მსოფლიო ჩემპიონატების ისტორია: შვედეთი 1958

1950 წლის 23 ივნისს, მსოფლიოს IV ჩემპიონატის დაწყებამდე ერთი დღით ადრე, ფიფამ ნიკეს თასის VI გათამაშების მასპინძლად შვედეთი დაასახელა. ეს დღემდე ერთადერთი სკანდინავიური სახელმწიფოა, სადაც უდიდესი საფეხბურთო ტურნირი ჩატარდა.
ფიფას აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილებით, შვედეთი 1958-ის საკვალიფიკაციო ტურნირში პირველად დაინერგა ეგრეთ წოდებული კონტინენტური პრინციპი, რომლის მიხედვით თითოეულს ფინალური ეტაპის საგზურის კონკრეტული რაოდენობა გამოეყო.
თექვსმეტი ადგილი ფიფამ ასე გაანაწილა: ევროპას თერთმეტი უბოძა (აქედან ორი ავტომატურად ერგო მასპინძელ შვედეთს და ჩემპიონს, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ნაკრებს), სამხრეთ ამერიკას – სამი, ჩრდილოეთ და ცენტრალურ ამერიკას, ასევე კარიბის ზღვის აუზის ქვეყნებს და აზია-აფრიკას – თითო.

იქიდან გამომდინარე, რომ წინა ტურნირებზე არაერთი გუნდი შესარჩევი მატჩების გარეშე მოხვდა, ფიფამ დაადგინა: ფინალური ეტაპის საგზურის მოპოვების მსურველ ყველა გუნდს საკვალიფიკაციოში მინიმუმ ერთხელ უნდა ეთამაშა.

აზია-აფრიკის ზონაში, მეორე შესარჩევ ეტაპზე თამაშის უფლება ისრაელის, ეგვიპტის, ინდონეზიის და სუდანის ნაკრებმა გუნდებმა მიიღეს, თუმცა ისრაელთან თამაში, პოლიტიკური მოსაზრებების გამო, სამივემ იუარა. საინტერესოა, რომ ისრაელმა პირველი ეტაპის უთამაშებლად დაძლია – თურქეთის უარის შემდეგ.

შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, ფიფამ ისრაელის მეტოქე შესარჩევ ჯგუფებში მეორეადგილოსანთა შორის წილისყრით გამოავლინა. საბოლოოდ ისრაელს უელსი ერგო. ბრიტანელები მეტოქეს 1958 წლის 15 იანვარს (თელ ავივში) და 5 თებერვალს (კარდიფში) გაეჯიბრნენ და ორივე დაპირისპირება ერთნაირი ანგარიშით, 2:0 მოიგეს. ასე გახდა ოქროს თასის გათამაშების დებიუტანტი უელსი ჩემპიონატის მეთორმეტე „ევროპელი“ მონაწილე. საინტერესოა, რომ „დრაკონებმა“ უდიდესი საფეხბურთო ტურნირის ფინალური ეტაპის საგზური მას შემდეგ მხოლოდ ერთხელ მოიპოვეს და ამ შემოდგომით, კატარში, მეორედ ითამაშებენ მსოფლიო ჩემპიონატზე.

აქვე აუცილებლად უნდა ითქვას ისიც, რომ შვედეთში ჩატარებული მსოფლიო პირველობა ერთადერთია, რომელშიც დიდი ბრიტანეთის ოთხივე გუნდმა ითამაშა: ინგლისმა, შოტლანდიამ, ჩრდილოეთი ირლანდიამ და უელსმა…

ქალღმერთ ნიკეს თასის მომავალმა მფლობელმა ბრაზილიის ნაკრებმა შვედეთში ასპარეზობის უფლება პერუსთან გამარჯვების შემდეგ მოიპოვა. ლიმაში გამართული პირველი მატჩი 1:1 დასრულდა, რიო დე ჟანეიროში კი არცთუ სანახაობრივი შეხვედრა ვისენტე ფეოლას გუნდმა 1:0 მოიგო. ამავე ჯგუფში უნდა ყოფილიყო ვენესუელის ნაკრები, თუმცა მათ თამაში გადაიფიქრეს.

შესარჩევი ტურნირის ერთ-ერთი მოულოდნელობა იტალიის ნაკრების მარცხი იყო. აპენინელებმა პორტუგალიასთან და ჩრდილოეთ ირლანდიასთან გასვლითი მატჩები წააგეს და ფინალურ ეტაპს მიღმა აღმოჩნდნენ. მას შემდეგ სკუადრა აძურას მხოლოდ ორჯერ მოეცარა ხელი საკვალიფიკაციო წრეში, თან ზედიზედ – რუსეთი 2018-ის და კატარი 2022-ის შესარჩევში…

ჯგუფური ეტაპი

მსოფლიოს VI ჩემპიონატის საორგანიზაციო კომიტეტის გადაწყვეტილებით, ფინალური ეტაპის მატჩები თორმეტ ქალაქში – ბუროსი, გიოტებორგი, ერებრუ, ესკილსტუნა, ვესტეროსი, მალმიო, ნორჩეპინგი, სანდვიკენი, სტოკჰოლმი, უდევალა, ჰალმსტადი, ჰელსინგბორგი – ჩატარდა და ეს იმ დროისთვის ეს რეკორდი იყო. ყველაზე მეტ შეხვედრას (რვა) სტოკჰოლმმა უმასპინძლა, ერებრუში, ესკლისტუნასა და უდევალაში კი თითო მატჩი შედგა.

იქიდან გამომდინარე, რომ ფიფა ფინალური ეტაპისთვის მინიმუმ ექვს 20-ათასიან სარბიელს ითხოვდა, ზემოხსენებული ქალაქებიდან ხუთში კი უფრო მცირე სარბიელი იყო, შვედები ჯგუფური ეტაპის თამაშების ერთ-ერთ მასპინძლად დანიის დედაქალაქს, კოპენჰაგენის იდროტსპარკენს მოიაზრებდნენ. თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დანია ფინალურ ეტაპზე მოხვდებოდა. თეთრ-წითლებს საკვალიფიკაციოში ხელი მოეცარათ და ამიტომ, ეს ვარიანტი გამოირიცხა.

საინტერესოა, რომ ჩემპიონატის დაწყებამდე მცირე ხნით ადრე დასრულდა სტოკჰოლმის რასუნდას რეკონსტრუქცია – სტადიონი თავიდანვე ფინალის მასპინძლად იყო შეგულებული, თუმცა ტევადობა (38 ათასი) აშკარად არ აკმაყოფილებდა ფიფას მოთხოვნას. დამატებითი ტრიბუნებისთვის საჭირო თანხა პირადად ტურნირის საორგანიზაციო კომიტეტის შეფმა, ჰოლგერ ბერგერუსმა მოიძია – საკუთრი სახლი დააგირავა და სარემონტო სამუშაოები დააფინანსა…

წლის დასაწყისში ფავორიტები დაასახელეს: მელბურნის 1956 წლის ოლიმპიადის გამარჯვებული საბჭოთა კავშირი, ინგლისი და საფრანგეთი. რაც შეეხება მსოფლიოს ჩემპიონ ბუნდესნაკრებს, შვეიცარიაში გამარჯვების შემდეგ დასავლეთგერმანელებს მძიმე დროება დაუდგათ – ხშირად საკუთარ სტადიონზე აგებდნენ, რის გამოც მიმომხილველებმა ჩათვალეს, რომ გერმანელები ტიტულს ვერ დაიცავდნენ.

ინგლის-საფრანგეთთან შედარებით საბჭოელებს შვედეთის საგზურის მოსაპოვებლად დამატებითი თამაში დასჭირდათ: ოლიმპიადის ჩემპიონმა ნეიტრალურ მინდორზე, ლაიპციგში, პოლონეთს 3:0 სძლია.

ფინალური ეტაპის წილისყრა 1958 წლის 8 თებერვალს გაიმართა სტოკჰოლმში. ღონისძიებას სახელგანთქმული შვედი ჟურნალისტები, რადიოკომენტატორი სვენ იერინგი და ტელეწამყვანი ლენარტ ჰილანდი გაუძღვნენ.

ისევე როგორც შვეიცარიაში, თექვსმეტი გუნდი ოთხ ჯგუფში განაწილდა, თუმცა ამჯერად ფიფამ განთესვის ახალი, გეოგრაფიული პრინციპი გამოიყენა: კალათებში ჩასვა დასავლეთი და აღმოსავლეთი ევროპის, სამხრეთი და ჩრდილოეთი ამერიკის და დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლები. ამასთანავე, გაუქმდა შვეიცარიაში ნაცადი წესი, რაც იმას ნიშნავდა, რომ ამჯერად ჯგუფში ყველა ყველას ხვდებოდა.

ასევე მოიხსნა ჯგუფურ ეტაპზე დამატებითი დროის წესიც, რაც ისტორიაში მხოლოდ 1954 წელს ამოქმედდა. გადაწყდა ისიც, რომ ფლეი ოფში ჯგუფების პირველ და მეორეადგილოსნები ერთმანეთს შეხვდებოდნენ, რაც ოთხი წლით ადრე არ მომხდარა.

გამარტივდა ჯგუფის გამარჯვებულის გამოვლენა: მნიშვნელობა მიენიჭა ბურთების შეფარდებას. გემახსოვრებათ: შვეიცარიაში, თუ პირველ და მეორე ადგილოსნები თანაბარ ქულებს დააგროვებდნენ, მათ შორის საუკეთესო წილისყრით ვლინდებოდა.

რაც შეეხება მეორე და მესამე ადგილზე გასულ გუნდებს, ქულათა თანაფარდობის შემთხვევაში, ისინი დამატებითი მატჩით გაარკვევდნენ ფლეი ოფის მონაწილეს. თუ შეხვედრა ფრედ დასრულდებოდა, ფლეი ოფში ბურთების უკეთესი სხვაობის მქონე გადიოდა. და თუ ამ მხრივაც ტოლობა იყო, იღბლიანი წილისყრით ვლინდებოდა…

შვედეთის სახელმწიფო ტელე-რადიოკომპანიამ, მასპინძელთა ნაკრების მატჩების გარდა ყოველ ტურში თითო თამაშის პირდაპირი ტელეტრანსლაცია განახორციელა, რომელიც ევროპის სამაუწყებლო კომპანიამ – EBU, თავის მხრივ არაერთ ქვეყანაში გადასცა. ცნობილია ისიც, რომ ათასობით შვედურმა ოჯახმა პირველი ტელევიზორი სპეციალურად საფეხბურთო ჩემპიონატის წინ შეიძინა…

წილისყრის დასრულებისთანავე ჟურნალისტებმა სიკვდილის ჯგუფი დაასახელეს: მეოთხე, სადაც ერთბაშად სამი ფავორიტი მოხვდა: მელბურნის ოლიმპიადის გამარჯვებული და მსოფლიო ჩემპიონატის დებიუტანტი საბჭოთა კავშირი, ბრაზილია, ინგლისი და წინა პირველობის ბრინჯაოს მედალოსანი ავსტრია.

ინგლისი შვედეთი 1958-ის ერთ-ერთ ფავორიტად კი ითვლებოდა, მაგრამ მისი შანსები ფინალური ეტაპის წილისყრამდე ორი დღით ადრე, 6 თებერვალს, მიუნხენის აეროპორტში მომხდარი ავიაკატასტროფის შემდეგ საკმაოდ შემცირდა. იმ დღეს მანჩესტერ იუნაიტედის თვითმფრინავი ასაფრენ ბილიკს დაენარცხა, რასაც კლუბის და ნაკრების არაერთი იმედისმომცემი მოთამაშე შეეწირა, მათ შორის 26 წლის ცენტრფორვარდი ტომი ტეილორი, რომელმაც შვედეთი 1958-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე ყველაზე მეტი, რვა გოლი გაიტანა…

სიკვდილის ჯგუფის პირველ ტურში, 8 ივნისს, ბრაზილიამ დიდი ანგარიშით დაამარცხა ავსტრია – 3:0. ჟურნალისტები წერდნენ, რომ სამხრეთამერიკელებს თამაშის დასაწყისში ძალიან გაუმართლათ: სანამ ჟოზე ალტაფინი, იგივე მაცოლა ანგარიშს გახსნიდა, ერნსტ ჰაპელს და ალფრედ კიორნერს ორჯერ შეეძლოთ გოლის გატანა, თუმცა სამხრეთამერიკელები გადარჩნენ.

ჰაპელზე აუცილებლად უნდა ვთქვა, რომ მან სამწვრთნელო ასპარეზზე გაცილებით დიდ წარმატებებს მიაღწია. 1970 წელს ჯერ როტერდამის ფეიენოორდთან ერთად მოიგო ჩემპიონთა თასი, 1983 წელს კი იგივე ჯილდო ჰამბურგს მოაგებინა. ავსტრიის დედაქალაქის მთავარი საფეხბურთო არენა დღეს მის სახელს ატარებს…

მეორე ტურში, გიოტებორგის ულევიზე, ბრაზილია ინგლისს დაუპირისპირდა. თამაში 0:0 დასრულდა. უცნაურია, მაგრამ ფაქტია: ნიკეს თასის გათამაშების 38-წლიან ისტორიაში ეს ფინალური ეტაპის პირველი უგოლო შეხვედრა გამოდგა! ამასთანავე, ყველა მსოფლიო ჩემპიონატი მონაწილე ბრაზილიამ პირველად ვერ გაიტანა გოლი ფინალური ეტაპის მატჩში!

მესამე ტურში ბრაზილიას საბჭოთა კავშირის ნაკრები ელოდა. გამარჯვებული მეოთხედფინალში გადიოდა. ამბობენ, რომ საბჭოელებთან მატჩის წინ სელესაოს ლიდერები, კაპიტანი ილდერალდო ბელინი, ნილტონ სანტოსი და დიდი მთავარ მწვრთნელთან, ვისენტე ფეოლასთან მივიდნენ და 17 წლის პელეს და ევროპელი გულშემატკივრებისთვის ჯერ კიდევ ნაკლებად ცნობილი გარინჩას ძირითად შემადგენლობაში გამწესება სთხოვეს.

ამ ორი ვარსკვლავის გამოჩენის მეორე ვერსიასაც არაფერი დაეწუნება: ინგლისთან უგოლო მატჩის მესამე დღეს, ვარჯიშზე, ფეოლამ გუნდი ორ, ძირითად და სათადარიგო შემადგენლობად დაყო და ათამაშა. და სწორედ ამ ორმხრივი შეხვედრისას მიხვდა მწვრთნელი, რომ დრო იყო ძირითადის კარი პელე-გარინჩას წყვილისთვის გაეღო.

ახლა ძნელია იმის თქმა, სინამდვილეში რა როგორ იყო, ფაქტი კი ფაქტად რჩება: ფეოლას ცვლილებამ გაამართლა – 15 ივნისს, გიოტებორგში, პელემ და გარინჩამ პირველად ითამაშეს მსოფლიო ჩემპიონატზე და ბრაზილიამაც მოიგო, საბჭოთა ნაკრების წინააღმდეგ მინდორზე გასული 17 წლის და 235 დღის ედსონ არანტეს დუ ნასიმენტუ კი ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა! ეს რეკორდი მხოლოდ 1982 წელს, ესპანეთში გააუმჯობესა ჩრდილოირლანდიელმა ნორმან უაითსაიდმა.

ახალი ფორვარდებით გაძლიერებულმა ბრაზილიამ პირველი წუთიდანვე შეუტია წითლებს: მე-15 წამზე(!) ბოტაფოგოს ვარსკვლავმა მანემ პირველად დაარტყა ლევ იაშინის კარში. მანვე მალე კიდევ ერთხელ აჯობა ბორის კუზნეცოვს – ბურთი ძელმა აისხლიტა…

მე-3 წუთზე კი მოსახდენი მოხდა: გარინჩამ თავისებურად დააწიოკა მცველები, ფლანგიდან მეკარის საჯარიმოსკენ ჩააწოდა, იქ კი ედვალდო იზიდიო ნეტუ, იგივე ვავა მცველებს გაექცა და ზუსტად დაარტყა – 1:0! მატჩის მიწურულს მან მეორედ გაუტანა იაშინს და ბრაზილიამაც გოლის გაუშვებლად შეაღო მეოთხედფფინალის კარი.

ამ თამაშზე მივლენილი ერთ-ერთი შვედი ჟურნალისტი წერდა: „საეჭვოა, რომ ევროპის უმდიდრესმა კლუბებმა ბრაზილიელთა ტანმორჩილი გარემარბის, მანოელ ფრანსისკო დოს სანტოსის შეძენა შეძლონ, რადგან გარინჩა უბრალოდ შეუფასებელია“.

საბჭოთა კავშირის ნაკრები მაინც გავიდა ფლეი ოფში, რადგან 17 ივნისს, გიოტებორგში, დამატებით შეხვედრაში ანატოლი ილინის მიერ 68-ე წუთზე გატანილი ერთადერთი გოლით ინგლისს აჯობა.

სხვა ჯგუფებიდან აღსანიშნავია შესანიშნავი სპეციალისტის ალბერ ბატიოს გაწვრთნილი საფრანგეთის ნაკრების დიდებული თამაში: მამლებმა მეორე ჯგუფი მოიგეს, თან ყველაზე მეტი, 11 ბურთი გაიტანეს. აქედან ექვსი სტად დე რეიმსის ფორვარდს, ჟიუსტ ფონტენს ეკუთვნოდა.

მის გარდა ფრანგთა შორის ორი ფეხბურთელი გამოირჩეოდა, ასევე თავდამსხმელი, ფონტენის თანაკლუბელი როჟე პიანტონი და იმ წლების ლეგენდარული მადრიდის რეალის ერთ-ერთი ლიდერი, ენამოსწრებულ ფრანგ ჟურნალისტთაგან ბატონ მილიმეტრად მონათლული რაიმონ კოპა. წარმოშობით პოლონელმა კოპამ (კოპაშევსკი) 1958 წლის მიწურულს ფრანს ფუტბოლის გამოკითხვაში გაიმარჯვა და ევროპის საუკეთესო მოთამაშისთვის განკუთვნილ ოქროს ბურთსაც დაეუფლა…

პირველ ჯგუფში მსოფლიოს ჩემპიონმა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ნაკრებმა გაიმარჯვა, რომელმაც მხოლოდ ერთი თამაში მოიგო, 8 ივნისს, მალმიოში არგენტინასთან – 3:1. მომდევნო ორ შეხვედრაში გერმანელები ფრეს დასჯერდნენ – 2:2 ჯერ ჩეხოსლოვაკიასთან, შემდეგ კი ჩრდილოეთირლანდიასთან.

მეორე ადგილზე ბრიტანელები გავიდნენ და რადგან ასევე სამი ქულა მოაგროვა ჩეხოსლოვაკიამ, მათ შორის დამატებითი შეხვედრა დაინიშნა – პიტერ მაკპერლენდის დუბლით ჩრდილოირლანდიამ 2:1 მოიგო და მეოთხედფინალში გავიდა.

არგენტინის ნაკრებისთვის კი მსოფლიო ჩემპიონატზე დაბრუნება სრული კოშმარით დასრულდა: 15 ივნისს, ჰელსინგბორგში, თეთრ-ცისფრები ჩეხოსლოვაკიასთან 1:6 განადგურდნენ. არგენტინა ისტორიაში პირველად დამარცხდა ასე და მას შემდეგ მხოლოდ ორჯერ შერცხვა იგივე ანგარიშით – 2009 წელს ლა პასში ბოლივიასთან და 2018 წელს მადრიდში, ესპანეთთან…

რაც შეეხება მესამე ჯგუფს, ის მასპინძელთა გამარჯვებით დასრულდა: ინგლისელი ჯორჯ რეინორის გაწვრთნილმა შვედებმა სამივე შეხვედრაში სტოკჰოლმში უმასპინძლეს მეტოქეს – მექსიკელებს 3:0 აჯობეს, უნგრელებს 2:1, უკანასკნელ მატჩში კი 0:0 ითამაშეს უელსთან.

მეორე ადგილზე სწორედ უელსი გავიდა, მიუხედავად იმისა, რომ ერთი თამაშიც ვერ მოიგო – მასპინძლებთან უგოლო დაპირისპირებამდე ბრიტანელებმა 1:1 ითამაშეს უნგრეთთან, შემდეგ კი მექსიკასთან.

11 ივნისს, სტოკჰოლმში, უელსი-მექსიკის დაპირისპირება იმითაა გამორჩეული, რომ ამ შეხვედრით დასრულდა ამერიკელთა მარცხიანი სერია. მექსიკამ ფინალურ ეტაპზე მანამდე ჩატარებული ყველა, რვავე თამაში წააგო. ცნობისათვის: მსოფლიო ჩემპიონატზე ზედიზედ ცხრა მატჩში ჯერ არავინ დამარცხებულა.

მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი უნგრეთი კი, მიუხედავად იმისა, რომ ოთხეულიდან ყველაზე მეტი, ექვსი გოლი გაიტანა, ჯგუფში ჩარჩა. მათზე ძალიან მძიმედ აისახა 1956 წლის მოვლენები – ოთხი წლის წინანდელი დიდი გუნდიდან შვედეთში მხოლოდ სამმა ითამაშა, მეკარე დიულა გროშიჩმა, მცველმა იოჟეფ ბოჟიკმა და 36 წლის თავდამსხმელმა ნანდორ ჰიდეგკუტიმ.

უნგრელები შეჯიბრებას დამატებითი შეხვედრის შემდეგ ჩამოშორდნენ. 17 ივნისს, სტოკჰოლმში, მათ პირველი ტაიმი კი მოუგეს უელსს, მაგრამ შესვენების შემდეგ აივორ ოლჩარჩმა ანგარიში გაათანაბრა, ტერენს მედვინმა კი გამარჯვების გოლი გაიტანა, 2:1.

ერთიც: უნგრეთი-მექსიკის დაპირისპირება ქალაქ სანდვიკენში შედგა და ეს ყველაზე ჩრდილოეთით მდებარე ქალაქია, რომელმაც უდიდესი საფეხბურთო ტურნირის მატჩს უმასპინძლა…

ფლეი ოფი

მეოთხედფინალური შეხვედრები 19 ივნისს გაიმართა. ფრანგებმა ჩრდილოირლანდიელები ნორჩეპინგში გაანადგურეს – 4:0. ფონტენმა ამჯერად დუბლი შეასრულა. ბრიტანელების სუსტი თამაში ჯგუფში დაძაბული მატჩებით და დამატებითი შეხვედრით უნდა აიხსნას.

ნიკეს თასის მფლობელმა გერმანელებმა მალმიოში იუგოსლავიელები დაამარცხეს, შვედებმა კი დედაქალაქში უმასპინძლეს საბჭოთა ნაკრებს და კურტ ჰამრინის და აგნე სიმონსონის მიერ შესვენების შემდეგ შეგდებული ორი გოლით გაიმარჯვეს.

რაც შეეხება ბრაზილიას, ნახევარფინალისკენ მიმავალ გზაზე ფეოლას ბიჭებმა უელსი ჩამოიშორეს.

გიოტებორგში გამართული მატჩი ისტორიულია და აი, რატომ: სელესაომ 17 წლის და 239 დღის ედსონ არანტეს დუ ნასიმენტუს ერთადერთი გოლით გაიმარჯვა – პელე დღემდე ყველაზე ახალგაზრდა მეგოლეა ტურნირის ისტორიაში! წლების შემდეგ, ერთ-ერთ ინტერვიუში, ფეხბურთის მეფემ უელსთან შეგდებული ის ბურთი კარიერაში გატანილი ათასზე მეტი გოლიდან ყველაზე მნიშვნელოვნად აღიარა…

საბჭოთა კავშირის ნაკრების ბედი რომ არ გაეზიარებინა, უელსელებმა გარინჩას სამი მცველი მიუჩინეს. მანემაც კარგად აუღო ალღო ბრიტანელთა ტაქტიკას და მხოლოდ პასებით დაკმაყოფილდა, გარღვევებს და ფინტებს ერიდებოდა. და მაინც, სწორედ გარინჩამ წამოიწყო ის კომბინაცია, რომელიც პელეს ზუსტი დარტყმით დაგვირგვინდა: მეტოქის საჯარიმოს მიახლოებულმა მანოელმა რამდენიმე მოწინააღმდეგე ფლანგზე გაიტყუა, ერთი მოძრაობით გადააწოდა ბურთი მეურვისგან გათავისუფლებულ დიდის, მან კი საჯარიმოში შევარდნილ პელეს პასი არ დაუგვიანა. დაახლოებით პენალტის ნიშნულთან გასულმა 17 წლის ფორვარდმა ერთი მოძრაობით მოატყუა უელსელთა ცენტრალური მცველი სტიუარტ უილიამსი და მეკარე ჯეკ კელსის ახლო კუთხეში გაუტანა – 1:0.

ნახევარფინალებიც ერთ დღეს, 24 ივნისს ჩატარდა. დედაქალაქის მთავარი სარბიელი ბრაზილიელებს და ფრანგებს დაეთმოთ, გიოტებორგში კი შვედებმა და გერმანელებმა ითამაშეს.

ფეოლას ბიჭები მე-2 წუთზე დაწინაურდნენ, ვავამ დაარტყა ზუსტად – 1:0. ფრანგებმა მე-8 წუთზე გაათანაბრეს – ჟიუსტ ფონტენმა ივარგა. ეს იყო ამ მსოფლიო პირველობაზე ბრაზილიის ნაკრების კარში გასული პირველი გოლი.

მაგრამ მამლებმა დიდხანს ვერ გაუძლეს ზეწოლას და პირველი ტაიმის მიწურულს მატჩის სადავეები საბოლოოდ დაკარგეს. რაც შეეხება პელეს, სანტოსელმა შესვენების შემდეგ, ოცდასამ წუთში(!) ჰეთ-თრიქი შეასრულა – 5:2 ბრაზილიის სასარგებლოდ.

გიოტებორგში შვედებმა გაიხარეს – 3:1, არადა ანგარიში გერმანელებმა გახსნეს – ჰანს შეფერმა გაისროლა. ლენარტ სკოგლუნდმა მალევე გაათანაბრა, თამაშის მიწურულს კი ჯერ გუნარ გრენმა, შემდეგ კი კურტ ჰამრინმა ესენის როტ-ვაისის გოლკიპერი ფრიც ჰერკენრატი ორჯერ დაამწუხრეს.

თამაშის მიმდინარეობისას უნგრელმა არბიტრმა იშტვან შოლტმა გერმანელთა მცველი, მესამე ნომერი ერიხ იუსკოვიაკი გააძევა. დიუსელდორფის ფორტუნას 31 წლის მცველი პირველია ბუნდესგუნდის ისტორიაში, რომელსაც არბიტრმა თამაშის დასრულებამდე დაატოვებინა მინდორი.

28 ივნისს, გიოტებორგში, მესამე ადგილისთვის მატჩში ფრანგებმა გერმანელებს თავ-ბედი აწყევლინეს – 6:3. ეს ბრინჯაოს მედლისთვის გამართული ყველაზე უხვგოლიანი თამაშია.

გამარჯვებულთა შეტევების ლიდერმა ჟიუსტ ფონტენმა მეტოქე მცველები არ დაინდო და პოკერი შეასრულა. არც მანამდე და არც მას შემდეგ მესამე ადგილისთვის შეხვედრაში ოთხი გოლი არავის გაუტანია. ერთი წლის შემდეგ, 1959 წლის 23 ივნისს, ფონტენი თბილისს ეწვია სტად დე რეიმსის შემადგენლობაში. ერთი თვით ადრე ფრანგებმა ჩემპიონთა თასის ფინალი წააგეს მადრიდის რეალთა და არც თბილისში გაუმართლათ – დინამომ 5:1 დაამარცხა…

ფრანგმა გოლეადორმა მსოფლიო ჩემპიონატი ექვს მატჩში გატანილი 13(!) გოლით დაასრულა, რაც დღემდე რეკორდია. არანაკლებ საინტერესო კი ისაა, რომ ფონტენი, რომელმაც მხოლოდ ერთხელ ითამაშა უდიდეს საფეხბურთო ტურნირში, ფიფას ოქროს თასის გათამაშების ისტორიაში მეოთხე საუკეთესო ბომბარდირია – ყველა დროის ჩამონათვალში მხოლოდ მიროსლავ კლოზეს (გერმანია, 16 ბურთი), რონალდოს (ბრაზილია, 15) და მეორე გერმანელს, გერდ მიულერს (14) ჩამორჩება…

ფინალი

29 ივნისს დანიშნული ფინალი დაწყებამდე შევიდა ისტორიაში: მთავარი საფეხბურთო ჯილდო პირველად გაითამაშა ორი კონტინენტის გუნდმა. თუ 1930 წელს, ურუგვაიში და ოცი წლის შემდეგ, ბრაზილიაში სამხრეთამერიკელებმა გაიყვეს პირველი და მეორე ადგილები, 1934, 1938 და 1954 წლების ფინალებში ევროპელებმა ითამაშეს. ახლა კი ევროპა სამხრეთი ამერიკის წინააღმდეგ!

ორივე გუნდის ძირითადი მაისური ყვითელი იყო და ამიტომ ფიფამ წილისყრა დანიშნა. ბრაზილიის დელეგაციის ხელმძღვანელმა პაულო მაშადუ დე კარვალიუმ (წლების შემდეგ სან პაულუს პაკაემბუს სტადიონს მისი სახელი მიენიჭა) პროცედურა გააპროტესტა და ფიფამაც ბრაზილიელებს დაავალა სათადარიგო ფორმით ასპარეზობა. სამხრეთელებს ყვითლის გარდა მხოლოდ თეთრი მაისურები ჰქონდათ, თუმცა ამ ფორმით თამაში მათ სასტიკად იუარეს – 1950 წელს, იმ ავადმოსაგონარ გადამწყვეტ შეხვედრაში ურუგვაისთან ბრაზილიელებს სწორედ თეთრი მაისურები ეცვათ.

პრობლემა ასე მოგვარდა: ბრაზილიის ნაკრების მასაჟისტებმა ამერიკომ და ასიზმა სტოკჰოლმის ერთ-ერთ სპორტულ მაღაზიაში საჭირო რაოდენობის ლურჯი ფორმები შეიძინეს, ბაზაზე დაბრუნების შემდეგ კი ყვითელი მაისურებიდან ქვეყნის ფეხბურთის კონფედერაციის ემბლემა გადააკერეს.

ფინალი შვედების აქტიურობით დაიწყო და იტალიის მილანის სახელგანთქმულმა თავდამსხმელმა ნილს ლიდჰოლმმა მე-4 წუთზე გახსნა კიდეც ანგარიში. 35 წლის და 263 დღის ლიდჰოლმი ფინალების ყველაზე ასაკოვანი მეგოლე გახდა!

ტაიმი მაინც ბრაზილიამ მოიგო – ვავამ შეასრულა დუბლი, ორივე საგოლე პასი კი გარინჩამ მიითვალა.

მეორე ტაიმში შეუდარებელი იყო პელე, 55-ე წუთზე კი ულამაზესი გოლი გაიტანა და ფინალების ყველაზე ახალგაზრდა მეგოლეც გახდა – 17 წლის და 249 დღისა!

პელემ ასე შეაგდო: ნილტონ სანტოსმა მარცხენა ფლანგიდან ჩააწოდა საჯარიმოში, ედსონ არანტეს დუ ნასიმენტუმ ჯერ ერთი მეტოქე მოატყუა, შემდეგ ბენგტ გუსტაფსონს თავზე გადაუგდო ბურთი და შეუჩერებლად დაარტყა – 3:1!

ცოტა ხანში მარიო ზაგალომ გაახარა ბრაზილიელთა ქომაგები, შემდეგ აგნე სიმონსონის ერთი საპასუხო ბურთი იყო და მატჩის უკანასკნელ წუთზე პელეს მეორე გოლი.

ბრაზილიამ 5:2 გაიმარჯვა და ნანატრ თასს დაეუფლა. სელესაო პირველად გახდა ჩემპიონი და დღემდე ერთადერთი სამხრეთამერიკული გუნდია, რომელმაც ფიფას თასი ევროპაში აღმართა. თავის მხრივ, შვედეთი ერთადერთი მასპინძელია ისტორიაში, რომელმაც ფინალი დათმო.

1958 წლის 29 ივნისს სტოკჰოლმში გამართული თამაში კიდევ რამდენიმე ფაქტის გამოა საინტერესო:

გადამწყვეტ მატჩში პირველად გავიდა 7 გოლი!
პირველად გაიტანა ფინალისტმა 5 ბურთი!
პირველად დაფიქსირდა სამბურთიანი სხვაობა!

პირველი და მეორე მაჩვენებელი დღემდე რეკორდია, სამი გოლის უპირატესობით კი მას შემდეგ კიდევ ორჯერ გაიმარჯვა ჩემპიონმა: 1970 წელს ბრაზილიამ, როცა მეხიკოს, აცტეკაზე 4:1 სძლია იტალიას, 1998 წელს კი საფრანგეთმა, რომელმაც სტად დე ფრანსზე სამი უპასუხო გოლი მიართვა… ბრაზილიას.

შვედეთი 1958 – ზოგადი ცნობები:

*-პირველი მსოფლიო ჩემპიონატი, სადაც გუნდები გეოგრაფიული პრინციპით განაწილდნენ.
*-ერთადერთი მსოფლიო ჩემპიონატი, სადაც დიდი ბრიტანეთის ოთხივე ქვეყნის ნაკრებმა ითამაშა – ინგლისმა, შოტლანდიამ, ჩრდილოეთი ირლანდიამ და უელსმა.
*-პირველი მსოფლიო ჩემპიონატი, რომლის ფინალში ორი კონტინენტის გუნდებმა ითამაშეს.
*-პირველი მსოფლიო ჩემპიონატი, რომლის ფინალში სამბურთიანი სხვაობა დაფიქსირდა. ამავდროულად: პირველად გავიდა ფინალში 7 გოლი და პირველად გაიტანა გამარჯვებულმა 5 ბურთი!
*-პელე და ნილს ლიდჰოლმი მსოფლიო ჩემპიონატების ფინალში გასული გოლების ყველაზე ახალგაზრდა და ყველაზე ასაკოვანი ავტორები არიან.
*-მონაწილეობდა 16 გუნდი (ევროპა – 12; სამხრეთი ამერიკა – 3; ცენტრალური და ჩრდილოეთი ამერიკა – 1).
*-35 თამაშში 126 გოლი გავიდა, საშუალოდ მატჩში 3,6.
*-მთლიანი დასწრება – 819 810, საშუალოდ მატჩზე 23 423 გულშემატკივარი.

29 ივნისი, 1958. მსოფლიოს VI ჩემპიონატის ფინალი. შვედეთი, სტოკჰოლმი, რასუნდა. 49 737
ბრაზილია 5:2 შვედეთი
გოლები: 0:1 ნილს ლიდჰოლმი (4), 1:1 ედვალდო იზიდიო ნეტო ვავა (9), 2:1 ედვალდო იზიდიო ნეტო ვავა (32), 3:1 ედსონ არანტეს დუ ნასიმენტუ პელე (55), 4:1 მარიო ჟორჟე ლობო ზაგალო (68), 4:2 აგნე სიმონსონი (80), 5:2 ედსონ არანტეს დუ ნასიმენტუ პელე (90)
ბრაზილია: ჟილმარ დუშ სანტუშ ნევესი, ილდერალდო ლუის ბელინი (კაპ), ჯალმა სანტოსი, ვალდირ პერეირა დიდი, მარიო ჟორჟე ლობო ზაგალო, ედსონ არანტეს დუ ნასიმენტუ პელე, მანოელ ფრანსისკო დოს სანტოს გარინჩა, ნილტონ სანტოსი, ორლანდო პეკინია დე კარვალიუ, ჟოზე ელი დე მირანდა ზიტო, ედვალდო იზიდიო ნეტო ვავა
მწვრთნელი: ვისენტე ფეოლა
შვედეთი: კალე სვენსონი, ორვარ ბერგმარკი, სვენ აქსბომი, ნილს ლიდჰოლმი (კაპ), სიგე პარლინგი, კურტ ჰამრინი, გუნარ გრენი, აგნე სიმონსონი, ლენარტ სკოგლუნდი, ბენგტ გუსტაფსონი, რეინო ბორიესონი
მწვრთნელი: ჯორჯ რეინორი (ინგლისი)
მსაჯები: მორის გიგი (საფრანგეთი); ალბერტ დუში (გფრ), ხუან გარდეასაბალი (ესპანეთი)

საუკეთესო ბომბარდირი:
1.ჟიუსტ ფონტენი (საფრანგეთი)
– 13 გოლი
2.ედსონ არანტეს დუ ნასიმენტუ პელე (ბრაზილია) და ჰელმუტ რანი (გფრ) – 6

საუკეთესო ფეხბურთელი (არაოფიციალური): ვალდირ პერეირა დიდი (ბრაზილია)
საუკეთესო ახალგაზრდა (არაოფიციალური): ედსონ არანტეს დუ ნასიმენტუ პელე (ბრაზილია)
საუკეთესო მეკარე
(არაოფიციალური): ჰარი გრეგი (ჩრდილოეთი ირლანდია)

ტურნირის სიმბოლური ნაკრები (არაოფიციალური)
მეკარე: ჰარი გრეგი (ჩრდილოეთი ირლანდია)
მცველები: ჯალმა სანტოსი (ბრაზილია), ილდერალდო ლუის ბელინი (ბრაზილია), ნილტონ სანტოსი (ბრაზილია)
ნახევარმცველები: ვალდირ პერეირა დიდი (ბრაზილია), გუნარ გრენი (შვედეთი), რაიმონ კოპა (საფრანგეთი), დენი ბლენჩფლაუერი (ჩრდილოეთი ირლანდია)
თავდამსხმელები: მანოელ ფრანსისკო დოს სანტოს გარინჩა (ბრაზილია), ედსონ არანტეს დუ ნასიმენტუ პელე (ბრაზილია), ჟიუსტ ფონტენი (საფრანგეთი) 

მსოფლიოს 1958 წლის ჩემპიონი ბრაზილიის ნაკრები
მეკარეები: 1.კარლოს ჟოზე დე კასტილიო (რიო დე ჟანეიროს ფლუმინენსე), 3.ჟილმარ დუშ სანტუშ ნევესი (სან პაულუს კორინთიანსი)
მცველები: 2.ილდერალდო ლუის ბელინი (რიო დე ჟანეიროს ვასკუ და გამა), 4.ჯალმა სანტოსი (სან პაულუს პორტუგეზა), 12.ნილტონ სანტოსი (რიო დე ჟანეიროს ბოტაფოგო), 14.ნილტონ დე სორდი (სან პაულუ), 15.ორლანდო პეკინია დე კარვალიუ (რიო დე ჟანეიროს ვასკუ და გამა), 16.მაურო რამოს დე ოლივეირა (სან პაულუ)
ნახევარმცველები:
5.დინო სანი (სან პაულუ), 6.ვალდირ პერეირა დიდი (რიო დე ჟანეიროს ბოტაფოგო), 8.ვალდემარ როდრიგეს მარტინს ორეკო (სან პაულუს კორინთიანსი), 9.ზოზიმო ალვეშ სალასანსი (რიო დე ჟანეიროს ბანგუ), 13.მოაკირ კლაუდიუ პინტუ (რიო დე ჟანეიროს ფლამენგო), 19.ჟოზე ელი დე მირანდა ზიტო (სანტოსი)
თავდამსხმელები:
7.მარიო ჟორჟე ლობო ზაგალო (რიო დე ჟანეიროს ბოტაფოგო), 10.ედსონ არანტეს დუ ნასიმენტუ პელე (სანტოსი), 11.მანოელ ფრანსისკო დოს სანტოს გარინჩა (რიო დე ჟანეიროს ბოტაფოგო), 17.ჟოელ ანტონიო მარტინში (რიო დე ჟანეიროს ფლამენგო), 18.ჟოზე ჟოაო ალტაფინი მაცოლა (სან პაულუს პალმეირასი), 20.ედვალდო იზიდიო ნეტო ვავა (რიო დე ჟანეიროს ვასკუ და გამა), 21.ედვალდო ალვეშ დე სანტა როზა დიდა (რიო დე ჟანეიროს ფლამენგო), 22.ჟოზე მაკია პეპე (სანტოსი)
მწვრთნელი: ვისენტე ფეოლა

 

ლაშა გოდუაძე (2022 წლის 24 ივლისი)
ფოტო:
FIFA.com; ინტერნეტი

ka_GEGeorgian