მსოფლიო თასის საინტერესო ამბები: სკუადრა აძურა და იუვენტუსი

1978 წლის 2 ივნისს, მსოფლიო ჩემპიონატის სასტარტო შეხვედრაში, იტალიამ 2:1 დაამარცხა საფრანგეთი. სკუადრა აძურას ძირითად შემადგენლობაში ტურინის იუვენტუსის 8 წევრმა ითამაშა და ასეთი რამ ისტორიაში პირველად მოხდა.

მეკარე დინო ძოფი გუნდის კაპიტანი გახლდათ, დაცვაში ანტონიო კაბრინიმ, კლაუდიო ჯენტილემ და გაეტანო შირეამ ითამაშეს, ნახევარდაცვაში რომეო ბენეტიმ, ფრანკო კაუზიომ და მარკო ტარდელიმ, ერთ-ერთი თავდამსხმელი კი რობერტო ბეტეგა იყო. ჯგუფის მომდევნო ორ შეხვედრაშიც 8 ტურინელმა ითამაშა და იტალიამ 3:1 დაამარცხა უნგრეთი, ბოლო ტურში კი მასპინძელ არგენტინასაც აჯობა – 1:0.

მეორე ჯგუფურ ეტაპზე, ნიდერლანდებთან 1:2 წაგებულ შეხვედრაში რეკორდი გაუმჯობესდა, იტალიის ნაკრების ძირითადში 9 იუვენტუსელი მოხვდა! ძოფის, კაბრინის, ჯენტილეს, შირეას, ბენეტის, ტარდელის, კაუზიოს და ბეტეგას მხარდამხარ მცველი ანტონელო კუკურედუ გამოჩნდა.

იტალია 1978-ის რეკორდი 1986 წელს, მექსიკის მსოფლიო ჩემპიონატის 1/8-ფინალში გაიმეორა ვალერი ლობანოვსკის გაწვრთნილმა საბჭოთა კავშირის ნაკრებმა: ბელგიასთან 3:4 წაგებული შეხვედრა კიევის დინამოს 9 ფეხბურთელმა დაიწყო: კაპიტანმა ანატოლი დემიანენკომ, ვლადიმირ ბესსონოვმა, ოლეგ კუზნეცოვმა, ვასილი რაცმა, ანდრეი ბალმა, ივან იარემჩუკმა, პაველ იაკოვენკომ, ალექსანდრ ზავაროვმა და იგორ ბელანოვმა.

მხოლოდ მეკარე რინატ დასაევი და ნახევარმცველი სერგეი ალეინიკოვი არ იყვნენ კიევიდან. პირველი მოსკოვის სპარტაკის წევრი გახლდათ, მეორე კი მინსკის დინამოელი გახლდათ.

ლაშა გოდუაძე
2026 წლის 31 მარტი
ფოტო:
Kicker

ka_GEGeorgian