ნაკრების ისტორიიდან – მატჩი #13: საქართველო 1:1 მალტა

ევროპის 1996 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის დაწყებამდე ორ თვეზე ნაკლები იყო დარჩენილი, თუმცა მაინც არ იყო გადაწყვეტილი ერთი მთავარი საკითხი: სად ჩაატარებდა საშინაო მატჩებს ჩვენი ეროვნული ნაკრები. საქართველოში შექმნილი არასტაბილური პოლიტიკური და ეკონომიკური მდგომარეობის გამო, უეფა გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობდა.
მსოფლიო ჩემპიონატის მიწურულს ევროპული ფეხბურთის მმართველი სახლის მაღალჩინოსნებმა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას აცნობეს, რომ საბოლოო ვერდიქტი 19 ივლისს, თბილისში, ეროვნულ სტადიონზე მალტის ნაკრებთან დაგეგმილი ამხანაგური თამაშის შემდეგ გამოქვეყნდებოდა.

უეფამ სპეციალური წარმომადგენლებიც გამოგზავნა: სადისციპლინო კომისიის თავმჯდომარე რენე ებერლე და ამავე კომისიის წევრი, იმხანად შვეიცარიის ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივნის მოვალეობის შემსრულებელი ედგარ ობერტიუფერი. ისინი თბილისს 16 ივლისს, მალტის ნაკრებთან ერთად ესტუმრნენ და თამაშამდე დარჩენილი დრო ოფიციალურ შეხვედრებს დაუთმეს. საკითხის ჩვენს სასარგებლოდ გადაჭრაში არამხოლოდ ფეხბურთის ფედერაცია, ქვეყნის ხელისუფლება იყო დაინტერესებული და ებერლესა და ობერტიუფერს ყველა იმ ორგანიზაციის ხელმძღვანელმა უმასპინძლა, რომელიც იმხანად ფედერაციას გვერდში ედგა – დედაქალაქის მერიით დაწყებული, ძალოვანი სტრუქტურებით დასრულებული.

რაც შეეხება მალტის ნაკრებს: კუნძულელებმა კავკასიური ტურნე მოაწყვეს და ჩვენთან სტუმრობამდე სომხეთის დედაქალაქში ითამაშეს – ერევანში, ჰრაზდანზე 16 ივლისს გამართული თამაში მასპინძელთა 1:0 გამარჯვებით დასრულდა.

საქართველოს ნაკრების ბედი ყველას აღელვებდა, მათ შორის ფეხბურთზე მწერალ ჟურნალისტებსაც და არცაა გასაკვირი, რომ მედიის წარმომადგენლები თითქმის ყველა უცხოელის აზრით ინტერესდებოდნენ.

მალტელთა იტალიელმა მთავარმა მწვრთნელმა პიეტრო გედინიმ გაზეთ სარბიელის ჟურნალისტის, მამუკა კვარაცხელიას კითხვაზე, იყო თუ არა თბილისი საერთაშორისო მატჩებისთვის მზად, ასე უპასუხა: „თბილისმა ძალზე კარგი შთაბეჭდილება დატოვა, სტუმართმოყვარე და ლამაზი ქალაქია. მე რომ ვიყო უეფას წარმომადგენელი, უყოყმანოდ დავრთავდი ნებას საქართველოს ნაკრებს, რომ საშინაო მატჩები თბილისში ჩაატაროს“…

ეს თამაში ჩვენი ეროვნული გუნდისთვის მეცამეტე საერთაშორისო შეხვედრა იყო, თუმცა მხოლოდ და მხოლოდ მესამე საქართველოში და მეორე თბილისში, ეროვნულ სტადიონზე. იმ წლებში ქვეყნის მთავარი გუნდი მეტწილად მეტოქეთა მოედნებზე თამაშს ამჯობინებდა, რადგან უცხოელები ჩვენთან ჩამოსვლაზე თავს იკავებდნენ.

ალექსანდრე ჩივაძემ მალტელთა წინააღმდეგ ლეგიონერები ვერ დაიხმარა. უცხოეთში მოთამაშეები კი არა, რეალურად იმ დღეს თბილისის დინამომ ითამაშა, რომელსაც მხოლოდ შევარდენი 1906-ის ერთ-ერთი ლიდერი გია ჯიშკარიანი და ბათუმელი თემურ ტუღუში დაეხმარნენ, ეს უკანასკნელი მხოლოდ შესვენების შემდეგ.

და რადგან ეს საინტერესო ფაქტია ჩვენი ეროვნული ნაკრების ისტორიაში, ცალკე უნდა აღვნიშნო: 1994 წლის 19 ივლისს საქართველოს მთავარი საფეხბურთო გუნდის ძირითად შემადგენლობაში თბილისის დინამოდან ერთდროულად ცხრამ ითამაშა, მთლიანად შეხვედრის განმავლობაში კი თერთმეტმა!

მეტოქის საერთაშორისო დონის გათვალისწინებით, ქართველი გულშემატკივრები იოლ გამარჯვებას ელოდნენ, მაგრამ მოლოდინი არ გამართლდა. ეგ კი არა, ბოლო წუთებზე ირაკლი ზოიძეს რომ არ ეყოჩაღა, შესაძლოა მალტელებს გაეხარათ. სხვათა შორის პიეტრო გედინიმ, როცა ჰკითხეს თუ ვინ მოეწონა მეტოქე გუნდის შემადგენლობაში, პირველად სწორედ ზოიძე დაასახელა, შემდეგ კი მე-10 ნომერი (გიორგი ქინქლაძე), ნომერი 8 (გოჩა ჯამარაული) და ნომერი 6 (რევაზ არველაძე).

რაც შეეხება უშუალოდ მატჩს: მალტა მეტწილად საკუთარი კარის უსაფრთხოებაზე ზრუნავდა, ჩივაძის ბიჭები კი უტევდნენ. განსაკუთრებით გამოირჩეოდა რევაზ და შოთა არველაძეების და გიორგი ქინქლაძის სამეული.

მალტის ნაკრები 33-ე წუთზე, საჯარიმო დარტყმის შემდეგ დაწინაურდა. გიორგი ნემსაძემ ნიკი სალიბა წააქცია და შვეიცარიელი არბიტრისგან, ურს მაიერისგან ყვითელი ბარათი დაიმსახურა. სტანდარტული მდგომარეობა მაიკლ სპიტერიმ შეასრულა – მისი დარტყმის შემდეგ ბურთი ცოცხალ კედელში მდგარ ერთ-ერთ ქართველს მოხვდა და რიკოშეტით შევარდა ზოიძის კარში.

ორი სიტყვით მაიერზე, რომელმაც მცირე ხნით ადრე მიიღო ფიფას არბიტრის სტატუსი და ეს შეხვედრა მისთვისაც ერთგვარი გამოცდა იყო. შვეიცარიელმა შემდგომში მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატების ფინალურ ეტაპებზე იმსაჯა, 2002 წელს კი მადრიდის რეალსა და ლევერკუზენის ბაიერს შორის გათამაშებული ჩემპიონთა ლიგის ფინალიც ანდეს. სხვათა შორის, მაიერმა თბილისში ქართველი კოლეგის, თამაზ ლაცაბიძის ფორმით იმსაჯა – ბარგი გზაში დაეკარგა…

საბედნიეროდ, საქართველოს ნაკრებმა მალე გაათანაბრა ანგარიში: საჯარიმოში შეჭრილი შოთა არველაძე ჯო კამილერიმ მოცელა, რასაც პენალტი მოჰყვა. ბურთთან თავად შოთა მივიდა და ზუსტადაც დაარტყა. ზედიზედ ორი გაფუჭებული თერთმეტმეტრიანის შემდეგ (ზაზა რევიშვილი ისრაელთან და რეზო არველაძე პალმეირასთან) ქართველებმა პენალტი გოლად აქციეს – 1:1.

შესვენების შემდეგ თემურ ტუღუში არჩილ არველაძემ შეცვალა, გელა ინალიშვილის ნაცვლად კი მიხეილ ყაველაშვილი გამოჩნდა. მათ ჩვენი გუნდის შეტევებს მეტი ძალა შემატეს, მაგრამ დავიდ კლუეტის კარში მეტი გოლი აღარ გასულა.

„ლეგიონერებთან მჭიდრო კავშირი გვაქვს და ამ თამაშზე არმოწვევა მათივე გეგმებიდან გამომდინარეობს, ისინი ხომ საკლუბო სეზონისთვის ემზადებიან. მიუხედავად ამისა, კარსმომდგარ შესარჩევში ყველა მათგანის იმედი მაქვს…
ნაკრების ბირთვი თბილისის დინამოა, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ – გუნდის კარი ყველასთვის ღიაა…
მოლდოვასთან მატჩამდე აღარ ვითამაშებთ, თუმცა ათ-თორმეტდღიანი შეკრება გვექნება და საბოლოოდ მაშინ გამოიკვეთება ბევრი რამ“, – ასეთი იყო ალექსანდრე ჩივაძის მატჩისშემდგომი კომენტარი.

უეფას წარმომადგენლებმა კომენტარისგან თავი შეიკავეს. რენე ებერლემ მხოლოდ ის განაცხადა, რომ საბოლოო გადაწყვეტილება ერთი კვირის განმავლობაში გაცხადდებოდა.

მათგან განსხვავებით საინტერესოდ ისაუბრა კიდევ ერთმა სტუმარმა, უელსის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მაიკ სმიტმა, რომელიც სამთავრობო ლოჟიდან ადევნებდა თვალს ამხანაგურ შეხვედრას.

სარბიელის ჟურნალისტთან, ზურაბ მეძველიასთან ინტერვიუში სმიტმა თქვა:

„ქართულ ფეხბურთზე ბევრი მსმენია და ამიტომაც ვარ დღეს აქ. ჩემი აზრით საქართველოს ნაკრები კარგი გუნდია, თუმცა ფეხბურთელების ტექნიკური მომზადება დიდად აღემატება ტაქტიკურს. დღევანდელი შეხვედრაში თქვენს მე-6 ნომერს, რეზო არველაძეს გამოვყოფ…
უეფას დამკვირვებლების რა მოგახსენოთ, მე კი ყველაფერი მომეწონა – თამაშიც, სტადიონიც და ამინდიც. კარგი იქნება თუ 16 ნოემბერსაც ასეთი წვიმა იქნება“.

ზურაბ მეძველიას კითხვაზე, თქვენ რომ უბრალო გულშემატკივარი იყოთ, საქართველო-უელსის მატჩებზე რომელ გუნდზე დადებდით სანაძლეოსო, სმიტმა ასე უპასუხა: „უელსის ნაკრები კარგი გუნდია, მართლაც კარგი! ამას იმიტომ როდი ვამბობ, რომ მე მისი მწვრთნელი ვარ. ამიტომაც ვთვლი, რომ უელსი მოიგებს, თუმცა თქვენი ნაკრები ნაღდად არაა ისეთი გუნდი, მის წინააღმდეგ უეჭველი სანაძლეო რომ დადო“.

მაიკ სმიტს სურვილი აუხდა: 16 ნოემბერს თბილისში იწვიმა, თუმცა ბრიტანელ სპეციალისტს მოლოდინი აშკარად არ გაუმართლდა. უელსელთა თბილისში სტუმრობამდე ჩვენმა ეროვნულმა ნაკრებმა კიდევ ორჯერ ითამაშა, ორივე შემთხვევაში ევრო 1996-ის საკვალიფიკაციო ტურნირში და ჩვენდა სასიხარულოდ, პირველ მეტოქეს თბილისში უმასპინძლა.

მალტასთან ამხანაგურით უეფას წარმომადგენლები, როგორც ჩანს, კმაყოფილები დარჩნენ და ევროპული ფეხბურთის მამებმა თბილისს მწვანე შუქი აუნთეს. მოლდოვასთან პირველ ოფიციალურ მატჩზე და სხვა საინტერესო ამბებზე კი მომდევნო წერილში.

19 ივლისი, 1994. ამხანაგური. თბილისი, ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნული სტადიონი. 35 200
საქართველო 1:1 მალტა
გოლები: 0:1 მაიკლ სპიტერი (33), 1:1 შოთა არველაძე (37, პენ)
საქართველო: ირაკლი ზოიძე, ზაზა რევიშვილი, გიორგი ნემსაძე, მურთაზ შელია, გია ჯიშკარიანი, რევაზ არველაძე, გელა ინალიშვილი (მიხეილ ყაველაშვილი 46), გოჩა ჯამარაული (კაპ), თემურ ტუღუში (არჩილ არველაძე 46), გიორგი ქინქლაძე, შოთა არველაძე
მწვრთნელი: ალექსანდრე ჩივაძე
მალტა: დავიდ კლუეტი, სილვიო ველა, რიჩარდ ბუაგიერი (ედვინ კამილერი 85), ჯო გალეა, ჯო კამილერი, ჯონ ბუტიგეგი, კარმელ ბუზუტილი (კაპ), ნიკი სალიბა, დავიდ კარაბოტი, ქრის ლაფერლა, მაიკლ სპიტერი (ალექს ბუზუტილი 55, უბერტ სუდა 76)
მწვრთნელი: პიეტრო გედინი (იტალია)
გაფრთხილება: გიორგი ნემსაძე, გოჩა ჯამარაული, ჯო კამილერი
მსაჯები: ურს მაიერი; ერნსტ ფელდერი, გუიდო კოდონი (შვეიცარია)

ლაშა გოდუაძე (2022 წლის 7 ივლისი)
ფოტო: გაზეთი სარბიელი; მატჩის ოფიციალური პროგრამა

ka_GEGeorgian