მსოფლიო ფაბიოსია!

გუშინ ფიფამ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა. ეროვნული ნაკრების მწვრთნელების და კაპიტნების გამოკითხვის შედეგად, 2006 წლის საუკეთესო მოთამაშის ტიტული იტალიის ნაკრების კაპიტანმა და მადრიდის რეალის მცველმა ფაბიო კანავარომ მოიპოვა!

კანავარომ 498 ქულა დააგროვა. ამ რეფერენდუმის 3გზის გამარჯვებული ზინედინ ზიდანი 454 ქულით მე2 იყო, მსოფლიოს 2004 და 2005 წლების საუკეთესო მოთამაშე რონალდინიო კი 380 ქულით III ადგილზე გავიდა.

კარგი წელიწადი იყო: იუვენტუსთან ერთად იტალიის ჩემპიონი გავხდი, ნაკრების შემადგენლობაში მსოფლიო ჩემპიონატი მოვიგე, მცირე ხნის წინ ევროპის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტული მომანიჭეს, ახლა მსოფლიოში საუკეთესოდ მაღიარეს ეს საოცრებაა, ამაზე ვერც ვიოცნებებდი! ძალიან ბედნიერი ვარ და მსურს ყველა იმ ადამიანს გადავუხადო მადლობა, ვინც ჩემი თამაში დააფასა. და კიდევ, ამ გამარჯვებას მთელ იტალიურ ფეხბურთს ვუძღვნი, რომელმაც დიდი პრობლემების გადალახვა შეძლო“! – განაცხადა მსოფლიოს წლის საუკეთესო ფეხბურთელმა.

ფიფას რეფერენდუმის ისტორიაში ფაბიო კანავარო მე2 იტალიელი გამარჯვებულია. 1993 წელს მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის ტიტული გენიალურმა რობერტო ბაჯომ მოიპოვა. ამავდროულად, კანავარო პირველი მცველია, ასეთი აღიარებას რომ შეწვდა.

საუკეთესო ქალი ფეხბურთელის ტიტული ბრაზილიელმა მარტამ მოიპოვა – მან 475 ქულა დააგროვა და ამერიკელ კრისტი ლილის (388) და გერმანელ რენატე ლინგორს აჯობა (305). საინტერესოა, რომ მარტა 2004 წლის რეფერენდუმში III ადგილზე გავიდა, შარშან კი მე2 იყო.

ფიფამ გუშინდელ გალა-წარმოდგენაზე ის მოთამაშეებიც დააჯილდოვა, რომლებმაც მსოფლიოს ჩემპიონატზე გამოიჩინეს თავი: ზინედინ ზიდანს მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშისთვის განკუთვნილი ოქროს ბურთი გადაეცა, ფაბიო კანავარო ვერცხლის, ხოლო ანდრეა პირლო ბრინჯაოს ბურთით დაჯილდოვდა.

მსოფლიოს ბოლო ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირს, გერმანიის ნაკრების თავდამსხმელ მიროსლავ კლოზეს ოქროს ბუცი გადაეცა. არგენტინელი ერნან კრესპო ვერცხლის, ხოლო რონალდო ბრინჯაოს ბუცით დაჯილდოვდნენ.

უდიდესი საფეხბურთო ტურნირის საუკეთესო მეკარისთვის განკუთვნილი ლევ იაშინის სახელობის პრიზი იტალიის ნაკრების კარის დარაჯს ჯანლუიჯი ბუფონს მიენიჭა, რომელიც დაჯილდოვების ცერემონიალს იუვენტუსში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის გამო არ დაესწრო – კლუბის ახალგაზრდული გუნდის ორი მოთამაშე ბაზის ტერიტორიაზე, ტბაში დაიხრჩო და ბუფონმაც, მათი ხსოვნის პატივსაცემად, ციურიხში ჩასვლა არ ინება.

სამართლიანი თამაშის პრიზებით ფიფასგან ესპანეთის ფეხბურთის ფედერაცია და ბრაზილიის ფეხბურთის კონფერედაცია დაჯილდოვდნენ. პრიზები, შესაბამისად, რაულმა და რონალდომ ჩაიბარეს.

ფიფას პრეზიდენტის სპეციალური ჯილდო ამჯერად დიდებული იტალიელი ფეხბურთელის ჯაჩინტო ფაკეტის ქვრივს გადაეცა – ზეპ ბლატერმა დიდი მოწიწებით ისაუბრა ლეგენდარულ მცველზე და ხაზი გაუსვა ფეხბურთის განვითარებაში მის მიერ შეტანილ წვლილს.

ფიფას მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი (სამეულები)
2006
1.ფაბიო კანავარო (რეალი, ესპანეთი; იტალია)
2.ზინედინ ზიდანი (კარიერა დაასრულა; საფრანგეთი)
3.რონალდინიო (ბარსელონა, ესპანეთი; ბრაზილია)
2005
1.რონალდინიო (ბარსელონა, ესპანეთი; ბრაზილია)
2.ფრენკ ლამპარდი (ჩელსი, ინგლისი; ინგლისი)
3.სამუელ ეტოო (ბარსელონა, ესპანეთი; კამერუნი)
2004
1.რონალდინიო (ბარსელონა, ესპანეთი; ბრაზილია)
2.ტიერი ანრი (არსენალი, ინგლისი; საფრანგეთი)
3.ანდრეი შევჩენკო (მილანი, იტალია; უკრაინა)
2003
1.ზინედინ ზიდანი (რეალი, ესპანეთი; საფრანგეთი)
2.ტიერი ანრი (არსენალი, ინგლისი; საფრანგეთი)
3.რონალდო (რეალი, ესპანეთი; ბრაზილია)
2002
1.რონალდო (რეალი, ესპანეთი; ბრაზილია)
2.ოლივერ კანი (ბაიერნი, გერმანია; გერმანია)
3.ზინედინ ზიდანი (რეალი, ესპანეთი; საფრანგეთი)
2001
1.ლუიშ ფიგუ (რეალი, ესპანეთი; პორტუგალია)
2.დევიდ ბექემი (მანჩესტერ იუნაიტედი, ინგლისი; ინგლისი)
3.რაული (რეალი, ესპანეთი; ესპანეთი)
2000
1.ზინედინ ზიდანი (რეალი, ესპანეთი; საფრანგეთი)
2.ლუიშ ფიგუ (რეალი, ესპანეთი; პორტუგალია)
3.რივალდო (ბარსელონა, ესპანეთი; ბრაზილია)
1999
1.რივალდო (ბარსელონა, ესპანეთი; ბრაზილია)
2.დევიდ ბექემი (მანჩესტერ იუნაიტედი, ინგლისი; ინგლისი)
3.გაბრიელ ბატისტუტა (ფიორენტინა, იტალია; არგენტინა)
1998
1.ზინედინ ზიდანი (იუვენტუსი, იტალია; საფრანგეთი)
2.რონალდო (ინტერი, იტალია; ბრაზილია)
3.დავორ შუკერი (რეალი, ესპანეთი; ხორვატია)
1997
1.რონალდო (ინტერი, იტალია; ბრაზილია)
2.რობერტო კარლოსი (რეალი, ესპანეთი; ბრაზილია)
3.დენის ბერხკამპი (არსენალი, ინგლისი; ჰოლანდია) და ზინედინ ზიდანი (იუვენტუსი, იტალია; საფრანგეთი)
1996
1.რონალდო (ბარსელონა, ესპანეთი; ბრაზილია)
2.ჟორჟ ვეა (მილანი, იტალია; ლიბერია)
3.ალან შირერი (ნიუკასლ იუნაიტედი, ინგლისი; ინგლისი)
1995
1.ჟორჟ ვეა (მილანი, იტალია; ლიბერია)
2.პაოლო მალდინი (მილანი, იტალია; იტალია)
3.იურგენ კლინსმანი (ბაიერნი, გერმანია; გერმანია)
1994
1.რომარიო (ბარსელონა, ესპანეთი; ბრაზილია)
2.ხრისტო სტოიჩკოვი (ბარსელონა, ესპანეთი; ბულგარეთი)
3.რობერტო ბაჯო (იუვენტუსი, იტალია; იტალია)
1993
1.რობერტო ბაჯო (იუვენტუსი, იტალია; იტალია)
2.რომარიო (ბარსელონა, ესპანეთი; ბრაზილია)
3.დენის ბერხკამპი (ინტერი, იტალია; ჰოლანდია)
1992
1.მარკო ვან ბასტენი (მილანი, იტალია; ჰოლანდია)
2.ხრისტო სტოიჩკოვი (ბარსელონა, ესპანეთი; ბულგარეთი)
3.თომას ჰესლერი (იუვენტუსი, იტალია; გერმანია)
1991
1.ლოთარ მათეუსი (ინტერი, იტალია; გერმანია)
2.ჟან-პიერ პაპენი (ოლიმპიკი, საფრანგეთი; საფრანგეთი)
3.გარი ლინეკერი (ევერტონი, ინგლისი; ინგლისი)

 

ფიფას მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი ქალი (სამეულები)
2006: 1.მარტა (ბრაზილია), 2.კრისტი ლილი (აშშ), 3.რენატე ლინგორი (აშშ)
2005: 1.ბირჯიტ პრინცი (გერმანია), 2.მარტა (ბრაზილია), 3.შენონ ბოქსი (აშშ)
2004: 1.ბირჯიტ პრინცი (გერმანია), 2.მია ჰემი (აშშ), 3.მარტა (ბრაზილია)
2003: 1.ბირჯიტ პრინცი (გერმანია), 2.მია ჰემი (აშშ), 3.ჰანა ლუნგბერგი (შვედეთი)
2002: 1.მია ჰემი (აშშ), 2.ბირჯიტ პრინცი (გერმანია), 3.ვენ სუნი (ჩინეთი)
2001: 1.მია ჰემი (აშშ), 2.ვენ სუნი (ჩინეთი), 3.ტიფანი მილბრეტი (აშშ)

ლაშა გოდუაძე (www.gff.ge; 2006 წლის 19 დეკემბერი)

ka_GEGeorgian