის ანდონი სუბისარეტას რეკორდი გაიმეორეს – მეოთხედ იასპარეზეს უდიდეს საფეხბურთო ტურნირზე.

ესპანეთმა მომდევნო შეხვედრაც წააგო, 18 ივნისს მარაკანაზე ჩილესთან – 0:2, რითაც მეხუთე ჩემპიონი გახდა ისტორიაში, რომელიც ჯგუფში ჩარჩა.

ბრაზილია 2014 დელ ბოსკეს გუნდმა ავსტრალიასთან 3:0 მოგებით დაასრულა. ამ შეხვედრაში პირველი გოლი დავიდ ვილიამ შეაგდო, მსოფლიო ჩემპიონატებზე ნაკრების საუკეთესო ბომბარდირმა. და ამ ბურთით ვილია ფერნანდო იეროს, რაულს და ხულიოს სალინასს შეუერთდა – ხსენებულმა ოთხეულმა სამ ჩემპიონატზე გაიტანა გოლი.

ფლეი ოფში გამსვლელი მეორე ადგილი კი ჩილემ მოიპოვა, რომელმაც ესპანელების გარდა ავსტრალიელებსაც სძლია. არგენტინელი სპეციალისტის ხორხე სამპაოლის გაწვრთნილი გუნდი მხოლოდ ნიდერლანდებთან დამარცხდა – 0:2.

С ჯგუფი, საერთო მოსაზრებით, ერთ-ერთი ყველაზე სუსტი გამოდგა: კოლუმბია, საბერძნეთი, კოტ დივუარი და იაპონია. სამხრეთამერიკელებმა შთამბეჭდავად ითამაშეს და ყველა შეხვედრა მოიგეს – 3:0 საბერძნეთთან, 2:1 კოტ დივუართან და 4:1 იაპონიასთან. კოლუმბიელთა ლიდერმა ხამეს როდრიგესმა სამივე მატჩში გაიტანა გოლი.

მეორე ადგილი საბერძნეთს ერგო, რომელმაც ჯგუფური ტურნირი მესამე ცდით დაძლია. პორტუგალიელი ფერნანდუ სანტუშის გაწვრთნილმა გუნდმა მერვედფინალის საგზური 24 ივნისს კოტ დივუართან 2:1 გამარჯვებით მოიპოვა.

D ჯგუფს სიკვდილისა უწოდეს და აი, რატომ: აუტსაიდერად მიჩნეულ კოსტა რიკასთან ერთად მასში ოთხგზის ჩემპიონი იტალია, ნიკეს თასის ორგზის მფლობელი ურუგვაი და ოქროს თასის 1966 წლის გათამაშების ტრიუმფატორი ინგლისი მოხვდნენ. ისტორიაში პირველად ერთ ჯგუფში სამმა ჩემპიონმა იასპარეზა.

საწყის ტურში ევროპის ვიცე-ჩემპიონმა სკუადრა აძურამ (ჩეზარე პრანდელის გაწვრთნილი გუნდი ევრო 2012-ის ფინალში ესპანეთთან დამარცხდა) კლაუდიო მარკიზიოს და მარიო ბალოტელის გოლებით 2:1 სძლია ინგლისს, ურუგვაი კი მოულოდნელად დამარცხდა კოსტა რიკასთან – 1:3.

19 ივნისს, სან პაულუში ურუგვაისთან 1:2 წაგების შემდეგ, როი ჰოჯსონის ინგლისი ჩემპიონატს გამოეთიშა! ინგლისელებმა პირველად დათმეს ფინალური ეტაპის ზედიზედ სამი შეხვედრა: ოთხი წლით ადრე გამართული ტურნირის მერვედფინალში ისინი გერმანელებთან განადგურდნენ (1:4).

20 ივნისს, რესიფეში, კოსტა რიკამ კიდევ ერთხელ გაიბრწყინა – 1:0 სძლია იტალიას! ბურთი გუნდის კაპიტანმა ბრაიან რუისმა შეაგდო. კოსტარიკელებმა დანიის ნაკრების მიერ 1986 და 2002 წლებში დამყარებული ერთი იშვიათი რეკორდი გაიმეორეს – ჯგუფში მსოფლიოს ორ ჩემპიონს სძლიეს! რაც შეეხება აპენინელთა კაპიტანს ჯანლუიჯი ბუფონს, ის მხოლოდ მეხუთე იტალიელი გახდა, რომელმაც მეოთხე ჩემპიონატზე იასპარეზა.

24 ივნისს, ბელუ ორიზონტეში ინგლისთან უგოლოდ დასრულებული შეხვედრის შემდეგ კოსტა რიკამ ჯგუფი პირველ ადგილზე, დაუმარცხებლად დაასრულა, იტალია კი ზედიზედ მეორედ გამოეთიშა ჩემპიონატს პირველ ეტაპზე! პრანდელის რჩეული ბიჭები ამჯერად ურუგვაისთან დამარცხდნენ – მცველმა დიეგო გოდინმა ერთადერთი ბურთი 81-ე წუთზე შეაგდო.

გოდინის გოლამდე ორი წუთით ადრე ურუგვაელთა თავდამსხმელმა ლუის სუარესმა სკუადრა აძურის მცველს ჯორჯო კიელინის მხარზე უკბინა. მექსიკელ მსაჯს მარკო როდრიგესს სუარესის უსაქციელობა გამორჩა, თუმცა მატჩის დასრულების შემდეგ ურუგვაელი ძალიან მკაცრად დაისაჯა: ფიფას სადისციპლინო კომიტეტმა გაითვალისწინა, რომ თავდამსხმელმა მსგავსი რამ ადრე ორჯერ გააკეთა და ურუგვაელი ცხრა მატჩით მოკვეთა! ამასთანავე, ჯარიმის სახით მას ასი ათასი შვეიცარიული ფრანკის გადახდა დააკისრა და ოთხი თვით აუკრძალა თამაში. ეს ისტორიაში უმკაცრესი სასჯელი იყო, თუმცა იტალიელთათვის ვერაფერი ნუგეში გამოდგა.

E ჯგუფში საფრანგეთის, შვეიცარიის, ეკვადორის და ჰონდურასის ნაკრები გუნდები მოხვდნენ. ფლეი ოფის საგზურები ევროპელებს ეგროთ: საფრანგეთმა შვიდი ქულით პირველი ადგილი დაიკავა, შვეიცარიამ კი ექვსი ქულა მოაგროვა.

15 ივნისს, დედაქალაქში, მანე გარინჩას სახელობის ეროვნულ სტადიონზე, ოტმარ ჰიცფელდის გაწვრთნილმა შვეიცარიამ 2:1 მოუგო ეკვადორს. ფინალურ ეტაპზე ასპარეზობის ისტორიაში შვეიცარიელებმა მეექვსე ცდიდან დაამარცხეს სამხრეთამერიკელი მეტოქე.

იმავე დღეს პორტუ ალეგრეში დიდიე დეშამის საფრანგეთმა 3:0 სძლია ჰონდურასს. ქარიმ ბენზემამ დუბლი შეასრულა, თუმცა ჰონდურასელთა კარში გასული მესამე გოლიც მის დარტყმას მოჰყვა. მიუხედავად ამისა, ის ბურთი მეკარის, ნოელ ვალიადარესის ავტოგოლად ჩაითვალა. საქმე ისაა, რომ ბენზემას შეტევის შემდეგ ბურთი ჯერ კარის ძელს მოხვდა, შემდეგ მეკარეს და მხოლოდ ამის შემდეგ გადაკვეთა კარის ხაზი. სხვათა შორის, აუდიოსისტემის გაუმართაობის გამო ეს თამაში სახელმწიფო ჰიმნების გარეშე დაიწყო.

20 ივნისს, სალვადორში, ფრანგებმა 5:2 გაანადგურეს შვეიცარიელები. ოლივიე ჟირუმ მე-17 წუთზე გახსნა ანგარიში და ფინალურ ეტაპზე საფრანგეთის საიუბილეო, მეასე გოლის ავტორი გახდა. მანამდე ასგოლიანი ზღვარი მხოლოდ ბრაზილიამ, გერმანიამ, იტალიამ და არგენტინამ გადალახეს…

შვეიცარიელებმა მერვედფინალში თამაშის უფლება 25 ივნისს, მანაუში, არენა და ამაზონიაზე ჰონდურასთან 3:0 მოგებით მოიპოვეს. ყველა გოლი ხერდან შაქირიმ შეაგდო. სტატისტიკოსებმა დაადგინეს, რომ შვეიცარიელმა ჩემპიონატების ისტორიაში საიუბილეო, ორმოცდამეათე ჰეთ-თრიქი შეასრულა.

F ჯგუფში ფავორიტად არგენტინა ითვლებოდა. ალეხანდრო საბელიას გუნდმა მოლოდინი სრულად გაამართლა: დებიუტანტ ბოსნია-ჰერცეგოვინას 2:1 სძლია, ირანს 1:0 აჯობა, ნიგერიას კი 3:2. მეორე ადგილი ამ უკანასკნელმა დაიკავა, რომელმაც ირანთან 0:0 ითამაშა, ბოსნიელებს კი 1:0 მოუგო.

15 ივნისს, არგენტინელთა წინააღმდეგ, ბოსნიელმა სეად კოლაშინაცმა მე-3 წუთზე საკუთარ კარში ჩაჭრა ბურთი და მისდა სამწუხაროდ, ისტორიაში უსწრაფესი ავტოგოლი ჩაიწერა.

25 ივნისს არგენტინა და ნიგერია მეოთხედ დაუპირისპირდნენ ფინალურ ეტაპზე. და ისევე, როგორც წინა სამ შემთხვევაში (1994 – 2:1, 2002 – 1:0, 2010 – 1:0), კვლავ სამხრეთამერიკელებმა მოიგეს – 3:2. არგენტინელთა კაპიტანი ლეო მესი მწვრთნელმა 63-ე წუთზე შეცვალა, თუმცა ყველა დროის ერთ-ერთმა უდიდესმა ფეხბურთელმა მანამდე დუბლი შეასრულა.

პარალელურად მიმდინარე შეხვედრაში ბოსნია-ჰერცეგოვინამ 3:1 მოუგო ირანს. აზიელთა ერთადერთი გოლი რეზა ღოოჩანეჯადმა შეაგდო 82-ე წუთზე. რატომ აღვნიშნე? იმიტომ, რომ მანამდე ირანი იყო ერთადერთი გუნდი, რომელსაც გოლი არ ჰქონდა გატანილი, ღოოჩანეჯადის ზუსტი დარტყმით კი 1998 წლის შემდეგ პირველად, ჩემპიონატის ყველა მონაწილემ გაიტანა მინიმუმ ერთი გოლი.

G ჯგუფის პირველ ტურში გერმანიის ნაკრებმა ტურნირის რეკორდი დაამყარა: 16 ივნისს, სალვადორში, პორტუგალიელთა წინააღმდეგ მეასედ ითამაშა ფინალურ ეტაპზე (რამდენიმე დღეში გერმანელების მიღწევა ბრაზილიელებმაც გაიმეორეს). ბუნდესგუნდმა 4:0 მოიგო – თომას მიულერის ჰეთ-თრიქს და მატს ჰუმელსის გოლებს პორტუგალიელებმა ვერაფრით უპასუხეს.

თომას მიულერი: „გახსოვთ პეპე რომ გააგდეს მოედნიდან? ერთ მომენტში, როცა ჩვენ ბურთისთვის ვიბრძოდით, მან სახეში დამარტყა და წავიქეცი. წაქცეულს მხოლოდ ის მაინტერესებდა, ცხვირიდან სისხლი მომდიოდა თუ არა, პეპეს დარდი საერთოდ არ მქონდა. ის ფიცხია და როგორც სჩვევია, თავს ვერ მოერია – აქეთ დამაცხრა. მსაჯმაც წითელი აუფრიალა. მთელი თამაშის განმავლობაში ერთი შეკითხვა მღრღნიდა: უნებურად თეატრალურად ხომ არ წავიქეცი? არ მინდა იმ ფეხბურთელებს დავემსგავსო, მსაჯის მოსატყუებლად რომ აფორმებენ ეპიზოდებს. თამაში დამთავრდა თუ არა, ჩანაწერი ვნახე და დავწყნარდი. არაფერი გადამიმლაშებია“.

პორტუგალიელები ფინალურ ეტაპზე ყველაზე დიდი ანგარიშით დამარცხდნენ, თომას მიულერი კი მეშვიდე გერმანელი გახდა, რომელმაც ჰეთ-თრიქი შეასრულა. ამასთანავე, გერმანიამ ზედიზედ მესამე ოფიციალური თამაში მოუგო პორტუგალიას: მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონატის მესამე ადგილისთვის შეხვედრაში 3:1 აჯობა, ევრო 2012-ის ჯგუფში კი 1:0.

იმავე დღეს ამერიკის ნაკრებმა 2:1 მოუგო განას. კლინტ დემპსიმ 30-ე წამზე(!) გახსნა ანგარიში – ეს მეხუთე ყველაზე სწრაფი გოლი აღმოჩნდა ისტორიაში. ამასთანავე, დემპსი პირველი ამერიკელი გახდა, ვინც სამ ჩემპიონატზე გაიტანა, მისი თანაგუნდელი დამარკუს ბისლი კი ასევე პირველი, რომელმაც მეოთხე უდიდეს საფეხბურთო ტურნირზე ითამაშა.

მეორე ტურში, 21 ივნისს ფორტალეზაში გამართული გერმანია-განის დაპირისპირება ფრედ 2:2 დასრულდა. ისევე, როგორც ოთხი წლით ადრე სამხრეთი აფრიკაში, ძმებმა ჯერომ (გერმანია) და კევინ-პრინს (განა) ბოატენგებმა კვლავ ერთმანეთის წინააღმდეგ ითამაშეს.

თუმცა, ეს მატჩი მხოლოდ ამის გამო არაა აღსანიშნავი: ბუნდესგუნდის ერთ-ერთმა საუკეთესო ბომბარდირმა მიროსლავ კლოზემ 71-ე წუთზე გაათანაბრა ანგარიში. პელეს და თანამემამულე უვე ზეელერის შემდეგ ის მხოლოდ მესამეა, რომელმაც ოთხ ჩემპიონატზე გაიტანა გოლი. ამავდროულად, ეს მისი მეთხუთმეტე ბურთი იყო ფინალურ ეტაპზე და ამით რეკორდსმენს, ფენომენად წოდებულ ლუის ნაზარიუ დე ლიმა რონალდოს გაუთანაბრდა.

გამოსარჩევია განელი ასამოა გიანის მიღწევაც. მან 63-ე წუთზე დააწინაურა გუნდი, რითაც პირველი აფრიკელი გახდა, რომელმაც სამ ჩემპიონატზე გაახარა გულშემატკივრები. გარდა ამისა, მანუელ ნოიერის კარში გატანილი გოლი მისთვის მეხუთე იყო ფინალურ ეტაპზე, რითაც ყველაზე შედეგიან აფრიკელს, ლეგენდარულ კამერუნელს როჟე მილას გაუტოლდა.

26 ივნისს, მესამე ტურში, ბუნდესნაკრებმა თომას მიულერის გოლით 1:0 დაამარცხა ამერიკა. მიუხედავად იმისა, რომ პარალელურად მიმდინარე შეხვედრაში პორტუგალიამ 2:1 სძლია განას, ფლეი ოფში მაინც ამერიკა გავიდა. გერმანიის ნაკრების ექს-კაპიტნის და თავდამსხმელის, მსოფლიოს 1990 წლის ჩემპიონის იურგენ კლინსმანის გაწვრთნილმა ამერიკელებმა პორტუგალიელებს ბურთების უკეთესი შეფარდებით აჯობეს.

თომას მიულერი: „მახსოვს, ძალიან ბევრს საუბრობდნენ ჩვენი და ამერიკელების თამაშზე. წერდნენ, რომ ორივე გუნდს ფრე შემდეგ ეტაპზე გაგვიყვანდა. ასეთ სისულელეს არასდროს ვაქცევდი ყურადღებას, როგორ უნდა ითამაშო ჩაწყობილი ფრე? ერთმა გუნდმა ბურთი აგოროს და მეორემ პასიურად უყუროს? და ამას ვინმე საათნახევარი შეხედავს? მთელი მსოფლიოს წინაშე გამოდიხარ… წარმოგიდგენიათ რა ამბავი ატყდებოდა? ვიცი, ადრე ასეთი რაღაცები ხდებოდა, მაგრამ ახლა სხვა დროა… მოკლედ, ჩვენ თამაშის წინ ერთმანეთისთვის ისიც არ გვითქვამს, მოდი, რადაც უნდა დაგვიჯდეს, ჭორაობის საფუძველი არავის მივცეთო. მოედანზე ჩვეულებრივი საბრძოლო განწყობით გავედით და 1:0 გავიმარჯვეთ“.

პორტუგალია-განის შეხვედრიდან კრიშტიანუ რონალდუ და ასამოა გიანი უნდა გამოვარჩიო: რონალდუმ მორიგ, მესამე ჩემპიონატზეც გაიტანა გოლი (ამ მხრივ ერთადერთი პორტუგალიელია), გიანი კი ყველაზე შედეგიანი აფრიკელი გახდა მეექვსე ბურთით.

H ჯგუფიდან მერვედფინალში სამივე თამაშის მომგები ბელგია, ასევე ალჟირი გავიდნენ. მარკ ვილმოტსის გაწვრთნილმა წითელმა ეშმაკებმა ზედიზედ სძლიეს ალჟირს (2:1), რუსეთს (1:0) და სამხრეთი კორეას (1:0), აფრიკელებმა კი აზიელებს 4:2 აჯობეს, ხოლო რუსეთთან ქულები გაიყვეს – 1:1.

ჩემპიონატების ისტორიაში პირველად, ჯგუფური ეტაპი აფრიკის ორმა გუნდმა დაძლია: ალჟირის მხარდამხარ ფლეი ოფში თამაშის უფლება ნიგერიამ მოიპოვა.

მერვედფინალიდან ფინალამდე

პირველი მეოთხედფინალისტები 28 ივლისს გამოვლინდნენ. საინტერესოა, რომ იმ დღეს მხოლოდ სამხრეთამერიკელებმა ითამაშეს: ბელუ ორიზონტეში, მინეირაუზე ბრაზილია ჩილეს დაუპირისპირდა, მრავლისმნახველი მარაკანა კი კოლუმბია-ურუგვაის წყვილს დაეთმო.

უდიდესი საფეხბურთო ტურნირის ისტორიაში ბრაზილია და ჩილე მეოთხედ შეხვდნენ ერთმანეთს და კვლავ სელესაომ გაიმარჯვა. პირველი სამი პაექრობა ყველაზე ტიტულიანმა გუნდმა დამაჯერებლად, თვალსაჩინო უპირატესობით მოიგო, ამჯერად კი ძალიან გაუჭირდა და მეტოქეს მხოლოდ პენალტებით სძლია.

მათი პირველი პაექრობა 1962 წელს, ჩილეში, ნახევარფინალში შედგა. მომავალმა ჩემპიონმა ბრაზილიამ 4:2 მოიგო. 1998 წელს, საფრანგეთში, მარიო ლობო ზაგალოს გუნდმა კვლავ გაიმარჯვა – 4:1. ეს მერვედფინალის შეხვედრა გახლდათ, 2010 წელს კი, ასევე მერვედფინალში, ბრაზილიელებმა 3:0 მოიგეს.

ამჯერად ძირითადი დრო 1:1 დასრულდა. დავიდ ლუისის გოლი ალექსის სანჩესმა გაქვითა. მართალია მეორე ტაიმში ბრაზილიელებმა კიდევ ერთი ბურთი შეაგდეს, მაგრამ მსაჯმა ჰალკის ზუსტი დარტყმა არ ჩათვალა – თავდამსხმელი ხელით თამაშში ამხილა.

პენალტების სერია ბრაზილიელებმა დაიწყეს: ლუისმა ზუსტად დაარტყა, თუმცა როცა ნეიმარი მივიდა ნიშნულთან (ის მეხუთე ურტყამდა), ანგარიში 2:2 იყო. მასპინძელთაგან ვილიანმა და ჰალკმა ვერ გაიტანეს, ჩილეს ნაკრებიდან კი პინილიამ და სანჩესმა. ნეიმარმა თავის შანსი გამოიყენა, გონსალო ხარამ კი ძელს მოარტყა ბურთი და სელესაოც შემდეგ წრეში გავიდა. ჩილემ მეოთხედ გააღწია ფლეი ოფში და იქ კვლავ ბრაზილიასთან დამარცხდა, მათ შორის ზედიზედ მესამედ მერვედფინალში.

მარაკანაზე კი კოლუმბიელებმა გაიხარეს: ხამეს როდრიგესის დუბლს ორგზის ჩემპიონებმა ვერაფრით უპასუხეს. კოლუმბიის ნაკრები პირველად მოხვდა მეოთხედფინალში.

განსაკუთრებით ლამაზი გამოდგა როდრიგესის პირველი გოლი: საფრანგეთის მონაკოს ფორვარდმა საჯარიმოს გარედან, უძლიერესი, ძალიან ეფექტური დარტყმით გახსნა ანგარიში. ეს გოლი ფიფამ წლის მიწურულს საუკეთესოდ აღიარა, გალა-წარმოდგენაზე კი მისი ავტორი ფერენც პუშკაშის სახელობის პრიზითაც დააჯილდოვა. იმ დროს როდრიგესი უკვე მადრიდის რეალის თავდამსხმელი გახლდათ – სამეფო კლუბმა კოლუმბიელი ბრაზილია 2014-ის დასრულებისთანავე შეიძინა…

29 ივნისს ნიდერლანდელებმა და კოსტარიკელებმა გაიხარეს. ნარინჯისფერებმა ფორტალეზას კასტელაუზე მექსიკელებს სძლიეს – 2:1, კოსტა რიკამ კი პენალტების სერიაში აჯობა საბერძნეთს.

ლუის ვან გაალის გუნდმა ბოლო წუთებზე გადაარჩინა შეხვედრა: უესლი სნეიდერმა 88-ე წუთზე გაქვითა ჯოვანი დოს სანტოსის მიერ 48-ე წუთზე გატანილი ბურთი, კლაას იან ჰუნტელაარმა კი გამარჯვების გოლი მსაჯის მიერ დამატებულ მეოთხე წუთზე, პენალტის ნიშნულიდან გაიტანა. თერთმეტმეტრიანი საჯარიმო დარტყმა არიენ რობენის წინააღმდეგ უხეშობას მოჰყვა.

რაც შეეხება კოსტა რიკა-საბერძნეთს, ეს ამ გუნდების პირველი დაპირისპირება იყო. საბერძნეთი ასევე პირველად თამაშობდა ფლეი ოფში. რომ არა ბერძენი მცველის სოკრატის პაპასტათოპულოსის მიერ დამატებულ დროში გატანილი გოლი, მეტოქე მოიგებდა – ბრაიან რუისმა 52-ე წუთზე გახსნა ანგარიში. დამატებითი დრო გოლის გარეშე დამთავრდა, პენალტების სერიაში კი კოსტა რიკამ 5:3 გაიმარჯვა. ისინი პირველად მოხვდნენ რვა საუკეთესო ნაკრებს შორის.

30 ივნისს ფრანგებმა ნიგერიელებს სძლიეს – 2:0 (პოლ პოგბა, ჯოზეფ იობოს ავტოგოლი), გერმანიამ კი ალჟირს მხოლოდ დამატებითში მოუგო – 2:1. ნიგერია მესამედ გავიდა მერვედფინალში და კვლავ დამარცხდა, გერმანიამ კი 1954 წელს დაწყებული ბრწყინვალე სერია განაგრძო და კიდევ ერთხელ მოხვდა მეოთხედფინალში. თუმცა, იოახიმ ლიოვის ბიჭებს საამისოდ დიდი ძალისხმევა დასჭირდათ: ძირითადი დრო უგოლოდ მიილია, 92-ე წუთზე კი ანდრე შიურლემ ქუსლით გახსნა ანგარიში. 120-ე წუთზე მესუთ იოზილმა ბუნდესგუნდის უპირატესობა გააორმაგა, რამდენიმე წამში კი აბდელმუმენე ჯაბუმ ტურნირის ისტორიაში ყველაზე გვიანი გოლი გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 2:1. მატჩის ოფიციალურ ოქმში ჯაბუს გოლი 120 წუთის და 51 წამის შემდეგ ჩაიწერა. ალჟირელმა ალესანდრო დელ პიეროს რეკორდი 19 წამით გააუმჯობესა. საინტერესოა, რომ იტალიელმაც გერმანელების წინააღმდეგ გამოიჩინა თავი – 2006 წლის ჩემპიონატის ნახევარფინალში, დორტმუნდში.

მანუელ ნოიერი: „ალჟირთან თამაშში ჩვენ უფრო მეტი მომენტი გვქონდა, ვიდრე მათ. მაგრამ ისიც სათქმელია, რომ რამდენჯერმე საჯარიმოდან გამოსვლა და წინ ვითარების განმუხტვა მომიხდა. ასე რომ არ გამეკეთებინა, ალჟირელი ფეხბურთელი, შესაძლოა, პირისპირ შემოსულიყო. თუმცა, გოლკიპერის საქმეც ხომ ეს არის – განმუხტოს მის კართან შექმნილი სახიფათო მდგომარეობა. ასე რომ, განსაკუთრებული არაფერი მომხდარა. საჭიროების შემთხვევაში კარიდან შორს გამოსვლა ჩვენი თამაშის ნაწილია. მეორე მხრივ კი, კარგად მესმის, ამ გამოვარდნებს გერმანიაში რამხელა რეაქცია მოჰყვა. ძმაკაცები მიგზავნიდნენ სასაცილო სურათებს და კომენტარებს ჩემ შესახებ“…

1 ივლისს ბოლო ორი მეოთხედფინალისტი გაირკვა: სან პაულუში, არენა კორინთიანსზე, არგენტინელებმა ანხელ დი მარიას მიერ 118-ე წუთზე გატანილი გოლით მოუგეს შვეიცარიელებს, სალვადორში კი ბელგიამ ძალიან დაძაბულ დამატებით დროში სძლია ამერიკას – 2:1. ისტორიაში პირველად მეოთხედფინალში მხოლოდ ჯგუფების პირველადგილოსნებმა გააღწიეს.

4 ივლისს, მარაკანაზე, გერმანია 26-ედ დაუპირისპირდა საფრანგეთს. მსოფლიო ჩემპიონატის ეგიდით ჩატარებული წინა სამი შეხვედრიდან პირველი ფრანგებმა მოიგეს (1958 წელს, მესამე ადგილისთვის მატჩი – 6:3), მომდევნო ორი კი ბუნდესგუნდმა (1982 წლის ნახევარფინალი პენალტების სერიაში და მექსიკა 1986-ის იგივე ეტაპის თამაში – 2:0).

რიო დე ჟანეიროში გამართულმა პაექრობამ მოლოდინი არ გაამართლა. მეტოქეები დაცვაზე უფრო ზრუნავდნენ. გოლი კი ერთადერთი გავიდა: შეტევაში ჩართულმა მატს ჰუმელსმა მე-13 წუთზე გამოიჩინა თავი. დიდიე დეშამის გუნდმა ყველაზე რეალური საგოლე მომენტი მხოლოდ თამაშის მიწურულს შექმნა – ქარიმ ბენზემას დარტყმული ბურთი მანუელ ნოიერმა მოიგერია.

გერმანია ზედიზედ მეოთხედ გავიდა ნახევარფინალში და ამით ახალი რეკორდი დაამყარა. წინა მიღწევა ბუნდესგუნდს (1982, 1986, 1990) და ბრაზილიას (1994, 1998, 2002) ეკუთვნოდათ.

ბედის ირონიით, ლიოვის გუნდის მომდევნო მეტოქე სწორედ სელესაო აღმოჩნდა, რომელმაც იმავე დღეს 2:1 სძლია კოლუმბიას. სხვათა შორის, ბრაზილია-კოლუმბიამაც 26-ედ ითამაშეს, თუმცა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე – პირველად.

ლუიშ ფელიპე სკოლარის გუნდს ჟურნალისტები ყველაზე მეტად უფერული თავდასხმის გამო აკრიტიკებდნენ და ამ შეხვედრაშიც გამოჩნდა, რომ ლეგენდარული ფორვარდებით ცნობილ ნაკრებში უსუსტესი სწორედ შეტევა იყო.

ფლეი ოფის ზედიზედ მეორე შეხვედრაში მხოლოდ მცველებმა გაიტანეს: ნაკრების კაპიტანმა ტიაგუ სილვამ მე-7 წუთზე გახსნა ანგარიში, 69-ე წუთზე კი დავიდ ლუისმა გააორმაგა უპირატესობა.

ერთადერთი, რაც კოლუმბიამ შეძლო, ხამეს როდრიგესის საპასუხო გოლი იყო: 79-ე წუთზე ჟულიო სეზარმა კარლოს ბაკა წააქცია და როდრიგესმაც უნაკლოდ შეასრულა პენალტი – 2:1.

პერუელი ტეოფილო კუბილიასის შემდეგ კოლუმბიელი გახდა პირველი, რომელმაც უდიდეს საფეხბურთო ტურნირზე ჩატარებულ პირველ ხუთ შეხვედრაში გამოიჩინა თავი. ბრაზილიელთა კარში გატანილი პენალტი მისი მეექვსე ბურთი იყო, რითაც მოიგო კიდეც ბრაზილია 2014-ის გოლეადორის ტიტული.

5 ივლისს, მანე გარინჩას სახელობის სტადიონზე, არგენტინამ იგუაინის გოლით ბელგიას სძლია. სამხრეთამერიკელები მესამედ დაუპირისპირდნენ წითელ ეშმაკებს და მეორედ გაიმარჯვეს: 1982 წელს, ესპანეთში გამართული პირველი პაექრობა ბელგიამ 1:0 მოიგო, თუმცა 1986 წელს, მექსიკაში, დიეგო მარადონამ და კომპანიამ გაიხარეს – 2:0.

ალეხანდრო საბელიას გუნდის მეტოქე სალვადორში გამოვლინდა. ნიდერლანდებმა ისევ მძიმედ გაიმარჯვა – 4:3 პენალტების სერიაში კოსტა რიკასთან. ძირითად და დამატებით დროში გოლი არ გასულა, თუმცა სნეიდერის და ვან პერსის დარტყმების შემდეგ ბურთი სამჯერ მოხვდა კარის ძელს! პენალტების სერიის წინ ვან გაალმა ძირითადი მეკარე იესპერ სილესენი სათადარიგო ტიმ კრულით შეცვალა და ამ უკანასკნელმაც გაამართლა: ბრაიან რუისის და მიქაელ უმანიას დარტყმები მოიგერია.

უზბეკი არბიტრი რავშან ირმატოვი კი ისტორიაში შევიდა: ფინალური ეტაპის მეცხრე შეხვედრა იმსაჯა. ირმატოვმა ფრანგი ჟოელ კინიუს, მექსიკელი ბენიტო არჩუნდიას და ურუგვაელი ხორხე ლარიონდას რეკორდი ერთი შეხვედრით გააუმჯობესა.

ბრაზილიური ფეხბურთის ისტორიაში მარაკანაზო ყველაზე ტრაგიკულ მატჩად ითვლებოდა, 2014 წლის 8 ივლისს, ბელუ ორიზონტეს მინეირაუზე გამართულმა ნახევარფინალმა კი ბრაზილიელებს მეორე მოუშუშებელი ჭრილობა მიაყენა – ძალიან დიდი დრო უნდა გავიდეს, რომ სელესაოს ქომაგებმა გერმანიასთან 1:7 განადგურება დაივიწყონ. კაცმა რომ თქვას, საკითხავია ასეთი რამ საერთოდ თუა შესაძლებელი.

სკოლარის გუნდი ნახევარფინალს აუნაზღაურებელი დანაკლისით შეხვდა: ორი გაფრთხილების გამო კაპიტანმა, შესანიშნავმა ცენტრალურმა მცველმა ტიაგუ სილვამ და გუნდის ლიდერმა ნეიმარმა ვერ ითამაშეს. ამ უკანასკნელს ტრავმა აწუხებდა.

მაგრამ ასეთი დონის მოთამაშეების არყოფნის მიუხედავად, მაინც ვერავინ წარმოიდგენდა იმას, რაც საწყის 45 წუთში მოხდა – გერმანიამ ტაიმი 5:0 მოიგო! თან, ბუნდესგუნდმა ყველა ბურთი საწყის ნახევარ საათში გაიტანა!

0:5 30-ე წუთზე! როგორია?

მანუელ ნოიერი: „ჩვენ ბრაზილიის ნაკრების თამაშებს ვუყურებდით. ჯერ ერთი, იმიტომ, რომ ჩვენს ბანაკში მუშაობდა ხალხი, რომელიც ამას საგანგებოდ აკეთებდა და მეორეც, ყველას გულწრფელად გვაინტერესებდა მასპინძელთა ნაკრების ცქერა. როდესაც კოლუმბიასთან შეხვედრაში ნეიმარი დაშავდა და ცნობილი გახდა, რომ ნახევარფინალში ვერ ითამაშებდა, ბრაზილიელთა ბანაკი აშკარად გატყდა. როგორც ჩანს, ისინი მეტისმეტად იყვნენ ნეიმარზე დამოკიდებულნი, დანაკლისს ვერაფერი მოუხერხეს“.

ფილიპ ლამი: „ნეიმარის დაშავებამ გული დამწყვიტა, რადგან, როდესაც ფეხბურთელი ხარ, საუკეთესო მეტოქეებთან გინდა გაჯიბრება… კოლუმბიასთან შეხვედრის პირდაპირი რეპორტაჟი არ გვინახავს, საფრანგეთთან მეოთხედფინალის შემდეგ ბაზაზე მოვფრინავდით და ბრაზილიელთა მეათე ნომრის დაშავების ამბავი მხოლოდ იქ გავიგეთ“.

გერმანია მე-11 წუთზე დაწინაურდა, როცა ტონი კროოსის მიერ კუთხურიდან ჩაწოდებული ბურთი თომას მიულერმა ერთი შეხებით შეაგდო ჟულიო სეზარის კარში. მცველები აშკარად შეცდნენ – თავდამსხმელი უმეთვალყურეოდ დატოვეს. ამ გოლით მიულერმა პერუელი ტეოფილო კუბილიასის და მიროსლავ კლოზეს რეკორდი გაიმეორა – მეორე ჩემპიონატზე გაიტანა მინიმუმ ხუთი გოლი. მიუნხენის ბაიერნის თავდამსხმელმა გერმანიის ნაკრების ისტორიაშიც შეაბიჯა – ბუნდესგუნდის საიუბილეო, მე-2000 გოლის ავტორი გახდა!

23-ე წუთზე კლოზემ მორიგი რეკორდი დაამყარა: ბრაზილიელთა წინააღმდეგ მინდორზე გასული, გახდა პირველი, რომელმაც მეოთხე ნახევარფინალში ითამაშა (თანამემამულე უვე ზეელერის რეკორდი გააუმჯობესა), ჟულიო სეზარის კარში გატანილი გოლით კი ტურნირის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი შეიქნა! ის რეკორდს – 15 ბურთი – რონალდოს უყოფდა, რომელიც ამ თამაშს ესწრებოდა, ლეგენდარული ფენომენი კომენტატორი გახლდათ ერთ-ერთ ტელეარხზე.

თომას მიულერი: „ნახევარფინალის წინ ლიოვის ასისტენტმა ჰანსი ფლიკმა კუთხურების დროს ასეთი კომბინაციის გათამაშება გვირჩია: მე უფრო ახლო ძელის მხარეს უნდა დავმდგარიყავი, მირო კლოზე კი შორეულისკენ და ჩაწოდების დროს ერთმანეთის პოზიციებისკენ გავქცეულიყავით. გაამართლა! ჩვენი მეურვეები გამოგვყვნენ და ერთმანეთს შეუშალეს ხელი. გარედან, ალბათ, ისე გამოჩნდა, რომ მე ბრაზილიელებს უმეთვალყურეოდ ვყავდი დატოვებული, მაგრამ გარწმუნებთ, ასეთი რამ უმიზეზოდ არ ხდება. რაც შეეხება მეორე გოლს, კლოზემ რომ გაიტანა, ამის შემდეგ ბრაზილიელები უბრალოდ გატყდნენ“.

24-ე წუთზე ანგარიში 0:3 გახდა: მოუღლელმა კაპიტანმა ფილიპ ლამმა მარჯვენა ფლანგიდან ჩააწოდა, მიულერმა ბურთს ფეხი ააცილა, თუმცა კროოსმა მარცხენათი უძლიერესად დაარტყა.

26-ე წუთზე კროოსმა დუბლი შეასრულა: საჯარიმოს მისადგომებთან ფერნანდინიოს აართვა ბურთი და ხედირას მიაწოდა, ამ უკანასკნელმა ერთი შეხებით დაუბრუნა, რასაც ზუსტი დარტყმა მოჰყვა – 0:4. ორი გოლის გასატანად გერმანელს 69 წამი დასჭირდა და ის ჩემპიონატების უსწრაფესი დუბლის ავტორი გახდა. აქვე დავწერ, რომ ფიფას ტექნიკურმა კომისიამ ტონი კროოსი მატჩის საუკეთესო მოთამაშედ აღიარა.

29-ე წუთზე უკვე სამი ხედირამ გაიტანა – 0:5! მასპინძლებმა ისევ საჯარიმოსთან დაკარგეს ბურთი, გერმანელებმა სწრაფად, ერთი შეხებით გაითამაშეს კომბინაცია და მესუტ იოზილის პასით ხედირამ მეხუთედ დაააწყებინა მასპინძლებს ცენტრიდან თამაში.

კროოსს ცოტა რომ გამართლებოდა, ჰეთ-თრიქსაც შეასრულებდა, მაგრამ მისი დარტყმის შემდეგ ბურთი მცველს მოხვდა და რამდენიმე სანტიმეტრით აცდა სეზარის კარს. თუმცა ამის მიუხედავად, ბუნდესნაკრებმა 2002 წელს, საუდის არაბეთთან დამყარებული რეკორდი – 4:0 პირველ ტაიმში – მაინც გააუმჯობესა.

ფილიპ ლამი: „გასახდელშივე მოვილაპარაკეთ, რომ ყურადღება არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოგვედუნებინა. აგრეთვე ვთქვით, რომ მეტოქისა და ტრიბუნაზე შეკრებილი ტორსიდისთვის პატივი უნდა გვეცა და მეტიჩრობაზე არ გადავსულიყავით. ყველაზე ღირსეული გამოსავალი იმავე ფეხბურთის თამაში იყო, რასაც პირველ ტაიმში ვაჩვენებდით“.

მეორე ნახევარი სკოლარის გუნდის იერიშებით დაიწყო – მანუელ ნოიერმა ოთხი სახიფათო დარტყმა მოიგერია, ერთხელ ჟულიო სეზარმაც გადაარჩინა გუნდი, თუმცა 69-ე წუთზე ბრაზილიამ მაინც გაუშვა მეექვსე გოლი: კლოზეს ნაცვლად თამაშში ჩართულმა ანდრე შიურლემ ფილიპ ლამის პასით შეაგდო, 0:6!

79-ე წუთზე ანგარიში 0:7 გახდა, კვლავ შიურლემ გაიტანა. მეკარე უძლური იყო, მახვილი კუთხიდან დარტყმულ იმ ბურთს ვერავინ მოიგერიებდა.

ერთადერთი, რაც ბრაზილიამ მოახერხა, ოსკარის გოლი იყო: სელესაოს შემტევმა ნახევარმცველმა 90-ე წუთზე დალაშქრა უშეცდომო ნოიერის კარი – 1:7. არადა, მანამდე გერმანელებთან გამართული ოცდაერთი დაპირისპირებიდან ბრაზილიამ ყველაზე დიდი სხვაობით 1986 წლის ამხანაგური წააგო – 0:2…

მანუელ ნოიერი: „როდესაც ბაზაზე, კამპაო ბაიაში დავბრუნდით, ბრაზილიელი პერსონალი დამწუხრებული დაგვხვდა, მაგრამ მაინც მოგვილოცეს გამარჯვება. იმ წუთებიდან მათთვის ერთადერთი რამ იყო მნიშვნელოვანი: მსოფლიოს ჩემპიონი არგენტინა არ უნდა გამხდარიყო“.

7:1 რომ მთავრდება მატჩი, უკვე საინტერესოა, მაგრამ როცა მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალი სრულდება ამ ანგარიშით, რაღა გასაკვირია, რომ რეკორდების წიგნში ახალი მიღწევები იწერება:

ნახევარფინალში პირველად გაიტანა გუნდმა შვიდი გოლი, პირველად დაფიქსირდა ასეთი ანგარიში და ასევე პირველად – ექვსბურთიანი სხვაობა…

ტურნირის მასპინძელმა მეორედ გაუშვა ერთ მატჩში შვიდი გოლი. პირველად ასეთი რამ სამოცი წლით ადრე, 1954 წელს მოხდა, როცა ავსტრიამ 7:5 აჯობა შვეიცარიას…

გერმანიას ფინალურ ეტაპზე 223 გოლი დაუგროვდა და ბრაზილიას (221) გადაასწრო…

გერმანია მერვედ გავიდა ფინალში, რაც ახალი რეკორდი იყო. ბრაზილიას შვიდი ფინალი დაურჩა…

ბრაზილიამ ყველაზე მწარე მარცხი იწვია მთავარ საფეხბურთო ტურნირზე, ასევე სელესაო ისტორიაში მეორედ დამარცხდა ექვსი ბურთით  (0:6 ურუგვაისთან 1920 წელს), შინ კი პირველად წააგო ასეთი სხვაობით. მანამდე ყველაზე მწარედმოსაგონარი 1939 წელს, რიო დე ჟანეიროში არგენტინასთან 1:5 განადგურება იყო…

ბრაზილიამ ოფიციალურ ტურნირებში (კოპა ამერიკა, მსოფლიო ჩემპიონატი და შესარჩევები) 1975 წელს დაწყებული 62-მატჩიანი საშინაო წაუგებელი სერიაც შეწყვიტა…

„ეს ჩემი ცხოვრების ყველაზე საშინელი დღეა! სრულად ვიღებ პასუხისმგებლობას… ბოდიშს ვუხდი ქვეყანას, თითოეულ გულშემატკივარს“, – ლუიშ ფელიპე სკოლარი პრესკონფერენციაზე დიდხანს არ გაჩერებულა, ტურნირის დასრულების შემდეგ კი თანამდებობიდან გადადგა.

დიდხანს არც სკოლარის გერმანელ კოლეგას უსაუბრია. იოახიმ ლიოვმა თქვა: „შთამბეჭდავად მოვიგეთ, ყველაზე ძალიან კი ის მომეწონა, რომ არნახული უპირატესობის მიუხედავად გუნდმა გეგმის მიხედვით განაგრძო თამაში. რაც შეეხება მეტოქეს, ბრაზილიელებს ძლიერი ფეხბურთელები ჰყავთ, უბრალოდ, დღეს მათ შესაძლებლობები ვერ გამოავლინეს“.

საშინელ წაგებას ბრაზილიის პრეზიდენტიც გამოეხმაურა. დილმა რუსეფმა ერთ-ერთ სოციალურ ქსელში დაწერა: „ყველა ბრაზილიელის დარად წაგების გამო მეც ძალიან დამწუხრებული ვარ“.

ყველაზე სამარცხვინო დღე… ისტორიული განადგურება… ბრაზილია გლოვობს… კატასტროფა… სიგიჟე – 1:7… ამ და არანაკლებ შემზარავი სათაურებით გამოეხმაურა პრესა ნახევარფინალს, არაერთმა მიმომხილველმა კი დაწერა, რომ ბრაზილიური ფეხბურთი მოკვდა და მისი აღორძინება საკლუბო ტურნირების დახვეწით უნდა დაიწყოს.

მინეირაზო – ჟურნალისტები დღეს ამ სიტყვით მოიხსენიებენ გერმანელებთან განადგურებას. ისინი ამბობენ, რომ ეს 1:7 თავის მნიშვნელობით და სიმძაფრით 1950 წლის 16 ივლისს, მარაკანაზე ურუგვაისთან 1:2 წაგებას არაფრით ჩამოუვარდება.

9 ივლისს, სან პაულუში არენა კორინთიანსზე არგენტინასა და ნიდერლანდებს შორის გამართული მეორე ნახევარფინალი უგოლოდ დასრულდა, თუმცა დაძაბულობა არც ამ შეხვედრას აკლდა. არგენტინელებმა ფინალში თამაშის უფლება პენალტების სერიაში მოიპოვეს: საფეხბურთო ლატარეაში 4:2 გაიმარჯვეს.

12 ივლისს ბრინჯაოს მედალოსანი გამოვლინდა. დედაქალაქ ბრაზილიაში საყვარელი ფეხბურთელების გასამხნევებლად 68 034 გულშემატკივარი შეიკრიბა, მაგრამ სელესაომ კვლავ წააგო, თან ზედიზედ მეორედ დამარცხდა დიდი ანგარიშით – რობინ ვან პერსიმ, დელეი ბლინდმა და ჯეორჯინიო ვიინალდუმმა სამი უპასუხო გოლი გაუტანეს ჟულიო სეზარს.

ბრაზილიამ ოქროს თასის გათამაშება თოთხმეტი გაშვებული გოლით დაასრულა, რაც არამარტო გუნდის ანტირეკორდია, არამედ მასპინძლისთვისაც უარესი შედეგია. გარდა ამისა, სელესაო მეორე ნაკრები გახდა გერმანიის შემდეგ, რომელმაც ფინალურ ეტაპზე ასი და მეტი ბურთი გაუშვა. ბრაზილიელებს „საიუბილეო“ გოლი ვან პერსიმ მესამე წუთზე გაუტანა პენალტით…

ფინალი

გადამწყვეტ შეხვედრაში გერმანია მესამედ დაუპირისპირდა არგენტინას. ამით რეკორდი დამყარდა. 1986 წელს, მექსიკაში გამართული ფინალი შეუდარებელი დიეგო მარადონას გუნდის გამარჯვებით დასრულდა – 3:2, ოთხი წლის შემდეგ კი, იტალიაში, გერმანიამ რევანში აიღო – 1:0.

საერთოდ, მეტოქეები მეშვიდედ შეხვდნენ უდიდეს საფეხბურთო ტურნირზე. პირველად 1958 წელს, შვედეთში, ბოლოს კი 2010 წელს, სამხრეთი აფრიკაში, მეოთხედფინალურ სტადიაზე. ამ დაპირისპირებებიდან გერმანელებმა ოთხი მოიგეს, მათ შორის ბოლოს სამი 1990, 2006 და 2010 წლებში, არგენტინამ კი ერთადერთხელ გაიმარჯვა, ზემოხსენებულ 1986 წლის ფინალში. ერთი წყვილის შვიდი პაექრობა ფინალური ეტაპის რეკორდია. ამდენჯერ მხოლოდ ბრაზილია-შვედეთმა და გერმანია (გფრ)-იუგოსლავიამ (სერბეთი) ითამაშეს.

„არგენტინის ნაკრებს შესანიშნავად ვიცნობთ, მაგრამ არის ერთი ფეხბურთელი, რომელიც რაც უნდა სრულყოფილად შეისწავლო, მაინც სახიფათოა – მესის ყველაფერი შეუძლია და მთავარი საფრთხეც სწორედ ისაა. თუმცა, დარწმუნებული ვარ, ჩემი ფეხბურთელები დავალებას ზედმიწევნით კარგად შეასრულებენ, ასეთ შემთხვევაში კი ჩემპიონობის ბრწყინვალე შანსი გვექნება“, – განაცხადა გერმანიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იოახიმ ლიოვმა, რომლისთვისაც ბრაზილია 2014 მესამე მსოფლიო პირველობა იყო. 2006 წელს გერმანიაში ის იურგენ კლინსმანის თანაშემწე გახლდათ, ხოლო 2010 წელს სამხრეთი აფრიკაში, მთავარი მწვრთნელი.

რაც შეეხება ლეო მესის, ის, რა თქმა უნდა, ნაკრების ლიდერი იყო, მაგრამ ფლეი ოფში არცთუ შთამბეჭდავად გამოიყურებოდა. თუნდაც ის ფაქტი, რომ მან ყველა, ოთხივე გოლი ჯგუფურ ეტაპზე გაიტანა, ბევრ რამეზე მიანიშნებდა. ამის შემდეგ მისი შედარებით სუსტი თამაში გუნდზეც აისახებოდა – თეთრ-ცისფრებმა ფლეი ოფში ორად ორი გოლი გაიტანეს: მერვედფინალში დი მარიას ზუსტი დარტყმით დაამარცხეს შვეიცარია, მომდევნო ეტაპზე კი იგუაინის გოლით აჯობეს ბელგიელებს. გერმანიამ, საპირისპიროდ, ფლეი ოფში ათი გოლი შეაგდო.

ასეთი სხვაობის მიუხედავად, პირველი ოთხი სახიფათო მომენტი არგენტინელებმა შექმნეს: იგუაინმა მარჯვენა ფლანგიდან მცირე მანძილით ააცილა; რამდენიმე წუთში მანვე კროოსის უხეში შეცდომით ვერ ისარგებლა – გერმანელმა ნოიერსა და მცველებს შორის ჩარჩენილი მეტოქე ვერ დაინახა და თავით დაუბრუნა ბურთი მეკარეს, არგენტინელმა კი ისევ არაზუსტად დაარტყა; მესამე ცდაზე იგუაინმა კი გაიტანა (ლავეცის პასით), თუმცა თანამსაჯმა სამართლიანად დააფიქსირა თამაშგარე მდგომარეობა; ხოლო მეოთხე მომენტი ლეო მესის შეტევა იყო – მცველებმა ბარსელონის სუპერვარსკვლავის ძალიან სახიფათო პასი დროულად მოიგერიეს.

მშვენიერ პირველ ტაიმში კიდევ სამი სახიფათო მომენტი შეიქმნა: გერმანელთა პირველი, თუმცა ძალიან სახიფათო შეტევა შიურლეს დარტყმით და სერხიო რომეროს ზუსტი თამაშით დასრულდა. ამას მესის საჯარიმოში შეჭრა და არეულობა მოჰყვა, ბენედიკტ ჰიოვედესის თავურის შემდეგ კი არგენტინელები ძელმა გადაარჩინა.

მარაკანაზე შეკრებილ 74 738 გულშემატკივარს არც შესვენების შემდეგ და დამატებით დროში მოუწყენია, მეტოქეები კვლავ მწვავედ უტევდნენ (მესის მორიგი დარტყმა რამდენიმე სანტიმეტრით აცდა კარს, როდრიგო პალასიომ შესანიშნავი შანსით ვერ ისარგებლა), თან, უხეშობამაც იმატა: ჯერ იყო და ნოიერმა იგუაინის წინააღმდეგ დაახლოებით ისე ითამაშა, როგორც ტონი შუმახერმა ბატისტონთან 1982 წელს, სერხიო აგუერომ კი ბასტიან შვაინშტაიგერს ღაწვი გაუხეთქა და სისხლი ადინა.

ერთადერთი გოლი 113-ე წუთზე გავიდა: შიურლემ მარცხენა ფლანგიდან ჩააწოდა ბურთი, მარიო გიოცემ კი ეფექტურად გაიტანა – 1:0. დორტმუნდის ბორუსიის ვარსკვლავი კლოზეს ნაცვლად გამოჩნდა.

მანუელ ნოიერი: „გოლი დიდი შვება იყო, მაგრამ იმავე წუთს შევუძახე თავს, რომ ბოლო წამამდე უკიდურესად მობილიზებული უნდა ვყოფილიყავი. არადა, საოცარი მომენტი იყო! რომ გითხრათ, იმ ეპიზოდში იგრძნობოდა, ბურთი კარში უნდა გასულიყო-მეთქი, მართალი არ ვიქნები. მეორე მხრივ, ეს იყო კონტრშეტევა, რაც ყოველთვის, ყველა მეტოქისთვის სახიფათოა. გიოცემ იმ ეპიზოდში შესანიშნავად ითამაშა“.

მალე იტალიელმა არბიტრმა ნიკოლა რიცოლიმ XX ჩემპიონატი დაასრულა – ოცდაოთხი წლის შემდეგ გერმანია მეოთხედ გახდა ჩემპიონი!

ევროპის გუნდმა პირველად გაიმარჯვა ამერიკის კონტინენტზე, ზედიზედ მეორედ ევროპის მიღმა და რაც მთავარია, ფიფას თასი, ისტორიაში პირველად, ევროპის წარმომადგენელმა მიჯრით მესამედ მოიგო!

მიროსლავ კლოზემ კი უდიდესი საფეხბურთო ტურნირის კიდევ ერთი რეკორდი მიითვალა: ის ერთადერთია, რომელმაც მეოთხე მედალი მოიგო, თან ოქროსი! 2002 წელს კლოზე ვერცხლს დაეუფლა, 2006 და 2010 წლებში – ბრინჯაოს.

მანუელ ნოიერი: „ფინალის მერე წყნარ მომენტს ვერ ვიხსენებ. ბაზიდან დაწყებული, თვითმფრინავით გაგრძელებული, სულ საზეიმო ატმოსფერო იყო! შემდეგ ბერლინში დავეშვით და ზღვა ხალხი დავინახეთ. ამის აღწერა შეუძლებელია! გამარჯვების შემდეგ მარტო, ალბათ, მხოლოდ სააბაზანოში თუ შევდიოდი. დანარჩენი დრო სულ ხალხთან ერთად ვიყავი და მომხდარის გასააზრებლად დრო არ მქონდა. მშვიდად მერეღა დავფიქრდი, შვებულებაში რომ გავედი“.

მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი ბუნდესნაკრების კაპიტნისთვის, ფილიპ ლამისთვის უკანასკნელი სანაკრებო მატჩი გამოდგა. 2014 წლის 13 ივლისს მან 113-ედ მოირგო ქვეყნის მთავარი გუნდის მაისური და ფიფას ოქროს თასით გამოეთხოვა ნაკრებს.

ფილიპ ლამი: „სანაკრებო ფეხბურთისთვის თავის დანებებაზე ფიქრი 2013 წლის ზაფხულიდან დავიწყე. ოცდაათი წლის ვხდებოდი და მსოფლიო ჩემპიონატზე უკეთეს მომენტს ვერ ვნახავდი. ჩემი გადაწყვეტილების შესახებ ნაკრებში არავისთვის მითქვამს, მაგრამ ეჭვი მაქვს, რომ ის ბიჭები, რომლებიც წლობით მიცნობდნენ, ყველაფერს ხვდებოდნენ“.

მსოფლიოს ჩემპიონატის მოგებიდან თვენახევარში, 3 სექტემბერს, გერმანიამ ვიცე-ჩემპიონ არგენტინას დიუსელდორფში, ესპირიტ არენაზე უმასპინძლა. ამხანაგური მატჩი, რომელიც ჯერ კიდევ მსოფლიო ჩემპიონატის წინ დაიგეგმა, არგენტინელებმა 4:2 მოიგეს…

ბრაზილია 2014 – ზოგადი ცნობები:

*-პირველი მსოფლიო ჩემპიონატი, რომლის საწყის ეტაპზე, ერთ ჯგუფში მსოფლიოს ორი ჩემპიონი ჩარჩა.
*-პირველი მსოფლიო ჩემპიონატი, რომლის ფლეი ოფში აფრიკის ორმა წარმომადგენელმა ითამაშა.
*-პირველი მსოფლიო ჩემპიონატი, რომლის ნახევარფინალი ექვსბურთიანი სხვაობით, ანგარიშით 7:1 და ერთი გუნდის მიერ შვიდი გატანილი გოლით დასრულდა.
*-აფრიკის შემდეგ ევროპის გუნდმა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული სამხრეთ ამერიკაშიც მოიპოვა.
*-1954 წლის შემდეგ პირველად, ტურნირის მასპინძელმა მატჩში შვიდი გოლი გაუშვა. ბრაზილია 2014-მდე სამოცი წლით ადრე შვეიცარია ავსტრიასთან 5:7 დამარცხდა.
*-მონაწილეობდა 32 გუნდი (ევროპა – 13; სამხრეთი ამერიკა – 6; აფრიკა – 5; აზია – 4; ცენტრალური და ჩრდილოეთი ამერიკა – 4).
*-64 თამაშში 171 გოლი გავიდა, საშუალოდ მატჩში 2,67.
*-მთლიანი დასწრება – 3 429 873, საშუალოდ მატჩზე 53 592 გულშემატკივარი.

13 ივლისი, 2014. მსოფლიოს XX ჩემპიონატის ფინალი. ბრაზილია, რიო დე ჟანეირო, მარაკანა. 74 738
გერმანია 1:0 (დდ) არგენტინა
გოლი: 1:0 მარიო გიოცე (113)
გერმანია: მანუელ ნოიერი, ბენედიკტ ჰიოვედესი, მატს ჰუმელსი, ბასტიან შვაინშტაიგერი, მესუთ იოზილი (პერ მერტესაკერი 120), მიროსლავ კლოზე (მარიო გიოცე 88), თომას მიულერი, ფილიპ ლამი (კაპ), ტონი კროოსი, ჯერომ ბოატენგი, კრისტოფ კრამერი (ანდრე შიურლე 31)
მწვრთნელი: იოახიმ ლიოვი
არგენტინა: სერხიო რომერო, ეზეკიელ ხარაი, პაბლო საბალეტა, ლუკას ბილია, ენცო პერესი (ფერნანდო გაგო 86), მარტინ დემიკელისი, მარკოს როხო, ხავიერ მაშერანო, ეზეკიელ ლავეცი (სერხიო აგუერო 46), ლეო მესი (კაპ), გონსალო იგუაინი (როდრიგო პალასიო 78)
მწვრთნელი: ალეხანდრო საბელია
გაფრთხილება: ბასტიან შვაინშტაიგერი, ბენედიკტ ჰიოვედესი, ხავიერ მაშერანო, სერხიო აგუერო
მსაჯები: ნიკოლა რიცოლი; რენატო ფავერანი, ანდრეა სტეფანი (ყველა იტალია)

საუკეთესო ბომბარდირი (ოქროს ბუცი):
ხამეს როდრიგესი (კოლუმბია) – 6 გოლი
თომას მიულერი (გერმანია) – 5 გოლი
ნეიმარ და სილვა სანტოს ჟუნიორი (ბრაზილია) – 4 გოლი

საუკეთესო ფეხბურთელი (ოქროს ბურთი):
1.ლეო მესი (არგენტინა)
2.თომას მიულერი (გერმანია)
3.არიენ რობენი (ნიდერლანდები)

საუკეთესო ახალგაზრდა: პოლ პოგბა (საფრანგეთი)
საუკეთესო მეკარე (ადიდასის ოქროს ხელთათმანი): მანუელ ნოიერი (გერმანია)

ტურნირის სიმბოლური ნაკრები (ფიფას ონლაინ-გამოკითხვა)
მეკარე: მანუელ ნოიერი (გერმანია)
მცველები: მარსელო ვიეირა და სილვა ჟუნიორი (ბრაზილია), მატს ჰუმელსი (გერმანია), ტიაგო ემილიანო და სილვა (ბრაზილია), დავიდ ლუის მორეირა მარინიო (ბრაზილია)
ნახევარმცველები: ანხელ დი მარია (არგენტინა), ტონი კროოსი (გერმანია), ხამეს როდრიგესი (კოლუმბია)
თავდამსხმელები: ნეიმარ და სილვა სანტოს ჟუნიორი (ბრაზილია), ლეო მესი (არგენტინა), თომას მიულერი (გერმანია)
მწვრთნელი: იოახიმ ლიოვი (გერმანია)

ტურნირის სიმბოლური ნაკრები (Castrol-ის რჩეულები)
მეკარე: მანუელ ნოიერი (გერმანია)
მცველები: მარკოს როხო (არგენტინა), მატს ჰუმელსი (გერმანია), ტიაგო ემილიანო და სილვა (ბრაზილია), სტეფან დე ვრიი (ნიდერლანდები)
ნახევარმცველები: ოსკარ დოს სანტოს ემბოაბა ჟუნიორი (ბრაზილია), ტონი კროოსი (გერმანია), ფილიპ ლამი (გერმანია), ხამეს როდრიგესი (კოლუმბია)
თავდამსხმელები: არიენ რობენი (ნიდერლანდები), თომას მიულერი (გერმანია)

მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონი გერმანიის ნაკრები
მეკარეები: 1.მანუელ ნოიერი (მიუნხენის ბაიერნი), 12.რონ-რობერტ ცელერი (ჰანოვერ 96), 22.რომან ვაიდენფელერი (დორტმუნდის ბორუსია)
მცველები: 2.კევინ გროსკროიცი (დორტმუნდის ბორუსია), 3.მათიას გინტერი (ფრაიბურგი), 4.ბენედიკტ ჰიოვედესი (გელზენკირხენის შალკე 04), 5.მატს ჰუმელსი (დორტმუნდის ბორუსია), 15.ერიკ დურმი (დორტმუნდის ბორუსია), 16.ფილიპ ლამი (მიუნხენის ბაიერნი), 17.პერ მერტსაკერი (ლონდონის არსენალი, ინგლისი), 20.ჯერომ ბოატენგი (მიუნხენის ბაიერნი), 21.შკოდრან მუსტაფი (გენუის სამპდორია, იტალია)
ნახევარმცველები: 6.სამი ხედირა (მადრიდის რეალი, ესპანეთი), 7.ბასტიან შვაინშტაიგერი (მიუნხენის ბაიერნი), 8.მესუტ იოზილი (ლონდონის არსენალი, ინგლისი), 14.ჯულიან დრაქსლერი (გელზენკირხენის შალკე 04), 18.ტონი კროოსი (მიუნხენის ბაიერნი), 19.მარიო გიოცე (მიუნხენის ბაიერნი), 23.კრისტოფ კრამერი (მიონხენგლადბახის ბორუსია)
თავდამსხმელები: 9.ანდრე შიურლე (ლონდონის ჩელსი, ინგლისი), 10.ლუკას პოდოლსკი (ლონდონის არსენალი, ინგლისი), 11.მიროსლავ კლოზე (რომის ლაციო, იტალია), 13.თომას მიულერი (მიუნხენის ბაიერნი)
მწვრთნელი: იოახიმ ლიოვი

ლაშა გოდუაძე (2022 წლის 5 ნოემბერი)
ფოტო:
FIFA.com; ინტერნეტი

ka_GEGeorgian