მსოფლიო ჩემპიონატების ისტორია: ინგლისი 1966

ბოლოს და ბოლოს მოსახდენი მოხდა: 1960 წლის 22 აგვისტოს ყველაზე მნიშვნელოვანი ტურნირის მასპინძლობა ფეხბურთის სამშობლოს დაეკისრა. ეს გადაწყვეტილება ფიფამ იტალიის დედაქალაქში, მარადიულ რომში მიიღო.
ინგლისელები წლების განმავლობაში ეჭვით უცქერდნენ ფიფას წამოწყებას, კარგა ხანს უარობდნენ მონაწილეობას, თუმცა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მათი დამოკიდებულება შეიცვალა, 1966 წელს კი ნისლიანმა ალბიონმა მთავარ საფეხბურთო ჩემპიონატსაც უმასპინძლა.

რომში გამართულ კონგრესზე ფიფამ სამ პროექტს უყარა კენჭი: ესპანეთის, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის და ინგლისის წინადადებებს. მასპინძლის არჩევისას მაღალჩინოსნებმა გაითვალისწინეს ისიც, რომ 1963 წელს ინგლისს საფეხბურთო ასოციაციის საუკუნოვანი იუბილე უნდა აღენიშნა.

ფინალურმა ეტაპმა გულშემატკივრებში არნახული ინტერესი გამოიწვია, თუმცა არც საკვალიფიკაციო ტურნირს ჩაუვლია უინტერესოდ. ინგლისის საგზურის მოპოვების სურვილი 72 ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციამ დაადასტურა, რაც ახალი რეკორდი იყო, თუმცა საბოლოოდ შესარჩევ ტურნირში ნაკლები გუნდი ჩაერთო. მაგალითად სამხრეთი აფრიკის ნაკრები, კონგო-ბრაზავილი და ფილიპინები თავად ფიფამ არ დაუშვა, აფრიკელთა პროტესტზე კი შედარებით ვრცლად დავწერ.

მსოფლიო ფეხბურთის მმართველმა ორგანიზაციამ აფრიკას ფინალური ეტაპის საგზური არ გამოუყო. შავი კონტინენტის წარმომადგენლებს ინგლისში გასამგზავრებლად რთული გზა უნდა გაევლოთ, რაც კონტინენტური შესარჩევის შემდეგ აზია-ოკეანეთის ზონის საუკეთესო გუნდებთან პაექრობასაც ითვალისწინებდა. აფრიკის ფეხბურთის კონფედერაციამ ამ ნაბიჯს დისკრიმინაციული უწოდა და მონაწილეობაზე უარი განაცხადა – თამაში ერთბაშად თხუთმეტი ქვეყნის გუნდმა იუარა. სოლიდარობის ნიშნად განზე გადგა სირიაც, რომელსაც ევროპის ზონაში ჰქონდა გამოყოფილი ადგილი, IX ჯგუფში ესპანეთის და ირლანდიის მხარდამხარ.

აზია-ოკეანეთი-აფრიკის ზონაში ინგლისის ერთადერთი საგზური საბოლოოდ მხოლოდ ორ გუნდს შორის გათამაშდა: 1965 წლის ნოემბერში ავსტრალია კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის (ახლანდელი ჩრდილოეთი კორეა) ნაკრებთან ორჯერ დამარცხდა – 1:3 და 1:6. ამ გუნდებთან ერთად უნდა ეთამაშა დასავლეთის მოკავშირე სამხრეთ კორეას, თუმცა ამ ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციამ, ჩრდილოელ მეზობელთან გართულებული პოლიტიკური ურთიერთობის გამო, გუნდი გაიწვია.

გაირკვა თუ არა, რომ კსდრ-ის ნაკრები მსოფლიო პირველობის საგზურს დაეუფლა, ახალმა პრობლემამ იჩინა თავი: საქმე ისაა, რომ ინგლისი ორად გახლეჩილი კორეის ჩრდილოეთი ნაწილის ოფიციალურად ცნობას არ ჩქარობდა და, შესაბამისად, მასთან არც დიპლომატიური ურთიერთობა ჰქონდა. მარტივად რომ ვთქვა, ინგლისი ჩრდილოკორეელებისთვის ვიზებს ვერ გასცემდა. ფიფას მაღალჩინოსანთა ძალისხმევით პრობლემა მოგვარდა.

ევროპაში ორ ფავორიტს მოეცარა ხელი: საკვალიფიკაციო ბარიერი ვერ დაძლია ჩილე 1962-ის ფინალისტმა ჩეხოსლოვაკიამ და ნახევარფინალისტმა იუგოსლავიამ. ვიცე-ჩემპიონ ჩეხოსლოვაკიელებს პორტუგალიელებმა აჯობეს, რომელთა საუკეთესო ფეხბურთელი, ლისაბონის ბენფიკის შეტევათა ლიდერი ეუსებიო საკვალიფიკაციო ეტაპის საუკეთესო ბომბარდირი გახდა 7 გოლით. აქვე დავძენ, რომ აფრიკის ორი ქვეყნის, ანგოლის და მოზამბიკის საუკეთესო ფეხბურთელებმა (ეუსებიო სწორედ მოზამბიკელი იყო) პორტუგალიის ნაკრების მაისურით იასპარეზეს.

და ბოლოს ერთ სიახლეზე: ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის გადაწყვეტილებით, მსოფლიო პირველობას პირველად გაუჩნდა თილისმა – ლომის ბოკვერი, სახელად ვილი, რომელსაც დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო დროშის ფერებში მოხატული მაისური ემოსა. ვილი საბავშვო წიგნების ილუსტრატორმა რეგ ჰოიმ დახატა.

რაც შეეხება ჩემპიონატის ოფიციალურ ბურთს, ის ბრიტანულმა კომპანია სლეზინგერმა დაამზადა. ეს უკანასკნელი სხვადასხვა მიმართულების სპორტული ეკიპირების წარმოების გარდა დღეს იმითაცაა ცნობილი, რომ პროფესიული სპორტის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი თანამშრომლობა აკავშირებს კონკრეტულ ტურნირთან – უიმბლდონს 1902 წლიდან (მთელი 120 წელიწადი!) ამარაგებს ჩოგბურთის ბურთებით…

დაკარგული თასი და პიკლზი

1966 წლის 20 მარტს, კვირა დღეს, ლონდონიდან გავრცელებულმა ცნობამ მთელი საფეხბურთო სამყარო შეძრა: ვესტმინსტერის სასახლეში ერთი დღით ადრე გამოფენილი ნიკეს ოქროს თასი უკვალოდ გაქრა!

ბრიტანელები სახტად დარჩნენ: ხელმარჯვე უცნობმა (ან უცნობებმა) მათი პატივმოყვარეობა წარმოუდგენლად შეალახა! ფიფამ საორგანიზაციო კომიტეტს თასის სასწრაფოდ მოძიება დაავალა, ამ უკანასკნელმა კი, თავის მხრივ, დახმარებისთვის სკოტლანდ იარდს მიმართეს.

ორშაბათს, 21 მარტს, საფეხბურთო ასოციაციის თავმჯდომარეს ჯო მერსს უცნობი დაუკავშირდა, რომელიც ჯეკსონად გაეცნო და თასის სანაცვლოდ თხუთმეტი ათასი გირვანქა სტერლინგი მოსთხოვა, თან ერთ და ხუთ ფუნტიანი კუპიურებით. თუ ასოციაცია ჯეკსონის ბრძანებას დაემორჩილებოდა, საორგანიზაციო კომიტეტი თასს პარასკევს დაიბრუნებდა, წინააღმდეგ შემთხვევაში ბოროტმოქმედი 30 ათას გირვანქა სტერლინგად დაზღვეული ოქროს პრიზის გადადნობით დაიმუქრა.

24 მარტს სკოტლანდ იარდმა ჯეკსონის დასაკავებლად სპეცოპერაცია ჩაატარა, თუმცა მოთხოვნილი თანხის მისაღებად მისული ქურდი ნამდვილი მძარცველი არ აღმოჩნდა. ვინმე ედუარდ ბეჩლიმ, რომელიც ამ ფსევდონიმით მოქმედებდა, სიტუაციის სათავისოდ გამოყენება სცადა და ფულის იოლად შოვნა იფიქრა, თუმცა ცუდად დაასრულა – სასამართლომ ორი წლით დააპატიმრა. დაკითხვისას ბეჩლიმ აღიარა, რომ მხოლოდ შუამავლის როლს დათანხმდა, რის სანაცვლოდ უცნობისგან ხუთასი გირვანქა სტერლინგი მიიღო, თასის ადგილსამყოფელის შესახებ კი არაფერი იცოდა. ბეჩლი ციხიდან გამოსვლის შემდეგ მალევე, 1969 წელს გარდაიცვალა…

თასს კი გატაცებიდან ერთ კვირაში, 27 მარტს მიაგნეს, უფრო სწორად, იპოვეს.

„იმ დღეს ჩვეულებრივ გავედი შინიდან – ძაღლს ყოველ დილით ვასეირნებ… როგორც კი ეზოს გავცდით, პიკლზი მეზობლის ღობისკენ გაიქცა და წკმუტუნი ატეხა. მივედი და მესერთან გაზეთში გახვეული ნივთი დავინახე, რომელსაც ძაღლი თავს დასტრიალებდა. როცა ის ხელში ავიღე და გაზეთი შემოვაცალე, კინაღამ გული გამისკდა – ხელში ნიკეს ოქროს თასი მეჭირა! პირველი, რაც თვალში მომხვდა, სადგამზე ამოტვიფრული წარწერა იყო – ბრაზილია 1962“, – ამ სიტყვებს პიკლზის პატრონი დევიდ კორბეტი დღეში რამდენჯერმე უმეორებდა სხვადასხვა ქვეყნის ჟურნალისტებს.

როცა მან სკოტლანდ იარდს თასის პოვნა ახარა, სამართალდამცავებმა ძაღლთან ერთად დააპატიმრეს, თუმცა სიმართლე მალე გაირკვა და კორბეტიც გაათავისუფლეს.

მილიონობით თანატოლისგან არაფრით გამორჩეული ინგლისელი ახალგაზრდა და მისი ოთხფეხა მეგობარი მალე მთელმა მსოფლიომ გაიცნო. პოლიციამ, ყოველი შემთხვევისთვის, ნიკეს ოქროს თასი დაიტოვა და მხოლოდ ჩემპიონატის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე გადასცა საფეხბურთო ასოციაციას.

ტურნირის დასრულების შემდეგ ინგლისის ფეხბურთის მმართველმა ორგანიზაციამ დევიდ კორბეტი და პიკლზი ექვსი ათასი გირვანქით დაასაჩუქრა. მანამდე კი, ფიფას პრეზიდენტის სერ სტენლი როუზის გადაწყვეტილებით, კორბეტს და პიკლზს ჩემპიონატის ყველა სასურველ თამაშზე უფასოდ დასწრების უფლება დართეს…

ფინალური ეტაპი

ჯგუფური ეტაპის წილისყრა 1966 წლის 6 იანვარს, ლონდონის სასტუმრო როიალ გარდენში გაიმართა. ისტორიაში პირველად, ის ტელევიზიით პირდაპირ ეთერში გადაიცა! ინგლისის გარდა ოთხი გუნდი იყო განთესილი – ბუნდესნაკრები, ბოლო ორი მსოფლიო პირველობის ტრიუმფატორი ბრაზილია და იტალია.

მასპინძელი ინგლისი პირველ ჯგუფში მოხვდა ურუგვაის, საფრანგეთის და მექსიკის ნაკრებ გუნდებთან ერთად, მთავარი ფავორიტი ბრაზილია კი მესამე ჯგუფში აღმოჩნდა ბულგარეთის, პორტუგალიის და უნგრეთის მხარდამხარ. იმ შემთხვევაში, თუ მასპინძლები და ბოლო ორი ჩემპიონატის გამარჯვებულები ყველა შეხვედრას მოიგებდნენ, მათი გზები ფინალამდე არ გადაიკვეთებოდა.

11 ივლისს, ლონდონში, უემბლიზე, ინგლისი ურუგვაის დაუპირისპირდა. ალფ რემსის გუნდს აშკარად ეტყობოდა, რომ ღელავდა: შეცდომები, უყურადღებობა, მცდარი გადაწყვეტილებები… ეს ყველაფერი გუნდის თამაშზე უარყოფითად აისახებოდა. რაც შეეხება ურუგვაის, ყველა გრძნობდა, რომ სამხრეთამერიკელებს ჩემპიონატის სტარტზე, თან მასპინძლებთან მატჩში, ქულაც აწყობდათ.

თამაში 0:0 დასრულდა. მეორე დილით ინგლისის ნაკრები ლამის ყველა ჟურნალისტმა გააკრიტიკა და თითქოს ყველამ პირი შეკრაო, დაახლოებით ერთი და იგივე დაწერა – რომ ურუგვაისთან ნაჩვენები ფეხბურთით გუნდი არათუ თასს მოიგებს, ჯგუფიდან გასვლაც გაუჭირდება.

მომდევნო მატჩები მასპინძლებმა უკეთესად ჩაატარეს: მექსიკელებს ბობი ჩარლტონის და როჯერ ჰანტის გოლებით სძლიეს, ფრანგებს კი ამ უკანასკნელის დუბლით.

ბოლო ტურში, 19 ივლისს უემბლიზე, ურუგვაის წინააღმდეგ მექსიკელთა კარში სახელგანთქმული ანტონიო კარბახალი გამოჩნდა. ის გახდა პირველი, რომელმაც მსოფლიოს ხუთ ჩემპიონატზე ითამაშა! კარბახალის დებიუტი უდიდეს საფეხბურთო ტურნირზე მეორე ომის შემდგომ გამართულ პირველ პირველობაზე, 1950 წელს, ბრაზილიაში შედგა.

II ჯგუფში გერმანიის ფედერაციულმა რესპუბლიკამ და არგენტინამ გაიმარჯვეს. ბუნდესგუნდის ახალგაზრდა ლიდერი ფრანც ბეკენბაუერი შესანიშნავად თამაშობდა და ყველა ხედავდა, რომ მიუნხენის ბაიერნის ნახევარმცველის სახით გერმანულ ფეხბურთს მსოფლიო დონის ვარსკვლავი ეზრდებოდა.

სენსაცია მოხდა III ჯგუფში: ბრაზილია ფლეი-ოფში ვერ გავიდა! ვისენტე ფეოლას სელესაომ 12 ივლისს, ლივერპულის გუდისონ პარკზე გამართული პირველი მატჩი ბულგარეთთან პელეს და გარინჩას გოლებით 2:0 მოიგო, მაგრამ ფეხბურთის მეფედ აღიარებული ედსონ არანტეს დუ ნასიმენტუ დაშავდა და 15 ივლისს უნგრეთთან ვეღარ ითამაშა. მისი არყოფნა ბრაზილიას ძალიან დაეტყო, თუმცა მეტოქემ მხოლოდ ამიტომ არ მოიგო – უნგრელებმა უბრალოდ დიდებულად ითამაშეს. ჟურნალისტებმა განსაკუთრებით გამოარჩიეს ბუდაპეშტის ფენერცვაროშის შემტევი ნახევარმცველი, ჩილე 1962-ის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დასახელებული ფლორიან ალბერტი, რომელიც იერიშების ორგანიზატორი და გუნდის ლიდერი გახლდათ. ევროპელებმა მსოფლიოს ჩემპიონებს 3:1 აჯობეს!

ბოლო ტურში, 19 ივლისს პორტუგალიელთა წინააღმდეგ, პელე ნაკრებს კი დაუბრუნდა, მაგრამ კიდევ ერთხელ დაშავდა – მცველებმა მეფეს ფეხი მოტეხეს, ბრაზილია კი ისევ 1:3 დამარცხდა და ნაადრევად დატოვა ინგლისი.

ევროპის 1965 წლის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარებულმა ეუსებიომ სამხრეთამერიკელებს დუბლი შეუსრულა – ლისაბონის ბენფიკის ლიდერი იმ შეხვედრაში შეუჩერებელი იყო.

IV ჯგუფში საბჭოთა კავშირის ნაკრებმა გაიმარჯვა – ნიკოლაი მოროზოვის გაწვრთნილმა გუნდმა ყველა შეხვედრა მოიგო.

ჯგუფურ ტურნირში ოთხმა ქართველმა იასპარეზა: მოსკოვის ტორპედოს ძირითადმა მეკარემ ანზორ კავაზაშვილმა კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის და ჩილეს ნაკრებთა წინააღმდეგ დაიცვა კარი; მურთაზ ხურცილავამ აზიელებთან და იტალიელებთან მოირგო ნაკრების წითელი მაისური; გიორგი სიჭინავამ მხოლოდ ჩრდილოკორეელებთან ითამაშა; სლავა მეტრეველი კი ბოლო მატჩში, ჩილელთა წინააღმდეგ გამოჩნდა.

„ჩემპიონატის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე პუმას დელეგაცია გვესტუმრა და მათი ეკიპირებით გამოსვლა შემოგვთავაზა, სანაცვლოდ პუმა სოლიდურ თანხასაც იხდიდა. მე და ჟორა სიჭინავამ პუმას ბუცები რომ მოვირგეთ, კინაღამ გავგიჟდით ისეთი კარგი იყო! ჩვენ ხომ საბჭოთა საშინელება გვეცვა… ეს ამბავი რომ გაიგო, მეორე დღეს ადიდასმა მოავლინა რამდენიმე კაცი. ისევე როგორც პუმამ, ადიდასმაც დაგვიტოვა ბუცები და მაისურები. საღამოს სიჭინავამ მითხრა: იცი რას ვიზამ? ფულს ორივეს გამოვართმევ, ერთ ფეხზე ადიდასს მოვირგებ, მეორეზე პუმას…

სამწუხაროდ, ერთი კომპლექტიც არ შეგვრჩა – ხელმძღვანელმა ამხანაგებმა პუმას შეთავაზებაც იუარეს და ადიდასიც უარით გაისტუმრეს. მიზეზი არ გაინტერესებთ? საბჭოთა სპორტსმენს ისე არ უჭირს, კაპიტალისტებმა რომ ჩააცვანო“! – ინგლისის ამბები მურთაზ ხურცილავამ წლების შემდეგ ერთ-ერთ ინტერვიუში გაიხსენა.

ჟურნალისტები ჯგუფის ფავორიტად საბჭოთა და იტალიის ნაკრებ გუნდებს ასახელებდნენ. სსრკ კი გავიდა მეოთხედფინალში, მაგრამ სკუადრა აძურამ კიდევ ერთხელ ვერ დაძლია პირველი ეტაპი – ედმონდო ფაბრის ბიჭებმა საწყის ტურში ჩილეს აჯობეს და ოთხი წლის წინანდელი ამბებისთვის შური იძიეს, თუმცა შემდეგ ერთნაირი ანგარიშით – 0:1 დამარცხდნენ, ჯერ საბჭოელებთან, უკანასკნელ ტურში კი ჩრდილოკორეასთან! ეს უკანასკნელი გახდა პირველი არაევროპული და არაამერიკული გუნდი, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატის ფლეი ოფის საგზური მოიპოვა.

სამშობლოში დაბრუნებულ ფაბრის ტიფოზები პომიდვრებით „გაუმასპინძლდნენ“, ჟურნალისტები კი კიდევ დიდხანს აკრიტიკებდნენ მცდარი სელექციის გამო: ფაბრიმ ინგლისში არ წაიყვანა იმ წლების ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო კლუბის, ჩემპიონთა თასის ორგზის მფლობელი მილანის ინტერის ლიდერები ჯულიანო სარტი, არმანდო პიჩი და მარიო კორსო, ასევე სერია ა-ს ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელი, კალიარის ბომბარდირი ლუიჯი რივა…

ფლეი ოფი

23 ივლისს გამართული მეოთხედფინალებიდან ყველაზე დაძაბული ჩრდილოკორეელი და პორტუგალიელი ფეხბურთელების პაექრობა გამოდგა.

აზიელები, რომლებმაც ტურნირამდე სამთვიანი შეკრება გაიარეს სრულიად საიდუმლო ვითარებაში (ქვეყნის ხელისუფლების ბრძანებით), კიდევ ერთ სენსაციასთან იყვნენ ახლოს: 24-ე წუთისთვის სამი უპასუხო გოლით უგებდნენ მეტოქეს, მაგრამ ეუსებიო და მისი გუნდი დროზე მოეგო გონს და 5:3 გაიმარჯვა. ბენფიკის გოლეადორმა პოკერი შეასრულა – ოთხი გოლი გაიტანა, მათ შორის ორი პენალტით.

საბჭოთა კავშირის ნაკრებმა ფეხბურთის სამშობლოში გამართული მეოთხე შეხვედრაც მოიგო: მოროზოვის გუნდმა იგორ ჩისლენკოს და ვალერი პარკუიანის გოლებით 2:1 აჯობა უნგრეთს. ქართველებს არ უთამაშიათ.

რაც შეეხება ინგლისს, ალფ რემსის გუნდმა არგენტინა ძალიან დაძაბულ და უხეშ დაპირისპირებაში 1:0 დაამარცხა. გადამწყვეტი გოლი 75-ე წუთზე შეაგდო ჯეფრი ჰერსტმა.

მეტოქის ბინძური თამაშით განრისხებულმა რემსიმ თავის ბიჭებს მატჩის შემდეგ მაისურების გაცვლის უფლება არ მისცა, არგენტინელთა კაპიტანი ანტონიო რატინი კი გახდა პირველი, რომელიც უემბლიზე გამართულ ოფიციალურ საერთაშორისო მატჩში გააძევეს. ეს 35-ე წუთზე მოხდა – გერმანელმა მსაჯმა რუდოლფ კრაიტლაინმა სამხრეთამერიკელს უხეშობა არ აპატია. რატინმა გასვლა იუარა, თუმცა საბოლოოდ მაინც დატოვა მინდორი რამდენიმე პოლიციელის თანხლებით…

1934 წლის ჩემპიონატის შემდეგ პირველად მოხდა, რომ ნახევარფინალში მხოლოდ ევროპის გუნდები გავიდნენ: ინგლისი პორტუგალიას დაუპირისპირდა, საბჭოთა კავშირი – გფრ-ს. ჰელმუტ შიონის გაწვრთნილმა ბუნდესნაკრებმა მეოთხედფინალში ურუგვაის ოთხი უპასუხო გოლი გაუტანა (ჰელმუტ ჰალერის დუბლი, ფრანც ბეკენბაუერი, უვე ზეელერი).

26 ივლისის ნახევარფინალი ინგლისსა და პორტუგალიას შორი  ბობი ჩარლტონის და ეუსებიოს პირად დაპირისპირებად განიხილებოდა. მანჩესტერ იუნაიტედის გუნდისთავი კონტინენტის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტულის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი იყო, პორტუგალიელი კი ოქროს ბურთის მფლობელი. თავდაპირველად მატჩი ლივერპულში უნდა შემდგარიყო, თუმცა გასაგები მიზეზების გამო შეხვედრა უემბლიზე გადაიტანეს.

იმ დღეს არა მარტო ჩარლტონმა, მთელმა გუნდმა ჩინებულად ითამაშა და გაიმარჯვა კიდეც – 2:1. ინგლისი პირველად გავიდა ფინალში, ორივე გოლი კი ოლდტრაფორდელთა კაპიტანმა შეაგდო – 30-ე და 79-ე წუთებზე. საფინალო სასტვენამდე რამდენიმე წუთით ადრე ეუსებიოს ზუსტმა პენალტმა მხოლოდ დროებით დაძაბა სიტუაცია.

მეორე ნახევარფინალში კი, ერთი დღით ადრე რომ გაიმართა ლივერპულში, უფრო ძლიერნი გერმანელები გამოდგნენ: ჰალერის და ბეკენბაუერის გოლებს საბჭოელთაგან პარკუიანმა უპასუხა ზუსტი დარტყმით – 2:1. 44-ე წუთიდან წითლები კაცნაკლულნი თამაშობდნენ – იტალიელმა მსაჯმა კონჩეტო ლობელომ  იგორ ჩისლენკოს კარლ-ჰაინც შნელინგერთან უხეშობის შემდეგ დაატოვებინა მინდორი.

ბრინჯაოს მედლები 28 ივლისს გათამაშდა. დებიუტანტმა პორტუგალიამ 2:1 სძლია საბჭოთა ნაკრებს.

პირენელები მე-13 წუთზე დაწინაურდნენ: მურთაზ ხურცილავამ ტანმაღალ აუგუშტო ტორესთან ორთაბრძოლისას საჯარიმოში ხელით ითამაშა, პენალტი კი ეუსებიომ გოლად აქცია.

კიდევ ერთი ეპიზოდი ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ქართველი ფეხბურთელის მოგონებებიდან: „მესამე ადგილისთვის პორტუგალიას შევხვდით. თამაშის წინ დამესიზმრა, თითქოს საჯარიმოში ხელით ვითამაშე. გიორგი სიჭინავას დილითვე მოვუყევი ყველაფერი, ჟორამ კი მეგრულად მიყვირა – ღმერთი არ გაგიწყრეს, ასეთ რამეზე ფიქრს მოეშვიო… მწვრთნელებისგან ვიცოდი, რომ ეუსებიოს წინააღმდეგ უნდა მეთამაშა, მაგრამ რამდენიმე საათით ადრე გამომიცხადეს, ეუსებიო კი არა ტორესი უნდა აიყვანოო. ის ლამის ორმეტრიანი თავდამსხმელი იყო, ჩემზე გაცილებით მაღალი… ერთ მომენტში ავუხტი და სწორედ მაშინ ამიხდა სიზმარი – ბურთი ხელზე მომხვდა! თამაშის შემდეგ არავის უსაყვედურია, მაგრამ ეს ვერაფერი ნუგეში იყო“.

მესამე ადგილისთვის შეხვედრაში მურთაზ ხურცილავას და სლავა მეტრეველის გარდა კიდევ ერთმა თბილისელმა ითამაშა – გიორგი სიჭინავამ.

„ოლიმპიადიდან დაწყებული მსოფლიო ჩემპიონატით დასრულებული, ყველა დიდ საერთაშორისო ტურნირზე მითამაშია, მაგრამ ფიფას ოქროს თასს არაფერი შეედრება: უმაღლესი დონის შეჯიბრებაა, მხოლოდ რჩეული გუნდები და მოთამაშეები ასპარეზობენ, სტადიონები პირთამდე სავსეა, განწყობა – ენითაუწერელია! იქ თამაში უკვე წარმატებაა, მოგებაზე ხომ არაფერს ვამბობ…

საბჭოთა ნაკრებმა ისტორიაში საუკეთესო შედეგი ინგლისში აჩვენა, არადა, მეტის მიღწევა შეგვეძლო – ფინალში მონაწილეობას ვგულისხმობ. თუმცა, გავედით თუ არა ნახევარფინალში, ბევრმა ჩათვალა, რომ ამოცანა შესრულებული იყო და ბოლო ორ მატჩში, გერმანიასთან და პორტუგალიასთან ვალის მოხდის მიზნით შეაბიჯა მინდორზე. ამას რაც მოჰყვა, კარგად იცით“, – კვლავ მურთაზ ხურცილავას მოგონებებიდან.

ფინალი

ტურნირის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დაძაბული და საინტერესო გადამწყვეტი მატჩი ფინალურ ეტაპზე გამართული საიუბილეო, მეორასე შეხვედრა აღმოჩნდა. საინტერესოა, რომ 1966 წლის 30 ივლისს გამართული ფინალი იყო უკანასკნელი, რომელიც ტელევიზიით შავ-თეთრად გადაიცა. არანაკლებ მნიშვნელოვანია ისიც, რომ რეპორტაჟი დიდ ბრიტანეთში 32,3 მილიონმა ტელემაყურებელმა იხილა, რაც დღემდე საუკეთესო მაჩვენებელია!

უემბლის ხასხასა მინდორზე პირველად გერმანელებმა გაიხარეს: მე-12 წუთზე ჰელმუტ ჰალერმა დალაშქრა გორდონ ბენქსის კარი – 0:1.

მე-18 წუთზე ფინალის გმირმა ჯეფრი ჰერსტმა პირველი ბურთი გაიტანა და ანგარიში გაათანაბრა – 1:1, 78-ე წუთზე კი მარტინ პიტერსმა (1973 წლის შემოდგომით ის ტოტენჰემ ჰოთსფურის შემადგენლობაში ეწვია თბილისს) ინგლისი დააწინაურა – 2:1.

და მაშინ, როცა მსაჯის საფინალო სასტვენს წუთი უკლდა, გერმანელებმა გაათანაბრეს: შეტევაში ჩართულმა მცველმა ვოლფგანგ ვებერმა ზუსტად დაარტყა – 2:2!

1934 წლის შემდეგ გადამწყვეტ მატჩში პირველად დაინიშნა დამატებითი დრო, რომლის მეათე წუთზე ინგლისმა კიდევ ერთხელ გაიტანა.

ჰერსტის ის ბურთი ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო გოლია და აი, რატომ: თავდამსხმელის დარტყმის შემდეგ ბურთი ხარიხას მოხვდა და კარის ხაზთან დაეცა. მთავარი მსაჯი, შვეიცარიელი გოტფრიდ დინსტი დაიბნა და სიტუაციაში გასარკვევად თანამსაჯს, ბაქოელ ტოფიკ ბახრამოვს მიმართა. ამ უკანასკნელს ბევრი არ უფიქრია და გოლი ჩათვალა, რასაც გერმანელების საშინელი აღშფოთება მოჰყვა: ისინი მთავარ მსაჯს და თანამსაჯს მიეჭრნენ, თუმცა პროტესტი ამაო იყო – ანგარიში შეიცვალა – 3:2.

ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე საკამათო გოლის გამო დღემდე არ წყდება დავა. ის მომენტი არაერთ პოპულარულ საფეხბურთო გადაცემაში დაწვრილებით გაარჩიეს და დასკვნა განსხვავებულია – ერთნი თვლიან, რომ ბურთმა სრულად გადაკვეთა კარის ხაზი, მეორენი კი აცხადებენ, რომ წესის მიხედვით, გოლი არ უნდა ჩათვლილიყო. რაც შეეხებათ გერმანელებს, ბევრი დღემდე დარწმუნებულია, რომ ნახევარფინალში საბჭოთა კავშირთან გამარჯვების შემდეგ ტოფიკ ბახრამოვმა მათზე, უბრალოდ, შური იძია – შანსი ხელიდან არ გაუშვა და დინსტს მცდარი ინფორმაცია მიაწოდა…

უკანასკნელ წამებზე ინგლისმა მეოთხეც შეაგდო: ნაკრების კაპიტანმა ბობი მურმა თავის ნახევრიდან მიაწოდა ბურთი ჰერსტს, ვესტ ჰემ იუნაიტედის ფორვარდმა კი უძლიერესად გაისროლა – 4:2!

ჰერსტი დღემდე ერთადერთია, რომელმაც ჰეთ-თრიქი ფინალში შეასრულა!

ინგლისმა არნახულად გაიხარა, როცა ახალგაზრდა დედოფალმა ელისაბედ II-მ ქალღმერთ ნიკეს ოქროს თასი ბობი მურს გადასცა. ინგლისი მხოლოდ მესამე მასპინძელი გახდა, რომელმაც თასი დაიტოვა. 1930 წელს ეს ურუგვაიმ შეძლო, 1934 წელს – იტალიამ…

რამდენიმე დღეში ჩემპიონებს და პრიზიორებს სამეფო ოჯახმა უმასპინძლა. საზეიმო ღონისძიებას საპატიო სტუმრის სტატუსით დევიდ კორბეტი და პიკლზიც დაესწრნენ.

VIII მსოფლიო პირველობის საუკეთესო ფეხბურთელი ბობი ჩარლტონი გახდა, რომელიც წლის მიწურულს ჟურნალისტებმაც დააფასეს: მანჩესტერ იუნაიტედის ლეგენდამ ფრანს ფუტბოლის გამოკითხვაში გაიმარჯვა და ევროპის უძლიერესი მოთამაშისთვის განკუთვნილი ოქროს ბურთი ჩაიბარა.

ბომბარდირისთვის განკუთვნილი ოქროს ბუცი კი ეუსებიოს ერგო – შავ პანტერად მონათლულმა პორტუგალიელმა 9 ბურთი შეაგდო!

იმ დროს ფიფა ოქროს მედლებით მხოლოდ მათ აჯილდოვებდა, რომლებიც ფინალში მონაწილეობდნენ. მოგვიანებით ეს შეცდომა გამოასწორეს და დაგვიანებით, მაგრამ მაინც, ოქროს მედალი ყველა ტურნირის გამარჯვებულს გაუგზავნეს.

რაც შეეხება VIII მსოფლიო პირველობის იმ ტრიუმფატორებს, რომლებმაც ფინალში არ ითამაშეს და ამის გამო 1966 წლის 30 ივლისს ოქროს მედლები არ ერგოთ, ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამ ისინი 2009 წლის 10 ივლისს, ლონდონში, დაუნინგ სტრიტის 10-ში გამართულ სპეციალურ მიღებაზე გაახარა…

ინგლისი 1966 – ზოგადი ცნობები:

*-პირველი მსოფლიო ჩემპიონატი, რომელიც ინგლისურენოვან ქვეყანაში ჩატარდა.
*
-პირველი მსოფლიო ჩემპიონატი, რომლის ფინალური ეტაპის წილისყრა ტელევიზიით პირდაპირ ეთერში გადაიცა. ამავდროულად: პირველი მსოფლიო ჩემპიონატი, რომლის რამდენიმე მატჩის სხვა კონტინენტზე პირდაპირი ტელეტრანსლაცია განხორციელდა თანამგზავრის დახმარებით.
*-მეორე მსოფლიო ჩემპიონატი იტალია 1934-ის შემდეგ, როცა ფინალში დამატებითი დრო დაინიშნა.
*-მესამე მსოფლიო ჩემპიონატი ურუგვაი 1930-ის და იტალია 1934-ის შემდეგ, როცა მთავარი ჯილდო მასპინძელმა მოიპოვა.
*-უკანასკნელი მსოფლიო ჩემპიონატი, რომლის ფინალი ტელევიზიით შავ-თეთრად გადაიცა.
*-პირველად ამ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში შეასრულა ფეხბურთელმა ჰეთ-თრიქი – ჯეფრი ჰერსტმა.
*-მონაწილეობდა 16 გუნდი (ევროპა – 10; სამხრეთი ამერიკა – 4; ცენტრალური და ჩრდილოეთი ამერიკა – 1; აზია – 1).
*-32 თამაშში 89 გოლი გავიდა, საშუალოდ მატჩში 2,78.
*-მთლიანი დასწრება – 1 563 135, საშუალოდ მატჩზე 48 848 გულშემატკივარი.

30 ივლისი, 1966. მსოფლიოს VIII ჩემპიონატის ფინალი. ინგლისი, ლონდონი, უემბლი. 96 924
ინგლისი 4:2 (დდ) გფრ
გოლები: 0:1 ჰელმუტ ჰალერი (12), 1:1 ჯეფრი ჰერსტი (18), 2:1 მარტინ პიტერსი (78), 2:2 ვოლფგანგ ვებერი (89), 3:2 ჯეფრი ჰერსტი (101), 4:2 ჯეფრი ჰერსტი (120)
ინგლისი: გორდონ ბენქსი, ჯორჯ კოენი, რეი უილსონი, ნობი სტაილზი, ჯეკი ჩარლტონი, ბობი მური (კაპ), ალან ბოლი, ბობი ჩარლტონი, ჯეფრი ჰერსტი, მარტინ პიტერსი, როჯერ ჰანტი
მწვრთნელი: ალფ რემსი
გფრ: ჰანს ტილკოვსკი, ჰორსტ-დიტერ ჰიოტგესი, კარლ-ჰაინც შნელინგერი, ფრანც ბეკენბაუერი, ვილი შულცი, ვოლფგანგ ვებერი, ჰელმუტ ჰალერი, უვე ზეელერი (კაპ), ზიგი ჰელდი, ლოთარ ემერიხი, ვოლფგანგ ოვერატი
მწვრთნელი: ჰელმუტ შიონი
მსაჯები: გოტფრიდ დინსტი (შვეიცარია); ტოფიკ ბახრამოვი (სსრკ), კაროლ გალბა (ჩეხოსლოვაკია)

საუკეთესო ბომბარდირი:
ეუსებიო (პორტუგალია)
– 9 გოლი
ჰელმუტ ჰალერი (გფრ) – 6 გოლი

საუკეთესო ფეხბურთელი (არაოფიციალური): ბობი ჩარლტონი (ინგლისი)
საუკეთესო ახალგაზრდა (არაოფიციალური): ფრანც ბეკენბაუერი (გფრ)
საუკეთესო მეკარე
(არაოფიციალური): გორდონ ბენქსი (ინგლისი)

ტურნირის სიმბოლური ნაკრები (არაოფიციალური)
მეკარე: გორდონ ბენქსი (ინგლისი)
მცველები: ბობი მური (ინგლისი), ჯორჯ კოენი (ინგლისი), ვისენტე (პორტუგალია), სილვიო მარცოლინი (არგენტინა)
ნახევარმცველები: ბობი ჩარლტონი (ინგლისი), ფრანც ბეკენბაუერი (გფრ), მარიო კოლუნა (პორტუგალია)
თავდამსხმელები: ეუსებიო (პორტუგალია), ფლორიან ალბერტი (უნგრეთი), უვე ზეელერი (გფრ)

მსოფლიოს 1966 წლის ჩემპიონი ინგლისის ნაკრები
მეკარეები: 1.გორდონ ბენქსი (ლესტერ სიტი), 12.რონ სპრინჯეტი (შეფილდ უენსდი), 13.პიტერ ბონეტი (ლონდონის ჩელსი)
მცველები: 2.ჯორჯ კოენი (ლონდონის ფულემი), 3.რეი უილსონი (ლივერპულის ევერტონი), 5.ჯეკ ჩარლტონი (ლიდს იუნაიტედი), 6.ბობი მური (ლონდონის ვესტ ჰემ იუნაიტედი), 14.ჯიმი არმფილდი (ბლეკპული), 15.ჯერი ბირნი (ლივერპული), 17.რონ ფლაუერსი (ვულვერჰემპტონ უონდერერსი), 18.ნორმან ჰანტერი (ლიდს იუნაიტედი)
ნახევარმცველები: 4.ნობი სტაილზი (მანჩესტერ იუნაიტედი), 7.ალან ბოლი (ბლეკპული), 9.ბობი ჩარლტონი (მანჩესტერ იუნაიტედი), 16.მარტინ პიტერსი (ლონდონის ვესტ ჰემ იუნაიტედი), 20.იან კელეჰენი (ლივერპული), 22.ჯორჯ ისტჰემი (ლონდონის არსენალი)
თავდამსხმელები: 8.ჯიმი გრივსი (ლონდონის ტოტენჰემ ჰოთსფური), 10.ჯეფრი ჰერსტი (ლონდონის ვესტ ჰემ იუნაიტედი), 11.ჯონ კონელი (მანჩესტერ იუნაიტედი), 19.ტერი პეინი (საუთჰემპტონი), 21.როჯერ ჰანტი (ლივერპული)
მწვრთნელი: ალფ რემსი

 

ლაშა გოდუაძე (2022 წლის 5 აგვისტო)
ფოტო:
FIFA.com; ინტერნეტი

ka_GEGeorgian