ნადალი თასით გააცილეს

ვაჟ ჩოგბურთელთა წლის შემაჯამებელ ტურნირზე გუშინ ჯგუფური ეტაპი დასრულდა და ნახევარფინალური წყვილებიც დადგინდა: დღეს საღამოს ჯერ როჯერ ფედერერი დაუპირისპირდება სტეფანოს ციციპასს, მოგვიანებით კი დომინიკ ტიმი და ალექსანდრ ზვერევი ითამაშებენ.

გუშინდელი პაექრობის წინ ორი რამ იყო ნათელი: ის, რომ რაფაელ ნადალი 2019 წელს რეიტინგს პირველ საფეხურზე ასრულებდა; მის მეტოქეს, სტეფანოს ციციპასს კი ნახევარფინალში თამაში დაბევებული ჰქონდა.

ნადალმა კარიერაში მეხუთედ დაასრულა სეზონი რეიტინგის პირველ საფეხურზე და ამ მაჩვენებლით როჯერ ფედერერს და ნოვაკ ჯოკოვიჩს გაუთანაბრდა. ეს გუშინ კი არა, გუშინწინ გაირკვა – ესპანელს ძალიან წაადგა ფედერერის გამარჯვება ჯოკოვიჩთან, რის შემდეგაც სერბმა პირველობის შანსი საბოლოოდ დაკარგა.

ციციპასთან პაექრობის წინ თიხნარის მეფემ იცოდა, რომ ნახევარფინალში გასასვლელად მხოლოდ გამარჯვება არ იყო საკმარისი. ზვერევი-მედვედევის მატჩიც მის სასარგებლოდ უნდა დასრულებულიყო – რუსის მოგებისა ეიმედებოდა. სტეფანოს ციციპასმა პირველი სეტი კი მოუგო რაფას – 7:6, მაგრამ მაიორკელმა, როგორც არაერთხელ, შესაშური ბრძოლისუნარიანობა გამოავლინა და 6:4, 7:5 სძლია მეტოქეს. მაგრამ მოგვიანებით, პირველ ტურში ნადალის გამანადგურებელმა ზვერევმა 6:4, 7:6 დაამარცხა დანიილ მედვედევი და ესპანელი ჯგუფში ჩატოვა.

33 წლის ესპანელს კარიერაში 84 ტიტული აქვს მოგებული, მათ შორის 19 სლემი, მაგრამ ATP-ის ფინალი – არასდროს. უცნაურია, მაგრამ ფაქტია: მისი მაქსიმუმი 2 წაგებული ფინალია.

„ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, თუ სეზონს პირველ ნომრად დავასრულებდი. რა თქმა უნდა ლონდონში მოგებაც მინდოდა, მაგრამ ახლა ჩემთვის ეს თასიც საკმარისია“, – განაცხადა რაფაელ ნადალმა, მას შემდეგ რაც ATP-იმ რეიტინგის ლიდერის მოვერცხლილი ჯილდო გადასცა.

შეგახსენებთ, რომ ნახევარფინალისტებიდან ATP-ის თასი 6-ჯერ მოიგო როჯერ ფედერერმა (ტურნირის რეკორდია), ალექსანდრ ზვერევმა კი შარშან გაიხარა, როცა ნოვაკ ჯოკოვიჩს სძლია.

ლაშა გოდუაძე (www.adjarasport.com; 2019 წლის 16 ნოემბერი)

ka_GEGeorgian