მსოფლიო ჩემპიონატების ისტორია: მექსიკა 1986

მსოფლიოს 1986 წლის ჩემპიონატის მასპინძლად ფიფამ კოლუმბია 1974 წლის 9 ივნისს დაასახელა. საორგანიზაციო კომიტეტი ალფონსო სენიორ კუევედოს ხელმძღვანელობით მალევე შეუდგა მოსამზადებელ სამუშაოებს, მაგრამ პროცესი გაიწელა, რის გამოც ფიფამ არაერთხელ გამოხატა შეშფოთება.
1979 წლიდან სპეციალური ჯგუფი ყოველ წელს სტუმრობდა კოლუმბიას, მაგრამ საერთო სურათზე ზეგავლენას ვერ ახდენდა – აშკარა იყო, რომ ქვეყანა პროექტს ვერ უმკლავდებოდა.

მას შემდეგ, რაც ფიფამ ფინალური ეტაპის მონაწილეთა რაოდენობა 16-დან 24-მდე გაზარდა, მასპინძლები ახალ გამოწვევას შეეჯახნენ: მსოფლიო ფეხბურთის მმართველმა სახლმა კოლუმბიელებისგან მინიმუმ 40 ათას მაყურებელზე გათვლილი თორმეტი სარბიელი მოითხოვა, ხოლო ოთხ სტადიონს 60-ათასიანი ტრიბუნებით ფლეი ოფისთვის, 80 ათასზე გათვლილ ორ არენას კი უკანასკნელი ორი მატჩისთვის უნდა ემასპინძლა.

ამას გარდა, ფიფას აღმასრულებელი კომიტეტის წევრებისთვის გამოყოფილი უნდა ყოფილიყო ლიმუზინები, აუცილებელი იყო მასპინძელ ქალაქებს შორის პირდაპირი სარკინიგზო მიმოსვლა, მოწესრიგებული საზოგადოებრივი ტრანსპორტი და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია: ჩემპიონატის მონაწილე აბსოლუტურად ყველა დელეგაციის წევრს, ისევე როგორც ფიფას თანამშრომლებს, სასტუმროებში 1986 წლის 1 იანვარს არსებული ფასებით უნდა ესარგებლათ. ერთ-ერთი მოთხოვნა იყო ისიც, რომ უცხოელ სტუმრებს მარტივად და გონივრული კურსით უნდა გადაეცვალათ ფული კოლუმბიურ ვალუტაზე.

1982 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის დასრულებისთანავე სანტიაგო ბერნაბეუს სახელობის სტადიონის ტრიბუნაზე დიდი პლაკატი გაიშალა წარწერით – შევხვდებით მსოფლიო თასზე კოლუმბიაში, 1986 წელს.

მაგრამ ასე არ მოხდა: იმავე წლის 25 ოქტომბერს კოლუმბიის პრეზიდენტმა ბელისარიო ბეტანკურმა ოფიციალურად იუარა საფეხბურთო მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ეწერა:

„შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ჩვენთვის ნათელია რომ ოქროს წესი დაირღვა – მოცემულ სიტუაციაში მსოფლიო თასი კოლუმბიის დამხმარე კი არა, ჩვენი ქვეყნის ტვირთია. ხელისუფლებას მხოლოდ სიკეთე უნდა სურდეს კოლუმბიისთვის და ამიტომ, უარს ვაცხადებთ მასპინძლობაზე“.

„კოლუმბია პატარა ქვეყანაა, რომელსაც ძალიან აშინებს დიდი გამოწვევები. ყველამ კარგად დაინახა, რომ მე და ჩემს თანამოაზრეებს სიტუაციის შეცვლა გვსურდა. გული მწყდება, რომ ჩვენი მცდელობა ამაო გამოდგა. სხვა რა გზა მაქვს? თანამდებობას ვტოვებ“, – განაცხადა ალფონსო სენიორ კუევედომ და ფეხბურთის ფედერაციიდან წავიდა.

ფიფამ კოლუმბიის უარი ოფიციალურად 1982 წლის 5 ნოემბერს მიიღო, მცირე ხანში კი მასპინძლობაზე ახალი კონკურსი გამოაცხადა. ასეთი რამ პირველად მოხდა.

კანადა, ბრაზილია, ამერიკის შეერთებული შტატები და მექსიკა – ამ ოთხმა ქვეყანამ ისურვა ოქროს თასის გათამაშების მიღება.

ბრაზილია მალე განზე გადგა, 1983 წლის 11 მარტს კი სპეციალურმა ხუთკაციანმა საბჭომ ჩრდილოამერიკელებს უარი სტკიცა, მიზეზად ფიფას მოთხოვნებთან შეუსაბამობა დასახელდა. კანადელები და ამერიკელები გადაწყვეტილებას დაუფარავი უკმაყოფილებით შეხვდნენ. კანადის დელეგაციამ მექსიკის ათგვერდიან პროექტს ხუმრობა უწოდა, ამერიკელთა მეთაურმა, გავლენიანმა პოლიტიკოსმა და აშშ-ის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა ჰენრი კისინჯერმა კი ირონიულად განაცხადა: „ფიფას საფეხბურთო პოლიტიკოსებმა ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების ლიდერები მომანატრეს“.

მაშინ არაერთხელ დაიწერა, რომ ოცდაორკაციან ფიფას აღმასრულებელ კომიტეტში ორი მექსიკელი იყო, რომლებმაც მთავარი როლი ითამაშეს კულისებსმიღმა ამბებში. ითქვა ისიც, რომ მექსიკის მასპინძლობაში პირადად ჟოაო აველანჟი იყო დაინტერესებული, რადგან მას მექსიკელ მაღალჩინოსნებთან ახლო ურთიერთობა აკავშირებდა.

ასე იყო თუ ისე, 1983 წლის 20 მაისს, როცა ფიფას აღმასრულებელი კომიტეტის წევრები შვედეთის დედაქალაქში, სტოკჰოლმში შეიკრიბნენ, მექსიკა ოფიციალურად დამტკიცდა მასპინძლად. ამით მექსიკა გახდა პირველი, რომელსაც ოქროს თასის გათამაშება მეორედ ერგო. ამავდროულად, ჩემპიონატი ზედიზედ მესამე დაიგეგმა ქვეყანაში, რომლის სახელმწიფო ენა ესპანური იყო – არგენტინის (1978) და ესპანეთის (1982) შემდეგ…

1985 წლის 15 სექტემბერს, ოფიციალურ გახსნამდე რვა თვით ადრე, მექსიკის დედაქალაქი 8,1 ბალიანმა მიწისძვრამ შეაზანზარა. სტიქიურ უბედურებას უამრავი მოქალაქე შეეწირა, მატერიალური ზარალი კი მილიონობით დოლარით განისაზღვრა.

მექსიკაში ტურნირის გამართვა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა, მაგრამ გაირკვა, რომ საფეხბურთო ინფრასტრუქტურა უმნიშვნელოდ დაზიანდა და საორგანიზაციო კომიტეტმაც პროექტს მწვანე შუქი აუნთო.

ფინალური ეტაპის საგზური თითქმის ყველა უძლიერესმა საფეხბურთო ქვეყანამ მოიპოვა, სამმა – კანადამ, ერაყმა და დანიამ კი პირველად. სათქმელია, რომ ირანთან ომის გამო ერაყის ნაკრებმა ყველა საშინაო საკვალიფიკაციო შეხვედრა ნეიტრალურ მოედანზე გამართა. ფინალისტთა შორის ისევ ვერ მოხვდა ნიდერლანდები – ორგზის ვერცხლის მედალოსანი შესარჩევში მეზობელ ბელგიასთან დამარცხდა.

საბჭოთა კავშირის ნაკრებმა მექსიკა 1986-ის საკვალიფიკაციო ტურნირი ედუარდ მალოფეევის ხელმძღვანელობით ჩაატარა, თუმცა ჩემპიონატის მოახლოებასთან ერთად თამაში გაუარესდა და საბოლოოდ მთავარ მწვრთნელს კარისკენ მიუთითეს. გუნდი კი კიევის დინამოს გამოცდილმა თავკაცმა ვალერი ლობანოვსკიმ ჩაიბარა, რომლის ხელმძღვანელობით უკრაინელებმა იმ გაზაფხულზე, 2 მაისს პარიზში, მეორედ მოიგეს თასების მფლობელთა თასი – უბერებელი ოლეგ ბლოხინის ლიდერობით დინამომ ფინალში 3:0 გაანადგურა მადრიდის ატლეტიკო.

ყველა ელოდა, რომ ლობანოვსკი კიევურ კლუბს ნაკრების საბაზო გუნდად აქცევდა. ასეც მოხდა: მწვრთნელმა მექსიკაში თორმეტი(!) დინამოელი იახლა. თბილისელთაგან ქვეყნის პირველ გუნდში მხოლოდ ალექსანდრე ჩივაძე მოხვდა, რომელიც ძირითადის წევრი იყო, თუმცა მექსიკაში ჩასული ერთ-ერთ ვარჯიშზე დაშავდა და საბოლოოდ წუთიც ვერ ითამაშა.

ჩივაძის ერთ-ერთი ინტერვიუდან: მექსიკა 1986-ის საკვალიფიკაციო ტურნირის წინ ნაკრების მთავარ მწვრთნელად ედუარდ მალოფეევი დაინიშნა. მალე მან მე და რამდენიმე მოთამაშე უმიზეზოდ აგვითვალწუნა. საერთოდ, მალოფეევს ყოველთვის უჭირდა ავტორიტეტებთან, ლიდერებთან ურთიერთობა, ყოველ შემთხვევაში, ჩემთან და ბლოხინთან ხშირად ჰქონდა პრობლემები. შესაძლოა მას არ ესიამოვნა რამდენჯერმე გუნდის სახელით რომ ვთხოვე, სამის ნაცვლად დღეში ორჯერ ვივარჯიშოთ-მეთქი…

მწვრთნელმა მე და ბლოხინი ნაკრებს მიღმა დაგვტოვა, მაგრამ არ გასულა დიდი ხანი და თვითონ გვეხვეწებოდა, დაბრუნდითო. ასე იყო თუ ისე, მალოფეევის ნაცვლად გუნდი ლობანოვსკის ჩააბარეს და მანაც ნაკრებში მიხმო“.

1986 წელი გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ მშვიდობის საერთაშორისო წლად გამოაცხადა. იმხანად ფიფა მჭიდროდ თანამშრომლობდა გაეროსთან და სწორედ ამიტომ, ჩემპიონატის მსვლელობისას, ყველა მინდვრის გარშემო სარეკლამო დაფებთან ერთად ფიფას და გაეროს ლოგოთი დამშვენებული ბანერებიც იდგა წარწერით „ფეხბურთი მშვიდობისათვის – მშვიდობის წელიწადი“.

ორი გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაციის თანამშრომლობა ჩემპიონატის ოფიციალურ ლოგოზე და დევიზზეც აისახა: ორ ნახევარსფეროს შორის ჩახატულ ბურთს mexico 86-ის გარდა ეს წარწერაც ამშვენებდა – El Mundo Unido por Un Balon, ბურთით გაერთიანებული მსოფლიო.

რაც შეეხება თილისმას, ის მექსიკის ნაკრების ფორმაში გამოწყობილი ულვაშა კაცუნა-წიწაკა პიკე გახდა, რომელსაც ეროვნული გუნდის მაისური და სომბრერო ემოსა.

ფინალური ეტაპი

ბოლო მსოფლიო პირველობებზე აღმოჩენილი არაერთი ხარვეზის გამო, ფიფამ კიდევ ერთხელ შეცვალა ტურნირის ფორმატი: ექვსი ოთხგუნდა ჯგუფიდან მომდევნო ეტაპზე, პირველ-მეორეადგილოსნების გარდა, ოთხი საუკეთესო მესამეადგილოსანიც გადიოდა. ამასთანავე, მეორე ჯგუფური ეტაპი გაუქმდა, ამის სანაცვლოდ გუნდები ოლიმპიური სისტემით აგრძელებდნენ თასისთვის ბრძოლას – ფლეი ოფში.

ფეხბურთის კომერციალიზაციას ფიფამ შეგნებულად აუწყო ფეხი და მაქსიმალური ტელეაუდიტორიის მოსაზიდად თამაშები ევროპელთათვის ხელსაყრელ დროს, თუმცა მასპინძელთათვის საკმაოდ ადრე დანიშნა.

ისევე როგორც ოთხი წლით ადრე, ჩემპიონატის მთავარ ფავორიტად მშვენიერი ბრაზილია დასახელდა, ბებერი კონტინენტიდან კი თასის ნომერ პირველი პრეტენდენტი ევროპის 1984 წლის ჩემპიონი, შეუდარებელი მიშელ პლატინის ძალიან ძლიერი საფრანგეთის ნაკრები იყო.

ტელე სანტანას გაწვრთნილი სელესაო გაზაფხულზე უნგრეთის დედაქალაქში 0:3 განადგურდა და ამის შემდეგ ბრაზილიელთა შანსები, ფრანგებთან შედარებით, შემცირდა, უნგრეთისა კი პირიქით, გაორმაგდა. ბრაზილია-საფრანგეთის გარდა სპეციალისტები ევროპის ვიცე-ჩემპიონ ესპანეთს, იტალიას, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ნაკრებს, ევრო 1984-ის აღმოჩენა დანიას, საბჭოთა კავშირს და არგენტინას გამოარჩევდნენ.

მსოფლიოს ჩემპიონი იტალია ბულგარეთის, სამხრეთი კორეის და არგენტინის ნაკრებ გუნდებთან ერთად A ჯგუფში მოხვდა. სკუადრა აძურამ, რომელსაც კვლავ ენცო ბეარზოტი ხელმძღვანელობდა, მხოლოდ აზიელებს სძლია, თუმცა მერვედფინალის საგზური ოთხი ქულით მაინც მოიპოვა.

ჯგუფი არგენტინამ მოიგო ხუთი ქულით. იტალია-არგენტინის დაპირისპირება ფრედ 1:1 დასრულდა, ალესანდრო ალტობელიმ და დიეგო არმანდო მარადონამ გაცვალეს გოლები.

ეს უკანასკნელი იმ დროს უკვე სერია ა-ს ვარსკვლავი გახლდათ – ნაპოლიში ბრწყინავდა. და ბარემ აქვე დავწერ, რომ ეს იყო იტალიის და არგენტინის ნაკრებთა პაექრობა ზედიზედ მეოთხე მსოფლიო ჩემპიონატზე – 1974 წელს ისინი 1:1-ით დაშორდნენ ერთმანეთს, 1978 და 1982 წლებში კი აპენინელებმა გაიხარეს.

„მექსიკაში რომ მივემგზავრებოდით, აეროპორტში არავინ გამოგვყვა. ყველა თვლიდა, რომ უშანსოდ ვიყავით და ყურადღებას არ გვაქცევდნენ. სიმართლე გითხრათ, ასეთი დამოკიდებულება ძალიან მაღიზიანებდა, თუმცა ჩემს სიმართლეში დარწმუნებული ვიყავი და ზუსტად ვიცოდი რომ ის ხალხი, ვინც გაუთავებლად გვაკრიტიკებდა, ჩემპიონატის შემდეგ ჩვენთან ფოტოს გადასაღებად ერთმანეთს თავ-პირს დაალეწავდა. მექსიკაში წასვლის წინ, ერთ-ერთ სატელევიზიო გადაცემაში ვთქვი, მირჩევნია ოცდაათმა კაცმა გამიგოს, ვიდრე ოცდაათმა მილიონმა-მეთქი. მაშინ არგენტინის მოსახლოება დაახლოებით ამდენივე იყო, ოცდაათ კაცში კი ნაკრებს ვგულისხმობდი, კაპიტნით დაწყებული მასაჟისტით დასრულებული“, – მომავალ ჩემპიონთა მთავარი მწვრთნელის კარლოს სალვადორ ბილარდოს მოგონებებიდან.

„შესარჩევი ძალიან ცუდად ჩავატარეთ და მექსიკაში ისე ჩავედით, ჩვენგან წარმატებას არავინ ელოდა. ამასთან, გუნდში დაძაბულობაც იყო, მაგრამ ტურნირი რომ გახურდა, ბიჭები ეშხში შევიდნენ და გუნდიც თამაშიდან თამაშამდე გაძლიერდა. ასეთი ფერისცვალება ცხოვრებაში აღარ მინახავს! კორეასთან პირველი თამაშის წინ გამარჯვებაში თავადაც არ ვიყავით დარწმუნებულნი, ფინალამდე რამდენიმე წუთით ადრე კი ეჭვი არ გვეპარებოდა, რომ გერმანელებს დავამარცხებდით“, – არგენტინელთა ერთ-ერთმა საუკეთესო თავდამსხმელმა ხორხე ვალდანომ მექსიკა 1986 წლების შემდეგ გაიხსენა ფიფას ოფიციალურ ვებ-გვერდთან საუბრისას. თეთრ-ცისფრები მექსიკაში ცხრა ქულით მოგებული საკვალიფიკაციო ჯგუფით მოხვდნენ – მეორე ადგილზე გასულ პერუს მხოლოდ ქულით აჯობეს…

B ჯგუფში მასპინძლებმა გაიმარჯვეს: მექსიკამ ბელგია და ერაყი დაამარცხა, პარაგვაის კი ქულა გაუყო. საინტერესოა, რომ ის სიმპათიური ბელგია მერვედფინალში მხოლოდ მესამე ადგილით გავიდა, არადა ჩემპიონატი მეოთხე ადგილზე დაასრულა…

ევროპის უძლიერესი გუნდი საფრანგეთი C ჯგუფში მოხვდა საბჭოთა კავშირთან ერთად. ისინი მეორე ტურში დაუპირისპირდნენ ერთმანეთს – 1:1, ვასილი რაცის გოლი ლუის ფერნანდესმა გაქვითა (1998 წელს ფრანგი თბილისსაც ეწვია, ოღონდ ბილბაოს ატლეტიკის მთავარი მწვრთნელის რანგში).

ფრანგებთან თამაშამდე ლობანოვსკის გუნდმა უნგრეთი 6:0 გაანადგურა. მიმომხილველები წერდნენ, რომ საბჭოთა ნაკრებმა „XXI საუკუნის ფეხბურთი აჩვენა“!

სსრკ-უნგრეთის პაექრობამდე ერთი დღით ადრე, 1 ივნისს, ქალაქ ლეონში, ფრანგებმა 1:0 დაამარცხეს კანადელები. გამარჯვების გოლი ჟან-პიერ პაპენმა შეაგდო 79-ე წუთზე (1991 წელს ის ფრანს ფუტბოლის რეფერენდუმის გამარჯვებული და ევროპის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა). სტატისტიკოსებმა მალევე დაადასტურეს, რომ ეს საიუბილეო, 1200-ე გოლი იყო ფინალურ ეტაპზე.

D ჯგუფში მოხვედრილმა ბრაზილიამ სამივე თამაში მოიგო: ევროპის ჩემპიონატის მეორეადგილოსანი ესპანეთი სოკრატესის ზუსტი დარტყმით დაამარცხა (ესპანელ მიჩელს მსაჯმა წესების სრული დაცვით გატანილი ბურთი არ ჩაუთვალა), ალჟირს ანტონიო კარეკას ერთადერთი გოლით სძლია, ჩრდილოირლანდია კი კარეკას (დუბლი) და ჟოსიმარის ბურთებით გაანადგურა.

12 ივნისს, ბრაზილიასთან მატჩის დღეს, ჩრდილოირლანდიელთა სახელგანთქმული მეკარე პატ ჯენინგსი 41 წლის გახდა. ბრიტანელმა, რომელმაც ქვეყნის მთავარ გუნდში პირველად ჯერ კიდევ 1964 წელს ითამაშა, ბრაზილიელების წინააღმდეგ 119-ედ და უკანასკნელად მოირგო ნაკრების მაისური.

E ჯგუფი მოულოდნელად დასრულდა: პირველი ადგილი დებიუტანტმა დანიამ დაიკავა. გამოცდილი ზეპ პიონტეკის გუნდმა შოტლანდიას 1:0, მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონ გფრ-ს 2:0, ურუგვაის კი 6:1 სძლია! დანიელთა ლიდერმა პრებენ ელკიაერ-ლარსენმა, რომელიც მექსიკა 1986-ის მესამე საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს, ოთხი ბურთი შეაგდო – სქოთებთან ზუსტ დარტყმას სამხრეთამერიკელებთან ჰეთ-თრიქი დაურთო. და ბარემ აქვე დავწერ, რომ რვა გოლით სწორედ ელკიაერ ლარსენი იყო ამ მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ყველაზე შედეგიანი ფეხბურთელი.

ლეგენდარული ფრანც ბეკენბაუერის გაწვრთნილმა ბუნდესნაკრებმა ფლეი ოფის საგზური სამი ქულით და ბურთების უარყოფითი სხვაობით – 3:4 – მიიღო. გერმანელებმა მხოლოდ შოტლანდია დაამარცხეს (ამ თამაშსაც აგებდნენ), ურუგვაისთან კი ფრედ 1:1 ითამაშეს.

უკანასკნელ ტურში, 13 ივნისს, ქალაქ ნეცაუალკოიოტლში, შოტლანდია-ურუგვაის მატჩში ჩემპიონატის მორიგი რეკორდი დამყარდა – მსაჯმა ფეხბურთელს წითელი ბარათი… პირველივე წუთზე უჩვენა! ფრანგმა არბიტრმა ჟოელ კინიუმ ურუგვაელი ხოსე ბატისტა გორდონ სტრაჩანთან უხეშობის გამო გააგდო.

ბოლო, F ჯგუფშიც არანაკლებ დიდი მოულოდნელობა ვიხილეთ: ევრო 1984-ის ნახევარფინალისტი პორტუგალია, მიუხედავად იმისა, რომ ჩემპიონატი ინგლისთან გამარჯვებით დაიწყო, ბოლო ადგილზე გავიდა, ხოლო ჯგუფი მაროკომ მოიგო!

აფრიკელებმა საწყის ორ ტურში ამდენივე ქულა მოიპოვეს: 0:0 პოლონეთთან და ინგლისთან, უკანასკნელ შეხვედრაში კი მოულოდნელად სძლიეს პორტუგალიელებს – 3:1.

სალტილიოს უბედურება – დღეს ასე მოიხსენიებენ პორტუგალიის ნაკრების თავს დატეხილ მაშინდელ ამბებს. ის უსიამოვნო ისტორია ლამის ყველა ცუდ შემთხვევას აერთიანებს, რაც კი შეიძლება წარმოიდგინოს გულშემატკივარმა: უიღბლობას, უთავბოლობას, დაპირისპირებას, ღალატს, ქარაფშუტობას, ქედმაღლობას, უნამუსობას…

რაც შეეხება მაროკოს, ის გახდა მხოლოდ და მხოლოდ მეორე არაევროპული და არამერიკული გუნდი, რომელმაც ჯგუფური ეტაპი დაძლია. პირველი კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის ნაკრები იყო – აზიელებმა 1966 წელს, ინგლისში ივაჟკაცეს.

ბობი რობსონის გაწვრთნილმა ინგლისელებმა კი მერვედფინალში თამაში უკანასკნელ ტურში გაინაღდეს პოლონეთთან 3:0 მოგებით. ყველა გოლი შესანიშნავმა თავდამსხმელმა გარი ლინეკერმა შეაგდო – მე-9, მე-14 და 34-ე წუთებზე.

15 ივნისს პირველი მეოთხედფინალისტები გამოვლინდნენ. მეხიკოში, აცტეკაზე, 114 ათასი გულშემატკივრის მხურვალე მხარდაჭერით, მასპინძლებმა 2:0 სძლიეს ბულგარელებს. ულამაზესი გოლი გაიტანა მანუელ ნეგრეტემ – ნახტომში, ნახევარბრუნით, ეგრეთ წოდებული მაკრატელათი გახსნა ანგარიში. ის დარტყმა დღეს მექსიკა 1986-ის შესახებ მომზადებულ ლამის ყველა ვიდეორგოლში გვხვდება.

ლეონში კი წითელმა ეშმაკებმა-ბელგიელებმა, საბჭოთა კავშირი დაძაბულ ბრძოლაში, დამატებით დროში დაამარცხეს – 4:3! სსრკ ნაკრების ყველა გოლი იგორ ბელანოვმა შეაგდო. წლის ბოლოს ის ევროპის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.

ეს თამაში მორიგი რეკორდით აღინიშნა: სსრკ ნაკრების ძირითად შემადგენლობაში კიევის დინამოს ცხრა(!) წევრმა ითამაშა: გუნდის კაპიტანმა ანატოლი დემიანენკომ, ვლადიმერ ბესონოვმა, ივან იარემჩუკმა, პაველ იაკოვენკომ, ალექსანდრ ზავაროვმა, ოლეგ კუზნეცოვმა, ანდრეი ბალმა, იგორ ბელანოვმა და ვასილი რაცმა. ამით იტალიელთა მიერ 1978 წელს, არგენტინაში ფრანგებთან მატჩში დამყარებული რეკორდი გაუმჯობესდა – სკუადრა აძურის მაისური იმ შეხვედრაში რვა იუვენტუსელმა მოირგო.

„მეორედ გავემგზავრე მსოფლიო ჩემპიონატზე, მაგრამ მექსიკაში ჩასული სრულიად უწყინარ სიტუაციაში დავშავდი და ჯგუფის ყველა შეხვედრა გამიცდა.

მერვედფინალში, ბელგიასთან მატჩის წინ, ვალერი ლობანოვსკიმ მიხმო და მითხრა, ვაპირებდი შენ დაყენებას, მაგრამ მოდი ნუ გავრისკავთ, ტრავმას ნუ გავირთულებთ. ბელგიას უშენოდ მოვუგებთ და მერე შენი იმედი მექნებაო… გახსოვთ როგორ დასრულდა ის შეხვედრა? 3:4 წავაგეთ და ჩვენც მოსკოვში დავბრუნდით“, – ალექსანდრე ჩივაძის მოგონებებიდან.

ლეგენდარულმა ქართველმა ფეხბურთელმა თავის მეორე მსოფლიო ჩემპიონატზე წუთიც ვერ ითამაშა…

16 ივნისს, გვადალახარაში, ბრაზილიელებმა ბრწყინვალე სტილში აჯობეს პოლონელებს. პირველ ტაიმში სოკრატესმა ჩვეულად შეაგდო პენალტი, შესვენების შემდეგ კი ჟოსიმარმა, ედინიომ და კარეკამ გაიხარეს.

სელესაოსთან შეხვედრის 83-ე წუთზე პოლონელთა შორის ვეტერანი ვლადისლავ ჟმუდა გამოჩნდა. ეს მისი 21-ე მატჩი იყო ფინალურ ეტაპზე და ამ შედეგით მან დასავლეთგერმანელი უვე ზეელერის რეკორდი გაიმეორა.

იმავე დღეს არგენტინელებმა პედრო პასკულის ერთადერთი გოლით კარგად ნაცნობ ურუგვაის დაატოვებინეს ჩემპიონატი.

17 ივნისს ასპარეზობა დაასრულა მსოფლიოს ჩემპიონმა იტალიამ. აპენინელთა ქომაგები დიდხანს ელოდნენ საყვარელი გუნდის გამოფხიზლებას, მაგრამ ეს დრო არ დადგა. პლატინიმ, რომელიც 1983-85 წლებში ზედიზედ სამჯერ დასახელდა კონტინენტის საუკეთესო მოთამაშედ, მეურვე ჯუზეპე ბერგომი დაჩრდილა და საფრანგეთმაც გაიმარჯვა – 2:0. მე-15 წუთზე იუვენტუსელმა თავად გახსნა ანგარიში, მეორე ტაიმის დასაწყისში კი იანიკ სტოპირამ მეორედ დალაშქრა ჯოვანი გალის კარი.

ჩემპიონატის ერთ-ერთმა მთავარმა აღმოჩენამ მაროკომ მერვედფინალში დაასრულა ასპარეზობა. გერმანული ფეხბურთის იმედმა და ნაკრების მომავალმა კაპიტანმა ლოთარ მათეუსმა შესანიშნავად მოთამაშე მაროკოელი მეკარის ეზაკი ბადუ ზაკის კარში ერთადერთი გოლი მხოლოდ 87-ე წუთზე შეაგდო. ცნობისათვის: აფრიკელთა მთავარი მწვრთნელი ბრაზილიელი ჟოზე ფარია გახლდათ, რომელმაც მაროკოში გადასვლის შემდეგ (1983 წელს) ისლამი მიიღო და ჟოზე მეჰდი ფარია გახდა…

ინგლისმა კიდევ ერთხელ მოიგო დიდი ანგარიშით: რობსონის გუნდის მორიგი მსხვერპლი პარაგვაი გამოდგა – გარი ლინეკერის დუბლი და პიტერ ბერდსლის ზუსტი დარტყმა.

დანიური დინამიტი კი 18 ივნისს ესპანელებმა გააუვნებლეს – 1:5. 33-ე წუთზე იესპერ ოლსენმა თერთმეტმეტრიანით გახსნა ანგარიში, მაგრამ ეს იყო და ეს, დარჩენილ დროში მხოლოდ ესპანელები ხარობდნენ. მატჩის გმირი მადრიდის რეალის ერთ-ერთი ლიდერი ემილიო ბუტრაგენიო გახდა, რომელმაც უნაკლოდ ითამაშა და პოკერიც შეასრულა.

მეოთხედფინალში საუკეთესოდ ბრაზილიის და საფრანგეთის დაპირისპირება აღიარეს: უმაღლესი დონის შემსრულებლები, ფრედ დასრულებული ძირითადი და დამატებითი დრო და დრამატული პენალტების სერია. საუკეთესო ფეხბურთისთვის ეს ყველაფერი აუცილებელია და 21 ივნისს, გვადალახარის ხალისკოზე ეს ყოველივე იყო.

პირველად ბრაზილია დაწინაურდა: მე-18 წუთზე ანტონიო კარეკამ გახსნა ანგარიში. შესვენებამდე ოთხი წუთით ადრე ბრაზილიელთა კარში იმ ჩემპიონატზე ერთადერთი გოლი გავიდა: პლატინიმ დაარტყა ზუსტად – 1:1.

75-ე წუთზე სელესაოს მეორე გოლის გატანა შეეძლო: მეკარე ჟოელ ბატსმა საჯარიმოში ბრანკოს წინააღმდეგ იუხეშა, მაგრამ ლეგენდარულმა ზიკომ პენალტი ვერ გამოიყენა, მეკარემ აჯობა. ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ბრაზილიელი სამი წუთით ადრე ჩაერთო თამაშში ლუის ანტონიო კორეია და კოსტა მიულერის ნაცვლად…

დამატებითი დრო უგოლოდ დასრულდა, საფეხბურთო ლატარეაში კი ორ დიდებულ პენალტისტს არ გაუმართლა: პლატინიმ და სოკრატესმა ვერ ივარგეს. მაგრამ თუ ფრანგის სხვა თანაგუნდელები ზუსტნი იყვნენ, ბრაზილიელთა მხრიდან ვერც ჟულიო სეზარ სილვამ გაიტანა.

საბოლოოდ 3:4 და ტელე სანტანას გუნდიც კიდევ ერთხელ გამოეთიშა ჩემპიონატს. რაც ყველაზე გულდასაწყვეტია, ბრაზილიამ მექსიკა დაუმარცხებლად დატოვა: ხუთი თამაშიდან ოთხში გაიმარჯვა, ათი გოლი გაიტანა და მხოლოდ ერთხელ გაუშვა, რის გამოც დაიღუპა კიდეც.

რამდენიმე წლის წინ ფიფამ თავის ოფიციალურ არხზე მსოფლიო ჩემპიონატის არაერთი დიდებული თამაშის ჩანაწერი გამოფინა და მექსიკა 1986-ის შეხვედრებიდან რამდენიმე თავიდან ბოლომდე ასე ვნახე, მათ შორის ეს მეოთხედფინალი. და სანამ რამდენიმე დაკვირვებას შემოგთავაზებთ, ვიტყვი, რომ ეს დიდებული მატჩი იყო, საუკეთესო თუ არა, ერთ-ერთი ულამაზესი ამ ჩემპიონატიდან.

ერთიც და ჩემეულ შენიშვნებზე გადავალ: კომენტატორისგან გავიგე, რომ ბრაზილია იყო ერთადერთი გუნდი, რომელმაც ერთსა და იმავე ქალაქში მსოფლიო ჩემპიონატის ზედიზედ ცხრა მატჩი მოიგო. ტელე სანტანას გუნდმა საფრანგეთამდე გვადალახარაშივე დაამარცხა ესპანეთი, ალჟირი, ჩრდილოეთი ირლანდია და პოლონეთი, თექვსმეტი წლით ადრე კი იქვე ითამაშა 1970 წლის ჩემპიონატის ფინალამდელი ყველა, ხუთივე შეხვედრა და მაშინაც ყველაში გაიმარჯვა. ფრანგებთან პენალტებში წაგების ჩათვლით, ბრაზილიას გვადალახარაში ზედიზედ ათი თამაშია არ წაუგია, რაც თავისებური რეკორდია.

ახლა ჩემი შენიშვნები: ბევრისგან მსმენია, რომ 1982 და 1986 წლებში ბრაზილია თასის მთავარი კანდიდატი იყო. ოთხი წლით ადრე სელესაო ტურნირს იტალიასთან 2:3-ით გამოეთიშა და თუ იმ და ამ მეოთხედფინალს შევადარებ, უნდა ვაღიარო, რომ 1986 წლის ნაკრები უფრო მომეწონა. თუნდაც იმიტომ, რომ ფრანგებთან შეხვედრაში ბრაზილიამ გაცილებით გუნდურად ითამაშა, ვიდრე სკუადრა აძურასთან. თან, ამ ბრაზილიას კარეკა ჰყავდა, ძალიან მაღალი დონის ფორვარდი, ვინც ესპანეთის მსოფლიო ჩემპიონატზე გუნდს ტრავმის გამო ვერ გაჰყვა.

დამამახსოვრდა, რომ ინგლისელმა კომენტატორმა სოკრატესი მსმელად და მწეველად მოიხსენია. მიუხედავად ასეთი დახასიათებისა, ის ფრანგების წინააღმდეგ ძალიან ეფექტური იყო! არანაკლები შთაბეჭდილება მოახდინეს ჟუნიორმა, მეკარე კარლოსიც მომეწონა, გნებავთ ალემაო, ჟულიო სეზარი, ჟოსიმარი, მიულერი… ყველასგან მივიწყებული ელზოც საიმედოდ იდგა, მაგრამ ბრაზილიიდან ამ შეხვედრაში საუკეთესო ანტონიო კარეკა იყო მარცხენა მცველ ბრანკოსთან ერთად;

კარეკამ, გარდა იმისა რომ გოლი გაიტანა (მიულერი-ჟუნიორის ეფექტური გათამაშება დააგვირგვინა), მთელი 120 წუთის მანძილზე უბრალოდ დიდებულად ითამაშა და 1:1-ზე მიულერს რომ გამართლებოდა, ბრაზილიის მეცხრე ნომერი საგოლე პასსაც ჩაიწერდა;

რაც შეეხება ბრანკოს: სელესაოს მე-17 ნომერი მართლა ძალიან კარგი იყო! თუნდაც ის შეტევა ნახეთ (73-ე წუთზე), ზიკოს მიერ გაფუჭებული პენალტი რომ მოჰყვა – ბრანკომ საჯარიმოსთან ჩაჭრა ბურთი, არტურ ანტუნეშს გაუთამაშა, ამასობაში ფრანგების კარამდე ჩავიდა, მერე იყო ზიკოს ზღაპრული პასი და ბატსმაც მცველი საჯარიმოში წააქცია. ერთი სიტყვით, ბრანკო ძალიან მომეწონა. სხვათა შორის, ბრაზილიის ამ ნაკრებიდან მხოლოდ ის და მიულერი გახდნენ მსოფლიოს ჩემპიონები, ოღონდ რვა წლის შემდეგ, ამერიკაში. და მიულერისგან განსხვავებით ბრანკო მაშინაც ძირითადში იდგა;

ტელე სანტანამ ზიკო 71-ე წუთზე შეუშვა მინდორზე და კომენტატორმა კი თქვა, 33 წლისაა და უკვე ვეტერანიაო, მაგრამ არტურ ანტუნეშ კოიმბრამ მაინც გაიბრწყინა. მიუხედავად იმისა, რომ პენალტი ვერ შეაგდო (სამაგიეროდ მატჩისშემდგომ სერიაში კინაღამ ბადე გაგლიჯა), დიდებული პასით მოძებნა ბრანკო (პენალტის მომენტი), ამის შემდეგ სოკრატესთან, რამდენიმე წუთში კი კარეკასთან ერთად შექმნა საგოლე მომენტი და ერთხელაც თავური დაარტყა;

პლატინის დიდებულ კარიერაში ეს, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე ცუდი მატჩი იყო. 1983-85 წლებში ლამის ყველა პირადი თუ გუნდური ტიტულის მომგები ფრანგი გვადალახარაში თავის თავს არ ჰგავდა: მძიმედ მოძრაობდა, ბურთს, იშვიათი გამონაკლისის გარდა, ვერ აჩერებდა და თუ დაკარგავდა, უკან დაბრუნებას არც ცდილობდა, ამას გარდა ლამის ყველა პასი გააფუჭა… სხვათა შორის, პლატინი იმ დღეს, 1986 წლის 21 ივნისს, 31 წლის გახდა და შესაძლოა, დაბადების დღის აღნიშვნაზე უფრო ფიქრობდა;

116-ე წუთი: ბრაზილია გადარჩა და ეს იყო დამატებითის ყველაზე სახიფათო მომენტი – საჯარიმოს გარეთ გამოვარდნილმა კარლოსმა პირისპირ გასული ბელონი ლამის წააქცია და ამით გადაარჩინა გუნდი გოლს. და მსაჯმა არათუ წითელი, ყვითელიც არ უჩვენა ბრაზილიელს (ისევე როგორც ბატსს ბრანკოსთან უხეშობისთვის). არადა ვფიქრობ, გასაგდები იყო;

თუ პლატინი, ალბათ, ყველაზე სუსტი ფრანგი იყო, საუკეთესოდ მარჯვენა მცველი მანუელ ამორო მიმაჩნია. მის შემდეგ მეკარე ბატსი, მერე კი ტიგანას, ჟირესს, სტოპირას, ფერნანდესს და როშტოს დავასახელებდი;

მატჩი 120 წუთი გაგრძელდა, ანუ ორი საათი. მართალია ორივე გოლი პირველ ტაიმში გავიდა, მაგრამ თუ შეხვედრას ორად გავყოფ, მე მეორე, უგოლო ნაწილს ავირჩევ – სადღაც მე-60 წუთიდან ბოლომდე გაცილებით უკეთესი თამაში იყო.

აი, ასეთია ჩემი აზრი ამ დიდებულ მეოთხედფინალზე.

იმავე 21 ივნისს ტურნირის მასპინძელი მექსიკა მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონ გფრ-ს მონტერეიში გაუხვდა და 0:0-ის შემდეგ პენალტების სერიაში 1:4 დამარცხდა – ჰარალდ ტონი შუმახერმა ორი თერთმეტმეტრიანი მოიგერია!

22 ივნისს კიდევ ორი ნახევარფინალისტი გამოვლინდა. პუებლაში, კუაუტემოკზე, ევროპის ბოლო ორი ჩემპიონატის ფინალისტებმა ითამაშეს. ევრო 1980-ის ვერცხლის მედალოსანმა ბელგიამ ევრო 1984-ის მეორეადგილოსანი ესპანეთი პენალტების სერიაში დაამარცხა – 5:4. ძირითადი და დამატებითი დრო 1:1 დასრულდა.

რაც შეეხება იმავე დღეს დედაქალაქში, აცტეკაზე, 114580 მაყურებლის თვალწინ გამართულ არგენტინა-ინგლისის სუპერდაპირისპირებას, იმ შეხვედრას დღეს მსოფლიო ჩემპიონატის ერთ-ერთ კლასიკურ თამაშად აღიარებენ, რასაც პირადად მე ვერ დავეთანხმები.

არგენტინელებისთვის ეს მეოთხედფინალი მხოლოდ საფეხბურთო პაექრობა არ იყო. რამდენიმე წლით ადრე, ფოლკლენდის კუნძულების გამო ინგლისთან სამხედრო დაპირისპირების შემდეგ, სამხრეთამერიკელი გულშემატკივრები მატჩს პოლიტიკურ ჭრილში განიხილავდნენ. დიეგო არმანდო მარადონამ წლების შემდეგ ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა:

„იმ დღეებში მხოლოდ გამარჯვებაზე ვფიქრობდით. ის მატჩი ჩვენთვის და ყველა არგენტინელისთვის ომი იყო და სხვა არაფერი! თითოეულმა ძალიან კარგად ვიცოდით, რომ ომის დროს დაღუპული ჩვენი ბიჭებისთვის შური უნდა გვეძია“!

ვერ გეტყვით ამ მძიმე პოლიტიკური წინაისტორიის გამო იყო თუ რაიმე სხვა მიზეზით, მაგრამ მატჩი ძალიან მძიმე გამოდგა, პირველი ტაიმი კი, არ შემეშინდება ამის თქმის, საშინლად მოსაწყენი.

საბოლოოდ არგენტინამ 2:1 მოიგო. და ეს იყო მექსიკა 1986-ის ერთადერთი მეოთხედფინალი, სადაც გამარჯვებული დამატებითი დროის და პენალტების სერიის გარეშე გაირკვა.

51-ე წუთი: ინგლისელთა მეკარე პიტერ შილტონი ბურთის მოსაგერიებლად ახტა. მას არგენტინელთა ლიდერი მარადონაც აჰყვა… და უცბად, ბურთი მეკარეს გადაევლო და ინგლისელთა კარში შევარდა – 1:0. ბრიტანელები მსაჯს მისცვივდნენ, ეგონათ, რომ არბიტრი აშკარა ხელით თამაშის გამო გოლს გააუქმებდა, მაგრამ ტუნისელმა ალი ბენ ნასერმა წესების დარღვევა არ დააფიქსირა და თამაშის ცენტრიდან განახლება ბრძანა.

მატჩის შემდეგ მარადონა ჟურნალისტებს ეტყვის: „ვერ გეტყვით ხელით ვითამაშე თუ არა. მხოლოდ ის ვიცი, რომ გოლი შევაგდე. და თუ ბურთს ხელი შეეხო, ეს მხოლოდ და მხოლოდ ღმერთის ხელი იქნებოდა“.

ღმერთის ხელი – დღემდე ასე მოიხსენიებენ მარადონას იმ გოლს. ხოლო ის ბურთი, რომელიც ოცდახუთი წლის გენიოსმა ღმერთის ხელიდან სამ წუთში შეაგდო, ენამოსწრებულმა ჟურნალისტებმა ღმერთის ფეხად მონათლეს! დღეს ის გოლი ოფიციალურადაა აღიარებული XX საუკუნის გოლად.

არგენტინელთა ათიანმა ის შედევრი 54-ე წუთზე დახატა: თავისსავე ნახევარზე მიიღო ბურთი და შილტონის კარისკენ დაიძრა, გზად ოთხი ინგლისელი მოატყუა, მეკარეც მიაყოლა და… 2:0!

„მეორე გოლისას მარადონას გასწვრივ გავრბოდი, ის მომენტი გამყოლი კამერით გადაღებულ კადრებს მაგონებს! მე ვაკეთებდი იმას, რაც ნებისმიერი კარგი თავდამსხმელის ვალია – დიეგოს მხარდამხარ მივრბოდი, რათა ბოლოს შორეულ ძელთან პასის არჩევანი შემეთავაზებინა…

გასახდელში დიეგომ მითხრა, რომ ბურთის მოწოდებას აპირებდა. წარმოგიდგენიათ, იმ ეპიზოდის მსვლელობისას მან თავის აწევა და პარტნიორის პოზიციის შეფასებაც მოასწრო! რა გითხრათ? ეს ჩვენი, უბრალო მოკვდავების ნამდვილი შეურაცხყოფა იყო…

არა, ხუმრობის გარეშე, ის გოლი იყო გენიალურობის გამოვლენა! დიეგოს ბოლო წამს ჩემთვის რომ მოეცა პასი, მე, რა თქმა უნდა, ბურთს გავიტანდი, მაგრამ ამ შემთხვევაში მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიას საუკეთესო გოლი დაეკარგებოდა“, – ამბობს ხორხე ვალდანო.

მე-80 წუთზე მეტოქემ ერთადერთი საპასუხო ბურთი შეაგდო – გარი ლინეკერმა დალაშქრა ნერი ალბერტო პუმპიდოს კარი. თუმცა ეს იყო და ეს, თეთრ-ცისფრებმა საფეხბურთო ომი 2:1 მოიგეს და არგენტინამ უზომოდ გაიხარა!

„ნაკრების სათავეში მისვლისთანავე სამი მცველით, ხუთი ნახევარმცველით და ორი ფორვარდით თამაშს ვცდილობდი. ძალიან მომწონდა ეს ტაქტიკა და მიუხედავად იმისა, რომ ხშირად მაკრიტიკებდნენ, არჩეული გზიდან გადახვევა არც მიფიქრია…

მახსოვს, ინგლისთან მეოთხედფინალში, როცა ჯონ ბარნსმა ფლანგიდან ჩააწოდა ბურთი და ლინეკერმა თავურით შეამცირა ანგარიში, მეტოქე ძალიან გააქტიურდა. ტაქტიკა მაინც არ შევცვალე, მიუხედავად იმისა, რომ სათადარიგოთა შორის კიდევ ერთი მცველი მეჯდა. ბარნსი ახალი შესული იყო მინდორზე და ბევრ პრობლემას გვიქმნიდა, ბიჭებმა ყვირილიც კი დამიწყეს: ბილარდო, შეცვალე ვინმე, შეცვალე ვინმე!..

დავუყვირე: ამდენი წელი იმიტომ არ გავარჯიშეთ, პირველივე წინაღობაზე რომ აირიოთ-მეთქი… დიახ, შემეძლო მოედანზე მეოთხე მცველი შემეშვა, მაგრამ ეს არ გავაკეთე. ჩვენ გავუძელით ინგლისელების ზეწოლას და მეც მივხვდი, რომ ჩემპიონები გავხდებოდით!

დიეგოს გოლებზე კი ბევრს ვერაფერს გეტყვით. მატჩის შემდეგ ყველა მეკითხებოდა, ხელით გაიტანა თუ არაო. ვპასუხობდი: იმ ადგილიდან, სადაც ვიჯექი, ეპიზოდი კარგად არ ჩანდა-მეთქი. მისი მეორე გოლი კი ზღაპრული იყო, მსგავსი არასდროს არაფერი მინახავს“! – ნაწყვეტი კარლოს ბილარდოს ერთი ძველი ინტერვიუდან.

საფრანგეთი-ბრაზილიის მსგავსად, ეს თამაშიც ფიფას არქივის წყალობით ვნახე და არ დაგზარდებით, მასზეც დავწერ რამდენიმე სიტყვას:

თუ ვინმე იგივეს დააპირებთ, ანუ თამაშის თავიდან ბოლომდე ნახვას მოისურვებთ, ჩემი შეცდომა არ გაიმეოროთ – პირველი ტაიმი იმდენად უინტერესო იყო, რომ შეგიძლიათ გამოტოვოთ, არაფერს დაკარგავთ. შესვენებამდე ყველაზე საინტერესო 36-ე წუთი მეჩვენა, როცა დიეგომ კუთხურის დროს ალამი ძირს დააგდო და თანამსაჯმა სანამ უკან არ დააბრუნებინა, ბურთის ჩაწოდების უფლება არ მისცა.

რაც შეეხება მეორე ნახევარს, ამას ვიტყვი:

პირველი ტაიმის გათვალისწინებით, არავითარი კლასიკა ეს მატჩი არაა. მესმის რომ ფოლკლენდის კუნძულების ამბების გამო ამ თამაშს დიდი პოლიტიკური დატვირთვა ჰქონდა, მაგრამ წმინდა საფეხბურთო თვალსაზრისით ჩვეულებრივზე ჩვეულებრივი მატჩია – დუნე და, არ შემეშინდება ამის თქმაც, მოსაწყენი;

სულ რომ პირველად უყურებდე ფეხბურთს, მალევე მიხვდები რომ არგენტინის კაპიტანი სხვა დონის მოთამაშეა: პასები, მოედნის ხედვა, კარში დარტყმა… ინგლისელები მას უჯარიმოდ ვერ აჩერებენ და ლამის ყველა სტანდარტულს ის ასრულებს. ერთი სიტყვით, ათიანი გუნდის ლიდერია;

2:1-ზე არგენტინა ძელს ახვედრებს ბურთს (ტაპია) და ის შეტევა მთლიანად დიეგოს დამსახურებაა. ბრიტანელები ძალიან კი შეეცადნენ, მაგრამ ვერ წააქციეს და მარადონამაც ლამის მეკარესთან ერთი ერთზე გაიყვანა თანაგუნდელი;

ღმერთის ხელი იმდენად აშკარაა, რომ პიტერ შილტონი დღემდე რომ ვერ პატიობს მარადონას იმ თავხედობას. არ მიკვირს. მე თუ მკითხავთ, ასეთი დონის შეხვედრები ფიფამ, საფეხბურთო თვალსაზრისით მეორე-მესამე დონის ქვეყნების წარმომადგენელ მსაჯებს არ უნდა ანდოს. რატომღაც მგონია, რომ ასეთ დაპირისპირებებს მიუჩვეველი არბიტრები ზედმეტად დაძაბულნი არიან და ასეთ დროს რაც ხდება, თქვენც კარგად იცით – შეცდომის ალბათობა იმატებს. იმ ბულგარელ თანამსაჯს, დიეგოს ცრუპენტელობას რამდენიმე მეტრიდან რომ უყურებდა, წითელი ალამი დაუყოვნებლივ უნდა აღემართა. მშვენივრად დაინახა წესის დარღვევა და ამიტომ;

ღმერთის ფეხზე კი ახალი რა უნდა დავწერო? შედევრია! წლების წინ ამ თამაშზე ვკითხულობდი და ექტორ ენრიკეს ხუმრობა დამამახსოვრდა, აი იმის, დიეგოს თავის ნახევარზე რომ დაუგორა ბურთი და მერე მარადონამ ის ლეგენდარული რეიდი რომ დაიწყო: ისეთი პასი მივეცი მარადონას, გოლის გატანის მეტი არაფერი დარჩენოდა!

ინგლისელებიდან ყველაზე მეტად ტერი ბაჩერი და გლენ ჰოდლი მომეწონა. სხვებთან შედარებით ორივე გონივრულად თამაშობდა, რაც შეეხება ერთადერთი საპასუხო გოლის ავტორ ლინეკერს, ბარნსის გამოჩენამდე ჩაკარგული იყო;

ბრიტანელთა მთავარ მწვრთნელს, ცხონებულ ბობი რობსონს ჯონ ბარნსი მეორე ტაიმშივე უნდა შეეშვა. გამოვიდა თუ არა, უმალ საგოლე გადაცემა შეასრულა და რამდენიმე წუთში კიდევ ერთხელ დაასვა ბურთი თავზე ლინეკერს, უბრალოდ ფორვარდს ორ მცველთან ორთაბრძოლაში აღარ გაუმართლა. მოკლედ, ბარნსის შესაძლებლობების მოთამაშე გყავდეს და მხოლოდ ათ წუთს აძლევდე, ჩემი აზრით დანაშაულია;

არ ვიცი დღეს რა ფიქრობენ ბერდსლი, რიდი, ბაჩერი და ფენვიკი (დიეგომ ამათ ჩაუდრიბლინგა, ბაჩერს ორჯერ) მაგრამ მათ ადგილზე, ვთქვათ ფერდინანდს და ტერის რომ წარმოვიდგენ, მეეჭვება დიეგოს შილტონამდე მიეღწია. თუმცა, შესაძლოა, ვცდები…

მექსიკა 1986-ის ფინალისტები 25 ივნისს გამოვლინდნენ: მარადონამ და კომპანიამ მეხიკოში ბელგია ჩამოიშორა გზიდან – 2:0. დიეგომ ისევ დუბლი შეასრულა, მეორე გოლი კი კვლავ ძალიან ეფექტურად შეაგდო! მე თუ მკითხავთ, ღმერთის ფეხზე არანაკლები გოლი იყო!

რაც შეეხება მიშელ პლატინის საფრანგეთს, მას ფინალისკენ მიმავალ გზაზე კვლავ გერმანია გადაეღობა. ოთხი წლის წინანდელისგან განსხვავებით, ფრანც ბეკენბაუერის გაწვრთნილმა ბუნდესნაკრებმა ძირითად დროში მოიგო – 2:0, ანდრეას ბრემეს და რუდი ფიოლერის გოლებით.

მიუხედავად იმისა, რომ პლატინიმ ბრინჯაოს მედლისთვის თამაში კვლავ იუარა, ევროპის უძლიერესმა გუნდმა მესამე ადგილი მაინც დაიკავა: ბელგიასთან ძირითადში 2:2-ის შემდეგ ფრანგებმა დამატებითში კიდევ ორჯერ გაიტანეს (ბერნარ ჟენგინი, მანუელ ამორო) და 4:2-ით დაასრულეს მექსიკაში ასპარეზობა.

ფინალი

გფრ-ის ნაკრების თავკაცის ფრანც ბეკენბაუერის გადაწყვეტილებით, მარადონას წინააღმდეგ თამაში ლოთარ მათეუსს დაევალა. მიუნხენის ბაიერნის მოუღლელი ნახევარმცველი საწყის წუთებში კარგად ასრულებდა დავალებას – არგენტინელს გვარიანად გაუჭირდა.

მაგრამ ნელ-ნელა დიეგომ მარწუხებს თავი დააღწია და სამხრეთამერიკელებმაც გაიხარეს: მცველმა ხოსე ლუის ბრაუნმა კუთხურის შემდეგ გახსნა ანგარიში – 1:0. ეს 23-ე წუთზე მოხდა.

56-ე წუთზე გერმანელებმა მეორედ დაიწყეს ცენტრიდან თამაში: ხორხე ალბერტო ვალდანომ დალაშქრა შუმახერის კარი – 2:0.

„ის შეტევა ჩვენი საჯარიმოდან დაიწყო, სადაც ბრიგელის წინააღმდეგ ვიდექი, როცა პუმპიდომ ბურთი გადმომიგდო, ერთ გერმანელს კი გავცდი, მაგრამ მეორეს ვეღარ ვაჯობე… დაკარგული ბურთი მარადონას მიუვიდა და მეც დიაგონალზე გავიქეცი, დიეგომ კი ექტორ ენრიკეს გაუგდო პასი. მან, თავის მხრივ, მდგომარეობა გამიადვილა – საგოლე პოზიციაზე გამიყვანა, რის შემდეგაც მოხერხებულად შევაგდე ბურთი კარში!

გრძნობას, რაც მაშინ დამეუფლა, ვერაფერი შეედრება! ჩემი დარტყმის შემდეგ ანგარიში 2:0 გახდა. მახსოვს, ტრიბუნებს ავხედე და გავიფიქრე, მორჩა ჩვენ მსოფლიოს ჩემპიონები ვართ! იმ მომენტში ერთი რამ ვერ გავითვალისწინე: მეტოქე გერმანია იყო, მათ კი დანებება არ სჩვევიათ“, – მორიგი ნაწყვეტი ვალდანოს ინტერვიუდან.

ერთი შეხედვით, არგენტინას მშვიდად შეეძლო ორბურთიანი უპირატესობის შენარჩუნება, მაგრამ მსაჯის საფინალო სასტვენამდე ცხრა წუთით ადრე ანგარიში გათანაბრდა: 74-ე წუთზე ჯერ კაპიტანმა კარლ-ჰაინც რუმენიგემ გაქვითა ერთი ბურთი, შვიდ წუთში კი რუხ მგელად წოდებულმა რუდი ფიოლერმაც შეაგდო – 2:2.

„როცა ორი ბურთით ჩამოვრჩით, გადავწყვიტეთ რაღაც შეგვეცვალა. მივხვდით, რომ არაფერი გამოგვდიოდა. დაახლოებით მე-60 წუთამდე ნახევარდაცვაში ასე იყო: მე, რეალურად, მერვე ნომრის საქმეს ვაკეთებდი, ჩემ წინ, მეათე ნომრად ფელიქს მაგათი თამაშობდა, უკან კი უფრო დაცვაზე ორიენტირებული ჰანს-პეტერ ბრიგელი და ანდრეას ბრემე იდგნენ… მეორე გაშვებული გოლის შემდეგ შეტევებს უკვე მე ვიწყებდი და ცვლილებამ გაამართლა, მალე ანგარიში გავათანაბრეთ“, – ლოთარ მათეუსის მოგონებებიდან.

და მაშინ, როცა უამრავი ადამიანი ძალიან საინტერესო დამატებითი დროისთვის განეწყო, მარადონამ კიდევ ერთხელ დაიქუხა: ზუსტი დიაგონალური პასით ხორხე ლუის ბურუჩაგა შუმახერს შეატოვა და საფრანგეთის ნანტის თავდამსხმელმაც აუღელვებლად დაარტყა – 3:2! ეს მარადონას მეხუთე საგოლე გადაცემა იყო იმ ჩემპიონატზე!

მალე ბრაზილიელმა არბიტრმა რომუალდო არპი ფილიომ უკანასკნელად ჩაბერა სასტვენს და მსოფლიოს მორიგი ჩემპიონის დაბადება ამცნო: არგენტინის ნაკრები გახდა პირველი, რომელმაც ფიფას ახალი ოქროს თასი მეორედ აღმართა.

„როცა მეკითხებიან, 1986 წლის ჩემპიონატიდან პირველი რა გახსენდებათო, დაუფიქრებლად ვპასუხობ: წამი, როდესაც ფინალი დასრულდა. არ დავმალავ, საშინლად გაბრაზებული ვიყავი ორი გოლი კუთხურიდან რომ გავატანინეთ. როცა ანგარიში გათანაბრდა, ძალიან გავცხარდი, მოედნის კიდესთან წყლით სავსე ბოთლს ფეხიც დავკარი და მოვისროლე…

გაცეცხლებული ვიყავი, ბიჭები ყველაზე მეტად სტანდარტულებზე ვავარჯიშე, მათ კი მაინც და მაინც კუთხურიდან გაუშვეს გოლები! მეორე მხრივ, 2:2-ის მერე ვატყობდი, რომ ბიჭები ნირწამხდარნი მაინც არ იყვნენ. ასეთ სიტუაციაზე არაერთხელ გვისაუბრია…

ბურუჩაგას დარტყმის შემდეგ დაცვას გავხედე, რადგან ყველა გოლის აღსანიშნავად გაიქცა. მაინტერესებდა, რამდენად აირია უკანა ხაზი. ფოტოც კი არსებობს, როგორ ვდგავარ მარადონასთან და ვეუბნები, სასწრაფოდ დაცვას მიხედონ, რათა გოლი არ გავუშვათ. ხომ იცით როგორ არის: შენ სხვა რაღაცაზე ხარ გადართული, მეტოქე კი ფხიზლად რჩება, უეცრად ათამაშებს კომბინაციას და…

მსაჯის სასტვენის ხმა არც გამიგია. ვიგრძენი, რომ ვიღაც მომიახლოვდა და მხარზე ხელი დამადო. მოვტრიალდი, ბეკენბაუერი იყო, გამარჯვებას მილოცავდა. მე კი მაინც ვერ ვზეიმობდი, რადგან ვერაფრით ვეგუებოდი იმ აზრს, რომ ორი გოლი კუთხურიდან გავუშვით… თასი არ ამიწევია, ამიტომ არ არსებობს ჩემი ფოტო“, – არგენტინელთა მთავარი მწვრთნელის მოგონებებიდან.

წლების შემდეგ მათეუსმა ესეც თქვა: „ვფიქრობ, საქმე დამატებით დრომდე რომ მიგვეყვანა, ჩემპიონები გავხდებოდით. მაგრამ ამას ახლა არანაირი მნიშვნელობა აღარ აქვს, არგენტინამ დამსახურებულად მოიგო. მეტოქე მთელი ჩემპიონატის განმავლობაში ჩინებულად თამაშობდა, პლუს, დიეგო იყო დიდებული! რაც შეგვეხება ჩვენ, მეორე ადგილით უკმაყოფილონი არ დავრჩით, რადგან ჩემპიონატის წინ ვინმეს რომ ეთქვა, ფინალში ითამაშებთო, არ დავუჯერებდით – ვიცოდით, რომ დიდი არაფერი გუნდი გვყავდა, თან, ევრო 84-ის შემდეგ გერმანული ფეხბურთისა ბევრს არ სჯეროდა. ამასთანავე, მრავლად გვყავდნენ დაშავებულები: რუმენიგემ მთელი ჩემპიონატი შესაძლებლობებზე გაცილებით სუსტად ჩაატარა, ფეხი სტკიოდათ ფიოლერს და კლაუს ალოფსს… არადა, სწორედ ისინი იყვნენ ჩვენი თავდამსხმელები“.

გერმანელთა თავკაცი ფრანც ბეკენბაუერი, მისდა სამწუხაროდ, გახდა პირველი, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი ფეხბურთელის და მწვრთნელის რანგში დათმო – კაიზერ ფრანცი 1966 წელს ძლეული ბუნდესგუნდის ერთ-ერთი უძლიერესი მოთამაშე გახლდათ.

დიეგო მარადონას გენია კი მთელმა მსოფლიომ აღიარა. მან საუკეთესო ფეხბურთელის ტიტული არნახული უპირატესობით მოიგო!

მექსიკა 1986 – ზოგადი ცნობები:
*-პირველი მსოფლიო ჩემპიონატი, რომელიც დაგეგმილი იყო ერთ ქვეყანაში, მაგრამ ჩატარდა მეორეში.
*-მექსიკა გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც მეორედ უმასპინძლა ფიფას ოქროს თასის გათამაშებას.
*-პირველად ამ ჩემპიონატზე გაითამაშეს გულშემატკივრებმა ერთდროული წამოდგომა და ხელების აღმართვა, რასაც შემდგომში მექსიკური ტალღა ეწოდა.
*-პირველი მსოფლიო ჩემპიონატი 24 გუნდის მონაწილეობით, რომლის ჯგუფური ეტაპი ფლეი ოფით გაგრძელდა.
*-პირველი მსოფლიო ჩემპიონატი, სადაც ჯგუფებში უკანასკნელი ტურის მატჩები პარალელურად დაიწყო.
*-მონაწილეობდა 24 გუნდი (ევროპა – 14; სამხრეთი ამერიკა – 4; ცენტრალური და ჩრდილოეთი ამერიკა – 2; აფრიკა – 2; აზია – 2).
*-52 თამაშში 132 გოლი გავიდა, საშუალოდ მატჩში 2,54.
*-მთლიანი დასწრება – 2 394 031, საშუალოდ მატჩზე 46 039 გულშემატკივარი.

29 ივნისი, 1986. მსოფლიოს XIII ჩემპიონატის ფინალი. მექსიკა, მეხიკო, აცტეკა. 114 600
არგენტინა 3:2 გფრ
გოლები: 1:0 ხოსე ლუის ბრაუნი (23), 2:0 ხორხე ალბერტო ვალდანო (56), 2:1 კარლ-ჰაინც რუმენიგე (74), 2:2 რუდი ფიოლერი (81), 3:2 ხორხე ლუის ბურუჩაგა (84)
არგენტინა: ნერი ალბერტო პუმპიდო, სერხიო დანიელ ბატისტა, ხოსე ლუის ბრაუნი, ხორხე ლუის ბურუჩაგა (მარსელო ტრობიანი 90), ხოსე ლუის კუსიუფო, დიეგო არმანდო მარადონა (კაპ), ხორხე ალბერტო ვალდანო, ექტორ ენრიკე, რიკარდო ომარ ხიუსტი, ხულიო ხორხე ოლარტიკოეჩეა, ოსკარ ალფრედო რუჯერი
მწვრთნელი: კარლოს სალვადორ ბილარდო
გფრ: ჰარალდ ტონი შუმახერი, ჰანს პეტერ ბრიგელი, ანდრეას ბრემე, კარლ ჰაინც ფიორსტერი, ნორბერტ ედერი, ლოთარ მათეუსი, ფელიქს მაგათი (დიტერ ჰიონესი 62), კარლ-ჰაინც რუმენიგე (კაპ), თომას ბერთოლდი, დიტმარ იაკობსი, კლაუს ალოფსი (რუდი ფიოლერი 46)
მწვრთნელი: ფრანც ბეკენბაუერი
გაფრთხილება: დიეგო არმანდო მარადონა, ლოთარ მათეუსი, ჰანს პეტერ ბრიგელი, ხულიო ოლარტიკოეჩეა, ექტორ ენრიკე, ნერი პუმპიდო
მსაჯები: რომუალდო არპი ფილიო (ბრაზილია); ერიკ ფრედრიკსონი (შვედეთი), ბერნი ულოა მორერა (კოსტა რიკა)

საუკეთესო ბომბარდირი (ოქროს ბუცი):
გარი ლინეკერი (ინგლისი)
– 6 გოლი
დიეგო არმანდო მარადონა (არგენტინა), ემილიო ბუტრაგენიო (ესპანეთი), ანტონიო დე ოლივეირა ფილიო კარეკა (ბრაზილია) – 5 გოლი

საუკეთესო ფეხბურთელი (ოქროს ბურთი):
1.დიეგო არმანდო მარადონა (არგენტინა)
2.ჰარალდ ტონი შუმახერი (გფრ)
3.პრებენ ელკიაერ ლარსენი (დანია)

საუკეთესო ახალგაზრდა (არაოფიციალური): ენცო შიფო (ბელგია)
საუკეთესო მეკარე
(არაოფიციალური): ჟან-მარი პფაფი (ბელგია)

ტურნირის სიმბოლური ნაკრები (არაოფიციალური)
მეკარე: ჟან-მარი პფაფი (ბელგია)
მცველები: ჟოსიმარ ჟიგინო პერეირა (ბრაზილია), მანუელ ამორო (საფრანგეთი), ჟულიო სეზარ სილვა (ბრაზილია)
ნახევარმცველები: დიეგო არმანდო მარადონა (არგენტინა), მიშელ პლატინი (საფრანგეთი), იან კულემანსი (ბელგია), ჟან ტიგანა (საფრანგეთი)
თავდამსხმელები: გარი ლინეკერი (ინგლისი), პრებენ ელკიაერ ლარსენი (დანია), ემილიო ბუტრაგენიო (ესპანეთი)

მსოფლიოს 1986 წლის ჩემპიონი არგენტინის ნაკრები
მეკარეები: 15.ლუის ალბერტო ისლასი (ლა პლატის ესტუდიანტესი), 18.ნერი ალბერტო პუმპიდო (ბუენოს აირესის რივერ პლეიტი), 22.ექტორ ზელადა (მეხიკოს ამერიკა, მექსიკა)
მცველები: 5.ხოსე ლუის ბრაუნი (აველიანედის დეპორტივო ესპანიოლი), 6.დანიელ ალბერტო პასარელა (ფლორენციის ფიორენტინა, იტალია), 8.ნესტორ როლანდო კლაუსენი (აველიანედის ინდეპენდიენტე), 9.ხოსე ლუის კუსიუფო (სარსფილდის ველესი), 13.ოსკარ ალფრედო გარე (კაბალიტოს ფერო კარილ ოესტე), 16.ხულიო ხორხე ოლარტიკოეჩეა (ბუენოს აირესის ბოკა ხუნიორსი), 19.ოსკარ ალფრედო რუჯერი (ბუენოს აირესის რივერ პლეიტი)
ნახევარმცველები: 2.სერხიო დანიელ ბატისტა (ბუენოს აირესის არხენტინოს ხუნიორსი), 3.რიკარდო ბოჩინი (აველიანედის ინდეპენდიენტე), 4.კლაუდიო ბორხი (ბუენოს აირესის არხენტინოს ხუნიორსი), 10.დიეგო არმანდო მარადონა (ნეაპოლის ნაპოლი, იტალია), 12.ექტორ ენრიკე (ბუენოს აირესის რივერ პლეიტი), 14.რიკარდო ომარ ხიუსტი (აველიანედის ინდეპენდიენტე), 20.კარლოს დანიელ ტაპია (ბუენოს აირესის ბოკა ხუნიორსი), 21.მარსელო ტრობიანი (ელჩე, ესპანეთი)
თავდამსხმელები: 1.სერხიო ომარ ალმირონი (როსარიოს ნიუელს ოლდ ბოიზი), 7.ხორხე ლუის ბურუჩაგა (ნანტი, საფრანგეთი), 11.ხორხე ალბერტო ვალდანო (მადრიდის რეალი, ესპანეთი), 17.პედრო პასკული (ლეჩე, იტალია)
მწვრთნელი: კარლოს სალვადორ ბილარდო

 

ლაშა გოდუაძე (2022 წლის 17 სექტემბერი)
ფოტო:
FIFA.com; გაზეთი ელ გრაფიკო; ინტერნეტი

ka_GEGeorgian