ნაკრების ისტორიიდან – მატჩი #12: ლატვია 1:3 საქართველო

1994 წლის ივნისი საქართველოს ეროვნული ნაკრებისთვის ძალიან ნაყოფიერი გამოდგა. ალექსანდრე ჩივაძის გუნდმა სამჯერ ითამაშა და ნიგერიასთან და ბრაზილიის ჩემპიონ პალმეირასთან მარცხის შემდეგ, როგორც იქნა გაიმარჯვა – 3:1 ლატვიაში.
ეს იყო ჩვენი გუნდის მესამე მოგება 1994 წელს გამართულ მეექვსე საერთაშორისო მატჩში და პირველი წარმატება მეტოქის მოედანზე 10 თებერვალს, მალტაში 1:0-ის შემდეგ.

ეროვნული გუნდის თავკაცის თქმით, ნაკრები ლატვიაში შესუსტებული შემადგენლობით გაემგზავრა, რადგან რეზო, შოთა და არჩილ არველაძეები, ასევე მურთაზ შელია, ოჯახური მიზეზით დააკლდნენ ნაკრებს; ზაზა რევიშვილი, თემურ ქეცბაია და ნუგზარ ლობჟანიძე ავად გახდნენ; დიმიტრი კუდინოვი იძულებული გახდა უცბად დაბრუნებულიყო კვიპროსზე, ხოლო კახი ცხადაძემ დასვენება ითხოვა.

ლატვიაში გამგზავრებამდე ორი დღით ადრე მწვრთნელთა განკარგულებაში მხოლოდ თორმეტი ფეხბურთელი აღმოჩნდა და მათ სწორედ ამის შემდეგ უხმეს თელავის კახეთში მოთამაშე მერაბ კაციტაძეს და ვასილ სეფაშვილს.

საქართველოს მთავარი გუნდისთვის ეს მხოლოდ და მხოლოდ მეთორმეტე საერთაშორისო მატჩი იყო, ლატვიისთვის კი 122-ე(!), თუმცა 1994 წელს მხოლოდ მეორე. 2 ივნისს ბალტიისპირელებმა რიგაში, დაუგავაზე, მალტას უმასპინძლეს და 2:0 გაიხარეს. რიგის მეორე სარბიელზე, არმიის სპორტული კლუბის სტადიონზე კი ლატვია დამარცხდა – 1:3.

გაზეთ ქართული ფეხბურთის კორესპონდენტთან, გივი ტიბანელთან საუბარში ალექსანდრე ჩივაძემ მატჩი ასე შეაფასა (ქართული ფეხბურთი #9; ივლისი 1994):

„პირველ გოლში გოჩა ჯამარაულმა და კახი კაჭარავამ მიიღეს აქტიური მონაწილეობა, ხოლო შეტევა დავით ჯანაშიამ დააგვირგვინა…
მეორე ტაიმში ნაკრების წევრებმა მცირე უყურადღებობა გამოამჟღავნეს, მასპინძლებმა კედელი გაითამაშეს და ანგარიშიც გაათანაბრეს. მაგრამ ეს იყო და ეს – ამის შემდეგ ჩვენი უპირატესობა უფრო თვალშისაცემი იყო, რაც სრულიად სამართლიანად გამოიხატა კიდეც კაჭარავასა და ჯამარაულის მიერ გატანილ ორ გოლში…
საქართველოს ნაკრებს შეეძლო უფრო გამანადგურებელი ანგარიშითაც დაემარცხებინა მასპინძლები, მაგრამ გია ჯიშკარიანის მიერ საკმაოდ შორი მანძილიდან ეფექტურად დარტყმული ბურთი ლატვიის კარის ძელს მოხვდა…
მოლდოვასთან მატჩის წინ ათდღიან შეკრებას გავაკეთებთ. ნაკრების კარი არავისთვის არის დაკეტილი, აქ მოთამაშე იქნება თუ ლეგიონერი, ყველაფერს თითოეული მათგანის პროფესიონალიზმი გადაწყვეტს“.

ამავე ინტერვიუში ჩივაძემ კიდევ ორ ამხანაგურზე ისაუბრა: 19 ივლისს თბილისში მალტასთან და 26 ივლისს ტალინში ესტონეთთან. მალტა საქართველოს დედაქალაქს დათქმულ დროს ეწვია, ბალტიისპირეთში გამგზავრება კი ჩაიშალა. თუმცა ამაზე ფეხბურთის ფედერაციის მესვეურებს დიდად არ უდარდიათ. იმ დღეებში ყველას მხოლოდ ის აინტერესებდა, თუ რა პასუხი მოვიდოდა უეფადან. მალტასთან ამხანაგურს ევროპული ფეხბურთის მმართველი სახლის მაღალჩინოსნები დაესწრნენ და სწორედ მათ ოფიციალურ დასკვნაზე იყო დამოკიდებული მთავარი: ითამაშებდა თუ არა ჩვენი ეროვნული ნაკრების ევროპის 1996 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩებს თბილისში…

* * *

26 ივნისი, 1994. ამხანაგური. ლატვია, რიგა, არმიას სპორტა კლუბს. 1 100
ლატვია 1:3 საქართველო
გოლები: 0:1 დავით ჯანაშია (13), 1:1 ვიტალის ასტაფიევსი (60), 1:2 კახი კაჭარავა (74), 1:3 გოჩა ჯამარაული (76)
ლატვია: რაიმონდს ლაიზანსი, იგორს ტროიცკისი (ალეკსანდრს იელისეიევსი 57), ვიტალის ასტაფიევსი, მიჰალის ზემლინსკისი, იურის შევლაკოვსი (კაპ), ძინტარს სპროგისი, სერგეის ემელიანოვსი, ვალერის ივანოვსი, ოლეგს ბლაგონადეჟდინსი, ვლადიმირს ბაბიჩევსი (ალეკსანდრს ფედოტოვსი 73), აივარს დრუპასი
მწვრთნელი: იანის გილისი
საქართველო: ირაკლი ზოიძე, ბესიკ ბერაძე, მერაბ კაციტაძე, გიორგი ნემსაძე, გია ჯიშკარიანი, დავით ჯანაშია (ვასილ სეფაშვილი 83), გელა ინალიშვილი, გოჩა ჯამარაული (კაპ), თემურ ტუღუში (გოჩა ტყებუჩავა 78), გიორგი ქინქლაძე, კახი კაჭარავა
მწვრთნელი: ალექსანდრე ჩივაძე
გაფრთხილება: სერგეის ემელიანოვსი, დავით ჯანაშია
მსაჯი: ალგირდას დუბინსკასი (ლიეტუვა)

ლაშა გოდუაძე (2022 წლის 28 ივნისი)

ka_GEGeorgian