მსოფლიო თასის საინტერესო ამბები: პირველი თამაში ჭერქვეშ

1994 წლის 18 ივნისი, მიჩიგანის შტატის ქალაქი პონტიაკი, სტადიონი სილვერდოუმი: მსოფლიოს XV ჩემპიონატის მასპინძელი ამერიკის შეერთებული შტატები ასპარეზობას შვეიცარიასთან 1:1-ით იწყებს. ჟორჟ ბრეგის გოლს პირველი ტაიმის უკანასკნელ წუთზე ერიკ ვინალდამ უპასუხა.

ბორა მილუტინოვიჩის გაწვრთნილმა ამერიკის ნაკრებმა პირველი ქულა მოიპოვა მუნდიალზე 1950 წლის 29 ივნისის შემდეგ. ხოლო რა მოხდა იმ დღეს, ფეხბურთის გულშემატკივრებმა კარგად იციან: ამერიკელებმა ბრაზილიაში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ინგლისელები დაამარცხეს – 1:0…

მაგრამ პონტიაკში გამართული თამაში მეორე და უფრო მნიშვნელოვანი ფაქტის გამოა საინტერესო: ეს იყო პირველი მატჩი ტურნირის ისტორიაში, რომელიც ჭერქვეშ, გადახურულ სტადიონზე გაიმართა. აშშ 1994-ის ეგიდით კი იქ კიდევ სამი შეხვედრა შედგა – შვეიცარია-რუმინეთი (4:1), შვედეთი-რუსეთი (3:1) და ბრაზილია-შვედეთი (1:1).

1975 წელს გახსნილ მულტიფუნქციურ არენაზე წლების განმავლობაში თამაშობდა ამერიკული ფეხბურთის კლუბი დეტროიტ ლაიონსი, 1978-1988 წლებში იქვე ასპარეზობდა საკალათბურთო დეტროიტ პისტონსი, ხოლო 1987 წელს სილვერდოუმზე რომის პაპმაც ილოცა, იოანე პავლე II-ის მესას არნახულად ბევრი, 93 682 ადამიანი დაესწრო.

ამ ამბიდან ოცდაათი წლის თავზე არენა დაანგრიეს. ბოლო წლებში სილვერდოუმს, რომლის ჭერიც გვარიანად დაზიანებული იყო, დაზიანებული ავტომობილების სადგომად იყენებდნენ…

ლაშა გოდუაძე
2026 წლის 24 მაისი
ფოტო: Guerin Sportivo (იტალია)

ka_GEGeorgian