მსოფლიო თასის საინტერესო ამბები: კოლუმბიის უარი

1974 წლის 9 ივნისს, შვედეთის დედაქალაქ სტოკჰოლმში, ფიფას აღმასრულებელმა კომიტეტმა მსოფლიოს 1986 წლის ჩემპიონატის მასპინძლად კოლუმბია დაასახელა, რომელიც ერთადერთი კანდიდატი იყო. მიუხედავად იმისა, რომ კოლუმბიის ფეხბურთის ფედერაციამ დროულად დაიწყო შეჯიბრებისთვის მზადება, რამდენიმე წელიწადში მთავრობამ ტურნირის მასპინძლობა იუარა.

„ხელისუფლებას მხოლოდ კარგი სურს კოლუმბიელი ხალხისთვის, სწორედ ამიტომ მივიღეთ მძიმე, მაგრამ სამართლიანი გადაწყვეტილება. ჩვენ შევისწავლეთ საკითხი და დავასკვენით, რომ ამ ეტაპზე ასეთი დიდი პროექტის მასპინძლობა ყველა თვალსაზრისით გაუმართლებელია. მთავარი, რის გამოც უარს ვამბობთ მასპინძლობაზე, ის ოქროს წესია, რომლის მიხედვით მსოფლიო თასი უნდა დაეხმაროს ქვეყანას წინსვლასა და განვითარებაში და არა პირიქით“, – განაცხადა კოლუმბიის პრეზიდენტმა ბელისარიო ბეტანკურმა 1982 წლის 25 ოქტომბერს.

სენიორ ბეტანკურის და მისი მთავრობის ამ ნაბიჯმა ძალიან გააბრაზა კოლუმბიის ფეხბურთის ფედერაციის თავკაცი ალფონსო კუევედო: „ჩემი ქვეყანა იმ უხასიათო ჯუჯას მაგონებს, რომელსაც დიდი ღონისძიებები არ მოსწონს და საყოველთაო ზეიმში მონაწილეობას უარობს. მე სიკეთე მსურდა კოლუმბიისთვის, მაგრამ ხელისუფლებამ მხარი არ დამიჭირა“.

1982 წლის 5 ნოემბერს ფიფამ დაადასტურა, რომ მსოფლიო ჩემპიონატი კოლუმბიაში აღარ ჩატარდებოდა. მცირე ხანში მასპინძლობის მსურველთა ხელახალი რეგისტრაცია დაიწყო, რომელშიც სამი ქვეყნის ფეხბურთის ფედერაცია ჩაერთო: მექსიკა, კანადა და ამერიკის შეერთებული შტატები.

ფიფას სპეციალურმა კომისიამ სამივე ქვეყანა მოიარა, 1983 წლის 11 მარტს კი საბოლოო დასკვნა წარადგინა მსოფლიო ფეხბურთის მმართველ სახლში. იქიდან გამომდინარე, რომ სამეულიდან მხოლოდ მექსიკა აკმაყოფილებდა ფიფას მოთხოვნებს, XIII მუნდიალი ამ ქვეყანას ერგო. ფიფას აღმასრულებელი კომიტეტის ის სხდომაც სტოკჰოლმში გაიმართა, 1983 წლის 20 მაისს.

მექსიკა პირველი ქვეყანა გახდა, რომელსაც მეორედ ერგო ფიფას ოქროს თასის გათამაშება. არანაკლებ საინტერესო კი ისაა, რომ მსოფლიო ჩემპიონატის გამართვა ზედიზედ მესამედ გადაწყდა იმ ქვეყანაში, რომლის სახელმწიფო ენა ესპანური იყო, არგენტინის (1978) და ესპანეთის (1982) შემდეგ.

კოლუმბიამ კი დიდ სანაკრებო შეჯიბრებას პირველად მხოლოდ 2001 წელს უმასპინძლა. ის კოპა ამერიკა ერთ-ერთი ყველაზე უცნაურია ისტორიაში, თუმცა რატომ, ამაზე სხვა დროს იყოს…

ლაშა გოდუაძე
2026 წლის 14 აპრილი
ფოტო:
Guerin Sportivo (1982 წელი, #30)

ka_GEGeorgian