მსოფლიო ჩემპიონატების ისტორია: ჩილე 1962
1956 წელს ფიფას კონგრესი პორტუგალიის დედაქალაქში, ლისაბონში გაიმართა. მსოფლიოს 1962 წლის ჩემპიონატის მასპინძლად ჩილე სწორედ იქ დასახელდა, 10 ივნისს.
ტურნირის მიღება კიდევ ორ ქვეყანას სურდა: არგენტინას და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას. თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ 1954 და 1958 წლებში მთავარი საფეხბურთო თასი ევროპაში გათამაშდა, გერმანიის პროექტი მალევე გამოირიცხა.
არგენტინა მთავარ ფავორიტად ითვლებოდა, თუნდაც მხოლოდ იმიტომ, რომ ჩილესთან შედარებით უკეთესი საფეხბურთო ინფრასტრუქტურა ჰქონდა. დელეგაციის ხელმძღვანელმა რაულ კოლომბომ ფიფას აღმასრულებელი კომიტეტის წევრებს წილისყრის წინ განუცხადა, რომ მის ქვეყანას მსოფლიო თასის გათამაშების მასპინძლობა დაუყოვნებლივ შეეძლო, თუნდაც დილიდან.
მაგრამ მსოფლიო ფეხბურთის მმართველ სახლში მაინც ჩილე აირჩიეს: მათ პროექტს ოცდათერთმეტმა დელეგატმა დაუჭირა მხარი, არგენტინას – თორმეტმა, ცამეტმა კი თავი შეიკავა.
ჩემპიონატის დაწყებამდე ორი წლით ადრე, 1960 წლის 20 მაისს, სამხრეთი ამერიკა კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე შემაძრწუნებელმა მიწისძვრამ შეაზანზარა. ეპიცენტრი ჩილეს პატარა ქალაქ ვალდივიაში დაფიქსირდა და ამიტომ იმ უბედურებას, 9,4-9,6 ბალით რომ განისაზღვრა, მას შემდეგ ვალდივიის მიწისძვრის სახელით იცნობენ.
კატასტროფას 50 ათასამდე ადამიანი შეეწირა, ორ მილიონამდე კი სახლის გარეშე დარჩა. თითქმის მთლიანად განადგურდა ფინალური ეტაპის ერთ-ერთ მასპინძლად შერჩეული ვალდივიაც, მის გარდა კი კიდევ სამ ქალაქში გამოირიცხა მატჩების გამართვა – ტალკაში, კონსეპსიონსა და ტალკაუანოში.
საორგანიზაციო კომიტეტი იმ პერიოდში ლამის ყოველ თვე იკრიბებოდა მიწისძვრის თანამდევი პრობლემების გადასაჭრელად. საბოლოოდ, ნაცვლად დაგეგმილი რვა ქალაქისა, ჩილე 1962-ის მატჩები მხოლოდ სანტიაგოში (ესტადიო ნასიონალი), ვინია დელ მარში (საუსალიტო), რანკაგუაში (ბრეიდენ კოპერი) და არიკაში გაიმართა. თუ ოცდათორმეტი წლით ადრე, ურუგვაიში ჩატარებულ პირველ მსოფლიო ჩემპიონატს არ ჩავთვლით, რომლის თამაშებს მხოლოდ მონტევიდეომ უმასპინძლა, ნიკეს თასის მატჩები ასე ცოტა ქალაქში არასდროს ჩატარებულა.
1962 წლის დასაწყისში ფიფამ ჩილეში სპეციალური კომისია მიავლინა. რამდენიმე თვით ადრე ტურნირის არგენტინაში გადატანაც განიხილებოდა, თუმცა ჩილე 1962-ის საორგანიზაციო კომიტეტმა კარლოს დიტბორნის ხელმძღვანელობით, შეუძლებელი შეძლო და ქვეყანა ტურნირს, ავად თუ კარგად, მზად შეხვდა.
„ახლა ჩვენ არაფერი გაგვაჩნია, თუმცა ზუსტად ამიტომ მსოფლიო ჩემპიონატისთვის ყველაფერი გვექნება“! – ასე დაემშვიდობა დიტბორნი ფიფას წარგზავნილებს, რომლებმაც რამდენიმე დღის განმავლობაში ოთხივე მასპინძელი ქალაქი და სტადიონი მოინახულეს.
კარლოს დიტბორნი ჩემპიონატის გახსნას ვერ მოესწრო: 1962 წლის 28 აპრილს, ტურნირის დაწყებამდე ერთი თვით და ორი დღით ადრე, გულის შეტევით გარდაიცვალა. ის 38 წლის გახლდათ. ჩილეს ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, ქალაქ არიკას ახალაგებულ სტადიონს მისი სახელი მიენიჭა, სანტიაგოს მთავარ სარბიელზე კი მისი სახელი მემორიალური დაფით უკვდავჰყვეს. ამას გარდა, მისი ხსოვნის საპატივცემულოდ, ნაკრების მაისურებზე ფეხბურთის ფედერაციის ლოგოს ქვეშ წვრილი შავი ნაჭერი დაიტანეს…
რაც შეეხება საკვალიფიკაციო ეტაპს: მონაწილეობის სურვილი 57-მა ქვეყანამ გამოთქვა, რაც რეკორდი იყო, თუმცა საბოლოოდ 52-მა ითამაშა. შესარჩევში არაერთი მოულოდნელობა მოხდა. მაგალითად, ბოლო პირველობის ფინალისტმა შვედეთმა და მესამეადგილოსანმა საფრანგეთმა ჩილეს საგზური ვერ მოიპოვეს. სკანდინავიელები დამატებით საკვალიფიკაციო მატჩში შვეიცარიელებთან დამარცხდნენ, ხოლო ფრანგები – ბულგარელებთან.
უდიდეს საფეხბურთო ტურნირს დაუბრუნდა თასის ორგზის მფლობელი იტალია. სკუადრა აძურას მეტოქე რუმინეთმა თამაში იუარა, ამიტომ იტალიელები ახლო აღმოსავლეთის და აფრიკის ზონის გამარჯვებულ ისრაელს დაუპირისპირდნენ. 1961 წლის მიწურულს აპენინელებმა სტუმრად 4:2, შინ კი 6:0 დაამარცხეს მეტოქე და ჩილეში თამაში გაინაღდეს.
ამ შეხვედრებში განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო ტურინის იუვენტუსის ერთ-ერთი ლიდერი, არგენტინელი ენრიკე ომარ სივორი, რომელმაც იტალიის მოქალაქეობა ერთი წლით ადრე მიიღო. იმ წლის მიწურულს სივორი ფრანს ფუტბოლის ოქროს ბურთს და ევროპის საუკეთესო მოთამაშის ტიტულსაც დაეუფლა…
ფინალური ეტაპის წილისყრა 1962 წლის 18 იანვარს მოეწყო სანტიაგოში. იქვე ითქვა ორ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებაზე.
პირველი შემდეგში მდგომარეობდა: თუ ჯგუფის მეორე და მესამეადგილოსნები თანაბარ ქულებს მოაგროვებდნენ, უპირატესობა ბურთების უკეთესი შეფარდების მქონე გუნდს მიენიჭებოდა. დამატებითი შეხვედრა გაუქმდა.
მეორე სიახლე კი ასეთი იყო: ფეხბურთელებს ნაკრები გუნდების შეცვლა აეკრძალათ. თუ მოთამაშე მსოფლიო ჩემპიონატზე ან საკვალიფიკაციო ტურნირში რომელიმე გუნდის შემადგენლობაში იასპარეზებდა, სხვა ნაკრების მაისურს ვეღარ მოირგებდა.
ამ წესის მიღებამდე მსგავსი რამ ხუთჯერ მოხდა. ატილიო დემარიამ და ლუის მონტიმ 1930 წელს არგენტინის ნაკრებში ითამაშეს, ოთხი წლის შემდეგ კი იტალიის მთავარი გუნდის შემადგენლობაში. 1954 წელს ფერენც პუშკაში უნგრეთის ნაკრების ლიდერი გახლდათ, ჩილეში კი ესპანელთა შემადგენლობაში იასპარეზა. 1962 წელს პირენეელთა შორის იყო ხოსე სანტამარიაც, ვინც 1954 წელს ურუგვაის ღირსებას იცავდა. ჟოზე ალტაფინი კი 1958 წელს სელესაოს მაისურით გახდა მსოფლიოს ჩემპიონი, ჩილეში კი უკვე სკუადრა აძურას ფეხბურთელი გახლდათ.
მოგვიანებით ამ სიას კიდევ ორი მოთამაშე დაემატა, თუმცა ვინ და რატომ, ამაზე კონკრეტული მსოფლიო ჩემპიონატისადმი მიძღვნილ წერილში…
ჯგუფური ეტაპი
ევროპის ერთა თასის პირველი გათამაშების გამარჯვებული საბჭოთა კავშირის ნაკრები კვლავ ფავორიტთა შორის დასახელდა. გავრილ კაჩალინის რჩეულ საბჭოთა ფეხბურთელთა შორის თბილისის დინამოელებიც მოხვდნენ: მეკარე სერგო კოტრიკაძე, მცველი გივი ჩოხელი და თავდამსხმელი მიხეილ მესხი. გუნდში მეოთხე ქართველიც იყო, იმხანად ჯერ კიდევ მოსკოვის ტორპედოს ერთ-ერთი ლიდერი სლავა მეტრეველი.
ქართველების დებიუტი მსოფლიო ჩემპიონატზე სწორედ ჩილეში შედგა: 31 მაისს, არიკაში, კარლოს დიტბორნის სახელობის სარბიელზე იუგოსლავიასთან 2:0 მოგებულ მატჩში მესხმა და მეტრეველმა ითამაშეს.
პირველ ჯგუფში მოხვედრილმა სსრკ ნაკრებმა პროგნოზი ნაწილობრივ გაამართლა: იუგოსლავიასთან გამარჯვების შემდეგ მესამე ტურში ურუგვაის სძლია, თუმცა მანამდე სუსტ კოლუმბიასთან მოულოდნელად 4:4 ითამაშა, არადა სამი ბურთით იგებდა.
ლეგენდარულმა ლევ იაშინმა, რომელიც იმ წლებში მსოფლიოს საუკეთესო მეკარედ ითვლებოდა, თუმცა შეჯიბრებას ცუდ ფორმაში შეხვდა, 68-ე წუთზე პირდაპირ კუთხურიდან გაუშვა გოლი – კოლუმბიელმა მარკოს ტულიო კოლ ტესილიომ აჯობა.
ეს იყო უდიდეს საფეხბურთო ტურნირზე კუთხურიდან ჩახვეული პირველი ბურთი. სამხრეთამერიკელმა ჟურნალისტებმა კოლ ტესილიოს გოლი, რატომღაც, ოლიმპიურად მონათლეს. რაც შეეხება საბოლოო ანგარიშს, ამაზე უხვგოლიანი ფრე ტურნირის ისტორიას არ ახსოვს.
II ჯგუფში მასპინძლებს შვეიცარია, გფრ და იტალია ერგოთ. 2 ივნისს, სანტიაგოში, ეროვნულ სტადიონზე გამართული ჩილე-იტალიის დაპირისპირება უნდა გამოვარჩიო, რომელიც ისტორიას სანტიაგოს ბრძოლის სახელით შემორჩა: ზღვარგადასული უხეშობა, უსაქციელობა, გაუთავებელი გაწევ-გამოწევა, ჩხუბი, გაძევება, დახეული მაისურები… გულშემატკივარმა იმ დღეს ყველაფერი იხილა, რაც ასე არ უხდება ფეხბურთს და ზოგადად, სპორტს.
ინგლისელმა არბიტრმა კენი ესტონმა (ყვითელი და წითელი ბარათების შემოღების მთავარი ინიციატორი), ჩილელი ონორინო ლანდას და იტალიელი ჯორჯო ფერინის ჩხუბის შემდეგ (მე-8 წუთზე), რატომღაც მარტო აპენინელი გააგდო. ამ უკანასკნელმა მოედნის დატოვება იუარა და მხოლოდ პოლიციის დახმარებით დაატოვებინეს მინდორი. არ გასულა დიდი დრო და ჩილელთა ერთ-ერთმა საუკეთესო ფეხბურთელმა ლეონელ სანჩესმა უმბერტო მასკიოს ცხვირი გაუტეხა, ესტონმა კი კვლავ არ დასაჯა დამნაშავე. მეტიც, 41-ე წუთზე, როცა მარიო დავიდმა სანჩესს მასკიოს ნაცვლად ხურდა დაუბრუნა, ბრიტანელმა მხოლოდ ეს უკანასკნელი მიაბრძანა მინდვრიდან. სკუადრა აძურამ 73-ე წუთამდე გაძლო, მერე კი ორი ბურთი გაუშვა – ანგარიში რაულ რამირესმა გახსნა, მეორე ბურთი კი საფინალო სასტვენამდე სამი წუთით ადრე ხორხე ლუის ტორო სანჩესმა შეაგდო. მიუხედავად იმისა, რომ უკანასკნელ ტურში იტალიელებმა შვეიცარიელებს დიდი ანგარიშით სძლიეს (ჯაკომო ბულგარელის დუბლი, ბრუნო მორა), მაინც ფლეი ოფს მიღმა დარჩნენ.
რამდენიმე დღეში ამ მატჩის ჩანაწერი ბრიტანეთის ტელევიზიით აჩვენეს, სადაც ტელეკომენტატორმა დევიდ კოულმენმა სანტიაგოს ბრძოლას ფეხბურთის ისტორიაში „სავარაუდოდ, ყველაზე სულელური, გამაღიზიანებელი, ამაზრზენი და ბინძური სანახაობა“ უწოდა.
ჩილელების აგრესია ორი წლით ადრე მომხდარი მიწისძვრის შემდეგ რამდენიმე იტალიურ გაზეთში გამოქვეყნებული წერილებით იყო ნასაზრდოები. 1960 წლის გაზაფხულზე, როცა ქვეყანა ნანგრევებში იყო ჩაფლული და დაღუპულებს გლოვობდა, არაერთმა იტალიურმა გამოცემამ ფიფა ჩემპიონატის იქ ჩატარების გამო გააკრიტიკა და არჩევანს სისულელე და სიგიჟე უწოდა.
ამ მსოფლიო ჩემპიონატისადმი მიძღვნილ არაერთ წიგნში ისიცაა აღნიშნული, რომ ტურნირის გასაშუქებლად მივლინებული იტალიელი ჟურნალისტები განსაკუთრებით დამცინავ რეპორტაჟებს წერდნენ. მაგალითად მოყვანილია ანტონიო ჯირელის და კორადო პიცინელის სტატიები, სადაც ისინი ამბობენ რომ: „ტელეფონები ძალიან ცუდად, ან საერთოდ არ მუშაობს, ევროპაში წერილის გასაგზავნად კაცმა მკლავი ან ფეხი უნდა მოიკვეთოს, ხოლო ტაქსი ისეთივე იშვიათია, როგორც ერთგული ქმარი“. ან: „დედაქალაქის ყველა სასტუმროში საერთო ჯამში მხოლოდ შვიდასი ნომერია, გარეუბნებში პროსტიტუცია ჰყვავის, ახალგაზრდობა ლოთობს, ჩილელი მამაკაცები კი საბრალოები, მაგრამ უაზროდ ამაყები არიან“. ასეთი რეპორტაჟების გამო ჯირელიმ და პიცინელიმ ნაკრებზე ადრე დატოვეს ჩილე – მათივე უსაფრთხოების გამო…
IV ჯგუფში უნგრეთმა და ინგლისმა გაიმარჯვეს. აღმოსავლეთევროპელებმა პირველი ადგილი დაიკავეს, მეორე ადგილზე გასულ ბრიტანელებს კი სამი ქულა დაუგროვდათ. ამდენივე ქულა მოიპოვა არგენტინამ, თუმცა მეოთხედფინალში თამაშის უფლება მაინც ინგლისმა მოიპოვა – ბურთების უკეთესი სხვაობის გამო. ეს პირველი შემთხვევაა ტურნირის ისტორიაში, როცა ფლეი ოფის მონაწილე ბურთების უკეთესი შეფარდებით გამოვლინდა.
მსოფლიოს ჩემპიონმა ბრაზილიამ III ჯგუფი მოიგო. ჩილეში ჩასვლამდე აიმორე მორეირას გაწვრთნილი ნაკრები პარაგვაის ოსვალდო კრუზის სახელობის თასისთვის გაეჯიბრა. 1962 წლის 21 აპრილს, რიო დე ჟანეიროში, მსოფლიოს ჩემპიონებმა 6:0 გაანადგურეს მეტოქე – გოლები დიდიმ, პელემ, კუტინიომ, ვავამ, გარინჩამ და ნილტონ სანტოსმა გაიტანეს. სამი დღის შემდეგ, 24 აპრილს, მეტოქეები კიდევ ერთხელ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, ამჯერად სან პაულუში. ბრაზილიამ პელეს დუბლით და პეპეს და ვავას თითო ზუსტი დარტყმით კვლავ იოლად მოიგო. პარაგვაელებთან საწვრთნელ თამაშებს პორტუგალიასთან (2:1, 1:0) და უელსთან (3:1, 3:1) ორ-ორი გამარჯვება მოჰყვა…
ბრაზილია ბრწყინვალე ფორმაში შეხვდა ტურნირს. დიდებული იყო პელეც, რომლის სახელი იმ დროს მთელ მსოფლიოში ჰქუხდა – ამხანაგურ მატჩებში მან შვიდი ბურთი შეაგდო! გულშემატკივრები და ჟურნალისტები დარწმუნებულნი იყვნენ, რომ ბრაზილიელთა მეათე ნომერი ჩილეში შეუდარებელი იქნებოდა, თუმცა ასე არ მოხდა: მეორე ტურში, ჩეხოსლოვაკიასთან უგოლოდ დასრულებულ მატჩში სანტოსელმა საზარდულთან ტკივილი იგრძნო და მოედნიდან ადრე გავიდა. ამით მან მსოფლიო ჩემპიონატი დაასრულა.
ჩილე 1962 მეორე ბრაზილიელის, ბოტაფოგოს ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელის მანოელ დოს სანტოს ფრანსისკო გარინჩას ბენეფისად იქცა: ხალხის სიხარული (მანეს სიყვარულით ასე ეძახდნენ) ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს და გარდა ამისა, მან ბომბარდირის წოდებაც მოიპოვა (რამდენიმე ფეხბურთელთან ერთად).
ბრაზილიამ ტიტულის დაცვა 30 მაისს, ვინია დელ მარში დაიწყო – მარიო ლობო ზაგალოს და პელეს გოლებით მექსიკას 2:0 სძლია. ამას ჩეხოსლოვაკიასთან უგოლო ფრე მოჰყვა, მესამე ტურში კი სელესაოს ესპანეთი ელოდა.
მორეირა კარგა ხანს არჩევდა პელეს შემცვლელს, მისი თანაკლუბელი ანტონიო ვილსონ ონორიო კუტინიო უნდა დაეყენებინა, ან 22 წლის ბოტაფოგოელი ამარილდო ტავარეშ და ოლივეირა. მორეირა ამარილდოს ენდო და მანაც გაამართლა – ლეგენდარული ელენიო ერერას გაწვრთნილ ესპანეთს, სადაც მადრიდის რეალის ვარსკვლავები ფრანსისკო ხენტო, ფერენც პუშკაში, ლუის დელ სოლი, ასევე ბარსელონელი ლუის სუარესი და სხვა ძლიერი მოთამაშეები ასპარეზობდნენ, თამაშის მიწურულს ორი გოლი გაუტანა – 2:1.
სათქმელია, რომ ბრაზილიას ამ შეხვედრაში ძალიან გაუჭირდა და რომ არა ჩილელი არბიტრის სერხიო ბუსტამანტეს ორი უხეში შეცდომა, შესაძლოა მატჩი ვერც მოეგო. მეორე ტაიმის დასაწყისში, როცა ნილტონ სანტოსმა აშკარად საჯარიმოს შიგნით დაარღვია წესი, ბუსტამანტემ პენალტის ნაცვლად საჯარიმო დარტყმა დანიშნა. რამდენიმე წუთში კი მანვე გაუგებარი მიზეზით გააუქმა ესპანელთა მეორე გოლი. ის ბურთი რომ ჩაეთვალა, ანგარიში 2:0 ხდებოდა ევროპელთა სასარგებლოდ…
ხენტოს, პუშკაშის, სუარესის და დელ სოლის გარდა ესპანეთის შემადგენლობაში კიდევ ერთი ვარსკვლავი ირიცხებოდა, ევროპის 1957 და 1959 წლების საუკეთესო მოთამაშე, სამეფო კლუბის ლეგენდა ალფრედო დი სტეფანო, თუმცა რეალის კაპიტანს და ლიდერს ჩილეში წუთიც არ უთამაშია.
III ჯგუფის საბოლოო ცხრილი 7 ივნისს, მექსიკა-ჩეხოსლოვაკიის მატჩით დადგინდა, რომელიც ამერიკელებმა 3:1 მოიგეს. ეს იყო მექსიკის ნაკრების პირველი გამარჯვება მსოფლიო ჩემპიონატების ფინალურ ეტაპზე, არანაკლებ საინტერესო კი ისაა, რომ ჩეხმა ვაცლავ მაშეკმა მე-15 წამზე გახსნა ანგარიში და ისტორიაში ყველაზე სწრაფი გოლიც შეაგდო! მისი რეკორდი მხოლოდ წლების შემდეგ გააუმჯობესეს…
ფლეი ოფი
მეოთხედფინალში ბრაზილია ინგლისს დაუპირისპირდა. ამ თამაშს საინტერესო ამბავი უკავშირდება. ჟურნალისტი იგორ ფესუნენკო ბრაზილიური ფეხბურთისადმი მიძღვნილ ძალიან კარგ და გემრიელ წიგნში „პელე, გარინჩა, ფეხბურთი“, ასეთ ეპიზოდს იხსენებს:
მეოთხედფინალის წინ, ვარჯიშზე, ნილტონ სანტოსი გულუბრყვილო გარინჩას გაეხუმრა, ერთმა ინგლისელმა შენზე თქვა, სუსტია და ვერაფერს დამაკლებსო. მცველს რამდენიმე თანაგუნდელმაც აუბა მხარი, გარინჩა კი მეგობრებს ხუმრობას ვერ მიუხვდა და გულნატკენმა იკითხა, მაინც რომელმა თქვაო.
-აი იმან, მაღალი და ქერა რომაა… გვარი არ მახსოვს, – უპასუხა ნილტონ სანტოსმა.
-ისინი ხომ ყველანი მაღლები და ქერები არიან! – მხრები აიჩეჩა მანემ.
-შენც მიდი და ყველას ასწავლე ჭკუა, ასე უფრო მარტივი არაა? – იყო პასუხი.
მეორე დღეს ინგლისელებმა გარინჩა ვერ გააჩერეს: უამრავი შეტევა, ფინტი, სოლო-რეიდი… ბოტაფოგოელმა დუბლი შეასრულა!
ამ მატჩის ერთ ეპიზოდზეც უნდა დავწერო: თამაში რამდენიმე წუთით შეწყდა, რადგან მოედანზე ძაღლი შევარდა და სანამ დაუპატიჟებელი სტუმარი მინდვრიდან მიაბრძანეს, გულშემატკივრებმა გვარიანად იხალისეს. ამბობენ, რომ თამაშის შემდეგ გარინჩამ ის ძაღლი იპოვა და ჩემპიონატის შემდეგ სახლშიც წაიყვანა, მეტიც, პოპულარული ინგლისელი თავდამსხმელის ჯიმი გრივსის „პატივსაცემად“ ოთხფეხა მეგობარს ჯიმი დაარქვა.
სხვა მეოთხედფინალებიდან გამოსარჩევია საბჭოთა კავშირის ნაკრების მარცხი ჩილესთან. მიუხედავად იმისა, რომ მეტოქე მასპინძელი იყო, ფავორიტად მაინც ევროპის თასის პირველი გათამაშების გამარჯვებული განიხილებოდა.
საბჭოთა ფეხბურთის ისტორიკოსები წერენ, რომ იაშინის ცუდი ფორმით შეშფოთებულ გავრილ კაჩალინს ჩილელთა წინააღმდეგ სერგო კოტრიკაძის დაყენება სურდა, რადგან თბილისის დინამოელი ლეგენდარულ მეკარეზე უკეთეს ფორმაში იყო. მაგრამ მწვრთნელი, თუნდაც ევროპის თასის მომგები, ასეთ გადაწყვეტილებას დელეგაციის ხელმძღვანელის თანხმობის გარეშე ვერ მიიღებდა, ზემდგომმა კი კაჩალინს იაშინის დაყენება უბრძანა.
გოლი, რომელმაც გადაწყვიტა კიდეც თამაშის ბედი, იაშინმა შორიდან გაუშვა – ელადიო როხასმა გაიტანა. ჩილე ნახევარფინალში გავიდა, საბჭოთა ნაკრები კი შინ დაბრუნდა.
სერგო კოტრიკაძე წლების შემდეგ იტყვის:
„1962 წელს შესანიშნავ ფორმაში ვიყავი, იაშინი კი პირიქით, შეცდომას შეცდომაზე უშვებდა. ჩილეს მსოფლიო ჩემპიონატის წინ მთავარი მწვრთნელი გავრილ კაჩალინი მამხნევებდა, თუ ასე გააგრძელე, მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი მეკარე იქნებიო.
მწვრთნელებმა ჩილეში კი წამიყვანეს, მაგრამ იქ მაინც იაშინს ანდეს კარი. ჯგუფურ ტურნირში მან კარგი შთაბეჭდილება ვერ დატოვა და მეოთხედფინალის წინ კაჩალინმა მითხრა, მოემზადე, შენი დრო დადგაო. ფრთები შემესხა, მაგრამ რად გინდა? კარში კვლავ იაშინი ჩააყენეს და ჩვენც მისი შეცდომის გამო გამოვეთხოვეთ შეჯიბრებას.
წლის ბოლოს ჟურნალმა ოგონიოკმა, რომელიც ქვეყნის საუკეთესო მეკარეს ავლენდა, მთავარი პრიზი მე გადმომცა – ეს ერთგვარი ნუგეში იყო…
საბჭოთა კავშირს კი პარადოქსებით სავსე ქვეყანა ეთქმოდა: 1962-ში საუკეთესო მეკარედ მაღიარეს, მაგრამ ჩემპიონატის 33 საუკეთესო ფეხბურთელის სიაში მხოლოდ მესამე მეკარედ დამასახელეს“!
ჩილესთან წაგება ლევ იაშინს დაბრალდა – მოსკოვის დინამოს მთავარმა ვარსკვლავმა მძიმე დღეები გადაიტანა, თუმცა ერთი წლის შემდეგ დაამტკიცა, რომ ჩამოსაწერი არ იყო: ჯერ ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის საუკუნოვან იუბილესადმი მიძღვნილ შეხვედრაში ითამაშა მსოფლიო ნაკრების ძირითად შემადგენლობაში, წლის მიწურულს კი პირველი (და დღემდე ერთადერთი) მეკარე გახდა, რომელსაც ფრანს ფუტბოლმა ოქროს ბურთი გადასცა და ევროპის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარა…
საბჭოელებთან მოულოდნელი გამარჯვებით ჩილე ნახევარფინალში ბრაზილიაზე გავიდა. თითოეულმა ჩილელმა ქომაგმა ბრწყინვალედ იცოდა, რომ მათი საყვარელი ფეხბურთელების მთავარი მეტოქე გარინჩა იყო. მაგრამ მანეს მაინც ვერავინ ვერაფერი დააკლო: 31-ე წუთისთვის ბრაზილიელმა ორი ბურთი შეაგდო, შესვენების შემდეგ კი ვავასაც გაატანინა. მეორე დღეს ჩილეს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულ გაზეთ ელ მერკურიოში მატჩის მიმოხილვა ასეთი სათაურით დაიბეჭდა: რომელი პლანეტიდან ხარ, მანე?
ბრაზილიამ 4:2 გაიმარჯვა და ზედიზედ მეორედ გავიდა ფინალში, თუმცა გადამწყვეტ მატჩში გუნდის ლიდერის მონაწილეობა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა: 83-ე წუთზე მანემ როხასს უხეშობა არ აპატია და ხელი დაარტყა, პერუელმა არბიტრმა არტურო იამასაკიმ კი ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშე მინდვრიდან მიაბრძანა.
ლიდერის გარეშე თამაში ბრაზილიელთა გეგმაში ნამდვილად არ შედიოდა და ნაკრების მესვეურებმაც ჯერ ფეხბურთის კონფედერაციის ხელმძღვანელებს სთხოვეს პრობლემის მოგვარება, მალე კი ბრაზილიის პირველი პირებიც შეაწუხეს. მისი ჩარევის შემდეგ ფიფას სპეციალურმა კომისიამ ნახევარფინალში მომხდარი ინციდენტი დაწვრილებით შეისწავლა და ბრაზილიელთა გასახარად „დაასკვნა“, რომ პერუელმა არბიტრმა გადაამლაშა – მანე დასჯას კი იმსახურებდა, მაგრამ გაგდებას – არა. შედეგად, ბრაზილიელთა ლიდერი ფინალში დაუშვეს.
მეორე ნახევარფინალში, ვინია დელ მარში, მსოფლიოს 1934 წლის ვიცე-ჩემპიონმა ჩეხოსლოვაკიამ ევროპის თასის პირველი გათამაშების ფინალისტი იუგოსლავია 3:1 დაამარცხა. თამაშს მხოლოდ 5 890 მაყურებელი დაესწრო, ასე ცოტა გულშემატკივარი კი ნახევარფინალებს არც მანამდე ახსოვს და არც მას შემდეგ.
საინტერესოა, რომ ჩეხოსლოვაკიასა და იუგოსლავიას სანტიაგოში უნდა ეთამაშათ, ჩილე-ბრაზილიას კი პირიქით, ვინია დელ მარში. თუმცა მასპინძელთა მოულოდნელმა წარმატებამ ორგანიზატორებს გეგმები შეაცვლევინა და ჩილემაც ნახევარფინალი დედაქალაქში მხოლოდ ფიფას სპეციალური თანხმობის შემდეგ ჩაატარა.
1954 წლის შემდეგ პირველად გადამწყვეტ მატჩში ის გუნდები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, რომლებმაც წინა ეტაპზე ერთხელ უკვე ითამაშეს. შეგახსენებთ, რომ რვა წლით ადრე, შვეიცარიაში, ჩემპიონი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ნაკრები ჯგუფში უნგრეთთან 3:8 განადგურდა, თუმცა მთავარი დაპირისპირება, ფინალი, 3:2 მოიგო.
16 ივნისს მსოფლიოს VII ჩემპიონატის მესამეადგილოსანი გამოვლინდა: ელადიო როხასის ერთადერთი გოლით ჩილემ იუგოსლავიას სძლია. არც მანამდე და არც მას შემდეგ ამ პატარა სამხრეთამერიკული ქვეყნის გუნდს უდიდესი საფეხბურთო ტურნირი მესამე ადგილზე არ დაუსრულებია.
ფინალი
ბრაზილიას ტიტული 17 ივნისს, სანტიაგოში უნდა დაეცვა. მეორედ იყო ფინალში ჩეხოსლოვაკიაც, 1934 წელს გუნდი იტალიასთან დამარცხდა.
რუდოლფ ვიტლაჩილის გაწვრთნილი აღმოსავლეთევროპელები მთელი ჩემპიონატის მანძილზე საიმედოდ თამაშობდნენ. მათ შორის არაერთი კარგი მოთამაშე იყო: მეკარე ვილიამ შროიფი, მცველები იან პოპლუხარი და სვიატოპლუკ პლუსკალი, ნახევარმცველი ტომაშ პოსპიხალი, საუკეთესო კი უდავოდ პრაღის დუკლას ლიდერი იოზეფ მასოპუსტი გახლდათ. წლის ბოლოს მასოპუსტს გარჯა დაუფასდა, ფრანს ფუტბოლმა ევროპის უძლიერეს ფეხბურთელად აღიარა და ოქროს ბურთიც გადასცა!
მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ანგარიში სწორედ მან გახსნა: პოსპიხალს გაუთამაშა ბურთი და მეკარე ჟილმარს შანსი არ დაუტოვა – 0:1. ეს მე-15 წუთზე მოხდა.
მაგრამ მე-17 წუთზე ცენტრიდან თამაში უკვე ჩეხოსლოვაკიელებმა დაიწყეს: ზაგალომ ამარილდოს მიაწოდა ბურთი, თავდამსხმელმა კი მეკარე შროიფს შეცდომა არ აპატია და დაუცველ კუთხეში გაუტანა – 1:1.
შესვენების შემდეგ სელესაომ კიდევ ორჯერ გაიხარა: 69-ე წუთზე ზიტომ თავურით დააწინაურა გუნდი, 78-ე წუთზე კი გარინჩა-ჯალმა სანტოსის დაწყებული კომბინაცია ვავამ დააგვირგვინა – შროიფი მეორედ შეცდა, ბურთი ვერ შეიმაგრა და ფორვარდმაც დასწრებაზე ითამაშა. ვავა გახდა პირველი, რომელმაც მსოფლიოს ორი ჩემპიონატის ფინალში გაიტანა გოლი: ოთხი წლით ადრე, შვედეთში, მან ასევე მასპინძლებს გაუტანა, თან ორჯერ.
საბოლოოდ 3:1. ბრაზილიის ნაკრების კაპიტანმა მაურო რამოს დე ოლივეირამ ქალღმერთ ნიკეს ოქროს თასი ფიფას ინგლისელი პრეზიდენტისგან, სერ სტენლი როუზისგან ჩაიბარა.
ბრაზილიამ საფეხბურთო სამყაროს მეორედ გადმოხედა მწვერვალიდან და ორგზის ჩემპიონ ურუგვაის და იტალიას გაუტოლდა. ამავდროულად, ბრაზილიელებმა იტალიელების შედეგი გაიმეორეს – ტიტული დაიცვეს.
ისტორიაში პირველად მოხდა, რომ საუკეთესო ბომბარდირის ტიტული ერთდროულად ექვსმა მოიპოვა: გარინჩამ, ვავამ, ჩილელმა ლეონელ სანჩესმა, უნგრელმა ფლორიან ალბერტმა, იუგოსლავიელმა დრაჟან ერკოვიჩმა და სსრკ ნაკრების ფორვარდმა ვალენტინ ივანოვმა ოთხ-ოთხი გოლი გაიტანეს.
ჩილე 1962-ის უძლიერესი ფეხბურთელი კი ხალხის სიხარული – გარინჩა გახდა. წლის მიწურულს ინგლისურმა ჟურნალმა უორლდ სოკერმა ბრაზილიელი მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშედ აღიარა…
ჩილე 1962 – ზოგადი ცნობები:
*-პირველი მსოფლიო ჩემპიონატი, როცა საშუალო შედეგიანობა მატჩში 3 გოლზე ნაკლები იყო.
*-პირველი მსოფლიო ჩემპიონატი, როცა ფლეი ოფის მონაწილე თანაბარი ქულების მქონე გუნდებს შორის ბურთების უკეთესი შეფარდებით გამოვლინდა.
*-უკანასკნელი მსოფლიო ჩემპიონატი, სადაც მხოლოდ ევროპის და ამერიკის გუნდებმა ითამაშეს.
*-ერთადერთი მსოფლიო ჩემპიონატი, სადაც ყველაზე მეტი გოლი – 4 – ექვსმა ფეხბურთელმა გაიტანა.
*-მონაწილეობდა 16 გუნდი (ევროპა – 10; სამხრეთი ამერიკა – 5; ცენტრალური და ჩრდილოეთი ამერიკა – 1).
*-32 თამაშში 89 გოლი გავიდა, საშუალოდ მატჩში 2,78.
*-მთლიანი დასწრება – 893 172, საშუალოდ მატჩზე 27 912 გულშემატკივარი.
17 ივნისი, 1962. მსოფლიოს VII ჩემპიონატის ფინალი. ჩილე, სანტიაგო, ნასიონალი. 68 679
ბრაზილია 3:1 ჩეხოსლოვაკია
გოლები: 0:1 იოზეფ მასოპუსტი (15), 1:1 ამარილდო ტავარეშ და ოლივეირა (17), 2:1 ჟოზე ელი დე მირანდა ზიტო (69), 3:1 ედვალდო იზიდიო ნეტო ვავა (78)
ბრაზილია: ჟილმარ დუშ სანტუშ ნევესი, ჯალმა სანტოსი, მაურო რამოს დე ოლივეირა (კაპ), ჟოზე ელი დე მირანდა ზიტო, ზოზიმო ალვეს სალასანსი, ნილტონ სანტოსი, მანოელ ფრანსისკო დოს სანტოს გარინჩა, ვალდირ პერეირა დიდი, ედვალდო იზიდიო ნეტო ვავა, ამარილდო ტავარეშ და ოლივეირა, მარიო ჟორჟე ლობო ზაგალო
მწვრთნელი: აიმორე მორეირა
ჩეხოსლოვაკია: ვილიამ შროიფი, იან პოპლუხარი, ლადისლავ ნოვაკი (კაპ), სვიატოპლუკ პლუსკალი, იოზეფ მასოპუსტი, ადოლფ შერერი, იოზეფ იელინეკი, ირჟი ტიხი, ტომაშ პოსპიხალი, იოზეფ კადრაბა, ანდრეი კვასნაკი
მწვრთნელი: რუდოლფ ვიტლაჩილი
მსაჯები: ნიკოლაი ლატიშევი (სსრკ); ლეო ჰორნი (ნიდერლანდები), ბობ დავიდსონი (შოტლანდია)
საუკეთესო ბომბარდირი:
მანოელ ფრანსისკო დოს სანტოს გარინჩა (ბრაზილია), ედვალდო იზიდიო ნეტო ვავა (ბრაზილია), ლეონელ სანჩესი (ჩილე), ფლორიან ალბერტი (უნგრეთი), დრაჟან ერკოვიჩი (იუგოსლავია), ვალენტინ ივანოვი (სსრკ) – 4 გოლი
საუკეთესო ფეხბურთელი (არაოფიციალური): მანოელ ფრანსისკო დოს სანტოს გარინჩა (ბრაზილია)
საუკეთესო ახალგაზრდა (არაოფიციალური): ფლორიან ალბერტი (უნგრეთი)
საუკეთესო მეკარე (არაოფიციალური): ვილიამ შროიფი (ჩეხოსლოვაკია)
ტურნირის სიმბოლური ნაკრები (არაოფიციალური)
მეკარე: ვილიამ შროიფი (ჩეხოსლოვაკია)
მცველები: ჯალმა სანტოსი (ბრაზილია), ჩეზარე მალდინი (იტალია), კარლ-ჰაინც შნელინგერი (გფრ), ვალერი ვორონინი (სსრკ)
ნახევარმცველები: იოზეფ მასოპუსტი (ჩეხოსლოვაკია), ჟოზე ელი დე მირანდა ზიტო (ბრაზილია), მარიო ჟორჟე ლობო ზაგალო (ბრაზილია)
თავდამსხმელები: მანოელ ფრანსისკო დოს სანტოს გარინჩა (ბრაზილია), ედვალდო იზიდიო ნეტო ვავა (ბრაზილია), ლეონელ სანჩესი (ჩილე)
მსოფლიოს 1962 წლის ჩემპიონი ბრაზილიის ნაკრები
მეკარეები: 1.ჟილმარ დოს სანტოს ნევესი (სანტოსი), 22.კარლუშ ჟოზე დე კასტილიო (რიო დე ჟანეიროს ფლუმინენსე)
მცველები: 2.ჯალმა სანტოსი (სან პაულუს პალმეირასი), 3.მაურო რამოს დე ოლივეირა (სანტოსი), 5.ზოზიმო ალვეშ სალასანსი (რიო დე ჟანეიროს ბანგუ), 6.ნილტონ სანტოსი (რიო დე ჟანეიროს ბოტაფოგო), 12.ჟაირ მარინიო დე ოლივეირა (რიო დე ჟანეიროს ფლუმინენსე), 13.ილდერალდო ლუის ბელინი (სან პაულუ), 14.ჟურანდირ ფრეიტასი (სან პაულუ), 15.ალტაირ დე მორაეში (რიო დე ჟანეიროს ფლუმინენსე)
ნახევარმცველები: 4.ჟოზე ელი დე მირანდა ზიტო (სანტოსი), 7.მანოელ ფრანსისკო დოს სანტოს გარინჩა (რიო დე ჟანეიროს ბოტაფოგო), 8.ვალდირ პერეირა დიდი (რიო დე ჟანეიროს ბოტაფოგო), 16.ჟოზე ფერეირა ფრანკო ზეკინია (სან პაულუს პალმეირასი), 17.მენგალვიო ფიგუერო (სანტოსი)
თავდამსხმელები: 9.ანტონიო ვილსონ ონორიო კუტინიო (სანტოსი), 10.ედსონ არანტეს დუ ნასიმენტუ პელე (სანტოსი), 11.ჟოზე მაკია პეპე (სანტოსი), 18.ჟაირ და კოსტა (სან პაულუს პორტუგეზა), 19.ედვალდო იზიდიო ნეტო ვავა (სან პაულუს პალმეირასი), 20.ამარილდო ტავარეშ და ოლივეირა (რიო დე ჟანეიროს ბოტაფოგო), 21.მარიო ჟორჟე ლობო ზაგალო (რიო დე ჟანეიროს ბოტაფოგო)
მწვრთნელი: აიმორე მორეირა
ლაშა გოდუაძე (2022 წლის 29 ივლისი)
ფოტო: FIFA.com; ინტერნეტი