მსოფლიო ჩემპიონატების ისტორია: რუსეთი 2018

14,2 მილიარდი დოლარი! მსოფლიოს XXI ჩემპიონატის საორგანიზაციო კომიტეტმა საერთო ჯამში ეს თანხა დახარჯა იმისათვის, რომ რუსეთს უდიდესი საფეხბურთო ტურნირი უმაღლეს დონეზე მიეღო. საორგანიზაციო საკითხების რა გითხრათ და სხვა მხრივ ეს ჩემპიონატი მშვენიერი გამოდგა არაერთი ძალიან დაძაბული თამაშით, ბევრი და ეფექტური გოლებით, ფიფას მიერ დანერგილი სიახლით – მსაჯთა დახმარების სისტემებით და, რა თქმა უნდა, არაერთი კარგი ფეხბურთელის დიდებული ასპარეზობით.

შეჯიბრება, რომელიც 14 ივნისს დაიწყო და 15 ივლისს დასრულდა, რუსეთის ფეხბურთის ფედერაციას 2010 წლის 2 დეკემბერს, ციურიხში, ფიფას აღმასრულებელი კომიტეტის მორიგი შეხვედრის შემდეგ ერგო. მსოფლიო ფეხბურთის მმართველი სახლის ოცდაორმა მაღალჩინოსანმა 2018 წლის ტურნირისთვის წარდგენილი სამი პროექტიდან საუკეთესოდ რუსეთის წინადადება მიიჩნია.

2009 წლის 2 თებერვალს, როცა ფიფამ ოფიციალურად დაიწყო 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობის მსურველთა წინასწარი განაცხადების მიღება, ინტერესი არაერთმა ქვეყანამ გამოხატა, მაგრამ მექსიკამ მომდევნო ნაბიჯების გადადგმისგან თავი შეიკავა, ინდონეზიას კი თავად ფიფამ განუცხადა უარი. რაც შეეხებათ ავსტრალიის, იაპონიის და ამერიკის შეერთებული შტატების პროექტებს, საქმე ოფიციალური დოკუმენტების ერთ საქაღალდეში გაერთიანებამდე აღარ მისულა.

მთავარი საფეხბურთო შეჯიბრების დარჩენილი ხუთი მსურველიდან ყველა ევროპის ქვეყანა იყო, თუმცა თუ რუსეთი და ინგლისი დამოუკიდებლად ცდილობდნენ ფიფას გულის მოგებას, პორტუგალია-ესპანეთმა და ბელგია-ნიდერლანდებმა მხარდამხარ დააპირეს ამ ნაბიჯის გადადგმა.

ციურიხში გამართულ კენჭისყრაზე ინგლისის პროექტი პირველივე ტურში დაიწუნეს – ბრიტანელებს აღმასკომის მხოლოდ ორმა წევრმა დაუჭირა მხარი. მეორე ტურში რუსეთმა ხმათა უმრავლესობა მიიღო – 13 (პორტუგალია-ესპანეთი – შვიდი, ბელგია-ნიდერლანდები – ორი) და ფიფას პრეზიდენტმა იოზეფ ბლატერმაც ოფიციალურად მიულოცა ამ ქვეყნის დელეგაციას გამარჯვება.

ბრიტანულ პრესაში მალევე დაიწერა კენჭისყრაში მონაწილეთა კორუფციულ გარიგებაში შესაძლო მონაწილეობაზე. რუსეთის არჩევით გაბრაზებულმა ინგლისელებმა საფეხბურთო ასოციაციას ტურნირის ბოიკოტისკენ მოუწოდეს, თითქოს გამოძიებაც დაიწყო, მაგრამ ღია დაპირისპირებამდე საქმე აღარ მივიდა. დროთა განმავლობაში ფიფამ ყველა ბრალდება უარყო, ინგლისელთა პროტესტი კი განელდა.

რუსეთში დაგეგმილი მსოფლიო ჩემპიონატის ბოიკოტზე 2014 წელს კიდევ ერთხელ დაიწერა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინის ტერიტორიის აღმოსავლეთ ნაწილი, მათ შორის ყირიმის ნახევარკუნძული მიიტაცა. სამწუხაროდ, სიტყვა საქმედ ვერ იქცა და 2018 წლის ზაფხულში უდიდესმა ქვეყანამ მთავარ საფეხბურთო შეჯიბრებას დიდი ზარ-ზეიმით უმასპინძლა.

მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში პირველად მოხდა, რომ საკვალიფიკაციო ეტაპზე თამაშის სურვილი ფიფას ყველა წევრმა ქვეყანამ დაუდასტურა. ფეხბურთის მმართველმა სახლმა ყველას თხოვნა დააკმაყოფილა და შესარჩევ ეტაპზე 208 ქვეყნის ნაკრები დაუშვა (მასპინძელთა გუნდი, ცხადია, თავისუფალი იყო), მათ შორის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრის შემდეგ მიღებული გიბრალტარი და კოსოვოც, მაგრამ ოფიციალური ტურნირის დაწყებამდე ზიმბაბვე და ინდონეზია დისკვალიფიკაციით დაისაჯა.

საქართველო D საკვალიფიკაციო ჯგუფში მოხვდა სერბეთის, ირლანდიის, უელსის, ავსტრიის და მოლდოვის ნაკრებ გუნდებთან ერთად. წილისყრის დროს ქართველ ფეხბურთელთა მთავარი მწვრთნელი კახი ცხადაძე გახლდათ, თუმცა უშუალოდ შესარჩევ მატჩებში ნაკრებს მისმა მემკვიდრემ, სლოვაკმა სპეციალისტმა ვლადიმირ ვაისმა უხელმძღვანელა.

სამხრეთი აფრიკა 2010-ის საკვალიფიკაციო ციკლის მსგავსად, ჩვენმა გუნდმა კვლავ ვერ მოიგო თუნდაც ერთი ოფიციალური მატჩი: ათი შეხვედრიდან ხუთში დამარცხდა, ხუთჯერ კი ფრედ ითამაშა და მეხუთე ადგილი დაიკავა, მხოლოდ მოლდოველებს აჯობა.

ევროპიდან ყველა ფავორიტმა მოიპოვა რუსეთის საგზური ორის გარდა: წინა მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალოსანი ნიდერლანდების ნაკრები A საკვალიფიკაციო ჯგუფში მესამე ადგილზე გავიდა – საფრანგეთს და შვედეთს ჩამორჩა, იტალიამ კი G ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა, ხოლო ფლეი ოფში შვედეთთან დამარცხდა.

პირველი შეხვედრა, 2017 წლის 10 ნოემბერს, სკუადრა აძურამ სტოკჰოლმში 0:1 წააგო, 13 ნოემბერს, მილანში, სან სიროზე გამართული საპასუხო თამაში კი ფრედ 0:0 დასრულდა. 1958 წლის შემდეგ იტალიის ნაკრები პირველად ვერ მოხვდა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე.

სამხრეთი ამერიკის ზონაში ჩილეს ნაკრებს არ გაუმართლა, გუნდს, რომელმაც 2015 და 2016 წლებში ზედიზედ მოიგო კოპა ამერიკა, 2017 წელს კი რუსეთში გათამაშებულ ფიფას კონფედერაციათა თასზე ფინალში ითამაშა.

შესარჩევი ეტაპის დასრულების შემდეგ გაირკვა, რომ ფინალურ ეტაპზე ორი დებიუტანტი ითამაშებდა: ისლანდია და პანამა. ასევე აღმოჩნდა, რომ ისტორიაში პირველად ფინალურ ეტაპზე სამი სკანდინავიური ქვეყანის გუნდი მოხვდა – შვედეთი, დანია და ისლანდია, ასევე ოთხი არაბული ქვეყანა – ეგვიპტე, მაროკო, საუდის არაბეთი და ტუნისი. საინტერესოა ისიც, რომ ფინალისტთაგან ფიფას რეიტინგში ყველაზე დაბლა მასპინძელი იდგა – სტანისლავ ჩერჩესოვის გუნდი 70-ე იყო…

მსოფლიო ჩემპიონატის ოფიციალური ბურთის პრეზენტაცია 2017 წლის 9 ნოემბერს გაიმართა მოსკოვში. ადიდას ტელსტარ 18 ბრაზილია 2014-ის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარებულმა ლეო მესიმ და ბოლო ხუთი მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებულმა წარადგინა: ზინედინ ზიდანმა (1998), კაკამ (2002), ალესანდრო დელ პიერომ (2006), ჩაბი ალონსომ (2010) და ლუკას პოდოლსკიმ (2014).

რუსეთი 2018-ის თილისმა, მხიარული მგელი ზაბივაკა ინტერნეტ-გამოკითხვით შეარჩიეს. ის ახალგაზრდა დიზაინერმა ეკატერინა ბოჩაროვამ დახატა, რომლისგანაც ფიფამ საავტორო უფლება ხუთას დოლარად შეიძინა.

რაც შეეხება ჩემპიონატის ჰიმნს, ის პუერტორიკოელ ნიკი ჯემის ეკუთვნოდა. ავტორთან ერთად კომპოზიციას ამერიკელი მსახიობი და რეპერი უილ სმიტი და კოსოვოელი ერა ისტრეფი ასრულებდნენ. Live it up! – ასე ეწოდება ჯემის სამუშევარს.

2018 წლის 16 მარტს, ჩემპიონატის დაწყებამდე სამი თვით ადრე, ფიფამ ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო და ოფიციალურად დაამტკიცა მსაჯთა ვიდეოდახმარების სისტემა – VAR. ეს ნაბიჯი ბოლო ორ ტურნირზე არბიტრების და თანამსაჯების უხეში შეცდომებით იყო ნაკარნახევი…

ფინალური ეტაპი

ოცდათორმეტი ფინალისტი რვა ჯგუფში 2017 წლის 1 დეკემბერს, კრემლში გამართულ წილისყრაზე განაწილდა. ცერემონიის წინ რვა განთესილი ნაკრები გამოვლინდა – ფიფას რეიტინგის მოწინავე შვიდი გუნდი (გერმანია, ბრაზილია, პორტუგალია, არგენტინა, ბელგია, პოლონეთი, საფრანგეთი) და მასპინძელი რუსეთი, რომელიც იმ დროს 65-ე ადგილზე იდგა.

რუსები A ჯგუფში მოხვდნენ მსოფლიოს ორგზის ჩემპიონთან, წინა ტურნირის მეოთხეადგილოსან ურუგვაისთან, საუდის არაბეთთან და ეგვიპტესთან ერთად. ჩემპიონატის გახსნის თამაშში, მოსკოვის ლუჟნიკებზე, ჩერჩესოვის გუნდმა 5:0 გაანადგურა საუდის არაბეთი. ეს იყო ამ გუნდების მხოლოდ და მხოლოდ მეორე დაპირისპირება 1993 წელს გამართული ამხანაგურის შემდეგ, ამაზე საინტერესო კი ისაა, რომ რუსეთის ეს ნაკრები მხოლოდ მეორე მასპინძელი გახდა, რომელმაც სასტარტო მატჩი ყველაზე დიდი ანგარიშით მოიგო. 1934 წელს, მსოფლიოს მეორე ჩემპიონატზე, იტალიამ 7:1 გაანადგურა ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრები.

ჯგუფის მეორე შეხვედრაში, 15 ივნისს, ურუგვაიმ ხოსე მარია ხიმენესის გვიანი გოლით 1:0 სძლია ეგვიპტეს. აღმოჩნდა, რომ 1970 წლის შემდეგ ურუგვაელებმა პირველად დაიწყეს მსოფლიო ჩემპიონატი გამარჯვებით – მაშინ მათ ისრაელს აჯობეს, 2:0.

ფავორიტებმა მეორე ტურშიც გაიხარეს: რუსებმა ეგვიპტელები დაამარცხეს 3:1, ურუგვაიმ კი საუდელებს სძლია ლუის სუარესის ერთადერთი გოლით. გამარჯვებულებმა ფლეი ოფი გაინაღდეს, სუარესი კი მხოლოდ მეექვსე ურუგვაელი გახდა, რომელმაც მინიმუმ ასჯერ ითამაშა ქვეყნის პირველ გუნდში.

25 ივნისს, უკანასკნელ ტურში, საუდის არაბეთმა 2:1 სძლია ეგვიპტეს და ფინალურ ეტაპზე პირველად გაიმარჯვა 1994 წლის შემდეგ, რაც შეეხება ოსკარ ვაშინგტონ ტაბარესის ურუგვაის, მათ მასპინძლები 3:0 გაანადგურეს სუარესის, კავანის და დენის ჩერიშევის ავტოგოლის წყალობით.

არგენტინა 1998-ის შემდეგ ურუგვაი აღმოჩნდა პირველი, რომელმაც ჯგუფში ყველა თამაში გოლის გაუშვებლად მოიგო, ხოლო რუსეთი ჩემპიონატის პირველი ევროპელი მასპინძელი 1982 წლის ესპანეთის შემდეგ, რომელმაც ჯგუფში პირველი ადგილი კონკურენტს დაუთმო. ასევე: რუსებმა სამხრეთაფრიკელების, როგორც მასპინძელის ანტირეკორდი გაიმეორეს – ჯგუფში 0:3 დამარცხდნენ. საინტერესოა, რომ რვა წლით ადრე ბაფანა ბაფანას (აფრიკელთა მეტსახელია) სწორედ ურუგვაიმ სძლია.

ირანის და მაროკოს მხარდამხარ B ჯგუფში ორი ფავორიტი მოხვდა: სამხრეთი აფრიკა 2010-ის გამარჯვებული ესპანეთი და ევროპის მოქმედი ჩემპიონი პორტუგალია. 15 ივნისი, მეორე სათამაშო დღე, სწორედ ამ უკანასკნელთა დაპირისპირებით დასრულდა.

3:3 – ასე დამთავრდა სოჭის ოლიმპიურ სტადიონზე მეზობლების 35-ე დაპირისპირება, რომელმაც ფეხბურთის მოყვარულებზე წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა. პორტუგალიელთა ლიდერი კრიშტიანუ რონალდუ იმ დღეს შეუჩერებელი იყო – მადრიდის რეალის სუპერვარსკვლავმა ჰეთ-თრიქი შეასრულა და 33 წლისა ყველაზე ასაკოვანი გახდა, რომელმაც ეს შეძლო. მან ნიდერლანდელი რობ რენსენბრინკის შედეგი გააუმჯობესა, რომელმაც 1978 წელს, 30 წლის ასაკში გაუტანა სამი გოლი ირანს.

საინტერესოა ისიც, რომ რონალდუ პირველივე გოლით, მე-4 წუთზე ზუსტად შესრულებული თერთმეტმეტრიანით ფეხბურთის მეფის, პელეს და გერმანელების, უვე ზეელერის და მიროსლავ კლოზეს გვერდით დადგა – მხოლოდ ამ ოთხმა მოთამაშემ მოახერხა მსოფლიოს ოთხ ჩემპიონატზე გოლის გატანა.

აქვე რონალდუს მესამე საოცარ მიღწევაზეც დავწერ: მან ზედიზედ რვა უდიდეს სანაკრებო ტურნირზე შეაგდო გოლი – მსოფლიოს ოთხ და ევროპის ამდენივე ჩემპიონატზე.

რაც შეეხება ესპანეთის ნაკრებს, გუნდმა მსოფლიოს მიჯრით მესამე პირველობაზე ვერ მოიგო საწყისი მატჩი: 2010 წელს ფურია როხა შვეიცარიასთან დამარცხდა, ოთხი წლის შემდეგ კი ნიდერლანდებთან განადგურდა – 1:5. იმის გათვალისწინებით, რომ ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ ეროვნული გუნდის თავკაცი ხულენ ლოპეტეგი პორტუგალიასთან მატჩამდე ორი დღით ადრე დაითხოვა (მის ნაცვლად გუნდს ფერნანდო იერომ უხელმძღვანელა), პირველი თამაშის ვერმოგება გასაკვირი სულაც არ არის. ზემოხსენებული ამბავი კი ესპანურ პრესაში გავრცელებულ ცნობას მოჰყვა, რომლის მიხედვით ლოპეტეგიმ მადრიდის რეალთან ზედ მსოფლიო ჩემპიონატის წინ გააფორმა ხელშეკრულება, თან ისე, რომ ფეხბურთის ფედერაციას არაფერი შეატყობინა…

მეორე ტურში იეროს ბიჭებმა დიდი ძალისხმევით, მხოლოდ 1:0 სძლიეს ირანს, რომელმაც პირველ ტურში მაროკოს აჯობა მსაჯის მიერ დამატებულ მეხუთე წუთზე გატანილი გოლით.

რაც შეეხება პორტუგალიას, ევროპის ჩემპიონებმა მაროკოს რონალდუს ერთადერთი ზუსტი დარტყმით სძლიეს. ამ გოლით კრიშტიანუმ მორიგი, ამჯერად ევროპული რეკორდი მიითვალა – 85-ე სანაკრებო ბურთი შეაგდო და ლეგენდარული უნგრელის, ფერენც პუშკაშის მიღწევა ერთით გააუმჯობესა. მათზე მეტი გოლი ევროპელ მოთამაშეს ნაკრებში არ გაუტანია.

მერვედფინალისტები 25 ივნისს გამოვლინდნენ – ესპანეთი და პორტუგალია, თუმცა მათ გვარიანად ანერვიულეს გულშემატკივრები. ფერნანდო იეროს გუნდი მაროკოსთან უკანასკნელ წუთამდე აგებდა, თუმცა 91-ე წუთზე იაგო ასპასმა გაათანაბრა ანგარიში. ამ შეხვედრაში სერხიო რამოსმა ჩავის გადააასწრო – მეთექვსმეტედ ითამაშა მსოფლიო ჩემპიონატზე, რაც ნაკრების ახალი რეკორდი აღმოჩნდა. რაც შეეხება პორტუგალიას, ფერნანდუ სანტუშის გუნდმა გამარჯვება 93-ე წუთზე გაუშვა ხელიდან – ქარიმ ანსარიფარდმა თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან გაქვითა რიკარდუ კუარეშმას ძალიან ლამაზი გოლი (მან ტერფით, ეგრეთ წოდებული აჭრილი დარტყმით შეაგდო ბურთი). კრიშტიანუ რონალდუმ პენალტი გააცუდა – მეკარე ალირეზა ბეირანვანდმა აჯობა.

C ჯგუფში მოხვდა ევროპის ვიცე-ჩემპიონი საფრანგეთი, დანია და კონტინენტურ ფლეი ოფში გამარჯვებული ორი გუნდი – შესარჩევის დასკვნით ფაზაში ჰონდურასის მძლეველი ავსტრალია და ახალი ზელანდიის დამმარცხებელი პერუ.

16 ივნისს ყაზანმა საფრანგეთის და ავსტრალიის ნაკრებთა პაექრობას უმასპინძლა. მოსაწყენი შეხვედრა გამოდგა, თუმცა ერთი მიზეზით ის სამუდამოდ ჩაეწერა ისტორიაში: 56-ე წუთზე ჯოშ რისდონმა ანტუან გრიზმანი საჯარიმოს ხაზთან წააქცია, თუმცა ვიდეოგამეორებაზე აღმოჩნდა, რომ ავსტრალიელმა წესი საჯარიმოში დაარღვია და შესაბამისად, პენალტიც დაინიშნა. და ეს იყო პირველი თერთმეტმეტრიანი, რომელიც მომენტის VAR-ზე გადამოწმებას მოჰყვა! გრიზმანი ზუსტი იყო – 1:0.

ოთხ წუთსა და შვიდ წამში უკვე ფრანგები დაჯარიმდნენ პენალტით და ამით ტურნირის მეორე საინტერესო მიღწევა დაფიქსირდა – ფინალურ ეტაპზე ასე მოკლე ინტერვალით მეტოქეებმა პირველად მოიპოვეს პენალტები. ავსტრალიამ მილე იედინაკის წყალობით გაათანაბრა.

არანაკლებ საინტერესოა ის, თუ როგორ გაიმარჯვეს ფრანგებმა: პოლ პოგბას უძლიერესი დარტყმის შემდეგ ბურთი აზიზ ბეიხს შეეხო, მიმართულება იცვალა და ხარიხას მოხვდა, რის შემდეგაც მეკარე მეთიუ რაიანის უკან, კარში ჩაეშვა. გოლი მსაჯის დამხმარე კიდევ ერთმა სისტემამ დააფიქსირა, რომელმაც დაადასტურა, რომ ბურთმა სრულად გადაკვეთა კარის ხაზი, შესაბამისად, ანგარიში 2:1 გახდა.

მეორე ტურში, 21 ივნისს, ფრანგებმა ეკატერინბურგში ითამაშეს და კილიან მბაპეს ერთადერთი გოლით სძლიეს პერუს. ეს მათი მეორე დაპირისპირება იყო, 1982 წელს გამართული ამხანაგური შეხვედრა სამხრეთამერიკელთა სასარგებლოდ დასრულდა, 2:0.

რაც შეეხება 19 წლის და 183 დღის მბაპეს, ის ყველაზე ახალგაზრდა მეგოლე გახდა საფრანგეთის ნაკრების ისტორიაში მსოფლიო ჩემპიონატებზე. იმავდროულად, მბაპე აღმოჩნდა პირველი მეგოლე, რომელიც ფრანგების პირველი მსოფლიო ტრიუმფის შემდეგ დაიბადა.

საფრანგეთი-დანიის დაპირისპირებას 26 ივნისს მოსკოვმა, ლუჟნიკებმა უმასპინძლა. ევროშეხვედრა 0:0 დასრულდა და ის რუსეთი 2018-ის პირველი უგოლო თამაში გამოდგა, მანამდე ზედიზედ 36 მატჩში მინიმუმ ერთი გოლი გავიდა. ეს კი ახალი რეკორდი იყო – 1954 წელს, შვეიცარიაში, ზედიზედ 26 შედეგიანი შეხვედრა შედგა.

დეშამის ბიჭებმა შვიდი ქულით პირველი ადგილი დაიკავეს, ფლეი ოფის მეორე საგზურს კი დანია დაეუფლა, რომელმაც პერუს სძლია, ავსტრალიასთან კი ქულები გაიყო.

არანაკლებ საინტერესო გამოდგა D ჯგუფის თამაშები, სადაც თავი მოიყარეს ორგზის ჩემპიონმა არგენტინელებმა, საფრანგეთი 1998-ის ბრინჯაოს პრიზიორმა ხორვატიამ, ევრო 2016-ის მთავარმა სენსაციამ, ტურნირის დებიუტანტმა ისლანდიამ და ნიგერიამ.

ემოციური ხორხე სამპაოლის არგენტინამ ისლანდიასთან მატჩით დაიწყო მსოფლიო ჩემპიონატი, რომელსაც ისტორიაში პირველად დაუპირისპირდა. საბოლოო შედეგი მოულოდნელი გამოდგა – 1:1. სერხიო აგუერომ მე-19 წუთზე გაახარა გულშემატკივრები, თუმცა ოთხი წუთის შემდეგ ტაბლოზე 1:1 ენთო – მსოფლიო ჩემპიონატებზე ისლანდიელთა პირველი გოლი ალფრეო ფინბოგასონმა შეაგდო.

64-ე წუთზე სამხრეთამერიკელებს დაწინაურება შეეძლოთ, მაგრამ მესიმ პენალტი ვერ გამოიყენა, მეკარე ჰალდორსონმა აჯობა. იტალია 1990-ის შემდეგ, როცა არგენტინა კამერუნთან დამარცხდა, ალბისელესტემ პირველად ვერ დაიწყო ეს ტურნირი გამარჯვებით.

21 ივნისს სამპაოლის გუნდი ნიჟნი ნოვგოროდში ხორვატიას დაუხვდა, რომელმაც პირველ ტურში ნიგერიას 2:0 სძლია. არგენტინელთა მეორე თამაშის შედეგიც სენსაციური გამოდგა – 3:0 ბალკანელთა სასარგებლოდ! ვილი კაბალიეროს კარი ანტე რებიჩმა, ლუკა მოდრიჩმა და ივან რაკიტიჩმა დალაშქრეს.

ეს იყო არგენტინელთა ყველაზე მწარე მარცხი მსოფლიო ჩემპიონატის პირველ ეტაპზე 1958 წელს ჩეხოსლოვაკიასთან 1:6 განადგურების შემდეგ. ასევე, 1974 წლის შემდეგ თეთრ-ცისფრებმა პირველად ვერ გაიმარჯვეს ფინალური ეტაპის საწყის ორ თამაშში. რაც შეეხება ხორვატიას, ზლატკო დალიჩის გუნდმა ფლეი ოფი გაინაღდა და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, უდიდეს ტურნირზე სამხრეთამერიკელი მეტოქე მეხუთე ცდაზე პირველად დაამარცხა.

სანკტ-პეტერბურგში ნიგერიასთან მატჩის წინ არგენტინელებმა იცოდნენ, რომ ფლეი ოფში გასასვლელად მხოლოდ გამარჯვება სჭირდებოდათ, პარალელურად მიმდინარე ისლანდია-ხორვატიის დაპირისპირებაში კი სკანდინავიელებს არ უნდა მოეგოთ.

ნიგერია მეექვსედ თამაშობდა მსოფლიო ჩემპიონატზე და მეხუთედ მოხვდა ჯგუფში არგენტინასთან ერთად. მათი წინა ოთხი პაექრობა, 1994, 2002, 2010 და 2014 წლებში, ალბისელესტემ მოიგო. თეთრ-ცისფრებმა ამჯერადაც გაიხარეს, თუმცა ძალიან დიდი გაჭირვებით: მესიმ დიდებული გოლით გახსნა ანგარიში მე-14 წუთზე (ეს რუსეთი 2018-ის მეასე გოლი გამოდგა), ვიქტორ მოზესმა 51-ე წუთზე გაათანაბრა პენალტის ნიშნულიდან, გამარჯვების ბურთი კი მარკოს როხომ გაიტანა 86-ე წუთზე.

დიეგო არმანდო მარადონას და გაბრიელ ბატისტუტას შემდეგ, მესი მესამე არგენტინელი გახდა, ვინც მსოფლიოს სამ ჩემპიონატზე შეაგდო ბურთი, თუმცა ამაზე მნიშვნელოვანი ის იყო, რომ მისმა გუნდმა თასისკენ სვლა განაგრძო – ხორვატიამ ისლანდია 90-ე წუთზე გატანილი გოლით დაამარცხა, მერვედფინალში ქულათა მაქსიმუმით გავიდა და არგენტინაც გაიყოლა.

ჩვენი შესარჩევი ჯგუფის პირველადგილოსანი სერბეთი E ჯგუფში მოხვდა ხუთგზის ჩემპიონ ბრაზილიასთან, შვეიცარიასთან და კოსტა რიკასთან ერთად.

პირველ ტურში, 17 ივნისს სამარაში, სერბებმა კაპიტნის, ალექსანდარ კოლაროვის მიერ ჩინებულად შესრულებული საჯარიმო დარტყმით სძლიეს კოსტარიკელებს – 1:0. საინტერესოა, რომ ეს სტანდარტული სიტუაციიდან გატანილი მესამე გოლი გამოდგა რუსეთში, არადა ოთხი წლით ადრე, ბრაზილიაში, საერთო ჯამში ამდენივე საჯარიმო დარტყმა იქცა გოლად.

ბრაზილიამ ქულები გაიყო შვეიცარიასთან – 1:1. იქიდან გამომდინარე, რომ ოთხი წლის წინანდელი ტურნირი სელესაომ ორი მარცხით დაასრულა (ნახევარფინალში გერმანიასთან და მესამე ადგილისთვის შეხვედრაში ნიდერლანდებთან), ეს ბრაზილიის ნაკრების ზედიზედ მესამე მოუგებელი მატჩი იყო ფინალურ ეტაპზე, რაც გუნდის ისტორიაში უარესი მაჩვენებელი ყოფილა 1978 წლის შემდეგ.

ტიტეს მომზადებულ ბრაზილიას ძალიან გაუმართლა, თორემ მომდევნო შეხვედრაშიც გულს დაწყევტდა გულშემატკივრებს: კოსტა რიკას ფელიპე კოუტინიუს (91) და ნეიმარის (97) გვიანი გოლებით სძლია – 2:0. ნეიმარის მიერ შეგდებული ბურთი ტურნირის ისტორიაში ძირითად დროში გატანილი ყველაზე გვიანი გოლი აღმოჩნდა, ასევე ეს დარტყმა სხვა მიზეზითაც გამოდგა მნიშვნელოვანი – სელესაომ ფინალურ ეტაპზე 224-ე გოლი მიითვალა და რეკორდსმენ გერმანიას გაუთანაბრდა.

უკანასკნელ ტურში ბრაზილიელებმა სერბები დაამარცხეს პაულინიუს და ტიაგუ სილვას გოლებით, რის წყალობითაც ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავეს. მეორეზე კი შვეიცარიის ნაკრები გავიდა, რომელმაც კოსტა რიკასთან მოგება 93-ე წუთზე გაუშვა ხელიდან – იან ზომერმა ავტოგოლი მიითვალა. ის მხოლოდ მესამე გოლკიპერი აღმოჩნდა, ვისაც ასე არ გაუმართლა. პირველი უიღბლო ანდონი სუბისარეტა გახლავთ (ნიგერიასთან 1998 წელს), მეორე კი ჰონდურასელი ნოელ ვალიადარესი (ფრანგებთან, 2014-ში).

მსოფლიოს ჩემპიონ გერმანიას F ჯგუფში მეტოქეებად იტალიის მძლეველი შვედეთი, მექსიკა და კორეა ერგო.

იოახიმ ლიოვის გუნდმა ტიტულის დაცვა 17 ივნისს, მოსკოვში, ლუჟნიკებზე მექსიკასთან შეხვედრით დაიწყო, ერთადერთი გოლი კი მექსიკელებმა შეაგდეს – ირვინგ ლოსანომ 35-ე წუთზე დალაშქრა მანუელ ნოიერის კარი. მიუხედავად იმისა, რომ ბუნდესგუნდმა მეტოქის კარის მიმართულებით 26-ჯერ დაარტყა, ქულის გადარჩენა ვერ მოახერხა.

გერმანია მეოთხედ დაუპირისპირდა მექსიკას ფინალურ ეტაპზე და პირველად ვერ აჯობა. მექსიკელებმა კი ისტორიაში მხოლოდ მეორედ სძლიეს გერმანელებს, პირველად 1985 წელს მოგებული ამხანაგურის შემდეგ. საინტერესოა ისიც, რომ გერმანია ფინალურ ეტაპზე პირველად დამარცხდა კონკაკაფის ზონის (ცენტრალური და ჩრდილოეთი ამერიკა) გუნდთან, მექსიკელთა ვეტერანმა მცველმა რაფაელ მარკესმა კი (მან შეცვლაზე ითამაშა), თანამემამულის, ანტონიო კარბახალის და ლეგენდარული გერმანელის, ლოთარ მათეუსის რეკორდი გაიმეორა – მსოფლიოს მეხუთე ჩემპიონატზე ითამაშა.

მეორე ტურში მექსიკელებმა კორეელებს აჯობეს, რომლებიც მანამდე შვედებთან 0:1 დამარცხდნენ. კარლოს ველას და ხავიერ ერნანდესის გოლებს აზიელთაგან მხოლოდ ჰონ-მინ სონმა უპასუხა 93-ე წუთზე. ამ გამარჯვებით მექსიკა ფლეი ოფში გავიდა, ერნანდესმა კი 66-ე წუთზე გატანილი გოლით ორი საინტერესო მიღწევა დააფიქსირა – პირველი მექსიკელი გახდა, ვინც ნაკრებში მინიმუ 50 ბურთი შეაგდო, ამავდროულად, ის კვატემოკ ბლანკოს და რაფაელ მარკესის გვერდით დადგა, მათსავით მსოფლიოს მესამე ჩემპიონატზე გამოიჩინა თავი.

სოჭის ოლიმპიურ სტადიონზე კი, შვედებთან მატჩში, გერმანელებმა 95-ე წუთზე გაიტანეს გამარჯვების ბურთი – ტონი კროოსმა საჯარიმო დარტყმით, მახვილი კუთხიდან დალაშქრა რობინ ოლსენის კარი, 2:1. მოგვიანებით ფიფამ დაადასტურა, რომ კროოსმა 94-ე წუთზე და 39-ე წამზე შეაგდო ბურთი და ეს ახალი რეკორდი გამოდგა, ამაზე გვიან ძირითად დროში გამარჯვების გოლი არასდროს გასულა. წინა მიღწევა იტალიელ ფრანჩესკო ტოტის ეკუთვნოდა, რომელმაც 2006 წელს ავსტრალიას მერვედფინალში 94-ე წუთზე და 26-ე წამზე გაუტანა ბურთი.

იტალია 1990-ზე კოსტა რიკასთან მარცხის შემდეგ შვედეთმა პირველად წააგო ჯგუფის თამაში და პირველ ეტაპზე ათმატჩიანი დაუმარცხებელი სერია დაასრულა, ჯერომ ბოატენგი კი პირველი გერმანელი გახდა მიროსლავ კლოზეს შემდეგ (2010), ვისაც წითელი ბარათი უჩვენეს.

უკანასკნელი ტურის წინ ასეთი სიტუაცია იყო: იმ შემთხვევაში თუ მექსიკა შვედეთს მოუგებდა, ხოლო კორეელები გერმანელებს ორი ბურთის სხვაობით აჯობებდნენ, აზიელები მერვედფინალში იასპარეზებდნენ.

სპეციალისტები აღნიშნავდნენ, რომ ფლეი ოფში კორეელთა გასვლის შანსი მიზერული იყო, თუმცა გუნდმა ბოლომდე იბრძოლა და მართალია დამატებულ დროში, მაგრამ მაინც სასურველი უპირატესობით, 2:0 დაამარცხა მსოფლიოს ჩემპიონი. ოღონდ იმის გამო, რომ მექსიკა შვედეთთან განადგურდა (0:3), კორეა ჯგუფში ჩარჩა.

94-ე წუთზე იონ-ჰვონ კიმმა დალაშქრა ნოიერის კარი, ორ წუთში კი, როცა გერმანელთა მეკარე მეტოქის კარს უტევდა, კორეელებმა სწრაფად გაითამაშეს კონტრშეტევა და ჰონ-მინ სონმაც მეორე ბურთი გაუტანა ბუნდესგუნდს – 2:0!

1938 წლის შემდეგ გერმანია პირველად გამოეთიშა მსოფლიო ჩემპიონატს სასტარტო ეტაპზე, ხოლო საფრანგეთის (2002), იტალიის (2010) და ესპანეთის (2014) შემდეგ მეოთხე მსოფლიოს ჩემპიონი გახდა, რომელმაც ტიტულის დაცვა ჯგუფში დაასრულა. მათი გულშემატკივრებისთვის არანაკლებ თავზარდამცემი იყო ის ფაქტიც, რომ 1950 წლის შემდეგ გერმანია პირველად ვერ მოხვდა რვა საუკეთესო გუნდს შორის. მიუხედავად ამისა, გერმანიის საფეხბურთო კავშირმა იოახიმ ლიოვი არ გაათავისუფლა, მეტიც, მწვრთნელს ევრო 2020-ის დასრულებამდე ანდო გუნდი…

ბოლოსწინა, G ჯგუფში მოხვდნენ ბელგია, ინგლისი, ტუნისი და დებიუტანტი პანამა.

18 ივნისს, სოჭში, წითელმა ეშმაკებმა პანამელები 3:0 (დრის მერტენსი, რომელუ ლუკაკუს დუბლი) გაანადგურეს და საკუთარი რეკორდი გაიმეორეს – 1970 წლის შემდეგ პირველად გაიმარჯვეს ფინალურ ეტაპზე ამ ანგარიშით. 48 წლით ადრე ბელგიელებმა სალვადორელებს აჯობეს.

იმავე დღეს, ვოლგოგრადის არენაზე გარეთ საუთგეიტის გაწვრთნილმა ინგლისმა 91-ე წუთზე გამოსტაცა გამარჯვება ტუნისს – 2:1. ჰარი კეინმა დუბლი შეასრულა და გარი ლინეკერის შემდეგ (1990, კამერუნი) პირველი ინგლისელი გახდა, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატზე შეძლო ეს.

მეორე ტურში ბელგიელებმა ტუნისელები გაანადგურეს (5:2), ინგლისმა კი პანამას უფრო შთამბეჭდავად აჯობა – 6:1. ამით ორივე გუნდი ფლეი ოფში გავიდა.

ლუკაკუმ კვლავ ორი გოლი გაიტანა და დიეგო მარადონას შემდეგ გახდა პირველი, რომელმაც ზედიზედ ორი დუბლი მიითვალა. რაც შეეხება პანამელებთან შესრულებული ჰეთ-თრიქის ავტორს ჰარი კეინს, მისი მიღწევები უფრო შთამბეჭდავია:
კეინი ლინეკერის შემდეგ მხოლოდ მეორე ინგლისელი აღმოჩნდა, ვინც მსოფლიო ჩემპიონატის ზედიზედ ორ თამაშში ხუთი გოლი გაიტანა!

პოლონელი გრჟეგოჟ ლიატოს შემდეგ (1974) კეინი პირველია, ვინც ფინალური ეტაპის პირველი ორი შეხვედრა მინიმუმ ორი გოლით დაასრულა!

კეინი მხოლოდ მესამე ინგლისელია, რომელმაც ჰეთ-თრიქი უდიდეს საფეხბურთო ტურნირზე შეასრულა, ჯეფრი ჰერსტის (1966, გფრ) და გარი ლინეკერის (1986, პოლონეთი) შემდეგ.

რაც შეეხება ჯონ სტოუნზს, ის გახდა პირველი ინგლისელი მცველი, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატის თამაშში ორი გოლი გაიტანა.

რადგან მესამე ტურის წინ ფლეი ოფის მონაწილეები და ჯგუფში ჩარჩენილები ცნობილი იყო, გუნდებმა შემადგენლობები გადაახალისეს. ევროპულ ჯახში ბელგიელებმა გაიხარეს, ადნან იანუზაიმ შეაგდო ერთადერთი გოლი და 1936 წლის შემდეგ ბელგიამ პირველად დაამარცხა ინგლისი. თავის მხრივ, ფეხბურთის სამშობლოს მთავარმა გუნდმა 1986 წლის შემდეგ (0:1 პორტუგალიასთან) პირველად ვერ გაიტანა გოლი მსოფლიო ჩემპიონატის თამაშში.

რაც შეეხება მაჩანჩალათა შეხვედრას, სარანსკის მორდოვია არენაზე ტუნისმა 2:1 აჯობა პანამას. სერბეთ-მონტენეგროს და ტოგოს (ორივე 2006) შემდეგ პანამა პირველი დებიუტანტი გახდა, რომელმაც უდიდეს საფეხბურთო ტურნირზე სამივე თამაში წააგო, ხოლო ტუნისელი იასინ მერია ფინალურ ეტაპზე გატანილი 50-ე ავტოგოლის ავტორი.

A ჯგუფის შემდეგ H ჯგუფი გამოდგა მეორე, სადაც მხოლოდ ერთი ევროპული გუნდი მოხვდა – პოლონეთი. მსოფლიო ჩემპიონატის წინ პოლონეთი მერვე ადგილზე იდგა ფიფას რეიტინგში, მაგრამ ადამ ნავალკას გუნდმა რუსეთში კატასტროფულად ითამაშა და ფლეი ოფში გასვლის შანსი მეორე ტურშივე დაკარგა.

მერვედფინალში კი გამოცდილი არგენტინელი მწვრთნელის ხოსე პეკერმანის მომზადებული კოლუმბიელები და იაპონელები გავიდნენ. პირველ ტურში სწორედ ისინი დაუპირისპირდნენ ერთმანეთს – აზიელებმა 2:1 მოიგეს. იაპონია პირველი აზიური გუნდი გახდა, რომელმაც ფინალურ ეტაპზე სამხრეთი ამერიკის წარმომადგენელი დაამარცხა, ხოლო ხუან ფერნანდო კუინტერო პირველი კოლუმბიელი, ვინც მსოფლიოს ორ ჩემპიონატზე მოახერხა გოლის გატანა.

24 ივნისს, მეორე ტურში, იაპონიამ და სენეგალმა ქულები გაიყვეს – 2:2, პეკერმანის კოლუმბიამ კი იერი მინას, რადამელ ფალკაოს და ხუან კუადრადოს სამი უპასუხო გოლით პოლონელები გაანადგურა.

პოლონეთი რუსეთი 2018-ის პირველი ევროპელი მონაწილე გამოდგა, რომელმაც ფლეი ოფში გასვლის შანსი დაკარგა, ხოლო 24 ივნისი ყველაზე შედეგიანი სათამაშო დღე ტურნირის ისტორიაში – სამ შეხვედრაში 14 გოლი ვიხილეთ, ასეთი რამ კი მხოლოდ მეორედ მოხდა. პირველად 1990 წლის 14 ივნისს, იტალიაში.

მერვედფინალისტები 28 ივნისს, უკანასკნელ ტურში გამოვლინდნენ: კოლუმბიამ იერი მინას გოლით სძლია სენეგალს და პირველი ადგილით გავიდა მეორე ეტაპზე, იაპონია კი, მიუხედავად იმისა, რომ პოლონეთთან იგივე ანგარიშით დამარცხდა, მეორე ადგილოსნის სტატუსით.

ირანის და სერბეთის შემდეგ სენეგალი მესამე გუნდი გამოდგა, რომელიც ჯგუფში ჩარჩა პირველი თამაშის მოგების მიუხედავად. არანაკლებ საინტერესოა ის, რაც მათი მარცხის შემდეგ გაირკვა – ფინალურ ეტაპზე მერვედფინალების შემოღების შემდეგ, 1986 წლიდან, ფლეი ოფში აფრიკული გუნდი ვერ მოხვდა.

მერვედფინალიდან ფინალამდე

მეორე ეტაპი 30 ივნისს ორი დიდებული მერვედფინალით დაიწყო, იმ დღეს მსოფლიოს სამი და ევროპის მოქმედი ჩემპიონი ვიხილეთ – საფრანგეთი არგენტინის, ხოლო ურუგვაი პორტუგალიის წინააღმდეგ.

მატჩი, რომელსაც ყაზანმა უმასპინძლა, ფინალსაც დაამშვენებდა – ევროპის და სამხრეთი ამერიკის ვიცე-ჩემპიონთა დაპირისპირება დიდიე დეშამის გუნდის მშვენიერი გამარჯვებით დასრულდა, ფრანგებმა 4:3 აჯობეს არგენტინელებს! ისინი მესამედ შეხვდნენ ფინალურ ეტაპზე და ევროპელებმა პირველად გაიმარჯვეს. 1930 წელს, პირველ მსოფლიო ჩემპიონატზე არგენტინელებმა 1:0 მოიგეს, 1978 წელს, სამშობლოში კი 2:1.

ყაზან არენის ტრიბუნებზე მყოფმა 43 ათასამდე გულშემატკივარმა და ტელეეკრანებთან შეკრებილმა მილიონობით ქომაგმა საოცარი დაპირისპირება და როგორც ტურნირის დასრულების შემდეგ გაირკვა, ჩემპიონატის ულამაზესი გოლიც იხილა – ბენჟამინ პავარმა 57-ე წუთზე საოცარი დარტყმით გაათანაბრა ანგარიში, 2:2.

მანამდე არგენტინა გაბრიელ მერკადოს გოლით დაწინაურდა 48-ე წუთზე, პირველი ნახევარი კი 1:1 დასრულდა – გრიზმანის პენალტს 41-ე წუთზე ანხელ დი მარიამ უპასუხა ეფექტური ბურთით.

64-ე და 68-ე წუთებზე კი ტურნირის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად აღიარებული კილიან მბაპეს ჯერი დადგა: პარი სენ-ჟერმენის გოლეადორმა დუბლი შეასრულა! და ის გახდა პირველი თინეიჯერი პელეს შემდეგ, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატის ერთ შეხვედრაში ორი გოლი შეაგდო!

მსაჯის მიერ დამატებულ მესამე წუთზე სერხიო აგუერომაც გაიტანა, მაგრამ იმ ბურთმა მხოლოდ ანგარიში შეცვალა, მეოთხედფინალისტის ვინაობა კი იგივე დარჩა.

1986 წლის შემდეგ პირველად მოხდა, რომ მერვედფინალში შეგდებული სამი გოლის მიუხედავად, გუნდმა ასპარეზობა დაასრულა. მაშინ, მექსიკაში, ბელგიამ იგივე ანგარიშით მოუგო საბჭოთა კავშირის ნაკრებს…

ინგლისურმა გაზეთმა ინდეფენდენთმა საფრანგეთი-არგენტინის მერვედფინალი ტურნირის ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო თამაშად დაასახელა, სამფერების მწვრთნელმა დიდიე დეშამმა კი ფრანგული რეკორდი დაამყარა: მე-80 შეხვედრაში უხელმძღვანელა ნაკრებს და წინამორბედს, რაიმონ დომენეკს გადაასწრო.

ლეო მესის შემდეგ ტურნირს კრიშტიანუ რონალდუც დაემშვიდობა, რომლის პორტუგალია დაძაბულ, თუმცა ნაკლებად სანახაობრივ მერვედფინალში ვერას გახდა ურუგვაისთან – 1:2. ედინსონ კავანიმ დუბლი შეასრულა, მის ორ გოლს შორის კი პეპემ გამოიჩინა თავი.

ეს უკანასკნელი, ვინც იმ დღეს 35 წლის და 124 დღის გახლდათ, პორტუგალიის ნაკრების ყველაზე ასაკოვანი მეგოლე გახდა ფინალურ ეტაპზე, ხოლო ურუგვაიმ 1930 წელს, შინ მოგებული ფიფას ოქროს თასის შემდეგ, პირველად მოიგო ერთ ჩემპიონატზე საწყისი ოთხი თამაში.

1 ივლისს მეოთხედფინალისტი ჯერ მოსკოვში, ლუჟნიკებზე გამოვლინდა: მასპინძელთა ნაკრებმა ესპანელები პენალტების სერიის დახმარებით შეაჩერა – 4:3 ძირითად და დამატებით დროში 1:1-ის შემდეგ. რუსებმა ყველა დარტყმა გამოიყენეს, იეროს გუნდიდან კი კოკემ და იაგო ასპასმა ვერ ივარგეს.

რუსეთის ნაკრები პირველად მოხვდა რვა საუკეთესოს შორის, ესპანეთი კი მეოთხედ დამარცხდა ჩემპიონატის მასპინძელთან (0:1 იტალიასთან 1934 წელს, 1:6 ბრაზილიასთან – 1950 და პენალტებში წაგება კორეელებთან 2002-ში). 38 წლის და 352 დღის სერგეი იგნაშევიჩი, რომელმაც მე-12 წუთზე საკუთარ კარში შეაგდო ბურთი, ავტოგოლის ყველაზე ასაკოვანი ავტორი გახდა, ალექსანდრ იეროხინი კი პირველი ისტორიაში, რომელიც მეოთხე შევიდა შეცვლაზე. ფიფამ მეოთხე მოთამაშის შეცვლა მხოლოდ დამატებით დროში დააკანონა…

დღის მეორე მერვედფინალში, ხორვატიასა და დანიას შორის, მეოთხე წუთისთვის ანგარიში 1:1 იყო – მათიას იორგენსენმა პირველივე წუთზე დააწინაურა გუნდი, მარიო მანჯუკიჩმა კი მე-4 წუთზე შეაგდო საპასუხო გოლი. ამის მიუხედავად, საქმე მაინც პენალტების სერიამდე მივიდა, იქ კი ზლატკო დალიჩის ბიჭებს უფრო მტკიცე ნერვები აღმოაჩნდათ – 3:2. სადებიუტო, 1998 წლის ჩემპიონატის შემდეგ ხორვატია პირველად გავიდა მეოთხედფინალში.

2 ივლისს, სამარაში, ბრაზილია 41-ედ დაუპირისპირდა მექსიკის ნაკრებს, აქედან მთავარ საფეხბურთო ტურნირზე მეხუთედ და ისევე როგორც წინა ოთხ შემთხვევაში, კვლავ არ გაუშვა გოლი, ამჯერად 2:0. ნეიმარის და რობერტო ფირმინოს ზუსტ დარტყმებს მექსიკელებმა ვერაფრით უპასუხეს.

1986 წლიდან დაწყებული მექსიკის ნაკრები მეშვიდედ გამოეთიშა მსოფლიო ჩემპიონატს მერვედფინალში, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. სელესაომ კი ფინალურ ეტაპზე გატანილი გოლების რაოდენობა 228-მდე გაზარდა და კიდევ ერთხელ ჩამოიტოვა გერმანიის ნაკრები, რომელსაც ჯგუფური ეტაპის შემდეგ რეკორდს უყოფდა.

იმავე დღეს, როსტოვში გამართული ბელგია-იაპონიის დაპირისპირება კი დრამატულად დასრულდა: 52-ე წუთისთვის აზიელები ორი ბურთით იგებდნენ, თუმცა მსაჯის საფინალო სასტვენის დროს ტაბლოზე 3:2 ენთო ბელგიელთა სასარგებლოდ.

რობერტო მარტინესის მომზადებულმა გუნდმა თამაშის გადარჩენა არაადამიანური ძალისხმევით მოახერხა: ჯერ იან ვერტონგენმა შეამცირა სხვაობა, 74-ე წუთზე მარუან ფელაინიმ გაათანაბრა ანგარიში, მეოთხე დამატებულ წუთზე კი ბელგიელებმა დიდებულად გაითამაშეს კონტრიერიში და შეტევაში ჩართულმა ნასერ ჩადლიმ მესამე ბურთი შეაგდო ეიჯი კავაშიმას კარში. აღსანიშნავია რომელუ ლუკაკუს დიდებული თამაში იმ ეპიზოდში, თავდამსხმელმა ბურთი გაატარა და ჩადლი მეკარესთან პირისპირ დატოვა.

ბელგიის ნაკრები ისტორიაში პირველად გავიდა ზედიზედ ორი დიდი საფეხბურთო ტურნირის მეოთხედფინალში. ამავე დროს, 1966 წლის პორტუგალიის შემდეგ, ეს ბელგია პირველი გუნდი გახდა, რომელმაც ფლეი ოფის თამაში ორბურთიანი ჩამორჩენის მიუხედავად მოიგო. მაშინ, ინგლისში, პორტუგალიელებმა ჩრდილოკორეელები 5:3 დაამარცხეს, არადა სამი ბურთით აგებდნენ…

მეოთხედფინალური წყვილები 3 ივლისს დაკომპლექტდა: სანკტ-პეტერბურგში შვედებმა ემილ ფორსბერგის ერთადერთი გოლით სძლიეს შვეიცარიელებს, მოსკოვის სპარტაკის ახალ სტადიონზე, ატკრიტიე არენაზე კი ინგლისმა პენალტების სერიაში მოუგო კოლუმბიას.

საუთგეიტის გუნდმა ბეწვის ხიდზე გაიარა: ჯერ იყო და მესამე დამატებულ წუთზე გაუშვა გოლი – კოლუმბიელთა ტანმაღალმა მცველმა იერი მინამ ხუან კუადრადროს მიერ მოწოდებული კუთხურის შემდეგ გაათანაბრა ანგარიში, საფეხბურთო ლატარეაში კი პირველი სამი დარტყმის შემდეგ აგებდა – 2:3. თუმცა სამხრეთამერიკელებმა ბოლო ორი ცდა გააფუჭეს და 3:4 დამარცხდნენ.

ინგლისის ნაკრებმა ფიფას ოქროს თასის გათამაშებების ისტორიაში პირველად მოიგო პენალტების სერია, ხოლო ევროპის ჩემპიონატების ჩათვლით მხოლოდ მეორედ, 1996 წელს ესპანელებთან გამარჯვების შემდეგ.

ჰარი კეინი კი, ვინც 57-ე წუთზე პენალტის ნიშნულიდან გახსნა ანგარიში, ტომი ლოუტონის შემდეგ (1939) პირველი ინგლისელი გახდა, რომელმაც ნაკრების მაისურით ზედიზედ ექვს შეხვედრაში შეაგდო გოლი.

მსოფლიო ჩემპიონატი ორდღიანი შესვენების შემდეგ 6 ივლისს განახლდა. ნიჟნი ნოვგოროდსა და ყაზანში გამართული კონტინენტური დუელები ევროპელების გამარჯვებით დასრულდა – საფრანგეთმა 2:0 დაამარცხა ურუგვაი და მსოფლიოს კიდევ ერთი ჩემპიონი გაუშვა შინ, ბრაზილიას კი ბელგიამ აჯობა – 2:1. სანამ მთავარ ამბებზე დავწერ, უნდა აღვნიშნო, რომ ორივე მეოთხედფინალი მშვენიერი გამოდგა, განსაკუთრებით კი საღამოს თამაში.

ჯერ იყო ურუგვაი-საფრანგეთი და ურუგვაი პირველად დამარცხდა საფრანგეთთან. 1966 წელს, ინგლისში, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონებმა 2:1 გაიხარეს, 2002 (კორეა-იაპონია) და 2010 (სამხრეთი აფრიკა) წლებში კი გუნდები უგოლოდ დაშორდნენ ერთმანეთს.

სამხრეთამერიკელებმა ზედიზედ მესამედ ვერ დალაშქრეს ფრანგების კარი, ამ უკანასკნელებმა კი ორი გოლი გაიტანეს – ანგარიში რაფაელ ვარანემ გახსნა, ხოლო ანტუან გრიზმანმა მეორე გოლი შეაგდო. ამ გამარჯვებით დიდიე დეშამის გუნდმა ორი საინტერესო რეკორდი გაიმეორა. პირველი – ნიდერლანდები 1974-ის შემდეგ მხოლოდ მეორე ევროპული გუნდი გახდა, რომელმაც მსოფლიოს ერთ ჩემპიონატზე სამი სამხრეთამერიკული მეტოქე დაამარცხა; მეორე – ფინალურ ეტაპზე ზედიზედ მეათე შეხვედრაში არ დამარცხდა სამხრეთამერიკელებთან (1978 წელს არგენტინასთან 1:2-ის შემდეგ) და ამით იტალიის გვერდით დადგა. სკუადრა აძურას იგივე შედეგი ჰქონდა 1982-2010 წლებში…

საღამოს ბელგიის და ბრაზილიის ნაკრები გუნდები დადგნენ ერთმანეთის პირისპირ და 1963 წელს, ბრიუსელში მოგებული ამხანაგური მატჩის შემდეგ წითელმა ეშმაკებმა პირველად სძლიეს მეტოქეს. სხვათა შორის, ეს იყო ამ გუნდების პირველი პაექრობა მსოფლიოს 2002 წლის ჩემპიონატის შემდეგ, მაშინ სელესაომ 2:0 მოიგო მერვედფინალი.

ბელგია ფერნანდინიოს ავტოგოლით დაწინაურდა, მეორე ბურთი კი დიდებულად მოთამაშე კევინ დე ბრუინმა შეაგდო 31-ე წუთზე. თუ საკუთარ კარში ბურთი შემგდებ უიღბლოებს არ ჩავთვლი, დე ბრუინი მეასე გახდა, ვინც ამ მსოფლიო ჩემპიონატზე გოლი გაიტანა…

ბრაზილიამ ორი გოლიდან მხოლოდ ერთი გაქვითა: 76-ე წუთზე რენატო აუგუშტომ დალაშქრა ტიბო კურტუას კარი, 1:2. უკანასკნელ წამებზე გოლკიპერმა ნეიმარს არ გაატანინა. 1986 წლის შემდეგ ბელგია პირველად გავიდა ნახევარფინალში, ბრაზილიამ კი 2016 წლის მარტის შემდეგ (2:2 პარაგვაისთან) პირველად გაუშვა ერთ შეხვედრაში ორი ბურთი…

7 ივლისის მეოთხედფინალები ნაკლებად ეფექტური გამოდგა, განსაკუთრებით შვედეთის და ინგლისის მატჩი. ჰარი მაგუაიერის და დელე ალის გოლებს სკანდინავიელებმა ვერაფრით უპასუხეს და ორი ფრეს შემდეგ (2002 – 1:1, 2006 – 2:2), პირველად დამარცხდნენ ალბიონელებთან ფინალურ ეტაპზე.

გარეთ საუთგეიტის გუნდის მეტოქე რამდენიმე საათში გამოვლინდა: სოჭის ოლიმპიურ სარბიელზე რუსეთი ხორვატიას დაუხვდა და ძირითად და დამატებით დროში 2:2-ის შემდეგ პენალტების სერიაში 3:4 დამარცხდა.

რუსები დენის ჩერიშევის ეფექტური გოლით დაწინაურდნენ, თუმცა როცა გუნდები შესვენებაზე გავიდნენ, ანგარიში 1:1 იყო – მარიო მანჯუკიჩის პასით ანდრეი კრამარიჩმა გაათანაბრა. დამატებით დროში, 101-ე წუთზე, ბალკანელები შეტევაში ჩართულმა დომაგოი ვიდამ დააწინაურა (კუთხურის შემდეგ), 115-ე წუთზე კი კიდევ ერთხელ გათანაბრდა ანგარიში – რუსეთის მოქალაქეობამიღებულმა მარიო ფერნანდესმა თავურით დალაშქრა დანიელ სუბაშიჩის კარი. პენალტების სერიაში ხორვატებმა მხოლოდ ერთი დარტყმა გააფუჭეს (მატეო კოვაჩიჩი) და 5:3 გამარჯვებით ნახევარფინალში გავიდნენ.

რუსეთის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის პირველი მასპინძელი გახდა, რომელმაც ორ სერიაში მიიღო მონაწილეობა, ხორვატია კი პირველი 1990 წლის არგენტინის შემდეგ, რომელმაც ორი წრე გაიარა საფეხბურთო ლატარიის წყალობით…

ნახევარფინალური ეტაპი ჯერ კიდევ დაწყებამდე გახდა ისტორიული: პირველი, 1930 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ რუსეთი 2018 აღმოჩნდა პირველი ტურნირი, რომლის საუკეთესო ოთხ გუნდში ვერც ბრაზილია მოხვდა და ვერც გერმანია. ამასთანავე, ეს იყო პირველი ნახევარფინალური ეტაპი 1966 წლის შემდეგ, რომელშიც არ მონაწილეობდა რამდენიმეგზის ჩემპიონი. და ბოლოს: ისტორიაში მეხუთედ, ხოლო 2006 წლის შემდეგ პირველად, თასისთვის მხოლოდ ევროპის გუნდები იბრძოდნენ.

10 ივლისს სანკტ-პეტერბურგში საფრანგეთმა და ბელგიამ ითამაშეს. ეს მათი პირველი დაპირისპირება იყო 2015 წლის ამხანაგურის შემდეგ (მაშინ ბელგიამ 4:3 გაიმარჯვა), ხოლო ფინალურ ეტაპზე – მესამე. წინა ორი თამაში, 1938 წლის მერვედფინალი და 1986 წლის მესამე ადგილისთვის შეხვედრა ფრანგებმა მოიგეს და ამჯერადაც მათ გაიხარეს: სამუელ უმტიტის მიერ 51-ე წუთზე გატანილი გოლი ერთადერთი გამოდგა.

2016 წელს, ესპანეთთან წაგებული ამხანაგურის შემდეგ, რობერტო მარტინესის გაწვრთნილი ბელგია პირველად დამარცხდა, საფრანგეთი კი მესამედ გავიდა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში, 1998 და 2006 წლების შემდეგ. ეს მესამე საუკეთესო შედეგია ევროპის გუნდებს შორის, გერმანიის (8) და იტალიის (6) შემდეგ.

მეორე ფინალისტი 11 ივლისს, მოსკოვში, ლუჟნიკებზე გამოვლინდა: ხორვატებმა კვლავ ბოლომდე იბრძოლეს, ყველაფერი გააკეთეს რაც შეეძლოთ და დამსახურებულად გაიხარეს – 2:1 დამატებით დროში და ისტორიული, პირველი ფინალი.

ინგლისი კიერან ტრიპიერის მიერ ჩინებულად შესრულებული საჯარიმო დარტყმით დაწინაურდა მეხუთე წუთზე. ბრაზილიელი ვავას შემდეგ (1958 წელს, საფრანგეთთან), მან ყველაზე მალე გახსნა ანგარიში ნახევარფინალში.

ხორვატებმა მხოლოდ 68-ე წუთზე გაათანაბრეს: ივან პერიშიჩმა დააგვირგვინა შეტევა. ის ერთ-ერთი საუკეთესო გახლდათ არა მხოლოდ ნახევარფინალში, მთლიანად ამ ჩემპიონატზე.

მეორე დამატებითი ტაიმის დასაწყისში ხორვატია მარიო მანჯუკიჩმა დააწინაურა: პერიშიჩის გადაცემის შემდეგ შანსი არ დაუტოვა ჯორდან პიკფორდს, 2:1.

ხორვატიის ნაკრები მეცამეტე გუნდი გახდა, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა. და პირველი, ერთ ტურნირზე ფლეი ოფის სამი ისეთი თამაში რომ მოიგო, რომელსაც აგებდა. და კიდევ: ინგლისის 1990 წლის ნაკრების შემდეგ ეს ხორვატია აღმოჩნდა მხოლოდ მეორე გუნდი, რომელმაც ერთ მსოფლიო ჩემპიონატზე სამი 120-წუთიანი შეხვედრა ჩაატარა…

14 ივლისს ბრინჯაოს მედლები გათამაშდა: ისევე როგორც ჯგუფში, ბელგიამ კვლავ დაამარცხა ინგლისი, თუმცა ამჯერად ორი ბურთით და ისტორიაში საუკეთესო შედეგი აჩვენა. თავის მხრივ, საუთგეიტის გუნდისთვის ეს საიუბილეო, მეასე მატჩი იყო მსოფლიო-ევროპის ჩემპიონატების ფინალურ ეტაპზე (შესაბამისად 69 და 31) და ყველაზე კარგი ფინიში 1990 წლის შემდეგ. ინგლისელები მაშინაც მეოთხე ადგილზე გავიდნენ.

ანგარიში მე-4 წუთზე გახსა თომას მუნიემ. ის მეათე ბელგიელი გამოდგა, რომელმაც ამ ტურნირზე გოლი გაიტანა, ეს კი საფრანგეთის (1982) და იტალიის (2006) ნაკრებთა რეკორდის გამეორება იყო. რაც შეეხება მეორე ბურთს, ის ედენ აზარის ანგარიშზეა, რომელმაც კევინ დე ბრუინის გადაცემით გაიხარა. ფიფას სპეციალურმა კომისიამ აზარი ტურნირის მეორე საუკეთესო მოთამაშედ დაასახელა და ვერცხლის ბურთით დააჯილდოვა…

ფინალი

გადამწყვეტი თამაში ტურნირის ისტორიაში მეცხრე ევროპული ფინალი გამოდგა, ხორვატია კი მეათე ევროპული, საერთო ჯამში კი მეცამეტე გუნდი, რომელმაც უკანასკნელ შეხვედრაში ასპარეზობის უფლება მოიპოვა.

ეს იყო ამ ორი გუნდის მეექვსე დაპირისპირება და საფრანგეთი ყველაზე მნიშვნელოვან თამაშს დაუმარცხებლად შეხვდა: სხვადასხვა დროს სამჯერ სძლია მეტოქეს, ორი შეხვედრა კი ფრედ დასრულდა.

ფიფას მსაჯთა კომიტეტმა ფინალი არგენტინელ ნესტორ პიტანას ანდო. თანამემამულე ექტორ ელისონდოს შემდეგ (2006), ის მხოლოდ მეორე არბიტრი გახდა, რომელიც ერთი მსოფლიო ჩემპიონატის პირველ და უკანასკნელ შეხვედრას მოემსახურა. ამავდროულად, პიტანასთვის ფინალი რუსეთი 2018-ის მეხუთე თამაში იყო, რითაც ეს რეკორდიც გაიმეორა…

თამაში ხორვატებმა დაიწყეს, ანგარიში კი ფრანგებმა გახსნეს მე-18 წუთზე. ანტუან გრიზმანი მეტოქესთან ორთაბრძოლისას წაიქცა (ბევრი მიმომხილველის აზრით, ფრანგმა იმ ეპიზოდში მსახიობის მონაცემები გამოავლინა) და მსაჯმაც საჯარიმო დარტყმა დანიშნა. ბურთი გრიზმანმა ჩააწოდა, მარიო მანჯუკიჩმა კი თავით სცადა მოგერიება, მაგრამ უნებლიედ თავისი გუნდის კარში შეაგდო. ის გახდა პირველი, რომელმაც ფინალში საკუთარი კარი დალაშქრა.

ათ წუთში ანგარიში გათანაბრდა: ივან პერიშიჩმა, ვინც კვლავ ერთ-ერთი საუკეთესო გახლდათ ხორვატთა შორის, მშვენივრად ითამაშა და უძლიერესი დარტყმით უგო ლორისის კარის მარცხენა კუთხეში შეაგდო ბურთი – 1:1.

ათი წუთის შემდეგ კიდევ ერთხელ შეიცვალა ანგარიში: ბლაიზე მატუიდისთან ორთაბრძოლაში პერიშიჩმა ხელით ითამაშა, არგენტინელმა არბიტრმა ის ეპიზოდი ვიდეოჩანაწერზე გადაამოწმა და თერთმეტმეტრიანი საჯარიმო დარტყმა დანიშნა. გრიზმანი ზუსტი იყო – 2:1. იმ მომენტში მსაჯის ვერდიქტმა აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. მაგალითად, ინგლისის ნაკრების ვეტერანმა ალან შირერმა თქვა, რომ ასეთი ეპიზოდის გამო ფინალში პენალტი არ უნდა დაინიშნოს, მისი ყოფილი თანაგუნდელის კრის უოდლის აზრით კი განაჩენი სამართლიანი იყო…

გადამწყვეტი გამოდგა მეორე ტაიმის დასაწყისი, როცა დიდიე დეშამის გუნდმა ხუთწუთიან მონაკვეთში ორჯერ დალაშქრა სუბაშიჩის კარი. ორივე საგოლე შეტევაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს პოლ პოგბამ და კილიან მბაპემ, ამ უკანასკნელმა მარჯვენა ფრანგზე ძალიან დაჩაგრა მეურვეები.

59-ე წუთზე პოგბამ გაახარა გულშემატკივრები: ჯერ მარჯვენა ფეხით სცადა გოლის გატანა, თუმცა დარტყმას მცველები გადაეფარნენ, წამში კი ნახევარმცველმა მარცხენათი შეუტია ხორვატთა კარს და გუნდის უპირატესობაც გააორმაგა – 3:1.

65-ე წუთზე მბაპემ გაიხარა, მანაც შორეული დარტყმით შეაგდო და ფეხბურთის მეფის, პელეს შემდეგ მეორე თინეიჯერი გახდა, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გამოიჩინა თავი.

69-ე წუთზე მანჯუკიჩმა თამაშის დასაწყისში დაშვებული შეცდომა გამოასწორა და სხვაობა ორ ბურთამდე შეამცირა – ბოლომდე სდია ბურთს, ლორისთან პირისპირ დარჩენილმა კი მეკარეს უყურადღებოდ თამაში არ აპატია, ბურთს ტერფი დროულად შეაგება და კარში გადაგზავნა – 4:2.

დარჩენილ დროში ანგარიში აღარ შეცვლილა და საფრანგეთის ნაკრებიც, 1966 წლის შემდეგ ყველაზე შედეგიანი ფინალის მოგებისთანავე, მეორედ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი!

„ძალიან გამიმართლა, რომ ამ ორი უდიდესი გამარჯვების უშუალო თვითმხილველი და მონაწილე ვარ… რაც ბიჭებმა ამ დღეებში გააკეთეს, ისტორიას დარჩება, ჩემთვის კი ძალიან საინტერესო იყო თასისკენ სვლა. ეს დაუვიწყარი თავგადასავალი იყო“! – განაცხადა დეშამმა. მარიო ლობო ზაგალოს და ფრანც ბეკენბაუერის შემდეგ ის გახდა მესამე, რომელმაც უდიდესი საფეხბურთო ტურნირი ფეხბურთელის და მწვრთნელის რანგში მოიგო. 1998 წელს, სამფერების პირველი ტრიუმფის დროს, დეშამი ნაკრების კაპიტანი გახლდათ.

ფიფას თავკაცმა ჯანი ინფანტინომ (მან ორი წლით ადრე შეცვალა იოზეფ ბლატერი) ფინალს საპატიო სტუმართა ლოჟიდან ადევნა თვალი მასპინძელი ქვეყნის პირველ პირთან და საფრანგეთის და ხორვატიის პრეზიდენტებთან, ემანუელ მაკრონთან და კოლინდა გრაბარ-კიტაროვიჩთან ერთად. ეს უკანასკნელი ნაკრების მაისურში გამოწყობილი დაესწრო მატჩს, თუმცა ამან მის რჩეულ ბიჭებს ვერ უშველა – ინფანტინომ ოქროს თასი მაკრონის თანამემამულეებს გადასცა. დაჯილდოების კადრები, თავსხმა წვიმაში მოედნის ცენტრში მდგარი გალუმპული ჩემპიონები და ოფიციალური პირები, მგონი, დღესაც ბევრს გვახსოვს…

მოგვიანებით ფიფამ ოფიციალური მონაცემები გაგვაცნო: ფინალის საერთო ტელეაუდიტორიამ მილიარდ 120 მილიონს გადააჭარბა, საფრანგეთსა და ხორვატიაში კი ტელემაყურებელთა საერთო რაოდენობის 86,7 და 88,6 პროცენტი საფეხბურთო რეპორტაჟს უყურებდა…

რუსეთი 2018 – ზოგადი ცნობები

*-ყველაზე ძვირად ღირებული მსოფლიო ჩემპიონატი – საორგანიზაციო კომიტეტმა საერთო ჯამში 14,2 მილიარდი აშშ დოლარი დახარჯა (მათ შორის სხვადასხვა დანიშნულების შენობა-ნაგებობების, გზების, აეროპორტების და რკინიგზის აგება-განახლება-კეთილმოწყობაზე).
*-პირველი მსოფლიო ჩემპიონატი აღმოსავლეთ ევროპაში და პირველი მსოფლიო ჩემპიონატი, რომლის შესარჩევში მონაწილეობის სურვილი ფიფას წევრმა ყველა ქვეყანამ დაადასტურა.
*-პირველი მსოფლიო ჩემპიონატი მსაჯთა ვიდეოდახმარების სისტემით, VAR-ით.
*-პირველი მსოფლიო ჩემპიონატი ურუგვაი 1930-ის შემდეგ, რომლის ნახევარფინალში არ უთამაშია ბრაზილიის ან გერმანიის ნაკრებს.
*-პირველი მსოფლიო ჩემპიონატი 2006 წლის შემდეგ, ხოლო ისტორიაში მეხუთე, რომლის ნახევარფინალში მხოლოდ ევროპის გუნდები გავიდნენ.
*-ფინალურ ეტაპზე მერვედფინალების შემოღების შემდეგ, ეს იყო პირველი ტურნირი, რომლის ფლეი ოფშიც აფრიკული გუნდები ვერ მოხვდნენ.
*-მონაწილეობდა 32 გუნდი (ევროპა – 14; სამხრეთი ამერიკა – 6; აფრიკა – 5; აზია – 5; ცენტრალური და ჩრდილოეთი ამერიკა – 3).
*-64 თამაშში 169 გოლი გავიდა, საშუალოდ მატჩში 2,64.
*-მთლიანი დასწრება – 3 031 768, საშუალოდ მატჩზე 47 371 გულშემატკივარი.

15 ივლისი, 2018. მსოფლიოს XXI ჩემპიონატის ფინალი. რუსეთი, მოსკოვი, ლუჟნიკები. 78 011
საფრანგეთი 4:2 ხორვატია
გოლები: 1:0 მარიო მანჯუკიჩი (18, სკ), 1:1 ივან პერიშიჩი (28), 2:1 ანტუან გრიზმანი (38), 3:1 პოლ პოგბა (59), 4:1 კილიან მბაპე (65), 4:2 მარიო მანჯუკიჩი (69)
საფრანგეთი: უგო ლორისი, ბენჟამინ პავარი, რაფაელ ვარანე, სამუელ უმტიტი, ლუკას ერნანდესი, პოლ პოგბა, ნგოლო კანტე (სტივენ ნძონძი 55), კილიან მბაპე, ანტუან გრიზმანი, ბლაიზე მატუიდი (კორენტინ ტოლისო 73), ოლივიე ჟირუ (ნაბილ ფეკირი 81)
მწვრთნელი: დიდიე დეშამი
ხორვატია: დანიელ სუბაშიჩი, სიმე ვრშალკო, დეიან ლოვრენი, დომაგოი ვიდა, ივან სტრინიჩი (მარკო პიაცა 81), ივან რაკიტიჩი, მარსელო ბროზოვიჩი, ანტე რებიჩი (ანდრეი კრამარიჩი 71), ლუკა მოდრიჩი (კაპ), ივან პერიშიჩი, მარიო მანჯუკიჩი
მწვრთნელი: ზლატკო დალიჩი
გაფრთხილება: ნგოლო კანტე, ლუკას ერნანდესი, სიმე ვრშალკო
მსაჯები: ნესტორ პიტანა; ერნან მაიდანა, ხუან პაბლო ბელატი (ყველა არგენტინა)

საუკეთესო ბომბარდირი (ოქროს ბუცი):
ჰარი კეინი (ინგლისი)
– 6 გოლი
ანტუან გრიზმანი (საფრანგეთი) – 4 გოლი (2 საგოლე გადაცემა)
რომელუ ლუკაკუ (ბელგია) – 4 გოლი (1 საგოლე გადაცემა)

საუკეთესო ფეხბურთელი (ოქროს ბურთი):
1.ლუკა მოდრიჩი (ხორვატია)
2.ედენ აზარი (ბელგია)
3.ანტუან გრიზმანი (საფრანგეთი)

საუკეთესო ახალგაზრდა: კილიან მბაპე (საფრანგეთი)
საუკეთესო მეკარე (ადიდასის ოქროს ხელთათმანი): ტიბო კურტუა (ბელგია)

ტურნირის სიმბოლური ნაკრები (ფიფა; სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით)
მეკარე: ტიბო კურტუა (ბელგია)
მცველები: ანდრეას გრანკვისტი (შვედეთი), ტიაგუ სილვა (ბრაზილია), რაფაელ ვარანე (საფრანგეთი), იერი მინა (კოლუმბია)
ნახევარმცველები: დენის ჩერიშევი (რუსეთი), ფელიპე კოუტინიუ (ბრაზილია), ლუკა მოდრიჩი (ხორვატია)
თავდამსხმელები: ჰარი კეინი (ინგლისი), ანტუან გრიზმანი (საფრანგეთი), ედენ აზარი (ბელგია)

ტურნირის სიმბოლური ნაკრები (ფიფას ონლაინ-გამოკითხვა)
მეკარე: ტიბო კურტუა (ბელგია)
მცველები: მარსელუ (ბრაზილია), ტიაგუ სილვა (ბრაზილია), რაფაელ ვარანე (საფრანგეთი), დიეგო გოდინი (ურუგვაი)
ნახევარმცველები: კევინ დე ბრუინი (ბელგია), ფელიპე კოუტინიუ (ბრაზილია), ლუკა მოდრიჩი (ხორვატია)
თავდამსხმელები: ჰარი კეინი (ინგლისი), კილიან მბაპე (საფრანგეთი), კრიშტიანუ რონალდუ (პორტუგალია)

მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონი საფრანგეთი ნაკრები
მეკარეები: 1.უგო ლორისი (ლონდონის ტოტენჰემ ჰოთსფური, ინგლისი), 16.სტივ მანდანდა (მარსელის ოლიმპიკი), 23.ალფონსე არეოლა (პარი სენ-ჟერმენი)
მცველები: 2.ბენჟამინ პავარი (შტუტგარტი, გერმანია), 3.პრესნელ კიმპემბე (პარი სენ-ჟერმენი), 4.რაფაელ ვარანე (მადრიდის რეალი, ესპანეთი), 5.სამუელ უმტიტი (ბარსელონა, ესპანეთი), 17.ადილ რამი (მარსელის ოლიმპიკი), 19.ჯიბრილ სიდიბე (ლიონი), 21.ლუკას ერნანდესი (მადრიდის ატლეტიკო, ესპანეთი), 22.ბენჯამინ მენდი (მანჩესტერ სიტი, ინგლისი)
ნახევარმცველები: 6.პოლ პოგბა (მანჩესტერ იუნაიტედი, ინგლისი), 12.კორენტინ ტოლისო (მიუნხენის ბაიერნი, გერმანია), 13.ნგოლო კანტე (ლონდონის ჩელსი, ინგლისი), 14.ბლაიზე მატუიდი (ტურინის იუვენტუსი, იტალია), 15.სტივენ ნძონძი (სევილია, ესპანეთი)
თავდამსხმელები: 7.ანტუან გრიზმანი (მადრიდის ატლეტიკო, ესპანეთი), 8.თომა ლემარი (მონაკო), 9.ოლივიე ჟირუ (ლონდონის ჩელსი, ინგლისი), 10.კილიან მბაპე (პარი სენ-ჟერმენი), 11.უსმანე დემბელე (ბარსელონა, ესპანეთი), 18.ნაბილ ფეკილი (ლიონი), 20.ფლორიან თოვინი (მარსელის ოლიმპიკი)
მწვრთნელი: დიდიე დეშამი

ლაშა გოდუაძე (2022 წლის 12 ნოემბერი)
ფოტო:
FIFA.com; ინტერნეტი

ka_GEGeorgian