მსოფლიო ჩემპიონატების ისტორია: მექსიკა 1970

მსოფლიოს IX ჩემპიონატის მასპინძელი 1964 წლის 8 ოქტომბერს, ტოკიოში გამოვლინდა. ტურნირის მიღების სურვილი მექსიკამ, არგენტინამ, ავსტრალიამ, კოლუმბიამ, იაპონიამ და პერუმ გამოთქვეს, თუმცა მსოფლიო ფეხბურთის მმართველ ორგანიზაციას შესაბამისი პროექტი მხოლოდ მექსიკელებმა და არგენტინელებმა წარუდგინეს. იაპონიის დედაქალაქში შეკრებილმა მაღალჩინოსნებმაც მხოლოდ ამ ორ ქვეყანას შორის გააკეთეს არჩევანი.

რატომ მექსიკა? ფიფამ გაითვალისწინა, რომ 1968 წელს მეხიკოს ოლიმპიური თამაშებისთვის უნდა ემასპინძლა. შესაბამისად, ქვეყნის მთავარ ქალაქში მნიშვნელოვანი სპორტული ტურნირის მისაღებად საჭირო ინფრასტრუქტურა მსოფლიო პირველობამდე რამდენიმე წლით ადრე მზად იქნებოდა. ამასთანავე, ოლიმპიადის წყალობით ქვეყანა ათასობით ტურისტის ერთდროულად მასპინძლობისთვის საჭირო გამოცდილებასაც შეიძენდა.

მექსიკა პირველი არაევროპული და არასამხრეთამერიკული ქვეყანა გახდა, რომელსაც ოქროს თასის გათამაშება ერგო.

საკვალიფიკაციო ტურნირის წილისყრამდე ფიფამ ინგლისი 1966-ის შესარჩევი ეტაპის ნაკლი გაითვალისწინა და ყველა კონტინენტს მინიმუმ ერთი საგზური გამოუყო: იქიდან გამომდინარე, რომ მასპინძელს და მსოფლიოს ჩემპიონს ფინალურ ეტაპზე თამაში განაღდებული ჰქონდათ, ევროპას რვა ადგილი ერგო, სამხრეთ ამერიკას – სამი, თითო კი აზია-ოკეანეთს, ასევე აფრიკას და კონკაკაფს, ცენტრალური და ჩრდილოეთი ამერიკის ფეხბურთის კონფედერაციის წევრებს.

შესარჩევში ისეთ ძლიერ გუნდებს მოეცარათ ხელი, როგორებიც არგენტინა, იუგოსლავია (ევროპის 1968 წლის ვიცე-ჩემპიონი), უნგრეთი, ესპანეთი (1964 წლის ევროპის ერთა თასის მფლობელი) და პორტუგალია (მსოფლიო ჩემპიონატის მესამეადგილოსანი) იყვნენ.

კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის ნაკრებმა, რომელიც ინგლისი 1966-ის ერთ-ერთ აღმოჩენად იქცა, ფინალურ ეტაპზე ზედიზედ მეორედ ასპარეზობის უფლება პოლიტიკური მიზეზით დაკარგა: ქვეყნის მმართველებმა ფეხბურთელებს ისრაელთან პაექრობა აუკრძალეს და ფიფას სანქციამაც არ დააყოვნა. ფიფამ არ დაუშვა კუბის ნაკრებიც, რომელიც იმ 75 ქვეყნის გუნდს შორის იყო, შესარჩევში თამაშის სურვილი ოფიციალურად რომ გამოთქვეს.

1969 წლის ივნისში, კონკაკაფის ზონაში სალვადორისა და ჰონდურასის ნაკრებთა სამმატჩიანი დაპირისპირებისას, ქვეყნებს შორის ისედაც დაძაბული პოლიტიკური სიტუაცია უკიდურესად გამწვავდა, ერთი თვის შემდეგ კი სტადიონებზე აზვირთებული შუღლი ასსაათიან სამხედრო კონფლიქტში გადაიზარდა. 14-18 ივლისის ის შეტაკება, რასაც სამ ათასამდე ადამიანი შეეწირა, ისტორიაში საფეხბურთო ომის სახელით შევიდა.

8 ივნისს, ტეგუჩიგალპაში გამართული პირველი მატჩი მასპინძლების, ჰონდურასელების 1:0 გამარჯვებით დასრულდა. გულშემატკივრები პირველად მაშინ შეასკდნენ ერთმანეთს. 15 ივნისს, სან სალვადორში უკვე სალვადორელებმა გაიმარჯვეს – 3:0. და მისი მსვლელობისას ტრიბუნებზე გაცილებით მასშტაბურმა კონფლიქტმა იფეთქა.

27 ივნისს გადამწყვეტი, მესამე მატჩი შედგა, სადაც გამოვლინდა კიდეც მსოფლიოს IX ჩემპიონატის მონაწილე. ნეიტრალურ მოედანზე, მეხიკოში, სალვადორელებმა დამატებით დროში 3:2 მოიგეს. მართალია ამ თამაშმა შედარებით მშვიდ ვითარებაში ჩაიარა, სამაგიეროდ, სწორედ ის გახდა ერთგვარი სათავე იმ ომისა, რომელიც 14-18 ივლისს მოხდა და საბედნიეროდ, მალევე დასრულდა, 20 ივლისს, სამშვიდობო ხელშეკრულებით. საინტერესოა, რომ 27 ივნისის თამაშის დასრულებისთანავე სალვადორმა ოფიციალურად გაწყვიტა დიპლომატიური ურთიერთობა ჰონდურასთან.

აფრიკის ზონიდან მექსიკის საგზური მაროკომ მიიღო. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შავი კონტინენტის წარმომადგენელი პირველად გამოჩნდა უდიდეს საფეხბურთო ტურნირზე.

ინგლისში შერცხვენილმა ბრაზილიამ საკვალიფიკაციო ეტაპზე ბრწყინვალედ იასპარეზა: ყველა, ექვსივე მატჩი მოიგო, აქედან ხუთჯერ კარი მშრალად შეინახა, 23(!) გოლი გაიტანა და მხოლოდ ორი გაუშვა. სელესაომ ვენესუელა არც შინ დაინდო და არც სტუმრად – 6:0, 5:0, კოლუმბიას ბოგოტაში 2:0, მარაკანაზე კი 6:2 აჯობა, მეორე ადგილზე გასული პარაგვაი კი ასუნსიონში 3:0, ხოლო რიო დე ჟანეიროში 1:0 დაამარცხა. ეს ბოლო მატჩი აუცილებლად გამოსარჩევია, რადგან რიოში, მარაკანაზე გამართულ ამ შეხვედრას 183 341 გულშემატკივარი დაესწრო. და ეს რიცხვი დღემდე მსოფლიო რეკორდია! საფეხბურთო შეხვედრას ოფიციალურად დადასტურებული ამდენი მაყურებელი არც მანამდე ჰყოლია და არც მას შემდეგ.

23 საკვალიფიკაციო გოლიდან 16 ტოსტაოს და პელეს აქტივშია. პირველი სულაც მექსიკა 1970-ის შესარჩევის საუკეთესო ბომბარდირი გახდა ათი გოლით. და ამ ათი ბურთიდან ექვსი ტოსტაომ ვენესუელის კარში შეაგდო – ორჯერ შეასრულა ჰეთ-თრიქი.

პირველ საკვალიფიკაციო ჯგუფში, პერუსთან და ბოლივიასთან მოხვედრილი არგენტინა კი ძალიან შერცხვა – ბოლო ადგილზე გავიდა. ეს პირველი, და ჯერჯერობით ბოლო შემთხვევაა, როცა არგენტინამ საკვალიფიკაციო ბარიერი ვერ დაძლია. 1938, 1950 და 1954 წლებში მათ უბრალოდ იუარეს შესარჩევში თამაში.

ფინალური ეტაპის წინ არაერთი სიახლე დაინერგა. თუნდაც ის, რომ გუნდებს ორი მოთამაშის შეცვლის უფლება მიეცათ, ამასთანავე დაწესდა ყვითელი და წითელი ბარათები.

ხაზგასასმელია, რომ პირველად მოხერხდა თამაშების ფერადად ტელეტრანსლირება, საერთო ჯამში კი მექსიკაში გამართული ჩემპიონატის ტელეაუდიტორია მილიარდს მიუახლოვდა, რაც არნახული მაჩვენებელი იყო.

აქვე დავწერ: ფიფას და ადიდასს შორის სწორედ მექსიკა 1970-ის წინ დაიდო კონტრაქტი ოფიციალური ბურთების წარმოებაზე. მას შემდეგ მსოფლიო ჩემპიონატებს სწორედ ადიდასის ნაწარმი ამშვენებს, მექსიკა 70-თვის დამზადებულ ბურთს კი ტელსტარი ეწოდა.

ინგლისის მსგავსად, ამ ჩემპიონატის საორგანიზაციო კომიტეტმაც შეარჩია თილისმა: ბიჭუნა ხუანიტო, რომელსაც სახელმწიფო დროშის ძირითად, მწვანე ფერში გადაწყვეტილი მაისური ემოსა და ეროვნული თავსაბურავი – სომბრერო – ეხურა წარწერით მექსიკა 70.

ჩემპიონატის დაწყებამდე მცირე ხნით ადრე ნიკეს თასის მფლობელი ინგლისის ნაკრების ყველა ფეხბურთელი და სამწვრთნელო შტაბის წევრი (სულ ოცდაათი კაცი) კომპანია ფორდისგან კორტინა 1600E-ით დაჯილდოვდა.

ამ სარეკლამო აქციით ორივე მხარემ მოიგო. ამერიკული ავტოგიგანტის ბოლო მოდელი სუპერპოპულარული იყო, თავის კლასში საუკეთესოდ ითვლებოდა და ძვირადაც ფასობდა – 700 გირვანქა სტერლინგი ღირდა.

ოცდაათივე ფორდის ორივე ფრთას დიდი ბრიტანეთის და ჩემპიონატის მასპინძელი მექსიკის სახელმწიფო დროშები ამშვენებდა, წინა კარებს კი წარწერა Chosen for England – ინგლისისათვის რჩეული.

რაც შეეხება სერიას – GWC, ეს Great World Cup-ის (დიდებული მსოფლიო თასი) აბრევიატურაა. ოცდაათიდან პირველი, ნომრით GWC 1H გუნდის კაპიტანს, ბობი მურს ერგო. მან კორტინა მექსიკა 70-ის შემდეგ მალევე გაასხვისა, თუმცა ნომერი დაიტოვა და ახალთახალ მერსედესზე გადაიტანა.

იმ ოცდაათი ისტორიული ავტოდან დღეს მხოლოდ სამია „ცოცხალი“: მარტინ პიტერსის, ჯეფრი ჰერსტის და პიტერ ოსგუდის, თუმცა მათ უკვე კერძო კოლექციონერები ფლობენ.

ფინალური ეტაპი

წილისყრა 1970 წლის 10 იანვარს, მეხიკოს სასტუმრო მარია იზაბელის სამეჯლისო დარბაზში გაიმართა. სხვათა შორის, ჩემპიონატის დღეებში ფიფას წარმომადგენლები სწორედ იქ ცხოვრობდნენ. ოფიციალურ პირებთან ერთად წილისყრის საზეიმო ცერემონიაში მექსიკის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის და ტურნირის საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელის, გილერმო კანიედოს ათი წლის ქალიშვილიც მონაწილეობდა.

ფიფას აღმასრულებელი კომიტეტის წევრები გუნდების განთესვაზე ვერ შეთანხმდნენ, ამიტომ ამ პროცედურაზე უარი თქვს. მათ მხოლოდ იმაზე მოილაპარაკეს, რომ მასპინძელი მექსიკა პირველ ჯგუფში ითამაშებდა, რადგან ამ ოთხეულის მატჩები მეხიკოში იყო დანიშნული. გადაწყდა ისიც, რომ მსოფლიოს ჩემპიონი ინგლისი მესამე ჯგუფში იქნებოდა, რადგან ამ გუნდს და მის მეტოქეებს გვადალახარას სარბიელი ელოდათ, მეორე უდიდესი სტადიონი მასპინძელთა შორის.

საბოლოოდ მექსიკას საბჭოთა კავშირის, ბელგიის და სალვადორის ნაკრები გუნდები ერგო. II ჯგუფში ევროპის ჩემპიონ იტალიასთან ურუგვაი, ისრაელი და შვედეთი მოხვდნენ. მსოფლიოს ჩემპიონ ინგლისთან III ჯგუფში ბრაზილია, რუმინეთი და ჩეხოსლოვაკია აღმოჩნდნენ, ხოლო IV ჯგუფი პერუმ, ბულგარეთმა, გფრ-მ და მაროკომ დააკომპლექტეს.

31 მაისს პირველი შეხვედრა გაიმართა: მექსიკელთა და საბჭოთა კავშირის ნაკრების პაექრობა უგოლოდ დასრულდა. ცნობისათვის: 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატამდე ეს იყო ბოლო შემთხვევა, როცა ტურნირი ჩემპიონის ნაცვლად მასპინძელთა მატჩით გაიხსნა.

აცტეკაზე გამართულ შეხვედრას 107 150 გულშემატკივარი დაესწრო. მასპინძელთა წინააღმდეგ სამმა ქართველმა ითამაშა: მეკარე ანზორ კავაზაშვილმა და ნახევარმცველმა კახი ასათიანმა შეუცვლელად, ხოლო თავდამსხმელ გივი ნოდიას ნაცვლად 66-ე წუთზე ვიტალი ხმელნიცკი გამოჩნდა.

მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში ეს მეორე ოფიციალური ცვლილება იყო, პირველი კი 46-ე წუთზე დაფიქსირდა, როცა ვიქტორ სერებრიანიკოვის ნაცვლად ანატოლი პუზაჩი ჩაერთო თამაშში.

ტურნირის ისტორიაში პირველი ბარათიც ამავე თამაშის მსვლელობისას გამოიყენა მსაჯმა – გერმანელმა არბიტრმა კურტ ჩენშერმა კახი ასათიანი 30-ე წუთზე გააფრთხილა.

მეორე ტურში, აცტეკაზე, საბჭოთა კავშირის და ბელგიის ნაკრებთა მატჩში მსოფლიო ჩემპიონატების პირველი „ქართული“ გოლი გავიდა: კახი ასათიანმა დაარტყა ზუსტად (57-ე წუთი) და ის ამ მხრივაც შევიდა ჩვენი ფეხბურთის ისტორიაში.

მასპინძლებმა და საბჭოთა ნაკრებმა ხუთ-ხუთი ქულა დააგროვეს. მათ ბურთების სხვაობაც ერთნაირი ჰქონდათ – +5, ამიტომ პირველადგილოსნის გამოსავლენად წილი იყარა. ბედმა საბჭოელებს გაუღიმა.

II ჯგუფში მხოლოდ ექვსი გოლი გავიდა, პირველი ადგილი კი ევროპის ჩემპიონმა იტალიამ დაიკავა, რომელმაც სამ მატჩში ერთადერთი ბურთი გაიტანა – პირველ შეხვედრაში, შვედებთან, ანჯელო დომენგინიმ გამოიჩინა თავი.

მსოფლიო ჩემპიონატზე ჯგუფი ერთი ბურთით არც მანამდე მოუგია ვინმეს და არც მას შემდეგ. რაც შეეხება მეორე ადგილს, ის ურუგვაის ხვდა წილად, რომელმაც ასევე ერთადერთ თამაშში გაიტანა გოლები – 2 ივნისს, პუებლას კუატემოკზე 2:0 აჯობა დებიუტანტ ისრაელს. ცნობისათვის: მექსიკა 1970 ისრაელისთვის დღემდე ერთადერთი მსოფლიო პირველობაა.

III ჯგუფში მოხვედრილი ბრაზილია მთავარი მწვრთნელის, 1958 და 1962 წლების ჩემპიონის მარიო ჟორჟე ლობო ზაგალოს მოთხოვნით, მექსიკას ერთი თვით ადრე ესტუმრა. 38 წლის სპეციალისტი თვლიდა, რომ ამ პერიოდში ფეხბურთელები სრულად შეძლებდნენ აკლიმატიზაციას და ერთი შეხედვით უჩვეულო სიმაღლეზე (ზღვის დონიდან ორი ათასი და მეტი მეტრი) თამაში არ გაუჭირდებოდათ.

იმ ერთ თვეში ბრაზილიელებმა სამი ამხანაგური შეხვედრაც გამართეს: 6 მაისს რიველინოს, პელეს და კლოდოალდუს გოლებით გვადალახარაში ქალაქის ნაკრებს სძლიეს, 17 მაისს კი, ლეონში ასევე ქალაქის რჩეულ ფეხბურთელებს გაეჯიბრნენ და 5:2 გაიმარჯვეს. პელემ დუბლი შეასრულა, რიველინომ, ტოსტაომ და პაულო სეზარ ლიმამ კი თითო ბურთი მიითვალეს. უკანასკნელ საწვრთნელ შეხვედრაში ზაგალოს ბიჭებმა ქალაქ ირაპუატოს ნაკრებს 3:0 აჯობეს – ლიმა, რობერტო მირანდა, რიველინო.

3 ივნისიდან კი ბრაზილია იმ აღმართს შეუყვა, რომელმაც გუნდი მესამედ აიყვანა საფეხბურთო მწვერვალზე: სელესაო გვადალახარაში, ხალისკოზე, ჩეხოსლოვაკიას დაუპირისპირდა და შესანიშნავი ფეხბურთით გაიმარჯვა – 4:1!

პირველი გოლი ევროპელებმა გაიტანეს: მე-12 წუთზე ვლადისლავ პეტრაშმა დაარტყა ზუსტად. თუმცა ეს იყო და ეს, ჩამორჩენის შემდეგ ბრაზილია დიდებულად ათამაშდა და სასურველი შედეგიც დააფიქსირა. რიველინომ, პელემ და ჟაირზინიომ (ორჯერ) ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ჩეხოსლოვაკიელ გოლკიპერს, ივო ვიქტორს ოთხჯერ გამოატანინეს ბურთი კარიდან.

ფეხბურთის მეფედ აღიარებული ედსონ არანტეს დუ ნასიმენტუ ყოველთვის ოცნებობდა მოედნის ცენტრიდან გატანილ გოლზე, ამის შესახებ მას არაერთ ინტერვიუში უთქვამს. ჩეხოსლოვაკიასთან მატჩში ის ძალიან ახლოს იყო მიზანთან, მაგრამ არ გაუმართლა: თავის ნახევრიდან კი დაარტყა, მაგრამ ბურთი მცირედით ასცდა კარს.

ბრაზილიელთა მომდევნო მეტოქე მსოფლიოს ჩემპიონი ინგლისი იყო. სამხრეთელებმა 1:0 გაიმარჯვეს: 59-ე წუთზე ტოსტაომ ფლანგიდან დაიწყო შეტევა, პელემ გააგრძელა, ჟაირზინიომ კი დააგვირგვინა.

გვადალახარაში გამართული ეს მატჩი ქომაგებს ინგლისელთა მეკარის გორდონ ბენქსის ბრწყინვალე თამაშით დაამახსოვრდათ, განსაკუთრებით კი იმ ეპიზოდით, რომელსაც დღეს ძალიან ბევრ ვიდეორგოლში შეხვდებით: სტოკ სიტის კარის დარაჯმა პელეს თავური დარტყმა სასწაული ნახტომით მოიგერია და იმ მომენტს მას შემდეგ მეკარის ყველაზე ეფექტურ თამაშთა შორის ასახელებენ.

უკანასკნელ მატჩში ბრაზილიელებმა რუმინეთი დაამარცხეს – 3:2. პელემ დუბლი შეასრულა, პირველი გოლი კი, მე-19 წუთზე რომ გაიტანა, მეფის მეათე ბურთი აღმოჩნდა მსოფლიო ჩემპიონატებზე.

IV ჯგუფში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ნაკრებმა ყველა დაპირისპირება მოიგო, ბუნდესგუნდის მთავარმეგოლე გერდ მიულერმა კი შვიდჯერ გაიხარა: ნორდლინგელმა დათუნიამ მაროკოს ერთი გოლი აკმარა, ბულგარელებს და პერუელებს კი ჰეთ-თრიქი შეუსრულა.

რაც შეეხება მაროკოს ნაკრებს: ეს იყო ერთადერთი გუნდი, რომელიც მექსიკაში ნაცვლად ნებადართული ოცდაორისა, მხოლოდ ცხრამეტი ფეხბურთელით ჩავიდა…

ფლეი ოფი

მეოთხედფინალის წინ ჟურნალისტებმა ნიკეს ოქროს თასის მთავარ პრეტენდენტად ბრაზილია დაასახელეს. მარიო ზაგალოს გუნდმა დამაჯერებლად, და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, შთამბეჭდავად მოიგო ჯგუფი. მიმომხილველები აღნიშნავდნენ, რომ სელესაო ბრწყინვალე ინდივიდუალისტების მონოლითური, ერთ მუშტად შეკრული გუნდი იყო.

ნახევარფინალისკენ მიმავალ გზაზე ორგზის ჩემპიონებმა პერუ ჩამოიშორეს. ამ უკანასკნელთ ლეგენდარული ბრაზილიელი, 1958 და 1962 წლების უდიდესი საფეხბურთო ტურნირის გამარჯვებული ვალდირ პერეირა დიდი წვრთნიდა. თუმცა დიდი დიდის ძალისხმევა ამაო გამოდგა, მისი ბიჭები 2:4 დამარცხდნენ: ტოსტაომ დუბლი შეასრულა, თითო გოლი კი რიველინომ და ჟაირზინიომ შეაგდეს. საპასუხო გოლები ფელიქს ალბერტო გალიარდო მენდოსამ და 21 წლის ტეოფილო კუბილიასმა მიითვალეს. ლიმას ალიანსის ახალგაზრდა შემტევმა მექსიკაში ხუთი ბურთი გაიტანა და ესეც იყო ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ჟურნალისტებმა ტურნირის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დაასახელეს.

ბრაზილია-პერუს მეოთხედფინალი ყველაზე სანახაობრივი გამოდგა: გამარჯვებულებმა 27-ჯერ, ხოლო დამარცხებულებმა 22-ჯერ დაარტყეს კარში. ამ სტატისტიკის და არაერთი ეფექტური მომენტის გამო ბრაზილია-პერუს ეს დაპირისპირება დღეს ყველა დროის ულამაზეს მატჩთა შორის სახელდება.

სელესაოს მეტოქე ურუგვაი-საბჭოთა კავშირის დაპირისპირებამ გამოავლინა. დამატებითი დროის დასრულებამდე სამი წუთით ადრე ვიქტორ ესპარახომ თავურით დალაშქრა კავაზაშვილის კარი და ორგზის ჩემპიონებიც რჩეულ ოთხ გუნდში მოხვდნენ.

მექსიკაში წასული ექვსი ქართველიდან ურუგვაელთა წინააღმდეგ ოთხმა ითამაშა: კავაზაშვილმა, რევაზ ძოძუაშვილმა, მურთაზ ხურცილავამ და ასათიანმა. მხოლოდ სლავა მეტრეველი და ნოდია არ გასულან აცტეკას მწვანე მინდორზე.

ჯგუფურ ტურნირში ერთადერთი გოლის გამტანმა იტალიამ მექსიკას ტოლუკაში 4:1 აჯობა. მასპინძლებმა მე-13 წუთზე გახსნეს ანგარიში – ხოსე ლუის გონსალესმა დაარტყა ზუსტად, თუმცა მალე ხავიერ გუსმანმა საკუთარ კარში შეაგდო, შემდეგ კი ლუიჯი რივამ (ორჯერ) და ჯანი რივერამაც იყოჩაღეს. როცა გაირკვა, რომ მექსიკას მეოთხედფინალი აცტეკაზე კი არა, ტოლუკაში უნდა გაემართა, მასპინძლებმა ფიფას სარბიელის შეცვლა სთხოვეს, მაგრამ უარი მიიღეს.

14 ივნისს, ლეონში, წინა ჩემპიონატის ფინალისტები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. გულდასაწყვეტია, რომ გფრ-ის და ინგლისის იმ თვალსასეირო მატჩს მხოლოდ 23 357 გულშემატკივარი დაესწრო.

ეს ოფიციალურ შეხვედრაში ინგლისის პირველი მარცხი გამოდგა გერმანიასთან და ამბობენ, რომ თითქოს მან განაპირობა ოთხი დღის შემდეგ დიდ ბრიტანეთში გამართული არჩევნების მოულოდნელი დასასრული, მმართველი ლეიბორისტული პარტიის და ჰოვარდ უილსონის მარცხს ვგულისხმობ ედუარდ ჰითის ხელმძღვანელობით მოქმედ კონსერვატორებთან.

70-ე წუთზე, როცა ინგლისი იგებდა (2:1), ალფ რემსიმ ბობი ჩარლტონი შეცვალა. მოგვიანებით მანჩესტერ იუნაიტედის ლეგენდარული კაპიტანი იტყვის: „გასახდელში ჩავედი, შხაპი მივიღე და რომ დავბრუნდი, თვალებს არ დავუჯერე – გერმანელებმა ანგარიში გაათანაბრეს. დამატებით დროში კი მიულერმა გაგვიტანა და ჩვენც შინ დავბრუნდით, არადა თავისუფლად შეგვეძლო მოგება, ბოლოს და ბოლოს ორი გოლით ვიგებდით… ის მარცხი იმდენად მძიმე გამოდგა, რომ ნაკრებში თამაშის სურვილი გამიქრა“. მარცხით გულგატეხილ ჩარლტონს მას შემდეგ ინგლისის მთავარ გუნდში აღარ უთამაშია.

არაერთი ინგლისელი ჟურნალისტი იმ წაგებას მეორე მეკარის, პიტერ ბონეტის სუსტი თამაშით ხსნის. ძირითადი გოლკიპერი ბენქსი მეოთხედფინალის წინა დღეს მოიწამლა და ამიტომ ვერ ითამაშა…

ისტორიაში პირველად ნახევარფინალში მხოლოდ მსოფლიოს ჩემპიონები გავიდნენ. ხოლო იქიდან გამომდინარე, რომ ერთი წყვილი ევროპული, მეორე კი სამხრეთამერიკული იყო, ფინალში კონტინენტთა ჭიდილიც გადაწყდა. მანამდე გამართული რვა გადამწყვეტი მატჩის შემდეგ ევროპასა და სამხრეთ ამერიკას შორის ანგარიში თანაბარი იყო – 4:4.

17 ივნისს პირველი ფინალისტი გამოვლინდა – ბრაზილია. გვადალახარას ხალისკოზე სელესაომ მარაკანაზოსთვის შური იძია, 3:1 სძლია ურუგვაის. ზაგალოს გუნდმა ანგარიში პირველი ტაიმის მიწურულს გაათანაბრა (კლოდოალდუ), შესვენების შემდეგ კი მეტოქეს შანსი არ დაუტოვა: 75-ე წუთზე ჟაირზინიომ დააწინაურა გუნდი, 89-ე წუთზე კი რიველინომ მესამეც შეაგდო.

პელეს გოლი არ გაუტანია, მაგრამ ერთხელ ჩვეული სასწაულით აღაფრთოვანა გულშემატკივრები: მეკარე ლადისლაო მაზურკევიჩთან პირისპირ გასულმა ბურთი მარცხნივ გაატარა, არნახული ფინტით გაბრუებულ ურუგვაელს მარჯვნიდან შემოურბინა და ნახევარბრუნში დაარტყა. სამწუხაროდ, ეს შედევრი გოლით არ დასრულდა – ბურთი მცირედით ასცდა კარს. მიუხედავად ამისა, ჩემთვის მეფის ის ფინტი ერთ-ერთი ყველაზე თვალსასეიროა!

იმავე დღეს მეხიკოში, აცტეკაზე გამართული ნახევარფინალი ყველა დროის უდიდესი მატჩის სახელით შევიდა ფეხბურთის ისტორიაში: ევროპის ჩემპიონმა იტალიამ მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონ გფრ-ს ძალიან დაძაბულ ბრძოლაში, დამატებით დროში სძლია – 4:3. საუკუნის თამაშად აღიარებული ნახევარფინალის აღსანიშნავად სტადიონის ერთ-ერთ კედელს დღეს მემორიალური დაფა ამშვენებს.

ფერუჩიო ვალკარეჯის გაწვრთნილი სკუადრა აძურა მე-8 წუთზე დაწინაურდა, ზეპ მაიერის კარი რობერტო ბონინსენიამ დალაშქრა. ამის შემდეგ იტალიამ ნელ-ნელა უკან დაიხია და ანგარიშის შენარჩუნება სცადა. მიუხედავად იმისა, რომ იტალიელებს ცდა არ დაუკლიათ, მეტოქემ მაინც გაათანაბრა – მილანში მოთამაშე კარლ-ჰაინც შნელინგერმა მეორე დამატებულ წუთზე გაიტანა საპასუხო გოლი და თამაში დამატებით დროში გადაიყვანა. ეს მისი პირველი და უკანასკნელი ბურთი იყო ბუნდესგუნდში.

მთავარი მოვლენები ამის შემდეგ განვითარდა: 94-ე წუთზე გერდ მიულერმა გერმანია დააწინაურა – 1:2; 98-ე წუთზე ტარციზიო ბურგნიჩმა კიდევ ერთხელ გაათანაბრა – 2:2; 104-ე წუთზე იტალიის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირმა ლუიჯი რივამ დაარტყა ზუსტად – 3:2; 110-ე წუთზე კი ანგარიში მესამედ გათანაბრდა, მიულერის დუბლის და 3:3!

და მაშინ, როცა გერმანელები საბოლოო შტურმისთვის განეწყვნენ, ევროპის 1969 წლის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარებულმა ჯანი რივერამ მათ ცივი შხაპი გადაავლო – 4:3! 1938 წლის შემდეგ იტალია პირველად გავიდა ფინალში.

ბრინჯაოს მედლისთვის გერმანელებმა ვოლფგანგ ოვერატის გოლით დაამარცხეს ურუგვაი – 1:0.

ფინალი

მექსიკა 1970-ის მთავარი სტადიონი აცტეკა 21 ივნისს კიდევ ერთხელ გადაიჭედა: ნიკეს თასის ორ-ორგზის მფლობელის, ბრაზილიის და იტალიის პაექრობის სანახავად 107 412 გულშემატკივარმა მოიყარა თავი. გამარჯვებული ქალღმერთ ნიკეს ოქროს თასს სამუდამოდ დაიტოვებდა, რადგან ფიფას წესდებით სამჯერ გამარჯვებულს ასლს კი არა, სწორედ ორიგინალს გადასცემდნენ.

ურთულესი ნახევარფინალით გადაღლილმა სკუადრა აძურამ მხოლოდ პირველ ტაიმში გაუძლო მეტოქეს, ნაკრებს, რომელიც მოგვიანებით ყველა დროის საუკეთესოდ აღიარეს. საათის გასვლის შემდეგ კი ბრაზილიის უპირატესობა აშარა გახდა: იტალიელები ფეხზე ძლივს იდგნენ, ლამის ყოველი ორთაბრძოლის შემდეგ მინდორზე ეცემოდნენ, პელეს, ჟაირზინიოს, ჟერსონს და რიველინოს კი უხეშობის გარეშე უბრალოდ ვეღარ აჩერებდნენ. მხოლოდ სანდრო მაცოლა და ეპიზოდებში კაპიტანი ჯაჩინტო ფაკეტი იბრძოდნენ ბოლომდე.

იტალიისგან განსხვავებით ბრაზილია პირველ საათში თავდაჯერებული იყო, მაგრამ ის სილაღე, თავისუფლება და სიმსუბუქე, რის გამოც ქომაგები დღემდე აღმერთებენ ამ გუნდს, მათ თამაშში მეორედ დაწინაურების შემდეგ შემოვიდა.

ჟერსონის იმ ყუმბარისებური გასროლის შემდეგ ნათელი გახდა, რომ იტალია ანგარიშის გამთანაბრებელი ვეღარ იყო, ეს ბრაზილიელებმა მშვენივრად იგრძნეს და ბოლომდე გაშალეს აფრები.

თუ მანამდე ჟერსონი იწყებდა თითქმის ყველა შეტევას, 2:1-ის მერე ინიციატივის გამოჩენას არავინ უფრთხოდა, ყველა თამამად მიდიოდა წინ, მეტოქის მოტყუებასაც არავინ ერიდებოდა, თვით ევერალდოც.

მეფის მიერ მე-18 წუთზე გატანილ გოლს (თანამემამულე ვავას შემდეგ პელე გახდა მეორე, რომელმაც ორი ჩემპიონატის ფინალში გამოიჩინა თავი) 37-ე წუთზე რობერტო ბონინსენიამ უპასუხა – 1:1. იტალიელმა მეკარის და დაცვის შეუთანხმებელი თამაშით ისარგებლა.

66-ე წუთზე ენრიკო ალბერტოზის კარი პასების მეფედ აღიარებულმა ჟერსონმა დალაშქრა – 2:1. ჟერსონი მექიკა 1970-ის მეორე საუკეთესო მოთამაშე გახდა პელეს შემდეგ.

მალე ჟაირზინიომაც გაიტანა – 3:1! მან ყველა, ექვსივე თამაშში შეაგდო და ეს დღემდე რეკორდია!

სულ ბოლოს კი გუნდის კაპიტანი კარლოს ალბერტო ტორესი ჩაერთო შეტევაში და პელეს უზადო პასის შემდეგ უძლიერესი დარტყმით კინაღამ გაგლიჯა იტალიელთა კარის ბადე – 4:1!

იმ ბრაზილიის მთავარი ძალა, პელესთან ერთად, ჟერსონი, რიველინო და კარლოს ალბერტო მგონია. რა თქმა უნდა ჟაირზინიომაც დიდი როლი ითამაშა ტრიუმფში, ბოლოს და ბოლოს ექვსივე თამაშში გამოიჩინა თავი, მაგრამ 1970 წლის 21 ივნისს, აცტეკაზე, ის ზემოხსენებულ ოთხეულთან შედარებით ნაკლებად ეფექტური მეჩვენა.

პელეზე ახალი რა უნდა ვთქვა, რაც შეეხება ჟერსონს, ფინალში სანპაულუელი ბურთის მთავარი გამნაწილებელი გახლდათ, როგორც მაშინ ამბობდნენ ხოლმე – დირიჟორი. კორინთიანსელი რიველინო მცველების ჯალათად მოგვევლინა, კარლოს ალბერტო კი, რომ მიგეშვა, მთელ ფლანგს გააკონტროლებდა, თუმცა ამის აუცილებლობა არ იყო და ისიც იშვიათად ერთვებოდა შეტევებში.

ბრაზილიის ნაკრების აბსოლუტურად ყველა სტანდარტულ მდგომარეობას პელე-ჟერსონი-რიველინოს სამეული ასრულებდა, ბურთთან მხოლოდ ისინი იდგნენ. მათგან ყველაზე ზუსტი, ჩემი დაკვირვებით, რიველინო იყო, ერთხელ ხარიხასაც მოარტყა ბურთი. აი პელეს შესრულებული საჯარიმო დარტყმები კი აშკარად უკეთესის სურვილს ტოვებდა.

მაგრამ მეფე მეფეა და ჯერ ერთი რომ ფინალში ანგარიში გახსნა, მეორეც – ორი საგოლე გადაცემა მიითვალა! 71-ე წუთზე სწორედ მან დაუგდო თავით ჟაირზინიოს ბურთი და ამ უკანასკნელმაც შანსი ხელიდან არ გაუშვა, 86-ე წუთზე კაპიტანზე გაცემული პასი კი, პირადად ჩემთვის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესოა!

სანტოსელს არც გაუხედავს მარჯვენა ფლანგზე, ისე დაუგორა თანაგუნდელს ბურთი. თან, ზედმიწევნით ზუსტად და იდეალური სიჩქარით. სხვათა შორის, იმ მომენტში პელეს წინ მდგარი ტოსტაო ხელით ანიშნებს შეტევის გაგრძელების მიმართულებას და, შესაძლოა, ედსონ არანტეს დუ ნასიმენტუც უბრალოდ ენდო თანაგუნდელს. ტოსტაოს ნიშანი ფინალის გამეორებაზე შევნიშნე.

დღეს იშვიათად იხსენებენ, მაგრამ ფეხბურთის ჭეშმარიტმა მოყვარულებმა არ უნდა დავივიწყოთ, რომ ამ მსოფლიო ჩემპიონატის უკანასკნელ საგოლე შეტევაში მეკარე ფელიქსის, ევერალდოს და პიაცას გარდა ყველა ბრაზილიელმა მიიღო მონაწილეობა: ტოსტაომ თავის ნახევარზე, ფლანგზე ჩაშალა იტალიის იერიში და ბურთი ბრიტუს დაუგორა. მან კლოდოალდუ მოძებნა, რომელმაც პელეს, მეფემ კი ჟერსონს გაუთამაშა. ამ უკანასკნელისგან ბურთი ისევ კლოდოალდუს მისდის, რომელიც ჯერ ჯანი რივერას ატყუებს, რამდენიმე წამის ინტერვალით კი, მოხდენილი ცეკვით (ნახეთ ის ფინტი და დამერწმუნებით, რომ მას ცრუმოძრაობაზე უფრო სწორედ ცეკვა ეთქმის) თავბრუს ახვევს ანჯელო დომენგინის, ჯანკარლო დე სისტის და ანტონიო ჯულიანოს, რის შემდეგაც ბურთს აუტის ხაზთან მყოფ რიველინოს აწვდის. ის, თავის მხრივ, გრძელი პასით შეტევაში რთავს ჟაირზინიოს, რომელიც უახლოვდება თუ არა იტალიელთა საჯარიმოს, ბურთს პელეს უგორებს. მერე რაც მოხდა, ვიცით – 4:1!

პელე გახდა პირველი, რომელმაც სამჯერ მოიგო მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული! ამ მხრივ მეფე დღემდე ერთადერთია.

ბრაზილიელთა მთავარი მწვრთნელი, 38 წლის მარიო ჟორჟე ლობო ზაგალო კი ასევე პირველი შეიქნა, რომელმაც ოქროს მედალი ფეხბურთელის და მწვრთნელის რანგში მოიპოვა. ეს მიღწევა მას შემდეგ მხოლოდ ორმა გაიმეორა: გერმანელმა ფრანც ბეკენბაუერმა და ფრანგმა დიდიე დეშამმა. ამავდროულად, ალბერტო ორასიო სუპიჩის შემდეგ (ურუგვაი, 1930), ზაგალო ფიფას ოქროს თასის მომგები ყველაზე ახალგაზრდა სპეციალისტი შეიქნა.

ნიკეს ოქროს თასი კარლოს ალბერტო ტორესმა ჩაიბარა და ყველაზე პრესტიჟულმა საფეხბურთო ჯილდომაც ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაციის ოფისში, ტყვიაგაუმტარ შუშის საცავში დაიდო ბინა, საიდანაც 1983 წლის 19 დეკემბერს… უკვალოდ გაქრა! სამართალდამცავების ძალისხმევის მიუხედავად, სამგზის ჩემპიონთათვის სამუდამოდ გადაცემულ თასს ვერსად მიაგნეს. დიდი ალბათობით, ბოროტმოქმედებმა ის გადაადნეს.

1984 წელს ბრაზილიური ფეხბურთის მმართველმა ორგანიზაციამ თითქმის ორი კილო ბაჯაღლო ოქროსგან ქალღმერთ ნიკეს ოქროს თასის ზუსტი ასლი დაამზადა. იმ დროისთვის ფიფას ახალ ჯილდოს უკვე სამი ახალი მფლობელი ჰყავდა…

მექსიკა 1970 – ზოგადი ცნობები:

*-პირველი მსოფლიო ჩემპიონატი, რომლის თამაშები (რამდენიმე) და ფინალი ტელევიზიით ფერადად გადაიცა.
*
-პირველი მსოფლიო ჩემპიონატი, რომელზეც არბიტრებმა ყვითელი და წითელი ბარათები გამოიყენეს. პირველი გაფრთხილებული ფეხბურთელი საბჭოთა კავშირის ნაკრების ქართველი წევრი, თბილისის დინამოელი კახი ასათიანი გამოდგა.
*-პირველი მსოფლიო ჩემპიონატი, რომელზეც ოფიციალურად შეიცვალა ფეხბურთელი.
*-პირველი მსოფლიო ჩემპიონატი, რომლის ნახევარფინალში მხოლოდ მსოფლიოს ჩემპიონებმა ითამაშეს.
*-მსოფლიო ჩემპიონატების ფინალურ ეტაპზე პირველი „ქართული“ გოლი მექსიკაში გავიდა: 1970 წლის 6 ივნისს კახი ასათიანმა ბელგიის ნაკრების კარი დალაშქრა.
*-სსრკ ნაკრების განაცხადში ექვსი ქართველი მოხვდა, რაც იმ დროისთვის რეკორდი იყო: მოსკოვის ტორპედოს გოლკიპერი ანზორ კავაზაშვილი და თბილისის დინამოელები – მცველები რევაზ ძოძუაშვილი და მურთაზ ხურცილავა, ნახევარმცველი კახი ასათიანი და თავდამსხმელები სლავა მეტრეველი და გივი ნოდია.
*-უკანასკნელი მსოფლიო ჩემპიონატი, როცა ბომბარდირმა მინიმუმ 10 გოლი გაიტანა (გერდ მიულერი, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა, 10).
*-მონაწილეობდა 16 გუნდი (ევროპა – 9; სამხრეთი ამერიკა – 3; ცენტრალური და ჩრდილოეთი ამერიკა – 2; აზია – 1, აფრიკა – 1).
*-32 თამაშში 95 გოლი გავიდა, საშუალოდ მატჩში 2,97.
*-მთლიანი დასწრება – 1 604 065, საშუალოდ მატჩზე 50 127 გულშემატკივარი.

21 ივნისი, 1970. მსოფლიოს IX ჩემპიონატის ფინალი. მექსიკა, მეხიკო, აცტეკა. 107 412
ბრაზილია 4:1 იტალია
გოლები: 1:0 ედსონ არანტეს დუ ნასიმენტუ პელე (18), 1:1 რობერტო ბონინსენია (37), 2:1 ჟერსონ დე ოლივეირა ნუნიესი (66), 3:1 ჟაირ ვენტურა ფილიო ჟაირზინიო (71), 4:1 კარლოს ალბერტო ტორესი (86)
ბრაზილია: ფელიქს მელი ვენერანდუ, ერკულეს დე ბრიტუ რუასი, ვილსონ და სილვა პიაცა, კარლოს ალბერტო ტორესი (კაპ), კლოდოალდუ ტავარეშ სანტანა, ჟაირ ვენტურა ფილიო ჟაირზინიო, ჟერსონ დე ოლივეირა ნუნიესი, ედოარდო გონსალვეშ დე ანდრადე ტოსტაო, ედსონ არანტეს დუ ნასიმენტუ პელე, რობერტო რიველინო, ევერალდო მარკეშ და სილვა
მწვრთნელი: მარიო ლობო ზაგალო
იტალია: ენრიკო ალბერტოზი, ტარციზიო ბურგნიჩი, ჯაჩინტო ფაკეტი (კაპ), პიერლუიჯი სერა, რობერტო როსატო, მარიო ბერტინი (ანტონიო ჯულიანო 74), ლუიჯი რივა, ანჯელო დომენგინი, ალესანდრო მაცოლა, ჯანკარლო დე სისტი, რობერტო ბონინსენია (ჯანი რივერა 84)
მწვრთნელი: ფერუჩიო ვალკარეჯი
გაფრთხილება: ტარციზიო ბურგნიჩი, რობერტო რიველინო
მსაჯები: რუდოლფ გლიოკნერი (გდრ); რუდი შორერი (შვეიცარია), ნორბერტო ანხელ კოერესა (არგენტინა)

საუკეთესო ბომბარდირი:
გერდ მიულერი (გფრ)
– 10 გოლი
ჟაირ ვენტურა ფილიო ჟაირზინიო (ბრაზილია) – 7 გოლი
ტეოფილო კუბილიასი (პერუ) – 5 გოლი

საუკეთესო ფეხბურთელი (არაოფიციალური): ედსონ არანტეს დუ ნასიმენტუ პელე (ბრაზილია)
საუკეთესო ახალგაზრდა (არაოფიციალური): ტეოფილო კუბილიასი (პერუ)
საუკეთესო მეკარე
(არაოფიციალური): ლადისლაო იგლესიას მაზურკევიჩი (ურუგვაი)

ტურნირის სიმბოლური ნაკრები (არაოფიციალური)
მეკარე: ლადისლაო იგლესიას მაზურკევიჩი (ურუგვაი)
მცველები: კარლოს ალბერტო ტორესი (ბრაზილია), ატილიო ანჩეტა (ურუგვაი), ფრანც ბეკენბაუერი (გფრ), ჯაჩინტო ფაკეტი (იტალია)
ნახევარმცველები: ჟერსონ დე ოლივეირა ნუნიესი (ბრაზილია), რობერტო რიველინო  (ბრაზილია), ბობი ჩარლტონი (ინგლისი)
თავდამსხმელები: ჟაირ ვენტურა ფილიო ჟაირზინიო (ბრაზილია), გერდ მიულერი (გფრ), ედსონ არანტეს დუ ნასიმენტუ (ბრაზილია)

მსოფლიოს 1970 წლის ჩემპიონი ბრაზილიის ნაკრები
მეკარეები: 1.ფელიქს მელი ვენერანდო (რიო დე ჟანეიროს ფლუმინენსე), 12.ედუარდუ რობერტუ სტინგე ადო (სან პაულუს კორინთიანსი), 22.ემერსონ ლეაო (სან პაულუს პალმეირასი)
მცველები: 2.ერკულეს დე ბრიტუ რუასი (რიო დე ჟანეიროს ფლამენგო), 4.კარლოს ალბერტო ტორესი (სანტოსი), 6.მარკო ანტონიო ფელისიანო (რიო დე ჟანეიროს ფლუმინენსე), 14.ჟოზე გილერმე ბალდოჩი (სან პაულუს პალმეირასი), 15.ჟოზე ანჩიეტა ფონტანა (ბელო ორიზონტეს კრუზეირუ), 16.ევერალდო მარკეშ და სილვა (პორტუ ალეგრეს გრემიო), 17.ჟოელ კამანგო (სანტოსი), 21.ჟოზე ზე მარია როდრიგეს ალვეში (სან პაულუს პორტუგეზა)
ნახევარმცველები: 3.ვილსონ და სილვა პიაცა (ბელო ორიზონტეს კრუზეირუ), 5.კლოდოალდუ ტავარეშ სანტანა (სანტოსი), 7.ჟაირ ვენტურა ფილიო ჟაირზინიო (რიო დე ჟანეიროს ბოტაფოგო), 8.ჟერსონ დე ოლივეირა ნუნიესი (სან პაულუ), 11.რობერტო რიველინო (სან პაულუს კორინთიანსი), 18.პაულო სეზარ ლიმა (რიო დე ჟანეიროს ბოტაფოგო)
თავდამსხმელები: 9.ედოარდო გონსალვეშ დე ანდრადე ტოსტაო (ბელო ორიზონტეს კრუზეირუ), 10.ედსონ არანტეს დუ ნასიმენტუ (სანტოსი), 13.რობერტო მირანდა (რიო დე ჟანეიროს ბოტაფოგო), 19.ჟონას ედუარდო ამერიკო ედუ (სანტოსი), 20.დარიო ჟოზე დუშ სანტუში (ატლეტიკო მინეირუ)
მწვრთნელი: მარიო ჟორჟე ლობო ზაგალო

 

ლაშა გოდუაძე (2022 წლის 19 აგვისტო)
ფოტო:
FIFA.com; FourFourTwo; ინტერნეტი

ka_GEGeorgian