მსოფლიო ჩემპიონატების ისტორია: შვეიცარია 1954
მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანიზაცია 1954 წელს ნახევარსაუკუნოვანი იუბილეს აღსანიშნავად ემზადებოდა. ამ თარიღთან დაკავშირებით, ფიფამ უდიდესი საფეხბურთო ტურნირის იმ ქვეყანაში ჩატარება განიზრახა, სადაც ორგანიზაციის სათაო ოფისი მდებარეობდა – მეორე მსოფლიო ომის ქარტეხილებს უვნებლად გადარჩენილ შვეიცარიაში.
ამ კოხტა ქვეყანას მსოფლიო პირველობის მასპინძლობა 1946 წლის ივლისში, ლუქსემბურგში გამართულ კონგრესზე დაევალა, ზუსტად იმ დღეებში, როცა ფიფამ 1950 წლის ჩემპიონატით ბრაზილია გაახარა.
მთავარი საფეხბურთო თასის V გათამაშებაში მონაწილეობის სურვილი 44-მა ქვეყანამ გამოთქვა, რაც იმ დროისთვის რეკორდი იყო. სამწუხაროდ, კვლავ განზე გადგა არგენტინა – თეთრ-ცისფრებმა ზედიზედ მესამედ იუარეს ფინალური ეტაპის საგზურისთვის თამაში. არგენტინელებს სხვებმაც მიბაძეს და საბოლოოდ, შვეიცარიის თოთხმეტი საგზური 37 ქვეყნის გუნდმა გაითამაშა.
ხანგრძლივი დისკვალიფიკაციის შემდეგ ფიფამ საკვალიფიკაციო ტურნირში დაუშვა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის და იაპონიის ნაკრები გუნდები, ასევე საფრანგეთის პროტექტორატი საარი. რაც შეეხება აღმოსავლეთ გერმანიის ნაკრებს, მან ბოლო მომენტში იუარა თამაში. მიზეზად პოლიტიკური კრიზისი დასახელდა.
იქიდან გამომდინარე, რომ ჩემპიონატს ევროპული ქვეყანა მასპინძლობდა – შვეიცარია, ხოლო თასს სამხრეთამერიკული გუნდი ფლობდა – ურუგვაი, და ისინი ავტომატურად იყვნენ დაშვებულნი ფინალურ ეტაპზე, დარჩენილი თოთხმეტი საგზური კონფედერაციებზე ასე გადანაწილდა: ევროპა – თერთმეტი, სამხრეთი ამერიკა, აზია და ჩრდილოეთი და ცენტრალური ამერიკა – თითო.
ჯერ კიდევ საკვალიფიკაციო ტურნირის დასრულებამდე, ფიფამ ახალი წესი აამოქმედა: ფინალური ეტაპის მონაწილეების ნახევარი განთესა. ასეთთა შორის მოხვდნენ ბრაზილიის, ურუგვაის, ავსტრიის, ინგლისის, საფრანგეთის, იტალიის, უნგრეთის და ესპანეთის ნაკრები გუნდები. საინტერესო კი ისაა, რომ მათგან შვეიცარიაში ყველამ ითამაშა… ესპანეთის გარდა – პირენეელებმა თურქებს ვერ აჯობეს.
მეტოქეთა პირველი შესარჩევი მატჩი 1954 წლის 6 იანვარს მადრიდში გაიმართა და ესპანელებმა 4:1 მოიგეს. 15 მარტს, სტამბოლში, თურქებს დარჩათ გამარჯვება – 1:0. იქიდან გამომდინარე, რომ იმხანად ბურთების სხვაობას მნიშვნელობა არ ჰქონდა, მეტოქეებმა სამი დღის შემდეგ ნეიტრალურ რომში ითამაშეს – 2:2.
ამის შემდეგ სხვა არაფერი რჩებოდა და მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე ბრმა წილისყრით გამოვლინდა: თვალებახვეულმა 14 წლის რომაელმა ბიჭუნამ ლუიჯი ფრანკო ჯემამ ის ფურცელი ამოიღო, რომელზეც თურქეთი ეწერა. და ვინ იყო ეს ჯემა? თანატოლთაგან არაფრით გამორჩეული ბიჭი, უბრალოდ მამამისი იმავე სტადიონზე მუშაობდა.
თურქეთის გამარჯვება ფიფასთვის უსიამოვნო სიურპრიზი გამოდგა, რადგან განთესილთა შორის ესპანეთის ნაცვლად სწორედ ეს გუნდი მოხვდა. სანამ განთესვაზე და ამასთან დაკავშირებულ კიდევ ერთ სიახლეზე დავწერ, გეტყვით, რომ მსოფლიოს ორგზის ჩემპიონმა იტალიამ შვეიცარიის საგზური ეგვიპტესთან ორთაბრძოლაში მოიგო: 1953 წლის 13 ნოემბერს სკუადრა აძურამ ქაიროში 2:1 გაიმარჯვა, 1954 წლის 24 იანვარს კი მილანში უმასპინძლა მეტოქეს და 5:1 მოიგო.
იმხანად ეგვიპტე აფრიკის ფეხბურთის კონფედერაციის შემადგენლობაში შედიოდა, ისრაელი კი, რომელმაც ასევე ევროპის ზონაში ითამაშა და იუგოსლავიისა და საბერძნეთის წინააღმდეგობა ვერ დაძლია, აზიას წარადგენდა. დღეს ასეთი რამ წარმოუდგენელია, მაგრამ მაშინ მსგავსი უცნაურობები ხშირად ხდებოდა…
უთამაშებლად მიიღო შვეიცარიის საგზური უძლიერესმა უნგრეთმა, რადგან პოლონეთი ბოლო მომენტში გადგა განზე, ისლანდია კი ფიფამ აღარ დაუშვა.
ახლა იმაზე, თუ რატომ განთესეს რვა ფინალისტი. ფიფას გადაწყვეტილებით, თითოეულ ჯგუფში ორი განთესილი და ორი განუთესავი გუნდი ითამაშებდა. ერთი და იმავე სტატუსის მქონენი ერთმანეთს არ ხვდებოდნენ, განთესილები მხოლოდ განუთესავებს ეთამაშებოდნენ. მარტივად რომ ვთქვა, თითო გუნდი ჯგუფში ორ მატჩს ატარებდა.
მაგრამ იყო კიდევ არაერთი სიახლე: იმ შემთხვევაში, თუ მეორე და მესამე ადგილზე გასული გუნდები თანაბარი რაოდენობის ქულებს დააგროვებდნენ, მათ შორის დამატებითი მატჩი ინიშნებოდა მეორეადგილოსნის ანუ მეოთხედფინალის საგზურის მფლობელის გამოსავლენად. ხოლო თუ პირველ ორ გუნდს აღმოაჩნდებოდა ერთნაირი ქულები, პირველადგილოსანი მარტივად, წილისყრით ირკვეოდა.
პირველი წესი მეორე და მეოთხე ჯგუფებში ამოქმედდა, სადაც განუთესავებმა (შესაბამისად გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა და შვეიცარია) განთესილებს (თურქეთი და იტალია) დამატებით მატჩში აჯობეს, მეორე წესით კი გამარჯვებული პირველ და მესამე ჯგუფებში გამოვლინდა – ბრაზილია და ურუგვაი.
კიდევ ორი მნიშვნელოვანი სიახლის შესახებაც უნდა ვთქვა. პირველი ისაა, რომ ფიფამ ჯგუფურ ეტაპზე დამატებით დრო დაუშვა. ეს წესი მხოლოდ ორჯერ ამოქმედდა: პირველად 17 ივნისს, ბაზელში, ინგლისის და ბელგიის ნაკრებთა პაექრობისას (3:3 ძირითადში და 1:1 დამატებითში), მეორედ კი 19 ივნისს, ლოზანაში, ბრაზილიის და იუგოსლავიის შეხვედრაში (1:1 ძირითადში, 0:0 დამატებითში).
რაც შეეხება მეორე სიახლეს, ის შემდეგში მდგომარეობდა: ფლეი ოფში ჯგუფების გამარჯვებულებს თავის გზა ჰქონდათ, მეორეადგილოსნებს – საკუთარი. როგორც ჩანს ამ წესმა არ გაამართლა, რადგან ფიფამ ჩემპიონატის დასრულებისთანავე უარი თქვა მასზე…
ტურნირის დაწყებამდე მცირე ხნით ადრე კიდევ ერთი სასიამოვნო ამბავი გავრცელდა – შვეიცარია 1954-ის საორგანიზაციო კომიტეტის ძალისხმევით, პირველად მოხერხდა მსოფლიო ჩემპიონატის თამაშების ტელეტრანსლაცია, რამაც ისედაც პოპულარული შეჯიბრება ახალ სიმაღლეზე აიყვანა.
და ბოლოს: მსოფლიო ჩემპიონატის დღეებში ფიფას პრეზიდენტის პოსტზე ახალი კაცი გამოჩნდა – ბელგიელი რუდოლფ ზეელდრეიერსი. ნოვატორმა ფრანგმა ჟიულ რიმემ, რომელმაც 33 წლის და 112 დღის განმავლობაში უხელმძღვანელა ერთ-ერთ უდიდეს სპორტულ ორგანიზაციას, ასაკის გამო ახალი ვადით კენჭისყრაზე უარი განაცხადა.
მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე თითქმის ყველა სპეციალისტი უნგრეთის ნაკრებს უწინასწარმეტყველებდა გამარჯვებას, რადგან ეს გუნდი იმ წლებში უბრალოდ საუკეთესო იყო. უნგრელთა ძალაზე შთამბეჭდავი სტატისტიკაც მიუთითებდა: 1950 წლის მაისიდან 1954 წლის ივნისამდე, ანუ ჩემპიონატის დაწყებამდე, მათ 28 საერთაშორისო შეხვედრა ჩაატარეს, რომელთაგან მხოლოდ სამი დაასრულეს ფრედ, 25 კი მოიგეს, მათ შორის რამდენიმე ძალიან ეფექტურად.
უნგრელთა დიდი გუნდის მატჩებიდან აუცილებლად გასახსენებელია ინგლისელებთან ორი გამარჯვება: 1953 და 1954 წლებში მათ ორჯერ დაჯაბნეს ფეხბურთის სამშობლოს საუკეთესო გუნდი. პირველად უემბლიზე გაანადგურეს მასპინძლები – 6:3, ბუდაპეშტში კი სტუმრებს საფეხბურთო გაკვეთილი ჩაუტარეს – 7:1! ამ ლეგენდარულ თამაშებამდე მცირე ხნით ადრე უნგრელებმა ოლიმპიური თამაშების ოქროს მედალიც მოიგეს – 1952 წელს, ჰელსინკიში.
ჯგუფური ეტაპი
პირველ ჯგუფში განთესილებს შორის ბრაზილია და საფრანგეთი მოხვდნენ, მეორეში უნგრეთი და თურქეთი, მესამეში მსოფლიოს ჩემპიონი ურუგვაი და შესარჩევში პორტუგალიის მძლეველი ავსტრია, მეოთხეში კი ბრიტანეთის ჩემპიონატში გამარჯვებული ინგლისი და იტალია.
ბრაზილია ნელ-ნელა, მაგრამ მაინც ცდილობდა მარაკანაზოს დავიწყებას, იცვლებოდა გუნდის შემადგენლობაც. ისევე როგორც ოთხი წლით ადრე, ბრაზილიელებმა პირველი მატჩი კვლავ მექსიკასთან გამართეს და ისევ დიდი ანგარიშით გაიმარჯვეს – 5:0. მეორე გოლი ვალდირ პერეირა დიდიმ გაიტანა, ვინც მომდევნო პირველობაზე სელესაოს ერთ-ერთ ლიდერად მოგვევლინება…
სამხრეთამერიკელების მხარდამხარ მეოთხედფინალის საგზური იუგოსლავიელებმა მოიპოვეს, რომლებმაც პირველ ტურში მოკრძალებული ანგარიშით, 1:0 სძლიეს საფრანგეთს. ერთადერთი გოლი მე-15 წუთზე შეაგდო მილოშ მილუტინოვიჩმა, ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო იუგოსლავიელ ფეხბურთელად მიჩნეულმა გარემარბმა.
ის იმიტომ გამოვარჩიე, რომ სახელგანთქმული ბორა მილუტინოვიჩის ღვიძლი ძმა გახლდათ. ისინი რამდენიმე წლის განმავლობაში მხარდამხარ თამაშობდნენ ბელგრადის პარტიზანში მესამე ძმასთან, მილორადთან ერთად. ბორა, გეცოდინებათ, მსოფლიო ჩემპიონატების ერთი უცნაური რეკორდის მფლობელია: ზედიზედ ხუთ ტურნირზე უხელმძღვანელა სხვადასხვა ნაკრებს – 1986 წელს, მექსიკაში, მასპინძელთა გუნდს ედგა სათავეში; 1990 წელს იტალიაში კოსტა რიკას წვრთნიდა; ოთხი წლის შემდეგ კვლავ ტურნირის მასპინძელთა ნაკრები ებარა – ამერიკის შეერთებული შტატები; 1998 წელს საფრანგეთში – ნიგერია, ხოლო 2002 წელს კორეა-იაპონიაში მსოფლიო ჩემპიონატის დებიუტანტი ჩინეთი…
ის, რომ გუნდების განთესვა კარგად გააზრებული ნაბიჯი არ იყო, მეორე ჯგუფში დამტკიცდა – თურქეთი განუთესავ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ნაკრებთან ორჯერ განადგურდა.
მეტოქეები პირველად 17 ივნისს, საწყის ტურში, ბერნში, ვანკდორფზე დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. გერმანელებმა 4:1 გაიმარჯვეს. და რადგან ჯგუფი ორივემ ორი ქულით დაასრულა, მათ შორის დამატებითი შეხვედრა დაინიშნა. 23 ივნისს, ამჯერად უკვე ციურიხში, ჰარდტრუმზე, ზეპ ჰერბერგერის გაწვრთნილმა ბუნდესგუნდმა თურქეთს კიდევ უფრო შთამბეჭდავად მოუგო – 7:2! მაქს მორლოკმა, რომელიც ნიურნბერგში თამაშობდა და ერთ-ერთ საუკეთესო გერმანელ თავდამსხმელად ითვლებოდა, ჰეთ-თრიქი შეასრულა.
თუ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ნაკრებმა მხოლოდ დამატებითი მატჩის შემდეგ გაინაღდა ფლეი ოფის საგზური, უნგრეთმა ზედიზედ ორი იოლი გამარჯვებით დაიბევა პირველი ადგილი. გუსტავ შებეშის ბრწყინვალე ფეხბურთელებმა ჯერ სამხრეთი კორეა არ დაინდეს – 9:0 (შანდორ კოჩიშის ჰეთ-თრიქი, ფერენც პუშკაშის დუბლი), მეორე ტურში კი გერმანელები გაასწორეს მიწასთან – 8:3!
1954 წლის 17 ივნისს, ციურიხში, უნგრეთისა და კორეელთა შეხვედრაში – 9:0 – ერთი საინტერესო ფაქტი დაფიქსირდა, რომელიც მას შემდეგ მხოლოდ ორჯერ განმეორდა: ფინალურ ეტაპზე ერთმა გუნდმა პირველად აჯობა მეორეს ცხრა(!) ბურთის სხვაობით! მეორედ ასეთი შედეგი 1974 წელს ვიხილეთ იუგოსლავიის და ზაირის ნაკრებთა დაპირისპირებაში, ოთხი წლის შემდეგ, ესპანეთში კი უნგრელებმა სულაც 10:1 აჯობეს სალვადორს…
50-იანი წლების მსოფლიოს ერთ-ერთმა საუკეთესო თავდამსხმელმა შანდორ კოჩიშმა კორეელებს სამი, ხოლო გერმანელებს ოთხი გოლი გაუტანა! ის პირველია ისტორიაში, რომელმაც ზედიზედ ორ მატჩში მოახერხა მინიმუმ სამი ბურთის შეგდება. აქვე გეტყვით, რომ ის იმ იშვიათთა შორისაა, ვისაც ნაკრებში მატჩებზე მეტი გოლი აქვს გატანილი – 75 ბურთი 68 თამაშში.
რაც შეეხება გუნდის კაპიტანს, ფერენც პუშკაშმა ბუნდესგუნდის წინააღმდეგ მძიმე ტრავმა მიიღო: სუპერბომბარდირი კაიზერსლაუტერნის მცველმა ვერნერ ლიბრიხმა დაამტვრია – განზრახ ჩაარტყა ფეხი… პუშკაშმა მხოლოდ ფინალის წინ შეძლო შემადგენლობაში დაბრუნება.
რით შეიძლება აიხსნას უნგრეთთან გერმანიის ნაკრების 3:8 განადგურება? სავარაუდოდ, ჰერბერგერმა ჩათვალა, რომ ჯგუფში უდავოდ ძლიერ მეტოქესთან საუკეთესო შემადგენლობით და მთელი ძალით თამაშს აზრი არ ჰქონდა და რამდენიმე ლიდერი დაასვენა. ამით უნგრელებმა დიდებულად ისარგებლეს. ამასთან ერთად, მწვრთნელმა ფლეი ოფის ახალი წესის შესახებაც იცოდა და ფინალისთვის ბრძოლა მეორეადგილოსანთა გზიდან არჩია…
III ჯგუფში მსოფლიოს ჩემპიონმა ურუგვაიმ და ავსტრიამ ფავორიტის სტატუსი გაამართლეს და მეოთხედფინალის კარი შეაღეს, თან გოლის გაუშვებლად. სამხრეთამერიკელებმა ჩეხოსლოვაკიას 2:0, შოტლანდიას კი 7:0 აჯობეს, ავსტრიელებმა კი ბრიტანელებს 1:0 მოუგეს, ხოლო აღმოსავლეთევროპელებს – 5:0.
ნიკეს თასის ორგზის მფლობელი ურუგვაი მესამედ მონაწილეობდა უდიდეს საფეხბურთო ტურნირში, თუმცა ევროპაში პირველად თამაშობდა – 1934 და 1938 წლის მსოფლიო ჩემპიონატები ცისფრებმა პროტესტის ნიშნად გამოტოვეს.
რაც შეეხება ბოლო ჯგუფს: მსოფლიოს ორგზის ჩემპიონ იტალიას ზედიზედ მეორე ტურნირზე მოეცარა ხელი და კვლავ ნაადრევად გაემგზავრა შინ. სკუადრა აძურა ორჯერ დამარცხდა მასპინძელ შვეიცარიასთან, მათ შორის დამატებით შეხვედრაში – 1:4.
პირველ ადგილზე და მეოთხედფინალში კი ინგლისი გავიდა: 17 ივნისს, ბაზელში, სენტ იაკობზე ბელგიასთან 4:4-ის შემდეგ ბრიტანელებმა შვეიცარიელებს 2:0 აჯობეს.
ფლეი ოფი
პირველი ნახევარფინალისტები 26 ივნისს გამოვლინდნენ: მასპინძლებმა მეზობელ ავსტრიასთან ლოზანაში გაარკვიეს ურთიერთობა, ბაზელში კი მსოფლიოს ჩემპიონი ურუგვაი ინგლისს შეხვდა.
ავსტრია-შვეიცარიის პირველი 45 წუთი 5:4 დასრულდა, ასეთი შედეგიანი ტაიმი კი არც მანამდე და არც მას შემდეგ გამართულა! და თუ გავითვალისწინებთ, რომ 42-ე წუთზე ავსტრიელ ალფრედ კიორნერს პენალტის გატანაც შეეძლო (ბურთი კარს ააცილა), ადვილი წარმოსადგენია, თუ რა სანახაობა იხილა 35 ათასმა გულშემატკივარმა.
25-ე, 26-ე და 27-ე წუთებზე ავსტრიამ ზედიზედ სამი გოლი გაიტანა: ტეოდორ ვაგნერის დუბლს შორის ალფრედ კიორნერმა დაარყა ზუსტად. სამ წუთში სამი გოლი მსოფლიო ჩემპიონატების კიდევ ერთი რეკორდია.
რა თქმა უნდა არნახული შედეგია ერთ შეხვედრაში გასული თორმეტი(!) ბურთიც – ავსტრიამ ეს დაპირისპირება საბოლოოდ 7:5 მოიგო!
ისტორიული თამაში დღეს სხვა სახელითაცაა ცნობილი – მატჩი ლოზანის ხვატში. იმ დღეს შვეიცარიის ამ ლამაზ ქალაქში ძალიან დაცხა, +40 გრადუსი დაფიქსირდა. მსოფლიო ჩემპიონატების რამდენიმე მკვლევარი შვეიცარია 1954-ის არნახულ შედეგიანობას აუტანელი სიცხით, ფეხბურთისთვის შეუსაბამო პირობებით ხსნის. რამდენად იმოქმედა ძალიან მაღალმა ტემპერატურამ მოთამაშეებზე, ამის თქმა ახლა ძნელია, თუმცა ცნობილია, რომ ავსტრიელთა მეკარე კურტ შმიდი რამდენჯერმე ცუდად გახდა და ექიმების დახმარებაც დასჭირდა…
იმავე დღეს ბაზელში ურუგვაი ინგლისზე აშკარად ძლიერი აღმოჩნდა: მსოფლიოს ჩემპიონებმა თავიდანვე მოიპოვეს უპირატესობა და კარგად დაწყებული საქმე მშვიდად დააგვირგვინეს – 4:2.
შოტლანდიასთან ჰეთ-თრიქის ავტორმა კარლოს არიელ ბორხესმა მე-5 წუთზე გახსნა ანგარიში – 1:0. ოთხი წლის წინანდელი ტურნირის ერთ-ერთმა გმირმა ობდულიო ვარელამ 39-ე წუთზე მეორე გოლი მიართვა მეტოქეს – 2:1. 46-ე წუთზე მარაკანაზოს კიდევ ერთმა შემოქმედმა, ხუან ალბერტო სკიაფინომ დალაშქრა ჯილბერტ მერიკის კარი – 3:1, 78-ე წუთზე კი ხავიერ ამბროისმა დააფიქსირა საბოლოო ანგარიში – 4:2.
ამ ოთხი ურუგვაელიდან კარლოს არიელ ბორხესს გამოვარჩევ და აი, რატომ: ის ერთ-ერთია იმ სამი ურუგვაელიდან, რომლებმაც მსოფლიო ჩემპიონატზე ჰეთ-თრიქი შეასრულეს, ამავდროულად, სამხრეთ ამერიკის ყველაზე მნიშვნელოვანი საკლუბო თასის, კოპა ლიბერტადორესის ისტორიაში პირველი გოლი სწორედ მან შეაგდო.
27 ივნისს, ჟენევაში, გერმანელებმა მშვიდად, 2:0 სძლიეს იუგოსლავიის კარგ გუნდს, ხოლო რაც შეეხება ბერნში უნგრეთის და ბრაზილიის ნაკრებთა მატჩს, ის, იმის ნაცვლად, რომ ორი დიდებული გუნდის ლამაზ სპექტაკლად ქცეულიყო, არნახული უხეშობით გამოირჩა და ტურნირის ისტორიაში ბერნის ომის სახელით შევიდა.
ამის ერთ-ერთი მიზეზი თავსხმა წვიმაც იყო, თუმცა მთავარი დამნაშავეები მაინც ფეხბურთელები გამოდგნენ: მეორე ნახევარში, 71-ე წუთზე, როცა ანგარიში 3:2 იყო, ინგლისელმა არბიტრმა არტურ ელისმა ჯერ უნგრელი იოჟეფ ბოჟიკი და ბრაზილიელი ნილტონ სანტოსი გააძევა ჩხუბისთვის, 79-ე წუთზე კი ბრაზილიელთა ფორვარდმა უმბერტო ტოზიმ დიულა ლორანტს ფეხი ჩაარტყა და ნაადრევად დატოვა მინდორი.
„მატჩის წინ ჩემზე ამაყი არავინ იყო, ორი უძლიერესი გუნდის თამაშის მსაჯობა მანდეს! უბედნიერესი ვიყავი, თუმცა დაიწყო მეოთხედფინალი და მეხუთე წუთზე უკვე მის დასრულებას ვნატრობდი. და მხოლოდ იმიტომ არა, რომ ძალიან წვიმდა… ეს იყო ჩემს კარიერაში ყველაზე საზიზღარი, უხეში და უსახური თამაში. ვუყურებდი ფეხბურთელებს და მეგონა, რომ ერთმანეთს წაკიდებულ ცხოველებს ვუცქერდი“, – იტყვის წლების შემდეგ ინგლისელი არბიტრი არტურ ელისი.
მე-60 წუთზე, როცა მიჰალი ლანტოშმა პენალტი გოლად აქცია, ბრაზილიის ნაკრების ხელმძღვანელები და რამდენიმე ჟურნალისტი მინდორზე შევარდა. ხანმოკლე აყალ-მაყალის შემდეგ მათ მინდორი დაატოვებინეს, თუმცა მალე უკვე ფეხბურთელებმა გაიწიეს ერთმანეთზე. საერთო ჯამში ელისმა 42(!) საჯარიმო დარტყმა და ორი თერთმეტმეტრიანი დანიშნა! მინდორზე დაწყებული ჩხუბი უნგრელთა გასახდელში გაგრძელდა, სადაც მარცხით გაწბილებული ბრაზილიელები შევარდნენ. სიტუაცია თითქმის უკონტროლო გახდა.
„ეს იყო ნამდვილი ომი, უხეში, ბინძური დაპირისპირება! მას საერთო არაფერი ჰქონდა ფეხბურთთან“, – განაცხადა უნგრელთა თავკაცმა გუსტავ შებეშმა, რომელსაც შეხლა-შემოხლის დროს წარბი გაუხეთქეს, ექიმებმა კი ოთხი ნაკერი დაადეს.
საბოლოოდ 4:2 უნგრეთის ნაკრების სასარგებლოდ: ნანდორ ჰიდეგკუტის და მიჰალი ლანტოშის გოლებს კოჩიშმა დუბლი დაუმატა.
მეორე დღეს, გაზეთ თაიმსში მატჩის თვითმხილველი ინგლისელი კორესპონდენტი წერდა: „არასდროს მინახავს ასეთი საშინელი ფეხბურთი, თუმცა ვცრუობ: ის, რაც უნგრეთის და ბრაზილიის ნაკრებთა დაპირისპირებისას მინდორზე ხდებოდა, ყველაფერი იყო ფეხბურთის გარდა. მოთამაშეთა ჩხუბი როგორ არ მინახავს, მაგრამ ეს რაღაც ახალი იყო, საშინელი, საძაგელი, ბინძური სანახაობა! და ყველაზე ცუდი ისაა, რომ მასში ოფიციალური პირებიც მონაწილეობდნენ“.
მომხდარით ყველა აღშფოთებული იყო, განსაკუთრებით ფიფას მესვეურები. თუმცა მსოფლიო ფეხბურთის მაღალჩინოსნებს არავინ დაუსჯიათ. მათ ეს უფლება ბრაზილიის და უნგრეთის ფეხბურთის მმართველებს გადაულოცეს…
ნახევარფინალში უნგრელებმა მარაკანაზოს გამარჯვებული ჩამოიცილეს გზიდან – შებეშის ბიჭებმა მსოფლიოს ჩემპიონ ურუგვაის 4:2 მოუგეს. ძირითადი დრო 2:2 დასრულდა – ზოლტან ციბორის და ჰიდეგკუტის გოლები ხუან ედუარდო ჰობერგმა თამაშის მიწურულს გაქვითა. თუმცა დამატებით დროში ყველაფერი თავის ადგილზე დადგა და უძლიერესმა გაიხარა – ტურნირის ყველაზე შედეგიანმა თავდამსხმელმა კოჩიშმა, ისევე როგორც ბრაზილიელების წინააღმდეგ, ამჯერადაც დუბლი მიითვალა.
ურუგვაი პირველად დამარცხდა მსოფლიო ჩემპიონატების ფინალურ ეტაპზე, უნგრეთი კი 1938 წლის შემდეგ მეორედ გავიდა ფინალში.
რაც შეეხება მეორე ფინალისტს: გერმანელებმა ავსტრიელები გაანადგურეს – 6:1. მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლებთან უშეღავათო ბრძოლით გადაღლილ მეტოქეს ჰერბერგერის ბიჭებმა იოლად აჯობეს. ოთხი გოლი ძმებმა ფრიც და ოტმარ ვალტერებმა შეაგდეს, პირველმა ორივე პენალტის ნიშნულიდან.
ბრინჯაოს მედლები 3 ივლისს, ციურიხში გათამაშდა. ერნსტ შტოიასპალის, მისი სეხნია ოცვირკის და ლუის კრუზის ავტოგოლით ავსტრიამ 3:1 აჯობა ურუგვაის. ეს მესამე ადგილი დღემდე საუკეთესო შედეგია ავსტრიის ფეხბურთის ისტორიაში…
ფინალი
ნიკეს ოქროს თასის ახალი მფლობელი 4 ივლისს, ბერნში, ვანკდორფზე უნდა გამოვლენილიყო: ფინალში მეორედ გასული უნგრეთი გადამწყვეტ მატჩში პირველად მოხვედრილ გფრ-ის ნაკრებს ხვდებოდა. ფავორიტად უნგრეთი ითვლებოდა. ხუმრობა ხომ არაა: ოლიმპიურმა ჩემპიონებმა შვეიცარიაში ყველა თამაში მოიგეს, ბურთების სხვაობა კი უბრალოდ ფანტასტიკური იყო – 25:7!
ამასთან, ფინალის წინ გუნდს ფერენც პუშკაშიც დაუბრუნდა, მიუხედავად იმისა, რომ სუპერგოლეადორს ფეხის ტრავმა ბოლომდე მოშუშებული არ ჰქონდა.
გერმანელთა მთავარი მწვრთნელი, ცბიერ მელად წოდებული ზეპ ჰერბერგერი ფინალში მონაწილეობითაც კმაყოფილი გახლდათ. ჩემპიონატის დაწყების წინ ის ამბობდა, რომ მისი გუნდისთვის მეოთხედფინალი დიდებული შედეგი იქნებოდა, შემდეგ კი, სიტუაციიდან გამომდინარე, ნაკრები მეტზეც იფიქრებდა…
გადამწყვეტი მატჩის დაწყებიდან რვა წუთში უნგრეთი ორი გოლით იგებდა: ჯერ პუშკაშმა ითამაშა დასწრებაზე და ანგარიში გახსნა (შანდორ კოჩიშის დარტყმული ბურთი მეტოქემ ცუდად მოიგერია), მალე კი ზოლტან ციბორმა მეორედ გაახარა ქომაგები – მეკარე ტონი ტურეკის შეცდომით ისარგებლა.
ყველამ იფიქრა, რომ უნგრეთი კვლავ შთამბეჭდავად დაამარცხებდა მეტოქეს, მაგრამ ასე არ მოხდა. მეტიც: მე-18 წუთზე ანგარიში უკვე საყაიმო იყო – თავდაპირველად მაქს მორლოკმა გაქვითა ერთი გოლი, შემდეგ კი ჰელმუტ რანმა შეაგდო – 2:2.
მიუხედავად იმისა, რომ საფინალო სასტვენამდე მეტწილად უნგრელები უტევდნენ, ჰერბერგერის გუნდი კი კვლავ კონტრშეტევების იმედად იყო, გადამწყვეტი ბურთი მაინც გერმანელებმა გაიტანეს: ისტორიული გოლი 84-ე წუთზე შეაგდო ჰელმუტ რანმა – 3:2! საგოლე გადაცემა ბუნდესგუნდის კაპიტანმა და ყველა დროის ერთ-ერთმა საუკეთესო გერმანელმა ფეხბურთელმა ფრიც ვალტერმა შეასრულა.
88-ე წუთზე გერმანელთა კარის ბადე მესამედ შეირხა, თუმცა ინგლისელმა არბიტრმა უილიამ ლინგმა პუშკაშის გოლი თამაშგარეს გამო არ ჩათვალა. უკანასკნელ წუთზე ციბორს შეეძლო ანგარიშის გათანაბრება, მაგრამ ტურეკმა გადაარჩინა ბუნდესგუნდი, რამდენიმე წამში კი ფინალი დასრულდა და საფეხბურთო სამყაროს ახალი ჩემპიონი მოევლინა.
ნიკეს ოქროს ქანდაკება ფრიც ვალტერმა ჩაიბარა, რომელიც ჟურნალისტებმა შვეიცარია 1954-ის საუკეთესო ფეხბურთელთა შორის მესამე ადგილზე დაასახელეს. რეპორტიორთა რჩეული კი პუშკაში გახდა, რომელმაც მცირედით აჯობა კოჩიშს.
ბომბარდირის ჯილდო სწორედ ამ უკანასკნელს ერგო. ტანმორჩილმა უნგრელმა, რომელიც ორი წლის შემდეგ ესპანეთში გადაბარგდა და ბარსელონაში რამდენიმე შესანიშნავი სეზონიც ჩაატარა, შვეიცარიის სტადიონებზე 11 ბურთი გაიტანა! იმ დროისთვის ეს მსოფლიო რეკორდი იყო.
2003 წელს გერმანელმა კინორეჟისორმა სონკე ვორტმანმა ზეპ ჰერბერგერის ბუნდესნაკრების ისტორიულ გამარჯვებას მხატვრული ფილმი მიუძღვნა. „ბერნის სასწაული“ რიგითი გერმანული ოჯახის, ლუბანსკების განცდებსა და თავგადასავალზე მოგვითხრობს…
რაც შეეხება უნგრეთის დიდ გუნდს, ბერნში მათი 32-მატჩიანი დაუმარცხებელი სერია დასრულდა – 1950 წლის 4 ივნისს, ვარშავაში პოლონეთთან 5:2 მოგების შემდეგ გუსტავ შებეშის ბიჭებმა კიდევ 27 შეხვედრაში გაიმარჯვეს და მხოლოდ ოთხჯერ ითამაშეს ფრედ! ამ სერიით უნგრეთი გახდა პირველი გუნდი ფეხბურთის ისტორიაში, რომელმაც შოტლანდიის ნაკრების XIX საუკუნის მიღწევა – 22-მატჩიანი წაუგებელი სერია – გააუმჯობესა.
მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში მარცხის შემდეგ უნგრელებმა მომდევნო თვრამეტი მატჩიდან თხუთმეტი მოიგეს, სამჯერ ფრედ ითამაშეს, 1956 წლის მიწურულს კი დიდი გუნდი საბოლოოდ დაიშალა – ბუდაპეშტში საბჭოთა ჯარების შეჭრის და უნგრეთის „გაწითლების“ შემდეგ ფერენც პუშკაშმა, შანდორ კოჩიშმა და მათი თაობის სხვა ვარსკვლავებმა დასავლეთ ევროპის ქვეყნებს მიაშურეს…
შვეიცარია 1954 – ზოგადი ცნობები:
*-პირველი მსოფლიო ჩემპიონატი, რომელიც ტელევიზიით გადაიცა.
*-პირველი და ერთადერთი მსოფლიო ჩემპიონატი, სადაც გუნდები ჯგუფებში განთესეს და განთესილები ერთმანეთს არ შეხვდნენ.
*-პირველი და ერთადერთი მსოფლიო ჩემპიონატი, როცა ჯგუფურ ეტაპზე ფრეს შემდეგ დამატებითი დრო ინიშნებოდა.
*-პირველი და ერთადერთი მსოფლიო ჩემპიონატი, სადაც ფლეი ოფში ჯგუფების გამარჯვებულები მეორეადგილოსნებისგან დამოუკიდებლად ავლენდნენ ფინალისტს.
*-პირველი მსოფლიო ჩემპიონატი, როცა ერთმა ფეხბურთელმა ათზე მეტი გოლი გაიტანა: შანდორ კოჩიში (უნგრეთი) – 11 ბურთი.
*-ტურნირის ისტორიაში ერთ მატჩში ყველაზე მეტი გოლი (12), სწორედ ამ მსოფლიო ჩემპიონატზე გავიდა: ავსტრია 7:5 შვეიცარია.
*-გფრ-ის ამ ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონებს შორის დღემდე ორი რეკორდი ეკუთვნის: გაიტანა ყველაზე მეტი – 25, და გაუშვა ყველაზე მეტი – 17 ბურთი.
*-გფრ პირველი მსოფლიოს ჩემპიონია, რომელმაც ფიფას ოქროს თასი ჯგუფში მარცხის მიუხედავად მოიგო.
*-უნგრეთის ნაკრების 27 გოლი, ასევე ბურთების შეფარდება +17, დღემდე ტურნირის რეკორდია.
*-სამხრეთი კორეის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატი ბურთების სარეკორდო შეფარდებით დაასრულა: -16.
*-მონაწილეობდა 16 გუნდი (ევროპა – 12; სამხრეთი ამერიკა – 2; ცენტრალური და ჩრდილოეთი ამერიკა – 1; აზია – 1).
*-26 თამაშში 140 გოლი გავიდა, საშუალოდ მატჩში 5,38 – ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ტურნირის ისტორიაში.
*-მთლიანი დასწრება – 768 607, საშუალოდ მატჩზე 29 562 გულშემატკივარი.
4 ივლისი, 1954. მსოფლიოს V ჩემპიონატის ფინალი. შვეიცარია, ბერნი, ვანკდორფი. 62 500
გფრ 3:2 უნგრეთი
გოლები: 0:1 ფერენც პუშკაში (6), 0:2 ზოლტან ციბორი (8), 1:2 მაქს მორლოკი (10), 2:2 ჰელმუტ რანი (18), 3:2 ჰელმუტ რანი (84)
გფრ: ტონი ტურეკი, იოსეფ პოსიპალი, ვერნერ ლიბრიხი, ვერნერ კოლმაიერი, ჰორსტ ეკელი, კარლ მაი, ჰელმუტ რანი, მაქს მორლოკი, ოტმარ ვალტერი, ფრიც ვალტერი (კაპ), ჰანს შაფერი
მწვრთნელი: ზეპ ჰერბერგერი
უნგრეთი: დიულა გროშიჩი, იენო ბუზანსკი, დიულა ლორანტი, მიჰალი ლანტოში, იოჟეფ ბოჟიკი, იოჟეფ ზაკარიასი, შანდორ კოჩიში, ნანდორ ჰიდეგკუტი, ფერენც პუშკაში (კაპ), ზოლტან ციბორი, მიჰაი ტოთი
მწვრთნელი: გუსტავ შებეში
მსაჯები: უილიამ ლინგი (ინგლისი); ვინჩენცო ორლანდინი (იტალია), ბენჯამინ გრიფითსი (უელსი)
საუკეთესო ბომბარდირი:
1.შანდორ კოჩიში (უნგრეთი) – 11 გოლი
2.მაქს მორლოკი (გფრ), იოზეფ ჰუგი (შვეიცარია) და ერიხ პრობსტი (ავსტრია) – 6
საუკეთესო ფეხბურთელი (არაოფიციალური): ფერენც პუშკაში (უნგრეთი)
საუკეთესო მეკარე (არაოფიციალური): დიულა გროშიჩი (უნგრეთი)
ტურნირის სიმბოლური ნაკრები (არაოფიციალური)
მეკარე: დიულა გროშიჩი (უნგრეთი)
მცველები: ერნსტ ოცვირკი (ავსტრია), ჯალმა სანტოსი (ბრაზილია), ხოსე ემილიო სანტამარია (ურუგვაი)
ნახევარმცველები: ფრიც ვალტერი (გფრ), იოჟეფ ბოჟიკი (უნგრეთი), ნანდორ ჰიდეგკუტი (უნგრეთი), ზოლტან ციბორი (უნგრეთი)
თავდამსხმელები: ჰელმუტ რანი (გფრ), ფერენც პუშკაში (უნგრეთი), შანდორ კოჩიში (უნგრეთი)
მსოფლიოს 1954 წლის ჩემპიონი გფრ-ის ნაკრები
მეკარეები: 1.ტონი ტურეკი (დიუსელდორფის ფორტუნა), 21.ჰაინც კუბში (პირმასენსი), 22.ჰაინც კვიატკოვსკი (დორტმუნდის ბორუსია)
მცველები: 2.ფრიც ლაბანდი (ჰამბურგი), 3.ვერნერ კოლმაიერი (კაიზერსლაუტერნი), 4.ჰანს ბაუერი (მიუნხენის ბაიერნი), 5.ჰერბერტ ერჰარდტი (ფიურტი), 7.იოსეფ პოსიპალი (ჰამბურგი), 10.ვერნერ ლიბრიხი (კაიზერსლაუტერნი)
ნახევარმცველები: 6.ჰორსტ ეკელი (კაიზერსლაუტერნი), 8.კარლ მაი (ფიურტი), 9.პაულ მებუსი (კიოლნი), 11.კარლ-ჰაინც მეცნერი (კასელის ჰესენი), 19.ალფრედ პფაფი (ფრანკფურტის აინტრახტი)
თავდამსხმელები: 12.ჰელმუტ რანი (ესენის როტ-ვაისი), 13.მაქს მორლოკი (ნიურნბერგი), 14.ბერნარდ კლოდტი (გელზენკირხენის შალკ 04), 15.ოტმარ ვალტერი (კაიზერსლაუტერნი), 16.ფრიც ვალტერი (კაიზერსლაუტერნი), 17.რიხარდ ჰერმანი (ფრანკფურტი), 18.ულრიხ ბისინგერი (აუგსბურგი), 20.ჰანს შაფერი (კიოლნი)
მთავარი მწვრთნელი: ზეპ ჰერბერგერი
ლაშა გოდუაძე (2022 წლის 19 ივლისი)
ფოტო: FIFA.com; ინტერნეტი