ნაკრების ისტორიიდან – მატჩი #11: ნიგერია 5:1 საქართველო

„თავიდანვე მინდა ვთქვა, რომ საქართველოს ნაკრებმა პირწმინდად წააგო ეს მატჩი!
და რომ არა მეკარეთა კარგი თამაში, ანგარიში უფრო მეტი იქნებოდა. ნიგერიელები ყველა კომპონენტით გვჯობდნენ, ისინი ნამდვილი ათლეტები არიან! კარგად აზროვნებენ ტაქტიკურად, ჩინებულად იყენებენ სტანდარტულ სიტუაციებს, თანაც, უკანასკნელი ოთხი წელია ერთი და იმავე შემადგენლობით თამაშობენ.
ეს დამარცხება ტრაგედია არ არის. თუ სწორად გავაანალიზებთ, მისგან ბევრ სასიკეთოს მივიღებთ.
ჩვენი მთავარი საფიქრალი ახლა 7 სექტემბრის მატჩია მოლდოვასთან. დროში ისედაც შეზღუდულები ვართ! საჭიროა ეს სამი თვე ფეხბურთელებმა მაქსიმალურად გამოიყენონ და ნიგერიასთან მიღებული გამოცდილება თავიანთ სასარგებლოდ გამოიყენონ. რაც შეეხება მატჩის ვიდეოკასეტას, იგი ჩვენ ჩამოვიტანეთ და მოკლე ხანში ვუჩვენებთ ტელევიზიით“.

ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ალექსანდრე ჩივაძემ ეს ყველაფერი გაზეთ სარბიელის კორესპონდენტს თბილისის აეროპორტში განუცხადა.

ნიგერიაში ჩატარებული ამხანაგური მატჩის შესახებ გუნდის ხელმძღვანელობას ჟურნალისტებისთვის ტრადიციული შეხვედრა აღარ გაუმართავს და არც იმ მატჩის ჩანაწერი უჩვენებიათ ტელევიზიით. შესაძლოა გადაიფიქრეს – სხვა თუ არაფერი, ნაკრები ისტორიაში პირველად განადგურდა და არნახული ანგარიშით დასრულებული თუნდაც ამხანაგური თამაშის ხილვა, ჩათვალეს რომ არავის ესიამოვნებოდა. ისედაც მძიმე დრო იყო…

მას შემდეგ დიდი დრო გავიდა და ნიგერიასთან თამაშის ჩანაწერი კი არა, ფრაგმენტებიც არ მინახავს. ახლა ისიც კი გამეხარდება, თამაშის ვიდეოფირი საერთოდ დაკარგული თუ არ არის.

იბადანში გამართული ამხანაგური მატჩი ვერ, მაგრამ ის ნიგერიის ნაკრები იმ ზაფხულს მაინც ვნახე – სუპერ არწივებმა მაშინ პირველად ითამაშეს მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე! და უნდა ვთქვა, რომ ნიდერლანდელი სპეციალისტის, კლემენს ვესტერჰოფის მომზადებული ის გუნდი ამერიკის სტადიონებზე ძალიან შთამბეჭდავი იყო.

ჩემი თაობის გულშემატკივრებს კარგად უნდა ახსოვდეთ ბულგარეთის ნაკრებთან შთამბეჭდავი გამარჯვება – 3:0 (ნიგერიის პირველი თამაში საქართველოსთან გამარჯვების შემდეგ); ძალიან დაძაბული დაპირისპირება დიეგო მარადონას, კლაუდიო კანიჯას და გაბრიელ ბატისტუტას არგენტინასთან – 1:2; იოლად მოგებული თამაში საბერძნეთთან – 2:0 და იტალიასთან დამატებით დროში წაგებული მერვედფინალი. სკუადრა აძურა იმ შეხვედრაში მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელმა რობერტო ბაჯომ გადაარჩინა – ჯერ ანგარიში გაათანაბრა ძირითადის ბოლოსწინა წუთზე, მერე კი გამარჯვების პენალტიც შეაგდო…

ბევრი რომ არ გავაგრძელო, ნიგერია კარგი გუნდი იყო, ძლიერი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული და საქართველოს ნაკრებთან დაპირისპირებამდე ორი თვით ადრე აფრიკის ჩემპიონიც გახდა – 10 აპრილს გამართულ ფინალში ემანუელ ამუნიკეს დუბლით ზამბიას აჯობა!

ტიტულის მოგების შემდეგ, საქართველომდე, ნიგერიელებმა სამი ამხანაგური შეხვედრა გამართეს და ყველა წააგეს – კოლუმბიასთან 0:1, შვედეთთან 1:3 და რუმინეთთან 0:2. სამართლიანობისთვის უნდა აღვნიშნო, რომ ეს სამივე გუნდიც მშვენიერ ფორმაში იყო იმ გაზაფხულს…

ალბათ ნიგერიელთა ამ შედეგის გამო თუ იყო ჩვენი ნაკრების თავკაცი ალექსანდრე ჩივაძე იმედიანად. სარბიელის ჟურნალისტთან, დავით თავართქილაძესთან ინტერვიუში (19 მაისი, 2004) ნიგერიელთა კარში გატანილი ერთადერთი გოლის ავტორი რევაზ არველაძე ასეთ ეპიზოდს იხსენებს:

„მეტოქის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ გაგვაჩნდა. ნიგერიის ნაკრების შემადგენლობა მხოლოდ მატჩის წინა დღეს მოგვიტანეს. მათი ფეხბურთელების გვარებს ნახევარი საათი ვკითხულობდით…
ჩვენი ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ალექსანდრე ჩივაძემ იხუმრა კიდეც, ასეთი გვარების მქონე ხალხმა როგორ უნდა მოგვიგოსო. ჩვენ მაშინ არ ვიცნობდით ნიგერიელებს, მათ ხომ მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ დაიგდეს სახელი“.

ნიგერია

მსოფლიოს 1994 წლის ჩემპიონატს ნიგერია მერვედფინალში, იტალიასთან დრამატული მარცხის შემდეგ გამოეთიშა

საქართველოში გამეფებული მძიმე პოლიტიკური თუ ეკონომიკური სიტუაციის გათვალისწინებით, საინტერესოა ისიც, თუ როგორ ემზადებოდა გუნდი მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე მეტოქესთან სათამაშოდ, როგორ ჩავიდა ნიგერიაში და ზოგადად ყველაფერი, რაც ამ თამაშს უკავშირდება. მით უმეტეს, რომ ამ ამხანაგურის შესახებ ნაკრების მაშინდელ წევრებს, მწვრთნელების ჩათვლით, ბევრი არასდროს უსაუბრიათ.

იმ ფეხბურთელებმა, რომლებსაც ჩივაძემ მატჩისთვის უხმო, საქართველოში ერთადერთხელ, ისიც არასრული შემადგენლობით ივარჯიშეს და დილით, 8 ივნისს, გუნდი გერმანიაში, ფრანკფურტში გაემგზავრა. იქ ნაკრებს ბუნდესლიგაში მოთამაშე კახი ცხადაძე (ფრანკფურტის აინტრახტი) და რევაზ არველაძე (კიოლნი) შეუერთდნენ, შემდეგ კი ყველა იმ თვითმფრინავში ავიდა, რომელიც განის გავლით მიემართებოდა ნიგერიისკენ. ამიტომ იყო, რომ ენტონი იებოამ, ცხადაძის განელმა თანაკლუბელმა, სამშობლოსკენ საქართველოს ნაკრებთან ერთად იმგზავრა.

ისევ რევაზ არველაძის ხსენებულ ინტერვიუს მოვიშველიებ:

„ლაგოსში, ნიგერიის დედაქალაქში გვიან ღამით ჩავფრინდით. თვითმფრინავიდან ავტობუსში გადაგვსხეს, წინ კი ესკორტი მიგვიძღვოდა – პაზიკის მსგავსი ავტობუსი, რომელიც ქუჩაში ხალხს აქეთ-იქით წევდა, თორემ სასტუმრომდე რამდენიმე წუთში კი არა, რამდენიმე დღეში მივაღწევდით. შუაღამე იყო, მაგრამ ქუჩები მაინც სავსე იყო ხალხით…
ხუთვარსკვლავიან სასტუმროში დავბინავდით. ტემპერატურა 50-52 გრადუსი იყო და სასტუმრო კონდიციონერების გაძლიერებული რეჟიმით მუშაობდა…
იქაურები ფულის და რაღაც საგნების გაცვლას გვთხოვდნენ, ზოგი სხვადასხვა მომსახურებასაც გვთავაზობდა, ჩვენში თითზე გასაღებს რომ აბზრიალებენ, დაახლოებით ეგეთი ხალხი დაგვხვდა…
აფრიკაში პირველად ჩასულები უცნობ, ძალიან უხერხულ სიტუაციაში აღმოვჩნდით. სასტუმროში ყველაფერი იყო: ბარი, აუზი, რესტორანი, მაგრამ რაღაცნაირად შებოჭილები ვიყავით. მე, შეიძლება ითქვას, ოთახში გამოვიკეტე, საშინელ დისკომფორტს ვგრძნობდი“.

ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის ალექსანდრე ჩივაძის თქმით, მათ მხოლოდ ნიგერიაში ჩასვლის შემდეგ შეიტყვეს, რომ ამხანაგური შეხვედრა დედაქალაქ ლაგოსის ნაცვლად, 125 კილომეტრით დაშორებულ ქალაქ იბადანში იყო დანიშნული. ამის შესახებ ბატონმა ალექსანდრემ გაზეთ ქართული ფეხბურთის ჟურნალისტთან, გია ტუხაშვილთან ინტერვიუში განაცხადა:

„მატჩი 11 ივნისს იყო დანიშნული და იბადანში ჩვენ წინა დღეს ჩავედით, საკმაოდ მომქანცველი მგზავრობის შემდეგ. იმავე საღამოს ვარჯიშიც ჩავატარეთ, მაგრამ, ცოტა არ იყოს, მინდვრის ხარისხმა შეგვაფიქრიანა. სხვათა შორის, ჩვენ ვარჯიშზე უამრავი გულშემატკივარი მოვიდა, რომლებიც ოვაციებით ესალმებოდნენ ქართველ ფეხბურთელებს“.

საქართველოს ეროვნული ნაკრების ისტორიაში პირველი თამაში აფრიკის კონტინენტზე 11 ივნისს, ადგილობრივი დროით 15 საათზე დაიწყო.

15 საათსა და 2 წუთზე კი ჩვენმა გუნდმა ევროპის მიღმა პირველი გოლიც გაიტანა – რეზო არველაძემ უმცროსი ძმის, აჩიკოს პასით შეაგდო. და ბარემ აქვე აღვნიშნავ, რომ შოთას, რომელსაც მშვენიერი სეზონი ჰქონდა ტრაბზონსფორში, ნიგერიაში ტრავმის გამო არ უთამაშია.

ნიგერიის ნაკრები

ნიგერიის ნაკრების პირველი მატჩი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე: 22 ივნისი, დალასი – 3:0 ბულგარეთთან. დგანან (მარცხნიდან): უჩე ოკეჩუკვუ, სამსონ სიასია, აგუსტინ ეგუავონი, ფინიდი ჯორჯი, ჩიდი ნვანუ, პეტერ რუფაი (კაპ). პირველ რიგში: რაშიდ იეკინი, ემანუელ ამუნიკე, სანდი ოლისე, ბენ იროჰა, დანიელ ამოკაჩი

დავით თავართქილაძესთან ზემოხსენებულ ინტერვიუში რეზო იხსენებს:

„დაიწყო თამაში და მალევე გავიტანეთ – აჩიკომ მეტოქეს ბურთი აართვა, დიაგონალური პასი მომაწოდა, მე კი დასწრებაზე ვითამაშე და ჭვინტით შევაგდე ბურთი.
გახარებული ჩივაძე ფეხბურთელებთან მოვიდა და გვითხრა: ეგენი აზრზე არ არიან, ბურთი გააგორეთ და ყველაფერი კარგად იქნებაო. მაგრამ ყველაფერი სხვანირად მოხდა: რამდენიმე წუთში რაშიდ იეკინიმ მთელი გუნდი ბურთიანად შეგვგლიჯა კარში! პირველ ტაიმში მან მეორე გოლიც გაგვიტანა, დანარჩენი სამი კი სხვებისგან გავუშვით მეორე ტაიმში“…

რამ გამოიწვია კატასტროფული წაგება? თუ იმდროინდელ პრესას და თამაშის მონაწილე ფეხბურთელთა კომენტარებს თვალს გადავავლებთ, მთავარ მიზეზად აუტანელი სიცხე უნდა მივიჩნიოთ.

გოჩა ჯამარაულმა, ვინც შეუცვლელად ითამაშა იბადანში, თბილისის აეროპორტში მისულ ჟურნალისტებს პირდაპირ უთხრა: „ასეთი სიცხე ცხოვრებაში არ მინახავს! მეორე ტაიმში, ფაქტობრივად, ვერც ვინძრეოდით მინდორზე“!

იმავე აზრის იყო თბილისის შევარდენი 1906-ის ლიდერი გია ჯიშკარიანი, რომელიც თანაგუნდელთა თქმით, საუკეთესო იყო ნიგერიელთა წინააღმდეგ: „ფეხბურთში, ასე თუ ისე, რაღაც მინახავს, მაგრამ ასეთ სიცხეში თამაში ნამდვილად პირველად მომიწია. ის კი არა, მეორე ტაიმში ერთმანეთს ვეღარ ვხედავდით წესიერად“.

რეზო არველაძემ კი სარბიელთან საუბრისას ჩვეული იუმორით გაიხსენა ის დღე:

„გიო ქინქლაძემ სამი კაცი მოატყუა, მაგრამ მერე ბურთი განზე გააგდო და თქვა – აქ მეტის გამქცევი აღარ ვარო…
ერთ მომენტში ბურთისთვის იეკინი, კახი ცხადაძე, მურთაზ შელია და დიმა კუდინოვი იბრძოდნენ. იმ ეპიზოდში რომელიღაც ჩვენიანი დაშავდა, მაგრამ სამივე იძახდა, ტრავმა მე მივიღეო! როცა მინდორზე საკაცე გამოიტანეს, ერთმანეთს ასწრებდნენ წამოსკუპებას, მაგრამ სხვებს ცხადაძემ აჯობა – ყველას დასვენება, მოედნიდან გასვლა სურდა, რადგან ძალიან ცხელოდა…
ნამატჩევს სტადიონის საშხაპეში წყალი არ მოდიოდა და ნიგერიელებმა ერთი ყუთი დასალევი წყალი მოგვიტანეს, მარკეტებში რომ იყიდება, ისეთი. ჰოდა ჩვენც ერთმანეთი დავბანეთ ბოთლებით…
ფრანკფურტში რომ ჩავედით მე და აჩი, ისეთი დაღლილები ვიყავით, იქვე, სასტუმროში ავიღეთ ნომერი – ოთხი საათი მკვდარივით გვეძინა. პირადად მე ნიგერიასთან თამაშში შვიდ კილომდე დავიკელი…
1994 წელს საქართველოში მძიმე ვითარება იყო, ცხოვრება მაშინ ძალიან ჭირდა, მაგრამ რაც ნიგერიაში ვნახე, იმდროინდელი თბილისი მასთან შედარებით მონტე კარლო გეგონებოდათ“…

როგორ გავიდა საქართველოს ნაკრების კარში გოლები, ამის დადგენა რთულია. დაწვრილებით მხოლოდ პირველი ბურთის ეპიზოდია ცნობილი: მეკარის საჯარიმოსთან ახლოს მდგომმა რაშიდ იეკინიმ ბურთი მკერდზე მიიღო და მინდორზე დაუშვებლად, საშინელი ძალით დაარტყა. ირაკლი ზოიძე უძლური იყო – 1:1. იმედია ადრე თუ გვიან გამოჩნდება მატჩის ჩანაწერი.

ალექსანდრე ჩივაძის თქმით, რეზოს გოლის შემდეგ ყველაზე კარგი შანსი არჩილ არველაძეს ჰქონდა, პირველი ტაიმის მიწურულს, თუმცა ვერ გამოიყენა და რამდენიმე წამში იეკინიმ მეორე გოლიც გაიტანა.

მეორე ნახევარში კი მხოლოდ ნიგერიელები თამაშობდნენ, ქართველები მათთვის ხელის შეშლას ცდილობდნენ. და თუ საქართველოს ნაკრებიდან ვინმე იმსახურებს გამორჩევას, ალბათ დებიუტანტი სოსო გრიშიკაშვილი – რუსთავის მეტალურგის 20 წლის მეკარე მთავარმა მწვრთნელმა 75-ე წუთზე ჩართო თამაშში და ათ წუთში ახალბედამ პენალტიც მოიგერია! ეროვნული ნაკრების ისტორიაში სოსო გრიშიკაშვილი პირველი მეკარეა, ვინც ეს მოახერხა.

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მომდევნო ამხანაგური შეხვედრა 26 ივნისს, რიგაში, ლატვიასთან გამართა, თუმცა მანამდე იყო კიდევ ერთი მატჩი, რომელიც მიუხედავად იმისა რომ კლუბთან გაიმართა, აუცილებლად გასახსენებელია – ბათუმური დაპირისპირება ბრაზილიის ჩემპიონ პალმეირასთან.

ამაზე მომდევნო წერილში.

11 ივნისი, 1994. ამხანაგური. ნიგერია, იბადანი, ლიბერთი სთედიუმი. 50 000
ნიგერია 5:1 საქართველო
გოლები: 0:1 რევაზ არველაძე (2, არჩილ არველაძის პასით), 1:1 რაშიდ იეკინი (11), 2:1 რაშიდ იეკინი (43), 3:1 სამსონ სიასია (58), 4:1 სამსონ სიასია (60), 5:1 მუტიუ ადეპოჟუ (85)
85-ე წუთზე სოსო გრიშიკაშვილმა პენალტი მოიგერია
ნიგერია: პეტერ რუფაი (ვილფრედ აგბონავბარე), ჩიდი ნვანუ (აგუსტინ ეგუავონი), ემეკა ეზეუგო (მიქაელ ემენალო), უჩე ოკეჩუკვუ (ისააკ სემიტოჯე), სტეფენ კეში (კაპ) (უჩენა ოკაფორი), ფინიდი ჯორჯი (ტიჯანი ბაბანგიდა), სანდი ოლისე (ეფან ეკოკუ), აგუსტინ ჯეი-ჯეი ოკოჩა (მუტიუ ადეპოჟუ), ემანუელ ამუნიკე (ვიქტორ იკპება), რაშიდ იეკინი (სამსონ სიასია), დანიელ ამოკაჩი
მწვრთნელი: კლემენს ვესტერჰოფი (ნიდერლანდები)
საქართველო: ირაკლი ზოიძე (სოსო გრიშიკაშვილი 75), ბესიკ ბერაძე, კახი ცხადაძე (კაპ), მურთაზ შელია (ნუგზარ ლობჟანიძე 46), გია ჯიშკარიანი, დიმიტრი კუდინოვი (დავით ჯანაშია 65), გიორგი ნემსაძე, გოჩა ჯამარაული, რევაზ არველაძე, გიორგი ქინქლაძე, არჩილ არველაძე (გელა ინალიშვილი 78)
მწვრთნელი: ალექსანდრე ჩივაძე
მსაჯი: ოლუფუნმი ოლანიანი (ნიგერია)

ლაშა გოდუაძე (2022 წლის 17 ივნისი)
ფოტო: გაზეთი სარბიელი; გაზეთი ქართული ფეხბურთი; FIFA.com; Guerin Sportivo; ინტერნეტი

ka_GEGeorgian