ნაკრების ისტორიიდან – მატჩები #30 და #31: ორი მარცხი ლიბანში

ინგლისის ნაკრებთან წაგების შემდეგ ჩემი და ჩემი მეგობრების ცხოვრება ჩვეულებრივად გაგრძელდა: დილით უნივერსიტეტი, საღამოს კი ერთად შეკრება და კომპიუტერის ან ბანქოს თამაში.
ერთ-ერთი ასეთი შეხვედრის დროს ძმაკაცმა მკითხა, სარბიელი ჟურნალისტს ეძებს, განცხადება თუ ნახეო? საყვარელ გაზეთს თავიდან ბოლომდე ვკითხულობდი, მაგრამ ის პატარა ცნობა რატომღაც გამომრჩა. შინ მისულმა მითითებულ ნომერზე დავრეკე. გაზეთის თანამშრომელმა რედაქციაში დამიბარა, იქ კი ილია ბაბუნაშვილი შემხვდა, გამესაუბრა და შემდეგ გამომცემელთან, ზურაბ ფოცხვერიასთან შემიყვანა.

იქაც რამდენიმე წუთი ვისაუბრეთ, შემდეგ კი უეფას ოფიციალური გამოცემა მომცეს, აქ ანდორის ფეხბურთის ფედერაციაზეა წერილი (ანდორა ფიფას და უეფას სწორედ 1996 წელს შეუერთდა), თარგმნეთ, მოგვიტანეთ, გადავხედავთ და შეგეხმიანებითო.

ის წერილი იმავე დღეს მოვამზადე, შემდეგ კიდევ რამდენჯერმე გადავიკითხე და მეორე თუ მესამე დღეს ისევ მივადექი სარბიელის რედაქციას, ალექსანდრე ყაზბეგის გამზირზე. წერილი დაიტოვეს, რამდენიმე დღეში კი დამირეკეს და მისვლა მთხოვეს. იქ კვლავ გამომცემელთან მიხმეს და მითხრეს, თარგმანი მოგვეწონა, თანამშრომლობა გადავწყვიტეთ, წერილს უახლოეს ნომერში გამოვაქვეყნებთ, ერთი სიტყვით, კეთილი იყოს შენი მობრძანებაო!

სიხარულით ლამის ფრენა დავიწყე: ჩემს საყვარელ გამოცემაში მოვხვდი! ის საქმე უნდა მეკეთებინა, რომელიც ყველაზე ძალიან მიყვარდა, თან ფავორიტ გაზეთში და თან ხელფასსაც გადამიხდიდნენ!

რამდენიმე დღეში სოფელში წავედი, ბაბუის წლისთავზე. ქუთაისში რაღაც საქმეზე ჩასულ ბიძაჩემს სარბიელის ყიდვა ვთხოვე და როცა გადავშალე ის ნომერი, ანდორის ფეხბურთის ფედერაციის შესახებ მომზადებული ჩემი წერილი ერთ მთლიან გვერდზე დაებეჭდათ! იმ წუთში ჩემზე ბედნიერი მთელ დედამიწაზე არავინ იყო, ამაში დარწმუნებული ვიყავი!

ასე დავიწყე სარბიელში მუშაობა, უცხოური ფეხბურთის განყოფილებაში. იმ დროს გაზეთი კვირაში ორჯერ გამოიცემოდა, სამშაბათს და პარასკევს, სხვა დღეებში კი, თუ დრო მქონდა, ეროვნული ჩემპიონატის თამაშებს ვესწრებოდი, თანამშრომლებს კი ლამის ყველგან დავყვებოდი და ვცდილობდი რაც შეიძლება მეტი გამეგო და მესწავლა.

1996 წლის მიწურულს ქართული ფეხბურთის მთავარი თემა ეროვნული ნაკრები და ალექსანდრე ჩივაძის მომავალი იყო. ის მოვლენები გუშინდელი დღესავით მახსოვს და ამ წერილში სწორედ მათ გავიხსენებ.

10 ნოემბერს, თბილისში ინგლისის ნაკრებთან მარცხის შემდეგ, სარბიელის სპეციალური ნომერი დაიბეჭდა, სადაც ჟურნალისტებმა პირველად მოითხოვეს ალექსანდრე ჩივაძის გადადგომა.

მშვიდობით საშა… ნაკრების მწვრთნელი უნდა შეიცვალოს! – ეს სიტყვები ამშვენებდა სარბიელის პირველ გვერდზე დაბეჭდილი ეროვნული გუნდის თავკაცის ფოტოს.

ინგლისთან წაგება საქართველოს ნაკრების ზედიზედ მეხუთე მარცხი იყო. აქედან ბოლო სამ თამაშში ჩვენმა გუნდმა გოლიც ვერ გაიტანა. მაგრამ ამ საშინელი სტატისტიკის და უწყვეტი კრიტიკის ფონზეც კი ჩივაძეს თანამდებობა არ დაუტოვებია.

თამაშის შემდგომ პრესკონფერენციაზე მან ბევრ საკითხზე ისაუბრა და ისიც თქვა, რომ სამწვრთნელო შტაბი თავის წილ პასუხისმგებლობას არსად გაურბის, უბრალოდ ინგლისთან წაგება მხოლოდ მათი ბრალი არ არის და არაერთმა ლიდერმა უბრალოდ ჩააგდო თამაში, ფსიქოლოგიურ წნეხს ვერ გაუმკლავდა.

მომდევნო დღეებში ჩივაძეს ჟურნალისტებთან აღარ უსაუბრია. მოუცლელობის თუ სხვა მიზეზით, მან არა მხოლოდ სარბიელის თანამშრომლებთან შეხვედრა იუარა, სხვა გამოცემების კორესპონდენტებიც უარით გაისტუმრა. სარბიელმა მთავარ მწვრთნელს რედაქციაში სტუმრობაც შესთავაზა, მაგრამ არც ამ საქმიდან გამოვიდა რამე.

სამაგიეროდ, ალექსანდრე ჩივაძის ნაცვლად სხვები ალაპარაკდნენ, მათ შორის რამდენიმე ვეტერანი სპორტული ჟურნალისტი, რომლებიც აცხადებდნენ, რომ ამ კაცის მეგობრები არიან და რომ სპორტულმა პრესამ ბატონ საშას უკადრებელი აკადრა. ჟურნალისტებს დააბრალეს, რომ:

ა) უნიჭიერესი კაცი ტალახში ამოსვარეს;
ბ) ზურგში დანა ჩასცეს;
გ) მძიმე მომენტში ხელის გაწვდენის ნაცვლად წიხლებით შედგნენ მას;
დ) მოსალოდნელი წაგებისგან(?) ტრაგედია შექმნეს;
ე) ბოღმა ანთხიეს;
ვ) ლანძღეს და აგინეს…

სარბიელში, სპორტ-რეზონანსსა და 11X11-ში გამოქვეყნებული კრიტიკული წერილების ავტორებს განსაკუთრებით არ სწყალობდა ფეხბურთის ფედერაციის მაშინდელი გენერალური მდივანი დავით კვინიკაძე, რომელმაც უწყებრივ გაზეთში, ქართულ ფეხბურთთან ინტერვიუში ესეც თქვა: „ინგლისელებთან მარცხი იგივეა, ქართველ კალათბურთელებს ნბა-ის გუნდებთან რომ წაეგოთ“.

ჩვენი ფეხბურთის იმდროინდელმა მაღალჩინოსანმა კიდევ არაერთი დაუფიქრებელი სიტყვაც ისროლა, მაგალითად 22 ნოემბრის ინტერვიუში: „ბოლოს და ბოლოს, სად თამაშობენ ქართველი ლეგიონერები? ევროპის მესამე-მეოთხე ხარისხოვან გუნდებში, რომლებიც საქართველოს ჩემპიონს თბილისის დინამოს არაფრით არ აღემატებიან. იქნებ დამისახელოთ რომელიმე წასული ფეხბურთელი, რომელმაც საზღვარგარეთ კლასი აიმაღლა. მე პირიქით მიმაჩნია, იქ მათ უფრო უკლეს თამაშს“.

გაზეთი ქართული ფეხბურთი ფედერაციის მთავარ „დამრტყმელ ძალად“ იქცა და მისი ფურცლებიდან ხშირად საყვედურობდნენ ჟურნალისტებს. პირად საუბრებში კი ალექსანდრე ჩივაძის დამცველები, ჩინიანი თუ უჩინოები, არც ჭკუის დარიგებას ერიდებოდნენ:

-ვინ ხართ საერთოდ ეს ჟურნალისტები? რა გინდათ, რა გესმით?…
-რა უნდა გელაპარაკოთ? თქვენ ფეხბურთი არ გითამაშიათ…
-იტალიასთან მოგება მოინდომეს! რატომ უკვირს ამ ხალხს ინგლისთან წაგება, ვერ გამიგია…

ეს ყველაფერი გამაღიზიანებელი იყო, ქართული ფეხბურთის ერთ-ერთი ავტორი კი დაუკრეფავში გადავიდა და განსხვავებულ აზრზე მყოფი ჟურნალისტები ფედერაციის მტრებად მონათლა და „გააზნაურების მსურველი ნაბიჭვრები“ უწოდა.

სარბიელის მთავარმა რედაქტორმა ზურაბ მეძველიამ 1996 წლის 26 ნოემბრის ნომერში დაბეჭდილ წერილში – მართლაც რომელი წელია – შენიშნა:

„კრიტიკას და მწვრთნელის გადაყენების მოთხოვნას, ტრადიციულად, მანიაკალური, ავადმყოფური რეაქცია მოჰყვა. თან ვისგან? არა ჩივაძისგან, არა ფეხბურთელებისგან. ისევ და ისევ ფეხბურთის ფედერაციის თავკაცების, მათი დამქაშების და მათი „დამსახურებული“ მეგობრების მხრიდან.

მხოლოდ ერთი კაცი, ვლადიმერ პანოვი შეხვდა ღირსეულად „ატეხილ აჟიოტაჟს“ და, მართალია მის ინტერვიუში (გაზეთი 11X11; 12 ნოემბერი, 1996) გამოთქმულ ზოგიერთ მოსაზრებას არც მე ვეთანხმები, ამ სიტუაციაში მაინც მადლობას ვუხდი, რადგან იგი ერთადერთია, ვინც მართლა არ გაგვლანძღა და უბრალოდ, ჩვენი აზრის საპირისპიროდ თავისი თქვა“.

არანაკლებ საინტერესო იყო სარბიელის რედაქტორის თამაზ მიგრიაულის წერილი – მადლობა ღმერთს, რომ ცუდები ვართ – რომელიც იმავე 26 ნოემბრის ნომერში დაიბეჭდა. ავტორი აღნიშნავდა:

„სენტიმენტები აღარ არის საჭირო და სჯობს უფრო საქმიანად ვილაპარაკოთ. მოთხოვნით კი მოვითხოვეთ, მაგრამ ნაკრების მთავარი მწვრთნელის გადადგომა-არგადადგომა, რა თქმა უნდა, ერთი კაცის, და რა თქმა უნდა, ნოდარ ახალკაცის სურვილზე ჰკიდია.

რას იზამს, როგორ მოიქცევა ახალკაცი, ამის პროგნოზირება, მოგეხსენებათ, უძნელესი საქმეა. მაგრამ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ იგი არ დაუშვებს მწვრთნელის გაშვებას თუნდაც იმის გამო, რომ არ შეიქმნას პრეცედენტი – ჟურნალისტებმა ნაკრების მწვრთნელი გადააყენესო“.

ნოემბრის იმ დღეებში მხოლოდ ის ვიცოდით, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასრულებელი კომიტეტი ახალ წლამდე აუცილებლად შეიკრიბებოდა და სხვა საკითხებთან ერთად ალექსანდრე ჩივაძის ნაკრებში დარჩენა-არდარჩენის საკითხს გადაწყვეტდა.

დაახლოებით მაშინ დაგვიდასტურეს ისიც, რომ ვლადიმერ გუცაევის ახალგაზრდული ნაკრები ლიბანში ორ ამხანაგურ შეხვედრას ჩაატარებდა. თუმცა ამ მატჩებისთვის მაშინ ბევრს არ ეცალა, ნომერ პირველი საკითხი ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელის მომავალი და ფეხბურთის ფედერაციასა და სპორტის სახელმწიფო დეპარტამენტს შორის მზარდი დაძაბულობა იყო.

ვერ გეტყვით რატომ, ვისი „დამსახურებით“, მაგრამ გუცაევის ახალგაზრდული ნაკრები ლიბანში ეროვნული გუნდის სახელით გაემგზავრა, არადა მწვრთნელის რჩეულთა შორის თბილისის დინამოს, ფოთის კოლხეთი 1913-ის, ქუთაისის ტორპედოს და თელავის კახეთის 19-21 წლის ბიჭები მოხვდნენ, ასევე დონეცკის შახტარში მოთამაშე 21 წლის მიხეილ ფოცხვერია. ხოლო რატომ გაჰყვა ამ შემადგენლობას ბათუმელთა 25 წლის გოლკიპერი ნიკა ტოგონიძე და ფოთში გადასული 28 წლის გიორგი დარასელია, ჩემთვის უცნობია.

ასე იყო თუ ისე, ეროვნული ნაკრების სახელით მოთამაშე ამ უცნაურმა გუნდმა ლიბანში ორჯერ ითამაშა და ორივე შეხვედრაში დამარცხდა – ჯერ 2:4, შემდეგ კი 2:3. საინტერესოა, რომ ქართველები ორივე მატჩს იგებდნენ, მათ შორის პირველს ორი ბურთითაც, მაგრამ მოახერხეს და ორივე დაპირისპირება წააგეს.

ლიბანურ ტურნეზე ბევრი არაფერი დაიწერა. კაცმა რომ თქვას, განა რა იყო აღსანიშნავი? გულდასაწყვეტი ისაა, რომ დღეს ეს ორი, ყველაფრიდან ამოვარდნილი წაგება ეროვნული გუნდის თამაშების ოფიციალურ ჩამონათვალშია. თითქოს ნაკრებს „თავის“ მარცხები არ აკლდეს.

19 დეკემბერს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა დაინიშნა, ერთი დღით ადრე კი ალექსანდრე ჩივაძემ ეროვნული გუნდიდან წასვლაზე ოფიციალურად განაცხადა.

სფფ-ის აღმასკომმა მისი თხოვნა არ დააკმაყოფილა და მთავარ მწვრთნელს სამი კვირა მისცა მოსაფიქრებლად. შოთა იამანიძის ქუჩაზე, ფედერაციის შენობაში გამართულ სხდომაზე ჟურნალისტები არ დაუშვეს, სფფ-ის პრესცენტრის ხელმძღვანელმა ნოდარ კობერიძემ კი მედიასთან კომენტარის ნაცვლად, შეხვედრის დამთავრებისთანავე დატოვა იქაურობა და ჟურნალისტებს მანქანიდან მიაძახა, რაც გაინტერესებთ, ქართულ ფეხბურთში წაიკითხეთო.

1997 წლის 14 იანვარს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ნოდარ ახალკაცი და გენერალური მდივანი დავით კვინიკაძე სპორტის სახელმწიფო დეპარტამენტში დაახლოებით ორი საათის განმავლობაში ესაუბრნენ თავმჯდომარეს, კახი ასათიანს და მის მოადგილეს, იმავდროულად ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტს ჯანო ბაგრატიონს.

ფედერაციამ დეპარტამენტს ერთი დღით ადრე მიაწოდა 18 დეკემბერს გამართული აღმასრულებელი კომიტეტის სხდომის ოქმი და იმ საკითხების ჩამონათვალი, რომელზეც მაშინ იმსჯელეს.

ქართული სპორტის და ქართული ფეხბურთის ხელმძღვანელთა შეხვედრის ინიციატორი კახი ასათიანი გახლდათ. დეპარტამენტს და ფედერაციას შორის იმ დროს დაძაბული ურთიერთობა იყო და იმის თქმაც შეიძლება, რომ სფფ დეპარტამენტს არ ემორჩილებოდა, მის ხელმძღვანელებს თავის საქმიანობაში არ რევდა. შექმნილ სიტუაციაში სახელმწიფოს კანონის ძალით მოქმედება შეეძლო და ამას ითხოვდა კიდეც ვეტერანი ფეხბურთელი მანუჩარ მაჩაიძე, რომელიც იმ დროს პარლამენტის წევრი გახლდათ. თუმცა ყველამ იცოდა, რომ სახელმწიფოს მხრიდან ფედერაციის საქმიანობაში ჩარევას ფიფა-უეფას მყისიერი რეაქცია მოჰყვებოდა და პრობლემა კი არ გადაიჭრებოდა, პირიქით, დამძიმდებოდა. დაახლოებით იმავე პერიოდში მსგავსი სცენარი გათამაშდა აზერბაიჯანსა და ალბანეთში და უეფა ორივე ქვეყნის ნაკრების საერთაშორისო სარბიელიდან მოკვეთით დაიმუქრა…

სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებმა შევიტყვეთ, რომ მხარეები თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ: სპორტის სახელმწიფო დეპარტამენტის მთავარი სპორტული სამმართველოს უფროსს ამირან აბესაძეს სფფ-თან მუდმივი კონტაქტი ექნებოდა და მონაწილეობას მიიღებდა ფედერაციის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომებში, ასევე ყველა მნიშვნელოვანი საკითხის განხილვა-გადაწყვეტაში.

თუმცა ამ გადაწყვეტილებაზე არანაკლებ მნიშვნელოვანი ალექსანდრე ჩივაძის საკითხი იყო. დეპარტამენტში გამართული სხდომის შემდეგ ნოდარ კობერიძემ დაადასტურა, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ მთავარი მწვრთნელის თხოვნა ეროვნული გუნდიდან წასვლის შესახებ დააკმაყოფილა!

„კი მაგრამ, მე აღარ მეკითხებიან, მივდივარ თუ არა დინამოდან? ვეთანხმები თუ არა ნაკრების სათავეში ჩადგომას? ამ პირობებში არ ჩავუდგები ნაკრებს სათავეში. ნაკრები ცოტა სხვა რამაა, ნაკრებია სწორედ ქართული ფეხბურთი და მიმაჩნია, რომ ასეთ პირობებში ნაკრების წარმატებაზე ფიქრიც კი ზედმეტია. მოკლედ, ჭორია ეგ და მეტი არაფერი“, – ეს სიტყვები დავით ყიფიანმა სარბიელს 1996 წლის 26 დეკემბერს განუცხადა. იმ დღეებში მასზე ხშირად საუბრობდნენ, როგორც ჩივაძის მემკვიდრეზე.

ყიფიანი ახალი დაბრუნებული იყო მოსკოვიდან, სადაც დინამოს პრეზიდენტთან, მერაბ ჟორდანიასთან ერთად მოსკოვის ტორპედოს ხელმძღვანელებს შეხვდა. მოლაპარაკების მთავარი საკითხი გოჩა ჯამარაულის, ნუგზარ ლობჟანიძის და კახი გოგიჩაიშვილის რუსეთის დედაქალაქში ერთი წლით გაშვება იყო. იმავე პერიოდში დაიწერა პირველად ლევან კობიაშვილის ვლადიკავკაზის სპარტაკ-ალანიაში შესაძლო გადასვლაზეც.

1997 წელი დავით ყიფიანმა თბილისის დინამოს მთავარი მწვრთნელის რანგში დაიწყო. გუნდი ახალი წლის შემდეგ შეიკრიბა დიღომში და სეზონის პირველი ტურნირისთვის, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ქვეყნების ჩემპიონთა თასზე სათამაშოდ დაიწყო მზადება.

მას შემდეგ, რაც ფეხბურთის ფედერაციამ ჩივაძის თხოვნა დააკმაყოფილა და ის ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან გაათავისუფლა, სპორტული პრესა ლამის ყოველ დღე წერდა მომავალ მესაჭეზე.

ყიფიანი ერთ-ერთ კანდიდატად ითვლებოდა, თუმცა მის გარდა სხვადასხვა გამოცემებში ახალგაზრდული ნაკრების ყოფილი დამრიგებელი, ბათუმელთა თავკაცი შოთა ჭეიშვილი, სანკტ-პეტერბურგის ლოკომოტივის ხელმძღვანელი გივი ნოდია, ზუგდიდის ოდიშის მთავარი მწვრთნელი მურთაზ ხურცილავა და ლატვიაში სამუშაოდ გადასული რევაზ ძოძუაშვილიც ახსენეს. რაც შეეხება ჯონი ჯანელიძეს, 11X11-თან ინტერვიუში მან თქვა, რომ თუ შესთავაზეს, ეროვნული გუნდის გაწვრთნაზე უარს არ იტყვის.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ნოდარ ახალკაცი 20 იანვარს შოთა ჭეიშვილს შეხვდა. ამასთან დაკავშირებით სფფ-ის ახალმა ვიცე-პრეზიდენტმა ნოდარ ანდრიაძემ განაცხადა: „პრეზიდენტს ჭეიშვილისთვის ნაკრების მწვრთნელობა არ შეუთავაზებია. ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის საკითხს მხოლოდ ფეხბურთის ფედერაციის აღმასრულებელი კომიტეტი გადაწყვეტს“.

22 იანვარს ახალკაცს ყიფიანი ესტუმრა. იმ დღეებში უკვე ცნობილი იყო, რომ სფფ-ის ხელმძღვანელს ყველა შესაძლო კანდიდატთან პირადად შეხვედრა სურდა.

25-29 იანვარს თბილისის დინამომ მოსკოვში, დსთ-ის ქვეყნების ჩემპიონთა თასზე ითამაშა. გუნდს ახალკაციც გაჰყვა. ჩვენი ფეხბურთის მმართველი გივი ნოდიას სწორედ მაშინ შეხვდა.

თბილისში დაბრუნებულმა ახალკაცმა შეხვედრები განაგრძო, ფედერაციაში, თავის კაბინეტში ზედიზედ უმასპინძლა რევაზ ძოძუაშვილს, დავით ყიფიანს და მურთაზ ხურცილავას.

სფფ-ის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომამდე ორი დღით ადრე სარბიელმა (#13; 6 თებერვალი, 1997) მოულოდნელი ამბავი ამცნო მკითხველს: ახალი ვერსია: ძოძუაშვილიც! ყიფიანიც! ხურცილავაც! სარედაქციო წერილში აღნიშნული იყო, რომ კულუარული ინფორმაციით, ეროვნულ გუნდს ეს სამეული ჩაიბარებდა, ხოლო ფუნქციები მათ შორის ასე განაწილდებოდა: ძოძუაშვილი მთავარი მწვრთნელი იქნებოდა, ყიფიანი – გუნდის უფროსი, ხურცილავა კი მეორე მწვრთნელი…

1997 წლის 8 თებერვალს თანამშრომლებთან ერთად ვიდექი შოთა იამანიძის ქუჩის 5 ნომერში მდებარე ფეხბურთის ფედერაციის შენობის წინ. სარბიელელები მარტონი არ ვიყავით, თუკი ვინმე წერდა იმ წლებში ქართულ ფეხბურთზე, ყველა იქ ტრიალებდა.

1997 წლის 8 თებერვალი, სარბიელელები შოთა იამანიძის ქუჩაზე, ფეხბურთის ფედერაციის ძველი შენობის წინ. ელდარ მალხაზიშვილის ფოტო

შუადღით, 13 საათზე, ფედერაციაში ალექსანდრე ჩივაძე მოვიდა, რამდენიმე წუთში კი შენობა ყველამ დატოვა აღმასრულებელი კომიტეტის წევრების გარდა, ასეთი ყოფილა ნოდარ ახალკაცის ბრძანება. შესასვლელ კარს ფხიზლად აკონტროლებდნენ.

13:20 საათზე სხდომა დაიწყო, თხუთმეტ წუთში კი ფედერაციაში შოთა ჭეიშვილი შევიდა. ათ წუთში შენობის კარი რევაზ ძოძუაშვილმაც შეაღო. როგორც მაშინ გვითხრეს, კანდიდატები ჩივაძის კაბინეტში იცდიდნენ, მორჩილად ელოდნენ როდის უხმობდა მათ აღმასკომი. ჭეიშვილს და ძოძუაშვილს მოგვიანებით დავით ყიფიანიც შეუერთდა. გივი ნოდია და მურთაზ ხურცილავა არ გამჩენილან.

14:45 წუთზე კარი გაიღო და ქალთა ფეხბურთის ფედერაციის თავმჯდომარე, აღმასრულებელი კომიტეტის წევრი მურმან გიორგაძე გამოვიდა. „ახალკაცმა ჩივაძის მოღვაწეობაზე ისაუბრა, განვლილი წლები შეაჯამა… ითქვა ისიც, რომ თბილისში ოთხი ამხანაგური შეხვედრა გაიმართება იმ გუნდებთან, რომლებსაც ნაკრები შარშან სტუმრად ეთამაშა“. ამის შემდეგ მან მოგვიბოდიშა, გასვენებაში მეჩქარებაო და იქაურობა დატოვა.

15:30 საათზე ფედერაციიდან ყიფიანი გამოვიდა. თბილისის დინამოს მთავარმა მწვრთნელმა თქვა, რომ რაღაც საქმე ჰქონდა და მალე მობრუნდებოდა. ის მანქანაში ჩაჯდა და გაუჩინარდა. მალე გაირკვა, რომ იმ დროს ბატონი დათო უკვე დანიშნული იყო ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელად.

„ყიფიანი დანიშნეს! ძოძუაშვილი მას დაეხმარება“, – პირველი, ვინც ეროვნული გუნდის ახალი მთავარი მწვრთნელი გვამცნო, აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის თავმჯდომარე ვახტანგ დუმბაძე გახლდათ – „კანდიდატების განხილვა არ ყოფილა, ყიფიანი პირდაპირ დავამტკიცეთ. ის 25 თებერვალს წარმოგვიდგენს პროგრამას“.

დუმბაძის შემდეგ კომენტარი გააკეთა ლაშა მინდელმა, პარლამენტარმა და აღმასკომის წევრმა. მან დააკონკრეტა, რომ მხოლოდ ყიფიანი კი არა, ძოძუაშვილიც ეროვნულ გუნდში იქნება: „ბატონი დავითი დინამოშიც იმუშავებს, ბატონ რევაზს კი რიგის სკონტოდან წამოსვლა მოუწევს. მათი კანდიდატურა თავად ნოდარ ახალკაცმა წარადგინა და იქვე აღნიშნა, რომ ეროვნულ გუნდში მუშაობას მურთაზ ხურცილავა, გივი ნოდია და შოთა ჭეიშვილიც იმსახურებენ“. მინდელისვე განცხადებით, ახალკაცმა ჩივაძეს წყენის დავიწყება და ფეხბურთის ფედერაციაში ვიცე-პრეზიდენტად დარჩენაც სთხოვა.

ამის შემდეგ ჟურნალისტებთან ფედერაციის პრესსამსახურის ხელმძღვანელი ნოდარ კობერიძე მოვიდა და განაცხადა:

რა თქმა უნდა, სასურველია, რომ ნაკრებს თავისუფალი მწვრთნელი ჰყავდეს, მაგრამ რადგან ამჯერად ექსტრემალური სიტუაცია იყო, გამონაკლისი მოხდა – დავით ყიფიანი დინამოშიც დარჩება…

აღმასრულებელი კომიტეტის მორიგი სხდომა 25 თებერვალს შედგება. მასზე ყიფიანმა და ძოძუაშვილმა ნაკრების მუშაობის სრული გეგმა უნდა წარადგინონ, სადაც წარმოდგენილი იქნება როგორც კანდიდატები, ასევე მუშაობის პრინციპი…

ძოძუაშვილმა მოითხოვა, რომ ინგლის-იტალიის 12 თებერვლის მატჩზე წასვლაში დახმარება გაეწიათ. ფედერაციამ მათ სრული მხარდაჭერა აღუთქვა, მაგრამ ისიც ითქვა, რომ მთავარია პოლონეთ-მოლდოვის თამაში ნახოთ, თორემ ინგლის-იტალიას მთელი ევროპა ნახავსო…

მეორე ნაკრების შესახებ ლაპარაკი არ ყოფილა. მწვრთნელებს შეუძლიათ 25 თებერვალს წარმოდგენილ გეგმაში ესეც ჩაწერონ…

ძოძუაშვილის მეორე მწვრთნელობა სფფ-ის რეკომენდაცია იყო, რასაც ყიფიანიც და ძოძუაშვილიც გაგებით შეხვდნენ. არავითარი დაძალება არ ყოფილა. ხურცილავას და ჭეიშვილის კანდიდატურები არც განხილულა…

კონტრაქტი ნაკრების მწვრთნელთან დღეს დაამტკიცა აღმასკომმა და ორშაბათს-სამშაბათს გაფორმდება, ეს უბრალო, ბიუროკრატიული პრობლემაა, რომელიც იოლად მოგვარდება“.

„აღმასკომის ვერდიქტმა თმები ყალყზე დამიყენა“! – უთხრა რევაზ ძოძუაშვილმა სარბიელელ კობა ინასარიძეს, როცა ის მწვრთნელს შინ ესტუმრა. 11 თებერვლის ნომერში გამოქვეყნებული ძოძუაშვილის ინტერვიუ ჟურნალისტმა სწორედ ასე დაასათაურა.

„არც კი ვიცი, რა გიპასუხოთ. ასეთ ვითარებაში პირველად აღმოვჩნდი. რიგიდან იმისთვის მომიწვიეს, რომ ეროვნული ნაკრები ჩაებარებინათ, მეც თითქმის დარწმუნებული ვიყავი ჩემს მთავარ მწვრთნელობაში. ამიტომაც, აღმასკომის სხდომისგან ყველაფერს მოველოდი, გარდა ამისა. ხალხი უკვე მილოცავდა, მეც ნაწილობრივ ჩამოყალიბებული მქონდა მომავლის გეგმები და უცებ…

არ ვიცი აღმასკომის წევრებმა რა მოითათბირეს, მე და დათო ყიფიანი სხვა ოთახში ვიყავით, როცა გამოგვიცხადეს, ყიფიანი მთავარი მწვრთნელი იქნება, შენ კი მეორე, მაგრამ პასუხისმგებლობა ორივეს თანაბრად გეკისრებათო… სწორად გამიგეთ, გამოუვალ მდგომარეობაში ვარ…

ნაწყენი ვარ, აბა არა? კაცს თავი უკვე მთავარ მწვრთნელად დანიშნული მეგონა. ზემოთქმულს გავიმეორებ: ყველაფერს მოველოდი და მთავარ მწვრთნელად არდანიშვნას ვერ წარმოვიდგენდი! ახლა უამრავი ეჭვი მღრღნის. შეიძლება აღმასკომის წევრებს ჩემი და დათოს მეგობრობა ბოლომდე არც აქვთ გათვითცნობიერებული და ჩვენ შორის უთანხმოების ჩამოგდება სურთ, მაგრამ ეს არ მოხდება. ჩვენი მეგობრობა მტკიცეა და ვერავითარი აღმასკომი ვერ შეძლების ამის მოშლას“, – რევაზ ძოძუაშვილი გაკვირვებას ვერ მალავდა.

სარბიელის იმავე ნომერში (#15; 11 თებერვალი, 1997) გამოქვეყნდა დავით ყიფიანის ინტერვიუც. ყველამ იცოდა, რომ ფედერაციის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომის მეორე დღეს მას დინამო თურქმენეთში მიჰყავდა საერთაშორისო ტურნირზე, თუმცა ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელად დანიშვნის შემდეგ გეგმები შეიცვალა და აშგაბატში დინამო ყიფიანის თანაშემწემ, ნოდარ აკობიამ წაიყვანა.

ეროვნული გუნდის ისტორიაში რიგით მეოთხე მთავარ მწვრთნელს (გივი ნოდიას, გიგა ნორაკიძის და ალექსანდრე ჩივაძის შემდეგ) სარბიელელი მამუკა კვარაცხელია პირადი კავშირების დახმარებით შეხვდა, ყიფიანმა ინტერვიუს მსურველი ყველა სხვა ჟურნალისტი უარით გაისტუმრა.

„ჩემს საქმეში ცხვირს არავის ჩავაყოფინებ“ – ეროვნული გუნდის ახალ დამრიგებელთან ინტერვიუ კვარაცხელიამ ასე დაასათაურა. ვეტერანმა ფეხბურთელმა უახლოეს გეგმებზე ისაუბრა:

„ახლა მოსკოვში მივფრინავ. გადავწყვიტე, რადაც უნდა დამიჯდეს 12 თებერვალს ლონდონში ვიყო და ინგლის-იტალიას ცოცხლად ვუყურო. ახალკაცმა მითხრა წასვლა რა საჭიროა, ზედმეტი ხარჯია, ტელევიზორით უყურე თამაშსო, მაგრამ განა ტელევიზორში დაინახავ ყველაფერს? თუკი გინდა, მეტოქის თამაში სერიოზულად შეაფასო, თამაშს ტრიბუნიდან უნდა უყურო. იმავ წუთს დავტრიალდი და ჩემი სახსრებით, ჩემი მეგობრების დახმარებით, ჩემი არხებით, გადარეკვ-გადმორეკვებით საქმე მოვაგვარე…

კარგად გახსოვთ რატომ ვამბობდი უარს ნაკრების მთავარ მწვრთნელობაზე. ვთვლი, რომ ნაკრები მარტო ფედერაციის კუთვნილება არ უნდა იყოს, ნაკრები მთელი საქართველოს ფეხბურთის სარკეა. მის შექმნაზე, ჩამოყალიბებაზე, ამხანაგურ თამაშებზე და სხვა უამრავ პრობლემაზე საქართველოს მთავრობამაც უნდა იზრუნოს. მე ვერ ვხედავდი მსგავს მიდგომას ფედერაციის მხრიდან. არაერთხელ ვესაუბრე ახალკაცს ამის თაობაზე და ვუთხარი, რომ თუ დავთანხმდები, მხოლოდ იმ პირობით, რომ ნაკრების მომზადება საერთო-სახალხო საქმე გახდეს. ჩვენ ხალხს არაფერი უნდა დავუმალოთ, რადგან ნაკრები მათია. ახალკაცი ბოლო დღემდე არ თანხმდებოდა ამას, ამიტომაც ვიყავი უარზე. მერე, არ ვიცი რა შეიცვალა, ახალკაცი დათანხმდა ჩემს ყველა, ვიმეორებ, ყველა პირობას და მეც თანხმობა განვაცხადე…

დინამოში ჩემი მუშაობის სტილი იცით – გუნდის მზადებაში ცხვირს არავის ჩავაყოფინებ. ასევე იქნება ნაკრებშიც – ჩემს საქმეში ვერავინ ჩაერევა“!

12 თებერვალს, უემბლიზე, ჩვენი შესარჩევი ჯგუფის მთავარი ფავორიტების პირველი დაპირისპირება გაიმართა – გლენ ჰოდლის ინგლისი იტალიასთან 0:1 დამარცხდა. ამ შეხვედრას დავით ყიფიანიც დაესწრო, მის გარეშე მოთამაშე თბილისის დინამომ კი აშგაბატში, თურქმენეთის პრეზიდენტის საფარმურატ ნიაზოვის სახელობის თასზე საშინლად ითამაშა და საბოლოოდ VII ადგილი დაიკავა.

ლონდონურ ვიზიტზე, დინამოზე და ზოგადად, მომავალ გეგმებზე დავით ყიფიანი ჟურნალისტებს 20 თებერვალს, რესტორან ბერიკონში გვესაუბრა. მან იმ გეგმის მონახაზიც გაგვაცნო, რომელიც 25 თებერვლისთვის, ფეხბურთის ფედერაციაში წარსადგენად მოამზადა.

იმ დროს უკვე ვიცოდით, რომ ყიფიანის დებიუტი ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე თბილისში, სომხეთთან მატჩში შედგებოდა. მეზობლებთან ამხანაგური შეხვედრა 30 მარტს, ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე დაინიშნა.

* * *

5 დეკემბერი, 1996. ამხანაგური. ლიბანი, ბეირუთი, მუნისიპალი. 2 000
ლიბანი 4:2 საქართველო
გოლები: 0:1 ალექსანდრე იაშვილი (52), 0:2 გიორგი კიკნაძე (67), 1:2 ვართან ღაზარიანი (70), 2:2 ფუად ჰიჯეზი (73), 3:2 ჯამალ ტაჰა (78), 4:2 ჩააბან ჰამადე (89)
ლიბანი: ალი ფაკიჰი, გევორქ ქარაბედიანი, ქორქენ იენკიბარიანი, იბრაჰიმ ელ ჰოსნი, ჰასან აიუბი, გევორქ იაკედბაჩიანი (მოჰამედ მესელმანი ??), იბრაჰიმ ჰამზე, ჯამალ ტაჰა, ფუად ჰიჯაზი, ჯამალ კაჰაიანი (ჰაზერ ალ ანდარი ??), ვართან ღაზარიანი (ჩააბან ჰამაზე ??)
მწვრთნელი: ტერი იორატი (უელსი)
საქართველო: დავით ასლანაძე, კახი კალაძე, შალვა ხუჯაძე (გივი დიდავა 78), ლევან კობიაშვილი, ლევან ცქიტიშვილი, გიორგი კიკნაძე (კაპ), გოგა გახოკიძე, გიორგი დარასელია, მიხეილ ფოცხვერია (მიხეილ აშვეთია 38), ალექსანდრე იაშვილი (გიორგი დემეტრაძე 70), ზვიად ჯელაძე
მწვრთნელი: ვლადიმერ გუცაევი
გაფრთხილება: კახი კალაძე, ლევან კობიაშვილი, კახი კალაძე
გაძევება: კახი კალაძე (65)
მსაჯი: ჯამილ ტალებ რამადანი (ლიბანი)

8 დეკემბერი, 1996. ამხანაგური. ლიბანი, ბეირუთი, მუნისიპალი. 3 500
ლიბანი 3:2 საქართველო
გოლები: 0:1 გოგა გახოკიძე (12, პენ), 1:1 ჰასან აიუბი (14, პენ), 2:1 ჯამალ ტაჰა (21), 2:2 ლევან ცქიტიშვილი (24), 3:2 ვართან ღაზარიანი (65)
ლიბანი: ბილალ ჰაჩემი, გევორქ ქარაბედიანი, ქორქენ იენკიბარიანი, იბრაჰიმ ლე ჰოსნი, ჰასან აიუბი, ბაბქინ მელიქიანი (მუსა ჰიეი ??), იბრაჰიმ ჰამზე, ჯამალ ტაჰა, ფუად ჰიჯაზი, მოჰამედ მესელმანი (ჯამალ კაჰაიანი ??), ვართან ღაზარიანი
მწვრთნელი: ტერი იორატი (უელსი)
საქართველო: ნიკა ტოგონიძე, კახი კალაძე, შალვა ხუჯაძე, გივი დიდავა, ლევან კობიაშვილი, ლევან ცქიტიშვილი (ზვიად ჯელაძე 46), გიორგი კიკნაძე (კაპ), გოგა გახოკიძე, გიორგი დარასელია, მიხეილ ფოცხვერია (გიორგი დემეტრაძე 65), ალექსანდრე იაშვილი
მწვრთნელი: ვლადიმერ გუცაევი
გაფრთხილება: კახი კალაძე, გივი დიდავა, ლევან კობიაშვილი
მსაჯი: აჰმად ნაბილ აიადი (ლიბანი)

 

ლაშა გოდუაძე (2022 წლის 9 ნოემბერი)
ფოტო: გაზეთი სარბიელი; ელდარ მალხაზიშვილი

ka_GEGeorgian