მსოფლიო ჩემპიონატების ისტორია: სამხრეთი კორეა-იაპონია 2002

აზიაში გამართული პირველი მსოფლიო ჩემპიონატი საინტერესო იყო, თუმცა ნამდვილად ვერ დავასახელებ საუკეთესოთა შორის. და ამის მიზეზი სულაც არ არის ჩემი ფავორიტი იტალიის ნაკრების სუსტი ასპარეზობა.
ჯოვანი ტრაპატონის გუნდის ჩავარდნამ გული დამწყვიტა, ამას ვერ უარვყოფ, მაგრამ ოქროს თასის ეს გათამაშება საუკეთესოდ რომ არ მაგონდება, ამის მიზეზი რამდენიმე შეხვედრაში მსაჯების არცთუ სამართლიანო მოქმედებაა.

იტალიის და თანამასპინძელთა ნაკრების მერვედფინალს თავი რომ დავანებო, არბიტრები სხვა მატჩებშიც უსამართლოდ მოიქცნენ, განსაკუთრებით კი იმავე კორეელთა და ესპანელთა მეოთხედფინალში. იყო კიდევ რამდენიმე ეპიზოდი, სადაც მსაჯები, ჩემი აზრით, უხეშად შეცდნენ, მაგრამ რაც არის, არის – ასეთი იყო ეს მსოფლიო პირველობა, რომლის ეგიდით არაერთი საინტერესო თამაშიც ვიხილეთ.

ბრაზილიის იმ მართლა საოცარმა გუნდმა ერთი ამოსუნთქვით მოიგო ეს გათამაშება. შესაძლოა ვინმემ სელესაოს მოწინააღმდეგეების არცთუ მაღალი კლასი აღნიშნოს (ინგლისელთა გამოკლებით), მაგრამ ფაქტს ვერსად გავექცევით – ლუიშ ფელიპე სკოლარის გუნდმა ყველა შეხვედრა მოიგო, ასეთ რამეს კი მხოლოდ ძლიერი, უმაღლესი დონის მოთამაშეებით დაკომპლექტებული და ერთი მიზნის მისაღწევად გაერთიანებული გუნდი თუ შეძლებს.

იქიდან გამომდინარე, რომ ტურნირი აღმოსავლეთში ჩატარდა, მატჩების უმეტესობა საღამოს რვა-ცხრა საათისთვის სრულდებოდა. ივნის-ივლისში საღამოობით ფეხბურთის თამაშს რა უნდა სჯობდეს და მეც ოლიმპის საფეხბურთო სკოლის პატარა მოედანზე ვერთობოდი მეგობრებთან ერთად. აი ეს კი ნაღდად ტკბილი მოგონებებია. გული მხოლოდ იმაზე მწყდება, რომ ის მშვენიერი საფეხბურთო სკოლა კარგა ხანია რაც გასხვისდა და ფეხბურთიც ისტორიას ჩაბარდა – თბილისს ახალი საცხოვრებელი უბანი შეემატა…

* * *

XXI საუკუნის პირველი მსოფლიო პირველობის მასპინძლობა სამ ქვეყანას სურდა: სამხრეთი კორეას, იაპონიას და მექსიკას. ფიფას მაღალჩინოსნებს საბოლოო გადაწყვეტილება 1996 წლის 31 მაისს უნდა მიეღოთ.

იქიდან გამომდინარე, რომ აზიელებს დიდი საფეხბურთო შეჯიბრების გამოცდილება არ ჰქონდათ, ფიფამ მათ პროექტის გაერთიანება ურჩია, ასე უფრო ადვილად გაუმკლავდებოდნენ გამოწვევას. აზიელებმა რჩევა გაითვალისწინეს და გაიმარჯვეს კიდეც. ფიფას გადაწყვეტილების შემდეგ, იაპონია გახდა პირველი ქვეყანა იტალიის შემდეგ (1934), რომელსაც უდიდესი საფეხბურთო შეჯიბრების მიღების პატივი ისე ერგო, რომ ფინალურ ეტაპზე თამაშის გამოცდილება არ ჰქონდა.

საორგანიზაციო კომიტეტის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა წლების შემდეგ განაცხადა, რომ ფიფას ფინალური ეტაპის რამდენიმე თამაშის ჩრდილოეთ კორეაში გამართვაც სურდა, მაგრამ მალე მიხვდა, რომ იდეა უპერსპექტივო იყო.

სამხრეთი კორეა-იაპონია 2002-ის შესარჩევში 199 ნაკრები ჩაერთო და მონაწილეთა რეკორდი კიდევ ერთხელ გაუმჯობესდა. საკვალიფიკაციო ეტაპზე ოცდაცხრა საგზური გათამაშდა, რადგან სამი მონაწილე ოფიციალური თამაშების დაწყებამდე ცნობილი იყო: მასპინძელთა ნაკრები გუნდები, ასევე ჩემპიონი საფრანგეთი.

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო პირველობის რიგით მეორე შესარჩევი ციკლი შესანიშნავად დაიწყო: დავით ყიფიანის და რევაზ ძოძუაშვილის ხელმძღვანელობით გასვლით მატჩში ლიეტუვას 4:0 სძლია, თუმცა რამდენიმე დღეში იტალიას ესტუმრა და მიუხედავად იმისა, რომ ცუდად არ ითამაშა, მაინც წააგო – 0:2.

გაზაფხულზე საქართველო თბილისში 0:2 დამარცხდა რუმინეთთან და ფინალურ ეტაპზე მოხვედრის იმედიც ამ მარცხისთანავე გაქრა. მერე იყო კიდევ ერთი საშინაო წაგება – 1:2 სკუადრა აძურასთან.

ევროპის ვიცე-ჩემპიონების სტუმრობის წინ ბოროტმოქმედებმა კახი კალაძის უმცროსი ძმა, ლევანი გაიტაცეს. კალაძე ახალი გადასული იყო კიევის დინამოდან მილანში. ახალგაზრდა ფეხბურთელმა მძიმე დღეები გადაიტანა, ერთი პერიოდი ნაკრებიდან წასვლაც დააპირა, თუმცა იტალიელების წინააღმდეგ მაინც ითამაშა.

ჯვაროსნებმა შესარჩევი ტურნირი ალექსანდრე ჩივაძის ხელმძღვანელობით დაასრულეს. უნგრეთში 1:4 წაგების შემდეგ ყიფიანი და ძოძუაშვილი თანამდებობიდან გადადგნენ. შემოდგომის მატჩებში ჩივაძის გუნდმა კარგად ითამაშა – თბილისში უნგრეთს და ლიეტუვას სძლია, რუმინეთში გამარჯვება კი უკანასკნელ წუთებზე გაუშვა ხელიდან. საქართველომ ჯგუფი მესამე ადგილზე დაასრულა და ეს დღემდე საუკეთესო შედეგია მსოფლიო პირველობების საკვალიფიკაციო ტურნირებში.

ფინალური ეტაპის საგზური ვერ მოიპოვა საფრანგეთი 1998-ის ნახევარფინალისტმა ნიდერლანდებმა. ნარინჯისფერებს პორტუგალიასთან და ირლანდიასთან შეხვედრებში მოეცარათ ხელი. ამ ორმა გუნდმა შესარჩევი დაუმარცხებლად განვლო.

IX საკვალიფიკაციო ჯგუფში ერთად მოხვდნენ ინგლისი და გერმანია. გრანდების პირველი პაექრობა 2000 წლის 7 ოქტომბერს შედგა ლონდონში, უემბლიზე. ამ მატჩით, რომელშიც ბუნდესნაკრებმა 1:0 გაიმარჯვა, დიდებული სარბიელი სარეკონსტრუქციოდ დაიხურა.

2001 წლის 1 სექტემბერს გერმანელებმა მეტოქეს მიუნხენში უმასპინძლეს და… 1:5 განადგურდნენ! იმ შემოდგომით დიდებულ ფორმაში იყო ლივერპულის ფორვარდი და წინა მსოფლიო პირველობის აღმოჩენა მაიკლ ოუენი, რომელმაც ოლიმპიაშტადიონზეც ბრწყინვალედ ითამაშა და ისტორიულ გამარჯვებაში თავის წვლილი შეიტანა. ინგლისმა ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა, ოუენი კი წლის ბოლოს ევროპის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს. რაც შეეხება ბუნდესგუნდს, გერმანიამ ფლეი ოფში გადაინაცვლა, სადაც უკრაინას აჯობა.

სამხრეთი ამერიკის ზონაში დიდი უპირატესობით გაიმარჯვა არგენტინის ნაკრებმა: ალბისელესტემ თვრამეტიდან ცამეტი შეხვედრა მოიგო, მთავარ მეტოქე ბრაზილიას კი მთელი ცამეტი ქულით აჯობა.

ოკეანეთის ზონაში მოთამაშე ავსტრალიის ნაკრებმა შესარჩევის რამდენიმე რეკორდი დაამყარა: ერთ საკვალიფიკაციო ციკლში ყველაზე მეტი გოლი გაიტანა – 73; 2001 წლის 11 აპრილს, კოფს ჰარბორში კი კენგურუებმა ამერიკის სამოას უმასპინძლეს და 31:0 გაანადგურეს! ამით ავსტრალიელებმა ორი დღით ადრე დამყარებული რეკორდი გააუმჯობესეს – 9 აპრილს, იმავე კოფს ჰარბორში, 22:0 სძლიეს ტონგას!

ამერიკის სამოასთან თავდამსხმელმა არჩიბალდ ჯერალდ არჩი თომფსონმა ისეთი რეკორდი მიითვალა, ძნელად რომ ვინმემ გააუმჯობესოს – ცამეტი გოლი გაიტანა! პირველ ტაიმში რვაჯერ(!) დაარტყა ზუსტად, შესვენების შემდეგ კი ხუთი ბურთით „დაკმაყოფილდა“.

თავის მხრივ, ამერიკის სამოის ნაკრები ყველა, ოთხივე შეხვედრაში დამარცხდა და 57 გოლი გაუშვა, რაც უარესი შედეგია ტურნირის ისტორიაში. ავსტრალიელების გარდა ამერიკის სამოა ფიჯიზე 0:13 განადგურდა, სამოასთან – 0:8, ტონგასთან კი 0:5.

საოცარი ანგარიშით გამარჯვებების და რეკორდების მიუხედავად, ავსტრალია სამხრეთი კორეა-იაპონიაში მაინც ვერ მოხვდა: კონტინენტურ ფლეი ოფში სამხრეთ ამერიკიდან გასულ ურუგვაისთან ორი მატჩის ჯამში 1:3 დამარცხდა.

აზიაში გამართულ პირველ მსოფლიო ჩემპიონატში ტურნირის ყველა, შვიდივე გამარჯვებულმა იასპარეზა: ურუგვაიმ, იტალიამ, ბრაზილიამ, გერმანიამ, ინგლისმა, არგენტინამ და საფრანგეთმა. ასეთი რამ პირველად მოხდა. რაც შეეხება დებიუტანტებს, ასეთი ოთხი იყო: ჩინეთი, ეკვადორი, სენეგალი და სლოვენია.

XVII მსოფლიო ჩემპიონატი სპონსორების სიმრავლითაც გამოირჩეოდა: თოთხმეტი გენერალური მხარდამჭერის გარდა (მაკდონალდსი, ადიდასი, ბუდვაიზერი, კოკა-კოლა, ფუჯიფილმი, ჰიუნდაი, ჟილეტი…), იაპონიის მხარეს ცალკე რვა ოფიციალური კომერციული პარტნიორი ჰყავდა, სამხრეთი კორეას კი შვიდი.

ტურნირის ოფიციალურ ბურთს ადიდასმა ფევერნოვა უწოდა. ის მოსალოდნელზე მსუბუქი გამოდგა, რის გამოც მეკარეებს ძალიან არ მოეწონათ.

ფინალური ეტაპი

ჩემპიონმა საფრანგეთმა A ჯგუფში იასპარეზა სენეგალის, ურუგვაის და დანიის ნაკრებებთან ერთად. როჟე ლემერის (წინა მსოფლიო პირველობის დასრულებისთანავე მან ემე ჟაკე შეცვალა) გაწვრთნილმა გუნდმა 2000 წელს ევროპის ჩემპიონატი მოიგო, ერთი წლის შემდეგ კი ნაკლებად პრესტიჟული, მაგრამ მაინც ოფიციალური ტიტული – ფიფას კონფედერაციათა თასი.

ამის გათვალისწინებით ფრანგებს ფავორიტთა შორის ასახელებდნენ. ისიც უნდა შეგახსენოთ, რომ შესანიშნავ ფორმაში იყვნენ ძირითადი ფორვარდები ტიერი ანრი და დავიდ ტრეზეგე. პირველმა იმ გაზაფხულზე ინგლისის პრემიერლიგის საუკეთესო ბომბარდირის ტიტული მოიპოვა, მეორემ იტალიის სერია ა-ში გაიტანა ყველაზე მეტი გოლი. ზედ ტურნირის სტარტზე გუნდმა მძიმე დანაკლისიც განიცადა – ჩემპიონთა ლიგის ფინალის გადამწყვეტი და ულამაზესი გოლის ავტორი ზინედინ ზიდანი დაშავდა და პირველ ორ თამაშში გუნდს ვერაფრით დაეხმარა.

ზიდანის არყოფნა დიდი დარტყმა იყო, მაგრამ ის, რაც როჟე ლემერის გუნდს დაემართა, მხოლოდ ამ მშვენიერი ფეხბურთელის არყოფნით ვერ აიხსნება. 31 მაისს, სეულში, ჩემპიონატის გახსნის მატჩში, საფრანგეთი 0:1 დამარცხდა… სენეგალთან, ერთ-ერთ დებიუტანტთან. ისტორიული ბურთი პაპა ბუბა დიოპმა გაიტანა, გუნდის ლიდერად კი ელ ჰაჯი დიუფი მოგვევლინა, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატის დასრულებისთანავე ინგლისის პრემიერლიგაში გადაბარგდა.

ფრანგებმა ვერც მომდევნო მატჩები მოიგეს, ყველაზე თავზარდამცემი კი ისაა, რომ გოლიც ვერ გაიტანეს: სენეგალთან შერცხვენას ურუგვაისთან 0:0 მოჰყვა (25-ე წუთზე მსაჯმა ტიერი ანრი გააძევა), ბოლო ტურში კი როჟე ლემერის გუნდი დანიასთან 0:2 დამარცხდა (დენის რომედალი, იონ დალ ტომასონი) და ჯგუფში ჩარჩა! ბრაზილიის 1966 წლის ნაკრების შემდეგ საფრანგეთი პირველი მსოფლიოს ჩემპიონი გახდა, რომელმაც ჯგუფური ეტაპი ვერ დაძლია, თუმცა ფრანგებისგან განსხვავებით, სამხრეთამერიკელებმა ინგლისში გოლები მაინც გაიტანა.

B ჯგუფში ესპანეთმა სამივე მატჩი მოიგო. პირენელებმა ყველა მეტოქეს სამ-სამი გოლი გაუტანეს – 3:1 სლოვენიასთან და პარაგვაისთან, 3:2 სამხრეთი აფრიკასთან. ტურნირს ბრწყინვალე ფორმაში შეხვდნენ ჩემპიონთა ლიგის ტრიუმფატორი რეალის ფორვარდები რაული და ფერნანდო მორიენტესი, პირველმა სამი ბურთი შეაგდო, მეორემ ორი.

მეორე ადგილი პარაგვაიმ დაიკავა, რომელმაც მესამე ადგილოსან სამხრეთი აფრიკას მხოლოდ მეტი გატანილი გოლის წყალობით აჯობა – ექვსი და ხუთი.

რაც შეეხება ბოლო ადგილზე გასულ სლოვენიას, ამ გუნდმა ჯგუფური ეტაპი საუკეთესო ფეხბურთელის ზლატკო ზაჰოვიჩის გარეშე დაასრულა. მთავარმა მწვრთნელმა სრეჩკო კატანეცმა თავდამსხმელი პირველ ტურში, ესპანელებთან შეხვედრისას შეცვალა, მან მოედნიდან გასვლა იუკადრისა და… ნაკრებსაც დაემშვიდობა.

C ჯგუფში მოხვდა ბრაზილია. სელესაოს აშკარად იოლი ჯგუფი ერგო: თურქეთი, კოსტა რიკა და დებიუტანტი ჩინეთი. ამ უკანასკნელთ სახელგანთქმული ბორა მილუტინოვიჩი წვრთნიდა, კაცი, რომელმაც მანამდე ოთხი სხვა გუნდი გაიყვანა ფინალურ ეტაპზე.

ბრაზილიამ საკვალიფიკაციოში არცთუ დამაჯერებლად ითამაშა, მაგრამ აზიაში თითქოს ფერი იცვალა და დაუნდობელი გახდა. მომავალ ჩემპიონთა თავკაცმა ლუიშ ფელიპე სკოლარიმ ტრიუმფის შემდეგ, ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა:

„ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაციამ ნაკრების გაწვრთნა 2001 წლის ივლისში შემომთავაზა. პირველი, რაც გავაკეთე, შესარჩევ ცხრილს ჩავხედე. იმ პერიოდში ნაკრები ცუდ სიტუაციაში იყო, ისტორიაში პირველად გვემუქრებოდა ფინალურ ეტაპზე ვერგასვლის საფრთხე… მძიმე სიტუაციის მიუხედავად, მცირე ფიქრის და განსჯის შემდეგ, მე და ჩემი თანამოაზრეები წინადადებას დავთანხმდით. ხუმრობა ხომ არ იყო, ასეთი შანსი პირველად მოგვეცა! გვინდოდა ყველაფერი, რაც მანამდე საკლუბო დონეზე ვისწავლეთ, ნაკრებში გამოგვეცადა…

დასამალი არაფერია: გუნდში ცუდი ატმოსფერო იყო, ფეხბურთელები ერთმანეთთან არ მეგობრობდნენ, ვერ ხვდებოდნენ თუ რას ნიშნავდა სამშობლოს სახელით თამაში. მათ პირველივე შეკრებაზე ავუხსენი, რომ ჩვენ ერთი გუნდის წევრები ვიყავით და ეს გაცილებით მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე ცალკე აღებული თითოეული მათგანის წარმატება ან ურთიერთობა ჟურნალისტებთან და კლუბებთან… ნელ-ნელა სიტუაცია უკეთესობისკენ შეიცვალა – ფინალური ეტაპის საგზური დიდი ძალისხმევით მოვიპოვეთ, კორეა-იაპონიაში კი ლამის ერთ ოჯახად ჩავედით“.

მსოფლიო ჩემპიონატისთვის მზადებას ბრაზილია წლის დასაწყისშივე შეუდგა. სკოლარის გუნდმა 31 იანვარს პირველი საერთაშორისო შეხვედრა ჩაატარა გოიანაში, სერა დურადაზე: ბოლივიას უმასპინძლა და შანსი არ დაუტოვა – 6:0. ამ მატჩში შედგა რიკარდო ისაკსონ დუშ სანტუშ ლეიტე კაკას დებიუტი – ფეხბურთელმა, რომელსაც ხუთი წლის შემდეგ მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშედ დაასახელებენ, კაპიტანი ჟუნინიო პაულისტა შესვენების შემდეგ შეცვალა.

6 თებერვალს ბრაზილიელებმა ელ რიადში საუდის არაბეთის ნაკრები დაამარცხეს – 1:0. 7 მარტს სკოლარის გუნდმა კიდევ ერთხელ მოაწყო გოლების ფოიერვერკი: კუიბაბაში 6:1 გაანადგურა ისლანდია (ანდერსონ პოლგა 2, კლებერსონი, კაკა, ჟილბერტუ სილვა და ედილსონი), 27 მარტს კი იუგოსლავიას უმასპინძლა ფორტალეზაში და 2:0 გაიმარჯვა.

ჩემპიონატის დაწყებამდე სკოლარის გუნდმა კიდევ სამი შეხვედრა გამართა: 17 აპრილს ლისაბონში პორტუგალიას ესტუმრა – 1:1 (რონალდინიო), 18 მაისს ბარსელონაში კატალონიის ნაკრებს რონალდინიოს დუბლით და ედმილსონის გოლით 3:1 მოუგო, აზიაში ჩასულმა კი 25 მაისს კუალა ლუმპურში მალაიზია 4:0 გაანადგურა (რონალდო, ჟუნინიო პაულისტა, დენილსონი, ედილსონი).

ბრაზილიელებმა ჩემპიონატი თურქეთთან მატჩით დაიწყეს – 2:1 (რონალდო, რივალდო. ამ უკანასკნელს, სიმულანტობის გამო, კრიტიკის ქარ-ცეცხლი დაატყდა), მეორე ტურში ჩინელებს ოთხი უპასუხო გოლი გაუტანეს (რობერტო კარლოსი, რივალდო, რონალდინიო, რონალდო), კოსტარიკელებთან კი 5:2 მოიგეს (რონალდოს დუბლი, ედმილსონი, რივალდო, ჟუნიორი). ამ შეხვედრაში, რომელიც 13 ივნისს გაიმართა სუვონში, რონალდომ მე-10 წუთზე გახსნა ანგარიში, თუმცა თავდაპირველად ის ბურთი ავტოგოლად ჩაიწერა. მოგვიანებით ფიფამ გოლის ავტორად ოფიციალურად აღიარა ბრაზილიელი.

საფრანგეთი 1998-ის შემდეგ ფენომენი (რონალდოს მეტსახელია) ტრავმებმა გატანჯა: ჯერ იყო და მარჯვენა მუხლის ჯვარედინი მყესები გაიგლიჯა, ლამის ერთწლიანი შესვენების შემდეგ მოედანზე დაბრუნებული კი კვლავ უმძიმესად დაშავდა და კიდევ ცხრა თვე გაუცდა.

ბევრი თვლიდა, რომ რონალდო ძველ ფორმას ვეღარ დაიბრუნებდა, თუმცა მთავარი მწვრთნელი სხვანაირად ფიქრობდა:

„დარწმუნებული ვიყავი, რომ რონალდო ჩემპიონატს საუკეთესო ფორმაში შეხვდებოდა. ჩემი თანაშემწეები, ექიმები და ფიზიოთერაპევტები მას მუდმივად აკვირდებოდნენ. სამედიცინო შტაბი მეუბნებოდა, რომ ჩემპიონატის წინ რონალდო დაახლოებით 70 პროცენტით იქნებოდა მზად, შემდეგ კი თამაშიდან თამაშამდე მოუმატებდა. ასეც მოხდა, ის ყოველ დღე უკეთეს შთაბეჭდილებას ტოვებდა, საბოლოოდ კი ბომბარდირიც გახდა. რონალდო მკვეთრად გამოკვეთილი ინდივიდუალისტია, მაგრამ გახსოვთ ფინალში მისი ფეხბურთი? გერმანელებთან ის გუნდური თამაშით იყო შეპყრობილი და თუ გოლების მომენტებს გაიხსენებთ, ჩემი სიტყვების სიმართლეში მარტივად დარწმუნდებით“.

სენსაციის გარეშე არც D ჯგუფის თამაშები დასრულდა: პირველი ადგილი ნიდერლანდელი გუს ჰიდინკის მომზადებულმა სამხრეთი კორეის ნაკრებმა დაიკავა, ამერიკა მეორე ადგილზე გავიდა, ევროპელები კი ჯგუფში ჩარჩნენ – ევრო 2000-ის ნახევარფინალისტი პორტუგალია მესამე იყო, პოლონეთი – მეოთხე.

პირველი ტურის მატჩში, 5 ივნისს რომ გაიმართა სუვონში, პორტუგალია 2:3 დამარცხდა ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრებთან. 36-ე წუთზე პირენელები სამი ბურთით აგებდნენ და მიუხედავად იმისა, რომ 71-ე წუთზე მინიმუმამდე შეამცირეს სხვაობა, ქულა მაინც ვერ გადაარჩინეს.

მეორე ტურში პორტუგალიამ პოლონეთი გაანადგურა – 4:0 (პედრუ პაულეტას ჰეთ-თრიქი), გადამწყვეტ, მესამე მატჩში კი კვლავ დამარცხდა: თანამასპინძელმა კორეამ ჯი-სუნ პარკის მიერ 70-ე წუთზე გატანილი ერთადერთი გოლით მოიგო. თამაში ფრედ რომ დასრულებულიყო, ფლეი ოფში პორტუგალია გავიდოდა.

E ჯგუფი გერმანიამ და ირლანდიამ მოიგეს. მსოფლიოს 1990 წლის ჩემპიონის რუდი ფიოლერის გაწვრთნილმა ბუნდესნაკრებმა 1 ივნისს, საპოროში, მიწასთან გაასწორა საუდის არაბეთი – 8:0. არაბებს ბუნდესნაკრების ექვსმა ფეხბურთელმა გაუტანა გოლი, მიროსლავ კლოზემ კი ჰეთ-თრიქი შეასრულა.

11 ივნისს, იაპონიის ქალაქ შიზუოკაში, გერმანელებმა 2:0 დაამარცხეს კამერუნელები. ერთი შეხედვით არაფრით გამორჩეული მატჩი იყო, თუმცა ტურნირის რეკორდი კი დამყარდა: ესპანელმა არბიტრმა ანტონიო ლოპეს ნიეტომ თექვსმეტჯერ გააფრთხილა მეტოქეები, ორჯერ კი წითელი ბარათიც მოიშველია – გერმანელ კარსტენ რამელოვს 37-ე წუთზე, შეცვლაზე შესულ კამერუნელ პატრიკ სკუფოს კი 77-ე წუთზე  დაატოვებინა მინდორი.

თერთმეტი გატანილი და ერთადერთი გაშვებული გოლი, ბურთების ამ შეფარდებით დაასრულა გერმანიამ ჯგუფი. ამ თერთმეტი გოლიდან ხუთი კაიზერსლაუტერნის ფორვარდის მიროსლავ კლოზესი იყო, რომელმაც ყველა გოლი… თავით გაიტანა.

ირლანდიის ნაკრებმა კი, გერმანიასთან მეორე დამატებულ წუთზე გადარჩენილ შეხვედრას თუ არ ჩავთვლით (რობი კინი), მშვიდად დაასრულა პირველი ეტაპი – 16 ივნისს, იოკოჰამაში, კინის, გარი ბრინის და დემიენ დაფის სამი უპასუხო გოლით დაამარცხა საუდის არაბეთი.

ირლანდია ჯერ კიდევ ტურნირის დაწყებამდე მოექცა საყოველთაო ყურადღების ცენტრში, რადგან მთავარ მწვრთნელთან მიკ მაკართისთან კონფლიქტის გამო ნაკრები დატოვა კაპიტანმა და ლიდერმა როი კინმა. მანჩესტერ იუნაიტედის ლიდერმა გუნდის თავკაცს და მის თანაშემწეებს საქმისადმი დამოკიდებულება დაუწუნა.

ფინალური ეტაპის წილისყრის შემდეგ სპეციალისტებმა F ჯგუფს სიკვდილის ოთხეული უწოდეს: ინგლისის და არგენტინის მხარდამხარ იქ შვედეთი და ნიგერია მოხვდნენ.

ოთხი წლით ადრე, მერვედფინალში ბრიტანელებსა და არგენტინელებს შორის დაწყებული ომი ამჯერად მეორე ტურში გაგრძელდა და ინგლისელთა გამარჯვებით დასრულდა. 7 ივნისს, საპოროში, შვედი სვენ-გორან ერიქსონის გაწვრთნილმა გუნდმა 1:0 მოიგო – მაიკლ ოუენის წაქცევის გამო დანიშნული თერთმეტმეტრიანი დევიდ ბექემმა ზუსტად შეასრულა და ერთგვარი ბოდიში მოუხადა ფანებს წინა მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალში არგენტინასთან მომხდარი ინციდენტის და გაძევების გამო. გემახსოვრებათ: მანჩესტერ იუნაიტედის სუპერვარსკვლავი დიეგო სიმეონესთან კინკლაობისთვის მიღებული წითელი ბარათისთვის კრიტიკის ქარ-ცეცხლში გაეხვა და ვისაც არ დაეზარა, ყველამ გათელა.

ინგლისთან მარცხი არგენტინას ძვირად დაუჯდა. მარსელო ბიელსას მომზადებულმა გუნდმა, რომელიც საფრანგეთთან ერთად ოქროს თასის მთავარ კანდიდატად ითვლებიოდა, უკანასკნელ მატჩში შვედეთს ვერ მოუგო (ერნან კრესპომ 88-ე წუთზე გაათანაბრა ანგარიში) და ჯგუფში ჩარჩა!

სამხრეთამერიკელებმა კორეა-იაპონიაში მხოლოდ ორი გოლი გაიტანეს, აქედან პირველი კი გაბრიელ ბატისტუტამ შეაგდო (პირველივე ტურში, ნიგერიასთან – 1:0), რომელიც იმ იშვიათ ფეხბურთელთა შორის მოხვდა, ვინც მსოფლიოს სამ ჩემპიონატზე გამოიჩინა თავი…

იტალიამ პირველი ბარიერი ტრადიციულად დიდი გაჭირვებით გადალახა. ჯოვანი ტრაპატონის გაწვრთნილმა სკუადრა აძურამ G ჯგუფის საწყის ტურში ეკვადორს 2:0 სძლია (კრისტიან ვიერის დუბლი), თუმცა 8 ივნისს იბარაკიში ხორვატიასთან 1:2 დამარცხდა (ვიერი; ივიცა ოლიჩი, მილან რაპაიჩი).

13 ივნისს, ოიტაში, იტალია მექსიკას დაუპირისპირდა. აპენინელები პრინციპულ შეხვედრას 85-ე წუთამდე აგებდნენ, თუმცა ალესანდრო დელ პიერომ ანგარიში გაათანაბრა და იტალიამაც შვებით ამოისუნთქა. ტრაპატონის ბიჭებს დებიუტანტი ეკვადორელებიც „დაეხმარნენ“, რომლებმაც იოკოჰამაში, პარალელურად მიმდინარე შეხვედრაში ხორვატებს 1:0 სძლიეს და მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალოსნები ჯგუფში ჩატოვეს.

სამხრეთი კორეის დარად, ჯგუფი მოიგო მეორე მასპინძელმა იაპონიამ. ამომავალი მზის ქვეყნის შვილებმა H ჯგუფი დაუმარცხებლად დაასრულეს: ბელგიასთან 2:2, რუსეთთან 1:0, ტუნისთან 2:0.

მეორე ადგილზე ბელგია გავიდა, რომელმაც 14 ივნისს, შიზუოკაში, რუსეთს 3:2 სძლია. ფრეს შემთხვევაში ფლეი ოფის საგზურს ოლეგ რომანცევის გაწვრთნილი რუსეთი იღებდა, მაგრამ იოჰან ვალემმა (მე-7 წუთზე), უესლი სონკმა (78) და მარკ ვილმოტსმა (82) სამჯერ გაუტანეს მეტოქეს და ჯგუფში ჩატოვეს. იაპონელმა სამართალდამცავებმა თამაშის შემდეგ ქალაქს შესეული მთვრალი და გაბრაზებული რუსი ქომაგები ძალის გამოყენებით დააშოშმინეს…

მერვედფინალიდან ფინალამდე

პირველი მეოთხედფინალისტები 15 ივნისს გამოვლინდნენ: გერმანელებმა პარაგვაის სძლიეს (ოლივერ ნოივილი), ინგლისელებმა კი ნიიგატაში დანიელები დაჩაგრეს – 3:0. ბრიტანელებმა პირველ ტაიმში დიდებულად ითამაშეს: მე-5 წუთზე რიო ფერდინანდმა გახსნა ანგარიში, 22-ე წუთზე მაიკლ ოუენმა გაიტანა, ტაიმის მიწურულს კი ემილ ჰესკიმ მესამედ დალაშქრა დანიელთა კარი.

16 ივნისს გამართულ ორივე მერვედფინალში დამატებითი დრო დაინიშნა. სენეგალმა, რომელსაც ფრანგი სპეციალისტი ბრუნო მეცუ ხელმძღვანელობდა, კიდევ ერთი სენსაცია მოახდინა: დამატებით დროში, ანრი კამარას მეორე და ოქროს გოლით შვედეთს სძლია – 2:1! სკანდინავიელები ჰენრიკ ლარსონმა მე-11 წუთზე, კუთხურის შემდეგ დააწინაურა…

ესპანეთი-ირლანდიის დაპირისპირებაში გამარჯვებული პენალტების სერიამ გამოავლინა. 1:1-ის შემდეგ ესპანელებმა საფეხბურთო ლატარეა 3:2 მოიგეს. იკერ კასილიასმა, ვინც სანტიაგო კანისარესის ტრავმის გამო ჩადგა კარში, ორი პენალტი მოიგერია. საგულისხმოა, რომ ძირითად დროში ირლანდიელებმა ორჯერ დაარტყეს თერთმეტმეტრიანი: 63-ე წუთზე იან ჰარტეს კასილიასმა აჯობა, 90-ე წუთზე კი უკვე რობი კინი მივიდა პენალტის ნიშნულთან (ფერნანდო იეროს შეცდომის შემდეგ) და მატჩის გადარჩენის შანსი ხელიდან არ გაუშვა.

17 ივნისს, კობეში, ბრაზილიელებმა რივალდოს და რონალდოს გოლებით 2:0 მოუგეს ბელგიას. იმავე დღეს ამერიკელებმა ანალოგიური ანგარიშით მექსიკელები გამოთიშეს გათამაშებას.

18 ივნისს დაასრულა ჩემპიონატი იაპონიის ნაკრებმა. შენოლ გიუნეშის ძლიერმა თურქეთმა ტურნირის თანამასპინძლებს 1:0 სძლია. ერთადერთი გოლი უმით დავალამ მე-12 წუთზე გაიტანა.

ეს შეხვედრა დაეიონში, სამხრეთი კორეის და იტალიის ნაკრებთა პაექრობამ დაჩრდილა. სათქმელია, რომ ამ შეხვედრაში სკუადრა აძურას ორი ძირითადი მცველი აკლდა – ალესანდრო ნესტა ტრავმის, ფაბიო კანავარო კი დისკვალიფიკაციის გამო.

მე-5 წუთზე მასპინძლებმა პენალტი ვერ გაიტანეს – იტალიის პერუჯის ფორვარდს იუნ-ჰვან ანს ჯანლუიჯი ბუფონმა აჯობა.

მე-19 წუთზე კორეელებმა ცენტრიდან განაახლეს თამაში – ფრანჩესკო ტოტიმ კუთხურიდან ჩააწოდა, კრისტიან ვიერიმ კი თავურით გახსნა ანგარიში. ვიერის ეს გოლი მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში 1900-ე გამოდგა.

გუს ჰიდინკის გუნდმა 89-ე წუთზე გაათანაბრა – კი-იეონ სეოლმა დაამწუხრა იტალიელები და გამარჯვებულის გამოსავლენად ორი თხუთმეტწუთიანი ტაიმი დაინიშნა. დამატებითი დროის „გმირად“ კი ეკვადორელი არბიტრი ბაირონ მორენო მოგვევლინა. მიზეზი? მსაჯის არაერთი უხეში შეცდომა. თუნდაც ფრანჩესკო ტოტის მეორედ გაფრთხილება და გაძევება რად ღირს. არბიტრმა რომას კაპიტანი სიმულანტობისთვის დაადანაშაულა, არადა თავად შემთხვევის ადგილიდან შორს იდგა. დამიანო ტომაზის მიერ წესების სრული დაცვით გატანილი გოლიც უნდა ვახსენო, რომელიც მსაჯმა გააუქმა… მორენოს გადაწყვეტილებებმა მატჩის შედეგზე ზეგავლენა იქონია. ტურნირის დასრულების შემდეგ ფიფამ მას საერთაშორისო არბიტრის წოდება ჩამოართვა, რამდენიმე წელიწადში კი ბაირონ მორენო ეკვადორელმა სამართალდამცავებმა სულ სხვა ამბის გამო დააპატიმრეს…

118-ე წუთზე კორეელებმა ოქროს გოლი გაიტანეს: იუნ-ჰვან ანმა სკუადრა აძურის კაპიტანს პაოლო მალდინის საჰაერო ორთაბრძოლა მოუგო და გამარჯვების გოლი შეაგდო – 2:1!

ყველა დროის ერთ-ერთი უძლიერესი მცველი მალდინი ნაკრებს კორეელებთან მატჩით დაემშვიდობა. მან ჯერ კიდევ ჩემპიონატის დაწყებამდე განაცხადა, რომ ეს მსოფლიო პირველობა მისთვის უკანასკნელი სანაკრებო შეჯიბრება იქნებოდა. კორეელთა წინააღმდეგ მალდინიმ 23-ედ ითამაშა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე და ამ მაჩვენებლით ის მხოლოდ ლოთარ მათეუსს ჩამორჩება.

კორეელებთან მარცხმა იტალიელთა თავკაცი ჯოვანი ტრაპატონი წყობილებიდან გამოიყვანა. მან მიწასთან გაასწორა ეკვადორელი მსაჯის საქციელი და განაცხადა, რომ ეს ფიფამ დაუკვეთა ბაირონ მორენოს იტალიის წაგება, რათა ტურნირის თუნდაც ერთი მასპინძელი ქვეყნის გუნდი რაც შეიძლება დიდხანს დარჩენილიყო გათამაშებაში.

ტრაპატონის კრიტიკა ნაწილობრივ გაიზიარა ფიფას პრეზიდენტმა იოზეფ ბლატერმა, რომელმაც მსაჯის მოქმედებას კატასტროფული უწოდა. მან ისიც დაადასტურა, რომ მორენომ უსამართლოდ გააძევა ფრანჩესკო ტოტი, თუმცა იქვე დასძინა, რომ მსაჯის შეცდომების მიუხედავად, სენსაციურ წაგებაში პირველ რიგში თავად იტალიელები არიან დამნაშავეები, რადგან სუსტად ითამაშეს და ბევრი შეცდომა დაუშვეს, განსაკუთრებით დაცვაში…

მეოთხედფინალში ბრაზილიას სერიოზული გამოცდა ელოდა ინგლისის სახით. მორიგი საფეხბურთო კლასიკა ბრიტანელთათვის ჩინებულად დაიწყო: ცენტრალური მცველი ლუსიო 23-ე წუთზე უხეშად შეცდა და მაიკლ ოუენმაც ჩინებულად ისარგებლა საჩუქრით – 1:0. ტაიმის უკანასკნელ წუთზე ანგარიში გათანაბრდა: რონალდინიოს პასის შემდეგ რივალდომ ზუსტად დაარტყა – 1:1. ბარსელონის სუპერვარსკვლავმა კორეა-იაპონიაში ჩატარებულ ზედიზედ მეხუთე შეხვედრაში გაიტანა გოლი.

მეორე ნახევრის გმირად რონალდინიო მოგვევლინა: მან ჯერ დაახლოებით ცენტრიდან დალაშქრა დევიდ სიმენის კარი (ბურთი წინ გამოსულ მეკარეს გადაავლო), მოგვიანებით კი მეორე გაფრთხილება მიიღო და თამაში ნაადრევად დაასრულა. რიცხვობრივი უმცირესობის მიუხედავად, სელესაომ უპირატესობა შეინარჩუნა და ზედიზედ მესამედ გავიდა ნახევარფინალში. ბრაზილიას იმავე დღეს „მიბაძა“ გერმანიამ, რომელმაც ამერიკას მიხაელ ბალაკის ერთადერთი გოლით სძლია.

22 ივნისს კიდევ ორი ნახევარფინალისტი შევიტყვეთ: თურქეთმა სენეგალი შეაჩერა – 0:1, სამხრეთკორეელებმა კი მორიგი სკანდალური გამარჯვება იზეიმეს, ამჯერად ესპანეთთან, პენალტების სერიაში – 5:3.

ძირითადი და დამატებითი დრო უგოლოდ დასრულდა, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ კოლუმბიელმა არბიტრმა ოსკარ რუისმა ესპანელთა ორი გოლი არ ჩათვალა. მსაჯმა რუბენ ბარახას ზუსტი დარტყმა საჯარიმოში წესების დარღვევის გამო გააუქმა, ფერნანდო მორიენტესის „ოქროს გოლზე“ კი თანამსაჯმა თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა. ესპანეთთან გამარჯვებით სამხრეთი კორეის ნაკრები აზიის პირველი გუნდი გახდა, რომელმაც უდიდესი საფეხბურთო ტურნირის ნახევარფინალში გასვლა შეძლო.

„ყველა, ვინც ეს მეოთხედფინალი იხილა, დამეთანხმება, რომ ეს იყო ჩვეულებრივი ძარცვა! ჩვენ ორი გოლი არ ჩაგვითვალეს და მხოლოდ იმიტომ დავმარცხდით, რომ მსაჯებმა არ მოგვცეს გამარჯვების საშუალება“, – განაცხადა ესპანელთა მცველმა ივან ელგერამ.

ნახევარფინალები 25 და 26 ივნისს გაიმართა. კორეელები გერმანელებმა შეაჩერეს – 0:1. ერთადერთი ბურთი ბუნდესნაკრების ლიდერმა ბალაკმა 75-ე წუთზე გაიტანა. იმ დროისთვის მან უკვე იცოდა, რომ თუ ფინალში გავიდოდა, გადამწყვეტ მატჩში თანაგუნდელებს ვერ დაეხმარებოდა – 71-ე წუთზე მსაჯმა გააფრთხილა და რადგან ეს მისი მეორე ყვითელი ბარათი იყო, დისკვალიფიკაციაც ამოქმედდა. საინტერესოა, რომ იმ გაზაფხულზე, ჩემპიონთა ლიგის ფინალში მადრიდის რეალის წინააღმდეგ, ბალაკმა ნახევარფინალში მიღებული ყვითელი ბარათის გამო ვერ ითამაშა…

მეორე დღეს ბრაზილიამ საიტამაში იგივე ანგარიშით სძლია თურქეთს და ზედიზედ მესამედ გავიდა ფინალში. ამით სელესაომ გერმანელების რეკორდი გაიმეორა – 1982, 1986 და 1990 წლებში ბუნდესგუნდი ფინალის უცვლელი მონაწილე იყო. თურქებს ერთადერთი გოლი ლუის ნაზარიუ დე ლიმა რონალდომ გაუტანა 49-ე წუთზე. ეს მისი მეექვსე ბურთი იყო ამ ჩემპიონატზე.

29 ივნისს სამხრეთი კორეა-იაპონია 2002-ის მესამეადგილოსანი გამოვლინდა. კორეელებს ძალიან კი სურდათ ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლით დასრულება, მაგრამ თურქებმა უკეთ ითამაშეს და 3:2 გაიმარჯვეს. მასპინძლებმა პირველი ბურთი მე-11 წამზე(!) გაუშვეს – ჰაქან შუქურის გოლი დღემდე ყველაზე სწრაფია ჩემპიონატების ისტორიაში…

ფინალი

30 ივნისს, იაპონიაში, იოკოჰამას საერთაშორისო სტადიონზე მსოფლიოს XVII ჩემპიონატის გამარჯვებული უნდა გამოვლენილიყო – ბრაზილია გერმანიის წინააღმდეგ. უცნაურია, მაგრამ ფაქტია: ეს იყო ორი ტიტულიანი გუნდის პირველი დაპირისპირება ფინალურ ეტაპზე.

ლუიშ ფელიპე სკოლარი: „წინა დღით ოთხი წლის წინანდელი ფინალი გავიხსენეთ, მაგრამ ფრანგებთან მარცხის დეტალების ახსნა არ დამიწყია, რადგან რონალდოს იმ ცნობილი ამბის გახსენება არ მსურდა. მთელმა გუნდმა მხოლოდ ფინალისთვის მზადების პრინციპებზე ვისაუბრეთ. ბიჭები ჩინებულ განწყობაზე იყვნენ, მახსოვს, სასტუმროს დერეფანში გოლფიც კი ვითამაშეთ“…

ფიფამ ტურნირის საუკეთესო მოთამაშე გადამწყვეტი მატჩის წინა დღეს დაასახელა. ეს ტიტული გერმანიის ნაკრების მეკარეს და კაპიტანს ოლივერ კანს მიენიჭა.

მსოფლიო ფეხბურთის მამებს ფინალის შემდეგ რომ გამოევლინათ უძლიერესი, ამ წოდებას ის მოიგებდა, ვინც გერმანელ მეკარეს ორი გოლი გაუტანა.

67-ე წუთზე რონალდომ ოლივერ კანის მიერ ცუდად მოგერიებულ ბურთს მიუსწრო და ანგარიში გახსნა – 1:0. ბუნდესგუნდის კაპიტნის შეცდომა რივალდოს უძლიერეს დარტყმას მოჰყვა.

79-ე წუთზე გერმანელთა კარის ბადე მეორედ შეირხა: რივალდომ კიდევ ერთხელ ითამაშა დიდებულად, ბურთი მოხდენილად გაატარა, რონალდომ კი დუბლი შეასრულა – 2:0.

მსაჯის საფინალო სასტვენის შემდეგ ბრაზილიამ მეხუთედ მოიგო ჩემპიონის ტიტული!

კიდევ ერთი ნაწყვეტი სკოლარის ინტერვიუდან: „ფინალში გადამწყვეტი როლი ჩემი ფეხბურთელების ნიჭმა და ცივსისხლიანობამ ითამაშა. ბიჭებმა კარგად იცოდნენ, რომ მთავარი დაცვაში ყურადღებით თამაში იყო – გერმანიისთვის გოლის გატანის საშუალება არ უნდა მიგვეცა, თორემ თავად რომ გაიტანდნენ, ამაში ეჭვი არ მეპარებოდა. გუნდმა, რომელსაც თავდასხმაში რივალდო, რონალდო და რონალდინიო ჰყავს, ძალიან უნდა მოინდომოს რომ გოლი ვერ გაიტანოს“.

ჩემპიონებმა ფინალურ ეტაპზე გამართულ ყველა შეხვედრაში გაიმარჯვეს, ზუსტად ისე, როგორც 1970 წელს. ამ ორ ტრიუმფს შორის სხვაობა მხოლოდ ის იყო, რომ სელესაომ მექსიკაში ექვსი თამაში მოიგო, კორეა-იაპონიაში კი შვიდი.

კვლავ სკოლარი: „2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე შვიდი თამაში მოვიგეთ, თან თვრამეტი გოლი გავიტანეთ! დიახ, ჩემი ნაკრები ძალიან ახლოს იყო იდეალურთან, თუმცა ჩემპიონობა მხოლოდ ხუთი გოლით რომ მოგვეგო, მე მაინც ბედნიერი ვიქნებოდი. კარგია, როცა ხალხი თამაშს და შედეგიანობას გიწონებს, მაგრამ ყოველთვის ლამაზად ბურთაობა შეუძლებელია. მსოფლიო ჩემპიონატზე ყველაზე მნიშვნელოვანი სამი ქულის მოპოვება და შემდეგ ეტაპზე გასვლაა, რადგან თუ გავარდი, რაც უნდა ლამაზ ფეხბურთს თამაშობდე, ყველას დაავიწყდები. ჩემი სელესაო ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი იყო! ბრაზილიამ უამრავი მშვენიერი გუნდი აჩუქა მსოფლიოს, მაგრამ მათგან მხოლოდ ხუთი გახდა მსოფლიოს ჩემპიონი და 2002 წლისა სწორედ ამ ხუთთაგანი იყო“!

ოქროს თასი კაპიტანმა კაფუმ აღმართა. ის ერთადერთია, რომელმაც ზედიზედ სამი ჩემპიონატის ფინალში ითამაშა.

რამდენიმე წლის შემდეგ, ფიფას ოფიციალური ჟურნალისთვის მიცემულ ინტერვიუში კაფუ იტყვის: „ძალიან გამიმართლა, რომ მსოფლიო ჩემპიონატის სამ ფინალში ვითამაშე. ეს ბევრის უფლებას მაძლევს და ვფიქრობ, სხვაზე უკეთ შემიძლია იმ სამი ნაკრების შედარება. 2002 წელს ჩვენი გუნდი ყველაზე თავდაჯერებული იყო. ყველამ ზუსტად ვიცოდით რა უნდა გაგვეკეთებინა. ჩვენ გვწამდა, რომ გერმანიასთან ფინალი ბრაზილიური ფეხბურთის ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაიწერებოდა და მშვიდად, აუღელვებლად მივუდექით საქმეს.

გამარჯვების მერე, როცა ოქროს თასი გადმომცეს, ჩემი მეუღლე გამახსენდა. იმ მომენტისთვის ჩვენ ოცი წლის ცოლ-ქმარი ვიყავით. ის კარიერის პირველი დღეებიდან ჩემს გვერდით იდგა… რეჟინა ყველაფრის მოწმე იყო, ჩვენ ცხოვრებამ ერთად გაგვზარდა და თასშემართული, პირველ რიგში მას ვუძღვნიდი გამარჯვებას“!

კაფუ, რონალდოსთან ერთად, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონთა რიგებს შეუერთდა. 1994 წლის ტრიუმფატორი ნაკრებიდან სკოლარის რჩეულთა შორის მხოლოდ ისინი მოხვდნენ.

რონალდო 8 გოლით ბომბარდირი გახდა. და ყველაზე შედეგიანი ბრაზილიელი მსოფლიო ჩემპიონატებზე – 1998 და 2002 წლებში გატანილი 12 ბურთით ლუის ნაზარიუ დე ლიმა ფეხბურთის მეფე პელეს გაუტოლდა.

აზიური ტრიუმფის შემდეგ მან კლუბი გამოიცვალა: მილანის ინტერიდან მადრიდის რეალში გადაინაცვლა. წლის ბოლოს მან სამეფო კლუბის მაისურით საკონტინენტთაშორისო თასიც მოიგო, რის შემდეგ ბრაზილიელი ინდივიდუალური ჯილდოებით დაიხუნძლა: ფრანს ფუტბოლის ოქროს ბურთი, უორლდ სოკერის რეფერენდუმში გამარჯვება, ონზ მონდიალის აღიარება… და რაც მთავარია: ფიფას ვერსიით მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშის ტიტული! რონალდო გახდა პირველი, რომელმაც ეს ჯილდო მესამედ მოიპოვა.

სამხრეთი კორეა-იაპონია 2002 – ზოგადი ცნობები:

*-პირველი მსოფლიო ჩემპიონატი აზიის კონტინენტზე.
*-პირველი მსოფლიო ჩემპიონატი ერთადროულად ორ ქვეყანაში.
*-პირველი მსოფლიო ჩემპიონატი, რომელშიც ყველა, შვიდივე ჩემპიონი მონაწილეობდა: ურუგვაი, იტალია, გერმანია, ბრაზილია, ინგლისი, არგენტინა, საფრანგეთი.
*-პირველი მსოფლიო ჩემპიონატი, რომლის ნახევარფინალში ევროპის და სამხრეთი ამერიკის გარდა, სხვა კონტინენტის წარმომადგენელმა ითამაშა – სამხრეთი კორეამ.
*-მეორე და უკანასკნელი მსოფლიო ჩემპიონატი ოქროს გოლის წესით.
*-მონაწილეობდა 32 გუნდი (ევროპა – 15; სამხრეთი ამერიკა – 5; აფრიკა – 5; აზია – 4; ცენტრალური და ჩრდილოეთი ამერიკა – 3).
*-64 თამაშში 161 გოლი გავიდა, საშუალოდ მატჩში 2,52.
*-მთლიანი დასწრება – 2 705 198, საშუალოდ მატჩზე 42 269 გულშემატკივარი.

30 ივნისი, 2002. მსოფლიოს XVII ჩემპიონატის ფინალი. იაპონია, იოკოჰამა, ინთერნეშენალი. 69 029
ბრაზილია 2:0 გერმანია
გოლები: 1:0 ლუის ნაზარიუ დე ლიმა რონალდო (67), 2:0 ლუის ნაზარიუ დე ლიმა რონალდო (79)
ბრაზილია: მარკოს რობერტო სილვა რეისი, ლუსიმარ და სილვა ფერეირა ლუსიუ, ედმილსონ ჟოზე დე მორაეში, ჟოზე ვიტორ როკე ჟუნიორი, მარკუს დე მორაიშ კაფუ (კაპ), ჟილბერტო აპარესიდო და სილვა, ჟოზე კლებერსონ პერეირა, რობერტო კარლოს და სილვა, რონალდო დე ასის მორეირა რონალდინიო (ოსვალდო ჟუნინიო პაულისტა 85), რივალდო ვიტორ ბორბა ფერეირა, ლუის ნაზარიუ დე ლიმა რონალდო (დენილსონ დე ოლივეირა 90)
მწვრთნელი: ლუიშ ფელიპე სკოლარი
გერმანია: ოლივერ კანი (კაპ), თომას ლინკე, კარსტენ რამელოვი, კრისტოფ მეცელდერი, ტორსტენ ფრინგსი, დიტმარ ჰამანი, იენს იერემისი (ჯერალდ ასამოა 77), მარკო ბოდე (კრისტიან ციგე 84), ბერნდ შნაიდერი, მიროსლავ კლოზე (ოლივერ ბირჰოფი 74), ოლივერ ნოივილი
მწვრთნელი: რუდი ფიოლერი
გაფრთხილება: ჟოზე ვიტორ როკე ჟუნიორი, მიროსლავ კლოზე
მსაჯები: პიერლუიჯი კოლინა (იტალია); ლეიფ ლინდბერგი (შვედეთი), ფილიპ შარპი (ინგლისი)

საუკეთესო ბომბარდირი (ოქროს ბუცი):
ლუის ნაზარიუ დე ლიმა რონალდო (ბრაზილია) – 8 გოლი
რივალდო ვიტორ ბორბა ფერეირა (ბრაზილია), მიროსლავ კლოზე (გერმანია) – 5 გოლი

საუკეთესო ფეხბურთელი (ოქროს ბურთი):
1.ოლივერ კანი (გერმანია)
2.ლუის ნაზარიუ დე ლიმა რონალდო (ბრაზილია)
3.მიუნ-ბო ჰონი (სამხრეთი კორეა)

საუკეთესო ახალგაზრდა (არაოფიციალური): ლენდონ დონოვანი (აშშ)
საუკეთესო მეკარე (ლევ იაშინის ჯილდო): ოლივერ კანი (გერმანია)

ტურნირის სიმბოლური ნაკრები (მასტერკარდის რჩეულები):
მეკარეები: ოლივერ კანი (გერმანია), რუშთუ რექბერი (თურქეთი)
მცველები: სოლ კემპბელი (ინგლისი), ფერნანდო იერო (ესპანეთი), მიუნ-ბო ჰონი (სამხრეთი კორეა), ალფაი ოზალანი (თურქეთი), რობერტო კარლოს და სილვა (ბრაზილია)
ნახევარმცველები: მიხაელ ბალაკი (გერმანია), კლაუდიო რეინა (აშშ), რივალდო ვიტორ ბორბა ფერეირა (ბრაზილია), რონალდო დე ასის მორეირა რონალდინიო (ბრაზილია), სან-ჩულ იო (სამხრეთი კორეა)
თავდამსხმელები: ლუის ნაზარიო დე ლიმა რონალდო (ბრაზილია), ელ ჰაჯი დიუფი (სენეგალი), მიროსლავ კლოზე (გერმანია), ჰასან შაში (თურქეთი)
სათადარიგო შვიდეული:
მეკარე: იკერ კასილიასი (ესპანეთი)
მცველი: მარკუს დე მორაიშ კაფუ (ბრაზილია)
ნახევარმცველები: დიტმარ ჰამანი (გერმანია), ხოაკინი (ესპანეთი), ჰიდეტოში ნაკატა (იაპონია)
თავდამსხმელები: ლენდონ დონოვანი (აშშ), მარკ ვილმოტსი (ბელგია)

მსოფლიოს 2002 წლის ჩემპიონი ბრაზილიის ნაკრები
მეკარეები: 1.მარკოს რობერტო სილვა რეისი (სან პაულუს პალმეირასი), 12.ნელსონ დიდა (სან პაულუს კორინთიანსი), 22.როჟერიუ სენი (სან პაულუ)
მცველები: 2.მარკუს დე მორაიშ კაფუ (რომის რომა, იტალია), 3.ლუსიმარ და სილვა ფერეირა ლუსიო (ლევერკუზენის ბაიერი, გერმანია), 4.ჟოზე ვიტორ როკე ჟუნიორი (მილანი, იტალია), 5.ედმილსონ ჟოზე დე მორაეში (ლიონი, საფრანგეთი), 6.რობერტო კარლოს და სილვა (მადრიდის რეალი, ესპანეთი), 13.ედუარდუ ჟულიანო ბელეტი (სან პაულუ), 14.ანდერსონ კორეა პოლგა (პორტუ ალეგრეს გრემიო), 16.ჟენილსონ ანჟელო დე სოუზა ჟუნიორი (პარმა, იტალია)
ნახევარმცველები: 7.რიკარდინიო (სან პაულუს კორინთიანსი), 8.ჟილბერტო აპარესიდო და სილვა (ატლეტიკო მინეირუ), 10.რივალდო ვიტორ ბორბა ფერეირა (ბარსელონა, ესპანეთი), 11.რონალდო დე ასის მორეირა რონალდინიო (პარიზის პარი სენ-ჟერმენი, საფრანგეთი), 15.ჟოზე კლებერსონ პერეირა (ატლეტიკო პარანაენსე), 18.მარკოს დოს სანტოს ვამპეტა (სან პაულუს კორინთიანსი), 19.ოსვალდო ჟუნინიო პაულისტა (რიო დე ჟანეიროს ფლამენგო), 23.რიკარდო დუშ სანტუშ ლეიტე კაკა (სან პაულუ)
თავდამსხმელები: 9.ლუის ნაზარიუ დე ლიმა რონალდო (მილანის ინტერი, იტალია), 17.დენილსონ დე ოლივეირა (სევილიის ბეტისი, ესპანეთი), 20.ედილსონ სილვა ფერეირა (ბელუ ორიზონტეს კრუზეირუ), 21.ლუის კარლოს ლუიზაო (პორტუ ალეგრეს გრემიო)
მწვრთნელი: ლუიშ ფელიპე სკოლარი

 

ლაშა გოდუაძე (2022 წლის 14 ოქტომბერი)
ფოტო:
FIFA.com; ინტერნეტი

ka_GEGeorgian