მსოფლიო ჩემპიონატების ისტორია: სამხრეთი აფრიკა 2010

ფიფას ოქროს თასის XIX გათამაშებას ტაბულის ჟურნალისტად შევხვდი. ყოველკვირეული გამოცემა იყო და დღის პირველ მატჩებს რედაქციაში ვუყურებდი თანამშრომლებთან ერთად, საღამოს შეხვედრებს კი შინ ან სტუმრად.
როცა სამხრეთი აფრიკა 2010-ს იხსენებენ, პირველ რიგში ჩემი ფავორიტი იტალიის ნაკრების კრახიჯგუფში ჩარჩენა და სლოვაკეთთან დრამატული თამაში მახსენდება, ასევე რვაფეხა პაული, მსაჯების არაერთი უხეში შეცდომა და ვუვუზელა, ტელერეპორტაჟების დროს თავს რომ მტკენდა.

ჩემპიონატის ამბებს ყოველ ნომერში ვაჯამებდით, ფინალის შემდეგ კი ჩვენი სიმბოლური ნაკრებიც შევადგინეთ, ტაბულას რჩეული ძირითადი და სათადარიგო შემადგენლობები დავასახელეთ, სულ ოცდაორი მოთამაშე კლასიკური განლაგებით – 4-4-2:

მეკარე: იკერ კასილიასი (ესპანეთი); მარტენ სტეკელენბურგი (ნიდერლანდები)
მარჯვენა მცველი: სერხიო რამოსი (ესპანეთი); ფილიპ ლამი (გერმანია)
ცენტრალური მცველები: ჟერარ პიკე (ესპანეთი) და არნე ფრიდრიხი (გერმანია); დიეგო ლუგანო (ურუგვაი) და კარლეს პუიოლი (ესპანეთი)
მარცხენა მცველი: ჯოვანი ვან ბრონკჰორსტი (ნიდერლანდები); ხორხე ფუსილე (ურუგვაი)
მარჯვენა ნახევარმცველი: თომას მიულერი (გერმანია); არიენ რობენი (ნიდერლანდები)
ცენტრალური ნახევარმცველები: უესლი სნეიდერი (ნიდერლანდები) და ჩავი ერნანდესი (ესპანეთი); ბასტიან შვაინშტაიგერი (გერმანია) და ჩაბი ალონსო (ესპანეთი)
მარცხენა ნახევარმცველი: ანდრეს ინიესტა (ესპანეთი); მესუტ იოზილი (გერმანია)
თავდამსხმელები: დავიდ ვილია (ესპანეთი) და დიეგო ფორლანი (ურუგვაი); მიროსლავ კლოზე (გერმანია) და ლუის სუარესი (ურუგვაი)

ჩემპიონატის სამი ფავორიტი ფეხბურთელი ჩვენი ვერსიით ინიესტა, სნეიდერი და ფორლანი იყვნენ, ტურნირის ულამაზეს გოლად კი ამ უკანასკნელის მიერ მესამე ადგილისთვის შეხვედრაში, გერმანელთა კარში შეგდებული ბურთი დავასახელეთ. ამას გარდა ფაბიო კვალიარელას გოლი გამოვარჩიეთ სლოვაკებთან…

* * *

2010 წელს მსოფლიო ჩემპიონატს აფრიკა რომ უმასპინძლებდა, ჯერ კიდევ წილისყრამდე იყო ცნობილი, რადგან ფიფამ პროექტების წარდგენა მხოლოდ შავი კონტინენტის ქვეყნებს სთხოვა.

საპატიო უფლებისთვის ხუთი ქვეყანა იბრძოდა: ეგვიპტე, მაროკო, სამხრეთი აფრიკა და ლიბია-ტუნისი ერთად. მოგვიანებით ფიფამ განაცხადა, რომ ჩემპიონატი მხოლოდ ერთ ქვეყანაში უნდა გამართულიყო, რის გამოც ტუნისი განზე გადგა, ლიბიაში სპეციალური კომისიის მივლინების შემდეგ კი გაირკვა, რომ ამ ქვეყნის საფეხბურთო ინფრასტრუქტურა ფიფას მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებდა.

მასპინძელი 2004 წლის 15 მაისს, შვეიცარიაში გამოვლინდა. ფიფას აღმასრულებელი კომიტეტის თხუთმეტმა წევრმა სამხრეთი აფრიკას დაუჭირა მხარი, მაროკომ ათი ხმა მიიღო, ეგვიპტემ – ვერცერთი.

„ეს ჩვენი ქვეყნის დიდი გამარჯვებაა! სამხრეთი აფრიკა ათწლეულების განმავლობაში იზოლირებული იყო სამყაროსგან, თუმცა მიუხედავად ამისა, ჩვენ შევძელით და ერთიანი ოჯახის სრულუფლებიან წევრად დავრჩით. დღეს კი დავამტკიცეთ, რომ მოწინავე ქვეყნების მხარდამხარ დგომა შეგვიძლია. ვულოცავ ყველა სამხრეთაფრიკელს ამ დიდ გამარჯვებას, ფიფას ნდობა მნიშვნელოვანია და ახლა ყველამ ერთად, მთელმა ქვეყანამ უნდა დავამტკიცოთ, რომ ასეთი დიდი შეჯიბრების უმაღლეს დონეზე მასპინძლობა შეგვიძლია“, – განაცხადა სამხრეთაფრიკელთა ექს-პრეზიდენტმა ნელსონ მანდელამ, რომელიც ციურიხში გამართულ კენჭისყრას დაესწრო.

მასპინძლის არჩევას ფიფას ყველა წევრი დადებითად გამოეხმაურა, თუმცა გავიდა წელიწადნახევარი და აღმასრულებელი კომიტეტის რამდენიმე მაღალჩინოსანი გადაწყვეტილების სისწორეში დაეჭვდა. აზრი შეეცვალა მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდას, გერმანია 2006-ის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარეს ფრანც ბეკენბაუერს, რომელმაც 2007 წელს, სამხრეთი აფრიკაში ვიზიტის შემდეგ განაცხადა, რომ სამუშაოები ძალიან ჭიანურდება და ქვეყანა, დიდი ალბათობით, ტურნირს ბოლომდე მზად ვერ შეხვდება. მოგვიანებით იგივე განაცხადა ფიფას რამდენიმე წარმომადგენელმა, თუმცა ასე იყო თუ ისე, ჩემპიონატი ჩატარდა, ეს კი იმ არაერთი სპეციალური კომისიის დამსახურება იყო, რომელიც ლამის ორ თვეში ერთხელ სტუმრობდა სამხრეთი აფრიკას და მასპინძლებს გამალებულ მუშაობას აიძულებდა.

საკვალიფიკაციო ტურნირში კიდევ ერთი რეკორდი დამყარდა: ფინალური ეტაპის საგზურისთვის ბრძოლის სურვილი ფიფას წევრი 207 ქვეყნიდან 203-მა გამოთქვა! ბუტანი, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა, ერითრეა, გუამი და სან ტომე და პრინსიპი მოგვიანებით განზე გადგნენ, პაპუა ახალმა გვინეამ კი რეგისტრაცია ვერ მოასწრო.

შესარჩევში პირველად ითამაშა მონტენეგრომ, რომელიც ფიფას 208-ე წევრად შეუერთდა. მონტენეგრო ევროპის ზონის მე-VIII ჯგუფში მოხვდა იტალიის, ირლანდიის, ბულგარეთის, კვიპროსის და საქართველოს ნაკრებ გუნდებთან ერთად და ბოლოსწინა, მეხუთე ადგილი დაიკავა ათ შეხვედრაში ცხრა ქულით.

ბოლოადგილოსანი, ჩვენდა სამწუხაროდ, საქართველო აღმოჩნდა, რომელმაც მხოლოდ სამ ქულას მოუყარა თავი. ეს ჩვენი გუნდის უარესი შედეგია მსოფლიო ჩემპიონატების საკვალიფიკაციო ტურნირებში ასპარეზობის მანძილზე.

2008 წლის გაზაფხულზე, ჩრდილოეთ ირლანდიაში ამხანაგურ შეხვედრაში 1:4 მარცხის შემდეგ, საქართველოს ნაკრების თავკაცის თანამდებობა დატოვა გერმანელმა სპეციალისტმა კლაუს ტოპმიოლერმა. ესტონეთ-პორტუგალიაში დაგეგმილ საწვრთნელ შეხვედრებში კი გუნდს მისმა ერთ-ერთმა თანაშემწემ პეტარ სეგრტმა უხელმძღვანელა. რაც შეეხება სამხრეთი აფრიკა 2010-ის შესარჩევს, ის ჩვენმა გუნდმა გამოცდილი არგენტინელი მწვრთნელის ექტორ რაულ კუპერის ხელმძღვანელობით დაიწყო.

კუპერის სტარტს წარმატებული ეთქმოდა: 2008 წლის 20 აგვისტოს, რუსეთის იმ ავადსახსენებელი აგრესიის დღეებში, საქართველომ ამხანაგურ შეხვედრაში სტუმრად 2:1 სძლია უელსს, თუმცა დაიწყო ოფიციალური მატჩები და გუნდმაც სახე დაკარგა.

პირველ ტურში ქართველ ფეხბურთელებს ირლანდია უნდა მიეღოთ, თუმცა ქვეყანაში შექმნილი უმძიმესი პოლიტიკური ვითარების გამო, უეფამ მატჩის ნეიტრალურ მოედანზე ჩატარება ბრძანა. კუპერის გუნდმა მეტოქეს გერმანიის ქალაქ მაინცში უმასპინძლა. ირლანდიამ 2:1 გაიმარჯვა.

სამი ქულა ჯვაროსნებმა მხოლოდ შინ გამართულ შეხვედრებში მოიპოვეს: კვიპროსთან (1:1), ბულგარეთთან (0:0) და მონტენეგროსთან (0:0). დანარჩენ მატჩებში კუპერის გუნდი დამარცხდა, მათ შორის უკანასკნელ საკვალიფიკაციოში ბულგარეთთან – 2:6. მასპინძლებმა ყველა გოლი პირველ ტაიმში გაიტანეს (საქართველოს ნაკრების ანტირეკორდი), კუპერი კი თამაშის დასრულებისთანავე გადადგა.

ჯგუფი მსოფლიოს ჩემპიონმა იტალიამ მოიგო, მეორე ადგილზე კი ირლანდია გავიდა, რომელიც ფლეი ოფში საფრანგეთთან დამარცხდა. სამხრეთი აფრიკა 2010-ის საკვალიფიკაციოს ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი ამბავი სწორედ ამ წყვილს უკავშირდება, უფრო კონკრეტულად კი 2009 წლის 18 ნოემბერს, სენ-დენიში, სტად დე ფრანსზე 1:1 დასრულებულ შეხვედრას.

ფლეი ოფის პირველი მატჩი ფრანგებმა დუბლინში 1:0 მოიგეს, თუმცა საპასუხო თამაში 0:1 წააგეს და დამატებითი დრო დაინიშნა. 103-ე წუთზე ირლანდიელთა საჯარიმოში შეჭრილმა ტიერი ანრიმ ხელით ითამაშა, მსაჯმა ეს ვერ შენიშნა, შეტევას კი გალასის გოლი მოჰყვა – 1:1. ირლანდიელები დიდხანს აპროტესტებდნენ წესის აშკარა დარღვევით გატანილ გოლს, მაგრამ შვედმა არბიტრმა მარტინ ჰანსონმა გადაწყვეტილება არ შეცვალა.

ირლანდიის საფეხბურთო ასოციაციამ ფიფას გადათამაშება მოსთხოვა, მაგრამ მათი პროტესტი ამაო იყო – სამყურები (ირლანდიელთა მეტსახელია) ფინალურ ეტაპს მიღმა დარჩნენ. ანრის ეპიზოდმა კი ჟურნალისტები და სპეციალისტები კიდევ ერთხელ აალაპარაკა თანამედროვე ტექნოლოგიების, მათ შორის ვიდეორეფერის დანერგვის აუცილებლობაზე. უშუალოდ ფინალურ ეტაპზე მომხდარმა რამდენიმე შემთხვევამ ყველას, და მათ შორის ფიფას მაღალჩინოსნებსაც ნათლად დაანახა რომ გარდაქმნები აუცილებელი იყო.

ფინალური ეტაპის ოცდათორმეტი საგზური ასე განაწილდა: ევროპიდან ცამეტი გუნდი მოხვდა სამხრეთი აფრიკაში, შავი კონტინენტიდან ექვსი მასპინძლის ჩათვლით, სამხრეთ ამერიკიდან ერთით ნაკრები, აზიას ოთხი წარმომადგენელი ჰყავდა, ცენტრალური და ჩრდილოეთი ამერიკიდან, ანუ კონკაკაფის ზონიდან სამმა გუნდმა ითამაშა, ოკეანეთიდან – ერთმა.

ჯგუფური ტურნირის წილისყრა 2009 წლის 4 დეკემბერს გაიმართა ქეიფთაუნის საერთაშორისო ურთიერთობათა ცენტრში. საზეიმო ღონისძიებაში ფიფას გენერალურ მდივანს ჟერომ ვალკეს პოპულარული სამხრეთაფრიკელი მსახიობი შარლიზ თერონი, ასევე დევიდ ბექემი და აფრიკელი სპორტსმენები ჰაილე გებრესელასიე, ჯონ სმიტი, მახაია ნტინი, მეთიუ ბუთი და სიმფივე დლუდლუ ეხმარებოდნენ.

იმ დროისთვის ცნობილი იყო, რომ საპრიზო ფონდი – 420 მილიონი დოლარი – გერმანია 2006-თან შედარებით 60%-ით იყო გაზრდილი. ფიფას გადაწყვეტილებით, ჯგუფში ჩარჩენილი გუნდები 8,98 მილიონ დოლარს მიიღებდნენ, ჩემპიონის საბანკო ანგარიში 33,67 მილიონით, ფინალისტისა კი 26,93 მილიონით შეივსებოდა.

გუნდების საბოლოო, 23-კაციანი განაცხადების შემდეგ (2010 წლის 1 ივნისი) რამდენიმე საინტერესო ფაქტი გამოვლინდა. მაგალითად ჰონდურასის ნაკრებში სამი ძმა მოხვდა – ჯერი, ჯონი და ვილსონ პალასიოსები, რაც პირველი ასეთი შემთხვევა იყო. ასევე გამორჩეული იყო ძმები ბოატენგების ამბავი: ჯერომს გერმანიის ნაკრების ღირსება უნდა დაეცვა, კევინ-პრინსს კი განისა. საინტერესო იყო ისიც, რომ მხოლოდ ინგლისის, გერმანიის და იტალიის ნაკრებ გუნდებს არ ჰყავდათ ლეგიონერები, ნიგერიის ყველა ფეხბურთელი კი მხოლოდ უცხოეთში თამაშობდა.

კლუბებს შორის რეკორდი ბარსელონამ დაამყარა: ტურნირზე კატალონიელთა ცამეტი ფეხბურთელი გაემგზავრა, მათ შორის ევროპის ჩემპიონი ესპანეთის ნაკრების შვიდი მოთამაშე.

სამხრეთი აფრიკა 2010-ის თილისმა ლეოპარდი ზაკუმი გახდა, ჩემპიონატის ოფიციალურ ჰიმნად კი პოპულარული კოლუმბიელი პოპ-შემსრულებლის შაკირას კომპოზიცია ვაკა ვაკა შეირჩა.

რაც შეეხება ადიდასის მორიგ ოფიციალურ ბურთს, მას ჯაბულანი უწოდეს, რაც ზულუს დიალექტზე „ყველასთვის სიხარულის მომტანს“ ნიშნავს. ჯაბულანი არაერთმა ფეხბურთელმა დაიწუნა. მაგალითად არგენტინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დიეგო მარადონამ განაცხადა, რომ ფეხბურთელები, სავარაუდოდ, გრძელ გადაცემებს მოერიდებოდნენ, რადგან მსუბუქი ბურთი ტრაექტორიას ადვილად იცვლიდა…

ფინალური ეტაპი

A ჯგუფში მასპინძელი სამხრეთი აფრიკა, მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი საფრანგეთი, ურუგვაი და მექსიკა მოხვდნენ. საინტერესოა, რომ ფრანგებმა, ურუგვაელებმა და მექსიკელებმა 1966 წელს, ინგლისში გამართულ ჩემპიონატზეც ერთ ჯგუფში ითამაშეს და მაშინაც მასპინძელთან ერთად.

ჩემპიონატი 11 ივნისს, იოჰანესბურგში, სამხრეთი აფრიკა-მექსიკის არცთუ თვალსასეირო შეხვედრით დაიწყო. მეორე დღეს ურუგვაიმ და საფრანგეთმა უგოლოდ ითამაშეს, ზინედინ ზიდანმა კი ნაკრები უსახური ფეხბურთის გამო გააკრიტიკა.

მომდევნო ტურში, 17 ივნისს, პოლოკვანეში, რაიმონ დომენეკის გაწვრთნილი ფრანგები მექსიკელებთან დამარცხდნენ – 0:2. შესვენებაზე ფრანგთა თავდამსხმელი ნიკოლა ანელკა მწვრთნელს ეჩხუბა, რის გამოც თამაშის დასრულებისთანავე მოიკვეთა გუნდიდან. ფორვარდის გაძევების გამო დომენეკს ლამის მთელი შემადგენლობა აუმხედრდა კაპიტნის პატრის ევრას თამადობით, ყველაფერი კი იმით დასრულდა, რომ 22 ივნისს სამფერები მასპინძლებთან 1:2 დამარცხდნენ და ჯგუფში ჩარჩნენ. ფრანგების შერცხვენა ყველაზე ძალიან ირლანდიელებს გაუხარდათ. ბევრმა იხუმრა კიდეც, რომ საფრანგეთი შესარჩევის ფლეი ოფში ანრის ხელით თამაშის გამო დაისაჯა.

ჯგუფი ურუგვაიმ მოიგო, რომელმაც სამხრეთი აფრიკა 3:0, ხოლო მექსიკა 1:0 დაამარცხა. მეორე ადგილზე გასულმა მექსიკელებმა ნელსონ მანდელას ფავორიტებს ბურთების უკეთესი შეფარდებით აჯობეს. სამხრეთი აფრიკა პირველი მასპინძელი გახდა, რომელმაც საწყისი ეტაპი ვერ დაძლია და ჯგუფში ჩარჩა.

დიეგო არმანდო მარადონას გაწვრთნილი არგენტინა B ჯგუფში მოხვდა სამხრეთი კორეის, საბერძნეთის და ნიგერიის ნაკრებ გუნდებთან ერთად. 1994 წელს, ამერიკის შეერთებულ შტატებში, როცა მარადონამ უკანასკნელად ითამაშა უდიდეს საფეხბურთო ტურნირზე, არგენტინელებმა, ბერძნებმა და ნიგერიელებმა პირველად იასპარეზეს ერთად, არგენტინა-ნიგერია კი ჯგუფში 2002 წელს, კორეა-იაპონიაშიც დაუპირისპირდნენ ერთმანეთს.

მსოფლიოს ორგზის ჩემპიონებმა სუპერ არწივებს (ნიგერიის ნაკრების მეტსახელი) კვლავ სძლიეს (1994 – 2:1, 2002 – 1:0): 12 ივნისს, იოჰანესბურგის ელის პარკზე გაბრიელ ჰაინცეს მიერ მე-6 წუთზე გატანილი გოლი ერთადერთი აღმოჩნდა. თეთრ-ცისფერთა უპირატესობა უფრო შთამბეჭდავი იქნებოდა, მაგრამ ნიგერიელთა მეკარემ ვინსენ ენიამამ ლეო მესის რამდენიმე ძალიან სახიფათო დარტყმა მოიგერია.

მარადონას გუნდმა მომდევნო შეხვედრებიც მოიგო – სამხრეთი კორეა 4:1 გაანადგურა, საბერძნეთს კი სეხნიების, მარტინ დემიკელისის და მარტინ პალერმოს გოლებით აჯობა – 2:0.

კორეელებთან შესრულებული ჰეთ-თრიქით გონსალო იგუაინი მხოლოდ მესამე არგენტინელი გახდა, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატის ერთ შეხვედრაში შეძლო სამი გოლის გატანა. პირველი გილერმო სტაბილე გახლდათ, მეორე კი გაბრიელ ომარ ბატისტუტა, რომელმაც ჰეთ-თრიქი ჯერ 1994, შემდეგ კი 1998 წლებში შეასრულა. ლეო მესისაც ვახსენებ: ბერძნების წინააღმდეგ მან გაიყვანა გუნდი მინდორზე და არგენტინის ნაკრების ყველაზე ახალგაზრდა კაპიტანი გახდა ფინალურ ეტაპზე.

ალბისელესტესთან განადგურების მიუხედავად, კორეელებმა მაინც მოიპოვეს მერვედფინალის საგზური – ბერძნებს 2:0 სძლიეს, ნიგერიასთან კი ქულები გაიყვეს – 2:2.

С ჯგუფი ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრებმა მოიგო, იტალიელი ფაბიო კაპელოს გაწვრთნილი ინგლისი კი, რომელმაც საკვალიფიკაციო ეტაპზე ათიდან ცხრა მატჩში გაიმარჯვა, მეორეზე გავიდა. ამერიკელებმა პირველობა უკანასკნელ ტურში, 23 ივნისს, პრეტორიაში, ალჟირთან ბოლო წამს გატანილი გოლით მოიპოვეს – ლენდონ დონოვანმა ერთადერთი ბურთი 90-ე წუთზე შეაგდო. იმავე დღეს, პორტ ელიზაბეთში, ნელსონ მანდელას სახელობის სარბიელზე ინგლისმა ჯერმეინ დეფოს გოლით ასევე 1:0 სძლია სლოვენიას.

ამერიკელებმა და ინგლისელებმა საწყის ორ ტურში ფრედ ითამაშეს. განსაკუთრებით საინტერესო იყო 12 ივნისს, რუსტენბურგში დანიშნული მათი პაექრობა. რატომ? 1950 წელს, ბრაზილიაში გამართული მსოფლიო პირველობის შემდეგ ისინი პირველად შეხვდნენ ფინალურ ეტაპზე. სამოცი წლის წინ ამერიკელებმა უდიდესი სენსაცია მოახდინეს და 1:0 დაამარცხეს მეტოქე. ინგლისმა ვერც ამჯერად გაიმარჯვა: კაპიტანმა სტივენ ჯერარდმა მე-4 წუთზე კი გახსნა ანგარიში, მაგრამ მე-40 წუთზე კლინტ დემპსიმ საპასუხო გაიტანა. თამაში ასეც დასრულდა – 1:1.

D ჯგუფს, სადაც გერმანიის, სერბეთის, განის და ავსტრალიის გუნდები მოხვდნენ, ჟურნალისტებმა ერთ-ერთი უძლიერესი უწოდეს. მედიის მოლოდინი გამართლდა, თამაშები ძალიან საინტერესო გამოდგა. მაგალითად, სერბეთმა მეორე ტურში, 18 ივნისს პორტ ელიზაბეთში გერმანიას სძლია – 1:0. ეს იყო გერმანელების პირველი მარცხი ჯგუფში მექსიკა 1986-ის შემდეგ, მაშინ ბუნდესგუნდს დანიამ აჯობა. სერბეთთან მატჩის გადარჩენა ლუკას პოდოლსკის შეეძლო, მაგრამ პენალტის ნიშნულიდან მეკარეს ვერ აჯობა.

პრინციპული შეხვედრის მოგების მიუხედავად, სერბეთის ნაკრები მაინც ჯგუფში ჩარჩა – 0:1 განასთან და 1:2 ავსტრალიასთან. ეს უკანასკნელი მერვედფინალში ბურთების უარყოფითი სხვაობის გამო ვერ გავიდა – 13 ივნისს, დურბანში გერმანიასთან 0:4 განადგურებამ უარყოფითად იმოქმედა, თორემ ავსტრალიამ, განის მსგავსად, ოთხ ქულას მოუყარა თავი.

23 ივნისს, იოჰანესბურგის სოკერ სითიზე, იოახიმ ლიოვის გაწვრთნილმა ბუნდესნაკრებმა მესუტ იოზილის ერთადერთი გოლით სძლია განას. ამ შეხვედრაში საინტერესო ფაქტი დაფიქსირდა: ძმებმა ერთმანეთის წინააღმდეგ ითამაშეს – კევინ-პრინს ბოატენგმა განის ნაკრების მაისური მოირგო, ჯერომმა კი გერმანიისა.

E ჯგუფი ნიდერლანდებმა, დანიამ, იაპონიამ და კამერუნმა დააკომპლექტეს. ბერტ ვან მარვიიკის გაწვრთნილმა ნარინჯისფერებმა სამივე მეტოქეს სძლიეს: იოჰანესბურგში დანიას 2:0 აჯობეს, დურბანში იაპონიას მოუგეს 1:0, კამერუნი კი ქეიფთაუნში დაამარცხეს – 2:1. მეორე ადგილზე იაპონია გავიდა ექვსი ქულით. ტაკეში ოკადას გაწვრთნილმა გუნდმა კამერუნი 1:0, დანია კი 3:1 დაამარცხა. დინამიტები (დანიელთა მეტსახელი) ისტორიაში პირველად ჩარჩნენ ჯგუფში.

F ჯგუფში მსოფლიოს ჩემპიონი იტალიის მხარდამხარ პარაგვაი, ახალი ზელანდია და დებიუტანტი სლოვაკეთი მოხვდნენ. ამ უკანასკნელებმა სამხრეთი აფრიკის საგზური ვლადიმირ ვაისის ხელმძღვანელობით მოიპოვეს, რომელმაც წლების შემდეგ საქართველოს ეროვნული ნაკრები ჩაიბარა.

იტალიამ, რომელსაც კვლავ მარჩელო ლიპი წვრთნიდა (გერმანია 2006-ის ტრიუმფატორი ევრო 2008-ის შემდეგ დაბრუნდა ქვეყნის მთავარ გუნდში), ჯგუფური ტურნირი მძიმედ დაიწყო – 1:1 პარაგვაისთან და ახალ ზელანდიასთან. საინტერესოა, რომ სკუადრა აძურა ორივე შეხვედრაში მდევრის როლში იყო – სამხრეთამერიკელებს საპასუხო გოლი დანიელე დე როსიმ გაუტანა 63-ე წუთზე, ზელანდიელებთან მატჩში კი ვინჩენცო იაკუინტამ გაათანაბრა ანგარიში, პენალტით.

24 ივნისს, იოჰანესბურგში, ელის პარკზე სლოვაკებთან მატჩის წინ ლიპის გუნდმა კარგად იცოდა, რომ ფლეი ოფში გასასვლელად მხოლოდ მოგება სჭირდებოდა, თუმცა თამაში ისე წარიმართა, რომ სამი ქულა კი არა, გუნდს ფრეც სანატრელი გაუხდა. 73-ე წუთისთვის ვლადიმირ ვაისის გაწვრთნილი სლოვაკეთი ორი ბურთით იგებდა (25-ე და 73-ე წუთებზე რობერტ ვიტეკმა გაიტანა გოლები), საბოლოოდ კი 3:2 გაიმარჯვა და მეორე ადგილით მოხვდა მერვედფინალში.

ოქროს თასის მფლობელი იტალია ჯგუფში ჩარჩა – ორი ქულით უკანასკნელი, მეოთხე ადგილი დაიკავა. პირველი იყო პარაგვაი ხუთი ქულით, ახალი ზელანდია კი, რომელმაც ყველა შეხვედრა ფრედ დაამთავრა, მესამეზე გავიდა. ცნობისათვის: სამხრეთი აფრიკა 2010-ის მონაწილე ოცდათორმეტი გუნდიდან ახალი ზელანდია აღმოჩნდა ერთადერთი, რომელმაც ტურნირი წაუგებლად დაასრულა…

ფიფას თასის ხუთგზის მფლობელი ბრაზილია პორტუგალიასთან, კოტ დივუართან და ჩრდილოეთი კორეასთან ერთად მოხვდა G ჯგუფში. მსოფლიოს 1994 წლის ჩემპიონის კარლოს დუნგას გაწვრთნილმა სელესაომ შვიდი ქულით იპირველა: 15 ივნისს აზიელებს 2:1 სძლია, 20 ივნისს აფრიკელებს 3:1 აჯობა, 25 ივნისს კი უგოლოდ დაშორდა პორტუგალიას. საინტერესოა, რომ მანამდე ბრაზილიელებმა ჯგუფის მატჩში გოლის გატანა შორეულ 1978 წელს, ესპანელებთან მატჩში ვერ შეძლეს.

კარლოს კეირუშის გაწვრთნილმა პირენელებმა კი, თავის მხრივ, ხუთი ქულა მოაგროვეს: კოტ დივუართან და ბრაზილიასთან 0:0 დასრულებულ შეხვედრებს შორის ჩრდილოკორეელები 7:0 გაანადგურეს. აზიელებს ექვსმა პორტუგალიელმა გაუტანა გოლი: ტიაგუ მენდეშმა დუბლი შეასრულა, თითო ბურთი კი რაულ მეირელეშმა, სიმაუ საბროსამ, უგო ალმეიდამ, ლიედსონმა და კრიშტიანუ რონალდუმ შეაგდეს.

ბოლო, H ჯგუფი ესპანეთის, ჩილეს, შვეიცარიის და ჰონდურასის გუნდების იყო. ბრწყინვალე სტილში მოგებული ევროპის 2008 წლის ჩემპიონატის შემდეგ ლუის არაგონესმა ესპანეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობა დატოვა, მის ნაცვლად კი გუნდი მადრიდის რეალის ექს-ფეხბურთელმა და ყოფილმა მწვრთნელმა, საკლუბო დონეზე ყველა ტიტულის მომგებმა ვისენტე დელ ბოსკემ ჩაიბარა.

ჩემპიონთა ლიგის ორგზის ტრიუმფატორმა მწვრთნელმა ბევრი არაფერი შეცვალა, რამდენიმე ახალგაზრდა დააწინაურა და გუნდი უფრო შთამბეჭდავად აათამაშა.

დელ ბოსკეს ესპანეთი არათუ ჯგუფის, ჩემპიონატის ერთ-ერთ ფავორიტად ითვლებოდა, მაგრამ ასპარეზობა მარცხით დაიწყო: 16 ივნისს, დურბანში, მოზეს მაბჰიდას სახელობის სარბიელზე 0:1 წააგო გერმანელი სპეციალისტის ოტმარ ჰიცფელდის გაწვრთნილ შვეიცარიასთან. ამ უკანასკნელის აქტივში, დელ ბოსკეს მსგავსად, სამწვრთნელო ასპარეზზე მოგებული ორი ჩემპიონთა თასი იყო. ცნობისათვის: ეს მეტოქეთა მეორე დაპირისპირება იყო ფინალურ ეტაპზე. 1966 წელს, ინგლისში, ესპანელებმა 2:1 კი გაიმარჯვეს, მაგრამ ორივე გუნდი მაინც ჯგუფში ჩარჩა.

მომდევნო ორი მატჩი ფურია როხამ (ესპანეთის ნაკრები) ძალიან ძლიერად ჩაატარა: 21 ივნისს ჰონდურასს ევრო 2008-ის საუკეთესო ბომბარდირის დავიდ ვილიას დუბლით სძლია – 2:0, 25 ივლისს კი, პრეტორიაში, იმავე ვილიას და ანდრეს ინიესტას ზუსტი დარტყმებით აჯობა ჩილეს – 2:1.

დელ ბოსკეს ესპანეთმა ჯგუფი სწორედ ჩილესთან გამარჯვებით მოიგო – მეტოქის დარად ექვსი ქულა დააგროვა, მაგრამ ურთიერთშეხვედრაში გამარჯვებით მოიპოვა პირველი ადგილი. ჩილელებმა მანამდე ერთნაირი ანგარიშით, 1:0 დაამარცხეს ჰონდურასი და შვეიცარია.

მერვედფინალიდან ფინალამდე

26 ივნისს პირველი ორი მეოთხედფინალისტი გამოვლინდა: ურუგვაიმ ლუის სუარესის დუბლით სამხრეთკორეელებს აჯობა – 2:1, განამ კი ამავე ანგარიშით, თუმცა დამატებით დროში სძლია ამერიკას. 1970 წლის შემდეგ ურუგვაი პირველად გავიდა მეოთხედფინალში, თამაში კი შეერთებულ შტატებში ცხრამეტმა მილიონმა ტელემაყურებელმა იხილა, რაც ამ ქვეყანაში ფეხბურთისთვის დღემდე ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელია.

27 ივნისს, იოჰანესბურგში, არგენტინელებმა 3:1 მოუგეს მექსიკელებს (კარლოს ტევესის დუბლი, გონსალო იგუაინი). ხავიერ აგირემ თამაშის დასრულებისთანავე დატოვა მექსიკის ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობა. მან თქვა, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე ასე ადრე მარცხის გამო, სწორედ ის იყო დამნაშავე.

მექსიკელთა თავკაცს არაფერი უთქვამს იტალიერი არბიტრის რობერტო როსეტის უხეშ შეცდომაზე, რასაც ტევესის პირველი გოლი მოჰყვა. თავდამსხმელმა აშკარა თამაშგარე მდგომარეობიდან გახსნა ანგარიში, თუმცა გოლი მაინც შეიფერა.

იმავე დღეს ბლომფონტეინში საფეხბურთო კლასიკა გათამაშდა – გერმანია ინგლისის წინააღმდეგ.

ანგარიში მე-20 წუთზე გაიხსნა: წინა ჩემპიონატის ბომბარდირმა მიროსლავ კლოზემ მეტიუ აპსონის და ჯონ ტერის შეცდომით ისარგებლა – 1:0. 32-ე წუთზე გერმანელებმა მეორედ გაიხარეს, ლუკას პოდოლსკიმ შეაგდო, თუმცა 37-ე წუთზე კაპელოს ინგლისმა ერთი ბურთი გაქვითა: აპსონმა შეცდომა გამოასწორა – 2:1.

39-ე წუთზე კი მოხდა ის, რამაც ფეხბურთში ვიდეორეფერის დანერგვა დააჩქარა: ფრენკ ლამპარდის დარტყმის შემდეგ ბურთი ხარიხას მოხვდა და მანუელ ნოიერის სუკან, კარში ჩაეშვა. მაგრამ ურუგვაელმა არბიტრმა ხორხე ლარიონდამ აშკარა, წესების სრული დაცვით გატანილი გოლი არ ჩათვალა! მეორე ნახევარში თომას მიულერმა დუბლი შეასრულა, ინგლისმა კი თამაში ვეღარ გადაარჩინა – 1:4.

„მსოფლიო ჩემპიონატზე ასეთი რამ არ უნდა ხდებოდეს! სამართლიანი გოლი გაუქმდა მხოლოდ იმიტომ, რომ არბიტრმა უხეში შეცდომა დაუშვა. ფეხბურთი ის აღარაა, რაც წლების წინ იყო, თამაშის ტემპი ძალიან გაიზარდა და კარგა ხანია დადგა დრო მსაჯმა საკამათო სიტუაციაში გადაწყვეტილება შესაბამისი ტექნიკური საშუალებებით მიიღოს. ამით ფეხბურთი მხოლოდ მოიგებს“,  – განაცხადა ინგლისელთა გაბრაზებულმა იტალიელმა თავკაცმა ფაბიო კაპელომ.

28 ივნისს ფავორიტებმა გაიმარჯვეს: ნიდერლანდებმა სლოვაკეთს მოუგო – 2:1, ბრაზილიამ კი ჩილეს – 3:0.

ნარინჯისფერთა მთავარმა მწვრთნელმა ბერტ ვან მარვიიკმა მე-80 წუთზე შეცვალა გუნდის ერთ-ერთი ლიდერი რობინ ვან პერსი, რომელმაც უკმაყოფილება ვერ დამალა. პრესკონფერენციაზე ვან მარვიიკმა თქვა, რომ ესმის ფეხბურთელის, თუმცა გუნდს წინ უფრო მნიშვნელოვანი მატჩები ელის და ძალების დაზოგვაც საჭიროა. მისივე თქმით, „მომხდარი დავიწყებულია და საერთო სიტუაციაზე სრულებით არ აისახება“.

იოჰანესბურგში სელესაო თავიდან ბოლომდე აკონტროლებდა თამაშს, ჩილელთა არგენტინელმა თავკაცმა მარსელო ბიელსამ კი თქვა, რომ ბევრი არაა ისეთი გუნდი, რომელიც ბრაზილიელებს წინააღმდეგობას გაუწევს. „მეტოქემ დღეს უნაკლოდ ითამაშა“, – ასეთი იყო ბიელსას კომენტარი.

29 ივნისს ბოლო ორი მეოთხედფინალისტი გაირკვა. პრეტორიის ლოფტუს ვერსფელდზე პარაგვაიმ და იაპონიამ ორი საათი უგოლოდ ითამაშეს, პენალტების სერია კი სამხრეთამერიკელებმა მოიგეს – 5:3.

პარაგვაი პირველად მოხვდა რვა საუკეთესო გუნდს შორის, იაპონიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ტაკეში ოკადამ კი თანამდებობა დატოვა. სანაკრებო კარიერის დასრულების შესახებ განაცხადა აზიელთა ერთ-ერთმა ყველაზე გამოცდილმა მოთამაშემ შუნსუკე ნაკამურამაც.

იმავე დღეს ქეიფთაუნში მეზობლებმა ითამაშეს: ევროპის ჩემპიონმა ესპანეთმა პორტუგალიას სძლია – 1:0. გამარჯვების გოლი დავიდ ვილიამ ჩავის პასით შეაგდო. საგოლე შეტევა არაერთ საფეხბურთო გადაცემაში გაარჩიეს, ESPN-ის ჟურნალისტებმა კი განაცხადეს, რომ ვილიამ თამაშგარე მდგომარეობიდან შეაგდო ბურთი.

2 ივლისს კიდევ ერთი ძალიან საინტერესო შეხვედრა შედგა: ნიდერლანდებმა 2:1 აჯობა ბრაზილიას. ვან მარვიიკის გუნდმა ორი განსხვავებული ტაიმი ჩაატარა: თუ პირველ ნახევარში დუნგას ბიჭები იყვნენ უკეთესები, შესვენების შემდეგ ევროპელებმა იძალეს. ბრაზილიამ მეოთხედფინალი რომ ვერ გადაარჩინა, ეს ფელიპე მელუს ბრალიცაა – ნახევარმცველმა 73-ე წუთზე არიენ რობენის წინააღმდეგ უხეშად ითამაშა და წითელი ბარათი მიიღო.

პირველად კარლოს დუნგას გუნდი დაწინაურდა: რობინიომ ცენტრალური მცველების შეცდომით ისარგებლა. ბრაზილიელებს ტაიმის უფრო დიდი უპირატესობით მოგებაც შეეძლოთ, მაგრამ საიმედოდ ირჯებოდა ნიდერლანდელთა მეკარე მაარტენ სტეკელენბურგი.

53-ე წუთზე ანგარიში გათანაბრდა. გოლი ჯერ მელუს ავტოგოლად ჩაითვალა, თუმცა მოგვიანებით მის ავტორად უესლი სნეიდერი დაფიქსირდა. მილანის ინტერის შემტევმა, ვინც გაზაფხულზე ჩემპიონთა თასი აღმართა, 68-ე წუთზე დუბლი შეასრულა – კუთხური დააგვირგვინა ზუსტი დარტყმით. პრესკონფერენციაზე ვან მარვიიკმა ბრაზილიელები პროვოკაციებსა და ბინძურ თამაშში დაადანაშაულა, დუნგამ კი ნაკრებიდან წასვლის შესახებ განაცხადა.

ამ გამარჯვებით ნიდერლანდების ნაკრები საფრანგეთს და იტალიას შეუერთდა. მხოლოდ ამ სამმა გუნდმა მოუგო ბრაზილიას ფინალურ ეტაპზე მინიმუმ ორი თამაში. ფრანგებმა სამჯერ სძლიეს მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონებს, იტალიელებმა კი ორჯერ. რაც შეეხება ნარინჯისფერებს, მათ სელესაოს პირველად 1974 წელს აჯობეს.

იმავე დღეს ითამაშეს ურუგვაიმ და განამ. ძალიან დაძაბული მეოთხედფინალი გამოდგა, გამარჯვებული კი პენალტების სერიამ გამოავლინა – სამხრეთამერიკელებმა 4:2 მოიგეს. ძირითადი დრო 1:1 დასრულდა: სალი მუნტარის მიერ პირველი ტაიმის უკანასკნელ წამებზე გატანილი გოლი ურუგვაელთა ლიდერმა დიეგო ფორლანმა შესვენების შემდეგ გაქვითა.

დამატებითი დროის უკანასკნელ წუთზე განა ძალიან მიუახლოვდა ნახევარფინალს, მაგრამ ასამოა გიანმა პენალტი ვერ გამოიყენა – ბურთი ხარიხას მოარტყა. იმ თერთმეტმეტრიანს ლუის სუარესის ხელით თამაში და გაძევება უსწრებდა: 120-ე წუთზე სტეფან აპიას მიერ კარში გადაგზავნილი ბურთი ამსტერდამის აიაქსის ახალგაზრდა ფორვარდმა ხელით მოიგერია, რის გამოც მსაჯმა მოედანი დაატოვებინა, ურუგვაელთა კარში კი პენალტი დანიშნა.

მატჩის შემდეგ სუარესი იტყვის: „თამაში მე გადავარჩინე, მგონი, ღმერთის ხელი დღეიდან ჩემია“. თანაგუნდელს ფორლანიც დაეთანხმა: „ლუისი თავდამსხმელია და გოლების გატანა ევალება, მაგრამ დღეს ისე ითამაშა, ყველა მეკარეს შეშურდებოდა“!

3 ივლისს, იოჰანესბურგში, ესპანეთი ამ ეტაპზე პირველად მოხვედრილ პარაგვაის დაუპირისპირდა. ვისენტე დელ ბოსკეს გუნდმა მხოლოდ ერთი ზუსტი დარტყმით მოიგო, თუმცა უნდა აღვნიშნო, რომ ძალიან საინტერესო მეოთხედფინალი კი გამოდგა.

პირველი ტაიმიდან გამოსარჩევია ნელსონ ვალდესის მიერ გატანილი გოლი, რომელიც შეცდომით არ ჩაითვალა – თამაშგარეში ვალდესის თანაგუნდელი ოსკარ კარდოსო იყო და არა გოლის ავტორი.

შესვენების შემდეგ გვატემალელმა არბიტრმა კარლოს ბატრესმა სამჯერ მიუთითა პენალტის ნიშნულისკენ. წესები პირველად ესპანელთა საჯარიმოში დაირღვა. ჟერარ პიკემ ოსკარ კარდოსო წააქცია, თუმცა ამ უკანასკნელმა იკერ კასილიასს ვერ აჯობა.

რამდენიმე წამში უკვე პარაგვაელები დაისაჯნენ: ანტოლინ ალკარასმა დავიდ ვილიას წინააღმდეგ იუხეშა. კარდოსოსგან განსხვავებით, ჩაბი ალონსომ ზუსტად დაარტყა თერთმეტმეტრიანი, მაგრამ ბატრესმა პენალტის გამეორება ბრძანა, აქაოდა, ესპანელები ნაადრევად შევარდნენ საჯარიმოშიო. ალონსოს მეორე ცდა უგოლოდ დასრულდა – პარაგვაელთა გოლკიპერმა და კაპიტანმა ხუსტო ვილარმა ბურთი მოიგერია.

83-ე წუთზე ესპანელებმა მაინც გაიხარეს, თუმცა მანამდე ბურთი ზედიზედ ორჯერ მოხვდა ძელს: პედრო როდრიგესის დარტყმის შემდეგ პარაგვაელებს მარჯვენა ძელი დაეხმარა, ვილიას დამატების შემდეგ კი ბურთი მარცხენა ძელს მოხვდა და მხოლოდ ამის შემდეგ გაეხვა ბადეში – 1:0.

„ბიჭებმა შეუდარებლად ითამაშეს და ძალიან დაძაბულ მომენტში მტკიცე ხასიათი გამოავლინეს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, დიდი ჩემპიონები სწორედ მებრძოლი სულით გამოირჩევიან“, – განაცხადა დელ ბოსკემ.

პრესკონფერენციაზე მან უკვე იცოდა, რომ ფინალის საგზურისთვის გერმანიის წინააღმდეგ მოუწევდა ბრძოლა. ევროპის ვიცე-ჩემპიონებმა ქეიფთაუნში, პარალელურად მიმდინარე მატჩში დიეგო არმანდო მარადონას გაწვრთნილი არგენტინა 4:0 გაანადგურეს! თომას მიულერმა მე-3 წუთზე გახსნა ანგარიში, მეორე ტაიმში მიროსლავ კლოზემ დუბლი შეასრულა, მის გოლებს შორის კი არნე ფრიდრიხმაც გამოიჩინა თავი.

მიუნხენის ბაიერნის ლიდერის თომას მიულერის გოლი გერმანიის ნაკრების მე-200 ბურთი აღმოჩნდა მსოფლიო ჩემპიონატების ფინალურ ეტაპზე და ამით ბუნდესგუნდი მხოლოდ მეორე ნაკრები გახდა ბრაზილიის შემდეგ, რომელმაც ეს ნიშნული დაძლია. რაც შეეხება არგენტინას, 1974 წელს, ნახევარფინალურ ჯგუფში ნიდერლანდებთან 0:4 განადგურების შემდეგ, ალბისელესტე ფინალურ ეტაპზე პირველად დამარცხდა ოთხი ბურთის სხვაობით.

სამხრეთი აფრიკა 2010-ის პირველი ფინალისტი 6 ივლისს გამოვლინდა. ნიდერლანდები-ურუგვაი ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო თამაში გამოდგა, ევროპელებმა ზედიზედ მეორე სამხრეთამერიკელი მეტოქე ჩამოიშორეს გზიდან – 3:2 გაიმარჯვეს და 1978 წლის შემდეგ პირველად გავიდნენ ფინალში.

ანგარიში მე-18 წუთზე გახსნა ჯოვანი ვან ბრონკჰორსტმა, დიეგო ფორლანმა კი შესვენებამდე გაათანაბრა – 41-ე წუთზე. 70-ე წუთზე ჩემპიონატის ერთ-ერთმა საუკეთესო ფეხბურთელმა უესლი სნეიდერმა კვლავ წინ გაიყვანა გუნდი, სამ წუთში კი არიენ რობენმა კიდევ ერთხელ გაახარა ქომაგები, 3:1. ცნობისათვის: რობენმა მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში საიუბილეო, 2200-ე გოლი შეაგდო.

ურუგვაიმ მეორე დამატებულ წუთზე მინიმუმამდე შეამცირა სხვაობა – მაქსიმილიანო პერეირამ დაარტყა ზუსტად, მაგრამ მეტის გაკეთება მან და მისმა თანაგუნდელებმა ვეღარ მოახერხეს. 3:2 და ესპანეთი გახდა პირველი ევროპული გუნდი უნგრეთის შემდეგ, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში სამხრეთამერიკელ მოწინააღმდეგეს სძლია. საინტერესოა, რომ 1954 წელს, შვეიცარიაში, უნგრელებმა ასევე ურუგვაელებს სძლიეს – 4:2.

„ვამაყობ ჩემი ბიჭებით! მატჩიდან მატჩამდე ვუმატებდით და მიუხედავად იმისა, რომ დღეს დავმარცხდით, შემიძლია ვთქვა, რომ ჩემპიონატი ურუგვაიმ ძალიან კარგად ჩაატარა“, – განაცხადა დამარცხებულთა მთავარმა მწვრთნელმა ოსკარ ვაშინგტონ ტაბარესმა.

ბერტ ვან მარვიიკის გუნდის მეტოქე 7 ივლისს, დურბანში გაირკვა: ესპანეთმა, ისევე, როგორც ორი წლით ადრე კონტინენტის ჩემპიონატის ფინალში, კვლავ 1:0 სძლია გერმანიას. დაძაბული, თუმცა არცთუ სანახაობრივი მატჩის ერთადერთი გოლი 73-ე წუთზე შეაგდო ბარსელონის კაპიტანმა კარლეს პუიოლმა – მანუელ ნოიერის კარი ჩავის კუთხურის შემდეგ, ეფექტური თავური დარტყმით დალაშქრა.

გერმანია ზედიზედ მეორედ დამარცხდა ნახევარფინალში, იოახიმ ლიოვმა კი განაცხადა, რომ ფიფას ოქროს თასს ესპანეთი მოიგებდა. „ჩვენ სრულყოფილ გუნდთან წავაგეთ. ჩემპიონები ესპანელები გახდებიან“, – ამ სიტყვებით დაემშვიდობა გერმანელი სპეციალისტი ჟურნალისტებს.

ოთხი წლის წინანდელის მსგავსად, ბუნდესგუნდმა ნომერ პირველი საფეხბურთო ტურნირი მესამე ადგილზე დაასრულა: 10 ივლისს, პორტ ელიზაბეთში, ურუგვაის 3:2 მოუგო.

კარგი თამაში გამოდგა: თომას მიულერმა, ვინც ჩემპიონატის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დასახელდა, მე-19 წუთზე გახსნა ანგარიში თავის მეხუთე გოლით (მას ოქროს ბუცი სწორედ ამ ბურთის წყალობით ერგო).

28-ე წუთზე ედინსონ კავანიმ გაათანაბრა, 51-ე წუთზე კი ასევე მეხუთე ბურთი შეაგდო დიეგო ფორლანმა, რომელიც სამხრეთი აფრიკა 2010-ის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს. ურუგვაიმ მალევე დაკარგა უპირატესობა: 56-ე წუთზე მარსელ იანსენმა ანგარიში 2:2 გახადა, 82-ე წუთზე კი გამარჯვების გოლი გაიტანა სამი ხედირამ.

ფინალი

ზედიზედ მეორედ გადამწყვეტ შეხვედრაში ევროპის გუნდებმა ითამაშეს, ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ ესპანეთი პირველად იყო ფინალში, ხოლო ნიდერლანდების წინა ორი მცდელობა მარცხით დასრულდა, ავტომატურად ნიშნავდა, რომ ფიფას ოქროს თასს ახალი მფლობელი ეყოლებოდა. ასევე: 1930, 1934, 1954, 1958 და 1978 წლების შემდეგ, ფინალში პირველად თამაშობდნენ გუნდები, რომლებსაც არასდროს მოეგოთ ტიტული.

სამხრეთი აფრიკა 2010-ის გადამწყვეტი მატჩი ფიფამ ინგლისელ არბიტრს ჰოვარდ უებს მიანდო. ბრიტანელმა გაზაფხულზე ჩემპიონთა ლიგის ფინალიც იმსაჯა მილანის ინტერსა და მიუნხენის ბაიერნს შორის, ესპანეთი-ნიდერლანდებამდე კი სამ შეხვედრას მოემსახურა: ესპანეთი-შვეიცარიას (0:1), სლოვაკეთი-იტალიას (3:2) და ბრაზილია-ჩილეს (3:0).

გადამწყვეტ მატჩს ფინალისტი ქვეყნების სამეფო ოჯახის წარმომადგენლებიც დაესწრნენ, საპატიო სტუმართა შორის კი, მათ გარდა ტენორი პლასიდო დომინგო, ჩოგბურთელი რაფაელ ნადალი, კალათბურთელი პო გასოლი, მსახიობები შარლიზ თერონი და მორგან ფრიმენი, ასევე სამხრეთი აფრიკის პრეზიდენტი ჯეიკობ ზუმაც ვიხილეთ.

გერმანია 2006-ის ტრიუმფატორი იტალიის ნაკრების კაპიტანმა ფაბიო კანავარომ ფიფას ოქროს თასი ფინალის დაწყებამდე მინდვრის ხაზთან ახლოს, სპეციალურ სადგამზე დადგა. ის და იოჰანესბურგის სოქერ სითის ტრიბუნებზე შეკრებილი 84490 მაყურებელი, ასევე დედამიწის ყველა კუთხეში ტელეეკრანებთან მოკალათებული მილიარდამდე გულშემატკივარი ლამაზ სანახაობას ელოდა, თუმცა ჩემპიონატის უკანასკნელმა მატჩმა იმედები არ გაამართლა. ძალიან დაძაბული თამაში კი გამოდგა, მაგრამ ლამაზი, ძნელი სათქმელია. მარტო ის რად ღირს, რომ უებმა თოთხმეტჯერ გამოიყენა ყვითელი, ერთხელ კი წითელი ბარათი, რაც ფინალების ანტირეკორდი გამოდგა.

სულ ოთხი სახიფათო მომენტი შეიქმნა და მხოლოდ უკანასკნელი დასრულდა ზუსტი დარტყმით. ძირითად დროში ნიდერლანდელებს შეეძლოთ გოლის გატანა, მაგრამ არიენ რობენს იკერ კასილიასმა ორივე შემთხვევაში აჯობა – მეკარემ ჯერ ტერფი აკრა ბურთს და კარი გადაარჩინა, შემდეგ კი ფეხებში ჩაუვარდა საჯარიმოში შეჭრილ მეტოქეს და დარტყმა არ დაანება. დამატებით დროში უკვე კასილიასის კოლეგამ, მაარტენ სტეკელენბურგმა ითამაშა ჩინებულად – პირისპირ გასულ სესკ ფაბრეგასს არ გაატანინა.

116-ე წუთზე ესპანელებმა მაინც გაიხარეს: ფერნანდო ტორესმა საჯარიმოში ჩააწოდა, მცველების დასახმარებლად უკან ჩასულმა რაფაელ ვან დერ ვაარტმა ცუდად მოიგერია ბურთი, რომელიც ფაბრეგასმა მალე ანდრეს ინიესტას მიაწოდა, საჯარიმოში შეჭრილმა ნახევარმცველმა კი ვან დერ ვაარტს დაასწრო და უძლიერესად დაარტყა – 1:0!

„დანი ხარკე, მუდამ ჩვენთან ერთად“ – ნაკრების ფორმის ქვეშ, თეთრ მაისურზე, ინიესტას სწორედ ეს სიტყვები ეწერა. ბარსელონელმა საჩემპიონო გოლი ერთი წლით ადრე გულის შეტევით გარდაცვლილ 26 წლის მეგობარს მიუძღვნა. ხარკე ბარსელონის მეორე კლუბის, ესპანიოლის კაპიტანი გახლდათ და ინიესტასთან ერთად ესპანეთის ასაკობრივ ნაკრებ გუნდებში თამაშობდა.

ანდრესი ფინალის საუკეთესო მოთამაშის პრიზით დაჯილდოვდა, ესპანეთი კი მსოფლიოს პირველი ჩემპიონი გახდა, რომელმაც მხოლოდ რვა გოლი გაიტანა. ამავე დროს, ვისენტე დელ ბოსკეს გუნდი აღმოჩნდა პირველი ტრიუმფატორი, რომელმაც ფლეი ოფში გოლი არ გაუშვა. და კიდევ: ჩემპიონებმა მხოლოდ ორი გოლი გაუშვეს (შვეიცარია – 0:1, ჩილე 2:1) და ამით საფრანგეთის (1998) და იტალიის (2006) ნაკრებთა რეკორდი გაიმეორეს.

მსოფლიო თასის მოგებით ფურია როხამ ბუნდესგუნდის მიღწევაც გაიმეორა: ორ წელიწადში ევროპის ჩემპიონატი და მსოფლიო პირველობა მოიგო. გერმანელებმა იგივე 1972 და 1974 წლებში გააკეთეს.

ფიფამ სიმბოლური ნაკრები არ დაასახელა, მხოლოდ გულშემატკივართა ონლაინ-გამოკითხვით გამოავლინა ჩემპიონატის სიმბოლური გუნდი. საუკეთესო თერთმეტ მოთამაშეს შორის ექვსი ჩემპიონი მოხვდა: იკერ კასილიასი, სერხიო რამოსი, კარლეს პუიოლი, ანდრეს ინიესტა, ჩავი ერნანდესი და დავიდ ვილია.

ტრიუმფატორებს სამშობლოში დიდებულად დახვდნენ, ფეხბურთელები და მწვრთნელები უამრავი პრიზით დააჯილდოვეს, სამეფო ოჯახმა კი სპეციალური წვეულება მოაწყო, თუმცა ნაკლები პატივი არც ვიცე-ჩემპიონებს ხვდათ წილად: ნარინჯისფრად შეღებილ ამსტერდამის ქუჩებსა და არხებში ორას ათასამდე ქომაგი შეიკრიბა, დედოფალმა ბეატრიქსმა კი ბერტ ვან მარვიიკს და გუნდის კაპიტანს ჯოვანი ვან ბრონკჰორსტს ორდენები უწყალობა.

„მსურს მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც განვლილი წლების განმავლობაში ამ გუნდში შემხვდა, ადმინისტრაციით დაწყებული თანაგუნდელებით დასრულებული. ვფიქრობ, იდეალური დროა ნაკრებთან გამოსამშვიდობებლად“, – განაცხადა კარლეს პუიოლმა და სანაკრებო კარიერა დაასრულა.

დელ ბოსკე იმედოვნებდა, რომ პუიოლი გადაწყვეტილებას შეცვლიდა, მაგრამ ბარსელონის კაპიტანს ნაკრებში აღარ უთამაშია. მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში მან 90-ედ მოირგო ქვეყნის პირველი გუნდის მაისური, საინტერესო კი ისაა, რომ ესპანეთის მთვარი ნაკრებში პირველად ასევე ნიდერლანდელების წინააღმდეგ ითამაშა, 2000 წლის 15 ნოემბერს, ამხანაგურ შეხვედრაში.

პუიოლისგან განსხვავებით გუნდში დარჩა მადრიდის რეალის და ნაკრების 29 წლის კაპიტანი იკერ კასილიასი. მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი მისთვის 111-ე სანაკრებო კეპი იყო, პარაგვაისთან მეოთხედფინალში კი ის გახდა პირველი გოლკიპერი, რომელმაც მსოფლიოს ორ ჩემპიონატზე მოიგერია თერთმეტმეტრიანი (2002 წელს ირლანდიასთან შეხვედრაში). ტურნირის საუკეთესო მეკარისთვის განკუთვნილი ოქროს ხელთათმანით ის მხოლოდ ამიტომ არ დააჯილდოვეს, კაპიტანი ყველა შეხვედრაში ძალიან საიმედო იყო.

„ბავშვობაში ამაზე მხოლოდ ვოცნებობდი: ტელევიზორში ვხედავდი, როგორ ხარობდნენ გერმანელები, ბრაზილიელები, ფრანგები და მინდოდა, ეს ოქროს თასი ერთხელ მეც მომეგო. ახლა, როცა ეს ჯილდო უკვე ჩვენია, არც კი ვიცი რა ვთქვა! ახლა მესმის, თუ რას გრძნობენ ადამიანები, რომლებიც სიხარულის გადმოსაცემად სიტყვებს ვერ პოულობენ“, – განაცხადა კასილიასმა სამეფო ოჯახთან სტუმრობის შემდეგ.

სამხრეთი აფრიკა 2010 – ზოგადი ცნობები

*-პირველი მსოფლიო ჩემპიონატი, რომლის ფინალში არ მონაწილეობდა დიდი ოთხეულის არცერთი წევრი – ბრაზილია, იტალია, გერმანია და არგენტინა.
*-ესპანეთი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში (გადამწყვეტი მატჩი) გასული მეთორმეტე გუნდი გახდა ურუგვაის, არგენტინის, იტალიის, ჩეხოსლოვაკიის, უნგრეთის, ბრაზილიის, გერმანიის (გფრ), შვედეთის, ინგლისის, ნიდერლანდების და საფრანგეთის შემდეგ.
*-მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის დამატებით დროში 1978 წლის შემდეგ პირველად გავიდა გოლი. ისევე როგორც არგენტინამ, ესპანეთმაც ნიდერლანდებს გაუტანა. ამავდროულად, არგენტინა 1978-ის შემდეგ ესპანეთის ეს ნაკრები პირველი მსოფლიოს ჩემპიონი გახდა, რომელმაც ჯგუფში თამაშის წაგების მიუხედავად, თასი მაინც მოიგო.
*-ესპანეთი მსოფლიოს მეხუთე ჩემპიონი გახდა ევროპიდან იტალიის, გერმანიის (გფრ), ინგლისის და საფრანგეთის შემდეგ. საინტერესოა, რომ ხუთივემ პირველი ცდით მოახერხა ფიფას ოქროს თასის მოგება.
*-მონაწილეობდა 32 გუნდი (ევროპა – 13; აფრიკა – 6; სამხრეთი ამერიკა – 5; აზია – 4; ცენტრალური და ჩრდილოეთი ამერიკა – 3; ოკეანეთი – 1).
*-64 თამაშში 145 გოლი გავიდა, საშუალოდ მატჩში 2,27.
*-მთლიანი დასწრება – 3 178 856, საშუალოდ მატჩზე 49 670 გულშემატკივარი.

11 ივლისი, 2010. მსოფლიოს XIX ჩემპიონატის ფინალი. სამხრეთი აფრიკა, იოჰანესბურგი, სოქერ სითი. 84 490
ესპანეთი 1:0 (დდ) ნიდერლანდები
გოლი: 1:0 ანდრეს ინიესტა (116)
ესპანეთი: იკერ კასილიასი (კაპ), სერხიო რამოსი, ჟერარ პიკე, კარლეს პუიოლი, ჟოან კაპდევილა, სერხიო ბუსკეტსი, ჩაბი ალონსო (სესკ ფაბრეგასი 87), ჩავი ერნანდესი, ანდრეს ინიესტა, პედრო როდრიგესი (ხესუს ნავასი 60), დავიდ ვილია (ფერნანდო ტორესი 106)
მწვრთნელი: ვისენტე დელ ბოსკე
ნიდერლანდები: მაარტენ სტეკელენბურგი, გრეგორი ვან დერ ვილი, ჯონი ჰეიტინგა, იორის მათიისენი, ჯოვანი ვან ბრონკჰორსტი (კაპ), მარკ ვან ბომელი, ნაიჯელ დე იონგი (რაფაელ ვან დერ ვაარტი 99), არიენ რობენი, უესლი სნეიდერი, დირკ კიუიტი (ელჯერო ელია 71), რობინ ვან პერსი
მწვრთნელი: ბერტ ვან მარვიიკი
გაფრთხილება: რობინ ვან პერსი, კარლეს პუიოლი, მარკ ვან ბომელი, სერხიო რამოსი, ნაიჯელ დე იონგი, ჯოვანი ვან ბრონკჰორსტი, ჯონი ჰეიტინგა, ჟოან კაპდევილა, არიენ რობენი, ჯონი ჰეიტინგა, გრეგორი ვან დერ ვილი, იორის მათიისენი, ანდრეს ინიესტა, ჩავი ერნანდესი
გაძევება: ჯონი ჰეიტინგა (109)
მსაჯები: ჰოვარდ უები; დარენ კანი, მაიკ მალარკი (ყველა ინგლისი)

საუკეთესო ბომბარდირი (ოქროს ბუცი):
თომას მიულერი (გერმანია) – 5 გოლი
დავიდ ვილია (ესპანეთი), უესლი სნეიდერი (ნიდერლანდები) – 5 გოლი

საუკეთესო ფეხბურთელი (ოქროს ბურთი):
1.დიეგო ფორლანი (ურუგვაი)
2.უესლი სნეიდერი (ნიდერლანდები)
3.დავიდ ვილია (ესპანეთი)

საუკეთესო ახალგაზრდა: თომას მიულერი (გერმანია)
საუკეთესო მეკარე (ადიდასის ოქროს ხელთათმანი): იკერ კასილიასი (ესპანეთი)

ტურნირის სიმბოლური ნაკრები (ფიფას ონლაინ-გამოკითხვა)
მეკარე: იკერ კასილიასი (ესპანეთი)
მცველები: ფილიპ ლამი (გერმანია), სერხიო რამოსი (ესპანეთი), კარლეს პუიოლი (ესპანეთი), მაიკონი (ბრაზილია)
ნახევარმცველები: ჩავი ერნანდესი (ესპანეთი), ბასტიან შვაინშტაიგერი (გერმანია), უესლი სნეიდერი (ნიდერლანდები), ანდრეს ინიესტა (ესპანეთი)
თავდამსხმელები: დავიდ ვილია (ესპანეთი), დიეგო ფორლანი (ურუგვაი)

მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონი ესპანეთის ნაკრები
მეკარეები: 1.იკერ კასილიასი (მადრიდის რეალი), 12.ვიქტორ ვალდესი (ბარსელონა), 23.პეპე რეინა (ლივერპული, ინგლისი)
მცველები: 2.რაულ ალბიოლი (მადრიდის რეალი), 3.ჟერარ პიკე (ბარსელონა), 4.კარლოს მარჩენა (ვალენსია), 5.კარლეს პუიოლი (ბარსელონა), 11.ჟოან კაპდევილა (ვილიარეალი), 15.სერხიო რამოსი (მადრიდის რეალი), 17.ალვარო არბელოა (მადრიდის რეალი)
ნახევარმცველები: 6.ანდრეს ინიესტა (ბარსელონა), 8.ჩავი ერნანდესი (ბარსელონა), 10.სესკ ფაბრეგასი (ლონდონის არსენალი, ინგლისი), 13.ხუან მატა (ვალენსია), 14.ჩაბი ალონსო (მადრიდის რეალი), 16.სერხიო ბუსკეტსი (ბარსელონა), 20.ხავი მარტინესი (ბილბაოს ატლეტიკი), 21.დავიდ სილვა (ვალენსია), 22.ხესუს ნავასი (სევილია)
თავდამსხმელები: 7.დავიდ ვილია (ვალენსია), 9.ფერნანდო ტორესი (ლივერპული, ინგლისი), 18.პედრო როდრიგესი (ბარსელონა), 19.ფერნანდო ლიორენტე (ბილბაოს ატლეტიკი)
მწვრთნელი: ვისენტე დელ ბოსკე

 

ლაშა გოდუაძე (2022 წლის 28 ოქტომბერი)
ფოტო:
FIFA.com; ინტერნეტი

ka_GEGeorgian