მსოფლიოს თასის ისტორიები: საფრანგეთი და კიმბერლი

მსოფლიო ჩემპიონატები უამრავ ძალიან საინტერესო ისტორიას იტევს და ეს, რომელსაც ქვემოთ წაიკითხავთ, ერთ-ერთია მათ შორის. დღეს ასეთი რამ უბრალოდ გამორიცხულია, იმიტომ რომ გუნდების წარმომადგენლები ყველა დეტალს კარგა ხნით ადრე ათანხმებენ, ათწლეულების წინ კი, მაგალითად 1978 წელს, ასე არ იყო.

არგენტინა 1978-ის პირველი ეტაპის პირველი ჯგუფის უკანასკნელ ტურში, მინდორზე გასვლამდე უნგრეთის და საფრანგეთის ნაკრები გუნდების წევრებმა აღმოაჩინეს, რომ მარ დელ პლატას სტადიონზე მხოლოდ თეთრი მაისურებით მისულან.

ერთნაირი ფორმით თამაში გამორიცხული იყო, შეცვლა კი ფრანგებს დაეკისრათ. და რადგან გუნდის მენეჯერი სასტუმროში დაბრუნებას და განსხვავებული კომპლექტის აღებას ვერ ასწრებდა, მან მარ დელ პლატელებს სთხოვა დახმარება. ქალაქის ერთ-ერთი კლუბი, კიმბერლი, თეთრ-მწვანე მაისურებს იქვე, სტადიონზე ინახავდა და საფრანგეთის ნაკრების მენეჯერმაც ის ფორმა მიუტანა ფეხბურთელებს. ფრანგებმაც, ისტორიაში პირველად და უკანასკნელად, ასეთი მაისურებით ითამაშეს.

არანაკლებ საინტერესო ისაა, რომ ასეთი რამ მსოფლიო ჩემპიონატებზე პირველად არ მოხდა. ოცი წლით ადრე, 1958 წელს შვედეთში, არგენტინის ნაკრებს გერმანიასთან მატჩის წინ სტადიონზე ფორმის მიტანა დაავიწყდა. ის თამაში მალმიოში იყო დანიშნული და არგენტინელებიც, ასევე პირველად და უკანასკნელად, მოედანზე ყვითელი მაისურებით გავიდნენ, ფორმა მალმიოს კლუბისგან ითხოვეს.

არგენტინელები გერმანელებთან 1:3 დამარცხდნენ, მარ დელ პლატას კიმბერლის მაისურებით მოთამაშე ფრანგებმა კი 3:1 სძლიეს უნგრელებს. ეს ფოტო ფრანგულ Onze-ში ვიპოვე გუშინ, ჩემპიონთა ლიგის მატჩების დაწყებამდე, აი ყვითელი მაისურებით მოთამაშე არგენტინელების ფოტოებს კი მეეჭვება სადმე მივაგნო. ნეტში ხელოვნურად გაფერადებული ფოტოები ბევრია, მაგრამ ისინი არ გამომადგება.

P.S. რამდენადმე განსხვავებულია ემთხვევა, რომელიც შვედეთი 1958-ის ფინალს წინ უძღოდა. მასპინძლებს და ბრაზილიელებს მხოლოდ ძირითადი, ყვითელი მაისურებით თამაში სურდათ. ფიფამ მონეტის აგდებით გადაწყვიტა იმ გუნდის გამოვლენა, რომელსაც ფორმის შეცვლა დაეკისრებოდა, თუმცა ბრაზილიელებმა წილისყრა იუარეს. ახალი მაისურის მოძიება სელესაოს დაევალა, მენეჯერმა კი ფეხბურთელებს თეთრი ფორმით თამაში შესთავაზა. იდეა არავინ მოიწონა, რადგან ბრაზილიელებს კარგად ახსოვდათ მარაკანაზო, ბრაზილია 1950-ის გადამწყვეტი მატჩი ურუგვაისთან, სადაც გუნდმა თეთრი მაისურებით ითამაშა და დამარცხდა. საბოლოოდ ყველაფერი ასე დასრულდა: ბრაზილიელებმა სტოკჰოლმის ერთ-ერთ მაღაზიაში ოცდაორი ლურჯი მაისური შეიძინეს, ქვეყნის ფეხბურთის კონფედერაციის ლოგოები მიაკერეს და ფეხბურთელებიც ამის შემდეგ გავიდნენ მინდორზე…

ლაშა გოდუაძე
2025 წლის 26 ნოემბერი
ფოტო: ჟურნალი Onze (საფრანგეთი)

ka_GEGeorgian