მსოფლიო ჩემპიონატების ისტორია: გფრ 1974

მას შემდეგ, რაც ნიკეს ოქროს თასი ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაციას სამუდამოდ გადაეცა, ფიფამ ახალ ჯილდოზე კონკურსი გამოაცხადა. შვიდი ქვეყნის ორმოცდაცამეტმა ხელოვანმა წარადგინა ესკიზი, მკაცრი შერჩევის შემდეგ კი გამარჯვებულად იტალიელი სილვიო გაზანიგას ნამუშევარი გამოცხადდა.
მისი დიზაინით იტალიურმა კომპანიამ სტაბილიმენტო არტისტიკო ბერტონიმ ახალი თასიც ოქროსგან დაამზადა. ულამაზესი ნაკეთობა წინამორბედზე მაღალი და მძიმე იყო: 36,8 სანტიმეტრი სიმაღლის ჯილდო 6,1 კილოგრამს იწონიდა და ლამის ორჯერ აღემატებოდა წინამორბედს.
გაზანიგას თასში ხელებშემართულ ათლეტებს დედამიწა უპყრიათ. იტალიელი იუველირის თქმით, იდეა მსოფლიოში ფეხბურთის მზარდი პოპულარობით იყო ნასაზრდოები.

70-იანი წლებიდან დაწყებული სპორტის მეფე მართლაც მთელ დედამიწას მოედო, რაც ტელემაუწყებლობის განვითარებითაც იყო განპირობებული. მასობრივი საინფორმაციო საშუალებების ტექნიკურ პროგრესთან ერთად, სპორტის ამ ულამაზეს სახეობას იმ ქვეყნებშიც გაუჩნდნენ მიმდევრები, სადაც ნაკლებად პოპულარული იყო.

ამ საქმეში ძალიან დიდი როლი ითამაშა ფიფას პირველმა (და დღემდე ერთადერთმა) არაევროპელმა პრეზიდენტმა, ბრაზილიელმა სპორტულმა ფუნქციონერმა ჟოაო აველანჟმა, რომელმაც ორგანიზაციის სათავეში მისვლისთანავე არაერთი საინტერესო პროექტი განახორციელა (მაგალითად გრძელვადიანი და ფინანსურად შთამბეჭდავი ხელშეკრულებები ისეთ კომპანიებთან, როგორებიც ადიდასი და კოკა კოლა არიან), რითაც ფეხბურთის კომერციალიზაციას დიდად შეუწყო ხელი.

აველანჟი, რომლის პრეზიდენტობის პერიოდში ფიფა ფინანსურად არნახულად მოძლიერდა, ფეხბურთი კი სუპერპოპულარული გახდა, წარმატებული სპორტული მოღვაწე იყო. როგორც მოცურავე, შემდეგ კი წყალბურთელი, ის ბერლინის (1936) და ჰელსინკის (1952) ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობდა, 1956 წელს, მელბურნში კი უკვე ბრაზილიის ოლიმპიური გუნდის ხელმძღვანელი გახლდათ. 1958-1973 წლებში მას ბრაზილიის სპორტის მმართველი ორგანიზაციის პირველი პირის, მარტივად რომ ვთქვა სპორტის მინისტრის თანამდებობა ეჭირა.

აველანჟი 1974 წლის ივნისში, ფრანკფურტში გამართული კონგრესის შემდეგ გამოჩნდა ფიფას სათავეში. ამ თანამდებობაზე მან ინგლისელი სერ სტენლი როუზი შეცვალა, რომელსაც არჩევნებში გამარჯვებისთანავე საპატიო პრეზიდენტის თანამდებობა შესთავაზა…

ადიდასსა და ფიფას შორის მექსიკაში დაწყებული თანამშრომლობა უპრობლემოდ გაგრძელდა: კომპანიამ ამ ტურნირისთვის მეორე ოფიციალური ბურთი დაამზადა – ტელსტარ დარლასტი.

ჩემპიონატის თილისმად კი ბუნდესგუნდის ფორმაში გამოწყობილი მხიარული ბიჭუნები, ტიპი და ტაპი მოგვევლინნენ. პირველის ქათქათა მაისურს ასოები WM (მჩ) – Weltmeisterschaft (მსოფლიო ჩემპიონატი) ამშვენებდა, ტაპისას კი რიცხვი 74.

გოლი ცარიელ კარში

საიუბილეო, X ჩემპიონატში მონაწილეობის სურვილი 99 ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციამ გამოთქვა. ეს რეკორდი იყო. წინა ტურნირების მსგავსად, საკვალიფიკაციო თამაშებს სკანდალების და მოულოდნელობების გარეშე არ ჩაუვლია, ყველაზე ხმაურიანი ამბავი კი საბჭოთა ნაკრების და ჩილეს დაპირისპირებას უკავშირდება.

ფიფას გადაწყვეტილებით ევროპას ფინალური ეტაპის რვა საგზური ერგო, კიდევ ერთის შანსი კი მეცხრე ჯგუფის გამარჯვებულს დარჩა, რომელიც ფლეი ოფში სამხრეთი ამერიკის მესამე ჯგუფის პირველადგილოსანს უნდა შეხვედროდა. იქ, შესაბამისად, საბჭოთა კავშირის და ჩილეს ნაკრებმა გუნდებმა გაიმარჯვეს და კონტინენტურ ფლეი ოფშიც გავიდნენ.

1973 წლის 11 სექტემბერს ჩილეში გადატრიალება მოხდა: სალვადორ ალიენდეს ხელისუფლება შეიარაღებულმა ამბოხებულებმა დაამხეს გენერალ აუგუსტო პინოჩეტის ხელმძღვანელობით. ქვეყნის სათავეში ახალი ძალის გამოჩენას სისხლისღვრა და ათობით ადამიანის დახვრეტა მოჰყვა, მათ შორის სანტიაგოს ეროვნულ სტადიონზე.

ალიენდე საბჭოეთის მოკავშირედ ითვლებოდა და ამიტომ, მოსკოვის რეაქციამ არ დააყოვნა: საბჭოთა კავშირმა ჩილეს თვითგამოცხადებულ მთავრობასთან თანამშრომლობაზე უარი განაცხადა და ქვეყანასთან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტა – სექტემბრის მიწურულს, როცა ჩილეს ნაკრები მოსკოვს შესარჩევი მატჩისთვის ეწვია, გუნდს აეროპორტში ოფიციალურ პირთაგან არავინ დახვდა.

თუმცა ჩილელები უამისოდაც მძიმე დღეში იყვნენ: ჯერ იყო და პინოჩეტის ხელისუფლებისგან ძლივს მიიღეს მოსკოვში გამგზავრების უფლება, აეროპორტში მისულებს კი თითოეულს შეატყობინეს, რომ თუ შინ არ დაბრუნდებოდა, მათ ოჯახს, ნათესავებს და მეგობრებს საშინელი დღე დაადგებოდა.

მოსკოვში იმედოვნებდნენ, რომ საბჭოთა კავშირის ნაკრები იოლად მოიგებდა თამაშს, თუმცა შეხვედრა 0:0 დასრულდა. მატჩის პოლიტიკურ მნიშვნელობას ჩილელებიც კარგად აცნობიერებდნენ და ისინიც ბოლომდე დაიხარჯნენ. 26 სექტემბერს გამართულ იმ შეხვედრაში ორმა თბილისელმა ითამაშა – რევაზ ძოძუაშვილმა ძირითად შემადგენლობაში, შეუცვლელად, ვლადიმერ გუცაევი კი მეორე ტაიმში გამოჩნდა ოლეგ დოლმატოვის ნაცვლად.

საპასუხო თამაში 21 ნოემბერს, სანტიაგოში იყო დანიშნული. მოსკოვში მშვენივრად იცოდნენ, რომ ამბოხებულები მოწინააღმდეგეებს ეროვნული სტადიონის მინდორზე გაუსწორდნენ, ამიტომ, საბჭოთა კავშირის ფეხბურთის ხელმძღვანელებმა ფიფას თამაშის ნეიტრალურ მოედანზე გადატანა მოსთხოვეს.

ფიფამ სპეციალური კომისია გააგზავნა ჩილეში, რომელმაც სარბიელი მოინახულა. და მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს იქ ჯერ კიდევ დატყვევებული იყო რამდენიმე ათასი ჩილელი, ოფიციალურმა პირებმა მატჩის გამართვა დასაშვებად მიიჩნიეს.

პინოჩეტის ხელისუფლების ერთ-ერთმა მსხვერპლმა, პოლიტიკურ პატიმრად აღიარებულმა გრეგორიო მენია ბარიალესმა პინოჩეტის სიკვდილის შემდეგ, ერთ-ერთ ინტერვიუში გაიხსენა: „შუადღე იყო, როცა ფიფას ხალხი სტადიონზე მოიყვანეს. მათ ჯერ მინდორი შეამოწმეს, შემდეგ გასახდელებში შევიდნენ… იქვე, რამდენიმე დარბაზში გამოკეტილებსაც მშვიდად ჩაგვხედეს თვალებში და შემდეგ, ვითომც არაფერიაო, აუღელვებლად დაასკვნეს, რომ ნანახის მიუხედავად, სტადიონი საფეხბურთო მატჩისთვის მზად იყო“.

კომისიის დასკვნის საფუძველზე ფიფამ მოსკოვს უარით უპასუხა და თამაშის ჩაშლის შემთხვევაში საბჭოთა ნაკრებს დისკვალიფიკაციით დაემუქრა.

სსრკ გუნდი, მოლოდინისამებრ, სამხრეთ ამერიკაში არ ჩავიდა და 21 ნოემბერს სანტიაგოს მთავარი სარბიელის მინდორზე მხოლოდ თერთმეტი ჩილელი გავიდა. იმ დროს ათასობით ტყვე უკვე ატაკამის უდაბნოში, სპეციალურად მათთვის აგებულ ბანაკში იყო გადაყვანილი…

ავსტრიელმა არბიტრმა ერიხ ლინემაიერმა სასტვენს ჩაბერა და ზუსტად ოცდაათ წამში თამაში დასრულებულად გამოაცხადა. იქამდე კი ჩილელთა კაპიტანმა კამაჩო ვალდესმა ცარიელ კარში სიმბოლური გოლი შეაგდო, ნიშნად ახალი ხელისუფლების გამარჯვებისა. რაც შეეხება ფიფას ოფიციალურ დასკვნას, ჩილეს 2:0 მოგება ჩაეთვალა…

შესარჩევ ტურნირში ხელი მოეცარა ინგლისს. მსოფლიოს 1966 წლის ჩემპიონებმა უელსის და პოლონეთის წინააღმდეგობა ვერ დაძლიეს. 1973 წლის 17 ოქტომბერს, უემბლიზე პოლონეთთან 1:1 დასრულებული უკანასკნელი საკვალიფიკაციო თამაშის შემდეგ, როცა გუნდმა ოფიციალურად დაკარგა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგზური, ერთ-ერთმა გამოცემამ თამაშის მიმოხილვა ასე დაასათაურა: სამყაროს დასასრული.

ძალიან არ გაუმართლა უნგრეთს, რომელმაც პირველი შესარჩევი ჯგუფი დაუმარცხებლად განვლო, თუმცა კონკურენტებს – ავსტრიას და შვედეთს, რომლებიც თითოჯერ დამარცხდნენ, ბურთების უარესი სხვაობით ჩამორჩა – +5 +7-თან შედარებით.

მესამე საკვალიფიკაციო ჯგუფში ნიდერლანდებმა გაიმარჯვა. რინუს მიხელსის გუნდმა მეზობელთან და მთავარ კონკურენტთან, ევროპის 1972 წლის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალოსან ბელგიასთან ორივე პაექრობა 0:0 დაასრულა, აი ნორვეგიელები და ისლანდიელები კი მიწასთან გაასწორა. პირველს ორი თამაშის ჯამში 11:1 აჯობა, ხოლო კუნძულელებს უფრო შთამბეჭდავად მოუგო – 13:1! გუნდის კაპიტანმა იოჰან კრუიფმა იმ ოთხ შეხვედრაში შვიდი გოლი შეაგდო.

VII ჯგუფი ესპანეთმა და იუგოსლავიამ დაუმარცხებლად, ექვს-ექვსი ქულით დაასრულეს. ბურთების შეფარდებაც თანაბარი ჰქონდათ – +3. ფიფამ ნეიტრალურ მოედანზე დამატებითი მატჩი ბრძანა და 1974 წლის 13 თებერვალს გუნდები დასავლეთ გერმანიაში დადგნენ ერთმანეთის პირისპირ. იოსიპ კატალინსკის ერთადერთი გოლით იუგოსლავიელებმა გაიმარჯვეს.

ევროპის ზონის საუკეთესო გოლეადორი შვიდი ბურთით ერთდროულად ოთხი ფეხბურთელი გახდა: იოჰან კრუიფი, იტალიელი ლუიჯი რივა, ბულგარელი ხრისტო ბონევი და აღმოსავლეთგერმანელი იოახიმ შტრაიხი, თუმცა მათ მაინც ვერ აჯობეს ტრინიდადელ სტივ დევიდს, რომელმაც კონკაკაფის ზონაში თორმეტი გოლი შეაგდო.

უდიდეს საფეხბურთო ტურნირზე თამაშის უფლება პირველად მოიპოვეს ავსტრალიის, ჰაიტის და ზაირის (დღეს ამ ქვეყანას კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა ეწოდება) ნაკრებმა გუნდებმა. ავსტრალია პირველი ფინალისტი გახდა ოკეანეთის ზონიდან, ჰაიტი კი მხოლოდ მეორე კონკაკაფიდან, კუბის (1938) შემდეგ.

ფინალური ეტაპი

კვლავ შეიცვალა ფორმატი: გაუქმდა ბოლო ხუთ ტურნირზე ნაცადი 1/4 და 1/2-ფინალები, მათ ნაცვლად კი ნახევარფინალური ჯგუფები დამტკიცდა.

მონაწილეები ოთხ ჯგუფში გადანაწილდნენ. პირველ და მეორე ადგილზე გასულები ნახევარფინალურ ეტაპზე გადიოდნენ, სადაც ფინალისტები ვლინდებოდნენ – მეორე ჯგუფური ეტაპის გამარჯვებულები ოქროს თასისთვის ითამაშებდნენ, მეორეადგილოსნები კი ბრინჯაოს მედლებისთვის.

ფიფამ პენალტების სერიაც დაამტკიცა. იმ შემთხვევაში, თუ ფინალი ან მესამე ადგილისთვის შეხვედრა დამატებით დროშიც საყაიმო ანგარიშით დასრულდებოდა, გამარჯვებული თერთმეტმეტრიანებით გაირკვეოდა. უცნაურია, მაგრამ ფაქტია: მსოფლიოს 1974 წლის ჩემპიონატისთვის შემოღებული წესი პირველად მხოლოდ რვა წლის შემდეგ, ესპანეთში ამოქმედდა…

წილისყრა 1974 წლის 5 იანვარს, ფრანკფურტის საკონცერტო-სატელევიზიო დარბაზში, ზენდეზაალში გაიმართა და ოცდათორმეტ ქვეყანაში პირდაპირ ეთერში გადაიცა. შოუს ოთხმოცამდე კომენტატორი გაუძღვა, საერთო ტელეაუდიტორიამ კი 800 მილიონს მიაღწია. ფიფას პრეზიდენტს, სერ სტენლი როუზს გუნდების განაწილებაში ბერლინის ბიჭუნათა მუსიკალური ანსამბლის წევრი, 11 წლის დეტლეფ ლანგე ეხმარებოდა.

გფრ-ის ნაკრები I ჯგუფში მეზობლის, გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის, ასევე ჩილეს და დებიუტანტი ავსტრალიის მხარდამხარ მოხვდა. საინტერესო იყო IV ჯგუფიც: ორი წლით ადრე მიუნხენის ოლიმპიურ თამაშებში გამარჯვებულ პოლონეთის ნაკრებს მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონ იტალიასთან, კიდევ ერთ დებიუტანტთან, ჰაიტისთან და არგენტინასთან ერთად უნდა ეთამაშა.

ხსენებული ოლიმპიადის ტრაგედია რომ არ განმეორებულიყო (1972 წელს პალესტინელმა ტერორისტებმა მიუნხენში, ოლიმპიურ სოფელში ისრაელის გუნდის რამდენიმე წევრი მოკლეს), საორგანიზაციო კომიტეტმა ამერიკის შეერთებულ შტატებში მომზადებული სპეციალური სამხედრო დანაყოფი დაიქირავა. საბედნიეროდ, მათი დახმარება არავის დასჭირდა. მათ გარდა თითოეულ ნაკრებს კარგად შეიარაღებული ჯგუფი იცავდა, ხოლო საერთო უსაფრთხოებაზე ათასამდე სამართალდამცავი ზრუნავდა.

ფიფას ახალი ოქროს თასის გათამაშება 13 ივნისს, ფრანკფურტში, II ჯგუფში სამგზის ჩემპიონ ბრაზილიელთა და იუგოსლავიელთა დაპირისპირებით დაიწყო. შეხვედრა უგოლოდ დასრულდა. მარიო ზაგალოს გუნდმა ვერც მომდევნო შეხვედრაში გაიხარა, 0:0 შოტლანდიასთან.

უკანასკნელ ტურში სამხრეთამერიკელთა მეტოქე გამოუცდელი ზაირი იყო. იქიდან გამომდინარე, რომ შოტლანდიამ მანამდე დაასრულა ასპარეზობა, მათ გასასწრებად და ნახევარფინალურ ოთხეულში მოსახვედრად ბრაზილიას მინიმუმ სამი ბურთით გამარჯვება სჭირდებოდა. სელესაომ ამოცანა რთულად, თუმცა შეასრულა: ჟაირზინიომ მე-12 წუთზე გახსნა ანგარიში, 66-ე წუთზე რიველინომ მეორედ დალაშქრა აფრიკელთა კარი, 79-ე წუთზე კი ვალდომირომ მესამე ბურთი შეაგდო – 3:0.

მეორე ტურში ზაირი იუგოსლავიასთან 0:9 განადგურდა. აფრიკელთა კარში შვიდმა იუგოსლავიელმა გაიტანა გოლი: დუშან ბაევიჩმა ჰეთ-თრიქი შეასრულა, თითო ბურთი კი დრაგან ჯაიჩმა, ივიცა შურიაკმა, იოსიპ კატალინსკიმ, ვლადისლავ ბოგიჩევიჩმა, ბრანკო ობლაკმა და ილია პეტკოვიჩმა შეაგდეს. არც მანამდე და არც მას შემდეგ ერთი გუნდის შვიდ ფეხბურთელს ერთ მატჩში გოლი არ გაუტანია. ამასთანავე, იუგოსლავიელებმა მსოფლიო ჩემპიონატის რეკორდიც გაიმეორეს – 1954 წელს უნგრელებმა ამავე ანგარიშით სძლიეს კორეელებს.

I ჯგუფი გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის ნაკრებმა მოიგო. გეორგ ბუშნერის გუნდმა 22 ივნისს, ჰამბურგში, ჩემპიონატის ერთ-ერთი მთავარი სენსაცია შემოგვთავაზა – ევროპის ჩემპიონი და მასპინძელი გფრ დაამარცხა. ისტორიული გოლი მაგდებურგის ლიდერმა იურგენ შპარვასერმა გაიტანა. მიუხედავად იმისა, რომ ბუნდესგუნდმა მეორე ეტაპზე თამაში პირველ ორ ტურში მოგებით გაინაღდა, გაზეთმა ბილდმა ბუნდესნაკრების თავკაცი მაინც მიწასთან გაასწორა, მიმოხილვა კი ასე დაასათაურა: ჰერ შიონ, ასე არ გამოვა!

„იმ მარცხისგან ტრაგედია შექმნეს, ჩვენ კი უბრალოდ არ გაგვიმართლა. პოლიტიკა არ გვაინტერესებდა, ფეხბურთისგან შორს მყოფი ხალხი კი რაღაც სისულელეებს გვახვევდა თავზე… პირადად ჩემთვის გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა უცხოეთი იყო, სადაც არც ნათესავი მყავდა და არც ნაცნობი. მე რიგითი ბავარიელი ვიყავი, რომელსაც მეზობელ ქვეყანასთან შეხება არ ჰქონდა და იქაურობა არც აინტერესებდა. როდესაც ბევრნი კედლის მიღმა დარჩენილ დებსა და ძმებზე საუბრობდნენ, მე არაფერი მესმოდა – ჩემთვის ეს ყველაფერი უცხო იყო“, – აღმოსავლეთ მეზობელთან წაგება ბუნდესნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა პაულ ბრაიტნერმა წლების შემდეგ, ფიფას ოფიციალურ ჟურნალთან საუბრისას გაიხსენა.

საკვალიფიკაციო ეტაპზე ნაჩვენები შთამბეჭდავი თამაში რინუს მიხელსის გაწვრთნილმა ნიდერლანდებმა III ჯგუფში განაგრძო: 2:0 ურუგვაისთან, 0:0 შვედეთთან, 4:1 ბულგარეთთან და პირველი ადგილი.

იმ საოცარი გუნდის ლიდერი კრუიფი გახლდათ. 19 ივნისს, დორტმუნდის ვესტფალენშტადიონზე, შვედებთან მის მიერ გამოყენებულ ფანდს კი მას შემდეგ იოჰან კრუიფის ფინტი ეწოდება – აიაქსელმა მეტოქის მარცხენა მცველი, იან ოლსონი ულამაზესი ბრუნით გააბრუა!

ამსტერდამის აიაქსის სუპერვარსკვლავმა მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ბარსელონაში გადაინაცვლა და წლის ბოლოს მესამედ ჩაიბარა ფრანს ფუტბოლის ოქროს ბურთი. კრუიფი გახდა პირველი, რომელმაც ფრანგული გამოცემის ვერსიით მესამედ მოიპოვა ევროპის საუკეთესო მოთამაშის ტიტული.

კრუიფის გარდა მიხელსის ნაკრებში ვიმ სუურბიერი, არი ჰაანი, ვიმ იანსენი, იოჰან ნეესკენსი, ჯონი რეპი, რობერტ რენსენბრინკი, ვინ ვან ჰანეგემი და რუდი კროლიც ბრწყინავდნენ. ამ უკანასკნელმა 1982 წლის შემოდგომით, ნაპოლის მაისურით თბილისშიც ითამაშა დინამოს წინააღმდეგ…

მექსიკა 1970-ის ფინალისტმა იტალიამ იმდენი მოახერხა, რომ IV ჯგუფში ჩარჩა: ჰაიტის ნაკრებთან გამარჯვება (3:1) სკუადრა აძურისთვის ერთადერთი გამოდგა. ამას არგენტინასთან 1:1 და 23 ივნისს, ბოლო ტურში პოლონეთთან 1:2 მოჰყვა.

ლეგენდარულმა დინო ძოფმა სწორედ ჰაიტელებთან შეხვედრაში დაასრულა არნახული, 1143-წუთიანი სანაკრებო „მშრალი“ სერია. ძოფის რეკორდი ემანუელ სანონმა შეწყვიტა, რომელმაც გოლი 46-ე წუთზე გაიტანა. ამისთვის მან ჰაიტის მმართველისგან ძვირფასი საჩუქარი, ახალთახალი მერსედესი მიიღო. რაც შეეხება ძოფის რეკორდს, იტალიელთა ნომერ პირველ გოლკიპერს ზედიზედ თორმეტ(!) სანაკრებო შეხვედრაში, 1972 წლის 20 სექტემბერს იუგოსლავიასთან 3:1 მოგების შემდეგ არ ჰქონდა გოლი გაშებული.

იტალიელთა ეს რეკორდი თითქმის ნახევარი საუკუნის შემდეგ, 2021 წლის ზაფხულში გაუმჯობესდა იმავე იტალიის ნაკრების მიერ და ის ახლა 1168 წუთს შეადგენს. თუმცა თუ წინა მიღწევისას აძურის კარს მხოლოდ ძოფი იცავდა, ახალი ნიშნული ჯანლუიჯი დონარუმას, სალვატორე სირიგუს, ალესიო კრანიოს და ალექს მერეს საიმედო თამაშის დამსახურებაა…

IV ჯგუფიდან მეორე ეტაპზე სამივე თამაშის მომგები პოლონეთი და არგენტინა გავიდნენ. ეს უკანასკნელი იქ დიდებულ ნიდერლანდებთან, ყველაზე პრინციპულ მეტოქესთან, ბრაზილიასთან და გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის ნაკრებთან ერთად მოხვდა. პოლონეთს მასპინძლები, შვედეთი და იუგოსლავია ერგო.

რინუს მიხელსის ბიჭებმა პირველი ნახევარფინალური ჯგუფი დიდებულად დაიწყეს: კრუიფის დუბლით და კროლი-რეპის ზუსტი დარტყმებით 4:0 სძლიეს არგენტინელებს. მეორე ტურში გდრ-ის ნაკრებიც დაამარცხეს: ანგარიში ნეესკენსმა გახსნა, რენსენბრინკმა კი უპირატესობა გააორმაგა – 2:0.

„ჩვენ თანამედროვე ფეხბურთს ვთამაშობთ! დღეს საუკეთესოები ვართ და ვეცდებით ეს ფინალშიც დავამტკიცოთ“, – განაცხადა მიხელსმა 3 ივლისს, დორტმუნდში, ბრაზილიასთან 2:0 გამარჯვების და ფინალში გასვლის შემდეგ.

ნიდერლანდელთა მეტოქე იმავე დღეს, ფრანკფურტში, ვალდშტადიონზე გამოვლინდა, სადაც გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ნაკრებმა პოლონეთს გერდ მიულერის მიერ 76-ე წუთზე შეგდებული ერთადერთი გოლით სძლია. ეს მისი მე-13 გოლი იყო ფინალურ ეტაპზე და ბავარიელი ფრანგ ჟიუსტ ფონტენს გაუთანაბრდა.

პრინციპულ თამაშამდე მეტოქეები ქულათა მაქსიმუმით მივიდნენ. ჰელმუტ შიონის ნაკრებმა იუგოსლავიას 2:0, შვედეთს კი 4:2 აჯობა, პოლონელებმა კი იგივე მეტოქეებს 2:1 და 1:0 მოუგეს.

კიდევ ერთი საინტერესო ნაწყვეტი პაულ ბრაიტნერის ინტერვიუდან: „გაგვიმართლა რომ პოლონელებთან მატჩის წინ გაწვიმდა. ასე რომ არ მომხდარიყო, მათი მომგები არ ვიყავით. პოლონელებს ისეთივე გუნდი ჰყავდათ, როგორიც ჩვენ 1972 წელს: შემოქმედებითი, ტექნიკური, ნიჭიერი ახალგაზრდებით და გამოცდილი ვეტერანებით სავსე… 1974 წელს ისინი ჩვენც გვჯობდნენ, ნიდერლანდებსაც, ბრაზილიასაც და საერთოდ ყველას! მიუხედავად იმისა, რომ პოლონეთი ფინალში ვერ გავიდა, იმ წელიწადს საუკეთესო იყო“!

6 ივლისს, მიუნხენის ოლიმპიურ სტადიონზე, ბრაზილია ზედიზედ მეორედ დამარცხდა: მესამე ადგილისთვის შეხვედრა პოლონეთმა მიელეცის სტალის ფორვარდის გრჟეგოჟ ლატოს ერთადერთი გოლით მოიგო. შვიდი ბურთით ის ბომბარდირი გახდა.

მარიო ზაგალოს კი ტიტულის დაკარგვა არ აპატიეს. ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაციის მესვეურებმა კაცი, რომელმაც მოთამაშის და მწვრთნელის რანგში პირველმა მოიგო ფიფას ოქროს თასი, თანამდებობიდან დაითხოვეს. მის ნაცვლად გუნდის სათავეში ოსვალდო ბრანდაო გამოჩნდა.

ფინალი

7 ივლისს მიუნხენის ოლიმპიაშტადიონი კიდევ ერთხელ გაივსო: მასპინძელი და ევროპის ჩემპიონი გფრ ნიდერლანდებს დაუპირისპირდა.

„სამხრეთამერიკელებმა ამ ორი გუნდისგან ბევრი რამ უნდა ვისწავლოთ. მათ საგრძნობლად გაიუმჯობესეს ტექნიკა, აი ტაქტიკით კი ძალიან გაგვისწრეს“, – განაცხადა ფინალის წინ მექსიკა 1970-ის საუკეთესო ფეხბურთელმა, იმხანად ნიუ იორკის კოსმოსის ფორვარდმა პელემ.

ფეხბურთის მეფის მოსაზრება ფაქტებით იყო გამყარებული: ნიდერლანდელებმა და დასავლეთგერმანელებმა ფინალისკენ მიმავალ გზაზე ყველა სამხრეთამერიკელი მოწინააღმდეგე უშანსოდ დაამარცხეს. მიხელსის ბიჭებმა ურუგვაის 2:0, არგენტინას 4:0, ბრაზილიას 2:0, შიონის ნაკრებმა კი ჩილეს 1:0 სძლია. ოთხიდან ოთხი მოგება, ცხრა გატანილი და არცერთი გაშვებული ბურთი! სამხრეთამერიკულთან შედარებით ტოტალური ფეხბურთის უპირატესობას ყველა თვალსაჩინოდ ხედავდა.

რაც შეეხება საიუბილეო, მეათე ფინალს: დაძაბული გამოდგა და რამდენიმე საინტერესო ფაქტით გამოირჩა. მაგალითად, გადამწყვეტ შეხვედრაში პირველად დაინიშნა პენალტი – ული ჰიონესმა პირველივე წუთზე წააქცია საჯარიმოში შეჭრილი იოჰან კრუიფი და იოჰან ნეესკენსმაც შანსი არ დაუტოვა ზეპ მაიერს, უძლიერესი დარტყმით გახსნა ანგარიში. ამით ნეესკენსი ფინალების უსწრაფესი გოლის ავტორი გახდა. სხვათა შორის, ჰიონესის და კრუიფის ორთაბრძოლის იმ მომენტისადმი მიძღვნილი ძეგლი ამსტერდამში, ოლიმპიურ სტადიონთან დგას. ის თავად ვნახე რამდენიმე წლის წინ…

ბუნდესნაკრებმა ასევე პენალტით გაათანაბრა და ესეც პირველი შემთხვევა იყო: 25-ე წუთზე ვიმ იანსენმა ბერნდ ჰოლცენბაინთან ორთაბრძოლისას დაარღვია წესი, ბრაიტნერი კი ზუსტი იყო – 1:1.

კიდევ ერთი ნაწყვეტი მისი ინტერვიუდან: „ჯერ კიდევ ჩემპიონატის წინ გადავწყვიტეთ გაგვერკვია, თუ ვინ შეასრულებდა პენალტებს. კამათში არ ვმონაწილეობდი, მაგრამ ვგრძნობდი, რაც ხდებოდა გამოცდილ პენალტისტთა გულებში – დარწმუნებული ვარ ნატრულობდნენ, რომ ჩვენს სასარგებლოდ პენალტი არ დანიშნულიყო… მაშინ ული ჰიონესი აირჩიეს. მან შვედეთთან კი გაიტანა, მაგრამ პოლონეთთან ვერ შეაგდო და ფინალის წინ ისევ ნაცნობ სიტუაციაში აღმოვჩნდით – გადაწყვეტილი არაფერი იყო…

ფინალის დღეს, სასტუმროში, შიონმა იკითხა: ბატონებო, თუ პენალტი დაინიშნება, ვინ დაარტყამს? ხმა არავინ ამოიღო. მწვრთნელი დაგვპირდა, რომ ამ თემას ოლიმპიაშტადიონის გასახდელში აუცილებლად დაუბრუნდებოდა.

როცა ფინალის დაწყებამდე რამდენიმე წუთი რჩებოდა, მან კვლავ იკითხა და პასუხი რომ ვერ მიიღო, ცივად მოჭრა: თუ პენალტი დაინიშნება, დამრტყმელს იქვე, საჯარიმოში აარჩევთ!

როდესაც მსაჯმა ნიშნულისკენ გაიშვირა ხელი, ჩემში ამოხეთქა ყველაფერმა, რასაც მთელი შეჯიბრების განმავლობაში ვიგუბებდი. კარგ ფორმაში ხარ, აუცილებლად გაიტან-მეთქი – თავს შევუძახე…

თამაშის მერე ვოლფგანგ ოვერატმა მიამბო: თურმე ბურთთან რომ მივედი, მომიახლოვდა და მკითხა: ეი, პაულ, შენ ურტყამ? მე კი ვუპასუხე: თავიდან მომწყდი, ის წყეული კარში უნდა დავმარხო! რატომღაც მე არაფერი მახსოვდა…

გოლი რომ გავიტანე და მსაჯმა ცენტრისკენ მიუთითა, ვიგრძენით რომ მეორე სუნთქვა გაგვეხსნა“!

43-ე წუთზე თავის გოლი შეაგდო მექსიკა 1970-ის საუკეთესო ბომბარდირმა გერდ მიულერმა – 2:1. და ამით მან ფონტენს გადაასწრო – მე-14 ბურთით უდიდესი საფეხბურთო ტურნირის ყველაზე შედეგიანი ფეხბურთელი გახდა! ეს რეკორდი 34 წლის შემდეგ გერმანიაში გააუმჯობესა ლუის ნაზარიუ დე ლიმა რონალდუმ… რაც შეეხება მიულერს, მისი 68-ე გოლი უკანასკნელიც აღმოჩნდა – ფინალის შემდეგ მას ბუნდესგუნდში აღარ უთამაშია.

„ნიდერლანდელებმა ერთი უხეში შეცდომა დაუშვეს. მათ ნებისმიერი გუნდის დამარცხება ხელეწიფებათ, მაგრამ როდესაც ჩვენთან თამაშობენ, სხვა რელსებზე გადადიან: თუ დაწინაურდებიან, მეორე ბურთის გატანას კი არ ცდილობენ, ლაზღანდარობას იწყებენ, უნდათ მთელ მსოფლიოს დაანახონ, რომ თავად დიდებულნი არიან, ჩვენ, გერმანელებმა კი თამაში არ ვიცით.

ნეესკენსის გოლი კბილებში მუშტის მორტყმას ჰგავდა და ჩვენც ერთადერთი სურვილით აღგვავსო – გვინდოდა მეტოქე დაგვემარცხებინა!

საერთოდ ასეა: როცა მოკრივე მოწინააღმდეგეს პირველს მისცხებს, ცდილობს კიდევ მიაყაროს და მიაყაროს მუშტები, მაგრამ ნიდერლანდელები ამას ვერ მიხვდნენ, უბრალოდ ვერ გაიგეს რა უპირატესობა აჩუქა ბედმა!

მომდევნო იერიშების ნაცვლად მათ დაახლოებით ხუთწუთიანი პაუზა აიღეს, ბურთის გორება დაიწყეს და ეს სავსებით საკმარისი გამოდგა, რათა პირველი შოკი გაგვსვლოდა, გონს მოვგებულიყავით და მეტიც, გავბრაზებულიყავით!

დიახ, ყოველთვის ხმამაღლა ვიტყვი, რომ ჩვენი გამარჯვება, ჩემი პენალტი, შემდეგ კი მიულერის გოლი, მათი ამპარტავნობის ლოგიკური შედეგი იყო“! – კიდევ ერთი ნაწყვეტი ბრაიტნერის ინტერვიუდან.

ამ გამარჯვებით გერმანია ორგზის ჩემპიონ იტალიას და ურუგვაის გაუთანაბრდა, ზეპ მაიერი, ფრანც ბეკენბაუერი, ვოლფგანგ ოვერატი, იურგენ გრაბოვსკი და ჰორსტ-დიტერ ჰიოტგესი კი სამუდამოდ ჩაეწერნენ ტურნირის ისტორიაში – ისინი გახდნენ პირველნი, რომლებმაც მსოფლიო ჩემპიონატის ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.

ფიფას ახალმა პრეზიდენტმა ჟოაო აველანჟმა თასი ფრანც ბეკენბაუერს გადასცა, რომელიც თავის მხრივ პირველი კაპიტანი გახდა, ზედიზედ რომ აღმართა ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონისთვის განკუთვნილი ჯილდოები.

საუკეთესო მოთამაშედ კი ფინალში დამარცხებული ნიდერლანდების ლიდერი იოჰან კრუიფი დასახელდა. მილიონობით თაყვანისმცემლის სამწუხაროდ, მფრინავ ჰოლანდიელს უდიდეს საფეხბურთო ტურნირზე აღარ უთამაშია.

საუკუნის მიწურულს, როცა ფეხბურთის ისტორიის და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ ევროპის ყველა დროის უდიდესი ფეხბურთელი გამოავლინა, კრუიფმა ყველა დაჩრდილა…

გფრ 1974 – ზოგადი ცნობები:

*-პირველი მსოფლიო ჩემპიონატი, სადაც ფიფას ახალი ოქროს თასი გათამაშდა.
*
-პირველი მსოფლიო ჩემპიონატი, რომლის ფორმატშიც არ იყო გათვალისწინებული ფლეი ოფი – მეოთხედფინალური და ნახევარფინალური მატჩები. ამის ნაცვლად ნახევარფინალური ჯგუფები დამტკიცდა.
*-პირველი და ერთადერთი მსოფლიო ჩემპიონატი, რომლის ფინალურ ეტაპზე ორად გაყოფილი გერმანიის ორივე გუნდმა ითამაშა.
*-პირველი მსოფლიო ჩემპიონატი, რომლის ფინალში გოლი პენალტიდან გავიდა, თან ორჯერ.
*-ამ მსოფლიო ჩემპიონატის წინ დამტკიცდა პენალტების სერია, თუმცა ეს წესი პირველად მხოლოდ რვა წლის შემდეგ ამოქმედდა.
*-მონაწილეობდა 16 გუნდი (ევროპა – 9; სამხრეთი ამერიკა – 4; ცენტრალური და ჩრდილოეთი ამერიკა – 1; აფრიკა – 1; ოკეანეთი – 1).
*-38 თამაშში 97 გოლი გავიდა, საშუალოდ მატჩში 2,55.
*-მთლიანი დასწრება – 1 865 762, საშუალოდ მატჩზე 49 099 გულშემატკივარი.

7 ივლისი, 1974. მსოფლიოს X ჩემპიონატის ფინალი. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა, მიუნხენი, ოლიმპიაშტადიონი 78 200
გფრ 2:1 ნიდერლანდები
გოლები: 0:1 იოჰან ნეესკენსი (2, პენ), 1:1 პაულ ბრაიტნერი (25, პენ), 2:1 გერდ მიულერი (43)
გფრ: ზეპ მაიერი, ბერტი ფოგთსი, პაულ ბრაიტნერი, ჰანს-გეორგ შვარცენბეკი, ფრანც ბეკენბაუერი (კაპ), იურგენ გრაბოვსკი, ვოლფგანგ ოვერატი, გერდ მიულერი, ული ჰიონესი, რაინერ ბონჰოფი, ბერნდ ჰოლცენბაინი
მწვრთნელი: ჰელმუტ შიონი
ნიდერლანდები: იან იონგბლადი, არი ჰაანი, ვიმ ვან ჰანეგემი, ვიმ იანსენი, რუდი კროლი, იოჰან ნეესკენსი, იოჰან კრუიფი (კაპ), რობერტ რენსენბრინკი (რენე ვან დე კერკჰოფი 46), ჯონი რეპი, ვიმ რისბერგენი (თეო დე იონგი 68), ვიმ სუურბიერი
მწვრთნელი: რინუს მიხელსი
გაფრთხილება: ბერტი ფოგთსი, ვიმ ვან ჰანეგემი, იოჰან ნეესკენსი, იოჰან კრუიფი
მსაჯები: ჯონ ტეილორი (ინგლისი); ალფონსო გონსალეს არჩუნდია (მექსიკა), რამონ ბარეტო რუისი (ურუგვაი)

საუკეთესო ბომბარდირი:
გრჟეგოჟ ლატო (პოლონეთი)
– 7 გოლი
ანჯეი შარმახი (პოლონეთი) და იოჰან ნეესკენსი (ნიდერლანდები) – 5 გოლი

საუკეთესო ფეხბურთელი (არაოფიციალური): იოჰან კრუიფი (ნიდერლანდები)
საუკეთესო ახალგაზრდა (არაოფიციალური): ვლადისლავ ჟმუდა (პოლონეთი)
საუკეთესო მეკარე
(არაოფიციალური): ზეპ მაიერი (გფრ)

ტურნირის სიმბოლური ნაკრები (არაოფიციალური)
მეკარე: ზეპ მაიერი (გფრ)
მცველები: ფრანც ბეკენბაუერი (გფრ), პაულ ბრაიტნერი (გფრ), ბერტი ფოგთსი (გფრ), ელიას ფიგეროა (ჩილე), რუდი კროლი (ნიდერლანდები)
ნახევარმცველები: ვოლფგანგ ოვერატი (გფრ), იოჰან ნეესკენსი (ნიდერლანდები), კაზიმერჟ დეინა (პოლონეთი)
თავდამსხმელები: იოჰან კრუიფი (ნიდერლანდები), რობ რენსენბრინკი (ნიდერლანდები), გრჟეგოჟ ლატო (პოლონეთი)

მსოფლიოს 1974 წლის ჩემპიონი გფრ-ის ნაკრები
მეკარეები: 1.ზეპ მაიერი (მიუნხენის ბაიერნი), 21.ნორბერტ ნიგბური (გელზენკირხენის შალკე 04), 22.ვოლფგანგ კლეფი (მიონხენგლადბახის ბორუსია)
მცველები: 2.ბერტი ფოგთსი (მიონხენგლადბახის ბორუსია), 3.პაულ ბრაიტნერი (მიუნხენის ბაიერნი), 4.ჰანს-გეორგ შვარცენბეკი (მიუნხენის ბაიერნი), 5.ფრანც ბეკენბაუერი (მიუნხენის ბაიერნი), 6.ჰორსტ დიტერ ჰიოტგესი (ბრემენის ვერდერი), 20.ჰელმუტ კრემერსი (გელზენკირხენის შალკე 04)
ნახევარმცველები: 7.ჰერბერტ ვიმერი (მიონხენგლადბახის ბორუსია), 8.ბერნარდ კულმანი (კიოლნი), 10.გიუნტერ ნეტცერი (მადრიდის რეალი, ესპანეთი), 12.ვოლფგანგ ოვერატი (კიოლნი), 15.ჰაინც ფლოე (კიოლნი), 16.რაინერ ბონჰოფი (მიონხენგლადბახის ბორუსია), 19.იუპ კაპელმანი (მიუნხენის ბაიერნი)
თავდამსხმელები: 9.იურგენ გრაბოვსკი (ფრანკფურტის აინტრახტი), 11.იუპ ჰაინკესი (მიონხენგლადბახის ბორუსია), 13.გერდ მიულერი (მიუნხენის ბაიერნი), 14.ული ჰიონესი (მიუნხენის ბაიერნი), 17.ბერნდ ჰოლცენბაინი (ფრანკფურტის აინტრახტი), 18.დიტერ ჰერცოგი (დიუსელდორფის ფორტუნა)
მწვრთნელი: ჰელმუტ შიონი

 

ლაშა გოდუაძე (2022 წლის 27 აგვისტო)
ფოტო:
FIFA.com; ინტერნეტი

ka_GEGeorgian