ნაკრების ისტორიიდან – ამბავი ბათუმში პალმეირასის სტუმრობისა
1994 წლის 21 ივნისს საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ბათუმში ბრაზილიის ჩემპიონს, პალმეირასს უმასპინძლა და 0:1 დამარცხდა. ეს იყო ჩვენი გუნდის პირველი საშინაო თამაში 1992 წლის შემდეგ.
მიუხედავად იმისა, რომ არაოფიციალური შეხვედრა იყო, მეტოქე გახლდათ ანგარიშგასაწევი და გულახდილად რომ ვთქვა, ბევრ ნაკრებზეც ძლიერი. სწორედ ამიტომ ვწერ ამ საწვრთნელ შეხვედრაზე.
„ამხანაგურ მატჩებს ჩვენთვის არახელსაყრელ პირობებში ვატარებთ, რადგან საქმე ასარჩევად არ გვაქვს – ბიჭებს ვკრიბავთ, მოგვყავს და ვათამაშებთ. ამ კუთხით რომ შევხედოთ, ყველა შეხვედრას ჩვენთვის სარგებლობა მოაქვს. სექტემბრამდე კიდევ რამდენიმე ამხანაგურს ჩავატარებთ და საბოლოოდ ჩამოყალიბდება ნაკრების ძირითადი შემადგენლობა და ტაქტიკური მონახაზი“ – ეს სიტყვები საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ნოდარ ახალკაცმა გაზეთ სარბიელის ჟურნალისტს მამუკა კვარაცხელიას თამაშის შემდეგ განუცხადა. კვარაცხელია ერთ-ერთი იყო იმ რამდენიმე კორესპონდენტს შორის, რომელმაც მატჩზე დასწრება მოახერხა.
პალმეირასის სტუმრობა უცბად დაიგეგმა. თამაში რომ შედგა, ეს აჭარის მაშინდელი პირველი პირის, ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის ასლან აბაშიძის დამსახურებაა. სწორედ მისი პირადი კავშირებით და კეთილი ნებით ესტუმრა ბათუმს იმ წლების ბრაზილიის საუკეთესო კლუბი, რომელიც რუსეთში კომერციულ ტურნეს ატარებდა.
საქართველოში ჩამოსვლამდე პალმეირასმა ოთხჯერ ითამაშა: მოსკოვში დინამოს 2:1, სპარტაკს კი 2:0 აჯობა, ამის შემდეგ სამხრეთამერიკელებმა ტექსტილშიკში ითამაშეს ამავე სახელწოდების კლუბთან – 3:0, 19 ივნისს, საქართველოში გამგზავრების წინ კი ტოლიატში ლადა დაამარცხეს – 2:0.
90-იან წლებში საქართველოში მძიმე პოლიტიკური და ეკონომიკური სიტუაცია რომ იყო, ამის შესახებ ეროვნული გუნდის მატჩებისადმი მიძღვნილ წერილებში არაერთხელ დავწერე და ამ ფაქტს გვერდს ვერც ახლა ავუვლი.
ამჯერად მიზეზი ღიმილისმომგვრელია. 20 ივნისს, ალექსანდრე ჩივაძის გუნდთან თამაშის წინა დღეს, პალმეირასი შეხვედრის ჩაშლით დაიმუქრა, რადგან ბათუმის ის სასტუმრო, სადაც ისინი გაჩერდნენ, ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. არადა იმ დღეს ბრაზილიის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის პირველ შეხვედრას ატარებდა – სტენფორდში, რუსეთთან. საბედნიეროდ, სტუმრების მოთხოვნა დაკმაყოფილდა: პალმეირასმა სელესაოს გამარჯვება იხილა (რომარიოს და რაის გოლებით), მეორე დღეს კი გუნდმა ბათუმის სტადიონზეც შეაბიჯა.
და რადგან ბრაზილია ვახსენე, რომელმაც საბოლოოდ მოიგო კიდეც ის მსოფლიო, აქვე დავწერ, რომ ფიფას ოქროს თასის გამარჯვებულთა შორის ორი პალმეირასელიც იყო – ნახევარმცველები ზინიო და მაზინიო.
კარლოს ალბერტო პარეირამ ამერიკაში, უდიდეს საფეხბურთო ტურნირზე მხოლოდ ეს ორი იახლა, თუმცა პალმეირასში კიდევ არაერთი მშვენიერი ფეხბურთელი ირიცხებოდა. მაგალითად მეკარო მარკოსი (მსოფლიოს ჩემპიონი 2002 წელს); ცენტრალური მცველი სეზარ სამპაიო (მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი 1998 წელს); ნახევარმცველი ფლავიო კონსეისაუ (ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული რეალის შემადგენლობაში); ლეგენდარული რივალდო, რომელიც იმ ნაკრების ლიდერად ითვლებოდა, მაგრამ მწვრთნელთა გადაწყვეტილებით სულ ბოლო მომენტში ამოვარდა შემადგენლობიდან; და რა თქმა უნდა 21 წლის რობერტო კარლოსი, ვინც ბათუმში თამაშიდან ერთი წლის შემდეგ შეუერთდა მილანის ინტერს, კარიერა კი ყველა დროის ერთ-ერთ უდიდეს მცველად დაასრულა.
ამიტომაც დავწერე ზემოთ, რომ ეს პალმეირასი ბევრ ნაკრებს სჯობდა. და რა მდგომარეობა იყო ამ დროს ჩვენს გუნდში? ალექსანდრე ჩივაძეს შოთა არველაძე დაუბრუნდა, თუმცა იყო დანაკლისიც – გიორგი ქინქლაძე თამაშის წინა დღით მოიწამლა და მოედანზე გასვლა ვერ შეძლო.
ქინქლაძის არყოფნაში ნაკრების ლიდერად გიორგი ნემსაძე მოგვევლინა და იმდენად კარგად ითამაშა, რომ სარბიელის ჟურნალისტის შეკითხვაზე, პალმეირასში რომელიმე ქართველს თუ აიყვანდითო, სტუმართა თავკაცმა ვალმირ კრუზმა თქვა: „მეშვიდე ნომერს (გიორგი ნემსაძე), ის კარგად ფლობს ბურთს და მშვენივრად ხედავს მინდორს“.
რაც შეეხება უშუალოდ თამაშს: საქართველოს ნაკრებმა შეტევებით დაიწყო და მე-15 წუთზე გოლის გატანის შანსიც მიიღო – კახი კაჭარავასთან უხეშობის გამო სტუმართა კარში პენალტი დაინიშნა. რევაზ არველაძემ, ვინც საწყის წუთებში საუკეთესო გახლათ, ფერნანდესს ვერ აჯობა – მეკარემ დარტყმის მიმართულება გამოიცნო. მასპინძლები ამის შემდეგაც აქტიურობდნენ, დაცვაში ჩინებული იყო ცხადაძე, გოლის გატანის კარგი მომენტი ჰქონდა შოთა არველაძეს, მაგრამ ნელ-ნელა პალმეირასმა თამაში გაათანაბრა, შესვენების შემდეგ კი უპირატესობასაც დაეუფლა.
ერთადერთი გოლი 61-ე წუთზე გავიდა: 29 წლის ცენტრალურმა თავდამსხმელმა ევაირმა ახლო მანძილიდან გაიტანა – 0:1. თამაში ასეც დასრულდა.
„ნაკრები ჩამოყალიბების პროცესშია და ჯერ ერთი და იმავე შემადგენლობით არ გვითამაშია. რაც შევძელით, ამ ორ-სამ დღეში მომზადება, იმის ფონზე ბიჭებმა კიდევ კარგად ითამაშეს…
ძალიან მოვიკოჭლებთ პროფესიონალიზმში, თუმცა ეს ყველას არ ეხება. პროფესიონალმა ფეხბურთელმა საკუთარ თავს თავად უნდა მიხედოს, რათა არც ზედმეტი წონა ჰქონდეს და თამაშსაც მომზადებული შეხვდეს…
წინა მატჩებთან შედარებით ის დადებითი მომენტი გამოიკვეთა, რომ გუნდმა ფიზიკურად მოუმატა – ნიგერიასთან ხომ ფაქტიურად არ უმოძრავიათ…
ნელ-ნელა იგრძნობა, რომ გუნდი ბრძოლისუნარიანი ხდება და წინა მატჩებში დაშვებულ შეცდომებს აღარ იმეორებს…
მომავალში აქცენტს კვლავინდებურად ლეგიონერებზე გავაკეთებ, რადგან ამ ბიჭებს საერთაშორისო გამოცდილება აქვთ შეძენილი…“ – ასეთი იყო ალექსანდრე ჩივაძის კომენტარი.
ეს იყო პალმეირასის მეორე სტუმრობა. 1970 წელს კლუბი პირველად ჩამოვიდა საქართველოში და რამდენჯერმე ითამაშა, მათ შორის 24 მაისს თბილისში, ლოკომოტივის სტადიონზე დინამოსთან. ბრაზილიელებმა ის თამაში 4:2 მოიგეს…
ბათუმში გამარჯვებიდან რამდენიმე საათში პალმეირასი რუსეთში დაბრუნდა – ნოვოსიბირსკში მორიგ მეტოქეს აჯობა, რამდენიმე დღეში კი იაპონიას მიაშურა და ჯეი ლიგის კლუბებს საფეხბურთო გაკვეთილები ჩაუტარა: ჯუბილო ივატა – 5:0 (იამაჰაში), კაშიმა ანტლერსი – 1:1 (კობეში), იოკოჰამა ფლუგელსი – 4:0 (იოკოჰამაში) და ნაგოია გრამპუსი – 4:0 (ნაგოიაში).
რაც შეეხება ჩვენ გუნდს, საქართველო რიგას ესტუმრა და მასპინძლებს 3:1 მოუგო. ამ მატჩზე მომდევნო წერილში.
24 ივნისი, 1994. არაოფიციალური ამხანაგური. ბათუმი. 12 000
საქართველო 0:1 პალმეირასი (სან პაულუ, ბრაზილია)
გოლი: 0:1 ევაირი (61)
მე-15 წუთზე რევაზ არველაძემ ვერ გაიტანა პენალტი (მეკარე)
საქართველო: ირაკლი ზოიძე, ბესიკ ბერაძე, კახი ცხადაძე (კაპ), მურთაზ შელია, გია ჯიშკარიანი (გოჩა ტყებუჩავა 46), რევაზ არველაძე, გიორგი ნემსაძე, გოჩა ჯამარაული (თემურ ტუღუში 46), კახი კაჭარავა, გელა ინალიშვილი, შოთა არველაძე
მწვრთნელი: ალექსანდრე ჩივაძე
პალმეირასი: ფერნანდესი, კლაუდიუ, ანტონიო კარლოსი, კლებერი, სეზარ სამპაიუ, რობერტო კარლოსი, სილვა მურილიუ, ამარალი, ევაირი, ედინსონი, ჟოან კარლუში
მწვრთნელი: ვალმირ კრუზი
გაფრთხილება: კახი ცხადაძე, ანტონიო კარლოსი, სეზარ სამაპიუ
მსაჯები: მალხაზ კობიაშვილი (დუშეთი); თამაზ ლაცაბიძე (სურამი), თემურ მაჭარაძე (ხონი)
ლაშა გოდუაძე (2022 წლის 21 ივნისი)
ფოტო: გაზეთი ქართული ფეხბურთი; ინტერნეტი