მსოფლიო ჩემპიონატების ისტორია: საფრანგეთი 1938
ურუგვაი 1930-ის შემდეგ ფიფას მესვეურებმა განაცხადეს, რომ უდიდესი საფეხბურთო ტურნირი ევროპასა და სამხრეთ ამერიკაში მონაცვლეობით ჩატარდებოდა.
1934 წელს ნიკეს ოქროს თასი ევროპაში, იტალიაში გათამაშდა. აქედან გამომდინარე ელოდნენ, რომ ფიფა არგენტინის ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალურ თხოვნას დააკმაყოფილებდა და სამხრეთ ამერიკის ერთ-ერთ უდიდეს ქვეყანას მასპინძლად დაასახელებდა, თუმცა 1936 წლის 13 აგვისტოს, ჯერ კიდევ ერთიანი გერმანიის დედაქალაქ ბერლინში გამართულ კონგრესზე, დელეგატებმა მასპინძლობის პატივი საფრანგეთს უბოძეს. მაშინ ითქვა, რომ ამ ნაბიჯით მსოფლიო ფეხბურთის სათავეში მდგომმა ხალხმა ფიფას პრეზიდენტს და ტურნირის ფუძემდებელს, ჟიულ რიმეს მიაგო პატივი. ცნობისათვის: საფრანგეთის და არგენტინის გარდა მასპინძლობისთვის გერმანიაც იბრძოდა…
ქალღრმერთ ნიკეს თასის მესამე გათამაშებაში მონაწილეობის სურვილი ორმოცამდე ქვეყნის ნაკრებმა გამოთქვა, თუმცა ეს რიცხვი თანდათან შემცირდა. ბერლინური გადაწყვეტილების შემდეგ, პროტესტის ნიშნად, თამაში იუარა არგენტინამ. მეზობლებს ურუგვაიმაც მიბაძა, ბრიტანელებთან დაკავშირებით კი სიტუაცია უცვლელი დარჩა – მათ კვლავ გაერთიანებული სამეფოს ჩემპიონის ტიტულისთვის ბრძოლა არჩიეს.
ფიფას გადაწყვეტილებით, მსოფლიოს ჩემპიონი იტალია და მასპინძელი საფრანგეთი შესარჩევი ტურნირისგან გათავისუფლდნენ. 1938 წლიდან დაწყებული მასპინძელი საკვალიფიკაციო თამაშებში არ მონაწილეობს, თასის მფლობელი კი 2006 წლამდე ასევე თავისუფალი იყო შესარჩევი ეტაპიდან.
სიახლე იყო ისიც, რომ ფიფამ ფინალურ ეტაპზე გასული გუნდების მგზავრობის ხარჯის ანაზღაურება იკისრა, თუმცა დააზუსტა: მონაწილეებს დანახარჯს მხოლოდ იმ შემთხვევაში გაუსწორებდა, თუ ისინი მეორე კლასის მომსახურებით ისარგებლებდნენ.
რაც შეეხება ფიფას ახალ მოთხოვნას, ეს მოთამაშეთა მკაცრი რეგისტრაცია იყო: გუნდების შემადგენლობა ოცდაორი მოთამაშით განისაზღვრა.
წინა პირველობის მსგავსად, ფინალურ ეტაპზე კვლავ ოთხი კონტინენტის წარმომადგენლები მოხვდნენ. განსხვავება მხოლოდ ის იყო, რომ საფრანგეთში აფრიკის ნაცვლად – და ტურნირის ისტორიაში პირველად – აზიის წარმომადგენელმა იასპარეზა. ეს პატივი ნიდერლანდების აღმოსავლეთი ინდოეთის (დღევანდელი ინდონეზია) ნაკრებს ერგო, რომელმაც საგზური თამაშის გარეშე მოიპოვა – კონკურენტმა იაპონიამ ასპარეზობა იუარა.
საინტერესოა თუ რატომ არ ითამაშა აფრიკის წარმომადგენელმა ეგვიპტემ. მათ მეტოქედ რუმინეთი ერგოთ, მატჩის დღედ კი ფიფამ 1937 წლის 17 დეკემბერი დაამტკიცა. ეს თარიღი მიუღებელი აღმოჩნდა ეგვიპტელთათვის, რადგან ისლამური კალენდრით მეცხრე თვეს და წმინდა რამადანს ემთხვეოდა. ამ პერიოდში მუსულმანები განთიადიდან მზის ჩასვლამდე მარხულობენ, ბევრ რამეზე ამბობენ უარს და მათ შორის ფეხბურთის თამაშზეც. ამ მიზეზით ეგვიპტე რუმინეთში არ ჩავიდა, შესაბამისად, ევროპელებმაც უბრძოლველად დაძლიეს საკვალიფიკაციო ეტაპი.
ჩრდილოეთი და ცენტრალური ამერიკის ზონიდან საფრანგეთში თამაშის უფლება კუბის ნაკრებმა მიიღო, თუმცა ასევე შესარჩევიების გარეშე – აშშ, კოლუმბია, კოსტა რიკა, მექსიკა, სალვადორი და ჰოლანდიის გვიანა (ახლანდელი სურინამი) განზე გადგნენ.
1936-1939 წლების სამოქალაქო ომის გამო ჩემპიონატს მიღმა დარჩა ესპანეთი, რომელიც გახდა პირველი ქვეყანა, სამხედრო დაპირისპირების გამო რომ გამოტოვა გათამაშება.
შესარჩევი ეტაპის დასრულების შემდეგ გაირკვა, რომ ფინალურ ეტაპზე მხოლოდ სამი არაევროპული გუნდი ითამაშებდა – ბრაზილია, კუბა და ნიდერლანდების აღმოსავლეთი ინდოეთი. ეს ტურნირის რეკორდია – უდიდეს საფეხბურთო შეჯიბრებაში არასდროს მიუღია მონაწილეობა ასე ცოტა გუნდს სხვა კონტინენტებიდან.
საფრანგეთში უნდა ეთამაშა იმ წლების ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო ნაკრებს, იტალია 1934-ის ნახევარფინალისტს და ბერლინის 1936 წლის ოლიმპიადის ვერცხლის მედალოსან ავსტრიას, რომელმაც 1937 წლის 5 ოქტომბერს, ვენაში ლატვიასთან 2:1 მოგებით მოიპოვა ეს უფლება.
თუმცა ბებერ კონტინენტზე განვითარებული ამბების გამო, ასე არ მოხდა: 1938 წლის მარტში ნაცისტურმა გერმანიამ ავსტრია დაიპყრო (ანშლუსი) და მეზობელი რამდენიმე წლით მიიერთა. ფიფას, რომელიც ადოლფ ჰიტლერის და მისი მიზნების წინაშე უძლური იყო, შეეძლო საკვალიფიკაციო ეტაპზე ავსტრიის მიერ ძლეული ლატვიის მიწვევა, თუმცა ასე არ მოიქცა.
გერმანიასთან იძულებით შეერთების შემდეგ, ბევრმა კარგმა ავსტრიელმა მოთამაშემ ბუნდესნაკრებში გადაინაცვლა, რამდენიმემ კი, მაგალითად სახელოვანმა მატიას ზინდელარმა, ასპარეზობაზე (და შესაბამისად, მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობაზე) უარი თქვა.
ფეხბურთის მოცარტად აღიარებული ზინდელარი იმ დროს 35 წლის გახლდათ და გერმანიის ნაკრებში თამაში ასაკის გამო იუარა, თუმცა ავსტრიელებმა, და მით უმეტეს ნაცისტებმა, მშვენივრად იცოდნენ, რომ ეს დიდებული მოთამაშე პროტესტს უცხადებდა დამპყრობლებს.
ნაცისტური რეჟიმის იდეოლოგთა ინიციატივით, 1938 წლის 3 აპრილს, ვენაში, გერმანია ოკუპირებულ ავსტრიას დაუპირისპირდა. ადოლფ ჰიტლერის დამქაშთა გადაწყვეტილებით თამაში ავსტრიის, როგორც მაშინ ითქვა „შინ, რაიხში დაბრუნებას“ მიეძღვნა. ორგანიზატორებს სურდათ, რომ ავსტრიელებს შავი ფორმით ეთამაშათ, თუმცა გუნდის კაპიტნის, ზინდელარის გადაწყვეტილებით, ავსტრიელები ტრადიციული ეკიპირებით – წითელი მაისურებით, თეთრი შორტებით და წითელი გეტრებით გავიდნენ მინდორზე და ორი უპასუხო ბურთითაც გაიმარჯვეს. ერთი გოლი ზინდელარმა შეაგდო, მეორე კარლ სესტამ.
ეს იყო მატიას ზინდელარის უკანასკნელი თამაში ავსტრიის ნაკრებში. რამდენიმე თვეში, 1939 წლის 23 იანვარს, ის ვენაში, ნაქირავებ სახლში იპოვეს გარდაცვლილი მეგობარ გოგონასთან, კამილა კასტანიოლასთან ერთად. ოფიციალურ მიზეზად უბედური შემთხვევა, ბუნებრივი აირით მოწამვლა დასახელდა, თუმცა ამბობენ, რომ წყვილს ნაცისტები და მათი საიდუმლო პოლიციამ – გესტაპო გაუსწორდა.
1998 წელს მატიას ზინდელარი ავსტრიის XX საუკუნის საუკეთესო სპორტსმენად დაასახელეს, ერთი წლის შემდეგ კი ფეხბურთის ისტორიის და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ (IFFHS) ის უდიდეს ავსტრიელ მოთამაშედ აღიარა…
ფინალური ეტაპი
ოთხი წლით ადრე იტალიაში გამოცდილი ფორმატი – ოლიმპიური სისტემა – უცვლელი დარჩა, მასპინძელი ქალაქების რაოდენობა კი გაიზარდა: თუ აპენინის ნახევარკუნძულზე რვა ქალაქში გაიმართა მატჩები, 1938 წელს ეს პატივი ცხრას ხვდა წილად: პარიზს (კოლომბი და პარკ დე პრინსი), მარსელს (ველოდრომი), ბორდოს (პარკ ლესკუ), სტრასბურს (ლა მეინო), ავრს (მუნისიპალი), რეიმსს (ველოდრომ მუნისიპალი), ლილს (ვიქტორ ბუკო), ანტიბს (ფორ კარე) და ტულუზს.
ავსტრიის გერმანიასთან მიერთების გამო, ფინალურ ეტაპზე თხუთმეტმა გუნდმა მოიყარა თავი. ფიფას გადაწყვეტილებით, ერთ-ერთ ფინალისტს პირველი ეტაპი უბრძოლველად უნდა გაევლო და პარიზში გამართულ წილისყრაზე ბედმა შვედეთს გაუღიმა. საგულისხმოა, რომ მასპინძელი საფრანგეთი, ჩემპიონი იტალია, ასევე გერმანია, ჩეხოსლოვაკია, უნგრეთი, ბრაზილია და კუბა მერვედფინალის წილისყრის წინ განთესილთა შორის მოხვდნენ…
ნიდერლანდების აღმოსავლეთი ინდოეთი უნგრეთთან შერცხვა: ალფრედ შაფერის გაწვრთნილმა გუნდმა მეტოქეს ექვსი უპასუხო გოლი გაუტანა, აქედან ხუთი პირველ 35 წუთში.
ასევე დიდი ანგარიშით წააგო ნიდერლანდებმა, თუმცა იმ განსხვავებით, რომ ჩეხოსლოვაკიასთან ბოლომდე იბრძოლა და ყველა გოლი მხოლოდ დამატებით დროში გაუშვა – 0:3.
პირველი ეტაპის დანარჩენ წყვილებში კი გამარჯვებულები დაძაბული ბრძოლების შემდეგ გამოვლინდნენ: ორ წყვილში გადათამაშება დაინიშნა, სამში – დამატებითი დრო.
თასის მფლობელმა იტალიამ მარსელში ნორვეგიის არცთუ ძლიერი გუნდის წინააღმდეგობა დიდი გაჭირვებით, მხოლოდ დამატებით დროში დაძლია. სერია ა-ს ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირმა, რომის ლაციოს შემტევმა სილვიო პიოლამ გამარჯვების გოლი 94-ე წუთზე გაიტანა – 2:1.
სათქმელია, რომ ძირითადი დროის დასრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე სკანდინავიელთა ფორვარდმა არნე ბრუსტადმა იტალიელთა კარში მეორე გოლი შეაგდო (83-ე წუთზე მანვე გაათანაბრა ანგარიში), თუმცა გერმანელმა არბიტრმა ალოის ბერანეკმა ბურთი არ ჩათვალა. მატჩის პირველი გოლი კი პიეტრო ფერარისმა მიითვალა მე-2 წუთზე.
ცნობისათვის: ორი წლით ადრე, 1936 წელს, როცა იტალიამ ბერლინის ოლიმპიადა მოიგო, სკუადრა აძურამ ნახევარფინალში სწორედ ნორვეგია დაამარცხა. იტალიელებმა მაშინაც 2:1 მოიგეს, თუმცა მხოლოდ დამატებით დროში, სკანდინავიელთა ერთადერთი გოლი კი იმ შეხვედრაშიც არნე ბრუსტადმა შეაგდო…
ასევე ერთი გოლის უპირატესობით გაიმარჯვა სამხრეთი ამერიკის ერთადერთმა წარმომადგენელმა ბრაზილიამ. სელესაომ დამატებით დროში სძლია პოლონეთს – 6:5. გეცოდინებათ: სტრასბურში, სტად დე ლა მეინოზე გამართულ ამ მატჩს დღეს ჩემპიონატების ისტორიაში ყველა დროის ათ საუკეთესო შეხვედრას შორის ასახელებენ.
მსოფლიო ფეხბურთის იმდროინდელმა ვარსკვლავმა ლეონიდასმა, რომელსაც ჟურნალისტებმა დიამანტე ნეგრო – შავი მარგალიტი შეარქვეს, პოლონელებთან ჰეთ-თრიქი შეასრულა: მე-18 წუთზე გახსნა ანგარიში, დამატებით დროში კი კიდევ ორჯერ დაარტყა ზუსტად. უდიდესი საფეხბურთო ტურნირის რამდენიმე მკვლევარი მას პოლონელთა კარში შეგდებულ ოთხ გოლს მიაწერს, თუმცა ფიფას ოფიციალური მონაცემით, ბრაზილიელი ფორვარდის აქტივში ჰეთ-თრიქია მითითებული.
ოთხი ბურთი კი წესების სრული დაცვით პოლონელთა თავდამსხმელმა ერნსტ ვილიმოვსკიმ გაიტანა, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში პირველი პოკერის ავტორად შევიდა. ხოჟუვის რუხის გოლეადორმა 53-ე, 59-ე, 89-ე და 118-ე წუთებზე გამოიჩინა თავი, თუმცა გუნდი მაინც ვერ გადაარჩინა. და ეს ერთადერთი შემთხვევაა ისტორიაში, როცა ფეხბურთელმა ოთხი გოლით დასაჯა მეტოქე, მისი გუნდი კი დამარცხდა.
ერნსტ ვილიმოვსკი პოლონეთის პირველი გუნდის ღირსებას 1934-1939 წლებში იცავდა და 22 მატჩში 21 ბურთი შეაგდო. მას შემდეგ კი, რაც ნაცისტურმა გერმანიამ მისი სამშობლოც დაიპყრო, თავდამსხმელმა ჯერ მიუნხენ 1860-ის, შემდეგ კი ბუნდესგუნდის მაისური მოირგო და 1941-1942 წლებში ერთიანი გერმანიის ნაკრებში 8 მატჩში 13-ჯერ გამოიჩინა თავი. მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ ის პოლონეთში აღარ დაბრუნდა – გერმანიაში დარჩა და იქვე გარდაიცვალა, 1997 წლის 30 აგვისტოს, კარლსრუეში, 81 წლისა.
რაც შეეხება პოლონეთს, მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე თეთრ-წითლები მეორედ მხოლოდ 1974 წელს მოხვდნენ, როცა ოქროს თასი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში გათამაშდა. მაშინ პოლონელებმა მესამე ადგილისთვის შეხვედრაში სწორედ ბრაზილიელებს სძლიეს – 1:0…
დავუბრუნდები 1938 წელს: ცხრა(!) ავსტრიელით გაძლიერებული გერმანია საწყის ეტაპზე შერცხვა მეორე მეზობელთან, შვეიცარიასთან. პირველი მერვედფინალი 1:1 დასრულდა. გადათამაშებაში გერმანელები ვენის ადმირას თავდამსხმელის ვილჰემ ჰანემანის და შვეიცარიელი ერნსტ ლიორჩერის ავტოგოლით იგებდნენ, თუმცა 2:4 დამარცხდნენ.
ამბობენ, რომ შვეიცარიელებმა სწორედ ამ შეხვედრაში გამოიყენეს დაცვაზე ორიენტირებული განლაგება ფეხბურთელების დაზღვევით, რასაც ჟურნალისტებმა შვეიცარიული ბოქლომი უწოდეს. სწორედ ის იქცა საქვეყნოდ ცნობილი კატენაჩოს პირველ ვარიანტად…
მერვედფინალური ბარიერი დაძლია კუბამ. კუნძულელებმა რუმინელებთან პირველი თამაში 3:3 დაასრულეს (დამატებითი დრო), გადათამაშება კი 2:1 მოიგეს – ექტორ სოკორომ 51-ე წუთზე გაქვითა შტეფენ დობაის გოლი, ტომას ფერნანდესმა კი 53-ე წუთზე შეაგდო გამარჯვების გოლი – 2:1.
რაც შეეხება მასპინძლებს, მათ პარიზში, კოლომბზე, იოლად მოუგეს ბელგიას – 3:1.
1/4-ფინალში საფრანგეთი ჩემპიონ იტალიას გადაეყარა. სკუადრა აძურა, რომელსაც კვლავ ვიტორიო პოცო წვრთნიდა, აშკარად ძლიერი იყო: მეორე ნახევარში სილვიო პიოლამ დუბლი შეასრულა, მასპინძლებმა კი ვერაფრით უპასუხეს – 3:1 და იტალია ზედიზედ მეორედ გავიდა ნახევარფინალში. ცნობილია, რომ ფრანგების პროტესტის მიუხედავად, იტალიამ მთლიანად შავი ფორმით ითამაშა. ეს იმ დროს ნაცისტური რეჟიმის მხარდაჭერად ითვლებოდა…
პირველი ეტაპის მთავარი სენსაციის ავტორი კუბა მეოთხედფინალში უბრძოლველად გასულმა შვედეთმა 8:0 გაანადგურა. ამ შეხვედრაში ორმა სკანდინავიელმა შეასრულა ჰეთ-თრიქი – ჰარი ემანუელ ანდერსონმა და გუსტავ ვეტერსტრიომმა. ერთი გუნდის ორმა წევრმა ეს მსოფლიო ჩემპიონატებზე პირველად მოახერხა. კუბელებს ერთადერთი საგოლე შანსი 42-ე წუთზე ჰქონდათ, თუმცა ტომას ფერნანდესმა პენალტი ვერ გამოიყენა – მეკარე ჰენოკ აბრაჰამსონმა აჯობა.
ყველაზე დაძაბული მეოთხედფინალი კი ბრაზილიის და მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონის, ჩეხოსლოვაკიის პაექრობა გამოდგა, რომელსაც დღეს ბორდოს ბრძოლის სახელითაც მოიხსენიებენ. ნახევარფინალისტი მხოლოდ გადათამაშებამ გამოავლინა.
12 ივნისს, პარკ ლესკუზე გამართული მატჩი ძალიან უხეში გამოდგა: ისტორიაში პირველად მსაჯმა (უნგრელი პალ ფონ ჰერცკა) ერთბაშად სამი ფეხბურთელი გააძევა! ბრაზილიელი ჟოზე მენდეშ ზეზე პროკოპიო მეათე წუთზე, სელესაოს კაპიტანი მარტიმ მერსიუ და სილვეირა და ჩეხოსლოვაკიელი იან რჟიხა კი ზედ შესვენების წინ. მეორედ ასეთი რამ 1954 წელს, შვეიცარიაში მოხდა უნგრეთის და ბრაზილიის ნაკრებთა მატჩში, ბერნის ომად ცნობილ დაპირისპირებაში.
ხაზგასასმელია ისიც, რომ ბრაზილიამ მეოთხედფინალი ექვსი(!), ხოლო ჩეხოსლოვაკიამ ცხრა(!) მოთამაშით დაასრულა: ლეონიდასი, პერასიუ და კიდევ ერთი ბრაზილიელი თამაშის მიწურულს დაშავდნენ და ნაადრევად დატოვეს მინდორი, ხოლო ჩეხოსლოვაკიელთა გოლკიპერმა და კაპიტანმა ფრანტიშეკ პლანიჩკამ მარჯვენა ხელი, საუკეთესო თავდამსხმელმა ოლდრიხ ნეედლიმ კი მარჯვენა ფეხი მოიტეხა. ნეედლისგან განსხვავებით პლანიჩკამ თამაში დაასრულა.
ბორდოს ბრძოლა 1:1 დასრულდა: ლეონიდასის მიერ 30-ე წუთზე გატანილი ბურთი ნეედლიმ 65-ე წუთზე გაქვითა ზუსტი თერთმეტმეტრიანით.
ორ დღეში მეტოქეები კვლავ დადგნენ ერთმანეთის პირისპირ, თუმცა გადახალისებული შემადგენლობებით: ბრაზილიელთა შორის ცხრა ახალი მოთამაშე გამოჩნდა, მეტოქის რიგებში – ხუთი.
პირველად ჩეხოსლოვაკია დაწინაურდა: ვლასტიმილ კოპეცკიმ 25-ე წუთზე გახსნა ანგარიში, მაგრამ საბოლოოდ მაინც ბრაზილიელებმა გაიხარეს – 57-ე წუთზე ლეონიდასმა გაათანაბრა ანგარიში, ხუთ წუთში კი რობერტუმ მეორე ბურთი შეაგდო – 2:1. ფიფა ლეონიდასს ორივე გოლს უთვლიდა, თუმცა შემდეგ ინფორმაცია გადამოწმდა და 2006 წლიდან გამარჯვების გოლის ავტორად რობერტუ ითვლება…
ნახევარფინალები 16 ივნისს გაიმართა. ზუსტად იმ დღეს შვედეთის მეფე გუსტავ V 80 წლისა მოიყარა. სკანდინავიელებს გულით სურდათ მეფის გახარება და 35-ე წამზე(!) ანგარიშიც გახსნეს – არნე ნიბერგმა დაარტყა ზუსტად, თუმცა მეტოქე ძალიან ძლიერი იყო: უნგრეთმა ტაიმი 3:1, მატჩი კი 5:1 მოიგო.
მეორე ფინალისტი იტალია-ბრაზილიის დაპირისპირებაში გამოვლინდა: ჯინო კოლაუსის გოლით და ჯუზეპე მეაცას პენალტით სკუადრა აძურამ 2:1 გაიმარჯვა. ბრაზილიელებმა ერთადერთი საპასუხო ბურთი 87-ე წუთზე შეაგდეს.
სელესაოს მთავარმა მწვრთნელმა ადემარ პიმენტამ მატჩის წინ უცნაური გადაწყვეტილება მიიღო: ჩათვალა, რომ მისი გუნდი იტალიას ლეონიდასის გარეშეც დაამარცხებდა და საუკეთესო მოთამაშე, რომელსაც ტერფი აწუხებდა, სათადარიგოთა შორის დატოვა. ვერავინ იტყვის მოიგებდა თუ არა ბრაზილია ლეონიდასთან ერთად, თუმცა მისი არყოფნით შეტევას დიდი ძალა რომ დააკლდა, ეს ყველამ დაინახა.
ბრაზილიამ საფრანგეთი ბრინჯაოს მედლებით დატოვა: დასვენებულმა და ტრავმამოშუშებულმა შავმა მარგალიტმა 19 ივნისს, ბორდოში, მესამე ადგილისთვის შეხვედრაში დუბლი შეასრულა, სელესაომ კი 4:2 გაიმარჯვა. არადა 38-ე წუთისთვის შვედეთი ორი ბურთით იგებდა…
ფინალი
გადამწყვეტი მატჩი და მესამე ადგილისთვის შეხვედრა ერთსა და იმავე დღეს, 19 ივნისს შედგა. პარკ ლესკუზე ბრინჯაოს მედლების გათამაშების შემდეგ პარიზში, კოლომბზე, იტალია და უნგრეთი ჩემპიონის გამოსავლენად გავიდნენ მინდორზე.
XX საუკუნის 30-იან წლებში იტალია მსოფლიოს საუკეთესო საფეხბურთო გუნდი იყო და ეს ფინალშიც კარგად გამოჩნდა – 4:2.
იტალიური ფეხბურთის მემატიანეები წერენ, რომ პარიზული პაექრობის წინ ნაკრების თავკაცმა ვიტორიო პოცომ ფეხბურთელებს ბენიტო მუსოლინის ელვა-დეპეშა წაუკითხა. დუჩე ბიჭებს მხოლოდ ერთი წინადადებით მიმართავდა: გამარჯვება ან სიკვდილი! ეს მოკლე მოწოდება მხოლოდ პატრიოტიზმის გაღვივებას რომ არ ისახავდა მიზნად, თითოეულმა იტალიელმა შესანიშნავად იცოდა.
პოცოს გუნდმა პირველი წუთიდანვე აქტიურად შეუტია მეტოქეს და შესვენებაზე ორბურთიანი უპირატესობითაც გავიდა: ჯინო კოლაუსის დუბლს და სილვიო პიოლას გოლს უნგრელებმა მხოლოდ პალ ტიტკოშის ზუსტი დარტყმით უპასუხეს. მეორე ტაიმში შეტეგიანი შეტევები გაიცვალა: უნგრელთა კაპიტნის, დიორდი შაროშის ზუსტ დარტყმას პიოლამ მეორე ბურთით უპასუხა – 4:2.
ნიკეს ოქროს თასი აპენინელთა კაპიტანს, ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო იტალიელ ფეხბურთელს ჯუზეპე მეაცას საფრანგეთის პრეზიდენტმა ალბერ ლებრუნმა გადასცა…
იტალია გახდა პირველი გუნდი, რომელმაც მთავარი საფეხბურთო თასი შეინარჩუნა, ხოლო ტრიუმფატორთა თავკაცი ვიტორიო პოცო დღემდე ერთადერთია, რომელმაც ორჯერ აიყვანა გუნდი საფეხბურთო ოლიმპზე.
რაც შეეხება ინდივიდუალურ პრიზებს: ლეონიდასმა ყველაზე მეტი, 7 გოლი გაიტანა და ნომერ პირველი ბომბარდირის სტატუსთან ერთად საუკეთესო ფეხბურთელის არაოფიციალური წოდებაც ერგო. საფრანგეთი 1938-ის მეორე მოთამაშედ სკუადრა აძურას ცენტრფორვარდი, 5 გოლის გამტანი სილვიო პიოლა დასახელდა, უნგრელთა გუნდისთავმა, ასევე ხუთი ბურთის ავტორმა შაროშიმ კი სამეული დააგვირგვინა.
ფრანგების მიერ ადამიან-გოლად წოდებულმა ლეონიდასმა კარიერა 1950 წელს დაასრულა – 36 წლის გოლეადორს ბრაზილიაში დაგეგმილი მსოფლიოს მეოთხე ჩემპიონატის წინ ქვეყნის მთავარ გუნდში აღარ უხმეს და მანაც წერტილი დასვა.
ქალღმერთ ნიკეს ოქროს ქანდაკება მხოლოდ თორმეტი წლის შემდეგ, 1950 წლის ზაფხულში გათამაშდა ბრაზილიაში. ამ ორ ტურნირს შორის დედამიწას სისხლიანმა ქარიშხალმა გადაუარა და კაცობრიობა სამუდამოდ შეცვალა. სახე იცვალა ფეხბურთმაც და კონკრეტულად მსოფლიო ჩემპიონატმაც, თუმცა ამაზე მომდევნო, მეოთხე წერილში.
საფრანგეთი 1938 – ზოგადი ცნობები:
*-ერთადერთი მსოფლიო ჩემპიონატი, რომელშიც მხოლოდ სამი არაევროპული ნაკრები მონაწილეობდა – ბრაზილია, კუბა და ნიდერლანდების აღმოსავლეთი ინდოეთი (ახლანდელი ინდონეზია).
*-ერთადერთი მსოფლიო ჩემპიონატი, რომელსაც ერთ-ერთი მონაწილე (ავსტრია) მეორე ფინალისტის (გერმანია) აგრესიის გამო დააკლდა.
*-პირველი მსოფლიო ჩემპიონატი, სადაც ტურნირის მასპინძელი და მოქმედი ჩემპიონი შესარჩევი მატჩებისგან გათავისუფლდნენ.
*-პირველი მსოფლიო ჩემპიონატი, სადაც შესრულდა პოკერი; პირველი მსოფლიო ჩემპიონატი, სადაც ერთ მატჩში ორმა ფეხბურთელმა გაიტანა მინიმუმ სამი გოლი (ორი ასეთი შეხვედრა); პირველი მსოფლიო ჩემპიონატი, როცა ერთი გუნდის ორმა ფეხბურთელმა შეასრულა ჰეთ-თრიქი.
*-პირველი მსოფლიო ჩემპიონატი, რომლის ფინალში ორმა ფეხბურთელმა გაიტანა ორი გოლი.
*-მონაწილეობდა 15 გუნდი (ევროპა – 12; სამხრეთი ამერიკა – 1; ცენტრალური და ჩრდილოეთი ამერიკა – 1; აზია – 1).
*-18 თამაშში 84 გოლი გავიდა, საშუალოდ მატჩში 4.67.
*-მთლიანი დასწრება – 374 835, საშუალოდ მატჩზე 28 824 გულშემატკივარი.
19 ივნისი, 1938. მსოფლიოს III ჩემპიონატის ფინალი. საფრანგეთი, პარიზი, კოლომბი. 45 000
იტალია 4:2 (3:1) უნგრეთი
გოლები: 1:0 ჯინო კოლაუსი (6), 1:1 პალ ტიტკოში (8), 2:1 სილვიო პიოლა (16), 3:1 ჯინო კოლაუსი (35), 3:2 დიორდი შაროში (70), 4:2 სილვიო პიოლა (82)
იტალია: ალდო ოლივიერი, ალფრედო ფონი, პიეტრო რავა, პიეტრო სერანტონი, მიქელე ანდრეოლო, უგო ლოკატელი, ამედეო ბიავატი, ჯუზეპე მეაცა (კაპ), სილვიო პიოლა, ჯოვანი ფერარი, ჯინო კოლაუსი
მწვრთნელი: ვიტორიო პოცო
უნგრეთი: ანტალ შაბო, შანდორ ბირო, დიულა პოლგარი, დიულა ლაზარი, დიორდი შუჩი, ანტალ შალაი, პალ ტიტკოში, დიულა შენგელერი, დიორდი შაროში (კაპ), იენო ვინჩე, ფერენც შაში
მწვრთნელი: ალფრედ შაფერი
მსაჯები: ჟორჟ კაპდევილი (საფრანგეთი); ჰანს ვუეტრიხი (შვეიცარია), აგუსტინ კრისტი (ჩეხოსლოვაკია)
საუკეთესო ბომბარდირი:
1.ლეონიდასი (ბრაზილია) – 7 გოლი
2.სილვიო პიოლა (იტალია), დიორდი შაროში (უნგრეთი) და დიულა შენგელერი (უნგრეთი) – 5
საუკეთესო ფეხბურთელი (არაოფიციალური): ლეონიდასი (ბრაზილია)
საუკეთესო მეკარე (არაოფიციალური): ფრანტიშეკ პლანიჩკა (ჩეხოსლოვაკია)
ტურნირის სიმბოლური ნაკრები (არაოფიციალური)
მეკარე: ფრანტიშეკ პლანიჩკა (ჩეხოსლოვაკია)
მცველები: პიეტრო რავა (იტალია), დომინგუშ დუ გია (ბრაზილია)
ნახევარმცველები: მიქელე ანდრეოლო (იტალია), უგო ლოკატელი (იტალია), ჟოზე მენდეშ ზეზე პროკოპიო (ბრაზილია)
თავდამსხმელები: ჯუზეპე მეაცა (იტალია), ლეონიდასი (ბრაზილია), დიორდი შაროში (უნგრეთი), პალ ტიტკოში (უნგრეთი), არნე ნიბერგი (შვედეთი)
მსოფლიოს 1938 წლის ჩემპიონი იტალიის ნაკრები
მეკარეები: ალდო ოლივიერი (ლუკეზე), გუიდო მასეტი (ამბროზიანა-ინტერი), კარლო სერესოლი (ბოლონია)
მცველები: პიეტრო რავა (იუვენტუსი), ალფრედო ფონი (იუვენტუსი), ერალდო მონძელიო (რომა)
ნახევარმცველები: ჯუზეპე მეაცა (ამბროზიანა-ინტერი), უგო ლოკატელი (ამბროზიანა-ინტერი), რენატო ოლმი (ამბროზიანა-ინტერი), მიქელე ანდრეოლო (ბოლონია), ალდო დონატი (ბოლონია), მარიო ჯენტა (ჯენოა), მარიო პერაცოლო (ჯენოა), ბრუნო კიცო (ტრიესტინა), პიეტრო სერანტონი (რომა)
თავდამსხმელები: ჯოვანი ფერარი (ამბროზიანა-ინტერი), პიეტრო ფერარისი (ამბროზიანა-ინტერი), ჯინო კოლაუსი (ტრიესტინა), პიეტრო პასინატი (ტრიესტინა), სილვიო პიოლა (ლაციო), სერჯიო ბერტონი (პიზა), ამედეო ბიავატი (ბოლონია)
მთავარი მწვრთნელი: ვიტორიო პოცო
ლაშა გოდუაძე (2022 წლის 3 ივლისი)
ფოტო: FIFA.com; ინტერნეტი