მიუნხენშიც: ფორცა იტალია!

ჩემი საყვარელი იტალია დღეს საღამოს ნახევარფინალისთვის ითამაშებს. მეტოქე ძველი ნაცნობი ბელგიაა, ევრო 2020ის ერთ-ერთი ფავორიტი.
2016 წლის 13 ივნისის შემდეგ ისინი პირველად ხვდებიან ერთმანეთს. ხუთი წლის წინ მათ ასევე ევროჩემპიონატზე ითამაშეს, ოღონდ ჯგუფში.
ის მატჩი ლიონში გაიმართა, მე კი იმ დღეებში ბარსელონაში ვიყავი და თამაშს ქალაქის ცენტრში, ერთ გემრიელ პაბში ვუყურე ცოტა ირლანდიელის, კიდევ უფრო ცოტა შვედის, ბევრი იტალიელის და ხუთი ქართველის გარემოცვაში.

მშვენიერი დღე იყო 2016 წლის 13 ივნისი და მხოლოდ იმიტომ არა, რომ იტალიის მოგებით დაგვირგვინდა.

იმ დღეს მე და ჩემმა მეგობრებმა ჯერ საგრადა ფამილია დავათვალიერეთ, ბარსელონის მშვენება და ალბათ, მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე საოცარი და გრანდიოზული ტაძარი, გენიალური ანტონი გაუდის შედევრი.

ზღაპარი რომ დასრულდა, ქუჩის გადაღმა, ერთ აზიურ რესტორანში შევედით და დღის პირველი მატჩი – ესპანეთი-ჩეხეთი, კატალონიელ ქომაგებთან ერთად ვნახეთ. მოსაწყენი თამაში გამოდგა, ესპანეთმა ჟერარ პიკეს გვიანი გოლით მოიგო და იქ მყოფებმაც, მგონი, მხოლოდ იმიტომ გაიხარეს რომ გოლი ბარსელონელმა შეაგდო.

თამაშის დასრულებისთანავე ქალაქის გულისკენ გავწიეთ – მეფის მოედნამდე გავისეირნეთ. დღის მეორე თამაში – ირლანდია-შვედეთი, ახალი დაწყებული იყო ერთ ირლანდიურ პაბში რომ შევედით. თუმცა კი არ შევედით, შევეკვეხეთ – თავისუფალი სკამი კი არა, ფეხზე დასადგომი ადგილიც არ იყო და მიუხედავად იმისა, რომ თეთრ, მწვანე, ყვითელ და ლურჯ მაისურებში გამოწყობილი ირლანდიელი და შვედი გულშემატკივრები წარმოუდგენელი რაოდენობის ლუდს სვამდნენ, მათ გარემოცვაში ფეხბურთის ყურება ერთი სიამოვნება იყო!

თამაშის დასრულებიდან მცირე ხანში პაბი სანახევროდ დაიცალა, შეზარხოშებული გულშემატკივრები ლამპიონებით განათებულ და ტურისტებით გადავსებულ რამბლას შეუყვნენ, ჩვენ კი დრო ვიხელთეთ და იტალია-ბელგიის დაწყებას უკვე ბართან შევხვდით, ლუდით, სასუსნავებით და გემრიელი განწყობით…

იმ ევროს წინ ბელგია ფავორიტად ითვლებოდა, ანტონიო კონტეს იტალიას კი ფრთხილად აფასებდნენ. მაგრამ იმ დღეს ჩემმა ბიჭებმა გაიმარჯვეს: ლეონარდო ბონუჩის დახატული პასით ჯერ ემანუელე ჯაკერინიმ გაიტანა, უკანასკნელ წამებზე კი ანტონიო კანდრევამ დაუკიდა ბურთი გრაციანო პელეს და მანაც კინაღამ გაგლიჯა ტიბო კურტუას კარის ბადე!

პელეს გოლი და იტალიელი ტიფოზების ქუჩაში გავარდნა ერთი იყო, ყვირილით აიკლეს იქაურობა! მე პაბის შესასვლელთან დავდექი და სანახაობით ვტკბებოდი…

ფეხბურთს უხდება ასეთი უწყინარი სიგიჟეები.

დღეს საღამოს იტალია და ბელგია კვლავ დადგებიან ერთმანეთის პირისპირ. ფეხბურთის ყურება ყველაზე ძალიან მეგობრებთან ერთად მიყვარს, მაგრამ რადგანაც ამ საღამოს, მიუნხენის ალიანც არენაზე ფსონი ძალიან დიდია, ამიტომ მატჩს მხოლოდ ჩემნაირ, იტალიაზე გადარეული ძმაბიჭების გარემოცვაში ჩავუჯდები.

ცოტა ლუდსაც გეახლებით და მჯერა, რომ თითოეული ჩვენგანი თამაშის დასრულებისთანავე ისევე გავიხარებთ, როგორც 2016 წლის 13 ივნისს ესპანური ლუდით მთვრალმა იტალიელებმა გაილაღეს ბარსელონაში.

ფორცა იტალია!

ლაშა გოდუაძე (2021 წლის 2 ივლისი)
ფოტო:
UEFA.com

ka_GEGeorgian